მთავარი,სიახლეები

დგებუაძის ლოყის სიწითლის განხილვა გრძელდება – რეპორტაჟი ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

16.05.2025 •
დგებუაძის ლოყის სიწითლის განხილვა გრძელდება – რეპორტაჟი ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

„სიწითლეზე მეკითხებით?- სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, მე ვაფასებ ობიექტურ ნიშანს“ – უთხრა მოწმემ, სამედიცინო ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა პროკურორ თორნიკე გოგეშვილს მას შემდეგ, როცა პროკურორი მას ჩაეკითხა – იყო თუ არა გამოხატული დაზიანება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის სახეზე სილის გაწვნის შემდეგ.

მანამდე კი ექსპერტმა სასამართლოს უთხრა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. გივი ჩხარტიშვილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტია, რომელმაც მზია ამაღლობელის სილის გაწვნის შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზა ჩაუტარა.

ექსპერტი გივი ჩხარიშვილი დღეს, 16 აპრილს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მორიგ სასამართლო სხდომაზე გამოკითხეს. 

პროკურორს ასევე აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს ექსპერტიზაზე მიყვანისას ვიზუალურად შესამჩნევი სიწითლე სახეზე. გივი ჩხარტიშვილმა თქვა, რომ არ ახსოვს, აღენიშნებოდა თუ არა ექსპერტიზის ჩატარებისას ირაკლი დგებუაძეს სახეზე სიწითლე და იქვე დასძინა, რომ ეს ასეც რომ ყოფილიყო, დასკვნაში არ შეიტანდა, რადგან სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის.

რაც შეეხება მზია ამაღლობელს, ექსპერტმა მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელს დაზიანებული ჰქონდა მკლავი მარცხენა მხარეს და აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები.

გივი ჩხარტიშვილი. 16 მაისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

სასამართლო პროცესზე გივი ჩხარტიშვილმა სასამართლოს უთხრა:

„12 იანვარს ირაკლი დგებუაძე ჩემს წინაშე წარმოდგენილია პირადად, ექსპერტიზა დაიწყო 14:24 წუთზე. ჩატარდა აღნიშნული პიროვნების სხეულის გარეგნული დათვალიერება ვიზუალურად, რის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი დგებუაძეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიზმით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

იმავე დღეს წარდგა მოქალაქე მზია ამაღლობელი, 15:24 წუთზე, რომელსაც ასევე ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ვიზუალურად დათვალიერდა მზია ამაღლობელის სხეული, რის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები“.

მზია ამაღლობელი. 16 მაისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

ამის შემდეგ პროკურორი გოგეშვილი დაინტერესდა იყო თუ არა დგებუაძის მხრიდან გამოხატული ტკივილი. რის შემდეგაც მოწმემ მას აუხსნა, რომ ტკივილი სუბიექტურია, რაც მისი შესაფასებელი არ არის და კიდევ ერთხელ განუმარტა სასამართლოს:

„ჩემი შეფასების საგანი არის უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, გაიცა შესაბამისი დასკვნა“.

ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ლოყის გაწითლების ამბის განხილვა ამ სხდომაზეც დიდხანს გაგრძელდა, რადგან ამ საკითხზე ექსპერტთან ბევრი კითხვა ჰქონდა პროკურორ გოგეშვილს.

რაც შეება ტკივილს, ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა დაადასტურა, რომ ირაკლი დგებუაძე ექსპერტიზის ჩატარების დროს მარჯვენა ყურის არეში სუსტ ტკივილს უჩიოდა, თუმცა არ მიუთითებია რის გამო ჰქონდა მას ტკივილი:

„როდესაც უშუალოდ ვამოწმებდი, ექსპერტიზის დროს შესამოწმებელი პირი უჩიოდა სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში. კონკრეტულ ფაქტს უკავშირებდა თუ არა, ეს ჩემთვის არ უთქვამს“. 

ამის შემდეგ პროკურორმა ექსპერტს ჰკითხა, შეეძლო თუ არა ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის დარტყმით ფიზიკური ტკივილი განეცადა. პროკურატურის ამ კითხვის განრიდება მოითხოვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა. დაცვის მხარის განმარტებით, ამ საკითხზე ექსპერტს კვლევა არ ჩაუტარებია და ეს კითხვა არც გამოძიებას დაუსვამს.

„რადგან ტკივილის მცნება არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი, ტკივილი არის სუბიექტური მცნება, სუბიექტური ჩივილი, შესაბამისად, როგორც სამედიცინო ექსპერტს, მისი შეფასების კომპეტენცია მე არ გამაჩნია. შესაბამისად, ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ აღნიშნული პიროვნება [ირაკლი დგებუაძე] რამდენად ზუსტად გადმოსცემდა ტკივილთან დაკავშირებით“ – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

მაია მწარიაშვილმა მოწმეს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა ირაკლი დგებუაძის ტკივილი იყოს სიმულაცია. მოწმემ ამჯერადაც გაიმეორა, რომ ტკივილი სუბიექტურია და მისი შესაფასებელი არ არის. ადვოკატმა მას ჰკითხა, ზოგადად შესაძლებელია თუ არა, რომ ტკივილის განცდა იყოს სიმულაცია?

მოწმემ თქვა, რომ ეს შესაძლებელია.

დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზა სილის გაწვნიდან მეორე დღეს ჩაუტარდა.

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ექსპერტს ჰკითხა, სილის გაწვნიდან 12 საათის შემდეგ შესაძლებელი იყო თუ არა ირაკლი დგებუაძეს სახეზე სიწითლე ჰქონოდა და ექსპერტიზას ეს არ აღენიშნა:

„ალბათ, სიწითლე მეც მაქვს ახლა სახეზე, მაგრამ ხელი არავის არ გაურტყამს, ხომ?! ანუ სიწითლეს მე ვერ შევაფასებ“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

პროკურორი მზია ამაღლობელთან დაკავშირებით სისხლნაჟღენთების ხანდაზმულობის გამოვლენის შესაძლებლობითაც დაინტერესდა. მოწმემ მას აუხსნა, სისხლნაჟღენთების ხანდაზმულობა ფერით ფასდება, რადგან სისხლი ფერს იცვლის, ფერს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა შეფასებისასო.

მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ექსპერტმა ასევე თქვა, რომ მზია ამაღლობელისგან მიიღო ინფორმაცია, რომ აქციაზე წააქციეს, გარდა ამისა, უცნობმა პირმა მას მხარზე ხელი ძლიერად მოუჭირა, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები.

„ჩამოიშალა მზიას საქმე პროკურატურის თავზე“ – ასეთი იყო დარბაზში მსხდომების რეაქცია ექსპერტის დაკითხვის შემდეგ.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პერიოდულად დარბაზში აღწევდა იმ პირების შეძახილები, რომლებმაც დარბაზში შესვლა ადგილის სიმცირის გამო ვერ შეძლეს.

„უსამართლო სასამართლო!“, „თავისუფლება მზიას!“, „ცეცხლი ოლიგარქიას!“, „მზიას გაუმარჯოს!“, „გაუძელი მზია!“ – სკანდირებდნენ ქუჩიდან. 

სხდომაზე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის ტელევიზიას აქვს კადრები, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს, აქციაზე, მშვიდად ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესს, არ უშლის ხელს პოლიციელებს, არ აგინებს მათ და ელოდება როდის გაათავისუფლებენ ციალა ქათამიძეს, თუმცა პროკურატურამ მხოლოდ 11 წამი – სილის გაწვნის კადრი ამოიღო.

სხდომაზე ადვოკატებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ მზია ამაღლობელის პირად ჩხრეკას ადვოკატი არ დასწრებია.

ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ, მიუხედავად პროკურორის პროტესტისა, სხდომაზე შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მზია ამაღლობელის ტელეფონის ამოღებისა და აპლიკაციებზე წვდომის თაობაზე, იმ მოტივით, რომ თითქოს მზიას დავალება მისცეს და შესაბამისდა იმოქმედა, თუმცა არ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის შუამდგომლობა „ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ მზიამ დავალება მიიღო და შესაბამისად იმოქმედა.

„მე ხაზს ვუსვამ, რამდენად არათანაბარია სტანდარტი ასეთ შემთხვევაში“ – აღნიშნა ჯუმბერ ქათამაძემ სხდომაზე.

ბრალდების მხარე მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 სამართალდამცველის დაკითხვას აპირებდა, თუმცა დღეს, 16 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის.

მზია ამაღლობელის ადვოკატები – 16 მაისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

დღეს სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეში წარდგენილ ვიდეომასალებზე, რომელსაც დაეყრდნო მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას.

ადვოკატმა სასამართლოს განუმარტა, რომ ადმინისტრაციულ საქმეში წარდგენილია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე გადაღებული ფაქტები, არამედ სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე გადაღებული ვიდეო მასალა, რაც, მისივე შეფასებით, სიყალბე და სამოხელეო დანაშაულია.

მაია მწარიაშვილმა ამასთან დაკავშირებით სასამართლოს დეტალურად განუმარტა:

„ადმინისტრაციულ საქმეში პოლიციამ ყალბად წარადგინა ვიდეოები სხვა გარემოების დასადასტურებლად, რომლის გამომრიცხავი მტკიცებულებაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი.

ბრალდებამ იშუამდგომლა და წარმოადგინა იმ საქმის დადგენილება ადმინისტრაციულ საქმეზე, სადაც უცებ გაჩნდა ჩანაწერი, რომ მოსამართლე ეყრდნობა ვიდეოებს, რითაც დადასტურებულად მიიჩნია, რომ მზია ამაღლობელი თურმე წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს დაკავებამდე.

იმ საქმეში ბატონი ვანაძის ჩვენებებიც არის, [ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე] სადაც ის აღწერს, რომ თითქოს ეს არის მტკიცებულება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

მას შემდეგ რაც ბრალდებამ იშუამდგომლა და ეს დადგენილება თქვენ დაურთეთ საქმეს, აღმოვაჩინეთ, რომ მოსამართლე საუბრობს რაღაც წინააღმდეგობაზე და ვიდეოებზე, რომელიც ჩვენს სისხლის სამართლის საქმეში არ არის, დაკავების ოქმშიც კი არ არის მითითებული.

ჩვენ სამივე ვიდეო გამოვითხოვეთ და აღმოჩნდა, რომ ერთ ვიდეოს საერთოდ არა აქვს შემხებლობა საქმესთან, 2 ვიდეო, სადაც ჩანს მზია, არის ჩვენი ვიდეოს ფრაგმენტები. ანუ, იმ მოვლენების ფრაგმენტები, რომლებიც ამ საქმეში გვაქვს წარმოდგენილი.

ჩვენი ვიდეო აჩვენებს მზიას სისხლის დაკავებამდე პერიოდს 7 – 8 წუთით ადრე და მთავრდება მზიას დაკავებით, ანუ უტყუარია, რომ ეს ვიდეო არის გადაღებული მზიას სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე, მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ – ეს უტყუარია.

და თუ ეს უტყუარია, ყალბად არის წარდგენილი ამბავი. ამბავი მოხდა მერე, პოლიციამ მიიტანა სასამართლოში და თქვა, რომ მოხდა მანამდე.

გარდა იმისა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ამ საქმეში, ეს არის სამსახურებრივი სიყალბე და სამოხელეო დანაშაული. რომ არ მოეტანა პროკურორს ის დადგენილება, კიდევ ჰო, მაგრამ მოიტანა და წავიკითხეთ, ამიტომ შეუძლებელია ეს სასამართლომ არ დაურთოს ამ საქმეს, ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია“.

16 მაისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

ადვოკატმა სხდომაზე როგორც პროკურორს, ასევე სასამართლოს აჩვენა ვიდეოები, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაცხადა, რომ დეტალურად იცნობს წარდგენილ ვიდეომასალას და შუამდგომლობაში ასახულ გარემოებებსაც და მათ პრევენციული ძალა არ გააჩნიათ:

„შესაბამისი წარმოების ფარგლებში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და შესაბამისად იქნა კიდევაც გასაჩივრებული აღნიშნული დადგენილება. შესაბამისად, ამ წარმოების ფარგლებში, ვინაიდან დადგენილება იქნა დართული, ჩვენ ვერ ვიკვლევთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერებას ამ ფარგლებში“.

დღეს, 16 მაისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი, შვედეთის ელჩი საქართველოში და მარგე მარდისალუ-კაჰარი – ესტონეთის ელჩი საქართველოში.

ასევე, დღეს სასამართლო დარბაზში იყო ავსტრიელი ევროპარლამენტარი ვერა შილინგი, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა ბათუმში სხდომაზე დასასწრებად. ევროპარლამენტარმა ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე განაცხადა, რომ მისი მიზანია გვერდით დაუდგეს მზია ამაღლობელს და ყველას, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვის იბრძვის.

ელჩები მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე – 16 მაისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და ევროპარლამენტარი ლენა შილინგი – 16 მაისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

„აშკარაა, რომ ესაა პოლიტიკური საქმე და საკითხავია ვიცავთ თუ არა ჩვენ ჩვენს ღირებულებებს, დემოკრატიას. აქ ვარ, რადგან თავადაც ვიყავი აქტივისტი და გამიკრავს სტიკერი, ახლა კი ევროპარლამენტში ვარ და არა პატიმრობაში. ამ საქმეს ყურადღებით ადევნებენ თვალს ევროკავშირში“ – თქვა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ლენა შილინგმა „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: