ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ახალ ბულვართან ადაპტირებული იქნება პლაჟზე ჩასასვლელი კიბეები – სანაპიროს გაამაგრებენ

23.06.2023
ახალ ბულვართან ადაპტირებული იქნება პლაჟზე ჩასასვლელი კიბეები – სანაპიროს გაამაგრებენ

ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეული სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიან ზოლს ფოლადის ხიმინჯებით [შპუნტებით] გაამაგრებენ. აღადგენენ სასეირნო ბილიკსაც, საიდანაც პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ.

პროექტში არ არის გათვალისწინებული პლაჟზე ჩასასვლელები შშმ პირებისთვის.

რატომ არ არის გათვალისწინებული პროექტში პანდუსები სასეირნო ბილიკიდან პლაჟზე ჩასასვლელად და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად? – ამ კითხვით ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს „ბათუმელებმა“ ტენდერის გამოცხადების შემდეგ მიმართა.

„კომენტარს ტენდერის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ“ – მხოლოდ ეს გვითხრეს მაშინ მერიის სამმართველოში.

დღევანდელი მონაცემებით ტენდერი უკვე შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

„ბათუმელები“ კვლავ დაუკავშირდა მერიის სამმართველოს, სადაც დღეს, 23 ივნისს, გვითხრეს, რომ „მშენებლობის დროს შშმ პირებისთვის პლაჟზე ჩასასვლელი პანდუსების მოწყობა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“.

ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დანგრეული სანაპირო ზოლის აღდგენაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 15 831 978 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ტენდერში მონაწილე შპს „გზა“, სამმართველოს სამუშაოების შესრულებას 15 659 000 ლარად სთავაზობს. მონაწილეობდნენ თუ არა სხვა კომპანიები ტენდერში და ვისთან გააფორმებს სამმართველო ხელშეკრულებას, ეს სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას და საბოლოოდ, ტენდერის დასრულების შემდეგ გამოჩნდება.

თუ პროცედურა დროში არ გაიწელა და ხელშეკრულებაც გაფორმდა, როგორც სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ახალი ბულვარის მიმდებარედ სამუშაოების დაწყება კომპანიას ხელშეკრულების გაფორმების დღიდან დაევალება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ ბულვართან სამშენებლო ტერიტორია ამ საბანაო სეზონზეც შემოისაზღვრება. გადაადგილებისთვის კი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, მხოლოდ ველობილიკის ზოლი დარჩება. იმედია, უსაფრთხოების მიზნით არც ამ ზოლს გადაკეტავენ.

ამავე თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: