მთავარი,სიახლეები

პოლიციელმა სცემა კურიერს, რომელმაც მის ნათესავ გოგოს ყვავილები მიუტანა – გამოძიება

22.06.2023 • 7765
პოლიციელმა სცემა კურიერს, რომელმაც მის ნათესავ გოგოს ყვავილები მიუტანა – გამოძიება

ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების ყოფილ პოლიციელს, გიორგი აბდუშელიძეს, გამოძიება პოლიციის განყოფილებაში კურიერის ცემას ედავება – „ყვავილების ჩუქებისთვის პოლიციელის მხრიდან კურიერის ცემის საქმის“ არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაიწყო.

განზრახ უკანონო დაკავება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – ამ მუხლების დარღვევაშია პოლიციელი ბრალდებული. ის წინასწარ პატიმრობაში არ არის – 20 ათასი ლარი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.

ეს ამბავი ბათუმში 2023 წლის 2 იანვარს მოხდა: პოლიციელის, გიორგი აბდუშელიძის ნათესავ გოგოს კურიერმა ყვავილები მიუტანა, მაგრამ გოგომ ვერ გაიგო, ვინ დაასაჩუქრა ის ყვავილებით.

პოლიციელი ამ კურიერს თბილისის მოედანზე შეხვდა და პოლიციის მე-3 განყოფილებაში გადაიყვანა. გამოძიების ვერსიით, პოლიციელმა განყოფილებაში მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა – ის კურიერს სთხოვდა ეთქვა, ვინ გაუგზავნა ყვავილები პოლიციელის ნათესავს.

ეს გამოძიების ვერსიაა.

ბრალდებული კი, ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. ადვოკატი ზურაბ კონცელიძე „ბათუმელებთან“ არ გამორიცხავს პროკურატურასთან მოლაპარაკების დაწყებას საპროცესო შეთანხმების მიღწევის მიზნით.

„ვაკვირდებით დაზარალებულის პოზიციას, რომლის გარეშეც საპროცესო შეთანხმებას ფაქტობრივი სამართლებრივი საფუძველი ვერ ექნება. მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დააფიქსირებს დაზარალებული,“ – ამბობს ადვოკატი ზურაბ კონცელიძე და განმარტავს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევამდე სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ამ ეტაპზე დაცვის მხარე სადავოდ ხდის ყველა მტკიცებულებას, რაც პროკურატურამ სასამართლოში წარმოადგინა. მოსამართლემ დაახლოებით 50 მოწმის ჩვენება უნდა მოისმინოს.

„რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პოლიციელმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ის ცდილობდა ობიექტური გარემოებები დაედგინა: რა მოხდა, ვინ იყო, ვინ იდგა უკან, რომ ინკოგნიტოდ არ დარჩენილიყო.

შესაფასებელია, რამდენად შეესაბამება დისპოზიციას კონკრეტული ქმედებები, გარკვეული კითხვები არის,“ – ამბობს ზურაბ კონცელიძე.

საქმეშია ექსპერტიზის დასკვნებიც, რაც დაზარალებულად მიჩნეული კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს, დაზიანებებს, რაც პროკურატურის მტკიცებით, კურიერმა პოლიციელის განყოფილებაში მიიღო. კურიერს გაუარესებული აქვს სმენაც.

ადვოკატი სადავოდ მიიჩნევს კურიერის ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებს.

„დასადგენია, როდის მიიღო მან ეს დაზიანება და შესაძლო ფაქტით გამოწვეული არის თუ არა ეს, დაისმება შესაბამისი კითხვები,“ – ამბობს ზურაბ კონცელიძე.

ზურაბ კონცელიძე – ადვოკატი

მოწმეების დაკითხვა მოსამართლეს ამ საქმეზე ჯერ არ დაუწყია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: