ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში 25 ივნისს მეზღვაურთა დღეს აღნიშნავენ – დაიხარჯება 345 ათასი ლარი

22.06.2023 • 2008
ბათუმში 25 ივნისს მეზღვაურთა დღეს აღნიშნავენ – დაიხარჯება 345 ათასი ლარი

საზეიმო მსვლელობა დილის 10 საათზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან დაიწყება და რუსთაველის ქუჩის გავლით ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომთან დასრულდება.

დილის 11-დან 12-საათამდე პერიოდში კი, მე-10 ნავმისადგომთან დაგეგმილია ოფიციალური ღონისძიებები [გახსნის, დაჯილდოებისა და გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების ცერემონია].

ღონისძიებების ორგანიზატორი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა, რომლის ინფორმაციით, „საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, 25 ივნისს ყოველწლიურად მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს დღეს, რომელიც 2011 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ [IMO] მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა“.

წელს სააგენტო ღონისძიების ორგანიზებისთვის 345 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს, რაზეც თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან მიღებული აქვს.

მომსახურებაში შედის: ღონისძიების შემეცნებით-კულტურული პროგრამა; საკონცერტო, გასართობი და სხვა მომსახურებები; თავისუფალი სიგნალის გავრცელებისა და პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფა, დრონითა და ასევე ფოტო-ვიდეო გადაღება, ბრენდირებული ინვენტარის მიწოდება, ლოკაციების გაფორმება საზღვაო თემატიკის დეკორაციებით და სხვა.

„საქართველო მსოფლიო ეკონომიკისათვის მეზღვაურთა სამუშაო ძალის მიმწოდებელი ქვეყანა და 15 000-მდე მეზღვაურის სამშობლოა, რომლებიც მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა სახელმწიფოს დროშით მცურავ ასობით გემზე არიან დასაქმებულნი. მათ უდიდესი როლი შეაქვთ როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლაში.

მეზღვაურები პირდაპირ არიან ჩართულნი პროცესში, რომელიც არა მხოლოდ სანაოსნო ბიზნესს ამოძრავებს, არამედ გარანტიაა, რომ მსოფლიო ეკონომიკა განაგრძობს ზრდას და განვითარებას.

ღონისძიების მიზანია საზღვაო დარგში მოღვაწე პირების წვლილის დაფასება და აღიარება, ასევე თავად ქართველი მეზღვაურების მოტივაცია. საზოგადოებაში საზღვაო დარგის პოპულარიზაციის გაზრდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზღვაო მიმართულების ბიზნესში ადამიანური რესურსის მოზიდვაზე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დაესწრება სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირი, რის გამოც ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება წარმოადგენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ინტერესს“, – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განაცხადში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, მეზღვაურთა დღის აღნიშვნა „სააგენტოს ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან სთხოვეს.

მთავარი ფოტო: მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე ბათუმში / 2.07.2022

2022 წელს მეზღვაურთა დღე ბათუმში უამინდობის გამო 2 ივლისს აღნიშნეს:

ბათუმში მეზღვაურთა დღე აღნიშნეს [ფოტო]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: