ნეტგაზეთი • RU

რა იცვლება ბათუმში დაჯარიმებისა და პარკირების საფასურის გადახდის წესში

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საჯარიმო ქვითრების საჯაროდ გამოსაქვეყნებლად საკუთარ ვებგვერდს გამოიყენებს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. ამავე ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი პარკირების საფასურის გადამოწმება და ინფორმაციის მიღება ჯარიმების შესახებ.

ამ ვებგვერდზე პარკირების საფასურის გადახდაც იქნება თუ არა შესაძლებელი, ჯერ უცნობია [შესაძლოა საფასურის გადახდა „ავტოტრანსპორტის“ განახლებულ ვებგვერდიდან იყოს შესაძლებელი].

ამ დრომდე ინსპექცია „ავტოტრანსპორტის“ ვებგვერდს იყენებდა, თუმცა ოფიციალური განცხადების თანახმად, სერვერის დაზიანების გამო, 2023 წლის თებერვლიდან ეს საიტი გათიშულია, ამიტომ ბათუმში პარკირების საფასურის გადახდას მძღოლები ვერ ახერხებენ. შესაბამისად, უკვე 5 თვეა ამ საფასურს ვერავინ იხდის და ვერც ინსპექცია აჯარიმებს – პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის.

მუნიციპალურმა ინსპექციამ ახალი ვებგვერდი აღნიშნული მიზნით რომ გამოიყენოს, საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილება უნდა შევიდეს. ცვლილების პროექტი კი, ბათუმის საკრებულოში შეტანილია და საკითხი 2023 წლის 27 ივნისს სხდომაზე უნდა განიხილონ.

პროექტის მიხედვით, ახალი წესი 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო მას ამოქმედების ვადის შეუცვლელად დაამტკიცებს.

აქედან გამომდინარე, 1-ელი ივლისიდანვე გამართული უნდა იყოს ინსპექციის ახალი ვებგვერდიც და წესით, პარკირების საფასურის გადახდის პრობლემაც უნდა მოგვარდეს.

ცვლილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესში“ შედის, სადაც ჩაიწერება, რომ

  • „პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ [ინსპექციის] ოფიციალურ ვებგვერდზე, შესაბამის ველში“.

საკრებულოში ასევე წარდგენილია მეორე პროექტიც, რომელიც გარკვეულ ცვლილებებს დაჯარიმების წესში ითვალისწინებს.

აღნიშნულ წესში საკრებულომ ცვლილებები 2023 წლის 19 მაისსაც შეიტანა:

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „რიგ მუხლებში საჭიროა ცვლილების შეტანა, ასევე წესის გარკვეული პუნქტები საჭიროებს ახლებურად ჩამოყალიბებას“.

დაჯარიმების წესში შესატანი ახალი ცვლილებების სანახავად დააწკაპუნეთ აქ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის დადგენილება №10-ში შესატანი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე–16 ნაწილებით, 125(3) მუხლის, 135-ე და 135(1) მუხლებით, 2093 მუხლის მე-2 ნაწილის, 239–ე მუხლის 27-ე ნაწილის, 2401 მუხლის, 242-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 242-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 შენიშვნის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 290(4) -290(6) მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

3. დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის:

ა) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მოქალაქეს უფლება აქვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით.

საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: —— ცხელი ხაზი: —— დამკვეთი: დამამზადებელი: მისამართი: სემგს-ს რეგისტრაციის №“.

ბ) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ დამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“.

გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თანამშრომელი ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 125-ე მუხლის მე8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125(3) მუხლით და 135-ე და 135(1) მუხლებით, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. აღნიშნული პროცესი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.“.

მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 29 მაისიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობაზე.

განახლება: „ბუთუმის მუნიციპალური ინსპექცია პარკირების ახალ პლატფორმაზე გადადის. პარკირებისა და ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური აპარატებით აღიჭურვნენ, რომლებშიც ჩატვირთულია ახალი ელექტრონული პროგრამა. აღნიშნულის მეშვეობით ადგილზე მოხდება სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება და მისივე სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე საჯარიმო ელექტრონული ქვითრით სრული ინფორმაციის გაგზავნა.

სამართალდამრღვევი თუ 10 დღის ვადაში დაფარავს დავალიანებას, 20%-ით ნაკლების გადახდა მოუწევს. ერთი თვის გადაუხდელობის შემდეგ ქვითარი 2-ჯერ ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება რეგისტრირებულ მისამართზე; ჩაუბარებლობის შემთხვევაში კი, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც 30 დღის შემდეგ ავტომატურად გულისხმობს ჩაბარებას.

საიტი ახლა იწყებს ფუნქციონირებას, შესაბამნისად მასზე მხოლოდ ახალი საჯარიმო სანქციები აისახება; აქვე შეძლებენ მოქალაქეები საჯარიმო ქვითართან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღებასა და გადახდას. აგრეთვე შესაძლებელი იქნება პარკირების საფასურის გადამოწმება.

პარკირების ახალი სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა სამართალდარვევაზე დაფიქსირებული ჯარიმების ეფექტურ აღსრულებას.“ – მოგვწერეს მუნიციპალური ინსპექციიდან 26 ივნისს.

ამავე თემაზე:

რუსულნომრიან მანქანებს ვერც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com