მთავარი,სიახლეები

უსახლკაროების აქცია ბათუმის მერიასთან: ყოველ ხუთშაბათს შევიკრიბებით

22.06.2023
უსახლკაროების აქცია ბათუმის მერიასთან: ყოველ ხუთშაბათს შევიკრიბებით

„ჩვენი მოთხოვნაა, აღარ იყოს უსახლკარო და მშიერი ადამიანი,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი. ის მარტოხელა, სოციალურად დაუცველი დედაა და 6 წელია ნაქირავებში ცხოვრობს 6 წლის შვილთან ერთად.

დღეს, 22 ივნისს, ბათუმის მერიის წინ – ვარდების სკვერში უსახლკარო ადამიანები შეიკრიბნენ და თქვეს, რომ ყოველკვირეულ აქციებს იწყებენ, ვიდრე მინიმუმ მათ პრობლემებს არ მოისმენენ ხელისუფლებაში: „ყოველი კვირის ხუთშაბათს აქ რამდენიმე უსახლკარო ოჯახი გამოვა, ვიდრე ყურადღებას არ მოგვაქცევთ, სულ შევიკრიბებით“, – ამბობდნენ დღეს აქციაზე შეკრებილები.

„ძალიან რთულია, იცხოვრო სოციალური შემწეობით, ქირაც გადაიხადო და საჭმლის ფულიც დაგრჩეს, თან ბავშვთან იმდენი რამ გჭირდება,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი და ამატებს, დამლაგებლად რომ არ ვმუშაობდე სხვადასხვა სახლში, ქირას ვერ გადავიხდიდიო.

„სოცდაუცველი როცა ხარ, იაფი სახლის პროგრამითაც ვერ ისარგებლებ. ჩვენნაირ ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ ბინა იყიდონ,“ – გვითხრა ნონა ხიმშიაშვილმა.

ეს არაა პირველი აქცია, რომელსაც უსახლკარო ადამიანები მართავენ ბათუმში. აქციების ორგანიზატორი „ფუხარას ხმაა“ და მას მერაბ ბლადაძე ხელმძღვანელობს – აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი.

მერაბ ბლადაძეს ვკითხეთ: წინა აქციის მსგავსად, არის თუ არა ისევ ამ აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული კორპუსების უსახლკარო ადამიანებისთვის გადაცემა?

„ჩვენ გვინდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება ამ კუთხით – აშენებულ ბინებს ხომ ვერ დაანგრევენ?“ – კითხულობს მერად ბლადაძე. ის განმარტავს, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისგან უფასოდ არ ითხოვს საკუთრების დათმობას და მისი კეთილი ნების შემთხვევაში, კონკრეტული პირობებით, უსახლკარო ადამიანები მის შესყიდვას შეეცდებიან.

„ქირაში ამდენი თანხის გადახდას, მას გადაუხდიან. შესაძლებელია, ამ პირობებზე დავილაპარაკოთ,“ – ამბობს მერაბ ბლადაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ბათუმის მერიამ უსახლკარო ადამიანებზე მუშაობა, პირველ რიგში, დებულების შეცვლით უნდა დაიწყოს, რაც უკვე მიღებულია: „ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“.

„იმდენად ბუნდოვანია დებულების პირობები, რომ ამ დებულების მიხედვით უსახლკარო ადამიანი დარეგისტრირებასაც ვერ შეძლებს,“ – დასძენს მერაბ ბლადაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: