მთავარი,სიახლეები

რა სურთ პატარა სპორტსმენებს ხულოს სოფლის ძალოსნობის კლუბიდან

14.06.2023 •
რა სურთ პატარა სპორტსმენებს ხულოს სოფლის ძალოსნობის კლუბიდან

„გვინდა გვქონდეს სააბაზანო, რომ ვარჯიშის შემდეგ დავიბანოთ“, „დიდი ფართი და კარადებიც არ გვაქვს, რომ გამოვიცვალოთ და აქ დავტოვოთ ჩვენი სპორტულები“, „ახალი ლეიბები და შტანგებიც გვინდა“, – გვეუბნებიან ხულოს სოფელ ბოძაურის მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ, სკოლის პირველ სართულზე მოწყობილ, საკმაოდ შელახულ, მცირე დარბაზში ძალოსნობაში ვარჯიშობენ.

ძალოსნობის კლუბს ბოძაურში 12 წევრი ჰყავს. კლუბის წევრები ერთად მიდიან დარბაზში სავარჯიშოდ, თუმცა ადგილი და სპორტული ინვენტარი ყველას ერთად სავარჯიშოდ საკმარისი არ არიან, ამიტომ იძულებულები არიან 2 ჯგუფად გაიყონ და ერთმანეთს დაელოდონ.

„ამიტომაც გვჭირდება დიდი სივრცე, რომ ვიყოთ ერთად და ერთ ჯგუფად ვივარჯიშოთ.

აქ ვერ ვახერხებთ ტანსაცმლის გამოცვლას, იმიტომ, რომ არ გვაქვს ადგილი, სადაც გამოვიცვლით. მინდა, რომ ჩვენც გვქონდეს სააბაზანო, „ტურნიკები“ და ისეთი კარადები, სადაც ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს დავტოვებთ.

ეს არის სკოლის დარბაზი. გვინდა, რომ ჩვენი დარბაზი გვქონდეს, ჩვენს დარბაზში ვივარჯიშოთ, სადაც დიდი სივრცე გვექნება“, – გვეუბნება 13 წლის საბა შავაძე.

საბა შავაძე

საბამ 2 თვის წინ დაიწყო ვარჯიში და უკვე 30 კილო ატაცისა და 25 კილო აკვრის აწევა შეუძლია. მისი მიზანია, მაქსიმალურად გააუმჯობესოს ახლანდელი შედეგი და სხვადასხვა ტურნირს კარგად მომზადებული შეხვდეს. საბას მოსწონს ძალოსნობა, თუმცა ის მეზღვაურობას აპირებს.

ძალოსნობას გეგმავს 11 წლის ლუკა შავაძე. ის დიდი ხანია რაც სისტემატურად ვარჯიშობს და უკვე 40 კილოგრამს სწევს.

ლუკა შავაძე

ლუკა ამ სპორტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ტელევიზორში ძალოსნობასა და ძალოსნებზე მომზადებული რამდენიმე გადაცემა ნახა. საბა გულდაწყვეტით ამბობს, რომ მათი სავარჯიშო სივრცე და ინვენტარი აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რასაც ტელევიზორში აჩვენებენ.

ლუკას კარგად ახსოვს ის დღე, როცა პირველად წავიდა ტურნირზე და დიდი, კომფორტული დარბაზი ნახა.

„ძალიან დიდი დარბაზი იყო. ცარიელი შტანგებიც, ისეთებიც, რომელზეც არავინ არ ვარჯიშობდა“, – ამბობს ლუკა.

ლუკას თქმით, თავიდან მის მშობლებს არ უნდოდათ ძალოსნობაში დაეწყო ვარჯიში. „პატარა ხარ ჯერ“ – ეუბნებოდნენ ლუკას მშობლები და მის გადარწმუნებას ცდილობდნენ, თუმცა ვარჯიშის დაწყებიდან მალევე მისი ერთგული გულშემატკივრები გახდნენ. ლუკა განსაკუთრებულ გულშემატკივრად მამას ასახელებს, რომელიც, ლუკას თქმით, ცდილობს, ყველა ტურნირზე თან ახლდეს, მაგრამ თუ ბევრი საქმის გამო ამას ვერ ახერხებს, მაშინ ლუკას ბაბუა უჭერს მხარს.

„მინდა, რომ არ შევიზღუდოთ ვარჯიშისას. ხანდახან, როცა გახურებულები ვართ, გვიწევს დალოდება და მერე ისევ ვარჯიშის თავიდან დაწყება“, – ამბობს ლუკა და ამატებს, რომ ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა და სისტემატურად უწვეთ ლოდინი, როდის გათავისუფლდება შტანგა თუ სხვა სავარჯიშო საშუალებები.

5 თვის წინ დაიწყო ვარჯიში 13 წლის საბა შანთაძემ მეგობრების რჩევით. საბა 41 კილოგრამს სწევს ახლა.

საბა შანთაძე

„უკვე მოძველებულია ეს ლეიბები, დაჟანგულია შტანგები“, – გვეუბნება საბა. იგი იმედოვნებს, რომ მას და მის მეგობრებს, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებულები ძალოსნობით და სპორტის სხვა სახეობით, აუცილებლად ექნებათ შესაბამისი დარბაზი და სავარჯიშო საშუალებები.

საბას უნდა, რომ სოფელში ფეხბურთის კარგი მოედანიც ჰქონდეთ, სადაც ხალიჩა არ იქნება დახეული და ამოგლეჯილ ხალიჩაზე ფეხის წამოკვრის გამო არ წაიქცევიან. საბას და მის მეგობრებს ახალი ბურთებიც უნდათ.

ძალოსნების კლუბის სივრცეს, სადაც ბიჭები ვარჯიშობენ, სხვადასხვა ფუნქცია აქვს. აქ უტარდებოდა გაკვეთილები სოფლის ერთადერთ მე-12 კლასელს და რადგან, ახალგაზრდებს არ აქვთ თავშეყრის, სხვადასხვა აქტივობებისა თუ ტრენინგების ჩასატარებელი ადგილი, პერიოდულად ამ სპორტდარბაზის გამოყენება უწევთ.

დარბაზში, ერთ კედელზე დაფაა მიყუდებული, სადაც ძალოსნები თავიანთ დღის შედეგებს ითვლიან და დღის გამარჯვებულიც ვლინდება. ბიჭები დაფაზე გასული დღის ცხრილს გვაჩვენებენ და გვიხსნიან:

„რამაზი იყო ბოლოს ლიდერი. ასწია 7-ჯერ 35 კილო, 30 ასწია 5-ჯერ, 18 კილო ასწია 4-ჯერ და 15 ასწია კიდევ 7-ჯერ“.

პატარა ძალოსნები დღის შედეგების შეჯამებისას

ბოძაურელი ძალოსნების ერთადერთი მწვრთნელი ვარლამ ხოზრევანიძეა, რომელიც სამოქალაქო განათლების მასწავლებელიცაა.

ვარლამ ხოზრევანიძე

ის გვიყვება, რომ ძალოსნების კლუბი ოთხი წლის წინ გადავიდა ხულოს სპორტსკოლის ბაზაზე, თუმცა იქამდე, 3 წელი პირადი ინიციატივით და ენთუზიაზმით ავარჯიშებდა პატარა ძალოსნებს.

„მშობლებთან ერთად ვატარებდი მოსწავლეებს რესპუბლიკურ ტურნირებზე, ამის საფუძველზე გადაწყვიტა [ხულოს] მერიამ ძალოსნობის კლუბი გაეხსნა ჩვენთან“ – ამბობს ვარლამ ხოზრევანიძე.

მწვრთნელი ჩვენთან საუბარს მოსწავლეების მიღწეული წარმატებების აღნიშნავს:

„გვყავს საქართველოს ჩემპიონები, პრიზიორები და აჭარის ნაკრების წევრები. სამწუხაროდ, არიან ყოფილი ძალოსნებიც, რომლებიც იძულებულები გახდნენ ამ სპორტისთვის თავი დაენებებინათ, რახან ვერ გასწვდნენ იმ ხარჯებს, რასაც ითხოვს სპორტი“.

ახალგაზრდა სპორტსმენების მსგავსად, მათი მწვრთნელიც სავარჯიშო დარბაზის კეთილმოუწყობლობასა და საჭირო ინვენტარის სიმცირეზე საუბრობს.

„დამხმარე სავარჯიშოები, რაც საჭიროა: წელის სავარჯიშოსთვის, „ტურნიკი“ და მსგავსი რამეები არ გვაქვს. ამას ჩვენ თვითონ ვაკეთებთ“, – გვეუბნება მწვრთნელი.

მისი თქმით, სოფელი ბოძაურის მოსახლეობა თავს მიტოვებულად გრძნობს მთავრობის მხრიდან და იმედი აქვს, რომ ახლა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ სოფლის პატარა, სპორტული კლუბით, იქნებ მათთვისაც შეიცვალოს რამე:

„საღი კრიტიკა, კონსტრუქციული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან ვეტყოდი [მთავრობასა და ხელისუფლებას], ჩვენ გვჭირდება დარბაზი, სადაც სპორტსმენები ივარჯიშებენ, იმიტომ, რომ სპორტსმენების სამჭედლო გავხდით ამ ბოლო დროს.

ჩემ ჯგუფში 12 ბავშვია ჩაწერილი და 12 ბავშვის ერთდროულად ვარჯიში ამ პატარა დარბაზში შეუძლებელია.

ალბათ ჩვენი ბრალია ეს, ჩვენი პასიურობის ბრალია, თუმცა თქვენი საშუალებით ახლა მიეწოდებათ ინფორმაცია და დაინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები, რომ მოგვხედონ. მოგვხედონ და დანარჩენი ჩვენზე დატოვონ“, – ამბობს ვარლამ ხოზრევანიძე.

ვარჯიში დარბაზში

ნახეთ ვიდეო: 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: