თბილისის საპატრულოს ყოფილი უფროსის რჩევა პოლიციელებს: თქვენი უფროსობა პირველი თქვენ ჩაგიშვებს

თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, გიორგი გეგეჭკორი რიგით პოლიციელებს მიმართავს და ურჩევს კარგად დაფიქრდნენ, რას აკეთებენ.

ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელებს აფრთხილებს, რომ ნიღბები მათ ვერ დაიცავს, რადგან მათი უფროსობა სიებით ხელში ივლის პარტიების ოფისებში და დეტალურად მოუყვება, ვინ რას აკეთებს ამ დღეებში.

მისი შეფასებით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

„პოლიციელებს მინდა რჩევა მოგცეთ… კარგად დაფიქრდით, ვის ემსახურებით და ვის ბრძანებებს ასრულებთ. იმ თქვენი უფროსებიდან უმრავლესობა მეორე მხარეს მისასვლელ გზებს ეძებს და თავის გადასარჩენად ხომ იცით, რასაც იზამენ? – სწორია, პირველი თქვენ ჩაგიშვებენ და გაგყიდიან..

ნურავის ნუ გექნებათ იმედი, რომ ნიღაბი დაგიცავთ… ყველას იდენტიფიცირება მოხდება და მიზეზი ისევ ეგ, ბრძანების გამცემი თქვენი უფროსობა იქნება, საკუთარი თავის გადასარჩენად სიებით ხელში რომ ირბენენ პარტიის ოფისებში და თან დეტალურად მოყვებიან, ვინ, რას აკეთებდით ამ დღეებში.

ეგ პროცესი უკვე დაწყებულია და დანარჩენს რომ მიხვდეთ, ტვინი ყველას თუ არა უმრავლესობას მაინც გეყოფათ… თან, არც ერთი სამსახური არ ღირს ხალხის პატივისცემისა და ადამიანობის დაკარგვად“, – წერს გიორგი გეგეჭკორი ფეისბუქის პირად გვერდზე.

აშშ ემზადება გამოიყენოს დამატებითი სანქციები – ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისადმი მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობებით.

მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი,“ – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი „ქართული ოცნების“ წევრებისადმი სანქციებს აანონსებს.

„შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში – მათ შორის, ვინც თრგუნავს საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე – პასუხს აგებენ. ორმხრივი თანამშრომლობის ადრე გამოცხადებული ყოვლისმომცველი მიმოხილვის გაგრძელების გარდა, შეერთებული შტატები ახლა ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები,“ – წერს ენტონი ბლინკენი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება დღეს, 5 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ამერიკის 17 ყოფილი დიპლომატი თბილისში ძალადობას გმობს – „ამერიკის ხმა“

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით [www.amerikiskhma.com]  შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტები და საქართველოს საკითხთა ამერიკელი ექსპერტები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ღია წერილით ეხმაურებიან. მიმართვას სათაურით „ღია წერილი საქართველოზე ყოფილი ამერიკელი დიპლომატებისგან“, ხელს 17 ყოფილი დიპლომატი აწერს.

„წერილი ასახავს ჩვენს შეშფოთებას და წარადგენს პოლიტიკურ ზომებს, რომელთა მიღება შეუძლია შეერთებული შტატების მთავრობას, რათა მოახდინოს რეაგირება ქართველი ხალხის უფლებებისადმი ამ გადაუდებელ გამოწვევებზე პასუხად“, – ნათქვამია შესავალში.

წერილის ავტორები არიან დევიდ კრამერი და ჯონ ჰერბსტი. კრამერი ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია და წარსულში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში. რაც შეეხება ჯონ ჰერბსტს, ის ამერიკის ელჩი იყო უკრაინასა და უზბეკეთში, სახელმწიფო დეპარტამენტში 31 წელზე მეტს იმსახურა, ახლა კი “ატლანტიკური საბჭოს” ევრაზიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია.

ერთობლივ წერილში, რომელიც 4 დეკემბერს გამოქვეყნდა, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ ბოლო დროს გამწვავებული მდგომარეობის გამო. ხელმომწერ დიპლომატებს ასევე აშფოთებთ “ქართული ოცნების” მიერ მართულ ქვეყანაში დემოკრატიული ნორმების უგულებელყოფის უფრო ხანგრძლივი ისტორიაც.

კრამერის და ჰერბსტის გარდა, ხელმომწერთა შორის არიან: შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილეები: პაულა დობრიანსკი, დენიელ ფრიდი და ეველინ ფარკასი. მას ასევე ხელს აწერენ: ალექსანდრე ვერშბოუ, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში და რუსეთში; კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში; იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში; კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და ბელარუსში; უილიამ ტეილორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში; რობერტ სეკუტა, აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში; თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური და სხვები.

გთავაზობთ 17 ყოფილი დიპლომატის მიერ ხელმოწერილი წერილის სრულ ტექსტს:

“ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ყოფილი ამერიკელი დიპლომატების ჩათვლით, რომლებიც მსახურობდნენ და/ან მუშაობდნენ საქართველო-ამერიკის ურთიერთობათა საკითხებზე, უმკაცრესად ვგომბთ საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ჩვენ ასევე გვიჭირს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გაგება, რომელიც იმართება „ქართული ოცნების” დეფაქტო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ – შეაჩერონ ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებები. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში შეაქო რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა, გამოიწვია ათიათასობით ქართველის მონაწილეობით გამართული ბოლო დემონსტრაციები.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში გადაწყვიტა, შეეთავაზებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი,  „ქართული ოცნების” მთავრობამ და პარლამენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა არასწორი მიმართულებით. მან მიიღო რუსული სტილის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შესახებ, შეუტია ლგბტქ თემს, იერიში მიიტანა „გლობალური ომის პარტიის“ წინააღმდეგ [იგულისხმება შეერთებული შტატები], იმ აბსურდული მტკიცებით, რომ ის ცდილობდა საქართველოს ჩათრევას რუსეთის წინააღმდეგ ომში. და ბოლოს, ჩაატარა არჩევნები, რომელიც “ოდირის” [ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის] შეფასებით, იყო აღბეჭდილი „შეშფოთებით, ახლახან მიღებულ კანონთან დაკავშირებით, მისი გავლენით ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე“. „ქართული ოცნების” წარმომადგენლები სიტყვიერად დაესხნენ თავს შეერთებული შტატების წინა ელჩს კელი დეგნანს და კონგრესის წევრებს. განვითარებული მოვლენების მთელ რიგს რუსეთისა და პუტინის მხრიდან ხოტბა-დიდება შეხვდა.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა საქართველოს $6.5 მილიარდზე მეტი დახმარება გაუწია. შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღიდან მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. და საქართველო გახდა რეფორმების ერთ-ერთი ლიდერი უფრო ფართოდ, რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა არის ძალიან პროამერიკული და პროევროპული და მათ სურთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება.

ეს აშკარად კრიტიკული მომენტია საქართველოს ისტორიაში, რომელსაც გავლენა აქვს სამხრეთ კავკასიაზე და მის ფარგლებს გარეთ. სასწორზეა საქართველო, როგორც თავისუფლების შუქურა და რეფორმების პროცესი. იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე, შეერთებული შტატები ქართველ ხალხს დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს, მოქმედების დრო დიდი ხანია დამდგარია.

ეს ავტორიტარული პოლიტიკა დანერგეს ოფიციალურმა პირებმა თბილისში და მათმა აგენტებმა, ვისაც პირადი უპირატესობის ინტერესი ამოძრავებს. შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა, გავლენა იქონიოს მათ გათვლებზე და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ბოლო ძალადობა. ჩვენ ახლა მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, ანგარიშვალდებულება დააკისროს პასუხისმგებელ პირებს.

ეს ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა შემდეგ ზომებს უნდა მიმართოს:

შეაჩეროს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მათ ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით წამოჭრილი სერიოზული კითხვები და ანალოგიურად შეაჩერონ ახალი პარლამენტის აღიარება და ქართული ოცნების მთავრობის ხელახლა ჩამოყალიბება. მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით, ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზედამხედველობით, რისი საშუალებითაც შეიქმნება გზა დემოკრატიული განახლებისთვის.

მოუწოდოს საქართველოს სამხედრო და უშიშროების სამსახურებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია – ქართული დემოკრატიის საფუძველი, უარი თქვან ამ დოკუმენტთან შეუსაბამო განკარგულებების შესრულებაზე, მაგალითად – რეპრესიებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

დაუწესდეს სასწრაფო და საჯარო სანქციები ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და სხვებს მთავრობასა და პარლამენტში, ვინც მსგავს ავტორიტარულ ქმედებაში იყო ჩართული. ეს ასევე უნდა მოიცავდეს პოლიციელებსა და სამხედრო ოფიცრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში და მიმართავდნენ არაკეთილსინდისიერ ქმედებას საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას.

ყველა ეს ზომა უფრო ეფექტიანი იქნება, თუკი ის ევროკავშირთან ერთად იქნება მიღებული. ევროკავშირთან თუ მის გარეშე, ეს ნაბიჯები ეჭვს არ დატოვებს, რომ შეერთებული შტატები ცალსახად დგას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის გვერდით”.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან მიდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი თანამდებობას ტოვებს. გათავისუფლების მოთხოვნით მან შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უკვე მიმართა. პატაკი გათავისუფლების მოთხოვნაზე ირაკლი შაიშმელაშვილმა თავად გამოაქვეყნა.

სამსახურიდან წასვლის მოთხოვნის მიზეზად ის განცხადებაში ოჯახურ პირობებს ასახელებს.

განცხადება 3 დეკემბრით თარიღდება.

დღეს, 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ისინი პროცესის დასრულებამდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებენ.

პოლიციამ დღეს საღამოს დააკავა სულ მცირე 9 პოლიტიკოსი და აქტივისტი.

___

  • რა ხდება

საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

 

 

ბათუმში ანტირუსული მოძრაობის წევრები დახმარებას ითხოვენ – არ გვაქვს ტექნიკური რესურსი

„დაეხმარეთ ბათუმის აქციას, ვანახლებთ გუშაგების ფონდს, რადგან ბათუმში არ გვაქვს ტექნიკური რესურსი [მეგაფონი, რაცია, დინამიკი]. გიზიარებთ ანგარიშებს

მიმღები – ლინდა ცინცაძე“, – წერენ აქციის მონაწილეები.
ამ წუთებში, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან ხალხმრავალი აქცია იმართება.
  • რა ხდება

საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

“გამოფხიზლდით, გამოდით გარეთ“ – საპროტესტო აქცია ბაღდათში

„ვუერთდებით საპროტესტო ტალღას ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან, ვაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, იმას, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო დაშორდა თავის მიზანს – გაერთიანდეს ევროკავშირში,“ – ეს იყო დღეს, 4 დეკემბერს, ბაღდათში გამართული საპროტესტო აქციის მთავარი გზავნილი.

აქციის ორგანიზატორი ემიგრანტი ქალი, თათია თავხელიძე იყო, რომელიც მშობლიურ ქალაქში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

თათიამ აქციის ორგანიზება ფეისბუქზე დაწერილი ერთი პოსტით შეძლო. თათიას ინიციატივას სრულიად უცნობი ადამიანები გამოეხმაურნენ და შედეგად ბაღდათში გამართულ  საპროტესტო აქციაზე 50-მდე ადამიანი მივიდა.

„ყველას გეხვეწებით, ყველას გევედრებით, ამოიღეთ ხმა. მე ვარ შვიდი შვილის დედა. ჩვენ გვინდა ევროპა და არა რუსეთი. მისი [რუსეთის] წიხლი რომ მოხვდება ხალხს, მერე მიხვდებით, რომ მშიერი იქნებით და მწყურვალი. მისი მონა გავხდებით, თუ არ გამოვფხიზლდით და არ გამოვედით გარეთ. ამიტომ გამოფხიზლდით, გამოდით გარეთ,“ – თქვა აქციაზე მისულმა ასაკოვანმა ქალმა.

"ჩემი შვილი არაა კანონდამრღვევი, მაგრამ შეიძლება უკან მიეპაროს სპეცრაზმელი და თავი გაუტეხოს" - ექიმი

„ჩემი შვილი ყოველდღე დგას თბილისის აქციაზე. ერთი კვირაა თვალი არ მომიხუჭავს. ის არ არის კანონდამრღვევი, ის წესიერად აღზრდილი შვბილია, მაგრამ შეიძლება უკან მიეპაროს ვინმე სპეცრაზმელი და თავი გაუტეხოს. მარტო ჩემი შვილი არაა, ყველას შვილები დგას იქ და ყველას გამო ვღელავ.

ჩემს შვილს დღეს დაუწერეს შენი მშობლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს და თუ არ უნდათ, წაბრძანდნენო. უკაცრავად! ჯერ ერთი მე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღებ ხელფასს და არა „ოცნების“ ბიუჯეტიდან. და ამ სახელმწიფო ბიუჯეტს ჩვენი ჯიბეებიდან ჩვენ ვავსებთ,“ – თქვა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა მარინა ტუღუშმა.

საპროტესტო აქცია ბაღდათში

საქართველოში მეშვიდე დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შეეჩერებინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“, – თქვა 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

სწორედ კობახიძის ამ განცხადებას მოჰყვა უწყვეტი საპროტესტო აქციები.

მეტროსადგურებთან პოლიცია მოქალაქეებს უკანონოდ ართმევს აირწინაღებს, ნიღბებს, სხვა ნივთებს – საია

საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] ინფორმაციით, მეტროსადგურებთან პოლიციელები ხვდებიან მოქალაქეებს და ართმევენ აირწინაღებს, ნიღბებს და სხვა ნივთებს. როგორც მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან პოლიციის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს უთხრეს, ისინი „ზედაპირულ დათვალიერებას ახორციელებენ“.

საია განმარტავს, რომ პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.

პოლიციელს არ აქვს უფლება ზედაპირული შემოწმების პირობებში პირს მოსთხოვოს ჩანთის გახსნა ან ჩამოართვას ნივთი. ასევე, აღსანიშნავია, რომ აირწინაღი, ნიღაბი, პირბადე არ წარმოადგენს ისეთ ნივთებს, რომელთა გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უცნობია რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს შსს აქციის დასაშლელად, დემონსტრანტებისთვის გაზისაგან და სხვა ქიმიური ნივთიერებებისგან დამცავი ნიღბების ჩამორთმევა არის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა.

საიას შეფასებით „აშკარაა, რომ პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ემსახურება მოქალაქეების დაშინებას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დევნას.“  

დღეს, 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდა. დააკავეს პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია. დაკავებულია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაიაც. ასევე სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე.  პოლიცია შევიდა „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილო ღლონტის სახლშიც.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ისინი პროცესის დასრულებამდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებენ.

  • რა ხდება

საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

მთავარი ფოტო: სქრინი ტელეკომპანია პირველიდან

ამ დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს – კაცი, რომელსაც აქციაზე სცემეს და ნეკნი ჩაუმტვრიეს

აქტივისტი და უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი მათ შორისაა, ვინც დაკავების და ცემის შემდეგ იზოლატორში არ შეუყვანიათ – ის იმდენად მძიმედ იყო, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა:

„აქტივისტი ვარ და ხშირად ვარ აქციებზე, მაგრამ არასოდეს დავუკავებივარ. იციან, რომ არ ვაშავებ, სხვა დროს არც კი მოსულან ჩემთან. პირველი დეკემბრის ღამეს დიდი რაოდენობით გაზი გამოიყენეს, გაიფანტა ხალხის ნაწილი. ზოგი ავიდა ბესიკის ქუჩაზე, მეც გავყევი მათ, იქ რამდენიმე დასამალი ადგილია. მეგობარმა გამისწრო წინ და დადგა დროშით, მარტო იდგა და მასთან მივედი, იქ ვიდექით ერთად დროშებით. მოულოდნელად მოვიდნენ, თანვე გადავიდნენ შეურაცხყოფაზე ძალიან მძიმე ფორმებით.

დამაკავეს, სინამდვილეში ეს დაკავება არც იყო, ჩემი შემთხვევა იყო პირდაპირ ძალადობა, ისე გავილახე, რომ ასეთ გალახულებს აღარ აკავებენ. ლაივში იყო ჩემი დაკავება, ძალიან მათრიეს, ხელში აყვანილი მივყავდი ათამდე ადამიანს. წამიღეს და შემაგდეს მანქანაში, გამატარეს სადამსჯელო კორიდორი, მაგინეს, მაფურთხეს, წიხლებს მირტყამდნენ. ჩემი დაკავება ლაივში იყო, ეს იცოდნენ ამიტომაც ერთი ეუბნებოდა არ დაარტყათო, ვვარაუდობ იმის გამო, რომ არ გამოჩენილიყო კამერაში, მაგრამ მაინც მირტყამდნენ. ეს იყო სადამსჯელო კორიდორები, გავიდნენ, რაღაცას გასცდნენ.“

გია ჯვარშეიშვილი გვიყვება, რომ ამის შემდეგ ავტომანქანაშიც იძალადეს მასზე, ძალადობდნენ ფსიქოლოგიურადაც, აყენებდნენ შეურაცხყოფას: „პოლიციელები მეუბნებოდნენ მოგტ – თო“.

გია გვიყვება, რომ ავტომანქანაში ტელეფონი, საფულე და სხვა პირადი ნივთები ამოუღეს ჯიბიდან, წაართვეს ზურგჩანთა.

გია ჯვარშეიშვილს ორი ნეკნი ჩაუმსხვრიეს. ამბობს, რომ ამის გამო ვერ ახერხებდა დაჯდომას:

„რომ მირტყამდნენ, ვერ დავჯექი, ისინი უფრო მეტ ტკივილს ვერ მომაყენებდნენ, ვიდრე იყო ნეკნი. ძირს დამაგდეს, შემდეგ მარშუტკის ბოლო ნაწილში გადავხოხდი. ვეგდე იქ ბოლოში, ვერ ვსუნთქავდი, სადღაც 15 წუთი იქ ვიყავი, ერთი ბიჭი შემოაგდეს, ისიც სცემეს. შემდეგ მოვიდა პოლიციელი და მიხვდა, რომ ნეკნი მქონდა გატეხილი, თქვა სასწრაფოთია გადასაყვანიო. მოვიდა სასწრაფო, ექიმმაც დაადასტურა გადასაყვანიაო, ამის შემდეგ საავადმყოფოში გადამიყვანეს.“

გია გვიყვება, რომ საავადმყოფოში გადაყვანისას არ უგინებიათ და „განსხვავებული ფორმატის“ შეურაცხყოფას აყენებდნენ:

„არ მომიწონეს წვერის სიგრძე, „ბომჟი“ მეძახეს, ექიმებზე ზემოქმედებასაც ცდილობდნენ, ჰიპოკრატეს ფიცი რომ არ გქონდეთ დადებული, ეს რა სამკურნალოაო ეუბნებოდნენ, მაგრამ ექიმებზე მინდა ვთქვა, რომ სამედიცინო პერსონალი მოწოდების სიმაღლეზე იყო, მათ აბსოლუტური ადამიანობა და პროფესიონალიზმი გამოიჩინეს. წამოსვლისას აქციაზე დაკავებულს ფული როგორ გამოგართვათო. ტაქსით გამომიშვეს, როდესაც გაიგეს, რომ წართმეული მქონდა ყველაფერი.“

გია ამბობს, რომ ორი ნეკნის გატეხა ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ ამან „უფრო მაგარ ცემას გადაარჩინა.“

გია ჯვარშეიშვილმა ჩვენთან საუბრისას ხაზი გაუსვა შშმ პირის ცემის ფაქტს და ზვიად რატიანის დაკავებას:

„ამას აკეთებს სისტემა, არასასურველ პირებს ექცევა ასე – მეტი დაშინება რომ უნდათ, მეტია დაკავებული და მეტიც გალახული, თორემ სხვა დროსაც ხდება გალახვა, სულ ხდება. არ ჩანს ხოლმე ისე, მე ბოლო წლებში არ ვყოფილვარ აქციებზე ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ხუთი წლის წინ ვიყავი.“

გია ჯვარშეიშვილი ამბობს, რომ ისეთი მასშტაბის დანაშაულის შემდეგ, როგორიც ამ აქციებზე ჩაიდინეს, ბრძანების გამცემი ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს:

„ძალადობის ამ მასშტაბზე როცა მიდის ხელისუფალი… მე საერთოდაც ვთვლი, რომ არ არიან ლეგიტიმურები, ვინც გასცემენ ბრძანებას. ჩვენ ვამბობთ, რომ მეორედ საბჭოთა კავშირი აღარ გავხდებით. შეუძლებელია, საბჭოთა კავშირი გაგვხადონ.

ძალიან ცოტა დარჩა უკვე, ვინც არ გამოსულა აქციებზე. ჩვენ ხომ გვინდა შევდგეთ საზოგადოებად, რომელიც ამაყობს, ვეფხისტყაოსანი აქვს საამაყოდ, პათეტიკა არ მინდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ხომ არის ყველა ქართველის სანუკვარი ოცნება, რომ ვიყოთ ძლიერები, ლაღები და დამოუკიდებლები. გამოვა ხალხი, ვინ შეიძლება, რომ ეს ძალადობა მიიღოს? ან რამდენ ხანს ეყოფათ ის პროპაგანდა, რომ მაშხალით შეიძლება მეტი ზიანის მიყენება, ვიდრე ასობით გაზის ბალონს რომ ისვრიან.

მძიმეა საკმაოდ, კეფაში რომ მოხვდეს, დააგდებს ადამიანს და შეიძლება ფატალური შედეგიც გამოიწვიოს. რომ ისვრიან, ფიქრობენ იმაზე თავში ვის მოხვდება? გარდა იმისა, რომ გაზით გვაზიანებენ ათასობით ადამიანს.“

გია ჯვარშეიშვილისთვის არ დაუბრუნებიათ პირადი ნივთები, მისი პირადობის მოწმობა არც სასწრაფო დახმარების ექიმს გადასცა პოლიციამ, როცა ექიმმა პაციენტის რეგისტრაციისთვის მოითხოვა. გიას უფლებებს იურისტი ილონა დიასამიძე იცავს.

„თუ სახლში მოგადგნენ“ – იურისტ საბა ბრაჭველის რეკომენდაციები

იურისტი, საბა ბრაჭველმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოიქცნენ აქტივისტები, თუ მათ კარზე საგამოძიებო სამსახურიდან მიადგებიან.

  • თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე: 577 070563.
  • სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში [გაქვთ ამის უფლება]. ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან.
  • არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის გაღებას მოგთხოვენ, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ.
  • შეგიძლიათ ასევე მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა.
  • ჩხრეკის მიმდინარეობისას მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ სხვადასხვა ოთახში იბოდიალონ პოლიციელებმა [ლაივის გამოყენებით. თუ გაბოდიალდებიან, ეგ მაინც კარგი მტკიცებულება იქნება].
  • პირდაპირ არ გაუღოთ კარი ან საერთოდ არ გაუღოთ „გაზის ინსპექტორს“, რომელიც მოულოდნელად გეწვიათ, ან მეზობელს, რომელსაც ნიორი შემოაკლდა დილის 7 საათზე. იყავით ყურადღებით.

ციფრული ჰიგიენა:

  • წაშალეთ სიგნალის აპლიკაცია და ხელახლა გადმოწერეთ.
  • სიგნალის გარეთ თუ ლაპარაკობთ სადმე, წაშალეთ.
  • მობილურიდან ყველა მონაცემის წასაშლელად – factory reset
  • სამსახურის ლეპტოპები დატოვეთ სამსახურში, პირადი ლეპტოპები არ წაიღოთ ოფისებში
  • ვინც ოფისებში დადიხართ, ზედმეტი ნივთები მოაშორეთ ოფისებიდან. Clean desk policy.
და რაც მთავარია – იყავით მხნედ – პოლიციელები არიან დემენტორები და შიშს ყნოსვით გრძნობენ – წერს საბა ბრაჭველი.

დღეს, 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ისინი პროცესის დასრულებამდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებენ.

პოლიციამ დღეს საღამოს დააკავა სულ მცირე 9 პოლიტიკოსი და აქტივისტი.

რა ხდება

საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

ზურაბიშვილის მოწოდება საქართველოს მეგობრებს

საქართველოს პრეზიდენმა, სალომე ზურაბიშვილმა, X-ზე დაწერა, რომ ჰეშთეგი პროტესტი საქართველოში (#GeorgiaProtests) უნდა შეიცვალოს ჰეშთეგით რეპრესიები საქართველოში (#RepressioninGeorgia)

სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს: „რეპრესიები საქართველოში: სასწრაფო მოწოდება ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურს თავიდან ავირიდოთ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი წნეხი განხორციელდეს მმართველ პარტიაზე, რომელსაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს. არ დაიგვიანოთ…“

დღეს, 4 დეკემბერს, დილიდან სამოქალაქო აქტივისტების სახლებსა და ოპოზიციური პარტიების ოფისებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს. პარტიების ოფისებიდან ამოღებულია პიროტექნიკა, პლედები, ფიზიოლოგიური ხსნარი, კვერცხები, კარვები, აირწინაღები.

დაკავებულია მინიმუმ 10 პოლიტიკოსი და აქტივისტი.

__

ამავე თემაზე: ნიკა გვარამიას დაკავების კადრები

YouTube video player

საბა ბუაძე: დააკავეს „ლელოს“ წევრები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი

„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ დაკავებულები არიან ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, „ლელოს“ წევრები.

საბა ბუაძე წერს ასევე, რომ ისინი ტელეკომპანია „იმედზე“  გასული კადრების გამო დააკავეს: „იმედზე გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები – ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი.“

დღეს, 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდა.

დააკავეს პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია. დაკავებულია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაიაც. ასევე სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე. 

პოლიცია შევიდა „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილო ღლონტის სახლშიც.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ისინი პროცესის დასრულებამდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებენ.

რა ხდება

საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

 

 

ბათუმში საპროტესტო აქცია 6 საათიდან განახლდება

ბათუმში საპროტესტო აქცია დღეს, 4 დეკემბერს, საღამოს 6 საათიდან განახლდება. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.

დღეს პოლიცია რამდენიმე აქტივისტის სახლსა და ოპოზიციური პარტიების ოფისებში შევიდა ჩხრეკის ჩასატარებლად. ჩხრეკისა და დაკავებების პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

დააკავეს პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია. დაკავებულია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაიაც. ასევე სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე. 

პოლიცია შევიდა „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილო ღლონტის სახლშიც.

რა ხდება

საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

„დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს

„დაფიონის“ ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ზვიადის მამამ დაუდასტურა: „მეგობრები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ქუჩაში  აიყვანეს“.  ზვიად ცეცხლაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია „დაფიონის“ ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

მანამდე კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ოფისთან დააკავეს ნიკა გვარამია, რომელიც პოლიციამ ოფისში არ შეუშვა.

„ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პოლიციელებს სთხოვდა, შეეჩერებინათ ჩხრეკა და მიეცათ ოფისში შესვლისა და პროცესზე დასწრების უფლება, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა გვარამიას ტერიტორიიდან გაყვანა. ფიზიკური დაპირისპირების დროს გვარამიამ, სავარაუდოდ, გონება დაკარგა.

პოლიციამ პარტია „ახალის“ ოფისთან დააკავა ასევე „გირჩი მეტი თავისუფლებას“  წევრი გელა ხასიაია.

დღეს, 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ისინი პროცესის დასრულებამდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებენ.

პოლიციამ „გირჩი მეტი თავისუფლებას“ წევრი გელა ხასაია დააკავა

პოლიციამ პარტია „ახლაის“ ოფისთან „გირჩი მეტი თავისუფლებას“ წევრი გელა ხასაია დააკავა.

მანამდე ოფისთან დააკავეს ნიკა გვარამია, რომელიც პოლიციამ ოფისში არ შეუშვა.

„ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პოლიციელებს სთხოვდა, შეეჩერებინათ ჩხრეკა და მიეცათ ოფისში შესვლისა და პროცესზე დასწრების უფლება, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა გვარამიას ტერიტორიიდან გაყვანა. ფიზიკური დაპირისპირების დროს გვარამიამ, სავარაუდოდ, გონება დაკარგა.

დღეს, 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ისინი პროცესის დასრულებამდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებენ.

პოლიციამ ნიკა გვარამია დააკავა

ოპოზიციური პარტიების ოფისებში დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩხრეკა დაიწყო.

პოლიციამ დაახლოებით 4:48 საათზე დააკავა პარტია „ახლის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია. დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ძალადობას.

„საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ხელის შეშლის შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, – ეუბნებოდა პოლიცია ნიკა გვარამიას, რომელიც „დროას“ ოფისთან მივიდა ჩხრეკის დროს.

„ჩემი ოფისია, მე ვარ წარმომადგენელი და უნდა შევიდე და დავესწრო საგამოძიებო მოქმედებას“, – უთხრა ნიკა გვარამიამ პოლიციას.

„არ შეგიშვებთ“ – იმეორებდა პოლიცია.

„ამათ ვინ უნდა დააშინონ, გამოვიდეს გამომძიებელი და დამელაპარაკოს. ამიხსნას, რატომ არ მიშვებენ ჩემს საკუთრებაში“, – ამბობდა ნიკა გვარამია.

„ახლა დაგაკავებთ… დავაი დააკავეთ“ – დაიძახა პოლიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და ნიკა გვარამია ფიზიკური ძალადობის შემდეგ დააკავეს.

„ესენი არიან მოძალადეები. ესენი მისდევენ, იჭერენ ახალგაზრდებს. სასტიკად არის ნაცემი 200-ზე მეტი ადამიანი. ბუნებრივია, ნიკა გვარამია არ უყვართ და აქვე დაარღვიეს კანონი და სასტიკად გაუსწორდნენ მარტო იმის გამო, რომ შესვლა უნდოდა ჩხრეკაზე, რისიც სრული უფლება გვაქვს.

ჩვენ, პოლიტიკოსები, მზად ვართ ცემისთვისაც, დაჭერისთვისაც, ყველაფრისთვის. რაც მთავარია, ხალხი იბრძვის და ეს ბრძოლა გაგრძელდება“, – განაცხადა „დროას“ ხელმძღვანელმა ელენე ხოშტარიამ.

„ყოველგვარი საბუთის გარეშე შეიჭრნენ“ – პოლიცია ოპოზიციის ოფისებს ჩხრეკს

პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებს ჩხრეკს. პოლიცია 14:15 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც შევიდა.

„ბავშვები აიყვანეს მძევლად. საბუთი გვაქვსო გვეუბნებიან, სად არის საბუთი, ეს კაცია საბუთი? კეპკა რომ აქვს დაფარებული და ფორმა არ აცვია. საიდან უნდა გავიგო ვინ არის. ცდილობენ ვიღაც შეაშინონ? არავის ეშინია“, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი „ფორმულას“ ეთერში.

გარეთ მყოფი პოლიციელი თინა ბოკუჩავას ეუბნება, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს გადაღებით და შიგნით მყოფ პირებს წარუდგინეს ჩხრეკის ნებართვა.

„ჩემი ინფორმაციით, იყო მცდელობა „ახლების“ ოფისში შევარდნის. იქ ალბათ ჯერ ვერ გაბედეს და არ გაბედეს. პოლიციის შენობა აქვეა და შეიძლება დარბევისთვისაც ემზადებიან.

გუშინ იყო ამ ოფისში შევარდნის მცდელობა, როცა უამრავი პოლიციელი იყო აქ მობილიზებული, მაგრამ გუშინ ეს არ გააკეთეს, იმდენად ბევრი ადამიანი ჰყავდათ დასაკავებელი და დასარბევი, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ამას ახორციელებს რუსული ომონი.

ეს არის ის, რაც მოხდა ბელარუსში, რუსეთში და ჩამოყალიბდა დიქტატურა. ვხედავთ, რომ ოფისში, სახლებში გვივარდება რუსული ომონი“, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

ჩხრეკა მიმდინარეობს „დროას“ ოფისშიც.

„როგორც ვხედავთ, ესენი ჩაიდენენ კიდევ ერთ უკანონო აქტს“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

პოლიცია დღეს ჯგუფ „დაიტოვეს“ აქტივისტის, ილია ღლონტის სახლშიც შევიდა.

მისი თქმით, ანტიკონსტიტუციურ რეჟიმს სამოქალაქო აქტივისტების დაშინება უნდათ.

„მთელი ჩემი საქმიანობა არის საჯარო, ფეისბუქზე ყველა ხედავს, რაც ხდება ჯგუფშიც, ამიტომ ეს ცალსახად არის დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი. პირიქით მეგობრებო, თუ თქვენ ხმას არ ამოიღებთ, ხვალ თქვენთანაც იგივე მოხდება და ხვალ, თქვენც მოგადგებიან აზრის გამოხატვის გამო. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევშინდეთ, ბრძოლა ახლა იწყება“, – ამბობს ილია ღლონტი.

თეთრხალათიანების აქციას ბათუმშიც შეურთდებიან

დღეს, 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, სამედიცინო დაწესებულებების წინ, საქართველოს ყველა რეგიონში, თეთრხალათიანთა აქციები ჩატარდება გზავნილებით:

  • ვემხრობით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
  •  შეწყდეს დემონსტრანტების ჯანმრთელობის დაზიანება.
  • ვგმობთ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას.

ექიმების მოთხოვნაა ასევე „გასაჯაროვდეს რა გაზით ხდება დემონსტრანტების დაშლა“, ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს .

ბათუმში აქციას უერთდებიან „საზღვაო ჰოსპიტალის“,  „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის“ [ ბაუ] ექიმები. აქციაზე გასვლას გეგმავენ ასევე  „რესპუბლიკური საავადმყოფოს“,  „მედ-ცენტრის“ და „მედინას“ თანამშრომლებიც.

რა ხდება?

საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადაგდეს მთავრობა.

ბათუმში საპროტესტო აქციები იმართება

დღეს, 4 დეკემბერს, ბათუმში რამდენიმე საპროტესტო აქცია იმართება.

ბათუმის ქუჩებში დილიდან მსვლელობა მოაწყვეს სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ქალაქის პირველ საჯარო სკოლასთან შეუერთდნენ მშობლების მარშს.

მოსწავლეების აქცია ბათუმში / 4.12.2024

მშობლების მარში კი, ბათუმში, დღის 2 საათზე დაიწყო. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. მშობლები პირველი საჯარო სკოლის შენობიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მივიდნენ.

მშობელთა მარში ბათუმში / 4.12.2024
მშობლების მარში ბათუმში / 4.12.2024

პარალელურად ბათუმში ქალების აქცია გაიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან.

„ჩვენ, საქართველოს ქალები და დედები, პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის…“ – აღნიშნული იყო აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქალების აქცია დღეს ქვეყნის მასშტაბით პოლიციის სხვადასხვა განყოფილებასთან იმართება.

ქალების აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან / 4.12.2024

დღესვე, 16:00 საათზე, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ინფორმაციით სამედიცინო დაწესებულებების წინ, საქართველოს ყველა რეგიონში, თეთრხალათიანთა აქციები ჩატარდება გზავნილებით:

„ვემხრობით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, შეწყდეს დემონსტრანტების ჯანმრთელობის დაზიანება, ვგმობთ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას.“

ბათუმში აქციას შეუერთდებიან „საზღვაო ჰოსპიტალის“, „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის [ბაუ] ექიმები. აქციაზე გასვლას გეგმავენ ასევე „რესპუბლიკური საავადმყოფოს“, „მედ-ცენტრის“ და „მედინას“ თანამშრომლებიც.

——

რა ხდება

საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადაგდეს მთავრობა.

ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს.

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებას და 2024 წლის 28 ნოემბერს ,,ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების ღიად გაცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა.

2024 წლის 28 ნოემბრის საღამოსვე სპონტანური აქციების მიმდინაროების დროს შესამჩნევი გახდა სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს ათასობით მოქალაქის მიმართ კოორდინირებული რეპრესიული მექანიზმების გამოყენება.

უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ადგილი აქვს მშვიდობიანი მომიტინგეების უკანონო დარბევას, რაც, არა საპოლიციო ღონისძიება, არამედ, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, არის ორგანიზებული დანაშაული.

ამ ფაქტებთან კავშირში აქტიურად გამოიყენება, თვითნებური დაკავების პრაქტიკა და მიზანმიმართული დევნა. არაერთი მტკიცებულებითა და მოწმის ჩვენებით დადასტურებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სპეციალური სადამსჯელო რაზმები მომიტინგეებს ალყაში აქცევენ, არ აძლევენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, სასტიკ მოპყრობას და მიზანმიმართულ თავდასხმას დაექვემდებარნენ ქალები, არასრულწლოვნები და  შშმ პირები.

მომიტინგეებთან ერთად სასტიკ მოპყრობას დაექვემდებარნენ მედიის წარმომადგენლები, მათ შორის, საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებიც. მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დამიზნებით გამოიყენება აქტიური სპეციალური საშულებები, ფიზიკური ძალადობა, და, მათ, ასევე, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს, არა მარტო, მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, სადამსჯელო რაზმების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის უკანონო და ძალადობრივი დარბევა.

ამ ყოველივეს პარალელურ რეჟიმში ემატება საგამოძიებო მექანიზმების უმოქმედობა, საჯარო მოსამსახურეთა დევნა და მათზე ზეწოლის განხორციელება; სახელმწიფო თანამდებობის პირთა მიერ შსს დაქვემდებარებაში არსებული სადამსჯელო  ძალების  წახალისება და შექება; უწყვეტი სამთავრობო პროპაგანდა, ანტიდასავლური იდეოლოგიის გავრცელება და აქციის მონაწილეების დემონიზირება;

მზარდი რეპრესიების და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მასშტაბის გათვალისწინებით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა აღწევდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ.

კერძოდ, სახეზეა წამება ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემატიური თავდასხმების სახით. ასევე ჩადენილია სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა და მსგავსი ხასიათის სხვა არაადამიანური განზრახი ქმედებები, რომლებიც იწვევენ მძიმე ტანჯვას, სხეულის მძიმე დაზიანებას ან/და მძიმე ზიანს აყენებენ პირის ფსიქიკურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობას.

ამასთან, ქვეყნის შიგნით არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ამ დანაშაულს სათანადოდ გამოიძიებს. პირიქით, გვაქვს საფუძვლები ვიფიქროთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები პირდაპირ არიან კოორდინირებულად ჩართულნი ხსენებული დანაშაულის ჩდენაში,  ამას ადასტურებს ის ფაქტებიც, რომ:

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი წამების კადრებისა, უარს ამბობს განმასხვავებელი ნიშნით შეკრება მანიფესტაციის დაშლაში მონაწილე პოლიციელების აღრიცხვაზე;

დღემდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არ მომხდარა არცერთი პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცრება; დღემდე საზოგადოებას არ აქვს ჯეროვანი ინფორმაცია რა შინაარსობრივი სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა ხსენებული უწყების მიერ; დღემდე არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პოლიციელის  მიმართ, რომელმაც იძალადა მომიტინგეებზე ან ჟურნალისტებზე;

სასამართლოები იღებენ შაბლონურ გადაწყვეტილებებს, ყოველგვარი ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის გარეშე და ადმინისტრაციული სახდელებით სჯიან უკანონოდ დაკავებულ მომიტინგეებსა და წამების მსხვერპლებს“-აცხადებს საია.

მათივე განცხადებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, საია განიხილავს როგორც  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის, ასევე, სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას და შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელში ჩართვის შესაძლებლობაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება.

სპეცრაზმის მიერ ნაცემი შშმ პირის მკურნალობა სახელმწიფომ არ აანაზღაურა

3 დეკემბერს თბილისში სპეცრაზმმა ორ შშმ პირს – დათო აბულაძესა და რომან გოგოლაძეს სასტიკად სცემა.

როგორც შშმ პირთა უფლებადამცველმა დეა ერემაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, სპეცრაზმის მიერ ნაცემ რომან გოგოლაძეს საყოველთაო დაზღვევამ მკურნალობის თანხა არ აუნაზღაურა.

რომან გოგოლაძე სმენისარმქონე პირია, ამიტომ კლინიკის მენეჯერმა, როგორც დეა გვეუბნება, ფურცელზე დაუწერა, რომ აჯანყებულ პირებს სადაზღვევო მკურნალობას არ უნაზღაურებს.

„თქვენმა დაზღვევამ არ დააფინანსა მომსახურება. გვითხრა, რომ გამონაკლისში გაქვთ აჯანყება, აქციაში მონაწილეობის დროს მიღებული დაზიანება“- წერია კლინიკის მიერ და ფურცელზე  დაწერილ წერილში.

დეა ამბობს, რომ რომან გოგოლაძის მკურნალობის თანხა – 210 ლარი, მისმა ორგანიზაციამ გადაიხადა.

სპეცრაზმის მიერ ნაცემი რომან გოგოლაძის მკურნალობა სახელმწიფომ არ აანაზღაურა.

„რომანს დაჟეჟილობები ჰქონდა და დღეს გამოწერეს რუსთავის კლინიკიდან, დათო აბულაძეს კი მძიმე ტრავმები აქვს მიყენებული და ეჭვი მაქვს, რომ დღეს გამოწერონ“- გვითხრა დეა ერემაშვილმა.

სმენისარმქონე პირები – დათო აბულაძე და რომან გოგოლაძე, სპეცრაზმმა სასტიკად სცემა.

დათო აბულაძეს 3 დეკემბერს ქუჩაში, საკვების მიღების დროს სცემეს.

„საჭმლის საყიდლად იყო ჩასული მარკეტში და ამ დროს ეცნენ რობოკოპები და სასტიკად სცემეს. დათო სმენისარმქონეა და ხმას რომ ვერ იღებდა, ამაზე კიდევ უფრო სასტიკად სცემეს. ცემის შემდეგ, მოჰპარეს მობილური ტელეფონიც.

დაკავების შემდეგ გადაიყვანეს პოლიციაში, ძალიან მტკიოდა ყველაფერი, თვალიდან სისხლი მდიოდა და ვერ მიჩერებდნენ და მერე წამივიდა გულიო, ასე უყვებოდა თარჯიმანს დათო საავადმყოფოში. ჩვენც გვიან გავიგეთ, თუ სად იყო და რა მდგომარეობაში.

დედა ემიგრაციაში ჰყავს დათოს და რადგან ტელეფონიც აღარ აქვს, ვერ ვახერხებთ მასთან დროულ კომუნიკაციას“-გვითხრა დეა ერემაშვილმა.

დათო აბულაძე ამჟამად თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, დაფარავს თუ არა მისი მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო.

_____________

საქართველოში უკვე მეშვიდე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მოსახლეობა აპროტესტებს „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შეჩერებას გაწევრიანების თაობაზე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიცია, სპეცრაზმი სასტიკად უსწორდება. დაკავებულია და მძიმედ არის დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

სპეცრაზმი განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობს დაკავებულ პირებზე. ალყაში აქცევს დემონსტრანტებს, არბევს წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით.

ქალები პოლიციის სამმართველოებთან საპროტესტო აქციას გამართავენ

დღეს, 4 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით, ქალები პოლიციის სამმართველოებთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

„ჩვენ, საქართველოს ქალები და დედები, პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის.

ჩვენ პასუხს ვთხოვთ პოლიციელებს, რომლებმაც ფიცი ერის წინაშე დადეს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყვნენ, რომლებსაც პირადად ვიცნობთ, რომელთა ოჯახებსაც ისევე სჭირდებათ ევროპული მომავალი, როგორც აქციებზე მებრძოლებს.

ჩვენ არაფერს ველით იმ ნიღბიანი, უნომრო, ოლიგარქის მონა „ხარებას“ ხუნტის წევრებისგან, რომლებიც კრიმინალები არიან და პატივს არ სცემენ კანონს და კონსტიტუციას.

მოვუწოდებთ უწყებაში დასაქმებულ ყველა პოლიციელს, თუ ისინი არიან ქართველები, თუ ისინი არიან კაცები და აქვთ ღირსების ნატამალი, წინ აღუდგნენ ჩვენი და ჩვენი შვილების მწამებლებს, შეასრულონ ფიცი და დაგვიცვან უნომრო ბანდიტებისგან!“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

პოლიციის სამმართველოების წინ საპროტესტო აქციები დაიწყება 15:00 საათზე.

ბათუმში აქცია გაიმართება ტბელ აბუსერიძის 11 ნომერში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან.

საქართველოში უკვე მეშვიდე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მოსახლეობა აპროტესტებს „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას გაწევრიანების თაობაზე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიცია, სპეცრაზმი სასტიკად უსწორდება. დაკავებულია და მძიმედ არის დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

სპეცრაზმი განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობს დაკავებულ პირებზე. ალყაში აქცევს დემონსტრანტებს, არბევს წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით.

ბათუმში დღეს მშობლების მარში გაიმართება

დღეს, 4 დეკემბერს, 14:00 საათზე, ბათუმში მშობლების მარში გაიმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე.

მშობლების მარში ბათუმში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მთელ ქალაქს მოიცავს.

საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადაგდეს მთავრობა.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 747 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 670]
  • ტანკი – 9 493 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 19 450 ერთეული [+31]
  • საარტილერიო სისტემა – 21 002 ერთეული [+26]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 020 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 946 ერთეული [+29]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 855 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 30 746 ერთეული [+80]
  • სპეცტექნიკა – 3 628 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 183 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 611 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 497 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 960 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 981 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

აქციის მონაწილეები პოლიციას გაერიდნენ და გმირთა მოედანზე გაჩერდნენ – 04:30 საათი | Live

დღეს, 4 დეკემბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, საპოლიციო ძალებმა დაიწყეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაშლა. პოლიცია ძირითადად წყლის ჭავლსა და მხუთავ აირს იყენებს.

აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ ფილარმონიის მიმართულებით, გზადაგზა ცდილობდნენ დაყოვნებას და ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ გადაადგილებისას ერთმანეთს არ ჩამორჩნენ. ასევე ისმის გაფრთხილებები, რომ ვიწრო ქუჩებში არ შევიდნენ.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე იკრიბებიან, რომ ერთიანად განაგრძონ მსვლელობა.

__

შეგახსენებთ, რომ მეექვსე დღეა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება.

საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ 2028 წლამდე აჩერებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, რასაც მოჰყვა მასობრივი გამოსვლები ქვეყანაში.

დემონსტრანტებს პოლიცია სასტიკად არბევს. დაკავებულია, ნაცემი და მძიმედ დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი.

საპროტესტო აქციები გრძელდება.

2600 ლარით დააჯარიმეს გოგო, რომელმაც სპეცრაზმის კედელი გაარღვია

3 დეკემბრის საღამოს სასამართლოში გადაიყვანეს წუხელ დაკავებული ქალი, რომელმაც სპეცრაზმის კედელი გაარღვია. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ილონა დიასამიძემ დაუდასტურდა, რომელიც ამ ქალის ინტერესებს იცავდა სასამართლოში.

ადვოკატის თქმით, სასამართლომ ახალგაზრდა ქალი ცნო სამართალდამრღვევად – შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმა 2600 ლარით.

„თქვე ნაგავო ხალხო, მე დავიღალე, რა გინდათ?! ჩემი გეშინიათ?!“ – ამ სიტყვებით მიმართა ქალმა სპეცრაზმის ფორმაში ჩაცმულებს. მათ სცადეს ქალის შეკავება, თუმცა ვერ მოახერხეს.

აქციაზე გოგომ სპეცრაზმის კედელი გაარღვია: „თქვე ნაგავო ხალხო, დავიღალე, რა გინდათ?! ჩემი გეშინიათ?!“

___

მეექვსე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება.

საქართველოს მოქალაქეები, აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, რასაც მოჰყვა მასობრივი გამოსვლები ქვეყანაში.

დემონსტრანტებს პოლიცია სასტიკად არბევს. დაკავებულია, ნაცემი და მძიმედ დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი.

საპროტესტო აქციები გრძელდება.

ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს: „პოლიციელს მიმართა მზესუმზირის ნარჩენი ქუჩაში არ დაეყარა“

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, აქციის ერთი მონაწილე დააკავეს. „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ჩანდა, რომ აქციის მონაწილე არავითარ წინააღმდეგობას პოლიციას არ უწევდა.

„სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს… დეტალებში ვერკვევი,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ ირაკლი დგებუაძემ, რომელიც ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირია და ახლაც საპროტესტო აქციაზეა.

შემთხვევის თვითმხილველი ხათუნა ბერიძე კი, ამბობს, რომ მოქალაქე პოლიციელებმა მას შემდეგ დააკავეს, როცა მან აქციაზე მყოფ პოლიციელებს მიუთითა, მზესუმზირის ნარჩენები ქუჩაში არ დაეყარათ.

საპროტესტო აქცია ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან გრძელდება. აქციაზე არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.

დღეს, 3 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა განეხილა პრეზიდენტის, ასევე 34 დეპუტატის სარჩელი, რომლითაც არჩევნების შედეგების ბათილობას ითხოვდნენ. თუ სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებდა, ქვეყანაში ხელახლა არჩევნები ჩატარდებოდა.

რატომ თქვა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი – ინტერვიუ

„პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიეღო საკონსტიტუციო სასამართლოს?“ – კითხულობს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი სარჩელზე, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი.

დღეს, 3 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის, ასევე წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელის განხილვაზე სასამართლომ უარი თქვა. ამ განჩინებას ხელს აწერს მოსამართლე ირინე იმერლიშვილიც.

პოლიტიკურია ის, რომ ადამიანებს არჩევნები წაართვეს, არალეგიტიმური ხელისუფლების ხელში რჩება ძალაუფლება და თქვენ ამ პროცესის შეჩერება შეგეძლოთ? – ვკითხეთ მოსამართლეს და შევახსენეთ, რომ მისი და კიდევ 6 მოსამართლის ლოგიკა ამ ქვეყანაში მხოლოდ ივანიშვილის ლოგიკას ემთხვევა.

„ბათუმელებმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესთან, ირინე იმერლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ირინე, შეგიძლიათ ინტერვიუ პირდაპირ ეთერში მოგვცეთ? მაგალითად, რობოკოპებთან რომ დადგეთ, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების პირისპირ, საკონსტიტუციო სასამართლოს იცავენ? 

რობოკოპების ფონზე მოსამართლე როგორ უნდა ჩაგეწეროთ, რანაირად?

მე მესმის წუხილი და აბსოლუტურად ვიზიარებ, მართალი რომ გითხრათ, ჩემი თანადგომა ყველა ნაცემს, დაზარალებულს, დასახიჩრებულს. ჩემი ფეისბუქგვერდი ღიაა და როდესაც პოლიტიკოსები წერენ იმას, რასაც წერენ, მათ არ ვპასუხობ. ისინი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებენ. ესეც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ თქვენ ხომ კარგად გესმით, რომ მოსამართლემ უნდა ისაუბროს მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით.

რაც არ უნდა სენსიტიური იყოს საკითხი, რაც არ უნდა პირადი ემოციები დიდი იყოს. როდესაც პოლიტიკოსები სთხოვენ სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, დარწმუნებული ვარ, ეს არ არის სწორი პოზიცია. ძალიან ხშირად საკუთარ თავზე მაქვს ეს გამოცდილი, რასაც ვგულისხმობ.

  • თქვენ უარი თქვით განგეხილათ სარჩელი, რომელიც ეხება ამ ქვეყანაში მოქალაქეებისთვის ხმის უფლების წართმევას, არჩევნების მიტაცებას… ამ დროს კი, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უკვე შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, ძალადობენ მშვიდობიან მომიტინგეებზე. როგორ ხედავთ პასუხისმგებლობას ამ პროცესში? 

პასუხისმგებლობა ამაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აიღოს?

  • პრეზიდენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში ეკა ბესელია ამბობდა წუხელ ბათუმის საპროტესტო აქციაზე, რომ თქვენ დარჩით სწორედ ის ლეგიტიმური ორგანო ქვეყანაში, რომელსაც შეეძლო „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო გადატრიალების შეჩერება – თუ არჩევნების შედეგს გააბათილებდით, ხელახლა ჩატარდებოდა არჩევნები. ამ მოთხოვნითაა დღეს საქართველო გამოსული ქუჩაში. 

კონსტიტუციურ სარჩელებში, მოგეხსენებათ, იყო პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრთა სარჩელები, წარმოდგენილი იყო სასარჩელო მოთხოვნები, რაც შეიძლება გავყოთ 5 ნაწილად. დავიწყოთ შემაჯამებელი ოქმიდან, რაზეც თქვენ ახლა შეკითხვას სვამთ. მოსარჩელე მხარე ითხოვდა საქართველოს პარლამენტის და აჭარის არ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.

ბევრი ხნის წინ, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლებელი იყო გასაჩივრებულიყო ეს საკითხი, მაგრამ დღეს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო  არ არის უფლებამოსილი არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებიდან მოწყვეტით, ცალკე შეაფასოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა.

  • არ განგეხილათ „მოწყვეტით“ – სარჩელებში იყო დასაბუთებული, როგორ დაირღვა არჩევნებში, მაგალითად, ფარულობის პრინციპი – ბიულეტენებმა გაჟონა, ასევე დაირღვა საყოველთაობის პრინციპი, იმიტომ, რომ ემიგრანტებს ბარიერები შეუქმნეს… 

მივალთ აქამდე.

ხუთი საკითხიდან ერთ-ერთი იყო შემაჯამებელი ოქმების კონსტიტუციურობა. სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ, ყველა მოსამართლემ, ერთხმად თქვა და სხვა რამეს ვერც იტყოდა, რომ ცალკე აღებული ამის შეფასების უფლება სასამართლოს არ გვაქვს.

მეორე საკითხი იყო ცესკოს მიერ პარლამენტის არჩეული წევრების რეგისტრაციაში გატარება და მათზე დროებითი მოწმობების გაცემა. არცერთმა მოსამართლემ მხარი არ დაუჭირა ამ ნორმების წარმოებაში მიღებას. მესამე საკითხი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გასაჩივრება, საჩივრის განხილვის ვადები. ამ ნორმების წარმოებაში მიღებასაც არცერთმა მოსამართლემ მხარი არ დაუჭირა.

მეოთხე საკითხია ფარულობა. მხოლოდ ერთმა მოსამართლემ თქვა, რომ არსებითად უნდა იყოს  წარმოებაში მიღებულიო. რვა მოსამართლემ კი, თქვა არაო, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს სპეციფიკა განსხვავდება საერთო სასამართლოებისგან – დასმული პრობლემა უნდა მომდინარეობდეს სადავო ნორმებიდან. პრობლემას უნდა წარმოადგენდეს ამ ნორმების მოქმედება და არა საარჩევნო ადმინისტრაციის ქცევის შედეგი.

საარჩევნო ადმინისტრაცია თუ არასწორად და არაკანონიერად იქცევა, ან აღასრულებს კანონს სხვანაირად, ეს საერთო სასამართლოებში დავის საგანია. საკონსტიტუციო სასამართლოში კი, საჩივრდება ნორმა, ან მისი ნორმატიული შინაარსი.

  • მაგალითად, კონკრეტული სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს იმას, თუ როგორ მიიღონ ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა. განჩინებაში, რომელსაც თქვენ ხელი მოაწერეთ, ჩაწერილია: „არჩევნებში მონაწილეობაზე გარკვეული ბარიერის დაწესება, მათ შორის, ამ თუ იმ ადგილას საარჩევნო უბნის გაუხსნელობა, თავისთავად საარჩევნო უფლების დარღვევაზე არ მიუთითებს…“მ ბარიერის არსებობა მართებულია, თუ უკანონო, ეს ხომ უნდა დაგვენახა მინიმუმ სასამართლო განხილვაზე, სადაც სხვადასხვა სპეციალისტი ისაუბრებდა, რამდენად კანონიერია, არსებობდეს, მაგალითად, ბარიერი ემიგრანტებისთვის? 

თუ დაირღვა ფარულობა, თვითონ ნორმაში უნდა ეწეროს ეს. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის პარლამენტი, რომელიც შეძლებს ნორმების მიღებას. მას შეუძლია ესა თუ ის ნორმა არაკონსტიტუციურად ცნოს.

  • მაგრამ თუ ეს ნორმა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მოქალაქის ხმა იყოს, მაგალითად, ფარული? 

მხოლოდ ერთმა მოსამართლემ თქვა ამ ნაწილში, რომ არსებითად მიგვეღო.

  • ეს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში იყო?

დიახ. დანარჩენი რვა მოსამართლე დაეთანხმა იმას, რომ ეს არ იყო ნორმის პრობლემა. ეს შეიძლება ყოფილიყო აღსრულების პრობლემა, იმ ქცევის წესის პრობლემა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციამ იმოქმედა.

  • საყოველთაობის ნაწილზე რომ გვიპასუხოთ: ემიგრანტებისთვის ბარიერი რატომ არის კანონიერი? 

კონსტიტუციაში არის ასეთი ჩანაწერი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაა უფლებამოსილი, საარჩევნო წელს არაკონსტიტუციურად ცნოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმა, თუ იგი მიღებული არ არის არჩევნებამდე 15 თვის ვადაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ სხვა განჩინებაში გააფართოვა თავისი უფლებამოსილება და თქვა, რომ თუ სახეზეა ამ პერიოდში მისი წინასწარ განუჭვრეტადი შინაარსით გამოყენების შემთხვევა, შეიძლება ამაზე ვიმსჯელოთო.

კონსტიტუციამ გვითხრა, რომ 15 თვის ვადით ხართ შემოფარგლულიო, მაგრამ რაც შეეხება ამ შემთხვევას, იმავე ნორმებით არჩევნები ჩატარდა წინა ყველა შემთხვევაში, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნები. შესაბამისად, ახალი, განუჭვრეტადი შინაარსი მას ვერ ექნებოდა.

  • ორ მოსამართლეს აქვს განსხვავებული მოსაზრება ამ ნაწილზე: თეიმურაზ ტუღუშსა და გიორგი კვერენჩხილაძეს. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორია მათი დასაბუთება. ამასობაში კი, შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი. ეთანხმებით ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გადაიდო 2028 წლამდე?

მე ვეთანხმები კონსტიტუციურ დანაწესს, სადაც წერია, რომ ნებისმიერმა კონსტიტუციურმა ორგანომ და მე კიდევ უფრო შორს წავიდოდი – საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ ყველა ღონეს უნდა მიმართოს იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული და არა მხოლოდ ევროპული, იქ წერია ისიც, რომ ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია მოხდეს.

  • დაირღვა თუ არა კონსტიტუციის ეს მოთხოვნა, როცა ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა? 

ამ წუთას რომ გიპასუხოთ შეკითხვაზე, აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს იმ სარჩელზე, რომელიც შეიძლება შემოვიდეს სასამართლოში. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით: მოსამართლისგან  წინასწარ პოზიციის დაფიქსირება არ არის სწორი.

  • გვყავს თუ არა არალეგიტიმური ხელისუფლება, როცა პარლამენტი შეიკრიბა მანამდე, ვიდრე თქვენ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობაზე გადაწყვეტილებას მიიღებდით?  

ეს სარჩელიც ხომ არ შემოსულა ჯერ სასამართლოში? შესაძლოა, რომ გასაჩივრდეს ესეც.

  • რუსულ კანონზე ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ კანონზე თუ შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი პოზიცია, არის ის თუ არა ამერიკული FARA-ს მსგავსი, როგორც ამაზე „ოცნება“ საუბრობს? 

მე უნდა ჩავერთო ამ კანონის არსებითად განხილვაში. სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ვიყავი ჩართული პირველ ეტაპზე, მაგრამ არსებითად განხილვაზე აუცილებლად ჩავერთვები.

  • მაშინ როგორც მოქალაქემ და იურისტმა გვითხარით, რამდენად ლეგიტიმურია მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, მათზე ძალადობა, ცემა… 

მე მესმის, რომ თქვენ ცდილობთ პასუხები მიიღოთ კითხვებზე, თუმცა შესაძლებელია, რომ გასაჩივრდეს რომელიმე ის ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც ისინი მოქმედებენ. შესაბამისად, ამ საკითხებზე ლეგიტიმურია თუ არა, კონსტიტუციურია, თუ არა, პირდაპირ პასუხს ვერ მოგცემთ უბრალოდ.

  • თქვენი დის დაწინაურების შესახებ შეგიძლიათ გვიპასუხოთ? სოფიო იმერლიშვილი შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორად დააწინაურეს. 

როდის დაწინაურდა? ვინ ვინ და თქვენ საუკეთესოდ იცით ჩემი გადაწყვეტილებები. ჩემი და მანამდე მუშაობდა, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, მაგალითად, ძალიან მაღალი თანამდებობის პირებმა პირდაპირ დამნაშავე მეძახეს და კიდევ ბევრი რამ.

  • როდის დაწინაურდა თქვენი და? 

ნამდვილად მანამდე, სანამ, მაგალითად, პრეზიდენტის საკითხს გადავწყვეტდით, მანამდე ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო სასჯელაღსრულების სამინისტროში, ვიდრე სასჯელაღსრულების სამინისტრო იყო ცალკე სამინისტრო. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მას შემდეგ ჩემი გადაწყვეტილებები და თუ რომელიმეზე კითხვის ნიშანი გაგიჩნდებათ, რომ რომელიმეზე ლოიალური ყოფილიყო რაღაცის გამო მოსამართლე, კი ბატონო.

  • როგორ ხედავთ პირადად თქვენს პასუხისმგებლობას ამ პროცესში, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო ამ ეტაპზე საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა? 

მე, როგორც ერთი მოსამართლე, ჩემს პასუხისმგებლობას ვხედავ იმაში, რომ ვიმოქმედო მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის, კანონმდებლობის თანახმად, არასდროს არ ვიმოქმედო ჩემი პირადი, ან პარტიული ინტერესების შესაბამისად.

  • პარტიული ინტერესია, როცა ბიულეტენებმა გაჟონა, ამას ცესკოც კი არ უარყოფს და დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა?

ჩვენ ხომ არ ვართ საერთო სასამართლოები? ჩვენ არ ვართ ფაქტების დამდგენი სასამართლო. თქვენ ხომ ძალიან კარგად გესმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ნორმატიულ აქტებს, არჩევნების მომწესრიგებელ აქტებს…

  • არ ფიქრობთ, რომ თქვენი გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დაეთანხმეთ ევროინტეგრაციის შეჩერებას? 

ეს ერთმანეთთან რა კავშირშია?

  • პირდაპირი კავშირია და ამას ყველა ხედავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიეღო საკონსტიტუციო სასამართლოს?

  • პოლიტიკურია ის, რომ ადამიანებს არჩევნები წაართვეს, არალეგიტიმური ხელისუფლების ხელში რჩება ძალაუფლება და თქვენ ამ პროცესის შეჩერება შეგეძლოთ?… თქვენი ლოგიკა მიჰყვება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლოგიკას. საზოგადოებას იმის უფლებაც კი არ დაუტოვეთ, არგუმენტები მოესმინა ღია სხდომაზე და გაეგო: ივანიშვილი და 7 მოსამართლეა მართალი, მათ შორის, ირინე იმერლიშვილი, თუ დანარჩენი ქვეყანა. 

ფარულობის ნაწილში 8 მოსამართლეა.

ჩვენ ხომ არ ვართ სასამართლოს მეოთხე ინსტანცია. ეს საკითხები ჩერდება სააპელაციო სასამართლოში და უზენაესშიც არ ადის და მით უფრო საკონსტიტუციოში. საკონსტიტუციო სასამართლო ექსპერიმენტს ხომ ვერ ჩაატარებდა?

  • ორი მოსამართლე, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, არაკომპეტენტურია? 

არა, მე მაგას არასდროს არ ვიტყვი.

  • აბა, ექსპერიმენტის ჩატარება არავის უთხოვია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, სარჩელის განხილვა ითხოვეს და თქვენ ამაზეც კი უარი უთხარით.  

ვნახოთ, თეიმურაზ ტუღუში რას დაწერს, რა უნდა გაეკეთებინა სასამართლოს, რომ მიეღო სარჩელი წარმოებაში.

მივმართე მინისტრს პატაკით, რომ გამათავისუფლოს თანამდებობიდან – პოლიციელი

„30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე.

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, გამათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს დან“, – წერს გიორგი გოგინაშვილი ფეისბუქში.

გიორგი გოგინაშვილის პოსტი ფეისბუქში

შეგახსენებთ, რომ მეხუთე დღეა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება.

საქართველოს მოქალაქეები, აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების განცხადებას, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, რასაც მოჰყვა მასობრივი გამოსვლები ქვეყანაში.

დემონსტრანტებს არალეგიტიმური ხელისუფლება სასტიკად არბევს. ნაცემი და მძიმედ დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. არიან დაკავებულებიც.

საპროტესტო აქციები გრძელდება.

„წუხელ სმენისარმქონე პირს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უმოწყალოდ სცემა“ – შშმ პირები

დღეს 3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

ბათუმში მცხოვრებმა შშმ თემის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესს, იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც მთელი ხუთი დღის განმავლობაში ეწევა „ქართული ოცნება“ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის რუსიფიკაციას და მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

„დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა, თუმცა „საჩუქარი“ გაგვიკეთა არალეგიტიმურმა რეჟიმმა და გვიან ღამით, უმოწყალოდ სცემეს სმენის არმქონე პირს. ჩვენ გვიწევს ამ რეალობაში ცხოვრება.

სმენისარმქონე პირს, რომელიც პოლიციამ არაადამიანურად სცემა, არ ჰყავდა ჟესტური ენის თარჯიმანი და პოლიცია უკანონოდ ახდენდა მასთან კომუნიკაცია“, – აცხადებს დეა ერემაშვილი.

შშმ ადამიანებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის ევროკავშირში ინტეგრაციას და ამ პროცესის შეჩერებით რამდენად დიდი ზიანი ადგებათ მათ.

„დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოგვიცხადა, რომ არ აპირებს არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვას და არ აინტერესებს ჩვენი ხმა.

მოგვპარეს ხმა, მაგრამ ახლა აღარ აინტერესებთ ჩვენი ხმა, მაგრამ აქ იმიტომ ვართ, დავანახოთ, რომ ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ხმა, ჩვენი ქვეყანა და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ფეხებზე დაგვიკიდონ“, – ამბობს თათო მახარაძე.

„დღეს მთელი ქვეყანა გაერთიანებულია ერთი აზრის ირგვლივ, რომ გვინდა ევროკავშირი და არა ძალადობრივი რეჟიმი.

ევროკავშირი გვინდა იმისთვის, რომ არ ხდებოდეს ის, რასაც ამ დღეებში ვხედავთ ქვეყანაში.

ძალადობას ადამიანების მიმართ. დღეს მხოლოდ შშმ ადამიანებს არ გვაყენებენ შეურაცხყოფას, მთელ საზოგადოებას, ყველას გვაფურთხებს არსებული ხელისუფლება, რადგან ხელს გვიშლის ევროკავშირში გაწევრიანებაში.

ჩვენ ერთ ქვეყანაში, ერთ სამშობლოში ვცხოვრობთ და აქ გვინდა შევქმნათ ის რესურსები, რაც არსებობს განვითარებულ ქვეყნებში და ევროკავშირმა ფინანსურ რესურსებთან ერთად მოგვცა ის გამოცდილება, ძალა და ცოდნა, რომ ერთმანეთის თანადგომით შევძლოთ განვითარება. რუსულ რეჟიმთან დაახლოებით კი ამ ყველაფერს ვკარგავთ“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

მასწავლებლების საპროტესტო პერფორმანსი ბათუმში

ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების, ასევე სასწავლო ცენტრ Wissen-ის მასწავლებლებმა დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან საპროტესტო პერფორმანსი – „ბათუმელი მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის“ გამართეს

მასწავლებლების თქმით, პერფორმანსით „კიდევ ერთხელ მკაფიო პროტესტი გამოხატეს ქვეყნის ევროპული კურსის სახიფათო ცვლილებისა და ახალგაზრდობის მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობის წინააღმდეგ“.

პერფორმანსის მონაწილეებმა გამოფინეს პლაკატები, რომლებზეც ეწერა აფორიზმები „ვეფხისტყაოსნიდან“: „ამით კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, რომ პოემაში ასახული ფასეულობები ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს ასახავს და ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპისადმი, ჩვენი ისტორიული არჩევანია“.

მასწავლებლების საპროტესტო პერფორმანსი ბათუმში / 3.12.2024

მასწავლებლების საპროტესტო პერფორმანსი ბათუმში / 3.12.2024

რა ხდება?

  • თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც „ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
  • 28 ნოემბრის შემდეგ დემონსტრანტები ღამეს ათევენ რუსთაველის გამზირზე, მათ არბევს სპეცდანიშნულების რაზმი,  ფიზიკურად უსწორდება და აკავებს მოქალაქეებს, უშვებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.
  • ბოლო 5 დღის განმავლობაში დაკავებულია ასობით ადამიანი. არაერთი ადამიანი არის ნაცემი და დასახიჩრებული. ნიღბიანი პირები ინტენსიურად უშვებენ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მხუთავ აირს.

ყველა მათგანს თვალის ბუდე აქვს ჩამტვრეული და სახე დალეწილი, ვინც საავადმყოფოშია – ნიკა სიმონიშვილი

პოლიციამ ნაცემი და დაკავებული აქციის მონაწილეების – ყველას იზოლატორში გადაყვანა ვერ შეძლო. ზოგიერთის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ისინი ხელწერილის საფუძველზე პირდაპირ კლინიკებში გადაიყვანეს. დაზარალებულები იურისტმა, საიას ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა მოინახულა.

იურისტის შეფასებით ყველა დაკავებულს სახე აქვს დალეწილი.

  • ბატონო ნიკა, რამდენად მძიმე შემთხვევებთან გვაქვს საქმე – რა ინფორმაციის მიღება შეძელით დაზარალებულებისგან?

პოლიციამ დაკავებულები იზოლატორში ვეღარ გადაიყვანა, რადგან ძალიან მძიმე ხარისხის დაზიანებები ჰქონდათ მიღებული და კლინიკაში გაწერეს ხელწერილის საფუძველზე. მე ისინი ვნახე კლინიკაში. აქვთ ძალიან მძიმე ხარისხის დაზიანებები – ძირითადად თავის არეში, სახის ძვლებიც აქვთ მოტეხილი, ყველა მათგანს ჰქონდა თვალის ბუდე ჩამტვრეული, მრავლობითი მოტეხილობები სახის არეში, გაბზარული საფეთქელი, ზოგ შემთხვევაში ცხვირი მოტეხილი.

ამავდროულად ყველა მათგანს თვალის ბუდე ჰქონდა ჩამტვრეული და სახე დალეწილიყო, სახე არა ეტყობოდათ ფაქტობრივად ამ ადამიანებს ისე იყვნენ დალეწილი.

სახეში ურტყამდნენ მათი დამკავებლები, არ ვიცი ესენი სპეცრაზმელები იყვნენ თუ რომელ სტრუქტურას წარმოადგენენ, გამეტებით ურტყამდნენ მათ სახეში. იმდენი დაზიანება სხეულის დანარჩენ არეში არ ჰქონდათ მიღებული, რამდენიც კონკრეტულად სახის არეში, იმისთვის, რომ უფრო მეტად დასახიჩრებულიყვნენ და ეს ყოფილიყო უფრო მეტად გამოსაჩენი.

ცემა არ ყოფილა ერთჯერადი ფაქტი, მანამდე სანამ მანქანაში მოათავსებდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან, ფიზიკური ანგარიშსწორება რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა.

დაკავებისას იწყებოდა ცემა, შემდგომ ამას სხვა პოლიციელები აგრძელებდნენ, ხოლო როდესაც მანქანასთან მიიყვანდნენ, იქ უკვე ჯგუფურად ხდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება. ჰყვებოდნენ იმასაც, რომ მათ სხეულებზე ხტუნაობდნენ პოლიციელები, ამდენად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისად მძიმეა, გამომდინარე დაზიანების ხარისხიდან რამდენიმე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა.

ესენი არიან ის ხალხი, რომლებმაც ყველაზე მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღეს იმ ღამეს, როდესაც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ პოლიციები დემონსტრანტებს.

ნიკა სიმონიშვილი
ნიკა სიმონიშვილი
  • საუბარი იყო დაკავებულების მანქანებში ცემაზე, მანქანაში წიწაკის სპრეის გაშვებასა და კარის დახურვაზე, მსგავს ფაქტზე გიამბოთ რომელიმემ?

დიახ, იყო შემთხვევა, როდესაც დაკავების და ცემის შემდეგ წიწაკის სპერეი სახეში შეასხეს, ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ იმდენად დიდი ტკივილი განიცადა ცემის შემდეგ, რომ სახეში წიწაკის სპრეის შესხმის შემდეგ ვეღარ იგრძნო ტკივილი.

რაც შეეხება მანქანაში ცემის ფაქტებს, ნაწილ მათგანს კუსტარულად გადაკეთებულ მარშუტკებში ყრიდნენ და უსწორდებოდნენ, ნაწილს მანქანებში უსწორდებოდნენ, მანქანებში მიმდინარეობდა ჯგუფური ძალადობა. მაგალითად, ვესაუბრე გია ჯვარშელეიშვილს, რომელიც არის უფლებადამცველი, ისიც მსგავს ფაქტებს ჰყვება, რომ დაკავების ე.წ. მარშუტკაში შეაგდეს ის, სხვა ადამიანებიც შემოადგეს იქ და მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, წიხლებს ურტყამდნენ.

  • ნივთების დაკარგვასა და წართმევაზეც იყო საუბარი, მსგავსი ფაქტი დაასახელეს?

ერთმა დაკავებულმა გვითხრა, რომ პირადი ნივთები ამოაცალეს, მათ შორის მანქანისა და სახლის გასაღები, თავიდან მათ ეს უცნაურად მოეჩვენათ, თუმცა, შემდგომ დღეებში ეს ჩვეულ პრაქტიკად იქცა – პირადი ნივთები წაართვეს სხვა ადამიანებსაც.

როგორც ვიცი, ზოგიერთ დაკავებულს ჩანთები წაართვეს, ნაწილს საფულე, მობილური ტელეფონი და სხვადასხვა პირადი ნივთი.

საქართველოში აქციების დაშლის, ძალის გამოყენების შემთხვევები კარგად გვახსოვს, მაგრამ უფრო დაკავებისას, დაშლის პროცესში ძალის გადამეტებაზე ვსაუბრობდით, უკვე დაკავებულის ცემა ახალი, ამ ხელისუფლების პრაქტიკაა?

პარალელს გავავლებდი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, მაშინ ჩვენ ვნახეთ მასობრივი დაკავებების პრაქტიკა და იმ მასობრივი დაკავებების დროს ხდებოდა ხოლმე ფიზიკური ანგარიშსწორება. დაკავების დროს და მის შემდეგაც

მაგრამ ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ, ასეთი რაღაც არ გვახსოვს, არ გვახსოვს იმიტომ, რომ ასეთი სახის ანგარიშსწორება მაშინ არ მომხდარა. ყველა დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სცემეს.

უნდა ვთქვათ, რომ მათი რიცხვი ცოტა არ არის. მათ მძიმე დაზიანებები აქვთ მიღებული, ასეთ პრაქტიკას აქამდე ჩვენ ვერ ვხედავდით, ახლა უკვე პირდაპირ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა ეს ყველაფერი.

  • ამ აქციებზე პოლიცია კომუნიკაციაშია აქციის მონაწილეებთან, ესეც ახალია?

ნაკლებად მახსენდება ასეთი პრაქტიკა, თბილისში მაგალითად პოლიციელები კომუნიკაციაში ნაკლებად შემოდიან. შეიძლება ბათუმი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს, ხალხიც იცნობს პოლიციელებს და ეს არის მიზეზი. კომუნიკაციაში არ შედიან აქციის მონაწილეებთან, ერთადერთი ვინც ჟურნალისტებთან საუბრობს ხოლმე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსია, სხვა მსგავსი შემთხვევები მე არ მახსენდება.

ისინი არ ისჯებიან იმიტომ, რომ გარანტია აქვთ მიღებული და სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, რომ ასეთი სისასტიკე გამოეჩინათ.

აღმოჩნდება, რომ კამერებია გათიშული ან ამ ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლებელია და გამორიცხულია რომ ისინი დაისაჯონ. ანუ, ხვალ ჩვენ შეიძლება არც ვიცოდეთ, რომ შეიძლება ამ ადამიანების გვერდით აღმოვჩნდეთ, ისე, რომ არც ვიცოდეთ, რომ გუშინ ისინი რაღაცას გვესროდნენ.

პოლიციის, როგორც ინსტიტუტის მიმართ იკარგება ნდობა. როცა ძალადობისგან დაცვა გჭირდება, შეიძლება უბრალოდ აღარ ენდო მას.

როცა ნდობა იკარგება ინსტიტუციის მიმართ და ინსტიტუციები აღარ მუშაობენ, თვითმართლმსაჯულებაზე შეიძლება გადავიდნენ ადამიანები, ყველაზე ცუდი შედეგი იქნება ეს.

საზღვაო აკადემიამ საკუთარი სტუდენტების ნაწილს კარი ჩაუკეტა და აკადემიაში არ შეუშვა

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ აკადემიის სტუდენტთა ნაწილს დღეს, 3 დეკემბერს, სასწავლებლის კარი ჩაუკეტა და აკადემიის ეზოში არ შეუშვა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ, მიეცათ მათთვის იმ სასწავლებლის ეზოში შესვლის უფლება, რომელშიც სწავლობდნენ, თუმცა საზღვაო აკადემიამ საკუთარი სტუდენტებისთვის კარი არ გააღო.

საზღვაო აკადემიის სტუდენტთა ერთი ნაწილი აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ. ისევე როგორც სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც უერთდებიან გაფიცვას და პროტესტის ნიშნად არ შედიან აუდიტორიებში.

დღეს, 3 დეკემბერს, პროტესტის მონაწილე სტუდენტებს სურდათ შეხვედრა საზღვაო აკადემიის რექტორთან, მურთაზ დევაძესთან, თუმცა ისინი აკადემიის ადმინისტრაციამ სასწავლებლის ეზოშიც კი არ შეუშვა.

„თუკი აკადემიის სახელით წარმატებას ვაღწევ, მაშინ აკადემიის სტუდენტი ვარ, ხოლო როცა პროტესტით გამოვდივარ, მაშინ აღარ ვარ.

ვითხოვდით აკადემიაში შესვლის უფლებას, ასევე გვინდოდა ჩვენთან შესახვედრად გამოსულიყო რექტორი და დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა არც შეგვიშვეს და არც რექტორი გამოვიდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საზღვაო აკადემიის სტუდენტმა იაკობ მახარაძემ.

მოგვიანებით რექტორთან შესახვედრად რამდენიმე სტუდენტი შევიდა. სტუდენტების მოთხოვნა უცვლელი იყო, შეეჩერებინა აკადემიას სასწავლო პროცესი და გაეკეთებინა მკაფიო განცხადება, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა სტუდენტებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ უარი თქვა სტუდენტთა მოთხოვნაზე პროტესტის ნიშნად გაეჩერებინა სასწავლო პროცესი.

„ჩვენ ასევე ვითხოვთ, აკადემიამ გამოხატოს ოფიციალური პოზიცია, გაავრცელონ განცხადება, რომ გმობენ ძალადობას და რომ აკადემია იცავს ქვეყნის ევროპულ კურსს. თუ ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, მერე ვიმოქმედებთ შესაბამისად,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სტუდენტებმა.

იმ დროს, როცა საზღვაო აკადემიის ერთი ნაწილი ქუჩაში იდგა და აკადემიაში შესვლას ითხოვდა, საზღვაო აკადემიის შესასვლელ ჭიშკართან ათამდე პოლიციელი ჩააყენეს, ისინი აკადემიის კარს იცავდნენ.

„ბათუმელებმა“ საზღვაო აკადემიის რექტორს, მურთაზ დევაძეს ჰკითხა, რატომ არ შეუშვა მან აკადემიაში სტუდენტები და რატომ გახდა აუცილებელი აკადემიის დაცვა მისივე სტუდენტებისგან პოლიციის ძალით.

მან კითხვა მოისმინა და ტელეფონი გამორთო.

თუკი აკადემიის ადმინისტრაცია კომენტარს გააკეთებს, მას აქვე შემოგთავაზებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას თავისი ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია, გუშინ, 2 დეკემბერს, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციულმა პერსონალმა და კურსდამთავრებულებმა. განცხადებას ხელს 70 პირი აწერს და მასზე ხელმოწერა ისევ გრძელდება.

„გარდა იმისა, რომ ეს არის საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის უმრავლესობის ნების უგულებელყოფა და პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ის უშუალოდ მოახდენს ნეგატიურ გავლენას საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმების პროცესებზე.

ჩვენ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების ერთგულნი და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გულწრფელად და მშვიდობიანი გზით გამოხატავენ უკმაყოფილებას ევროინტეგრაციის პროცესების შეჩერების გამო,“ – ნათქვამია განცხადებაში.

საზღვაო აკადემიის სტუდენტები რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

 

200-ათასლარიანი ფონდი საჯარო სამსახურიდან წამოსული ადამიანებისთვის

„საქართველოს უნივერსიტეტმა წამოიწყო გამოწვევა #გაემიჯნე და გამოყოფს 200 000 – ლარიან ფონდს, საიდანაც 1 წლის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებენ ის თამამი საჯარო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ ემიჯნებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწევთ სამსახურის დატოვება,“ – აცხადებს „საქართველოს უნივერსიტეტი“.

ეს უმაღლესი სასწავლებელი იწვევს სხვა კომპანიებს, ამ ინიციატივას შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ საჯარო სამსახურების გამბედავ თანამშრომლებს.

„ქართული ოცნების“ ანტირუსულ პოლიტიკას ბოლო დღეებში არაერთი საჯარო მოსამსახურე ემიჯნება. გუშინ, 2 დეკემბერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსი ლელა მიქალაძე გაიფიცა.

___

რა ხდება?

  • თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც „ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
  • 28 ნოემბრის შემდეგ დემონსტრანტები ღამეს ათევენ რუსთაველის გამზირზე, მათ არბევს სპეცდანიშნულების რაზმი,  ფიზიკურად უსწორდება და აკავებს მოქალაქეებს, უშვებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.
  • ბოლო 5 დღის განმავლობაში დაკავებულია ასობით ადამიანი. არაერთი ადამიანი არის ნაცემი და დასახიჩრებული. ნიღბიანი პირები ინტენსიურად უშვებენ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მხუთავ აირს.

„ოცნება“ აქციას არაფორმალური დანაყოფებით არბევს, ისინი მაროდიორობენ კიდეც“ – გახარია

დღეს, 3 დეკემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა, გიორგი გახარიამ განაცხაა, რომ „ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეციალურად შექმნილი არაფორმალური დაჯგუფებების მეშვეობით არბევს.

„ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან, სპეციალური, სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფებების წევრები და არ განეკუთვნებიან შს სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფებს.

ეს არაფორმალური დაჯგუფებები დიდი ალბათობით წარმოადგენენ კერძო დაცვის კომპანიებს. ჩვენ ვაკვირდებით ამ ხალხს. მათი მოძრაობა, მათი აღჭურვილობა, მათი ტანსაცმელი და ის თუ როგორ იქცევიან – ადამიანებს განსაკუთრებული სისასტიკით სცემენ მაშინ, როცა ისინი დაკავებული არიან.

ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი გუშინაც განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, ორი მათგანი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ორიც დროებითი მოთავსების იზოლატორში და ასეთი შემთხვევები არ ეხება მხოლოდ ჩვენს გუნდს. არიან დაზარებული ადამიანები, რომელთა ფიზიკური, ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და არავინ იცის, რა ხდება, რამდენია ასეთი ადამიანი და სად იმყოფებიან.

განსაკუთრებული სისასტიკით სცემენ თავის და სახის არეში ახალგაზრდებს, ქალებს მათ შორის და არავინ არ გვეუბნება, სად ჰყავთ ეს ადამიანები და რა მდგომარეობაში არიან. ასეთი შემთხვევები არის ყოველღამე 100-200-250. არ ვიცით რამდენია, რადგან არცერთი სამინისტრო, არც ჯანდაცვის და არც შს სამინისტრო, აღარ ვლაპარაკობ სახალხო დამცველზე, არ გვაწვდის ინფორმაციას.

ეს არის ხალხი, რომელსაც აკავებენ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო გვიცავდეს და ჩვენს შვილებს იცავდეს აი, ამ ქაოსს და ძალადობას აწყობს ღამღამობით ქუჩებში“, – ამბობს გახარია.

მისი თქმით, ნიღბიანი ადამიანები არა მარტო ძალადობენ მოქალაქეებზე, არამედ მაროდიორობენ კიდეც. „რადგან მათ ართმევენ პირად ნივთებს, ტელეფონებს, ჩანთებს.

მე მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩერეთ ეს არამოტივირებული ძალადობა და სისასტიკე თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებზე. მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები, ნიღაბი და დაუსჯელობის გარანტია არის ის, რაც მათ კიდევ უფრო მეტ სისასტიკეს სძენს.

მინდა მოვუწოდო ჯანდაცვის სამინისტროს, ბოლოს და ბოლოს, მოგვაწოდოთ სრული ინფორმაცია, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დაზარალების მდგომარეობის, რაოდენობის და მათი ადგილსამყოფლის შესახებ.

და ასევე მოვუწოდებ შს სამინისტროს, ის ადამიანები, რომლებიც გადაყვანილი გყავთ დროებითი მოთავსების იზოლატორში, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, სად არიან, რა მდგომარეობაში არიან, როდის გადაიყვანენ სასამართლოში ან როგორ დავუკავშირდეთ მათ.

ასევე, გაათავისუფლეთ ყველა უკანონოდ დაკავებული, მოხსენით ამ ხალხს ნიღბები და სასწრაფოდ შეწყვიტეთ ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც გამოთქვამენ აზრს. და როცა ამ ყველაფერს მორჩებით, გამოაცხადეთ ახალი არჩევნების თარიღი.

ეს ყველაფერი რჩება, ყველაფერი ჩაწერილია. დაახლოებით 1500 ადამიანია სხვადასხვა დაწესებულებაში და ეს ხალხი ხომ გამოვა, ამათი ფოტოები ხომ გამოჩნდება და ამათ თუ ჰგონიათ, რომ ყოველ ღამე გამოვლენ და ფეხებს დააბაკუნებენ, ძალიან ცდებიან, რადგან ადამიანების მოთმინებას აქვს ზღვარი“ – ამბობს გახარია.

___

თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც “ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.

28 ნოემბრის შემდეგ დემონსტრანტები ღამეს ათევენ რუსთაველის გამზირზე, მათ არბევს სპეცდანიშნულების რაზმი,  ფიზიკურად უსწორდება და აკავებს მოქალაქეებს, უშვებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის და წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელს არ განიხილავს. სარჩელის მოთხოვნა იყო არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი ბათილად ცნობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება მიუღია 29 ნოემბერს. ეს განჩინება დღეს, 3 დეკემებრს გამოქვეყნდა.

„არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ“),“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

9 მოსამართლიდან ორმა – გიორგი კვერეჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. გადაწყვეტილება ამ მოსამართლეებმა მიიღეს: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი.

——————————-

საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე მოქმედი პარლამენტის 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ სარჩელების დასაშვებობის საკითხს სასამართლო დღეს, 21 ნოემბერს განიხილავს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელებს წარმოებაში მიიღებს, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. კონსტიტუციონალისტები, ასევე საია-ს ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რომ ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პარლამენტის ახალი მოწვევას დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის უფლება არ აქვს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით: „პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში“. 

მთავარი ფოტო: როინ გუნდაძე/ბათუმელები

10 სპეცრაზმელი მირტყამდა. წამართვეს ქურთუკი – რას ჰყვებიან ანტირუსულ აქციაზე დაკავებულები პოლიციის ძალადობაზე

ანტირუსული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი ჰყვება, რომ მას სპეცრაზმმა ჯერ სასტიკად სცემა, ტვინის გახვრეტით ემუქრებოდა, შემდგე კი გაძარცვეს – ქურთუკი და ფეხსაცმელი გახადეს და მოჰპარეს.

პოლიციის მიერ დაკავებული და სასტიკად ნაცემი ანტიევროპული აქციის მონაწილეების ვიდეოინტერვიუებს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

„მინიმუმ 10 პოლიციელი მირტყამდა, პოლიციას ვერ დავარქმევ მაგათ. ათი სპეცრაზმელი მირტყამდა ყველგან. უნდოდათ ჩემი ტელეფონი, ითხოვდნენ ჩემს პინს, წამართვეს ქურთუკი, არ ვიცი რატომ, სავარაუდოდ მოეწონა რომელიღაცას და გამხადეს ფეხსაცმელი. ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, დაიღლებოდნენ შემდეგ ამოდიოდა სხვა, ალბათ ვისაც უნდოდა ემოცია დაეხარჯა და შემდეგ ის მოდიოდა.

აქციაზე ნაცემი კაცი

იარაღით გვემუქრებოდნენ. პინკოდს თუ არ ვეტყოდი, თავს გამიხვრეტდნენ ამ იარაღით. სიტყვებსა და შეურაცხყოფებს ვერ აღვწერ“.

კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სისასტიკის კვალი სახეზეც ეტყობა, ჰყვება, რომ მას დაახლოებით 5 კაცი გონების დაკარგვამდე სცემდა:

„ბევრი მირტყეს, დაახლოებით ხუთი კაცი მცემდა, სანამ გავითიშებოდი. გათიშვის მერე კიდევ შემიყვანეს კორდონში. გარშემო ყველგან ეგენი იყვნენ. დარბევა რომ დაიწყეს, ალყაში მოგვაქციეს გარშემო – ფაქტობრივად, ვერ გავიქცეოდით. მერე იქ მკიდებს სხვა როგოკოპი ხელს და მივყავარ პარლამენტის უკან და მერე იქ მირტყამენ კიდევ“.

აქციაზე ნაცემი კაცი

მესამე დაზარალებული კაცი ჰყვება, რომ მის მიმართ ძალადობა არ იყო იმდენად სასტიკი, რასაც სხვების მიმართ იჩენდნენ:

„დროშა წამართვეს ამის ღირსი არ ხარო. ხელები ავწიე, რომ არ ვეწინააღმდეგებოდი მაგის ნიშნად და ხელები ჩაწიეო. გინების და შეურაცხყოფის კორიანტელი იყო სხვადასხვა ფორმის, შეურაცხყოფა სხვადასხვა სიტყვებით. ხელში ამიყვანეს და გამატარეს, იქ უკვე მირტყამდნენ, მაგრამ არ მირტყამდნენ ძლიერად, ჩუმად მირტყამდნენ, აი, ქვემოდან მირტყამდნენ, არ ვიცი რატომ. ეტყობა დრონს ერიდებოდნენ.

აქციაზე დაკავებული და ნაცემი კაცი

და როგორც კი დაკავების „მარშუტკაში“ შემაგდეს, 2 ან სამი იყვნენ რა. როგორ იყო იცით, ხელი მქონდა მაქსიმალურად გადაფარებული თავზე, ემბრიონის პოზაში ვიყავი, თავში ყველაზე ნაკლები რომ მომხვედროდა. ზემოდან მირტყამდნენ, აი ბურთს რომ დაჭეჭყავ ისე“.

ერთ-ერთი დაზარალებული ახალგაზრდა ქალია. ის ჰყვება, რომ თავში სავარაუდოდ მძიმე საგანი მოარტყეს:

„ვიდექი პარლამენტის კიბეებთან, ჯებირზე აბრახუნებდნენ აქციის მონაწილეები და სპეცრაზმი ჩასაფრებული იყო იქიდან.

აქციაზე ნაცემი ქალი

რაღაც ძალიან ქაოსური სიტუაცია და ხმაური იყო. როცა დაიძაბა სიტუაცია და მოტრიალება გადავწყვიტე, ზუსტად მაგ დროს ვიგრძენი, რომ თავი მტკიოდა საშინლად, მაგ დროს სისხლიც წამომივიდა. დიდი ალბათობით ეს იყო ქვა“.

არც ერთი მათი მოქნეული ხელი, არც ერთი ეგ შეურაცხყოფა ჩემს ღირსებას არ შეხებია. იმიტომ, რომ ესენი არიან რუსეთის, რუსული საქმის შემსრულებლები. მათ ხელში არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ძალადობას ძალიან დიდი მასშტაბი აქვს მიღებული და აუცილებლად უნდა აგონ ამ მარბიელმა რაზმებმა და ამ სისხლიანმა ვითომ და პოლიციელებმა პასუხი კანონის წინაშე.

აქციაზე დაკავებული ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე ჰყვება

___

 

დღეს, 3 დეკემბრის მდგომარეობით, პოლიციამ მიმდინარე აქციების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც “ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.

28 ნოემბრის შემდეგ დემონსტრანტები ღამეს ათევენ რუსთაველის გამზირზე, მათ არბევს სპეცდანიშნულების რაზმი,  ფიზიკურად უსწორდება და აკავებს მოქალაქეებს, უშვებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.

Exit mobile version