მთავარი,სიახლეები

რა სჭირდება საქართველოში ლურჯი ეკონომიკის განვითარებას – დისკუსია ბათუმში

21.06.2023 • 1319
რა სჭირდება საქართველოში ლურჯი ეკონომიკის განვითარებას – დისკუსია ბათუმში

შავიზღვისპირა ქვეყნებიდან ორი – რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრია; თურქეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს, კიდევ ორი – საქართველო და უკრაინა ასოცირების მონაწილე ქვეყნებია. სწორედ ამიტომ ევროკომისია აფინანსებს პროექტს, რომელიც შავი ზღვისთვის საერთო საზღვაო დღის წესრიგს განსაზღვრავს.

მთავარი აქცენტი ე.წ. ლურჯი ეკონომიკის განვითარებაზე კეთდება, რაც საბოლოოდ შავი ზღვის ქვეყნების ევროკავშირის სრულფასოვან წევრად ქცევას შეუწყობს ხელს.

„ეს პლატფორმა სახელმწიფო უწყებებს, აკადემიურ სფეროს, ბიზნესს, აძლევს საშუალებას, რომ წარმოადგინონ არსებული საჭიროებების გადაჭრის იდეები, რომლებიც შემდგომ შეიძლება გადაიქცეს კონცეფციებად. არსებობს დაფინანსების უამრავი წყარო და შესაძლებლობა, რომ ეს კონცეფციები შავი ზღვის სხვა მოთამაშეებთან თანამშრომლობით დაფინანსდეს. იმიტომ, რომ ეს ზღვა, წყალი საერთოა და საბოლოო ჯამში, ეს სიკეთეებიც ზიარდება. სწორედ ამიტომ შექმნა ევროკომისიამ ეს პლატფორმა, რომ ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა გაადვილდეს,“ – ამბობს მამუკა ბერძენიშვილი, „ტურიზმის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი.

მამუკა ბერძენიშვილი

საზღვაო ტურიზმი, საზღვაო ტრანსპორტისა და მეთევზეობისა და აკვაკულტურის განვითარება – ეს სამი კომპონენტი ქმნის ლურჯ ეკონომიკას.

19 ივნისს ბათუმში გაიმართა კონფერენცია და დისკუსია, რომელსაც უმასპინძლა ტურიზმის ინსტიტუტმა და შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის დახმარების მექანიზმის ეროვნულმა ცენტრმა.

დისკუსია ერთდროულად სამ თემაზე მიმდინარეობდა – საზღვაო ტრანსპორტისა და პორტების გაციფრულება და დეკარბონიზაცია, კონკურენტუნარიანობა საზღვაო ტურიზმში და მეთევზეობისა და აკვაკულტურის მდგრადი განვითარება.

საზღვაო სფეროს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც საზღვაო ტრანსპორტის მხრივ არსებობს საქართველოში. კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ მთავარი პრობლემა საქართველოს მოძველებული საზღვაო კანონმდებლობაა.

„ტრანს ლოჯისტიკის“ ხელმძღვანელის, ჯაბა თარიმანაშვილის თქმით, ქვეყანას სჭირდება ისეთი „საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება საზღვაო სერვისების განვითარებაზე“.

მისივე თქმით, აუცილებელია საზღვაო მომსახურების გაციფრულება.

შეხვედრაზე იმყოფებოდა კაპიტანი მამუკა თალაკვაძეც, რომელმაც ქართულ საზღვაო სფეროში არსებული პრობლემებიდან რამდენიმე გამოყო. მათ შორის, გემების დაფინანსების საკითხი. მისი თქმით, დღემდე არც ერთ ქართულ ბანკს არ  აქვს ისეთი საბანკო პროდუქტი, რომლითაც საზღვაო სფეროში მომუშავე კომპანიები ისარგებლებენ, მაგალითად, ვერ იღებენ სესხს გემის შესაძენად.

ლურჯი ეკონომიკის შემადგენელი კომპონენტია აკვაკულტურა და მეთევზეობაც.

აკვაკულტურაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, დივერსიფიკაცია, გარემოსდაცვითი სტანდარტების დაგეგმვა, თევზის საკვების ადგილობრივი წარმოება, აკვაკულტურის საკონსულტაციო ცენტრის შექმნა ან არსებულის გაძლიერება და შესაბამისი კადრების მომზადება – ეს არასრული ნუსხაა იმ საკითხების, რომელთა მოგვარების გარეშეც საქართველოში აკვაკულტურის განვითარება წარმოუდგენელია.

გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმი და აკვაკულტურა ლურჯი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს სანაპიროები რამდენად იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ორმა სექტორმა გვერდიგვერდ და ჰარმონიულად იარსებოს, ვკითხეთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თინათინ ზოიძეს.

„მე გამიჭირდება აღნიშნულ კითხვაზე კომპეტენტური პასუხი. ტურიზმიდან ხედვის ნაწილში მგონია, რომ აკვაკულტურა აუცილებლად უნდა განვითარდეს საქართველოში. ბათუმი, ქობულეთი, სარფი-გონიო-კვარიათი ტურისტული ზონაა. ჩვენ 4 მილიონამდე ვიზიტი გვაქვს წლის განმავლობაში. უფრო მეტ ვიზიტორს ველოდებით. როგორც პროფესიონალებმა აღნიშნეს, [აკვაკულტურის ფერმების] სწორად დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელია იმის უზრუნველყოფა, რომ დაცული იყოს ყველა ის სტანდარტი, რაც ვიზიტორებს ზღვაზე დასვენებისთვის სჭირდებათ.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მე რაც ნანახი მაქვს სხვა ქვეყნებში, საზღვაო-საკურორტო ზონიდან ეს ფერმები მოშორებულია.

თუ მასშტაბური აკვაკულტურის განვითარება გვსურს, ჩემი აზრით, შესაძლებელია ალტერნატიული სივრცეები მოიძებნოს, შავი ზღვის რეგიონში, როგორიცაა, მაგალითად, სამეგრელო-გურიის რეგიონი. სადაც თუ მასშტაბური პროექტები განხორციელდება, ეს ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ამასთან, ბათუმსა და საზღვაო კურორტებს მოამარაგებს თევზეულით. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩვენ შემთხვევაშიც გაკეთდეს, ოღონდ ამაში უნდა იყვნენ ჩართული პროფესიონალები და უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ბათუმის იმიჯი, როგორც ტურისტული მიმართულების, არ დაზიანდეს.

როცა წარმოიდგენ, რომ ზღვის სანაპიროზე ისვენებ და ამ დროს, ვთქვათ, რამდენიმე  ას მეტრში თუნდაც არის აკვაკულტურის ფერმები, შესაძლებელია არც თუ ისე სასიამოვნო სანახავი იყოს. თუმცა დღეს შეხვედრაზე ითქვა, რომ აკვაკულტურას გაწმენდითი ფუნქციაც აქვს და შესაძლებელია პირიქით, სანაპირო ზოლის გაწმენდასაც კი შეუწყოს ხელი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თინათინ ზოიძემ.

რამდენად რეალისტურია აკვაკულტურა განვითარდეს საკურორტო ზონასთან ახლოს? – ეს კითხვა გარემოს დაცვის სამინისტროს და აკვაკულტურის სექტორის წარმომადგენლებს უშალოდ დისკუსიის დროსაც დაუსვეს.

„სწორად მართული თემები არის პირიქით მისასალმებელი, იმიტომ, რომ შეიძლება უწყვეტი შემოსავალი იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის,“ – ასეთი იყო გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის პასუხი.

მამუკა ბერძენიშვილი, საქართველოში „საერთო საზღვაო დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენელი, ამბობს, რომ მთავარი, რის გამოც ევროკომისია საქართველოს აფინანსებს და ეხმარება, არის სწორედ ამ სამი კონკრეტული მიმართულების გაძლიერება – საზღვაო ტურიზმი, საზღვაო ტრანსპორტირება და აკვაკულტურა-მეთევზეობა.

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება საზღვაო ტურიზმის საშუალებით განვითარდეს ტურისტული პროდუქტი. მაგალითად, შეიძლება ეს გაკეთდეს წყლის ქვეშ არსებული კულტურული მემკვიდრეობის საშუალებით, რომელიც ძალიან მდიდარია. ანტიკური ხანიდან მოდის. როგორც კვლევებმა აჩვენა, პეტრასა და გონიოს ციხეების მიდამოებში განსაკუთრებით დიდია ეს პოტენციალი. ამას შეიძლება მიებას დაივინგის და სხვა მსგავსი ტურისტული სერვისები. ასევე დაიწყოს მცირე საზღვაო, საკრუიზო მიმოსვლა, რომელსაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი მცირე ნავმისადგომების ქსელის განვითარება სჭირდება.

ეს ეხება არა მხოლოდ აჭარას, არამედ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ამ მიმართულებით გურიისა და სამეგრელოს დაკავშირება. რადგანაც ეს არის ანტიკური ხანის წყალქვეშა მემკვიდრეობა. ეს ქსელი, ნავმისადგომებისა და კულტურული მემკვიდრეობის, შეიძლება გარკვეული ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში რეალისტურად იქცეს,“ – ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს საზღვაო სანაპიროს აქვს აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი. თუ აკვაკულტურა ტურისტულ პროდუქტად იქცევა, მან შეიძლება ისეთ წარმატებას მიაღწიოს, როგორსაც თავის დროზე სოფლად, აგროტურიზმის სექტორის განვითარებამ მიაღწია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: