მთავარი,სიახლეები

„მნიშვნელოვანია, სად შეძლებენ უკრაინელები რუსების შეცდომაში შეყვანას“ – ინტერვიუ

23.06.2023 • 2509
„მნიშვნელოვანია, სად შეძლებენ უკრაინელები რუსების შეცდომაში შეყვანას“ – ინტერვიუ

გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები საქართველოს სანაპიროზეც მოხვდეს: „…ეს ნაღმი არაფერს არ უზამს გემს, ან ნავს, მაგრამ საშიშია ადამიანისთვის – 5-დან 15 კილოგრამამდე დაწოლით ფეთქდება – არ დაღუპავს, მაგრამ დაასახიჩრებს,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

გადამდგარი გენერალი დაახლოებით 10 დღეში ელის სამხედრო მოქმედებების გააქტიურებას, თუმცა ნაკლებად მოელის ხელშესახებ შედეგს, ვიდრე უკრაინელებს თვითმფრინავებს და შესაბამის აღჭურვილობას არ მიაწვდიან.

„ჰაერში უპირატესობა თუ არ გაქვს – ბატონობას არ ვამბობ – ასევე, თუ არ გაქვს საარტილერიო, საცეცხლე უპირატესობა, როგორ გინდა, ჩაახშო მოწინააღმდეგე და ეშელონირებული თავდაცვა გაარღვიო? ეს 2 – 3 თვე იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ოქტომბრის წვიმების დაწყებამდე. შემდეგ ისევ დაიწყება წვიმის სეზონი, „რასპუტიცა“ და ისევ ხელი შეეშლება უკრაინას…,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ცოტა ხნის წინ ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა თქვა, რომ „უკრაინის კონტრიერიში ნამდვილად დაიწყო, მთავარი შეტევა – არა“ ორი დღის წინ კი, ევროპაში აშშ-ის ჯარის ყოფილმა სარდალმა „ნიუსვიკს“ უთხრა, რომ შესაძლებელია უკრაინამ ყირიმი ზაფხულის ბოლოსთვის გაათავისუფლოს. თქვენი დაკვირვებით, ეს რამდენად მიღწევადია?

ბენ ჰოჯესს ცოტა ოპტიმისტური განცხადებები აქვს. შარშანაც ამბობდა, რომ წლის ბოლომდე გაათავისუფლებენო, თუმცა ბენ ჰოჯესი თვლის, რომ დასავლეთი მიაწვდის ყველაფერს უკრაინას, რაც მას სჭირდება. უკრაინას რომ მიაწოდონ იმ პოტენციალით აღჭურვილობა, რაც მას სჭირდება, შესაძლებელია მაშინ ამაზე ლაპარაკი. დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ტემპებით კი, ოპტიმისტურად მეჩვენება ეს განცხადება, რომ ერთ და ორ თვეში ყირიმს დაიბრუნებენ.

დიდი ხანია ვამბობ, რომ თვითმფრინავების გარეშე ძალიან გაუჭირდება უკრაინას ამ კონტრშეტევის განხორციელება – ჰაერში უპირატესობა თუ არ გაქვს – ბატონობას არ ვამბობ – ასევე, თუ არ გაქვს საარტილერიო, საცეცხლე უპირატესობა, როგორ გინდა, ჩაახშო მოწინააღმდეგე და ეშელონირებული თავდაცვა გაარღვიო?

დიდი ალბათობაა, რომ ამ ზაფხულში თვითმფრინავები უკრაინას არ ექნება.

  • უკრაინის ინფორმაციით, მისი თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. რა ვითარებაა ახლა ფრონტის  ხაზზე და რამდენად ხელშესახებია უკრაინის მიერ მიღწეული წარმატება?

უკრაინას ლოკალური წინსვლა აქვს. წარმოიდგინეთ, ფრონტის ხაზი, რომელიც 800-900 კილომეტრია. ჩრდილოეთით: კრემენოისთან და სვიატოვოსთან რუსების შეტევებია, მარინკაში რუსეთის შეტევაა და უკრაინელების – კონტრშეტევები, სამხრეთით უკრაინელების შეტევებია და რუსების – კონტრშეტევები. საუბარია იმაზე, რომ 700 მეტრით, ან ერთი კილომეტრით წაიწიეს წინ.

ამ ეტაპზე რუსების თავდაცვის პირველი ხაზიც არ არის გადალახული.

  • თავდაცვის პირველი ხაზი რა მონაკვეთს გულისხმობს? 

პირველი ხაზი არის დაახლოებით უგლედარიდან რომ ავიღოთ, მაგალითად, 10 – 15 კილომეტრი დაახლოებით, სხვადასხვა სიღრმეა. ახლა ბრძოლები მიმდინარეობს თავდაცვის უზრუნველყოფის ზოლშიც- საბჭოთა ტერმინოლოგიით, ნატოს ტერმინებით კი ეს უსაფრთხოების რაიონია.

  • ფრონტის მთელ პერიმეტრზე სად არის უკრაინისთვის ყველაზე მძიმე ვითარება? – უკრაინის გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანსკის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებზე.

რუსები კონცენტრაციას განახორციელებენ უკრაინელების შესაბამისად. რუსები რომ ფართომასშტაბიან შეტევაზე ვერ წამოვლენ, ფაქტია. ისინი ძირითადად ცდილობენ, გაასწორონ ფრონტის ხაზი ლიმანთან და სვიატოვოსთან, ემზადებიან თავდაცვისთვის. ფაქტია, რომ რუსები შეტევისთვის არ ემზადებიან.

რუსები აირეკლავენ იმას, თუ როგორ მოქმედებენ უკრაინელები. ახლა მნიშვნელოვანია, უკრაინელები სად აკეთებენ კონცენტრაციას და სად მოახერხებენ რუსების შეცდომაში შეყვანას.

ძალიან გული შემტკივა იმ შეცდომებზე, რაც დაუშვეს უკრაინელებმა ოპერატიული თვალსაზრისით: შეცდომა იყო ის, რომ ვერც ერთხელ უკან დახეული რუსები ვერ მოაქციეს ალყაში. ეს შეიძლებოდა იზიუმთან, ლიმანთან. განსაკუთრებით დაუშვებელი იყო ხერსონიდან 20-ათასიანი დაჯგუფების უვნებელი გასვლა.

შემდეგ მოუწიათ უკრაინელებს ამ თავისუფლად გასულ დანაყოფებთან ბრძოლა ბახმუტთან და უგლედართან. ჩემი აზრით, შეცდომა იყო ბახმუტში ძალების დახარჯვა. ბახმუტში ბრძოლამ საშუალება მისცა რუსებს, ეს დრო გამოეყენებინათ თავდაცვის ზღუდეების ასაგებად. ეს კლასიკაა: როცა მოწინააღმდეგის მხრებზე ახორციელებ კონტრშეტევას, ანუ უკანდახეულ მოწინააღმდეგეს მიყვები, მას არ აძლევ საშუალებას, რომ გამაგრდეს. ამ დროსაა წარმატების მეტი პირობა შენს ხელში. როცა მოწინააღმდეგეს საშუალებას აძლევ, ღრმად ეშელონირებული თავდაცვა მოაწყოს, შემდეგ ათმაგად გირთულდება საქმე.

წინა ინტერვიუებში ვამბობდი ასევე, რომ უკრაინა თუ არ მიღწევდა სწრაფ და წარმატებულ შედეგს, სჯობდა საერთოდ არ დაეწყოთ კონტრშეტევა. გადაწყვიტეს, რომ დაეწყოთ კონტრშეტევა, მაგრამ საჰაერო ძალების გარეშე ძალიან რთულია ამ ამოცანის შესრულება.

  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ სკიბიცკის თქმით, მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში იქნება აქტიური სამხედრო მოქმედებები. ეს რას ნიშნავს სამოქალაქო ენაზე?

რა თქმა უნდა, ეს 2 – 3 თვე იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ოქტომბრის წვიმების დაწყებამდე. შემდეგ ისევ დაიწყება წვიმის სეზონი და ისევ ხელი შეეშლება უკრაინას. ჩემი აზრით, ჯობდა, თამამი განცხადებები არ გაკეთებულიყო აქამდე და მოსახლეობაში ეს მოლოდინი არ გაჩენილიყო – დავიწყებთ და დავამთავრებთ. აჯობებდა მოზომილი განცხადებები. ვინაიდან ძალიან ვგულშემატკივრობ უკრაინას, ამიტომაც მინდა, რეალური სურათი ვიცოდეთ და არ ვილაპარაკოთ ისე, რომ უბრალოდ ყველას გაგვიხარდეს.

  • BBC-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ კონტრშეტევა ადვილი არ არის, რადგან უკრაინის ტერიტორიის 200 000 კვადრატული კილომეტრი დანაღმულია რუსული ჯარის მიერ. ასეთ ვითარებაში, საერთოდ რამდენად შესაძლებელია კონტრშეტევის დაწყება?

რა თქმა უნდა, თავდაცვას როცა აწყობ, ის ტერიტორია დანაღმულიც იქნება. დანაღმული ველის შემდეგ მოდის ტანკსაწინააღმდეგო თხრილი. თხრილის შემდეგ მოდის ბოძკინები, მოწინავე პოზიციები, ძირითადი პოზიციები, მომკვეთი პოზიციები და ასე შემდეგ. თავდაცვა შედგება სულ 5 სისტემისგან: ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, ცეცხლის სისტემა, საინჟინრო წინაღობების სისტემა, ჰაერსაწინააღმდეგო და დესანტსაწინააღმდეგო სისტემა, პოზიციების და თავდაცვითი ნაგებობების სისტემა. ეს ყველაფერი ექნებათ გათვალისწინებული რუსებს და ისეთ სიბრიყვეებს აღარ გააკეთებენ, რასაც ომის დასაწყისში აკეთებდნენ.

ეს წინააღმდეგობები რომ გადალახო, გჭირდება იმ გამოცდილების გაზიარება, რაც ჰქონდათ, მაგალითად, ერაყის ოპერაციის დროს კოალიციის ჯარებს: ბატონობა ჰაერში და ამას მოყვა შემდეგ ღამით ბრძოლების წარმოება, საინჟინრო საშუალებების მაქსიმალურად გამოყენება და ასე შემდეგ.

უკრაინელებმა მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყეს დაკვამლიანებების გამოყენება, საინჟინრო ტექნიკასაც ახლა უფრო აქტიურად აწვდიან დასავლეთიდან, თუმცა ეს ყველაფერი რომ განახორციელო, ჰაერში უპირატესობა უნდა გქონდეს – მოწინააღმდეგეს არ უნდა მიეცეს საშუალება, შენი საინჟინრო ტექნიკა არტილერიის ცეცხლის ქვეშ ჰყავდეს, ან საჰაერო დარტყმით ანადგურებდეს.

ტექნოლოგიურად რაშიც უნდა ჰქონდეს უპირატესობა უკრაინელებს დასავლეთის მხარდაჭერით, ეს არის ღამით ბრძოლის წარმოება. ეს არის წარმატების წინაპირობა, მაგრამ ეტყობა ღამის ბრძოლის საშუალებების საჭირო რაოდენობა ამ ეტაპზე ჯერ არ  ჩანს, უკრაინელებს შესაბამისი მხარდაჭერის  თვითმფრინავებიც არ აქვს. ასევე ჯავშანჯგუფთან ერთად უნდა მოძრაობდეს დაჯავშნილი, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, რაც ტანკებთან და ჯავშანტექნიკასთან ერთად გადაადგილდება. ამ კუთხითაც დახმარება სჭირდება უკრაინას.

ძირითადი დამაზიანებელი უკრაინისთვის არის ნაღმები და ვერტმფრენები. როცა დაჯგუფება შეჩერდება დანაღმულ ველზე, მასზე საცეცხლე დარტყმის განხორციელება ადვილდება.

ამ ეტაპზე უკრაინელები ეძებენ რაღაც გასასვლელებს და ღრიჭოებს რუსების თავდაცვაში. ასე კონტრშეტევა ძალიან გრძელი პროცესი იქნება.

  • რუსეთმა უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენებაზე ისე გააქტიურა საუბრები – ზელენსკიც საუბრობდა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე. ახლა რისი გამოძახილია ეს მუქარა და ღია წყაროების თანახმად, რა ხდება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე?

საუბარია იმაზე, რომ დანაღმეს რუსებმა ელექტროსადგური. რუსებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ იქ რომ რაღაც აფეთქება მოხდეს, ეს იქნება რადიაციული გამოფრქვევა და ცალმხრივი არ იქნება ეს: რუსეთი თავის ტერიტორიას რას უპირებს? გამოფრქვევის ქვეშ მოჰყვება ყირიმი და როსტოვიც… რადიაცია წავა ყველა მიმართულებით, მარტო უკრაინისკენ ხომ არ წავა ეს რადიაცია? თუ ეს მოხდა, მიმდებარე ლუგანსკს და დონეცკს, ან როსტოვს და კრასნოდარს რას უპირებენ?

  • უკრაინის თავდაცვის ინფორმაციით, რუსეთმა 3-4 ჯერ გაზარდა მაღალი სიზუსტის რაკეტების – „კალიბრის“, X-101“-ის და ჰიპერბგერითი რაკეტის – „კინჯალის“ წარმოებაც კი. ეს რას ნიშნავს ამ ომში?

ამას იყენებენ უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმების დროს. ეს ნიშნავს, რომ სანქციებმა, რაც იყო დაწესებული რუსეთის მიმართ, ბოლომდე ვერ იმუშავა, თუმცა არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია.

  • UNDP-ის უკრაინის გამნაღმველი პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, „ჩვენ ვნახეთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროებზე ირეცხებოდა“. საუბარია ე.წ. ფოთოლა ნაღმებზე. თქვენი შეფასებით,რამდენად უსაფრთხო იქნება საქართველოს სანაპიროები, რას უნდა ველოდოთ?

ეს არის PFM-1 „ლეპესტოკი“, ქვეითსაწინააღმდეგო, ფუგასური ნაღმი დაწოლითი ზემოქმედებით. შესაძლებელია, მასით მხოლოდ 80 გრამი, დისტანციურად იყოს გამოყენებული საჰაერო ან  საარტილერიო საშუალებებით. ეს არის PFM- 1, რომელსაც არ აქვს თვითლიკვიდაცია და PFM 1 S – რომელსაც აქვს თვითლიკვიდაციის უნარი, როცა თვითონ ნადგურდება 1-40 საათის განმავლობაში.

შავი ზღვის მთავარი დინება არის საათის ისრის საწინააღმდეგოდ. გამოდის, რომ ამ ნაღმმა უნდა გაიაროს უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და მოვიდეს საქართველომდე. ამას გარდა, შავ ზღვაში კიდევ ორი წრიული დინებაა ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთით და აღმოსავლეთით – ესეც საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. არაა გამორიცხული, ქარმა ზედაპირზე ცოტათი დააჩქაროს მოტივტივე სხეულის გადმოტანა. არა მგონია, ეს მყისიერად საქართველოში მოხვდეს, თუმცა ყურადღება მისაქცევია. ეს ნაღმი არაფერს არ უზამს გემს, ან ნავს, მაგრამ საშიშია ადამიანისთვის – 5-დან 15 კილოგრამამდე დაწოლით ფეთქდება – არ დაღუპავს, მაგრამ დაასახიჩრებს.

ზოგადად ამათი განაღმვა არ ხდება –  ნადგურდება ადგილზე. საერთაშორისო კონვენცია ითხოვს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვას, რასაც რუსეთმა მოაწერა ხელი და უკრაინამაც, მაგრამ რუსები იყენებენ აქტიურად – მილიონობით იყო რუსეთში, რუსულ საწყობებში დარჩენილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.  ასევე ყურადსაღებია პლასტიკის კორპუსიანი PMN-4 (ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი დაწოლითი), რომელიც მხოლოდ 300 გრამს იწონის, და რომელიც ასევე მრავლად გამოიყენეს რუსებმა დნეპრის ნაპირების დასანაღმად.

  • ბუდანოვი – რა უნარები აქვს ამ გენერალს და რატომ სძულთ რუსეთში ყველაზე მეტად? ყოველ შემთხვევაში ცდილობენ ფიზიკურად გაანადგურონ, მას უძღვნიან გადაცემებს. გასულ კვირას იზეიმეს კიდეც მისი მოკვლა თუ დაჭრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბუდანოვი ისევ ცოცხალია.

ბუდანოვი გამოირჩევა თავისი ეფექტურობით და განცხადებებით. ვიღაცის საჩვენებელი დასჯა რუსეთის სტილია. ჯერ ვერაფერი უქნეს და ამდენი გენერალი დაეხოცათ რუსებს.

ყველა გადაწყვეტილების მიმღები ფიგურა არის რუსების სამიზნე.

  • კონტრშეტევა დაწყებულია. თქვენ არ ელოდებით კონკრეტულ შედეგს, ვიდრე უკრაინელებს თვითმფრინავებს არ მიაწვდიან? 

უკრაინელები ამჟამად ახდენენ ძალების ისეთ კონცენტრაციას, რომ ერთ კვირაში,10 დღეში განახლდება აქტიური მოქმედებები. მე ვამბობ იმას, რომ საჰაერო საშუალებების გარეშე უკრაინას გაუჭირდება რაღაც  მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა.

  • ეს შედეგი რა შეიძლება იყოს წვიმების სეზონის დაწყებამდე ყველაზე კარგ შემთხვევაში? 

ადრეც ვამბობდი და ახლაც ამ აზრზე ვარ: ყველაზე კარგი შედეგი იქნება ზაპოროჟიეს რაიონში აზოვის ზღვაზე გაჭრა და რუსების დერეფნის გადაკვეთა.

  • ასე ყირიმიც ხელმისაწვდომი გახდება?

ეს არ ნიშნავს ყირიმის აღებას. ყირიმი რომ აიღო, მაშინ ხერსონიც უნდა აიღო, თუმცა ასეთ შემთხვევაში, დარტყმებს რომ განახორციელებ ყირიმის მიმართულებით, გასაგებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: