ბათუმში „ევრო 2000“-ის მასწავლებლები 1 საათით გაიფიცნენ – აქცია

სკოლა „ევრო 2000“ შეუერთდა გაფიცვას – ამ სკოლის მასწავლებლებმა დღეს, 13 დეკემბერს, სკოლის წინ მოაწყვეს ერთსაათიანი აქცია-გაფიცვა. აქციაზე ადამიანების სიმრავლის გამო დროებით გადაკეტილია გორგილაძის ქუჩა.

გაფიცულები ხელახლა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ სამართლიან გარემოში, ასევე ითხოვენ უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას.

2024 წლის 3 დეკემბრიდან რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებელი თუ მოსწავლე გაიფიცა.

__

რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

„რადიკალური ლიბერალები“ ევროპელებად დავიბადეთ – ბათუმელი პედაგოგი

„ჰოდა, მე იცით რა მგონია? ჩვენ, „რადიკალური ლიბერალები“, ევროპელებად დავიბადეთ – აი, დაბადებიდანვე ასეთები ვიყავით… ვიზრდებოდით და ღრმავდებოდა ჩვენი უფლებების დაცვის და თავისუფლების ფასის სიყვარული…. ჩვენ, მილენიალები, სამწუხაროდ, ცოტანი ვართ „ლიბერალისტები“, აი, თაობა -Z კი უმრავლესობითაა წარმოდგენილი საბედნიეროდ.

მათში ასე ადვილად ვერ ჩაკლავთ აზროვნების თავისუფლებას, შეუძლებელია!“ – წერს ბათუმელი პედაგოგი მაია ფაღავა.

მაიას ყოველ საღამოს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ნახავთ, ის ანტირუსულ აქციებს პირველი დღიდანვე შეუერთდა. პედაგოგი ამჯერად ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან უზიარებს გამოცდილებას საზოგადოებას, თუ რა არის მისთვის ევროპა და რატომ „ვართ ჩვენ ევროპა“.

„2011 -2013 წლებში კვირაში ორი დღე ხულოში დავდიოდი, 3 საათი მჭირდებოდა ხულომდე, 6-საათიან ლექციებს ვუტარებდი უფროსებს და უკან ისევ 3 საათი მჭირდებოდა დასაბრუნებლად. არ მახსოვს, გაკვეთილი გამეცდინოს ერთი შემთხვევის გარდა, როცა ისეთი დიდთოვლობა იყო, ტრანსპორტი არ გავიდა ქალაქიდან. აი, მაშინ ძალიან ბევრი მეკითხებოდა – „უი, მანდ როგორ დადიხარ გოგო? – აი, მე ვერ წარმომიდგენია“, – ამ დროს ჩემი განწყობა იყო ამაღლებული და ვიცოდი, ჩემი იქ ჩასვლა რამდენად მნიშვნელოვანი იყო და ყოველი წუთი შეუფასებელი.

ვფიქრობდი, თუ რამდენ დროს ხარჯავდნენ მეგაპოლისებში ადამიანები სამსახურში მისასვლელად და ის 3 საათი კითხვაში თუ მუსიკის მოსმენაში უცებ გადიოდა. ჩემთვის ევროპა დისციპლინაა, კანონმორჩილება და ამავდროულად უკიდეგანო შინაგანი თავისუფლებაა.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, ჩვენ მაინც იქ ვართ – ევროპაში. სულერთია, თქვენ მოლაპარაკებებს შეაჩერებთ თუ დახურავთ. ჩვენთვის ეს სულიერი მდგომარეობაა. სხვათა შორის, ბებიაჩემიც ევროპელი იყო – ქალაქში დაბადებული და გაზრდილი გოგო მაღალმთიანეთში ერთი სოფლიდან მეორეში ცხენით რომ გადაადგილდებოდა, სამედიცინო დახმარება რომ გაეწია ადამიანებისთვის.

მას ეს მოსწონდა და ფიქრობდა, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა და არ აბრკოლებდა მაშინდელი სტერეოტიპები. ჰო, კიდევ 1955-ში იმიტომ გაჰყვა ცოლად 37 წლის ბაბუაჩემს,  რომ კომპარტიის წიგნაკის ნაცვლად ლინგვისტის წითელი დიპლომი ჰქონდა. „რადიკალი ლიბერალები” მყავდა ორივე“. – წერს მაია.

  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

„აშშ გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20 პირს, რომლებიც „საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან“, დღეს, 13 დეკემბერს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

„სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიიის ძირის გამოთხრაში.

დღევანდელი ქმედება მიემართება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, ასევე, სამართალდამცავ და უსაფრთხოების წარმომადგენლებსა და კერძო პირებს,“ –  თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

მილერის განცხადების ოფიციალურ თარგმანს საქართველოში აშშ-ის საელჩო აქვეყნებს.

„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის: მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ.

„ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილე არიან დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.

ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველ ხალხთან ერთად, გვსურს, ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები მაგალითია ამერიკის მტკიცე გადაწყვეტილებისა, რომელიც ემატება აქამდე გამოცხადებულ გადაწყვეტილებებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 100-ზე მეტი პირისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ,“- განაცხადა მეთიუ მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი განმარტავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებები სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ეფუძნება „იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის” 212(a)(3)(C) პუნქტს, სახელმწიფო მდივან ბლინკენის მიერ 2024 წლის მაისში გამოცხადებული პოლიტიკის შესაბამისად.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 760 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390]
  • ტანკი – 9 537 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 19 675 ერთეული [+31]
  • საარტილერიო სისტემა – 21 078 ერთეული [+6]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 023 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 176 ერთეული [+65]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 861 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 31177 ერთეული [+50]
  • სპეცტექნიკა – 3 642 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 633 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 775 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 500 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 549 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 190 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა იცვლება ზელენსკი-ტრამპის შეხვედრით რუსეთ-უკრაინის ომში? – ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

„რუსებს არ ჰყავთ ანწუხელიძე, ჩვენებს არავინ მოუკლავთ ცემაში“ – ინტერვიუ გენერალთან

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

 

„რუსებს არ ჰყავთ ანწუხელიძე, ჩვენებს არავინ მოუკლავთ ცემაში“ – ინტერვიუ გენერალთან

„პიროტექნიკის სროლა კი არა, მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან, ან თვითმფრინავიდან გაყრიან ბომბებს და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო, ზიანი მიაყენო, ეს არის ომის კანონების რღვევა, რასაც ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ახლა თბილისის ქუჩებში…“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და ბრაზს არ მალავს: „ქართული ოცნება“ ომის პრინციპებსაც კი არღვევსო.

„2008 წელს რომ რუსი მფრინავი ჩამოვარდა, ვინმემ სცემა? მას უმკურნალეს და უკან ჩააბარეს ხომ? ამიტომაცაა, ჩვენ ანწუხელიძე რომ გვყავს. რუსებს ან ოსებს ანწუხელიძე არ ჰყავთ. ჩვენებს არავინ არ მოუკლავთ ცემაში დროშაზე დადგომისთვის,“ – იხსენებს გადამდგარი გენერალი და იმაზე წუხს, მოქმედი ოფიცრებიდან არავინ არაფერს რომ არ ამბობს.

„თანაც, ოფიცრების 80 %-ს დასავლეთში აქვთ განათლება მიღებული“, – დასძენს იგი.

გადამდგარი გენერალი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ელოდება, შემდეგ კი, უკრაინის გაძლიერებას და შემდეგი ფაზისთვის მომზადებას.

„ეს არაა პირველი დარტყმა ტაგანროგზე. უკრაინელები ადრე თუ დრონებს იყენებდნენ, ახლა, ნებართვის მიღების შემდეგ, უკვე რაკეტებს იყენებენ. წარმოიდგინეთ, ახლა დრონი, რომელსაც გადააქვს 30 კილოგრამი ასაფეთქებელი და რაკეტა, რომელსაც გადააქვს 100-150 კილოგრამი. მისი მიღწევადობაც განსხვავებულია,“ – გვიხსნის გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ზელენსკი-ტრამპის შეხვედრით დავიწყოთ. რა გამოჩნდა ამ შეხვედრიდან, რა იცვლება რუსეთ-უკრაინის ომში? 

იმ აზრზე ვრჩები ისევ, რომ ამ ოფიციალური განცხადებების ძირითადი მიმართულებაა გარკვეული ზეწოლა მხარეებზე, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. პირველი, რაც იქნება, ეს არის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. ისინი იქ დაფიქსირდებიან, სადაც ახლა იმყოფებიან ძალები. ლოგიკურად აქეთ მიდის პროცესი.

  • რატომ იქნება მისაღები ეს უკრაინისთვის? 

ეს რუსეთისთვისაც კი იქნება მისაღები, იმიტომ, რომ გარკვეული სულისმოთქმის საშუალება იქნება. დღევანდელი მოცემულობით უკრაინას არ შესწევს ძალა, ყირიმის და დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებაზე დღეს იფიქროს.

სულისმოთქმას კი აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. უარყოფითი ისაა, რომ რუსეთი შეეცდება ეს დრო – სადღაც 6-10 წელი – გამოიყენოს იმ სამხედრო პოტენციალის აღდგენისთვის, რაც ომის დაწყებამდე ჰქონდა. დასავლეთმა კი უკრაინას უნდა აღმოუჩინოს დახმარება, რომ იმდენად ძლიერი გახდეს, ვეღარ გაბედოს რუსეთმა ავანტიურისტული ომის წამოწყება უკრაინის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ვუბრუნდებით „კორეიზაციის“ ვარიანტს.

  • ბოლო მონაცემებით, რუსეთმა უკრაინას შესაძლოა ისევ შეუტიოს ახალი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“. პენტაგონის ვარაუდი დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ ამ ტიპის რაკეტების გამოყენება ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის და მხოლოდ მსხვერპლს და ზიანს გაზრდის. თქვენი ინფორმაციით, რის მიღწევას ცდილობს ამჯერად რუსეთი? 

რაკეტა განკუთვნილია ბირთვული ქობინის გადასატანად, ან მათ ინერტული ქობინები უნდა ჰქონდეთ, რომელიც კინეტიკური დარტყმის საშუალებით ახდენს ნგრევას.

რუსეთმა შეიძლება ყველაფერი გამოიყენოს, რა თქმა უნდა, მას შეზღუდვა არ აქვს არც მორალური, არც ფსიქოლოგიური კუთხით, თუმცა მათ აქვთ ტექნიკური შეზღუდვა – ეს რაკეტები, არა მგონია, ბევრი ჰქონდეთ. ეს მაინც უფრო არის ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოსახატავად.

ასევე მნიშვნელოვანია, როგორ იმუშავებს დასავლური ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები აღნიშნული რაკეტების წინააღმდეგ.

  • ფსიქოლოგიური ზეწოლა ახსენეთ. რა შედეგზე შეიძლება იყოს ეს გათვლილი? 

რუსეთმა რაც არ უნდა აუწყოს დიდი გამარჯვების შესახებ თავის შიდა აუდიტორიას, ვერ გაყიდის ამას ისე, როგორც ეს მანამდე შეეძლო – იქეთ დაკარგა ტერიტორია, კურსკი დაკარგა და ვერ იბრუნებს. როგორ განაცხადებ, რომ გაიმარჯვე, როცა ტერიტორია დაკარგე?

ეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია. აღმოჩნდა, რომ უკრაინელების მხრიდან ეს გაბედული ნაბიჯი იყო სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. მოლაპარაკების მაგიდასთან თუ ლაპარაკი წავიდა ტერიტორიების გაცვლაზე, კურსკის სანაცვლოდ უკრაინას შეუძლია ისაუბროს ხერსონზე ან ზაპოროჟიეზე. ერთიც და მეორეც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის: ზაპოროჟიეს შემთხვევაში ის აზოვის ზღვაზე გადის, ხერსონის შემთხვევაში კი, უშუალოდ ყირიმს უახლოვდება.

  • რა ხდება კურსკში მას შემდეგ, როცა იქ უკრაინელებმა შეჭრა მოახერხეს? 

რუსებმა იქ გარკვეული შეტევები განახორციელეს, მცირე ზომის ლოკალური წარმატება აქვთ, მაგრამ რაც მთავარია: უკრაინელებს ეს ტერიტორია მყარად აქვთ დაკავებული. რუსები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ამ ტერიტორიის გათავისუფლებას, მათ შორის, კორეელების დახმარებით. უკრაინა იცავს თავის თავს, რუსებს კი, საკუთარი ტერიტორიის დაბომბვა და განადგურება უწევთ. ეს ნამდვილად ვერ აისახება დადებითად ამ ომის მხარდამჭერებზე.

საერთო კონტექსტში რუსეთმა უდიდესი დარტყმა განიცადა სირიაში, როგორც პოლიტიკური, ისე საბრძოლო თვალსაზრისით. რუსებმა კი გამოიყვანეს ტარტუსის
საზღვაო ბაზიდან ხომალდების მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ დარჩენილი ნაწილი მიწასთან გაასწორეს ისრაელის საჰაერო ძალებმა. ერთმანეთს ასწრებდნენ რუსები, ისე სხდებოდნენ თვითმფრინავებში სირიის დატოვების დროს. სირიაში რუსეთის ბევრი მოქალაქეა დარჩენილი და ვეღარ გამოჰყავთ.

ასე რომ, რუსებს სახარბიელოდ არ აქვთ საქმე. ეს ხომალდები ვერ დაემატება შავ ზღვას – ბოსფორი დაკეტილია. ისინი ან უნდა გაჩერდნენ ეგვიპტის, ან ლიბიის პორტში ადგილობრივი ნებართვის საფუძველზე, ან ევროპას უნდა შემოუარონ და ისე შეუერთდნენ ბალტიის ფლოტს.

რუსებმა 4 წელიწადში ათობით მილიარდი დოლარი დახარჯეს სირიაში და 4 დღეში დაიკარგა ეს ყველაფერი. რუსეთის პრესტიჟზე აღარაფერს ვამბობ – ცალკე თურქეთმა
გაულაწუნა და ცალკე ისრაელმა. სირიის ამბებმა ირანიც დაასუსტა, როგორც რუსეთის მოკავშირე. ასე რომ, საკმაოდ შორსმიმავალი შედეგები გამოიწვია ასადის რეჟიმის დამხობამ.

  • უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ასევე დაახლოებით 150 000 ჯარისკაცი გადაისროლა პოკროვსკის, კურახოვოსა და ვრემევსკოეს მიმართულებით. ოკუპანტები ცდილობენ, ხელთ იგდონ კურახოვოსკენ დამაკავშირებელი ლოგისტიკური კვანძები. რა ხდება ამ მიმართულებით? 

ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო ძირითადი დარტყმის მიმართულების გამოყოფა. ეს არის პოკროვსკის მიმართულება და იმის მცდელობა, რომ დონბასის საზღვარზე გავიდნენ, მაგრამ ამ ტემპით 5 წელი მაინც დასჭირდებათ საზღვარზე გასასვლელად. დააკვირდით, რამდენი თვეა, რაც კურახოვოზეა საუბარი? კურახოვოს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არტყამს წყალსაცავი, რომელზეც რუსები ვერ გადადიან, ახლა წყალსაცავის შემოვლა თითქმის დაასრულეს…

კურახოვოდან პოკროვსკამდე კიდევ ბევრი აქვთ გასავლელი რუსებს. აქ საუბარია კვირაში ერთი კილომეტრის გავლაზე.

ამ მიმართულებაზე ახლა კი არიან ახლა კონცენტრირებული რუსები, სამაგიეროდ აღარ არის აქტიურობა ხერსონის, ან ზაპორპოჟიეს მიმართულებებზე. ძირითადად აქტიურობა არის დონბასის მიმართულებაზე, დონბასის საზღვარზე რომ გავიდნენ, თუმცა ამისთვის რუსებმა სლავიანსკის და კრამატორსკის ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვითი რაიონები უნდა გაიარონ.

უკრაინას თავისი პრობლემები აქვს – ფრონტის ხაზი 2 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული და ამას ემატება ბელარუსის საზღვარი, რომელსაც უკრაინელები ვერ ტოვებენ. ზელენსკის ის განცხადებაც, რომ უარს ამბობს 18 წლის ახალგაზრდების გაწვევაზე, იმის მანიშნებელია, რომ უკრაინა ცდილობს ხალხი შეინარჩუნოს, ვიდრე ის მეტრები, რასაც თანდათანობით ტოვებს.

ხანგრძლივ უკანდახევას ის უპირატესობა აქვს, რომ სიღრმეში განახორციელო პოზიციების გეგმაზომიერი მომზადება – რუსები ვერ ახორციელებენ გარღვევას. ეს მუშაობს, როგორც ზამბარა – რაც უფრო მეტს აწვები, უკუცემაც მეტია.

უკრაინაში ვისაც ომში წასვლა სურდა, წასულია უკვე. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს პრობლემა ამ კუთხით რუსებისგან განსხვავებით, სადაც ომში წამსვლელს იმდენს უხდიან, თავის ცხოვრებაში რომ ვერ ნახავს, მაგალითად, რომელიმე პროვინციაში მცხოვრები  ალკოჰოლიკი. სავარაუდოდ, ცოლებს მიჰყავთ ქმრები და აბარებენ, რომ ფული შევიდეს ოჯახში.

რუსეთში გაცხადდა ისიც, რომ საპატიმროებში მყოფი სასჯელმისჯილი პირების დაახლოებით 40% მობილიზებულია უკვე, ასევე მილიციას აქვს დავალება მიღებული, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააკავოს დანაშაულისთვის, რომ შემდეგ აიძულონ ომში მოხალისედ წასვლა.

  • რას შეცვლის უკრაინისთვის 20 მლრდ დოლარი, რასაც აშშ უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან აძლევს? საინტერესოა ასევე, რა ინფორმაცია გაქვთ გადამდგარი გენერლის, კიტ კელოგის შესახებ. ის დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში თავის წარმომადგენლად დანიშნა. 

არ მაქვს ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია, თუმცა ვიცი, რომ კელოგი ანტირუსული განწყობის პიროვნებაა. ჩვენგან განსხვავებით ამერიკაში უბრალოდ არ აძლევენ გენერლის წოდებას, მას შესაბამისი მიღწევები ჰქონდა.

რაც შეეხება დახმარებას, ეს თანხა სჭირდება უკრაინას დახარჯული მარაგების აღსადგენად. ეს არაა ის თანხა, რომ უკრაინამ ომი დაასრულოს.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე უკრაინისთვის სკანდინავიის ქვეყნების დახმარება – უკრაინამ თავად უნდა აამუშაოს საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და არ იყოს მხოლოდ დასავლეთიდან შეყვანილი ტექნიკის იმედად.

  • რამდენად შემცირებულია რუსეთის რესურსი ომის დაწყებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ? წუხელ რუსეთის სამხედრო უწყებამ დაადასტურა როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინის მიერ განხორციელებული იერიშის ფაქტი და დააზუსტა, რომ უკრაინამ სამხედრო აეროდრომს ესროლა ექვსი ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS. 

ეს არაა პირველი დარტყმა ტაგანროგზე. უკრაინელები ადრე თუ დრონებს იყენებდნენ, ნებართვის მიღების შემდეგ, უკვე რაკეტებს იყენებენ. წარმოიდგინეთ, ახლა დრონი, რომელსაც გადააქვს 30 კილო ასაფეთქებელი და რაკეტა, რომელსაც გადააქვს 100-150 კილო. მისი მიღწევადობაც განსხვავებულია.

რუსეთს აქვს უნარი, აწარმოოს ომი, მაგრამ ესაა ის, რასაც ვხედავთ – ვერ მოუმატებს. რუსეთს ადამიანური რესურსი ბლომად აქვს, ტექნიკურ რესურსზე რა გითხრათ, მაგრამ ჩრდილოეთ კორეისგან მიიღო იმდენივე საარტილერიო ჭურვი, რამდენიც დახარჯა პირველ ორ წელიწადში.

სხვა თემაა, რამდენად ეფექტურად იყენებენ ამ ჭურვებს: სამიდან ერთი შეიძლება აფეთქდესო, დიდი ხანია საწყობში უდევთ და ხარისხიც დაბალია. ის, რომ რაოდენობრივად ბევრი ჭურვი მიიღო რუსეთმა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არითმეტიკულად გაიზრდება სროლის შესაძლებლობა, მაგრამ ინტენსივობა გაიზრდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს იწვევს საარტილერიო სისტემის ლულების ცვეთას. ლულა არ რემონტდება, ის უნდა გადაიდნოს და ახალი ლულა ჩამოისხას. ასე არ დგას საკითხი, რომ ჭურვები მიიღო რუსეთმა და შავ დღეს აყრის უკრაინას.

  • უახლოეს პერიოდში თქვენ ელოდებით ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ ისევ დასავლეთზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაძლიერდება უკრაინა, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება რომ შეძლოს? 

ჩემი აზრით, გაზაფხულისთვის ჩამოყალიბდება ნათელი სურათი.

უკრაინა უნდა მოემზადოს შემდეგი ფაზისთვის, ის დაელოდება თავის მომენტს. აზერბაიჯანი, მაგალითად, 30 წელი ელოდა თავის მომენტს ყარაბაღისთვის. მანამდე კიდევ ღმერთმა უწყის, რა მოხდება კიდევ რუსეთში.

  • საქართველოში მიმდინარე ბოლო პროცესებზე მინდა ასევე გკითხოთ: რას ნიშნავს, პირველ რიგში, აშშ-ს პარტნიორობის შეჩერება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის?

ეს ჩამონათვალი სამწუხაროდ გრძელდება: ბრიტანეთმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა დახმარება, გერმანიამ, სკანდინავიის ქვეყნებმა შეაჩერეს ასევე ტერიტორიულ თავდაცვასთან დაკავშირებული დახმარება.

ეს ძალიან მტკივნეულია განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი ყველაზე დაბალია მთელს ამიერკავკასიაში. დააკვირდით, სწავლების დონეს და სიხშირეს. ბოლოს როდის გაიგეთ ფართომასშტაბიანი სწავლების შესახებ?

რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. საქართველო ყურადღებით უნდა იყოს, რომ ეს ვითარება არ გამოიყენოს ისევ რუსეთმა აფხაზეთის და ოსეთის საშუალებით. აფხაზეთს ახლა არ სცალია ჩვენთვის, მაგრამ ის შეიძლება აიძულოს რუსეთმა. ასე რომ, საქართველო უნდა იყოს მზად პროვოკაციებისთვის.

  • როგორ მიიღება მსგავს მოცემულობაში გადაწყვეტილებები შეიარაღებულ ძალებში? სპეცრაზმელებს ერთ-ერთ აქციაზე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მათ შეახსენა, რომ კონსტიტუციას უნდა დაემორჩილონ.

მე ის მინდა გითხრათ, რომ ოფიცრების 80 %-ს საქართველოში დასავლეთში აქვთ განათლება მიღებული. ზოგადად სამხედრო პირი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ მათ აზრის გამოხატვა ნამდვილად შეუძლიათ. იგივე აშშ-ს და ბრიტანეთის დახმარების შეჩერებაზე მე ოფიცრების აზრი არ გამიგია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პიროტექნიკის სროლა კი არა, მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან, ან თვითმფრინავიდან გაყრიან ბომბებს და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო, ზიანი მიაყენო, ეს არის ომის კანონების რღვევა, რასაც ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ახლა თბილისის ქუჩებში.

2008 წელს რომ რუსი მფრინავი ჩამოვარდა, ვინმემ ცემა? მას უმკურნალეს და უკან ჩააბარეს ხომ? ამიტომაცაა, ჩვენ ანწუხელიძე რომ გვყავს. რუსებს და ოსებს ანწუხელიძე არ ჰყავთ. ერთი ის, რომ ამას გმირობა სჭირდება, მეორე – ჩვენებს არავინ არ მოუკლავთ ცემაში დროშაზე დადგომისთვის.

რაც ახლა ხდება, ეს არის არაპროფესიონალიზმიც და დაბალი მორალური მდგომარეობა, გაბოროტება, დისციპლინის არარსებობა… თუ ამას აკეთებს პოლიციელი თავისი ნებით –
ეს უდისციპლინობაა, თუ ზემდგომის ბრძანებით – ეს დაბალი მორალის და შიშის მაჩვენებელია, ვინაიდან მათ აქვთ კანონიერი უფლება არ შეასრულონ ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონებს.

  • ვის უნდა დაემორჩილონ ამ დროს ფორმიანები, როცა არალეგიტიმურია ხელისუფლება? 

ვერ გეტყვით, რთული ვითარებაა. როცა არალეგიტიმურია ხელისუფლება, რომელიც არის ლეგიტიმური, მას უნდა დაემორჩილონ, რა თქმა უნდა. თუ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სამხედროები დადგებიან, როგორ გამოვა ეს ლეგიტიმური?

  • არ უნდა დადგნენ? 

ვერ გეტყვით, მოწოდება გამომივა და ვერ გავაკეთებ მოწოდებას, წასული ვარ უკვე ჯარიდან. იქ რომ ვყოფილიყავი, ვიცი, რასაც გავაკეთებდი.

  • რას გააკეთებდით?

ვერ გეტყვით, არ მინდა ამაზე საუბარი საჯაროდ. არ მინდა ჰაერში მუშტების ქნევა.

  • თქვენ რა გამოსავალს ხედავთ, როცა ქვეყანას არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და ამჯერად უკვე ანტიკონსტიტუციურად პრეზიდენტსაც ირჩევს?

გამოსავალი არის არჩევნები. მხოლოდ ეს დააწყნარებს ახლანდელ რთულ ვითარებას.

ხალხი უყურებს, რომ ნიღბიანები სცემენ ვიღაცას და ქაოსურად მიდიან იქამდე, რომ თავი უნდა დაიცვან. მხუთავ აირს უშვებ და ამ დროს, მაგალითად, აირწინაღის ნიღბის ტარებას კრძალავ. ეს იგივეა წყალგაუმტარი ქურთუკის ტარება აკრძალო იმიტომ, რომ წყლის ჭავლს უშვებ და სხვები ვალდებულები არიან დასველდნენ.

  • მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა შეფასდა, როგორც წამება. თქვენ ამბობთ, რომ „ოცნება“ ომის კანონსაც არღვევს? 

არ ვიცი, ვისი დავალებით მოქმედებენ, მაგრამ პოლიციელი, რომელიც სცემს დაკავებულს, არღვევს არამხოლოდ ომის კანონს, არამედ სამოქალაქო კოდექსს. თავის მოქმედების პროცედურაში არავის უწერია ის, რომ დაკავებული წიხლში გაიგდეო.

პარლამენტს 7 წელი ეხვეწებოდნენ პიროტექნიკის შეზღუდვას, მაგრამ სანამ პარლამენტს და პოლიციას არ ესროლეს, არაფერი გააკეთეს, ვიღაცის ბიზნესინტერესი იყო.

წყლის ჭავლში გაზავებული ფხვნილით ახალი იარაღი შეიქმნა, რომლის შედეგი არავინ იცის რა იქნება – ექიმი

„აქციის დასაშლელად ორ საშუალებას იყენებენ – ესაა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.

გაზი არასწორი სახელია, ეს არის ფხვნილი, რომელიც შეიძლება გაიფრქვეს ან წყალში გაიხსნას. მცირე რაოდენობის წყალში და არა იმ ავზებში, რომლებშიც ხსნიან და შემდეგ წნევით შლიან დემონსტრანტებს.

ფაქტობრივად, შექმნეს ახალი იარაღი, რომლის პროგნოზირება, თუ რა შედეგებს გამოიწვევს, ნამდვილად არავინ არ იცის,“ – ამბობს გია კამკამიძე, ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

ექიმმა ეს 6 დეკემბერს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტუმრობისას თქვა. თავის გამოსვლაში ალერგოლოგ-იმუნოლოგი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ახლა ქვეყანაში სახეზეა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისი, როცა მშრალი სტატისტიკის გარდა ინფორმაცია, ფაქტობრივად, არ არსებობს.

ექიმის თქმით, აქციებზე გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციას უნდა ავრცელებდეს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და მუდმივ რეჟიმში აწვდიდეს მოქალაქეებს ინფორმაციას.

NCDC-ის ამ დრომდე [12 დეკემბერი] აქციების კონტექსტში ერთადერთი განცხადება აქვს გაკეთებული და ის პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხება. ცენტრი ამ განცხადებაში უარყოფს, რომ LinkedIn-ზე გავრცელებული ტექსტი, სადაც ეწერა – „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით, ოდეერებით და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული“ – არ იყო NCDC-ის ოფიციალური განცხადება.

ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი გია კამკამიძე ამბობს, რომ წყლის ჭავლში გაზავებული ფხვნილით, ფაქტობრივად, ახალი იარაღი შეიქმნა, რომლის შედეგები გრძელ ვადაში არავინ იცის, რა იქნება.

„არ იციან მათ შორის არც ძალოვანმა სტრუქტურებმა. საერთოდ აზრზე არ არის არც ჯანდაცვის სამინისტრო და ხმას საერთოდ არ იღებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილება. ამიტომ ეს [წყალში შერეული ქიმიური ნივთიერება] არის არაპროგნოზირებადი, არარეგულირებადი და ეს ადამიანებიც – რობოკოპები და ძალოვნები, ვინც ამას იყენებენ, თავადაც არიან დარტყმის ქვეშ. მაგრამ იმის გამო, რომ შეიარაღებულნი არიან, მათი რისკი ნაკლებია, არიან დაცულები.

როდესაც ამას იყენებ არა ურჩი, პატარა ჯგუფის წინააღმდეგ, როგორც უნდა იყოს გამოყენებული ეს საშუალებები, არამედ იყენებ 100-200 ათასი ადამიანის წინააღმდეგ, ეს უკვე სრულიად სხვა სურათს ქმნის.

ვინაიდან არსებობს ალბათობა, რომ ამ ხალხში იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს ბრონქული ასთმა ან ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან რაღაცა გულის პათოლოგია. ასეთ დროს მაღალია ალბათობა, რომ რამე მძიმე შედეგი დადგეს,“ – ამბობს გია კამკამიძე.

„სამარშრუტოში შესხურებული ეს ნივთიერება ფაქტობრივად გაზის კამერაა, რომელსაც ფაშისტები იყენებდნენ“

ექიმის თქმით, ქიმიური საშუალებები აქციის დასაშლელად შეიძლება გამოიყენო მაშინ, როდესაც მცირე მებრძოლი ჯგუფია, რომელიც არ ემორჩილება მითითებებს და გამოიყენო მას შემდეგ, რაც ყველა სხვა საშუალება ამოიწურა.

„ასეთი მასიური გამოყენება სრულიად ცვლის სურათს. ამასთან ისეთი მეთოდების გამოყენება – დამიზნებით გამოსროლა ამ ჭურვების, რუსთაველის თეატრიდან როგორ ისროდნენ, ამას მე თვითონ შევესწარი… სად არის ამის შედეგების ანალიზი? რა შეიძლება მოჰყვეს ამას, ამის ანალიზი არ არსებობს. არაპროგნოზირებადია.

ამიტომ ჩვენი, ექიმების მოთხოვნაა, საერთოდ შეწყდეს ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, ვინაიდან ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები, ან ვერ ერკვევიან, ან სპეციალურად არღვევენ ამ წესებს. ეს ხდება ყოველ დღე და ეს არის დანაშაული.

ასევე დანაშაულია ამ საშუალებების გაფრქვევა დახშულ სივრცეებში და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს იფრქვევა სადარბაზოებში. ასევე არის მონაცემი, რომ ის გაიფრქვა იმ სამარშრუტო საშუალებებში, რომლებსაც პოლიცია ეწერა თუ არ ეწერა, ანუ სადაც ათავსებდნენ დაკავებულ ადამიანებს და პირდაპირ ასხურებდნენ შიგნით ამ საშუალებებს. იქ ისედაც დალეწილი ადამიანები არიან, მათი სასუნთქი გზები ისედაც შეშუპებულია და კიდევ ვამატებთ.

დიდი კონცენტრაციით გროვდება იქ და ნებისმიერ სახელმძღვანელოში ამ საშუალებების გამოყენების პირველივე გვერდზე წერია, რომ ძალიან მძიმე შედეგები იქნება, თუ კი ეს საშუალებები არასწორად იქნება გამოყენებული.

მათ შორის, მაგალითად, მიკროავტობუსში შესხურებული ეს ნივთიერება არის ფაქტობრივად გაზის კამერა, რომელსაც ფაშისტები იყენებდნენ. შესაბამისად, გვაქვს საქმე სიცოცხლის მოსპობის მცდელობასთან.

ეს არის დანაშაული, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ლაივშიც, ტელევიზორშიც და ამის უამრავი დასტურია,“ – თქვა ექიმმა გია კამკამიძემ.

ექიმის თქმით, არც წიწაკის სპრეის იყენებენ პროტოკოლის შესაბამისად.

„ქურთუკები, რომლებიც დასველებულია ამ წყლის ჭავლით, წითელია. ვინაიდან მასში შერეულია ე.წ. წიწაკის სპრეი. ეს მიეკუთვნება ამ ლაკრიმატორების ჯგუფს, ანუ ცრემლმდენი საშუალებების ჯგუფია და არ შეიძლება ასე იქნას გამოყენებული,“ – ამბობს გია კამკამიძე.

ექიმს კითხვები აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან.

„მე ამერიკასა და საფრანგეთში ვმუშაობდი. გაფიცვები ყველგანაა. განსაკუთრებით საფრანგეთში, მაგრამ ქიმიური საშუალებების ასეთი არაცივილური გამოყენება არ ხდება.

ამ [ნივთიერებების] გამოყენებამ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს, ეს ძალოვანი უწყებების ინსტრუქციის პირველივე გვერდზე წერია,“ – ამბობს ექიმი.

მისი თქმით, ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც რუსთაველზე იყენებენ, ადამიანზე ზემოქმედებს არამარტო იმ 15-30 წუთის განმავლობაში, როცა ჰაერში გაფრქვევა ხდება და ადამიანებს მისი ჩასუნთქვა უწევთ, არამედ მერეც, როცა თითქოს მოქმედების დრო გავიდა.

„მოგვიანებით ამას შეიძლება მოჰყვეს ფილტვის შეშუპება, ფილტვის პერმანენტული ან მუდმივი დაზიანება, რომელიც წლების განმავლობაში, განუსაზღვრელი დროით რჩება. თვალის დაზიანება, გლაუკომის განვითარება, რომელმაც სიბრმავემდე შეიძლება მიგვიყვანოს. ესენი ყველაფერი წინ გველის.

როდესაც პანდემია იყო, მე ძალიან ხშირად ვიყავი თქვენს არხზე. იმავე პრობლემის წინაშე ვიქნებით.

ჩვენი პროფესიული პატიოსნება არ გვაძლევს საშუალებას, რომ არ ამოვიღოთ ხმა. ჩვენ განა მართლა რევოლუციონერები ხომ არა ვართ, ეს ამდენი ხალხი, ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებიც ვითხოვთ უბრალოდ ევროპულ გზას. კი ბატონო, არ ეთანხმები და მიგყავს რუსეთისკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენი მოსახლეობა უნდა მოწამლო, უნდა დაამტვრიო და ძვლებში გადაამტვრიო,“ – თქვა ექიმმა გია კამკამიძემ.

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებისთვის 8.5 მილიონ ლარს დახარჯავს

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 8 მილიონ 576 967 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ ირაკლი კობახიძეს აცნობა და ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო მომსახურებების გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობა ითხოვა.

შესაბამის განკარგულებას კობახიძემ 5 დეკემბერს მოაწერა ხელი.

განკარგულების მიხედვით, დაფინანსება 2024-2025 წლების ბიუჯეტების ასიგნებებიდან გაიცემა. მომსახურებების შესყიდვა უკვე დაწყებულია, ზოგ შემთხვევაში გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებებიც.

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, რაზეც მან დღეს, 12 დეკემბერს, მედიასთან განაცხადა, მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, ნაძვის ხის ანთებას 14 დეკემბერს გეგმავენ. ამ დღეს „ოცნება“ ახალი პრეზიდენტის არჩევასაც გეგმავს.

საზოგადოების დიდი ნაწილი კი აქციებით აპროტესტებს საპარლამენტო არჩევნების ფარულობის დარღვევას და აცხადებს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია. ამას ემატება ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა პრეზიდენტის სარჩელი, რომლის მოთხოვნა იყო არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი ბათილად ცნობა.

კახა კალაძის განცხადებას 14 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების თაობაზე მოქალაქეები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და წერენ, რომ „სადაც ახალგაზდები გაზით მოწამლეს, იქ ბავშვებს არ გაიყვანენ“.

13 დეკემბერს მეზღვაურები ბათუმში მარშს აანონსებენ

ხვალ, 13 დეკემბერს, ბათუმელი მეზღვაურები საპროტესტო მარშს აანონსებენ.

მარში 19:00 საათზე, ევროპის მოედნიდან დაიწყება.

„დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, როგორც სხვა სფეროს წარმომადგენლები აკეთებენ ამას და ავირჩიოთ ნათელი და ევროპული მომავალი!

ბათუმი საზღვაო ქალაქია, სადაც 18 000 მეზღვაური ცხოვრობს, სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, ხვალ, საღამოს 19:00 საათზე გამოვიდეთ ყველა მეზღვაური, მეზღვაურთა ოჯახის წევრები, საზღვაო სფეროში და დაწესებულებებში დასაქმებულები და ვაჩვენოთ ყველას ჩვენი არჩევანი, რადგან ჩვენთვის, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის, მნიშვნელოვანია ევროპული გზა.

ჩვენ ყველაზე მეტად ვიცით, თუ რას ნიშნავს ევროპა და ევროპული პერსპექტივები, ჩვენ ყველაზე მეტად ვიცით, თუ რაოდენ რთულია ევროპის დახმარების, მათი გვერდში დგომის გარეშე დასაქმება წარმატებულ კომპანიებში.

ამისათვის არ უნდა ვიყოთ პასიურები და უნდა ვიაქტიუროთ, შემდეგ ეს ყველაფერი გვიან იქნება!“ – ვკითხულობთ ფეისბუქის ჯგუფში.

  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

ბათუმში თოვაა მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 დეკემბრის 21 საათიდან 13 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა, დღისით – ზოგან ძლიერი. აჭარის მაღალ მთებში მოსალოდნელია ქარბუქი და ნისლი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-25 მეტრი წამში.

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა – 5-6 ბალი.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 14 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით; მთაში: თოვა, ქარბუქი და ნისლი.

აჭარაში 15 დეკემბრიდან გამოიდარებს.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სარფში, თურქეთის მხარეს, მეწყერი ჩამოწვა

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში, სარფის საბაჟოსთან, გზაზე მეწყერი ჩამოწვა.

მეწყრის შედეგად ჩამოშლილი ქვის ლოდები სატვირთო ავტომანქანას დაეცა.

მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია ტრაილერი.

თურქული მხარე მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სარფის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია და არის საცობი.

„ოცნების“ პარლამენტს კანონებში შეაქვს ცვლილებები, რაც ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება

დღეს, 12 დეკემბერს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლები მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ცვლილებები რეპრესიულია და მიმართულია ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენ.

„თვითგამოცხადებულმა და არალეგიტიმურმა პარლამენტმა და მასში შემავალმა „ქართულმა ოცნებამ“, ერთდროულად რამდენიმე კანონში დააინიციირა არადემოკრატიული და რეპრესიული შინაარსის ცვლილება, მათი განხილვა ავტორებმა გამარტივებული და დაჩქარებული წესით მოითხოვეს და პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცეს.

სავარაუდოა, რომ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით გეგმავს ცვლილებების საბოლოოდ მიღებას“, – ამბობს ქურდოვანიძე.

  • ცვლილებები იგეგმება საარჩევნო კოდექსში

ქურდოვანიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს კანონმდებლობის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მორგებას, რომლის მიზანსაც 2025 წლისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს.

„საბოლოო ჯამში, ის ცვლილებები, რომლებიც კანონმდებლობაში შედის, მხოლოდ ნაწილობრივ უბრუნდება 2017 წლის რედაქციას, რაც თავისთავად უკან გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, რეალურად საქმე გვაქვს არსებით გაუარესებასთან, რომლის შედეგადაც მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას, მნიშვნელოვნად გაზრდის, ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას, ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებლად უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უარყოფითი განწყობის მიუხედავად, დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა“, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

  • ცვლილებები დაგეგმილია საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც

ქურდოვანიძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებით სუსტდება საჯარო მოხელეების დაცვის მექანიზმი და იზრდება საჯარო სამსახურის პოლარიზაციის რისკი.

„კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში, შტატების შემცირების შედეგადაც მოხელეს შეეძლო თანამდებობის ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა, ახალი ცვლილებით, ეს უფლება გაუქმებულია.

აქამდე, თანამდებობიდან გათავისუფლებისას ერთი თვით ადრე აცნობებენ ხოლმე პირს, ახალი კადრების შერჩევა კი კონკურსის გზით ხდებოდა.

სასამართლო კონტროლი კონკურსის შედეგებზე შესუსტებულია, კერძოდ სასამართლოს მოგების შემთხვევაში გათავისუფლებული პირი ვერ აღდგება თანამდებობაზე და აიღებს მხოლოდ განაცდურს, სამთვიან კომპენსაციას.

დაწესებულების ხელმძღვანელს ენიჭება უფლება შეცვალოს შეფასებები, რაც პოლარიზაციის საფრთხეს ზრდის საჯარო სამსახურში, რაც გაზრდის მოხელეებზე არსებულ წნეხს და გააძლიერებს იმ ზეწოლას, რაც საჯარო სამსახურებში დღემდე აქტიურად მიმდინარეობს, იმ გაცხადებული ხელმოწერების გამო, რაც ამ დღეებში საჯარო მოხელეებს ჰქონდათ. ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს შეასუსტოს საჯარო მოხელეების ხმა და მათ აღარ გაუჩნდეთ სურვილი, რომ საკუთარი პოზიციები საჯაროდ დააფიქსირონ“, – ამბობს ქურდოვანიძე.

  • ცვლილებები შედის პოლიციის შესახებ კანონში

ეს ცვლილებები, როგორც საია ამბობს, ამარტივებს იმას, რომ საპოლიციო რიგებში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იქნებიან იმ ძალადობრივი პოლიტიკის გამტარებლები, რასაც ამ დღეებში ვხედავთ.

პოლიციის შესახებ კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს შესაძლებლობას, პირები პოლიციის რიგებში კონკურსის გავლის გარეშე დანიშნონ.

აღნიშნული დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები მიზნად ისახავს პოლიციის გასამხედროებული დანაყოფების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებას, სადაც სამხედრო წოდების მქონე პირები მსახურობენ.

2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დარჩება, რაც, განმარტების მიხედვით, ითხოვს გარკვეული პოზიციების შევსების სპეციფიკური წესების დაწესებას.

მიუხედავად ამისა, კანონპროექტი არ ზღუდავს ამ ცვლილებას მხოლოდ გასამხედროებულ დანაყოფებზე და მინისტრს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, კონკურსის გარეშე დანიშვნის წესის გავრცელებისთვის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულზე. ეს ქმნის რისკს, რომ ნორმა გამოყენებული იქნება პოლიციის პოლიტიზებისთვის.

აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის გამტარებელი კადრებით პოლიციის დაკომპლექტების გასაადვილებლად იყოს გამოყენებული, რადგან ბოლო დროის მოვლენებმა, მათ შორის მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციის მიერ გამოყენებულმა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკებმა, ახალ მწვერვალს მიაღწია.

  • ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები პროტესტის მონაწილეებს ნიღბებისა და გარკვეული ტექნიკური საშუალებების გამოყენებას უკრძალავს. ეს ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ:

– კანონპროექტი ითვალისწინებს ნიღბის ტარების ბლანკეტურ აკრძალვას, რაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, არაპროპორციული შეზღუდვაა. კერძოდ, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებით, ნიღბის ტარება დემონსტრაციაზე შესაძლოა, ასევე, გამოხატვის ფორმად ჩაითვალოს და ბლანკეტური აკრძალვა არღვევს ადამიანის უფლებებს.

ნიღბის ტარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა ლეგიტიმურ მიზანთან, მაგალითად, ემსახურებოდეს შემდგომი ანგარიშსწორებისაგან თავდაცვას. დემონსტრაციაზე ნიღბის ტარება არ უნდა იყოს აკრძალული, თუ არ არსებობს მყისიერი ძალადობის აშკარა მტკიცებულება. პირს არ უნდა მოსთხოვონ, მოიხსნას ნიღაბი, თუ მისი ქცევა არ ქმნის სავარაუდო დაკავების საფუძველს.

– მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშის მიხედვით, ასეთი შეზღუდვა ხშირად გამოიყენება კონკრეტული ჯგუფების მიზანში ამოსაღებად და მათი შეკრების თავისუფლების არასათანადოდ შესაზღუდად. სპეციალური მომხსენებლის მიხედვით, არსებობს ლეგიტიმური და არაკრიმინალური მიზნები, რის გამოც დემონსტრანტები ნიღბებს ატარებენ, მათ შორის, აქციაში მონაწილეობის გამო ანგარიშსწორების შიში.

მსგავსი ბლანკეტური აკრძალვა შეუთავსებელია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთანაც. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Ibragimova v. Russia, დაადგინა მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა მე-11 მუხლის (შეკრების თავისუფლების) შუქზე, რადგანაც ეროვნულმა ორგანოებმა სოლო დემონსტრაციის მოწყობისას ნიღბის ტარების გამო პირს ბლანკეტურად დააკისრეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე.

შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ორგანიზებული ძალადობით ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობას.

ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად მიმართავს ადამიანის უფლებების ისეთ მძიმე დარღვევებს, როგორიცაა წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.

აქციის მონაწილეების მიმართ ანგარიშსწორების, კრიმინალური დაჯგუფებების მიერ მათზე შეტევის, სამართალდამცავების მხრიდან უსაფუძვლო დაკავების, მათ შორის, სახლებიდან და ოფისებიდან მათი უკანონო გადაყვანის და საჯარო სამსახურებში არსებული ზეწოლის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები აქციაზე ყოფნის დროს საკუთარი იდენტობის დაფარვას ცდილობენ, რათა თავიდან აიცილონ უკანონო, რეპრესიული ანგარიშსწორება.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციები არის მშვიდობიანი, ხოლო ის კრიმინალური, ნიღბიანი დაჯგუფებები, რომელიც ირაკლი კობახიძემ „კონტრაქციის მონაწილეებად“ მოიხსენია, სავარაუდოდ, სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირები არიან, რომლებიც სახელმწიფოს თანხმობით/ხელშეწყობით მოქმედებენ, რაზეც მიუთითებს მათ მიერ განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციის უმოქმედობა.

აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებით ცინიკურია მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო სტანდარტის საწინააღმდეგოდ, არ უზრუნველყოფს სპეციალური რაზმის წევრების მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით აღჭურვას, რაც მათ დაუსჯელობას იწვევს და ძალადობას ახალისებს.

აქედან გამომდინარე, აშკარაა რომ ხელისუფლება დაანონსებული შეზღუდვით ცდილობს ადამიანები კიდევ უფრო მოწყვლადი გახადოს ტერორის მიმართ, რომლის დამყარებასაც ლეგიტიმური და მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად ცდილობს.

გარდა სახის დაფარვისა, შეკრების მონაწილეებს ასევე აეკრძალებათ თან იქონიონ „ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას, ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას.“

მიმდინარე აქციების პარალელურად, შსს რუტინულად ატარებს უკანონო ჩხრეკებს და ადამიანებს, მათ შორის, ისეთ ლეგალურ ნივთებს ართმევს, როგორიცაა აირწინაღი და ნიღაბი.

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ შეზღუდვას შსს უკანონო ჩხრეკების გასამართლებლად და არაპროპორციულად გამოიყენებს, მათ შორის, ისეთი ლაზერული ან მანათობელი ნივთების მფლობელთა წინააღმდეგ, რომელთაც არ შეუძლიათ აღნიშნული ხელსაწყოებით რეალურად შეაფერხონ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობა ან მათი ტექნიკის ფუნქციონირება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისთვის სანქცია 2000 ლარი იქნება.

  • ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები ისეთ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც პოლიცია, როგორც წესი, საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს. ახალი რეგულაციები ითვალისწინებს:

სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმის გაზრდას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე და მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას;

ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმის 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაზრდას და განმეორებით დარღვევისთვის 2000 ლარს;

შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმის ზრდას 500 ლარიდან 5000 ლარამდე და ორგანიზატორებისთვის 15 000 ლარის ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას;

შსს-ის უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2000-ლარიან ჯარიმას და ატრიბუტიკის კონფისკაციას.

მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას ემატება ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა). აღსანიშნავია, რომ პოლიცია, როგორც წესი, სწორედ 173-ე მუხლს იყენებს დემონსტრანტების უსაფუძვლო დაკავებისას.

ცვლილებები ასევე აფართოებს იმ საფუძვლებს, რომელთა გამო შესაძლებელია პირის დაკავება, ნივთების ან დოკუმენტების ჩამორთმევა.

აშკარაა, რომ შეკრებებთან, მანიფესტაციებთან და საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებულ ქმედებებზე სანქციების არაპროპორციული ზრდით ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს.

მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენება, ხოლო სასამართლო არ ასრულებს საკუთარ ფუნქცია და პოლიციის მიერ წარმოდგენილ, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, როგორც წესი, უაპელაციოდ სარწმუნოდ მიიჩნევს, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ სანქციებს სახელმწიფო არა მართლწესრიგის დასაცავად, არამედ გამოხატვის და შეკრების უფლებების წინააღმდეგ გამოიყენებს.

  • ცვლილებები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებით საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელმწიფო დაცვის გაგრძელება და შენარჩუნება დამოკიდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის დარღვევის დადგენასთან.

ეს ცვლილება ნათლად აჩვენებს კანონის ნორმების პერსონიფიცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნორმის ადრესატი პრეზიდენტთან ერთად სხვა პირებიც არიან. იმის ფონზე, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუდგინა 48-ე მუხლის დარღვევა, ხოლო ,,ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო პარლამენტში საკმარისი ხმების მობილიზება, მისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად, ეს სადამსჯელო მექანიზმად აღიქმება და ზღუდავს ინსტიტუტს.

საიას განცხადებით, იზრდება იმ საფუძველთა ჩამონათვალი, რომელთა გამოც დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.

კოდექსში უკვე არსებულ საფუძვლებს ემატება სამართალდამრღვევის სასამართლოში დროულად წარდგენა და საქმის გაჭიანურების თავიდან აცილება, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობისთვის თავის არიდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია (მუხლი 244)“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 758 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390]
  • ტანკი – 9 532 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 19 644 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 21 072 ერთეული [+5]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 023 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 111 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 861 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 31127 ერთეული [+54]
  • სპეცტექნიკა – 3 642 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 596 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 730 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 500 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 482 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 146 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მთავარი ფოტო: Azov brigade/telegram

სად და რომელ საათამდე შეწყდა წყალი ბათუმში

დღეს, 12 დეკემბერს, ბათუმში წყალი შეწყდა არაერთ უბანსა და შემოგარენში მდებარე სოფელში.

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ: ბარცხანაში, წინსვლაში, ორთაბათუმში, ჩაისუბანში, ბენზესა და გოროდოკის დასახლებებში, ადლიაში, ჰელიმიშის, ბაქოს, მაქაცარიას, რ. ნიჟარაძის, ი. ფაღავას, ზღვისპირისა და კაჩინსკების ქუჩებზე.

ასევე წყალი შეწყდა  აეროპორტის დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში.

„ბათუმის წყლის“ ცნობით, წყალმომარაგება დღეს, 12 დეკემბრის 22:00 საათამდეა შეზღუდული.

„თავს დამესხა უცხო პირი, ჭრილობა მომაყენა სახეზე“ – სკოლის თანამშრომელი

ფიქრია ეპიტაშვილი, რომელსაც გუშინ, 11 დეკემბერს, სკოლასთან ახლოს თავს დაესხა უცნობი პირი, პოლიციამ გამოჰკითხა.

„სამსახურში მივდიოდი, როცა უცნობი პირი უკანა მხრიდან მომიახლოვდა და სახეზე დაზიანება მომაყენა. მეუბნებოდა,  „გაა**ი შენს საყვარელ ევროპაში, შენნაირ აგენტებთან და პიდარასტებთან“.  ვცდილობდი ის საგანი წამერთვა, რითაც ჭრილობა მომაყენა. ამ დროს კი დამიზიანდა ხელი რამდენიმე ადგილას“, – ამბობს ფიქრია „ბათუმელებთან“.

როგორც ფიქრია გვიყვება, თავდამსხმელი 40 წლამდე კაცია. აქამდე არასდროს უნახავს და არც არავისთან ჰქონია კონფლიქტი.

„თავდასხმის დროს სახე ნახევრად დაფარული ჰქონდა, არ ვიცნობ ამ კაცს“, – გვეუბნება ფიქრია.

ფიქრია ეპიტაშვილი იმ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ მთელ ქვეყანაში მასობრივად იმართება.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მათ 2028 წლამდე შეაჩერეს ევროკავშირთან მოლაპარაკება გაწევრიანების თაობაზე.

როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის თავდამსხმელი წახალისებული ვინმესგან, რადგან ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ, როგორ უსწორდებიან ნიღბიანი პირები საპროტესტო აქციის მონაწილეებს? – ვკითხეთ ფიქრია ეპიტაშვილს. ფიქრიას აზრით, ამას დრო გვიჩვენებს.

„ვერ გეტყვით, არ ვიცი. ჯერ კიდევ არის საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელი და ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს“, – ამბობს ფიქრია.

მას კიდევ ვკითხეთ, რამდენად ენდობა გამოძიებას, რადგან ამ დღეებში ვნახეთ, რომ პოლიცია ფაქტობრივად უმოქმედოა და მათ თვალწინ უსწორდებიან ნიღბიანი დაჯგუფებები მოქალაქეებს.

„დაველოდოთ გამოძიებას და შემდეგ მექნება ამაზე ჩემი მოსაზრება“, – გვითხრა ფიქრიამ.

ფიქრია ეპიტაშვილი კაზრეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში საინფორმაციო მენეჯერად მუშაობს.

„სახე დამეწვა, საშინლად მეწვოდა ტუჩები, ნესტოები“ – რას ჰყვება წიწაკის სპრეით მოწამლული სტუდენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ქეთო ხომერიკი 4 დეკემბერს წიწაკის სპრეით მოიწამლა თბილისში, საპროტესტო აქციაზე. მას წიწაკის სპრეი რობოკოპმა სახეში შეასხა.

„იმის წინა ღამით, როცა ოპოზიციური პარტიების ოფისების ჩხრეკა დაიწყო პოლიციამ, ერთ-ერთ ოფისში ვიყავით და დარბევის დროს რამდენიმე ადამიანი შევიფარეთ.

აივანზე ვიდექით მე და ჩემი მეგობრები, ოფისში რომ შემოსულიყვნენ და ვინმე გაეყვანათ, ზემოდან რომ გადაგვეღო ვიდეო.

ამ დროს დაგვინახეს რობოკოპებმა და ჩამოსვლის დროს, აივანზე შემოგვასხეს წიწაკის სპრეი. საათ-ნახევარი ვეგდე. სახე დამწვარი მქონდა, ვერ ვსუნთქავდი საერთოდ და ხველების გარეშე ვერ ვლაპარაკობდი.

სახე დამწვარი მქონდა. ეთანოლის ქაფი მქონდა წაღებული და იმით ვუშველე დამწვრობას. ტუჩი, ნესტოები საშინლად მეწვოდა.

ამის შემდეგ დამეწყო გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი“ – ამბობს ქეთო ხომერიკი „ბათუმელებთან“.

წიწაკით სპეით მოწამვლას აქციებზე გაზით მოწამვლაც დაემატა.

ქეთო ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სპრეით და გაზით მოწამლეს, მას თავბრუსხვევა და თავის ძლიერი ტკივილი აქვს.

მისი თქმით, ტანსაცმელს გაზისა და სპრეის სუნი დაჰყვება. „გარეცხილი ქურთუკიც კი კისერს მწვავდა, იმდენად მომწამვლელი რაღაც შეგვასხეს. ოფისშიც კი რესპირატორები გვეკეთა, ისეთი სუნი იდგა,“ – ამბობს ქეთო.

იგი იხსენებს, რომ გაზით გაზაფხულის აქციებზეც მოიწამლა, მაგრამ ახლა სხვა სიმპტომები აქვს:

„თავბრუსხვევა, თავის ტკივილის საშინელი შეგრძნება მაქვს. ახლა უფრო მეტად იმოქმედა.

სამწუხაროდ, იმის დროც არ მაქვს, რომ ექიმთან მივსულიყავი და გამოკვლევები ჩამეტარებინა, რომ გამეგო, ვთქვათ, რა ნივთიერებებით გვწამლავენ.

ჩემი ერთი მეგობარი იმდენად ცუდად იყო, რომ სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა. ფილტვების ანთება დაემართა მეორე მეგობარს“ – გვითხრა ქეთო ხომერიკმა.

ქეთოს სახეზე დამწვრობა ჩაუცხრა, თუმცა აქვს გამონაყარი. ამბობს, რომ როცა ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდება, აპირებს სამართლებრივ დავას იმ უწყებების წინააღმდეგ, ვინც ძალას გადაამეტა და აქციის მონაწილეები გაზით და სხვა მავნე ნივთიერებებით მოწამლა.

ალერგოლოგმა გიორგი კამკამიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განმარტა, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ჯანმრთელობას ცრემლმდენი გაზისა და წიწაკის სპრეის ხანგრძლივმა შესუნთქვამ.

„ყოველდღიურად ამის გამეორება საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ წინა დღის დაბინძურებას ემატება შემდგომი და კიდევ შემდგომი დღის დაბინძურება და ყველას, ვინც იქ დგას, ფაქტობრივად ყველას აცემინებს, ახველებს, იმიტომ, რომ ამის დეკონტამინაცია (გამოყოფა, გაწმენდა) არ ხდება.

ამ ნივთიერებების შესუნთქვას შემდგომში შესაძლოა მოჰყვეს ფილტვის შეშუპება, ფილტვის პერმანენტული ან მუდმივი დაზიანება, რომელიც განუსაზღვრელი დროით რჩება, თვალის დაზიანება, გლაუკომა შეიძლება განვითარდეს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიბრმავე და ამაზე მუდმივი განმარტებები უნდა კეთდებოდეს, ჯანდაცვის სამინისტრო კი არაფერს ამბობს, ფაქტობრივად, სიჩუმეა.

ჩვენი პროფესიული პატივისცემა არ გვაძლევს უფლებას, რომ არ ამოვიღოთ ხმა.

იმ ძალოვნებსაც ვეუბნებით, უღირთ ის ხელფასი, რომ თვითონაც მოიწამლონ ამ ნივთიერებებით? აფარებული ნიღბები არ დაგიცავთ.

აქციაზე არ არიან მხოლოდ ჯან-ღონით სავსე ადამიანები, ბავშვებიc არიან, ისეთი ადამიანები არიან, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

ამ ყველაფერს გარკვეული დროის შემდეგ მოჰყვება მძიმე სასამართლო პროცესები და ყველა დაისჯება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ახლა მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი, რომელიც პირდაპირ მიმართულია ჩვენი მოსახლეობის დაზიანებისკენ“ – თქვა გიორგი კამკამიძემ.

ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბერს დაიწყო, როცა „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აპირებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას გაწევრიანების თაობაზე.

საქართველოს ათიათასობით მოქალაქე, ყოველ დღე გამოდის ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების განცხადების წინააღმდეგ და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა საქართველოს არჩეულ გზას და ქვეყნის ევროპული კურსი რუსულით შეცვალა.

ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება 28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილე ათასობით ადამიანს წამლავს წიწაკიs სპრეით, ცრემლმდენი გაზით და არბევს წყლის ჭავლით, რომელშიც ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ქიმიური ნივთიერებებია შერეული.

მოქალაქეები არ აპირებენ საპროტესტო გამოსვლებისა და გაფიცვების შეწყვეტას მანამდე, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები და ქვეყანა არ დაბრუნდება ევროინტეგრაციის გზაზე.

________________

მთავარი ფოტოზე: ქეთო ხომერიკი

„შემაძრწუნებელია, რომ დემონსტრანტები ექვემდებარებიან ძალადობასა და წამებას“ – კოალიცია

„მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები მშვიდობიანი დემონსტრანტების, განსაკუთრებით, ბავშვების, ახალგაზრდების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობრივი, რეპრესიული ზომების საპასუხოდ“ –  „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

კოალიცია აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც გმობს ადამიანის უფლებების დარღვევის საგანგაშო ფაქტებს, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ.

კოალიციის შეფასებით, საქართველოს სამართალდამცავების მიერ გამოყენებული სასტიკი ტაქტიკა წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეში უგულებელყოფის მაგალითს და არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას [UNCRC].

„შემაძრწუნებელია, რომ თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენების გამო ბავშვები, ახალგაზრდები და ზრდასრულები ექვემდებარებიან ამგვარი ტიპის ძალადობას, წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. ხაზი უნდა გაესვას, რომ ამ უფლებით სარგებლობენ როგორც ზრდასრული ადამიანები, ასევე ბავშვები.

ბავშვის უფლებათა კონვენციაზე ხელმოწერით, საქართველო აღიარებს ბავშვთა გამოხატვის თავისუფლების უფლებას [მუხლი 13], გაერთიანების თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრებისთავისუფლების უფლებას [მუხლი 15]. ასევე, საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, თითოეულ ბავშვს აქვს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება [მუხლი 17].

არასრულწლოვანთა შემაძრწუნებელი ჩვენებები, [16 წლის დ.გ., რომელმაც სპეცრაზმის ხელით მძიმე დაზიანებები მიიღო და 17 წლის ლ.კ., რომელსაც ფიზიკური დაზიანება მიაყენეს და უკანონოდ დააკავეს), ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე. ეს ინციდენტები ცხადყოფს საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების უფლებების დარღვევას და ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ჩანაწერს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს დაიცვას ბავშვები ყველა ფორმის ძალადობისგან“ – ვკითხულობთ განცხადებაში. 

კოალიცია საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებას სთხოვს:

„ვთხოვთ მთავრობებს, დიპლომატიურ მისიებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას – გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს არსებულ კრიზისზე.

სამართალდამცველებად წოდებულ პირთა სისასტიკე დაუსჯელად რჩება და მშვიდობიანი მომიტინგეები, მათ შორის, ბავშვები, ახალგაზრდები, ქალები, ჟურნალისტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ძალადობის სამიზნე ხდებიან.

ჩვენ სოლიდარული უნდა ვიყოთ მათთან, ვინც დღეს, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იბრძვის მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის. ვითხოვთ იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც ძალადობს მოქალაქეებზე, ასევე, ყველა იმ ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას და უფლებებს.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას – გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო ორგანოებს, განახორციელონ შემდეგი ქმედებები:

  • ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოძიებას, მხარი დაუჭირონ საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიების წარმართვას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენებისა და მომიტინგეების, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა/ ახალგაზრდების მიმართ გავრცელებული ძალადობის ნაწილში.
  • მხარი დაუჭირონ ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებს და აქტივისტებს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ძალადობის ფაქტების დოკუმენტირებისთვის და მსხვერპლთა მხარდასაჭერად, უზრუნველყონ მათი ხმის მოსმენა და მოძალადეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება.
  • განიხილონ სანქციების დაწესება იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ და პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე.
  • დიპლომატიური არხების გამოყენებით განახორციელეთ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა უზრუნველყოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.

ახლაა გადამწყვეტი მოქმედების დრო. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას ჩაერიოს და აღუდგეს ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მზარდ ტალღას საქართველოში. ბავშვების უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვა საერთო პასუხისმგებლობაა“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

_______________________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში, 2024 წლის 3 დეკემბერი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

პროფესორსა და 4 სტუდენტს ბათუმში მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 11 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი „პროფესორის და 4 სტუდენტის საქმეზე“ მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა და ყველა მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

მამუკა ჯორბენაძე ხელოვნების უნივერსიტეტში გაფიცვის ორგანიზებაში იყო ჩართული. პროფესორი და ოთხივე სტუდენტი მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები არიან.

გამოძიების ვერსიით, მამუკა ჯორბენაძე სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტში 3 დეკემბერს შეხვედრაზე მისულ ირაკლი დევაძეს და კიდევ ერთ პირს თავს დაესხნენ, მანამდე კი, დაპირისპირება უნივერსიტეტში საპროტესტო ბანერების გაკვრას მოჰყვა.

მამუკა ჯორბენაძის და 4 სტუდენტის სასამართლო პროცესი
მამუკა ჯორბენაძის და 4 სტუდენტის სასამართლო პროცესი

გამოძიება ამ მნიშვნელოვან წინაპირობებზე არ საუბრობს, თუმცა დღეს გაფიცული სტუდენტები ჰყვებიან, რომ ბანერები უნივერსიტეტის ფოიეში ერთ-ერთმა ლექტორმა, თეა ცაგურიამ ჩამოხსნა.

„თეა ცაგურია წინააღმდეგი იყო ჩვენი გაფიცვის, გვიწოდებდა ნაცებს და მოძალადეებს… მან 2012 წელს გადაღებული კადრებიც გვაჩვენა, ამ დროს მამუკა ჯორბენაძემ ჩვენ, სტუდენტები დაგვიცვა,”- ჰყვებიან სტუდენტები.

შელაპარაკებას თეა ცაგურიას და მამუკა ჯორბენაძეს შორის ადასტურებს პროკურატურაც. ამ კონფლიქტში თეა ცაგურიას ქმარი – ირაკლი დევაძე ერთვება, რომელიც ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეა.

„ირაკლი დევაძე უნივერსიტეტში მისვლამდე დაემუქრა მამუკა ჯორბენაძეს, ამ მიმოწერის სქრინიც არსებობს“, – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მუქარის ნაწილში, მაგალითად, გამოძიებას კითხვები ბათუმის მერიის მაღალჩინოსნის მიმართ არ გასჩენია. ირაკლი დევაძეს თანმხლებ ირაკლი ნაკაშიძესთან ერთად ამ საქმეში ახლა დაზარალებულის სტატუსი აქვთ.

მთავარი დეტალი: ინციდენტი 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, გამოძიება კი 3 დღის შემდეგ, 6 დეკემბერს დაიწყო.

რატომ დაიწყო გამოძიება ინციდენტიდან 3 დღის შემდეგ და როგორ დადგინდება ფიზიკური ძალადობის კვალი, როცა ექსპერტიზა ფიზიკური დაპირისპირებიდან მინიმუმ 3 დღის დაგვიანებით ტარდება? – შეკითხვა პროკურორ პაატა ცეცხლაძეს დავუსვით.

პროკურორმა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება  მოითხოვა.

ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ კი, ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა. მან სხდომაზე ყურადღება ვიდეო ჩანაწერზე გაამახვილა, სადაც ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული. ვიდეო უნივერსიტეტის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

ადვოკატის მტკიცებით, ფიზიკური ძალადობა უნივერსიტეტში საჯარო მოხელის თანმხლებმა პირმა – ირაკლი ნაკაშიძემ წამოიწყო.

„ეს იყო ზონდერი, თუ ტიტუშკა, რომელიც იქ სპეციალურად მიიყვანა… სტუდენტები კი შეესწრნენ კონფლიქტს, როცა მათ ლექტორს ურტყამდნენ და ცხადია, მისი დაცვა სცადეს.

უნივერსიტეტში შევარდნილმა დევაძემ შეაგინა პროფესორს, ჩხუბი დაიწყო ირაკლი ნაკაშიძემ, რომელიც იქ მიიყვანეს ურჩი პროფესორის დასასჯელად.

ნაძირალა ხარ და ფაშისტიო, წერდა მანამდე ირაკლი დევაძე პროფესორს, კაცებთან გაგსინჯავ როგორი ხარო“, – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ და იმ სატელეფონო ჩანაწერზე მიუთითა, სადაც მერიის მაღალჩინოსანი პროფესორს ემუქრება.

ადვოკატმა ისაუბრა იმაზეც, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობით უნდა გაანალიზდეს, იყო თუ არა ეს აუცილებელი მოგერიება ბრალდებულების მხრიდან, მანამდე კი, ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება მიზანშეწონილი არ არის – პროფესორი და სტუდენტებიც ნასამართლევი არ არიან.

ადვოკატმა მოსამართლე ლევან ყოლბაიას შეახსენა სასამართლოს პრაქტიკაც: ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლო ძირითადად გირაოს საფუძველზე ათავისუფლებს, ვიდრე საქმეზე მოსამართლე საბოლოო განაჩენს მოაწერს ხელს.

„3 დეკემბერს მოხდა ეს შემთხვევა, 6 დეკემბერს იწყება გამოძიება, 7 დეკემბერს მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება მათ დაკავებაზე და 9-ში აკავებენ“, – მოვლების ქრონოლოგიას ადვოკატმა შოთა ხორავამ იმ აქცენტით გაუსვა ხაზი, რომ პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობს.

ამ ადვოკატმა მოსამართლეს დაზარალებულად ცნობილი პირების გამოკითხვის ოქმებზეც მიანიშნა, რომლის მიხედვითაც მერიის მაღალჩინოსანს და მის თანმხლებ პირს ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღიათ.

„ნაკაშიძემ დაადასტურა ისიც, რომ მას მუხლი სხვა შემთხვევის დროს ჰქონდა დაზიანებული და ამ კონფლიქტის დროს გაუღიზიანდა“, – დასძინა ადვოკატმა შოთა ხორავამ.

„ანრი უნიჭიერესი პიანისტია, ყველანი ძალიან ნიჭიერები არიან“, – სტუდენტებზე გაამახვილა ყურადღება მამუკა ჯორბენაძემ. მან მოსამართლეს ის უთხრა, რომ უნივერსიტეტში ბევრი საქმე ელოდება. ბრალდებულებს უშუალოდ ბრალთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.

„არაფრის დამატება არ მსურს“ – მოკლედ მიმართეს მოსამართლეს ბრალდებულის სკამზე აღმოჩენილმა სტუდენტებმა: ანრი კაკაბაძემ, გურამ მიქელაძემ, დავით გვიანიძემ, გიორგი დავითაძემ.

„რატომ არ დაიბარეთ გამოკითხვაზე ეს ადამიანები და პირდაპირ დააკავეთ?“ – პროკურორ პაატა ცეცხლაძეს მიაჩერდა ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

იმის გამო, რომ პროკურორი ხმადაბლა საუბრობდა, დარბაზში პროკურორის პოზიცია ვერ გავიგეთ, თუმცა პაატა ცეცხლაძემ აღნიშნა, რომ ის შესაბამის მტკიცებულებებს ელოდა.

პროკურორმა ასევე კატეგორიულად უარყო ადვოკატების მიერ პროცესზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ „დაზარალებულებს პრეტენზია არ გააჩნიათ“.

პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, ანრი კაკაბაძის მიმართ უკვე დაწყებულია დევნა სსკ-ის 118-ე მუხლის მიხედვით, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს და ამ საქმეზე უკვე აქვს შეფარდებული სტუდენტს გირაო.

„არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ჯერ არავის დაუდგენია მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა“, – პროკურორს მიმართა ადვოკატმა შოთა ხორავამ.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი საჯარო მოხელის, ირაკლი დევაძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა მისი ცოლის პოსტი. სოციალურ ქსელში თეა ცაგურია წერს:

„ვეხმაურები ბრალდებას, რომ თურმე “მე დავაჭერინე სტუდენტები”. ეს ამბავი მოხდა 3 დეკემბერს და უკვე 4-ში დილით სამსახურში ამის შესახებ ყველამ იცოდა, თვითონვე გაავრცელეს ეს ამბავი. ჩვენ დაგვიბარეს პოლიციაში 6 დეკემბერს, მათ უკვე ჰქონდათ ამოღებული ძალადობის ვიდეო მასალა, რომელზეც სჩანს პროფესორმა და დეკანმა, მშობლებისგან მიბარებული ბავშვები როგორ გამოიყენა ღამით პირადი ანგარიშსწორებისთვის.

დღეს გამოვითხოვეთ ინციდენტის ვიდეო, რომელიც მოხდა უნივერსიტეტში, ჩემს მეუღლეზე და მის მეგობარზე ძალადობის ფაქტამდე. მინდა პასუხი გავცე ყველა ცილისწამებას, რაც ეს დღეები ჩემი მისამართით ვრცელდება!

ამ ვიდეოში ნახავთ პასუხს ბრალდებაზე, რომ პლაკატი მე არ ჩამომიხევია და ასევე იმას, რომ მე არ მივვარდნილვარ აგრესიულად ჯორბენაძეს, ყველაფერი მოხდა პირიქით!“

ირაკლი დევაძე და თეა ცაგურია – ირაკლი დევაძის ფეისბუქგვერდი

ირაკლი ღარიბაშვილმა მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა – „ოცნების“ პრესსამსახური

„ქართულ ოცნებაში“ ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გუშინ, 10 დეკემბერს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რომ ყოფილმა პრემიერმა მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა.

„გუშინდელი საღამოდან რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ეგრეთ წოდებული მედიასაშუალებები და დაინტერესებული სუბიექტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს. ვრცელდება ცნობები პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა.

სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ვარჯიშის დროს დაიზიანა მხარი და დასჭირდა მცირე სამედიცინო დახმარება. ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ მიაქციონ ყურადღება გავრცელებულ ტყუილებს“.

ამ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ქართული ოცნების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილთან წარსულში დაახლოებული პირი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი კი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი ბზარია. მისი შეფასებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ევროინტეგრაციის საკითხში ივანიშვილმა „თავისი გუნდის ბევრი წევრი გადააგდო“.

„ქართულ ოცნებაში ძალიან ბევრი ბზარია. ირაკლი ღარიბაშვილი ორ კვირაზე მეტია არ გამოჩენილა ოფისში. დღეს ხმა გამოვიდა, რომ ტრავმატოლოგიურში იყო სხვადასხვა დაზიანებით. არ ვიცი, რას უკავშირდება, მაგრამ საიდუმლოებით მოცული ამბავია. თეა წულუკიანი არ ჩანს და დანამდვილებით ვიცი, რომ ნაწყენია, გაბრაზებული.

ივანიშვილმა არა მარტო ამომრჩეველი, ბევრი გუნდის წევრიც გადააგდო. ბევრს სჯეროდა, რომ ევროპაში მიდიოდნენ ღირსებით. ივანიშვილმა ისინიც გადააგდო და მოინდომა, თანამზრახველებად აქციოს. ბევრი ამაზე ხელს არ მოაწერს. მე მგონი, ღარიბაშვილიც არ აწერს. მე მგონი, იმიტომ დატოვა პრემიერის პოსტი, რომ მეორედ არ უნდოდა რუსული კანონის შემობრუნება. რაც ვიცი ფიზიკურ დაპირისპირებებზე, ხდება სპეცრაზმსა და შსს-ში. მეტი ინფორმაცია არ მაქვს“, – უთხრა მან „ტვ პირველს“.

  • ვინ არის გიორგი ბაჩიაშვილი

როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, 2023 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირს – გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით.

საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურის თანახმად, ბაჩიაშვილმა ბიტკოინი ინვესტორისგან, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილისგან მიითვისა. სასამართლომ ბაჩიაშვილს 2,5 მლნ. ლარის გირაო შეუფარდა. იგი ბრალს არ აღიარებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 757 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400]
  • ტანკი – 9 526 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 19 616 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 21 067 ერთეული [+3]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 023 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 111 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 859 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 31 073 ერთეული [+36]
  • სპეცტექნიკა – 3 641 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 527 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 720 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 500 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 334 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 123 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რამდენიმე დღეა ქართველებს ტალინში არ ხვდება საქართველოს ელჩი, ამიტომ მისი ფოტოები ქუჩებში გააკრეს

ესტონეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ელჩს, ზურაბ ხამაშურიძეს ისევ ეძებენ.

„დაკარგულია“- ამ შინაარსის პოსტერები დღეს, 10 დეკემბერს, ტალინის ქუჩებში გააკრეს მოქალაქეებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა ესტონეთში საქართველოს ელჩთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ელჩი არ ჩანს.

„საქართველოს ხელისუფლება სცემს, აპატიმრებს და სასტიკად არბევს პროდემოკრატიულ მომიტინგეებს. ამის მიუხედავად, საქართველოს ელჩმა დუმილი არჩია.

ჩვენ, ქართველებმა, არაერთხელ მივმართეთ ელჩს, ვითხოვეთ დიალოგი, ვეძებთ პასუხებს და ვითხოვთ პასუხისმგებლობას. მაგრამ პასუხების ნაცვლად ელჩი მიიმალა – თავი აარიდა შეხვედრებს, უგულებელყო ზარები და უარი თქვა შეხვედრაზე.

მოვუწოდებთ ელჩს შეასრულოს თავისი მოვალეობა: გამოხატოს პოზიცია, შეგვხვდეს და უპასუხოს ჩვენს კითხვებს.

დუმილი არ არის ნეიტრალიტეტი, ეს არის თანამონაწილეობა“ – წერენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად ესტონეთში, ტალინში ცხოვრობენ.

ესტონეთში მცხოვრები ემიგრანტები 5 დეკემბერსაც იმყოფებოდნენ საელჩოში, თუმცა დაცვამ მათ შენობაში გაჩერების უფლება არ მისცა.

„გამოგვაგდეს შენობიდან“ – ამბობდნენ მოქალაქეები „ბათუმელებთან“.

„დაიკარგა“ – ესტონეთში საქართველოს ელჩს, ემიგრანტები ისევ ეძებენ.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 2028 წლამდე შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანების თაობაზე, ელჩებისა და დიპლომატების ნაწილი გაემიჯნა ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას, ნაწილი კი, ისევე როგორც ესტონეთში მყოფი ზურაბ ხამაშურიძე, დუმილს ამჯობინებს.

საქართველოში მე-13 დღეა არ წყდება საპროტესტო გამოსვლები.

ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება სასტიკად უსწორდება დემონსტრანტებს – არბევს, თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს, დაკავებული და დაშავებულია 400-მდე ადამიანი. რეპრესიები გრძელდება, თუმცა მოქალაქეები არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, მოითხოვენ არალეგიტიმური ხელისუფლების გადადგომას და ახალ არჩევნებს.

რით კვებავენ ბათუმში აქციაზე გამოყვანილ ფორმიანებს – 5 დღეში ბიუჯეტიდან 45 ათასი დაიხარჯა

„1 ცალი ბურგერი ყველით და ლორით [დიდი] – 4,00 ლარი, 1 ცალი იმერული ხაჭაპური – 3,00 ლარი, 1 ცალი ღვეზელი კარტოფილით ნახევრად ფენოვანი ცომით – 1,20 ლარი, 1 ცალი ჰოთ დოგი – 2,80 ლარი, 1 ცალი ლობიანი – 1,80 ლარი, 1 ცალი შოკოლადი „სნიკერსი“ 0.80 გრ – 2,36 ლარი, 2 ბოთლი წყალი „მთის” 0.5 ლ პეტი – 1,26 ლარი, [ცალის ღირებულება 0,63 თეთრი], 1 ცალი გაზიანი გამაგრილებელი სასმელი „კოკა-კოლა” 0.5 მლ – 1.50 ლარი,“ – ეს იმ საკვების ჩამონათვალია, რასაც ბათუმის საპროტესტო აქციაზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ყოველდღიურად აჭმევენ.

ერთი ნაკრების ჯამური ღირებულება 17,92 ლარია. მხოლოდ 5 დღეში – 4 დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით – ბიუჯეტიდან აქციაზე მყოფი 500 სამართალდამცველის კვებისთვის 44 800 ლარი დაიხარჯა.

გადაუდებელი აუცილებლობის შესყიდვის საჭიროებას შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დავით ათაბეგაშვილი ასაბუთებს. მას მოუმზადებია პატაკი კვების საკითხზე:

„როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბათუმში გრძელდება აქციები, სადაც აქციის მონაწილეთა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფს მიზნით მობილიზებულია შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები, რასთან დაკავშირებითაც, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის გვესაჭიროება კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა.

გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს, 2024 წლის 04 დეკემბრიდან 2024 წლის 08 დეკემბრის ჩათვლით, 5 [ხუთი] კალენდარული დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, განახორციელოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის 500 [ხუთასი] ერთეული თანამშრომელთათვის კვებით [საკვებით, წყლით, შოკოლადით და გაზიანი გამაგრილებელი სასმელი] უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა,“ – ვკითხულობთ პატაკში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შესყიდვის დოკუმენტაციაში გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვას ამგვარად ასაბუთებს:

„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბათუმში გრძელდება აქციები, რასთან დაკავშირებითაც აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფს მიზნით, კვლავ მობილიზებულია საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბათუმში გრძელდება აქციები, რამაც განაპირობა, შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეთა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელთა პროცესში ჩართვა.

თუ კი ვერ მოხდებოდა, ქალაქ ბათუმში მიმდინარე აქციების გამო, შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეთა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელთა საკვებით [საკვებით, წყლით, შოკოლადით და გაზიანი გამაგრილებელი სასმელი] უზრუნველყოფა, ვითარება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა, როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებს,“ – აღნიშნულია შესყიდვის დოკუმენტაციაში.

—-

2024 წლის გაზაფხულზე, ანტირუსული აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის [2024 წლის აპრილ-მაისში] ჯამში 753 744 ლარი დახარჯა. აქედან ტენდერით მხოლოდ 150 ათასი ლარი, დანარჩენი კი, უტენდეროდ – გამარტივებული წესით.

ვრცლად: შსს-მ სპეცრაზმის ლანჩისთვის 88,5 ათასი ლარი დახარჯა 28 მაისის აქციის დროს

საქართველოში მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა, მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 70-ზე მეტი ჟურნალისტი, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიას.

__

ამ თემაზე:

რითი კვებავს შსს აქციის დამშლელ პოლიციელებს 

„სტუდენტები ვემიჯნებით რუსულ განათლებას და ვირჩევთ ევროპულს“- განცხადება

დღეს, 10 დეკემბერს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა განცხადება გაავრცელეს.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ემიჯნებიან იზოლაციაში მოქცეულ რუსულ განათლებას და ირჩევენ ევროპულ მომავალს.

„ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის პირობებში უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხი საგრძნობლად ჩამორჩა ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხს.

მმართველობის მე-12 წლისთავზე მთლიანად განათლების სექტორს აქვს დაკარგული პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მოქცეულია პარტიული გავლენების ქვეშ. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მიერ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეგისტრაციის დაკარგვა და შეუქმნა საფრთხე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას.

ქართველი სტუდენტები ვკარგავთ უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას, დიპლომების საერთაშორისო არენაზე აღიარების, ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას. ქართული განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცისაგან იზოლაციაში ექცევა.

გვიჩნდება კითხვა: თუ დავკარგავთ უკეთესი, ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას, კენწეროში ნამდვილად გატკბილდების?

ქართველი სტუდენტები ვემიჯნებით იზოლაციაში მოქცეულ, რუსულ განათლებას და ვირჩევთ საერთაშორისო სტანდარტის ევროპულ განათლებას. ამიტომ, სტუდენტები და ლექტორები, 11-ში, ოთხშაბათს, 4 საათზე ვიკრიბებით განათლების სამინისტროსთან. ერთად შევახსენოთ განათლების სექტორში დასაქმებულებს, ვის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და რისთვის მუშაობენ.

8-ის ნახევარზე კი მარშით ვუერთდებით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას და აქციის მოთხოვნებს:

  • დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები;
  • დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს;
  • გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“

– ნათქვამია განცხადებაში.

  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა. მასობრივი აქციები მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ისინი აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

მოსამართლემ მტკიცების ტვირთი ბრალდებულზე გადაიტანა – საია სისხლის სამართლით დაკავებულებზე

საქართველოს იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 30-ზე მეტი მოქალაქე. ამასთან, ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს, არ მიცემულა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი საიას არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, გამოუძიებელი რჩება პოლიციის ძალადობის შემთხვევები, მათ შორის, 2023 წლის მარტსა და 2024 წლის აპრილ-მაისში, საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი ძალადობა. საიას შეფასებით ანგარიშვალდებულების ასეთი დაბალი ხარისხი დაუსჯელობას პრაქტიკად აქცევს.

ამის პარალელურად მზარდია სისხლის სამართლის ინსტრუმენტების გამოყენება აქტივისტების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზანიც, საიას შეფასებით, განსხვავებული აზრის ჩახშობაა. აქტივისტებს ბრალი ედებათ ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა [სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი], აფეთქების მომზადება [სსკ-ის 18, 229-ე მუხლი], პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით [სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი] და სხვა.

საია თავის ანგარიშში მიმოიხილავს დემონსტრანტების ბრალდების საქმეებთან დაკავშირებით 2024 წლის 6 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარე პროცესებზე გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებს. მათ შორის არის პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, ბრალდებულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების გარეშე.

გარდა ამისა, გასული 4 დღის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლო საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების საქმეებს განიხილავდა. საიას წარმომადგენლები 24 ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომას ესწრებოდნენ.

ყველა შემთხვევაში, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების შესახებ – ბრალდებულების ისეთი გარემოებების მხედველობაში მიღების გარეშე, როგორებიცაა ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, მათი პიროვნება, საქმიანობა, ასაკი, ჯანმრთელობა, ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები.

დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები. ზოგიერთი იყო ერთადერთი მარჩენალი ან მომვლელი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრის. უმრავლესობა მათგანი არ იყო წარსულში ნასამართლევი, ან/და ასევე არ ჰქონდა ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

ბრალდების მხარის დასაბუთება პატიმრობის გამოყენების შესახებ ეყრდნობოდა განზოგადებულ რისკებს, როგორიცაა მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურება ან ახალი დანაშაულის ჩადენა.

  • სასამართლომ მტკიცების ტვირთი ბრალდებულებზე გადაიტანა

საიას შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს. მათ შორის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების დასაბუთებასაც, უნდა ახდენდეს ბრალდების მხარე.

აღნიშნულ ნაწილში საყურადღებოა, რომ ერთ-ერთ პროცესზე მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა: აღიარებდა თუ არა ჩადენილ დანაშაულს და თუ არ აღიარებდა, როგორ ხსნიდა, რომ აქციაზე მყოფი ასი ათასი ადამიანიდან ის აირჩიეს.

საიას შეფასებით, მოსამართლის მხრიდან მსგავსი შინაარსის კითხვის გაჟღერება ბრალდებულს აყენებს თავის მართლების პოზიციაში მაშინ, როცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მტკიცების ტვირთს არა ბრალდებულს, არამედ ბრალდების მხარეს აკისრებს, ამის საპირწონედ უმეტეს შემთხვევებში მოსამართლე ნაკლებად იყო დაინტერესებული შუამდგომლობის დასაბუთების ნაწილში ბრალდების მხარისთვის დაესვა კრიტიკული შეკითხვები.

  • ალეკო ელისაშვილის საქმე

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალეკო ელისაშვილსაც, რომელსაც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის [დევნა, ძალადობით ან ძალადობის მუქარით] ჩადენას ედავება ბრალდების მხარე.

ოპოზიციონერი აქტიური პოლიტიკოსების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, ბრალდების მხარემ და შემდგომში – სასამართლომ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა იმგვარად დაასაბუთოს, რომ საზოგადოებაში არ რჩებოდეს პატიმრობის გამოყენებით პოლიტიკოსის განეიტრალების შესახებ ეჭვები.

  •  არასათანადო მოპყრობის შემთხვევები

რამდენიმე დაკავებულმა დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. მაგალითად:

  • ალეკო ელისაშვილმა ჩვენება მისცა, რომ დაკავებისას მანქანაში ჩასვეს და სცემეს.
  • საბა სხვიტარიძემ დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილება. სხვიტარიძის განმარტებით, ის პოლიციამ ზესტაფონის გზაზე დააკავა, მისთვის არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ გადასცეს გორთან გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს და გადაიყვანეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში. დიღომში, სამმართველოს შენობაში, მეხუთე სართულზე, მას ოთხი ნიღბიანი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა, შემდგომ კი ამავე შენობის მერვე სართულზე საპატრულო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სხვა პირებთან ერთად კვლავ იძალადა მასზე.
  • რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას.

საიას შეფასებით:

ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სხვა გამოცდილებებთან ერთად, განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ პირების მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს.

„თუმცა, როგორც ჩანს, მოსამართლეებს არ სურდათ ამ დარღვევების განხილვა. კერძოდ, მაგალითად, მოსამართლემ ნანა შამათავამ დააზუსტა, ძალადობა მოხდა სისხლისსამართლებრივი დაკავებისას თუ ადმინისტრაციული დაკავების ფარგლებში. ადვოკატებმა განმარტეს, რომ ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა ადმინისტრაციული დაკავებისას, თუმცა ფაქტობრივად ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დაკავება განგრძობითი იყო.

კერძოდ, ბრალდებულები, რომლებიც თავდაპირველად 48 საათი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები, შემდგომში ფაქტობრივად შეაბრუნეს იზოლატორში, ამჯერად უკვე სისხლის სამართლის წესით, სათანადო პროცედურული გარანტიების გარეშე. ბევრმა ბრალდებულმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ შეეზღუდათ დაცვის უფლება.

მოსამართლის პოზიციით, რადგან უშუალოდ სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებისას არ უძალადიათ პირზე, ეს მისი განსახილველი არ იყო. ასეთი თვითშეზღუდვითი მიდგომა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იშლებოდა ზღვარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალწარმოებებს შორის, არ შეესაბამება კანონმდებლობას და ხაზს უსვამს მოსამართლის გულგრილობას.

არცერთი ბრალდებული ამ დროისთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ამასთან საყურადღებოა, რომ უმეტესობასთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების [ჩხრეკა/პირადი ჩხრეკა] შედეგად არ მომხდარა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთის ამოღება.

  •  „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტის არარსებობა

ადვოკატები მუდმივად ხაზს უსვამდნენ მტკიცებულებების არარსებობას, რომელიც დააკმაყოფილებდა სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. კერძოდ: 225-ე მუხლით [ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა] ბრალდებულთა სხდომაზე გაჟღერებული გარემოებების შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, უმეტესად ბრალდება არ ვლინდებოდა ბრალდებულთა შორის კოორდინაციისა ან კოლექტიური მოქმედების ფაქტი.

„ბევრს ბრალს სდებდნენ იზოლირებულ ქმედებებში სხვადასხვა დროსა და ადგილას, ურთიერთცოდნისა და განზრახვის მტკიცებულების გარეშე.“

პროკურატურა ინდივიდებს ბრალად სდებს ისეთი ქმედებების ჩადენას, როგორებიცაა საგნების სროლა [ჯოხები, ბოთლები, მუყაოს ჯოხი, დაუდგენელი მძიმე საგანი], მაგრამ ვერ აკავშირებს აღნიშნულ ქმედებებს ერთობლივ და კოლექტიურ ძალადობასთან, ასევე არ საუბრობს კონკრეტულ ზიანზე.

ამასთან კავშირში, ასევე, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ მას ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არაერთი საქმე აქვს, სადაც ანალოგიური ქმედებების განხორციელებისთვის ბრალდებულები სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად და მისთვის გაუგებარი იყო, როგორ გამიჯნა ბრალდების მხარემ ხსენებული ქმედებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისგან. მაგალითად, ქვის ან ჯოხის სროლისას, სად გადიოდა ზღვარი პირის სამართალდარღვევისა და შესაძლო დანაშაულს შორის?!

საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ბრალად წარდგენილი ქმედებები საყურადღებოა, არა მხოლოდ კონკრეტულ ბრალდებულებთან მიმართებით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობის თვალსაზრისით, არამედ იმ რისკების შეფასების ნაწილშიც, რომელთა დროსაც სისხლის სამართლებრივი მექანიზმები ბრალდების მხარის ხელში შესაძლოა იქცეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და აქციის მონაწილეთა დევნის რისკის მატარებლად.

  •  სხვა გამოწვევები

გარდა სამართლებრივი პრობლემებისა, სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის ნაწილში გამოიკვეთა ისეთი ხასიათის ტექნიკური პრობლემები, როგორებიცაა სხდომების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობის არქონა, რაც გარკვეულწილად არღვევს საჯაროობის პრინციპს. სხდომები ჩაინიშნა არასამუშაო საათებში, როცა ტექნიკურად სასამართლოს ადმინისტრაციასთან დაკავშირება არ იყო შესაძლებელი, რამაც გაართულა სხდომების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა.

საია არაერთი წელია სასამართლოს მოუწოდებს, რომ ვებგვერდის მეშვეობით უზრუნველყოს სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, თუმცა ფაქტია, რომ ხსენებულ ნაწილში საჯაროობის პრინციპის დაცვა არ წარმოადგენს სასამართლოს პრიორიტეტს.

ამასთან ერთ-ერთ სხდომაზე, დამსწრეთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, მოსამართლემ სხდომა არ ჩაატარა შედარებით უფრო დიდ დარბაზში, სადაც მეტ ადამიანს ექნებოდა დასწრების შესაძლებლობა. ერთ-ერთ სხდომაზე კი, განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო დარბაზში სამრიგად განლაგებული პოლიციის თანამშრომლები, მაშინ, როცა უსაფრთხოების რისკების დაზღვევა, დარბაზის პოლიციით გადავსების გარეშეც შესაძლებელი იქნებოდა.

საია აგრძელებს მიმდინარე საქმეებზე წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომების მონიტორინგს.

2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველო მოიცვა ფართომასშტაბიანმა ლეგიტიმურმა პროტესტმა. საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება თბილისში. ლეგიტიმური პროტესტი გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებით.

ამასთან, საიას შეფასებით, ეს საპროტესტო აქციები, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებული და, ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების წინააღმდეგ პროტესტების გაგრძელებაა, რომლებიც 2024 წელს სხვადასხვა დროს იმართებოდა.

___

მთავარი ფოტო: აპრილი მედია

ხელოვნების უნივერსიტეტი დაკავებული 4 სტუდენტისა და დეკანის გათავისუფლებას ითხოვს

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები დაკავებული 4 სტუდენტისა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის გათავისუფლებას ითხოვენ.

სტუდენტებმა დღეს, 10 დეკემბერს, უნივერსიტეტში  დაკავებულების მხარდასაჭერი აქცია მოაწყვეს.

გუშინ, 9 დეკემბერს, დააკავეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 4 სტუდენტი – დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე.

მათ პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება.

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც დაკავებულ დეკანსა და თანაკურსელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, მედიასთან ღიად ჰყვებიან კონფლიქტის განვითარების დეტალებს.

„ლექტორი გვაჩვენებდა ციხის კადრებს და ნაცებს გვეძახდა, ფაკულტეტის დეკანმა  დაგვიცვა“ - სტუდენტი

კერძოდ, მათი თქმით, კონფლიქტი დაიწყო 3 დეკემბრის დილას, როდესაც სტუდენტთა ერთი ჯგუფი ქვეყანაში მიმდინარე ანტირუსული აქციების სოლიდარობის მიზნით გაიფიცა და უნივერსიტეტში საინფორმაციო დაფებზე საპროტესტო ფურცლები გააკრა. სტუდენტებს ეს ფურცლები ჩამოუხიეს, ხოლო მას შემდეგ, რაც თავიდან სცადეს გაკვრა, ამაში ხელის შეშლა ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორმა თეა ცაგურიამ სცადა.

„ვაკრავდით პლაკატებს, რა დროსაც გამოვიდა თეა ცაგურია და ჩამოგვიხია ეს პლაკატები. გვითხრა, რომ წავსულიყავით სახლში. გვაბრალებდა, რომ ვაბულინგებდით და ვძალადობდით იმ ბავშვებზე, ვინც არ ერთვებოდა პროტესტში. რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე, რადგან თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება, რომ ჩვენ არავის არ ვთხოვდით ჩვენ გვერდით დადგომას. მე თავად ვთქვი, – ახლა გვჭირდება ერთობა, მაგრამ არავის არაფერს არ ვაძალებთ.

ცაგურიამ პირადად მე მომმართა – რატომ არ აცლი სხვებს განათლების მიღებასო. ამაზე შევეკითხე:  სად განათლებას, რუსეთში განათლებას-მეთქი? და ამ დროს ქალბატონმა თეამ ძალიან დამცინავი და ხმამაღალი ტონით მომმართა, რომ მე ვდემაგოგობ.

სწორედ ამის შემდეგ, რაც გაიგო როგორ მელაპარაკებოდა ლექტორი, მოვიდა ბატონი მამუკა ჯორბენაძე და დაიჭირა ჩვენი, სტუდენტების მხარე.

სტუდენტებს ესაუბრე წესიერი ტონით და ნუ ესაუბრები ეგრეო, –  არაერთხელ მიმართა თეა ცაგურიას. ცაგურია სტუდენტებს გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ვართ ნაცები და ნაცების გვერდით ვდგავართ. ხაზგასმით ვამბობ – არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნებით აქ მდგომი არც ერთი სტუდენტი. ამ დროს ლექტორი ტელეფონში გვაჩვენებდა ციხის კადრებს და გვეუბნებოდა ამათ უჭერთ მხარსო,“ – ჰყვება ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ გუჯაბიძე.

სტუდენტი ლექტორზე: გაფიცულებს თეა ცაგურია გვეძახდა, „თქვენ ხართ ნაცები, მოძალადეებიო“.

როგორც სტუდენტები ჰყვებიან, 3 დეკემბრის საღამოს „საქმის გარკვევა“ დაიწყო თეა ცაგურიას ქმარმა, რომელიც ბათუმის მერიაში თანამდებობის პირია. მან შეურაცხმყოფელი შინაარსის მესიჯი მისწერა მამუკა ჯორბენაძეს.

„ქალებთან ასეთი მაგარი ტრ**ი თუ გაქ, კაცებთან გაგსინჯავ ვინ ხარ ვაფშე. ენას ამოგაძრობ ნაძირალა ფაშისტო. უყვირე და უღრიალე შენს ოჯახის წევრებს. დანარჩენს პირადად გეტყვი,“ – წერს ფეისბუქზე მიწერილ მესიჯში ირაკლი დევაძე მამუკა ჯორბენაძეს.

„მოდი, აქა ვარ, უნივერსიტეტში“, – წერს პასუხად მამუკა ჯორბენაძე.

ირაკლი დევაძისა და მამუკა ჯორბენაძის მიმოწერა კონფლიქტამდე. ფოტო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაავრცელეს

თავად ირაკლი დევაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. მან ფეისბუქზე კონფლიქტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მამუკა ჯორბენაძემ “პოლიტიკურ ნიადაგზე სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს”. თავად კი უნივერსიტეტში “სასაუბროდ” მივიდა.

კადრებში, რომელიც ირაკლი დევაძემ გაავრცელა, ჩანს, როგორ შედის ის ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში და შემდეგ იწყება ჩხუბი.

„კადრებს, რომელიც გავრცელდა, სამწუხაროდ არ ახლავს ხმა, მასში ჩანს მხოლოდ მოქმედება. როცა თეა ცაგურიას ქმარი უნივერსიტეტში შემოვიდა, აგინებდა ბატონ მამუკას და შეურაცხყოფას აყენებდა,“ – ჰყვება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი „ბათუმელებთან“.

კონფლიქტი 3 დეკემბერს მოხდა, მაშინ, როცა ბათუმში სტუდენტური პროტესტი ძალას იკრებდა.

სტუდენტები, ისევე როგორც ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროევროპულ საპროტესტო აქციებში.

მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი კონფლიქტიდან 6 დღის შემდეგ, 9 დეკემბერს დააკავეს.

ადამიანის უფლებების დღის აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის – მედიაომბუდსმენი

„10 დეკემბერს, როცა მსოფლიო ზეიმობს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, გვსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ ქართული მედიის მიმართ და შევახსენოთ ყველას კრიტიკული ჟურნალისტიკის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ამ დღეს, აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის, – შეწყდეს დევნა და ძალადობა როგორც აქციის მონაწილეთა, ისე ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედიაომბუდსმენი ავრცელებს.

მედიაომბუდსმენი წერს, რომ დემოკრატიის გაძლიერებისთვის შეუცვლელია კრიტიკული მედიის როლი, რომლის დადუმებას ძალის გამოყენებით ცდილობს „ქართული ოცნება“ სამართალდამცავებისა და „ტიტუშკების“ მეშვეობით.

„ბოლო ათი დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს ძალოვანმა უწყებებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციების გაშუქებისას. ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მედიის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია.

საქართველოში მედიის თავისუფლება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მედიის საქმიანობის შეზღუდვის ყველაზე უხეშ მცდელობებს, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და დანაშაულთა დაუსჯელობის ტენდენციას. ქართულ მედიაორგანიზაციებს არსებობა უწევთ „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოცხადების და „რუსული კანონით“ გაუქმების საფრთხის პირობებში, მცირე ეკონომიკური შემოსავლების და “ქართული ოცნების” პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში მედიის ნაწილი ერთგულად აგრძელებს მაკონტროლებელი ფუნქციის – მეოთხე ხელისუფლების როლის შესრულებას შესრულებას, სიმართლის და თავისუფლებისთვის ბრძოლას,“ – წერს მედიაომბუდსმენი.

მედიაომბუდსმენი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მედია დემოკრატიის საფუძველია. ის ერთადერთი პასუხისმგებლიანი საშუალებაა, საზოგადოების თითოეულმა წევრმა მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, გამოხატოს თავისი აზრი და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

„წლების მანძილზე მინიჭებული, შეუცვლელი ფუნქციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პატივი ვცეთ და დავიცვათ მედიის ყველა წარმომადგენლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მათ შეუფერხებლად და თავისუფლად უნდა შეეძლოთ მიმდინარე მოვლენების გაშუქება და ადამიანების ინფორმირება საქართველოში.

და ბოლოს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მადლობას ვუხდით მედიის ყველა წარმომადგენელს, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის.

გვჯერა, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა სიტყვის თავისუფლებაზე გადის. ამიტომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს მოვუწოდებთ, დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, პატივი სცეს მედიას. სახელმწიფო ვალდებულია დასაჯოს მედიაზე თავდასხმის მონაწილეები და უზრუნველყოს უსაფრთხო მედიაგარემო,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

„მედიაომბუდსმენი“ აგრძელებს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მხარდაჭერას, იცავს მედიასა და თავისუფლებას.

რა თქვა საკონსტიტუციოს მოსამართლემ პრეზიდენტის სარჩელზე, რომელიც არ განიხილეს – განხვავებული აზრი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს სარჩელზე, რომლის განხილვაზეც სასამართლომ უარი თქვა.

საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე მოქმედი პარლამენტის 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

სარჩელები წარმოებაში სასამართლომ არ მიიღო. ეს გადაწყვეტილება შემდეგმა მოსამართლეებმა მიიღეს: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი.

ორმა მოსამართლემ – გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. გაგაცნობთ მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ აზრს:

„გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, იმავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2024 წლის 29 ნოემბრის №3/7/1848, 1849 განჩინებასთან დაკავშირებით.

2. №3/7/1848, 1849 განჩინებით, არსებითად განსახილველად არ იქნა მიღებული №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობას. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის საილუსტრაციოდ მიუთითებდა, მათ შორის, იმ გარემოებაზე, რომ არჩევნების მომწესრიგებელი საქართველოს კანონმდებლობა არ იყო უნარიანი, სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლისათვის უზრუნველეყო საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე არაგონივრული დაბრკოლებების გარეშე ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ამომრჩევლების საცხოვრებელი ადგილის მაქსიმალური გათვალისწინებით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნით.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 755 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350]
  • ტანკი – 9 524 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 19 596 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 21 064 ერთეული [+3]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 023 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 107 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 859 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 31 037 ერთეული [+48]
  • სპეცტექნიკა – 3 637 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 504 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 713 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 500 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 274 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 109 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონო პატიმრობაში მყოფ მამუკა ჯორბენაძეს“ – სტუდენტები

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები ფეისბუქზე განცხადებით ეხმიანებიან უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მამუკა ჯორბენაძისა და ამავე უნივერსიტეტის 4 სტუდენტის დაკავებას.

„3 დეკემბერს უნივერსიტეტში მისულებს დაგვხვდა ჩვენი ფურცელი ახეული, რომელიც გამოხატავდა პროტესტს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

შესაბამისად, დავაპირეთ ხელახლა გაგვეკრა ჩვენი პლაკატი, რა დროსაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორი, თეა ცაგურია აგრესიულად განეწყო ამ ფაქტთან დაკავშირებით და დაგვიწყო ჩხუბი.

ამ ყველაფერს შეესწრო ბატონი მამუკა ჯორბენაძე. დაიჭირა ჩვენი, სტუდენტების მხარე და უთხრა ქ-ნ თეას, რომ სტუდენტებთან ზრდილობის ფარგლებში წარემართა დიალოგი, რასაც მოჰყვა ქ-ნ თეას გაღიზიანება და შეურაცხყოფის კორიანტელი ბატონი მამუკას და სტუდენტების მისამართით.

ამას გარდა ქალბატონი თეა ბრალს გვდებდა სტუდენტების გარკვეულ ნაწილს, დანარჩენი სტუდენტების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, რაც სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინა ქ-ნ თეას მეუღლემ, ირაკლი დევაძემ, რომელიც წარმოადგენს თანამდებობის ერთ-ერთ პირს. იგი ბატონ მამუკას უგზავნის მუქარის შემცველ ტექსტებს და იბარებს შეხვედრაზე, რასაც სქრინიდანაც ვკითხულობთ. ამის შემდეგ, ბ-ნ ირაკლი მიდის უნივერსიტეტში თანმხლებ პირთან ერთად და ფიზიკურად უსწორდება ბატონ მამუკას, რასაც ცხადია, სტუდენტების რეაგირებაც მოყვა.

ჩვენ, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონო პატიმრობაში მყოფ, ბატონ მამუკა ჯორბენაძეს და დანარჩენ 4 სტუდენტს. ვითხოვთ მათ გათავისუფლებას!“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის სატელეფონო საუბრის სქრინის ფოტო, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ ირაკლი დევაძე წერს მამუკა ჯორბენაძეს, რომ „ენას ამოაძრობს“, „უღრიალოს მისი ოჯახის წევრებს“ და „დანარჩენს პირადად ეტყვის“, რაზეც სავარაუდოდ მამუკა ჯორბენაძე პასუხობს, რომ „უნივერსიტეტშია“ და „ელოდება“.

ფოტო, რომელსაც სტუდენტები ავრცელებენ

მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი ბათუმში დღეს, 9 დეკემბერს დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძის ადვოკატის თქმით, პროფესორი და მისი სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის აქტიურად იყო ჩართული სასწავლებლის გაფიცვის ორგანიზებაში. ამ უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი გაფიცულია და პროევროპულ კურსს უჭერს მხარს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 9 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: „3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა თეა ცაგურიამ, რის გამოც, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა – 1978 წელს დაბადებულმა მამუკა ჯორბენაძემ თეა ცაგურიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებული მამუკა ჯორბენაძე და მისი სტუდენტები მოგვიანებით თეა ცაგურიას მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ირაკლი დევაძეს და მის მეგობარს – 1977 წელს დაბადებულ ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ“. შს-მ გაავრცელა ფიზიკური დაპირისპირების მოკლე ვიდეოც.

ირაკლი დევაძემ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, თუმცა მან ფეისბუქზე დაწერა, რომ დეკანმა „გამოიყენა სტუდენტები“ და „ჩართო ისინი ჯგუფურ ძალადობაში“.

„ამბავი იყო მარტივად, ამ ინციდენტამდე, დღისით, დაახლოებით სამ საათზე, უნივერსიტეტში, პოლიტიკურ ნიადაგზე სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს მეუღლეს, რისთვისაც მე მას საღამოს მივწერე და მივუთითე, რომ უნდა სცოდნოდა, როგორ არ უნდა იძალადოს ქალებზე. რის შემდეგაც მან დამიბარა უნივერსიტეტში. მეგობართან ერთად მივედი აკადემიურ სივრცეში! დეკანთან! პროფესორთან! (ზოლებიანი ზედაში@) სასაუბროდ! მაგრამ შესვლისთანავე, გამარჯობის თქმის საშუალებაც არ მომცა! დანარჩენს კადრებში დაინახავთ! თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე შევუვარდი უნივერსიტეტში, კუთხეში მივიმწყვდიე ის და სასტიკად გავუსწორდი!“ – წერს ირაკლი დევაძე.

მამუკა ჯორბენაძესთან ერთად დაკავებულია 4 სტუდენტი: დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გურამ მიქელაძე და გიორგი დავითაძე. 

ბრალდებულების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ გამართულა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ბათუმში უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე მოკლეს – შსს

შინაგან საქმე სამინისტროს ცნობით, 7 დეკემბერს, ბათუმში, შურისძიების მოტივით, დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს: 2000 წელს დაბადებული ფ.თ., -ს, 1997 წელს დაბადებული ვ.დ. -ს , 2004 წელს დაბადებული ჩ.ჩ -ს და 2005 წელს დაბადებულ ა.ს. – ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მიღებული ჭრილობების შედეგად, სამი პირი ადგილზე, ხოლო ერთ-ერთი მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

პოლიციამ უკვე დააკავა ბრალდებულები.

„აჭარის პოლიციისა და შიდა ქართლი პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ი.ჯ და 1985 წელს დაბადებული ბ. თ.“ – იუწყება შსს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სამი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კობახიძემ ეკლესიას 1 ლარად ჰექტრობით მიწის ნაკვეთები გადასცა ნოემბერ-დეკემბერში 

2 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ეკლესიისთვის, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას ითვალისწინებს.

კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად  გადაეცემა დაბა მანგლისში მდებარე 3194 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და ამ ნაკვეთზე დამაგრებული 3 შენობა.

მანგლისი – მონიშნულია ეკლესიისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთები და შენობები

2 დეკემბერს გამოცემული კიდევ ერთი განკარგულების მიხედვით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად ეკლესიას გადასცეს ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში მდებარე 12 183 კვ.მეტრი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. იგივე განკარგულების მიხედვით, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს თანხმობა მისცა ეკლესიას უსასყიდლო, უზუფრუქტის წესით, გადასცეს მომიჯნავედ არსებული 3877 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ნაგებობები ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით.

მონიშნულია გადაცემული მიწის ნაკვეთები და შენობები

კობახიძის განკარგულებით, ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 296 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, #27-ის მიმდებარედ. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველყოფა ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

ქუთაისი

ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადაეცემა ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოღაში მდებარე 3125 კვ.მეტრი მიწა.

ჩხოროწყუ, ჭოღა – მონიშნულია გადაცემული მიწის ნაკვეთი

მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაცემის შესახებ განკარგულება ირაკლი კობახიძეს 22 ნოემბერსაც გამოსცა. კერძოდ, ეკლესიას გადასცეს მარნეულში, იალღუჯაში მდებარე ერთი ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

რას აქვეყნებს საკონსტიტუციოს მოსამართლე პრეზიდენტის სარჩელზე, რომელიც არ განიხილეს – განსხვავებული აზრი

„რისთვის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, თუ იგი უარს ამბობს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებაზე?!“ – კითხულობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში პრეზიდენტის სარჩელზე, რომელიც არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობას ეხება და რომლის განხილვაზეც სასამართლომ უარი თქვა.

საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე მოქმედი პარლამენტის 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

სარჩელები წარმოებაში სასამართლომ არ მიიღო. ეს გადაწყვეტილება შემდეგმა მოსამართლეებმა მიიღეს: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი.

ორმა მოსამართლემ – გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. გაგაცნობთ მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ აზრს:

„– ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს?

– ეს ვარლამის ქუჩაა. ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს.

– არა? მაშ, რა საჭიროა იგი?!

ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა საკუთარ განსხვავებულ აზრს თენგიზ აბულაძის ფილმის, „მონანიების“, ეს პასაჟი დაურთეს და რიტორიკულად დასვეს კითხვა, „რის მაქნისია გზა, თუ კი ტაძართან არ მიმიყვანს, რა სიკეთე მოაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას და პრობლემების გადაჭრას?“[1]

სამწუხაროდ, სწორედ აღნიშნული პასაჟით მიწევს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის №3/7/1848,1849 განჩინებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის დაწყება: რისთვის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, თუ იგი უარს ამბობს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებაზე?!

№1848 და №1849 კონსტიტუციურ სარჩელებზე დავა შეეხებოდა დემოკრატიული საზოგადოების არსებობის უმნიშვნელოვანეს ელემენტს, კენჭისყრის ფარულობისა და საარჩევნო უფლების საყოველთაობის კომპონენტებს. ხსენებული უფლებებით სათანადო სარგებლობა წარმოადგენს მოქალაქეთა არჩევანის თავისუფლების და, შესაბამისად, ხალხის მიერ ხელისუფლების განხორციელების კრიტიკულ წინაპირობას. ამდენად, მოცემული საქმის სათანადოდ განხილვა და გადაწყვეტა დემოკრატიის დაცვისა და განმტკიცებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საკითხი იყო.

ამავე დროს, საქმეზე წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ხმის მიცემის პროცესში, როგორც მინიმუმ, ხშირ შემთხვევაში, დამკვირვებლისათვის, გარკვეული ხარისხით, იდენტიფიცირებადი იყო, გააკეთა თუ არა არჩევანი მოქალაქემ ან/და რომელ კანდიდატს მისცა/არ მისცა ხმა ამომრჩეველმა.

ხმის მიცემის პროცესის კანონიერება შეფასდა საერთო სასამართლოების მიერ და დადგინდა, რომ კენჭისყრა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით წარიმართა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც სადავო ნორმებს იღებს და აფასებს იმ შინაარსით, რომელიც მას საერთო სასამართლოებმა მიანიჭეს, უდავოდ დადგენილად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ხმის ფარულობის დარღვევის შესაძლო შემთხვევები მომდინარეობდა კანონმდებლობიდან.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული იყო საარჩევნო კანონმდებლობის მომწესრიგებელი ნორმების ფართო სპექტრი. კერძოდ, ნორმები, რომლებიც განსაზღვრავდა კენჭისყრის ფარულობის ჩარჩოს, კენჭისყრის პროცედურას, ბიულეტენის ფორმასა და შევსების წესს. სასარჩელო მოთხოვნა უბრალოდ არ ტოვებდა სივრცეს, რათა სასამართლოს მოსარჩელის მიერ მითითებული პოტენციური პრობლემა სადავო ნორმების მიღმა ეძებნა. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი იყო სწორად ფორმულირებული სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც სადავო ნორმების (ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მათ საერთო სასამართლოებმა შესძინეს) კონსტიტუციურობის სათანადოდ შეფასებას მოითხოვდა.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე გადასაწყვეტი იყო საქმე, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, საკონსტიტუციო სასამართლოში ათწლეულების მანძილზე შეიძლება ერთხელ დადგეს დღის წესრიგში. სასამართლო ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია სადავო საკითხები, მოესმინა მხარეებისათვის და მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნების და, ზოგადად, საარჩევნო პროცესისადმი მოქალაქეთა ნდობას აღადგენდა და გააძლიერებდა.

აღნიშნულის ნაცვლად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული არგუმენტაცია და მტკიცებულებები და სარჩელები განსახილველად არ მიიღო სათანადო დასაბუთების გარეშე. მოპასუხე მხარესთან კითხვაც კი არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, რით იყო ნაკარნახევი მოსარჩელეთა მიერ მითითებული პრობლემები. ჩემი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, საქმის განხილვა მოხდა ზეპირი მოსმენის გარეშე, მაშინ, როდესაც, საკანონმდებლო ჩარჩო, ისევე, როგორც საქმის პრაქტიკული ასპექტები იძლეოდა მისი ფორსირების გარეშე, ზეპირი განხილვით, სათანადო გამოკვლევის შედეგად, გადაწყვეტის შესაძლებლობას.

კონსტიტუციურ სარჩელებში წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რომლებიც თვალნათლივ წარმოაჩენდა კანონმდებლობიდან მომდინარე, კონსტიტუციური უფლებების დარღვევის რისკებს. ამავე დროს, კონსტიტუციურ სარჩელებში დასმული საკითხები იდენტიფიცირებული იყო იმდენად ცხადად, რომ მათი აღქმა რთული არ უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტებისთვის, არამედ ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის. სასამართლოს უბრალოდ უნდა დაენახა და შინაარსობრივად შეეფასებინა სარჩელებში წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც მან არ გააკეთა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად უარი თქვა კონსტიტუციური კონტროლის, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული შეკავებისა და ბალანსის სისტემაში მისი იმანენტური ფუნქციის, განხორციელებაზე.

1. კენჭისყრის ფარულობა

1.1. კენჭისყრის ფარულობა – უფლების არსი და მიზანი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება პირდაპირ და უშუალო კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით განმტკიცებულ დემოკრატიის პრინციპთან და ამ უფლების შეუფერხებლად განხორციელება მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების პრაქტიკულ რეალიზებას, რამდენადაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მონაწილეობას სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ ხალხის სახელით მოქმედი სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმაცია, უშუალოდ სამართლიან საარჩევნო პროცესში, თითოეული მოქალაქის თავისუფალი თვითგამორკვევის შედეგად დაფიქსირებული ნებისგან მომდინარეობდეს. შესაბამისად, თანამედროვე დემოკრატიულ და პლურალისტურ წესწყობილებაში არჩევნები არის ის მექანიზმი, რომელიც სახალხო სუვერენიტეტის რეალიზაციის შესაძლებლობას ქმნის. თავის მხრივ, სახალხო სუვერენიტეტის იდეის თანახმად, საქართველოს თითოეული მოქალაქე ირჩევს რა წარმომადგენელს, საკუთარ ძალაუფლებას გადასცემს მას და ამით აძლევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, სახელმწიფოს მართვის ლეგიტიმაციას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2-3).

2. საარჩევნო უფლების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია აქტიური საარჩევნო უფლება, რომლის სათანადო განმტკიცების გარეშე, წარმოუდგენელია სახალხო სუვერენიტეტის სრულყოფილი რეალიზება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, არჩევნები არის ხელისუფლების ფორმირების საწყისი ეტაპი, როდესაც საფუძველი ეყრება მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის ნდობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე აქტიური საარჩევნო უფლების სათანადოდ დაცვას, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი როლი აქვს არჩეული ხელისუფლების მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულების, მათდამი ლეგიტიმურობის განცდის ჩამოყალიბების/განახლების თვალსაზრისით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის №3/6/813 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მელქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

3. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები არის დემოკრატიის აუცილებელი, conditio sine qua non წინაპირობა, იგი შეიცავს ურთიერთდაპირისპირებული ინტერესების მქონე ჯგუფების მიერ პროცესების მანიპულირებისა თუ ბოროტად გამოყენების რეალურ საფრთხეებს. საარჩევნო პერიოდში ყოველთვის არსებობს მოტივაცია და რისკი, რომ ცალკეულმა პირებმა თუ ჯგუფებმა მოინდომონ ამომრჩევლის ნების თავისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა. ამ პერიოდში, ამომრჩეველზე არაპირდაპირი გავლენის საფრთხე შეიძლება, მომდინარეობდეს როგორც იმ მოქალაქეებისგან, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, თუმცა სურთ, სხვა ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მოხდენაც, აგრეთვე მათგან, ვისაც ასეთი უფლება არ აქვთ და შესაძლოა, წარმოადგენდნენ გარე ძალების ინტერესებს. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირებაში დაუშვებელია არაპირდაპირი გავლენები, კონტროლი თუ ზეწოლა მესამე პირთა მხრიდან, რათა არ მოხდეს ხელისუფლების წყაროს, ხალხის ერთიანი ნების გამრუდება/ფალსიფიცირება და, შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს ხელისუფლების ორგანოების ლეგიტიმაცია და მათთვის გადაცემული სახალხო სუვერენიტეტის ავთენტურობა, მისი ნამდვილი ბუნება.

4. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ის გარემოება, რომ წარმომადგენლობით დემოკრატიაში არსებობს პროცესებით მანიპულირების რეალური რისკი, რამაც შესაძლოა, თავად პლურალისტურ, დემოკრატიულ მმართველობას შეუქმნას საფრთხე. საარჩევნო პროცესებზე არაპირდაპირი გავლენის საფრთხის აღკვეთის მიზანი, უპირველესად, არის იმის უზრუნველყოფა, რომ არჩევნების შედეგებში ასახული ხალხის ნება და მის შესაბამისად გადაცემული სახალხო ლეგიტიმაცია იყოს თავისუფალი ინდივიდების მიერ, პირად და არა სხვათა წარმოდგენების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი. საქართველოს კონსტიტუცია აღნიშნული მიზნის მისაღწევად განამტკიცებს არა მხოლოდ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ნების თავისუფლად გამოვლენის უფლებას, არამედ მისი პრაქტიკული რეალიზებისთვის განსაზღვრავს ცალკეულ გარანტიებს და ხელისუფლებას უდგენს შესაბამის ვალდებულებებს. არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფის უმთავრეს გარანტიას კენჭისყრის ფარულობა წარმოადგენს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარლამენტი აირჩევა ფარული კენჭისყრით.

5. კენჭისყრის ფარულობის გარანტია, უპირველესად, მოიაზრებს ინდივიდუალური ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნების ნებისმიერი ფორმით გაუმჟღავნებლობას და წარმოადგენს არჩევანის თავისუფლების დაცვის ქვაკუთხედს. პირის მიერ დაფიქსირებული ნების გამჟღავნებისგან დაცვის კონსტიტუციური მოთხოვნის თანახმად, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული შესაძლებლობა, ხმა მისცეს ისე, რომ მისი არჩევანი არ გახდეს ცნობილი სხვა პირთათვის, როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, აგრეთვე კენჭისყრის დასრულების შემდეგ. კენჭისყრის ფარულობა მიზნად ისახავს, დაიცვას ამომრჩევლის თვითგამორკვევის თავისუფლება, რომელიც, თავის მხრივ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, მონაწილეობს ხალხის ერთიანი ნების ჩამოყალიბებასა და სახალხო სუვერენიტეტის რეალიზებაში. იმავდროულად, სწორედ ფარულობის პირობებში ეძლევა ამომრჩეველს შესაძლებლობა, გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად, გარე სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედებისა თუ ჩარევისგან მაქსიმალურად თავისუფალ გარემოში. ამ მხრივ, სწორედ კენჭისყრის ფარულობა ქმნის ფუნდამენტურ გარანტიას და მნიშვნელოვნად აზღვევს გადაწყვეტილების მიმღებ პირს მის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებებისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კენჭისყრის ფარულობის პრინციპი არის წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომლის გარეშეც საფრთხე ექმნება დემოკრატიული სახელმწიფოს არსსა და, შესაბამისად, არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას.

6. როგორც აღინიშნა, კენჭისყრის ფარულობის უმთავრესი ფუნქციაა, უზრუნველყოს ამომრჩეველთა არჩევანის თავისუფლება. შესაბამისად, იგი მოიაზრებს არა მხოლოდ ფარულობის ფორმალურ გარანტიას, არამედ ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნის ვალდებულებას, რომელშიც ამომრჩეველს ექნება განცდა, გარანტია, რომ მას არჩევანის თავისუფლად, ფარულად გაკეთება შეუძლია. საქართველოს კონსტიტუცია საკანონმდებლო ორგანოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის იმგვარად ჩამოყალიბება, რომ პრაქტიკულად იყოს გამორიცხული იმის გამჟღავნება, ამომრჩეველმა მისცა თუ არა და ვის მისცა/არ მისცა ხმა. დემოკრატიული მმართველობისთვის აუცილებელია, რომ ამომრჩეველს არა მხოლოდ ფორმალურად ჰქონდეს, თავისუფალი ნების საფუძველზე, ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, არამედ რეალურად გააჩნდეს განცდა და რწმენა იმისა, რომ შეუძლია არჩევანის აბსოლუტურად დამოუკიდებლად გაკეთება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გამჟღავნდება. სხვა შემთხვევაში, კენჭისყრაში დაფიქსირებული არჩევანის გასაჯაროების შიშმა შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც მოქალაქეთა მხრიდან საკუთარი ნების თვითკონტროლი, აგრეთვე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ გაზარდოს მესამე პირთა მიერ ზეგავლენის მოხდენის რეალური საფრთხე.

1.2. კენჭისყრის პროცესში ფარულობის დარღვევის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები

7. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემური იყო სადავო ნორმების საფუძველზე საარჩევნო პროცესის იმგვარი ადმინისტრირება, რომლის ფარგლებშიც პირის მიერ გამოხატული ნება აღქმადი ხდებოდა სხვა, მესამე პირებისთვის. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე დაფიქსირებული (გაფერადებული ან/და მონიშნული) მარკერის კვალის ბიულეტენის უკანა მხარეს ასახვის და, შესაბამისად, საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებულ ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში მოთავსებისას, მისი ხილვადობის შედეგად, დაირღვა არჩევნების ფარულობის პრინციპი.

8. 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ამომრჩეველი, საარჩევნო ბიულეტენის შევსების შემდგომ, მას სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით, ათავსებდა ძირითად საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებულ ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში იმგვარად, რომ ბიულეტენის წინა მხარე მოჰქცეოდა ქვემოთ. საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩეველი აფერადებდა ან/და ნიშნავდა საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებულ შესაბამის წრეს. №1848 კონსტიტუციურ სარჩელზე წარმოდგენილია არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მიმდინარე საარჩევნო პროცესის ცალკეულ ეტაპს, მაგალითად, როგორიცაა, ბიულეტენის მოთავსების პროცესი ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში, ასევე საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცედურა. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალის ანალიზის საფუძველზე, იდენტიფიცირებადია სპეციალური მარკერის კვალის საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს ასახვის არაერთი ფაქტი. მაგალითად, აღნიშნულს ადასტურებს კონსტიტუციურ სარჩელზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტის ვიდეო რეპორტაჟი, რომლის ფარგლებშიც, იგი, როგორც ამომრჩეველი, აფერადებს საარჩევნო ბიულეტენს და პროცედურის დაცვით ათავსებს ძირითად საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებულ ელექტრონულ აპარატში. მოცემულ შემთხვევაშიც, ვიდეოჩანაწერში ჩანს საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს გადასული მარკერის კვალი. მსგავსი ფაქტობრივი გარემოება იკვეთება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ მიერ მომზადებულ ვიდეო მასალაშიც. ამდენად, სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესში გამოყენებული სპეციალური მარკერი ტოვებდა ვიზუალურად აღქმად, ხილულ კვალს არა მხოლოდ ბიულეტენის წინა, არამედ, ასევე მის უკანა მხარეს.

9. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებდა, რომ ჩარჩო-კონვერტი ვერ უზრუნველყოფდა არჩევნების ფარულობის პრინციპის დაცვას, რამდენადაც საარჩევნო ბიულეტენის ძირითად საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებულ აპარატში მოთავსებისას ხილული ხდებოდა ბიულეტენზე დატანილი მარკირების მონიშვნა და, შესაბამისად, ამომრჩევლის ნება. გარდა ამისა, ამომრჩევლის მიერ გამოხატული არჩევანი ხილული ხდებოდა მაშინაც, როდესაც სპეციალური ელექტრონული აპარატი უკან აბრუნებდა საარჩევნო ბიულეტენს.

10. სადავო არ არის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული სპეციალურ ჩარჩო-კონვერტი საარჩევნო ბიულეტენთან შედარებით იყო მომცრო ზომის და, ძირითადად, ფარავდა საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს. შესაბამისად, იგი ვერ უზრუნველყოფდა ბიულეტენის სრულ დაფარვას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენს მოათავსებდა ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ბიულეტენის მიმღებ ჭრილთან, აპარატი ავტომატურად იღებდა ბიულეტენს. მიუხედავად იმისა, რომ ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული აპარატი საარჩევნო ბიულეტენს იღებს სწრაფად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მაგალითად, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი) ცხადყოფს, რომ ამ პროცესში შეუიარაღებელი თვალით, ვიზუალურად აღქმადია მასზე დაფიქსირებული მარკერის (შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის გაფერადების) კვალი. იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტთა ჩამონათვალი მათი საარჩევნო ნომრების შესაბამისად იყო განლაგებული, საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს ასახული კვალი, როგორც მინიმუმ, მესამე პირისთვის იდენტიფიცირებადს ხდიდა, რომელ საარჩევნო სუბიექტს არ მისცა, ან, ცალკეულ შემთხვევაში, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ამომრჩეველმა ხმა.

11. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ არჩევნების ფარულობის დარღვევა შესაძლოა, გამოეწვია სპეციალური ელექტრონული აპარატის მიერ საარჩევნო ბიულეტენის უკან დაბრუნებას, რა დროსაც, სრულად ხდებოდა ხილული გაფერადებული საარჩევნო სუბიექტი. ხაზგასასმელია, რომ ამგვარი შემთხვევა არათუ ტექნიკურად გამორიცხული არ არის, არამედ მის პრაქტიკაში რეალიზებას თავად უშვებს კანონმდებლობა. კერძოდ, „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი უკან დააბრუნებს საარჩევნო ბიულეტენს, შესაძლებელია მისი ხელმეორედ მოთავსება ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში.

12. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ცალკეული საარჩევნო პროცედურის, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენის ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში მოთავსების პროცედურის, ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთათვის მოამზადა ნორმატიული სახის ინსტრუქცია. კერძოდ, „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის №28/2024 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში აღნიშნულია საარჩევნო ყუთისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრის მიერ ამომრჩევლისათვის აპარატში საარჩევნო ბიულეტენის მოთავსების წესის შემდეგი განმარტება: „საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით, აპარატში მოათავსეთ იმგვარად, რომ ბიულეტენის მხარე, რომელზეც განთავსებულია საცდელი წრე, მოექცეს ქვემოთ. ჩარჩო-კონვერტი დაიკავეთ მსუბუქად, რათა აპარატმა მარტივად მიიღოს საარჩევნო ბიულეტენი. დაელოდეთ, ვიდრე აპარატის ეკრანზე არ გამოჩნდება შეტყობინება „თქვენი ხმა მიღებულია“ და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეთ კენჭისყრის შენობა“. იმავდროულად, ამავე ინსტრუქციაში აპარატში საარჩევნო ბიულეტენის მოთავსების სანიმუშოდ მითითებულ ფოტოსურათზე ჩარჩო-კონვერტი იმგვარად არის მოთავსებული სპეციალური ელექტრონული აპარატის მიმღებთან, რომ აპარატის მიმღებსა და ჩარჩო-კონვერტს შორის რჩება თვალსაჩინო სივრცე, რომლის ფარგლებშიც, აპარატის მიერ ბიულეტენის ავტომატურად მიღების დროს თვალნათლივ ჩანს ბიულეტენის უკანა მხარე.

13. ხაზგასასმელია ისიც, რომ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის გარდა, საარჩევნო პროცესში ელექტრონული საშუალებების გამოყენების თაობაზე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კენჭისყრის დღეს განსახორციელებელი მოქმედებების თაობაზე, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, მოამზადა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლები და განახორციელა იმიტირებული ხმის მიცემის აქტივობები. ორივე შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია გასცემდა იდენტურ ინსტრუქციას ჩარჩო-კონვერტის საშუალებით საარჩევნო ბიულეტენის ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში მოთავსების მეთოდთან მიმართებით. მაგალითად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ცესკოს საინფორმაციო ვიდეორგოლისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარმართული საცდელი ხმის მიცემის პროცედურის მიმდინარეობიდან ირკვევა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს არ აძლევდა ინსტრუქციას ჩარჩო-კონვერტის ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის მიმღებთან ახლოს/მჭიდროდ მოთავსებასთან ან/და ბიულეტენის მიმღებში მოთავსების პროცესის პარალელურად მის სინქრონულად მიდევნებასთან/მიყოლებასთან დაკავშირებით. პირიქით, საინფორმაციო ვიდეორგოლში ასახულია, რომ ამომრჩეველი სტატიკურად აფიქსირებს ჩარჩო-კონვერტს აპარატის მიმღებთან ისე, რომ, ელექტრონულ აპარატსა და ჩარჩო კონვერტს შორის არსებული სივრცის გათვალისწინებით, მოთავსების პროცესში, ჩანს ბიულეტენის უკანა მხარე. იმავეს ადასტურებს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განხორციელებული სადემონსტრაციო ჩვენება, რომლის ფარგლებშიც, ცესკოს თავმჯდომარე ამომრჩეველს მიუთითებს, რომ მსუბუქად დაიკავოს ჩარჩო-კონვერტი და მოათავსოს აპარატის ჭრილში. მოცემულ შემთხვევაშიც, საარჩევნო ბიულეტენის მოთავსების პროცესში, ჩანს ბიულეტენის უკანა მხარე.

14. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ საარჩევნო ბიულეტენის, სპეციალური მარკერის, ჩარჩო-კონვერტისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის მახასიათებლების გათვალისწინებით, საარჩევნო ბიულეტენზე დაფიქსირებული ამომრჩევლის ნება, საარჩევნო ბიულეტენის ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში ცესკოს მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის შესაბამისად მოთავსებისას, ხილული ხდებოდა სხვა, მესამე პირებისთვის.

15. ამ თვალსაზრისით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ კენჭისყრის შენობის მოწყობის განმსაზღვრელი და კენჭისყრის პროცესის მომწესრიგებელი ნორმები ამომრჩეველს მარტო ტოვებს მხოლოდ კენჭისყრის კაბინაში, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას. ხმის მიცემის პროცედურის არცერთ სხვა ეტაპზე, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენის ძირითად საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებულ ელექტრონულ აპარატში მოთავსებისას, არათუ არ გამოირიცხება პროცესზე დაკვირვება, არამედ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ სპეციალურად განსაზღვრავს აღნიშნული უფლებამოსილების მქონე სუბიექტს. კერძოდ, დასახელებული კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამკვირვებელს უფლება აქვს, კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, ნებისმიერი ადგილიდან დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს. გარდა დამკვირვებლისა, საარჩევნო პროცესზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებენ საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე სხვა პირებიც, მაგალითად, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები. მეტიც, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილების დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო ყუთისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ზედამხედველობის პირდაპირი ვალდებულება გააჩნია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს. ამავე დადგენილების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირი/სპეციალური ჩარჩო-კონვერტების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე ზედამხედველი პირი ეხმარება ამომრჩეველს, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად ვერ ახერხებს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით აპარატში საარჩევნო ბიულეტენის მოთავსებას.

16. შესაბამისად, ირკვევა, რომ პირებს, რომლებიც უშუალოდ აკვირდებოდნენ საარჩევნო ბიულეტენის ძირითად საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებულ აპარატში მოთავსებას, გააჩნდათ შესაძლებლობა, დაკვირვების მიზნით, ადგილი დაეკავებინათ საარჩევნო ყუთის მიმდებარედ, დისტანციის დაცვის მოთხოვნის დაუცველად და დამატებითი აღჭურვილობის ან ზედმეტი ძალისხმევის გაწევის გარეშე, დაკვირვებოდნენ და დაენახათ, თუ როგორი იყო კონკრეტული ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება.

17. ხაზგასასმელია ისიც, რომ დამკვირვებელს გააჩნდა შესაძლებლობა, დაკვირვებოდა ნებისმიერი ამომრჩევლის ხმის მიცემის პროცედურის თითოეულ ეტაპს თანმიმდევრულად, ვერიფიკაციის პროცედურიდან საარჩევნო ბიულეტენის ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში მოთავსების პროცედურის ჩათვლით. სხვაგვარად, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს შეეძლო, შეემოწმებინა ამომრჩევლის ვინაობა (ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებით), ხოლო შემდეგ, თვალყური ედევნებინა მის მიერ უშუალოდ ხმის დათვლის აპარატში ბიულეტენის მოთავსების პროცესისთვის.

18. ამასთანავე, გარდა ინდივიდუალური დაკვირვებისა, საარჩევნო პროცესზე კონტროლი შესაძლოა, განხორციელებულიყო ტექნიკური საშუალების გამოყენებით, კერძოდ, ფოტო-ვიდეო გადაღების გზით. საარჩევნო პროცესის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, ფოტოვიდეოგადაღების წარმოების უფლებას. საარჩევნო პროცესის გადაღების წესებს განსაზღვრავს „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, მათ შორის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას, უფლება აქვთ, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლის პერიოდიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდის განმავლობაში: ა) აწარმოონ უწყვეტი ფოტოვიდეოგადაღება სტაციონარული ვიდეოგადამღები აპარატის მეშვეობით, კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ადგილიდან, იმგვარად, რომ ჩანდეს საარჩევნო ყუთი; ბ) ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას, უფლება აქვს, ერთჯერადად, არაუმეტეს 10 წუთისა, აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება საარჩევნო უბანზე. იმ შემთხვევაში, თუ მას სურს აწარმოოს გადაღება 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში იგი ვალდებულია დაიკავოს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული წესებიდან გამონაკლისს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომლის 58-ე მუხლის მე-6 პუნქტი კრძალავს კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღებას.

19. შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, შესაძლებელი იყო, როგორც სტატიკურად მდგომი ვიდეო კამერებით, ასევე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლების მიერ საარჩევნო უბნის სხვადასხვა ადგილიდან განხორციელებულიყო ძირითად საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის გადაღება და, შედეგად, მასში ბიულეტენის მოთავსების პროცესის ასახვა. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა სხვადასხვა საარჩევნო უბნის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებიც ადასტურებს, რომ აღნიშნული შესაძლებლობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს არაერთხელ პრაქტიკულად რეალიზდა. მათ შორის, ცალკეულ უბანზე ფოტოვიდეოგადაღება წარმოებდა იმგვარად, რომ უშუალოდ ასახავდა ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსების პროცესს.

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ცალსახა უნდა ყოფილიყო, რომ სადავო ნორმების საფუძველზე წარმართულ კენჭისყრის პროცესში: ა. არსებული ბიულეტენისა და მარკერის პირობებში ბიულეტენის უკანა მხრიდან ხილული იყო ამომრჩევლის მიერ გაფერადებული/მონიშნული წრე; ბ. ჩარჩო კონვერტით ბიულეტენის ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში მოთავსებისას დროის გარკვეულ ინტერვალში ხილული იყო ამომრჩევლის მიერ გაფერადებული/მონიშნული ადგილი; გ. საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირს შეეძლო ამომრჩევლის იდენტიფიცირებისა და ხმის მიცემის პროცესის დაკვირვება; დ. უბანზე დაშვებული იყო ფოტოვიდეოგადაღება, რომელსაც შესაძლოა, დაეფიქსირებინა ბიულეტენის ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში მოთავსების პროცესი. აღნიშნული გარემოებები, ნებისმიერ ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ კენჭისყრის პროცესი, როგორც მინიმუმ, ამომრჩეველს უტოვებდა მის მიერ მიცემული ხმის შესაძლო გამჟღავნების განცდას.

1.3. საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები

21. ზემოხსენებული კენჭისყრის პროცესის კანონთან შესაბამისობა გასაჩივრდა საერთო სასამართლოებში. საქმეზე წარმოდგენილია საერთო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლო, ერთი მხრივ, ეჭვქვეშ არ აყენებს ზემოხსენებული ფაქტების სისწორეს, მეორე მხრივ კი, საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისად ცნობს (გარდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელიც გაუქმებულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ) ჩატარებულ კენჭისყრის პროცესს.

22. მაგალითად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, „წარმოდგენილი ვიდეო-მასალით დასტურდება გარკვეულ შემთხვევებში საარჩევნო ბიულეტენის მეორე მხარეს მარკერის გადასვლის კვალი, აღნიშნული შესაძლებელია ვიზუალურად შესამჩნევი იყოს ბიულეტენის ხმისმთვლელ აპარატში მოთავსების პროცესში, დროის უმცირეს მონაკვეთში, რა დროსაც შეუძლებელია იმის დადგენა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. აღსანიშნავია, რომ ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც ამომრჩეველი ბიულეტენის კონვერტს განათავსებს გარკვეული მანძილით აპარატის მიმღებიდან. ამ მომენტს შეიძლება შეესწროს კომისიის ის წევრი, რომელიც უშუალოდ ხმის მთლელ აპარატთან იმყოფება და მისი ფუნქციაა საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა ამომრჩევლისთვის, ბიულეტენის აპარატში მოთავსებაში“ (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №3/638-24, 7.3.). საარჩევნო ბიულეტენზე მარკერის კვალის ასახვის შესაძლებლობა არ უარყო არც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ. სასამართლოს განმარტებით, „მარკერის კვალი არ იძლეოდა ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირების საშუალებას, კერძოდ, თუ კონკრეტულად რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ამომრჩეველმა ხმა. შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე ე.წ „გაფერადებული წრის კვალის“ გამოჩენა, სადავოდ გამხდარ საარჩევნო უბნებზე ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ წარმოადგენს კენჭისყრის ფარულობისა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპის დარღვევას“ (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №3/8255-24, 7.4.). სპეციალური მარკერის კვალის საარჩევნო ბიულეტენის მეორე მხარეს ასახვის თაობაზე ავითარებს პოზიციას სენაკის რაიონული სასამართლოც. სასამართლოს განმარტებით, „მიუხედავად იმისა, ზოგიერთ შემთხვევაში აისახება თუ არა ხმის მიცემის კვალი ბიულეტენის უკანა მხარეს, ჩარჩო კონვერტი წარმოადგენს დამცავ მექანიზმს სწორედ ამგვარი საფრთხეებისგან“ (სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №3/83, 7.2.).

23. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, „გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გონივრულობის ფარგლებში, უმეტეს შემთხვევებში, შეუძლებელია ამომრჩეველმა წარმოდგენილი ბიულეტენის, მარკერის და ჩარჩო კონვერტის მეშვეობით გამოხატული ნება (გაფერადებული/გაუფერადებელი, მონიშნული/მოუნიშნავი ბიულეტენი) ისე მოათავსოს ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში, რომ სრულად გამორიცხული იქნეს მისი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული დადასტურდა სხდომის დარბაზში მხარეების და სასამართლოს მონაწილეობით ჩატარებულ მტკიცებულებათა გამორკვევის პროცესში, როდესაც რამდენიმე ფარულად მონიშნული საარჩევნო ბიულეტენების სხვადასხვა პირების მიერ ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში მოთავსებისას აპარატთან მდგომი მხარეებისთვის ცნობილი გახდა ბიულეტენის თუ რა ნაწილი იყო გაფერადებული“ (თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №3/62-24 (3/63-24), 6.).

24. მაშასადამე, საერთო სასამართლოთა განმარტებები ადასტურებს ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნების ბიულეტენის ორივე მხარეს ასახვის ფაქტს ან, მინიმუმ, აღნიშნულის შესაძლებლობას. შესაბამისად, როგორც სასამართლოთა განმარტებებით, ასევე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ საარჩევნო ბიულეტენზე დატანილი მონიშვნა აისახებოდა მის უკანა, ცარიელ მხარეს, რომელიც ბიულეტენის ხმის მთვლელ ელექტრონულ აპარატში მოთავსებისას, მოქცეული იყო ზემოთ (საჩვენებელ მხარეს).

25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ნებისმიერი ნორმატიულად დადგენილი ქცევის წესი სიცოცხლისუნარიანი ხდება სასამართლოს პრაქტიკაში და მისი საშუალებით. სასამართლო ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ორგანოთა არქიტექტურაში არის ის სახელისუფლებო შტო, რომელიც საბოლოო სიტყვას ამბობს კანონმდებლობის განმარტებისა და გამოყენების თაობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-49). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).

26. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკითა და განმარტებებით (იხ., მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის №2/3/1337 გადაწყვეტილება საქმეზე „ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1/10/703 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/2/656 გადაწყვეტილება საქმეზე „სს “სილქ როუდ ბანკი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

27. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელში, ერთი მხრივ, წარმოდგენილი იყო კენჭისყრის პროცესში ფარულობის პოტენციური დარღვევის ამსახველი მტკიცებულებები. ამავე დროს, დადასტურებული იყო, რომ პროცესი წარიმართა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ვინაიდან საერთო სასამართლოს მოსამართლეებმა კანონიერად ცნეს იგი. აღნიშნული თავისთავად მიუთითებდა, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის სასამართლოს უნდა მიეჩნია, რომ კენჭისყრის პროცესის ამ ფორმით ჩატარება გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან (იმ ნორმატიული შინაარსიდან, რომელიც მათ შესძინა საერთო სასამართლოებმა), რაც აშკარას ხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობასთან დაკავშირებით შინაარსობრივი მსჯელობის საჭიროებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, ჩემმა კოლეგებმა, სადავო ნორმების შინაარსის გაანალიზების გარეშე, უბრალოდ, მიუთითეს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პრობლემები მათგან (სადავო ნორმებისგან) არ მომდინარეობს, რაც, ერთი მხრივ, არ შეესაბამება სიმართლეს, მეორე მხრივ, კი საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებაზე უარის თქმას უთანაბრდება.

1.4. სადავო ნორმების შინაარსის ანალიზი

28. №1848 და №1849 კონსტიტუციურ სარჩელებზე სადავოდ არის გამხდარი არჩევნების მომწესრიგებელი სხვადასხვა ნორმა. უპირველეს ყოვლისა, მოსარჩელე ასაჩივრებს ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავს ხმის მიცემის ფარულობის სტანდარტებს. კერძოდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით და აკრძალულია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. სწორედ ხსენებული ნორმა განსაზღვრავს, რას გულისხმობს კანონის მიზნებისათვის ხმის მიცემის ფარულობა და ადგენს მარეგულირებელ ჩარჩოს, თუ როდის ჩაითვლება იგი დარღვეულად. უფრო დეტალურად, თუ რა იგულისხმება ხმის მიცემის ფარულობაში, საქართველოს კანონმდებლობით რეგლამენტირებული არ არის.

29. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გამყარებული ფაქტების კანონთან შესაბამისობის შეფასების პროცესში, საერთო სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ხსენებული სადავო ნორმა, ფარულობის კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევად არ განსაზღვრავს ხმის მიცემის პროცესის იმგვარად წარმართვას, რომლის ფარგლებშიც, ბიულეტენის უკანა მხრიდან იდენტიფიცირებადია ამომრჩევლის მიერ მონიშნული წრე, ჩარჩო კონვერტით ბიულეტენის ხმის დათვლის აპარატში მოთავსებისას, დროის გარკვეულ ინტერვალში, შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის აღქმა და, ამავე დროს, ხორციელდება ამ პროცესის ვიდეოგადაღება და საარჩევნო უბანზე მყოფი პირის მიერ ვიზუალური დაკვირვება. ხსენებული ნორმით განსაზღვრული ფარულობის მოთხოვნის შინაარსთან დაკავშირებით განსხვავებული დასკვნის გაკეთების შემთხვევაში, საერთო სასამართლოები უკანონოდ ცნობდნენ კენჭისყრის პროცესს. საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულმა აღნიშნულმა სამართლებრივმა შეფასებებმა შესძინა სადავო ნორმებს სწორედ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არაკონსტიტუციურად იყო მიჩნეული მოსარჩელეთა მიერ და რომლის იდენტიფიცირება/შეფასება უნდა განეხორციელებინა საკონსტიტუციო სასამართლოს.

30. საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტობრივად მიუთითებს, რომ, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შესაფასებლად, საჭირო იყო ფარულობის პოტენციური დარღვევის შესაძლებლობა პირდაპირ, სახელდებით ყოფილიყო გაწერილი კანონმდებლობით. თუმცა, საკონსტიტუციო კონტროლის მიზნებისათვის, არსებითად ერთი და იგივეა ფარულობის დარღვევის შესაძლებლობას სახელდებით შექმნის კანონი, თუ ხსენებულს განაპირობებს სადავო ნორმით დადგენილი ფარულობის ზოგადი წესისათვის საერთო სასამართლოების განმარტების შედეგად მინიჭებული შინაარსი. ორივე შემთხვევის ფარგლებში, იდენტიფიცირებული შინაარსი წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის ნაწილს, რომლის კონსტიტუციურობის შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს.

31. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო, არსებითი განხილვის ფორმატში, განეხილა საქმე და დაედგინა კანონით განსაზღვრული კენჭისყრის ფარულობის პირობები რამდენად პასუხობდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კენჭისყრის ფარულობის მოთხოვნებს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითი განხილვის ფორმატში უნდა გამოეკვლია მხარეთა პოზიციები და შეეფასებინა, ხომ არ არსებობდა რაიმე გარემოება, რომელიც ამომრჩევლის ხმის ფარულობასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების განმარტების შედეგად წარმოშობილ რისკებს გაამართლებდა.

32. ასევე არასწორია ჩემი კოლეგების მითითება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, არჩევნების მომწესრიგებელ კანონმდებლობაში პრობლემა რომც არსებობდეს, მოსარჩელემ არასწორი ნორმები გაასაჩივრა. მოცემულ საქმეზე სადავო იყო არა მხოლოდ კენჭისყრის ფარულობის საკითხის მომწესრიგებელი ზოგადი ნორმები, არამედ, ასევე კენჭისყრის პროცესის მომწესრიგებელი და ბიულეტენის ფორმისა და შევსების წესის განმსაზღვრელი დებულებები. ჩემმა კოლეგებმა კი, ფაქტობრივად, მიუთითეს, რომ ბიულეტენზე „მელანის გაჟონვის“ გამო გამოწვეული პრობლემები არც ფარულობის, არც ხმის მიცემის პროცესის მომწესრიგებელ და არც თავად გამოყენებული ტექნიკური საშუალებების განმსაზღვრელ წესებს არ ეხება და მოსარჩელეს პრობლემა სხვა, ზოგად ნორმებში უნდა ეძებნა.

33. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საერთო სასამართლოების მიერ დადგინდა, რომ, ამომრჩევლის ნების გამჟღავნების რისკების მიუხედავად, კენჭისყრის პროცესი კანონის შესაბამისად წარიმართა, ხოლო, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების შინაარსის არასწორ გაგებაზე მითითებით, უარს ამბობს შეაფასოს კანონის ის შინაარსი, რომელმაც განაპირობა კენჭისყრის ზემოხსენებული ფორმით ჩატარება. შედეგად, ვიღებთ ვითარებას, რომლის ფარგლებშიც, არ ხდება შეფასება, ზემოთ ხსენებულ პირობებში ჩატარებული კენჭისყრა, პასუხობს თუ არა კენჭისყრის ფარულობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს.

1.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გავრცელება მოცემულ საქმეზე

34. კიდევ ერთი საკითხი, რომელზე მსჯელობაც, საქმის არსებითად განსახილველად მიღების ეტაპზე, შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გამხდარიყო რელევანტური, ეხება საარჩევნო წლის ფარგლებში არჩევნების თვემდე 15 თვეზე მეტი დროით ადრე მიღებული არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების უფლებამოსილებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამისი არჩევნების თვემდე 15 თვის განმავლობაში არ არის მიღებული“. საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულება ზღუდავს არჩევნების მომწესრიგებელ კანონმდებლობაში ისეთი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შესაძლებლობას, რომელთა კონსტიტუციურობაზე დავაც შესაძლებელი იყო არჩევნების თვემდე 15 თვით ადრეც. აღნიშნული კონსტიტუციური გადაწყვეტა უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს სტაბილურობას და პროცესის დადგენილ ვადებში შეუფერხებლად წარმართვას, რაც უმნიშვნელოვანესია თავისუფალი, თანასწორი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის და სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების გონივრულ ვადებში ფორმირებისთვის.

35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 4 ნოემბრის №3/6/1392 განჩინებაში, ავტონომიურად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის მითითებული დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლები. დასახელებულ განჩინებაში, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ სადავო ნორმის ნამდვილი არსი და მოქმედების რესურსი, მათ შორის, მისი არაკონსტიტუციურად წაკითხვის პოტენციალი და შინაარსი შესაძლოა, გამოვლინდეს ნორმის პრაქტიკაში გამოყენების შედეგად. შესაბამისად, არ გამოირიცხება ისეთი სიტუაცია, როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის გამოყენება საარჩევნო წლის განმავლობაში ხდება იმ შინაარსით, რომელიც არ იყო ობიექტურად განჭვრეტადი კეთილსინდისიერი მოსარჩელისათვის. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიზანიც არის საარჩევნო გარემოს სტაბილურობის დაცვა, ბუნებრივია, ვერ შეზღუდავს ისეთი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას, რომელიც თავად არის არასტაბილურობის წყარო. სხვა განმარტების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ობიექტურად წინასწარ განუჭვრეტელი სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობის შესაძლებლობის შეზღუდვა, თავად კონსტიტუციის ხსენებული დებულების მიზნისა და სულისკვეთების საწინააღმდეგო იქნებოდა. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესს დატოვებდა საკონსტიტუციო კონტროლის მიღმა და მოსარჩელეს წაართმევდა უფლების დაცვის ეფექტიან მექანიზმს. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისათვის, საარჩევნო კანონმდებლობის წინასწარ განუჭვრეტელი შინაარსით გამოყენება კანონის ახალი ნორმის მიღების იდენტურია. ამდენად, საარჩევნო წლის განმავლობაში შესაძლოა, დავა მხოლოდ არჩევნების მომწესრიგებელი ისეთი ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომლებიც მიღებულია არჩევნების თვემდე 15 თვით ადრე ან/და რომელთა წინასწარ განუჭვრეტელი შინაარსი ხსენებულ პერიოდში გამოვლინდა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/6/1392 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8-11).

36. მიუხედავად იმისა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, კენჭისყრის ფარულობასთან დაკავშირებული მთელი რიგი სადავო ნორმები არ მიღებულა 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებამდე 15 თვის ვადაში, აღნიშნული ფაქტი, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, არ წარმოადგენდა სასამართლოსთვის ხელშემშლელ გარემოებას, რათა შეეფასებინა მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმათა შინაარსის კონსტიტუციურობა. ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა, სადავო ნორმა იმგვარად იყოს ფორმულირებული, რომ, კეთილსინდისიერი წაკითხვისას, პირმა ობიექტურად ვერ შეძლოს მასში კონსტიტუციის საწინააღმდეგო შინაარსის ამოკითხვა, თუმცა ამა თუ იმ ნორმის ნამდვილი არსი და მოქმედების რესურსი შესაძლოა, გამოვლინდეს სწორედ ნორმის პრაქტიკაში გამოყენებისას. განსახილველი საქმის ფარგლებში, მოსარჩელე მხარეები გასაჩივრებული ნორმების იმ ნორმატიულ შინაარსს ხდიდნენ სადავოდ, რომელიც უკავშირდება 2024 წლის 26 ოქტომბერს ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებულ არჩევნებს. აღნიშნული ტექნოლოგიით არჩევნების ჩატარებისას, კენჭისყრის ფარულობის ნიშანთვისებები წარმოადგენდა სიახლეს, ხოლო, როგორც უკვე აღინიშნა, საარჩევნო სუბიექტებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მოლოდინი იყო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კენჭისყრის ფარულობის დაცვისთვის მიღებული იქნებოდა ყველა აუცილებელი ზომა. ამასთან ერთად, ცხადია, საერთო სასამართლოების მიერ განსაზღვრული სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი, კერძოდ, ის, რომ სპეციალური მარკერის კვალის საარჩევნო ბიულეტენის მეორე მხარეს ასახვის და აღნიშნულის სხვა პირის მიერ ვიზუალურად აღქმის შესაძლებლობის ფაქტი არ ჩაითვლებოდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევად, სადავო ნორმების ტექსტიდან, მათი შინაარსიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერი მოსარჩელისთვის ობიექტურად ვერ იქნებოდა განჭვრეტადი საერთო სასამართლოების მიერ შესაბამისი დავების გადაწყვეტამდე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების უფლებამოსილების ფარგლები, განსახილველ შემთხვევაში, არ ზღუდავდა საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, რამდენადაც გასაჩივრებული ნორმების წინასწარ განუჭვრეტელი შინაარსის კონსტიტუციურობაზე დავა შესაძლებელი არ იყო უფრო ადრე. აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არგუმენტად, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტზე არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიუთითებია №3/7/1848,1849 განჩინებაში.

37. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტი არ ზღუდავდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელების სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასა და გადაწყვეტას.

1.6. სასამართლოს მიერ საქმის არსებითად არ გადაწყვეტის გავლენა მომავალში ჩასატარებელ არჩევნებზე

38. როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვნად აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. ამავე დროს, საერთო სასამართლოებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ პროცედურა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. ამ პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განუხილველობა და, ფაქტობრივად, შინაარსობრივად არაფრის გადაწყვეტა საფრთხეს უქმნის საქართველოში მომავალში ჩასატარებელი არჩევნების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.

39. იმის გათვალისწინებით, რომ არ მომეცა საქმეზე საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციის მოსმენის შესაძლებლობა, ჩემთვის რთულია გადაჭრით მტკიცება, თუ რა პოზიცია ექნებოდა მათ მოსარჩელეთა მიერ მითითებული პრობლემების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ არსებული პრობლემის შესახებ კენჭისყრამდე იყო ცნობილი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიისათვის. კერძოდ, №1848 კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 2024 წლის 17 სექტემბრის წერილი, რომელშიც იგი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განუმარტავდა, რომ საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს მარკირების სითხე ტოვებდა კვალს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, დასახელებული ხარვეზი წარმოადგენდა მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც პირდაპირ გავლენას მოახდენდა არჩევნების ფარულობის პრინციპზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია ითხოვდა ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ან რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმებოდა მათი მხრიდან. 2024 წლის 28 სექტემბრის №01-01/1607 წერილით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ორგანიზაციას აცნობა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია და, შესაბამისად, კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას.

40. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მოქალაქეს უხსნის ხმის მიცემის პროცედურას. ხმის მიცემის მოდელირების ფარგლებში, მონაწილე პირი – ამომრჩეველი შენიშნავს საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალის გამოჩენის ფაქტს, რის თაობაზეც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების კვალის ხილვადობა განაპირობა ამომრჩევლის მხრიდან სპეციალურ მარკერზე ზედმეტმა დაჭერამ. ამდენად, თუ, ერთ შემთხვევაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პრობლემის გამომწვევ მიზეზად საარჩევნო ბიულეტენის სატესტო ვერსია დაასახელა, მეორე შემთხვევაში, მარკერის კვალის ხილვადობა მან დაუკავშირა სპეციალური მარკერის გამოყენების წესს. თუმცაღა, ზემოთ აღწერილი ორივე შემთხვევა ცხადყოფს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სრულად იყო ინფორმირებული მარკერის კვალის ხილვადობაზე.

41. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, იმისათვის, რომ, როგორც მინიმუმ, მაღალი ალბათობით, ვივარაუდოთ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პრობლემები გამოწვეულია არა საარჩევნო ადმინისტრაციის შეცდომით, არამედ წინასწარ გააზრებული ქმედებებით. ამავე დროს, ჩატარებული კენჭისყრის კანონთან შესაბამისობა უკვე დადასტურებულია საერთო სასამართლოების მიერ. შესაბამისად, არაფერი მიუთითებს, რომ, საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, მომავალი არჩევნები იქნება სხვაგვარად ადმინისტრირებული.

42. 2024 წელის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები საზოგადოებაში უდავოდ აჩენს საფუძვლიან ეჭვს კენჭისყრის ფარულობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, როგორც უკვე აღინიშნა, კენჭისყრის ფარულობის უმთავრესი ფუნქცია არჩევანის თავისუფლების დაცვაა, რაც, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილია ამომრჩეველთათვის რწმენის ჩამოყალიბებით, გარანტიის მიცემით, რომ მისი სურვილის გარეშე ვერავინ ვერ გაიგებს გააკეთა თუ არა არჩევანი და თუ გააკეთა – ვის სასარგებლოდ. საზოგადოების მიერ ხსენებული რწმენის დაკარგვის შემთხვევაში, ამომრჩეველთა ნების კონტროლის თვალსაზრისით, ყოველი მომდევნო არჩევნები იქნება უფრო და უფრო მძიმე. შესაბამისად, სადავო ნორმებს გააჩნია პოტენციალი, რომ სამომავლოდ ფაქტობრივად გააქროს არჩევანის თავისუფლების იდეა.

43. ამ ფონზე, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული დემოკრატიული ღირებულებებისთვის დამატებითი რისკის შემცველია ჩემი კოლეგების გადაწყვეტილება, რომლებმაც არ გამოიკვლიეს რამდენად რეალური იყო მოსარჩელეთა მიერ მითითებული პრობლემები. შესაძლებელი იყო თუ არა სამომავლოდ არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებული კითხვების გაქარწყლება სათანადო ბიულეტენისა და მარკერის გამოყენებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, რა ტიპის დამატებით ძალისხმევას საჭიროებდა ამომრჩეველი, რომ უზრუნველეყო სპეციალურ ელექტრონულ აპარატში საარჩევნო ბიულეტენის ფარულობის პრინციპის დაცვით მოთავსება ან, ზოგადად, შესაძლებელი იყო თუ არა საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველს ემოქმედა იმგვარად, რომ უზრუნველეყო საკუთარი არჩევანის ფარულობა. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, ფარულობის შესაძლო დარღვევის თაობაზე, მათი წინასწარი ინფორმირებულობის ფაქტის გათვალისწინებით, რამ განაპირობა საარჩევნო პროცესის სადავოდ გამხდარი ფორმით რეგულირება/ადმინისტრირება. ხომ არ იყო აღნიშნული ნაკარნახევი ტექნოლოგიური საჭიროებებით, სხვაგვარად – რამდენად შეეძლო საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო პროცესის ორგანიზება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ისე, რომ მოეხდინა მარკერის კვალის იდენტიფიცირების რისკების პრევენცია.

44. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის სათანადოდ გამოუკვლევობამ და საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიუღებლობამ, არა მხოლოდ ვერ გააქარწყლა კითხვები 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, არამედ ასევე ხელი შეუწყო, ზოგადად, საქართველოში ყოველი მომდევნო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების შესაძლებლობის ეჭვქვეშ დაყენებას. მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელები არ მიიღო არსებითად განსახილველად მაშინ, როდესაც საქმეზე წარმოდგენილი იყო სადავო ნორმების მოქმედების შედეგად გამოწვეული პრაქტიკული პრობლემების არაერთი მტკიცებულება. ამ ფონზე, ბუნებრივია, ძნელად წარმოსადგენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, სამომავლოდ, აბსტრაქტული კონტროლის ფარგლებში, იმსჯელებს ხსენებულ საკითხზე და საქმის სრულყოფილი გამოკვლევების შედეგად დაადასტურებს ან/და გააქარწყლებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებულ კითხვებს.

2. საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა

45. მოსარჩელე მხარისთვის, ასევე პრობლემური იყო საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის საკითხი. კერძოდ, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 11 ოქტომბრის №51/2024 დადგენილებისა და „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ საზღვარგარეთ ცესკომ ვერ/არ უზრუნველყო საარჩევნო უბნების საქართველოს მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს გახსნა, რის გამოც მათთვის ხელმიუწვდომელი გახადა არჩევნებში მონაწილეობა.

46. დემოკრატია თავისი საწყისი, საბაზისო არსით ხელისუფლების განხორციელებაზე მოქალაქეების წვდომას მოიაზრებს. „დემოკრატია, უშუალო გაგებით, გულისხმობს რა ხალხის მმართველობას, შესაბამისად, ის, თავისთავად, გულისხმობს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების როგორც ფორმირებაში, ისე განხორციელებაში. … დემოკრატია, პირველ რიგში, სწორედ სახალხო სუვერენიტეტის რეალიზებით ვლინდება, რადგან ხალხის მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელებაში არის დემოკრატიის ძირითადი არსი, საფუძველი და მიზანი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

47. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია. იმისათვის, რომ შედგეს «ხალხის მმართველობა», ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში და ამის საუკეთესო გზა არჩევნებია. არჩევნები თავისთავად აჩენს განცდას და რწმენას ადამიანებში, რომ ისინი უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში (ირჩევენ რა თავის რჩეულებს ან თავად არიან არჩეული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). მხოლოდ აქედან გამომდინარეობს დემოკრატიულ სისტემათა სხვა ნიშან-თვისებები.

48. ამავდროულად, არჩევნებს შეუძლია, გააძლიეროს დემოკრატია, ქვეყნის განვითარება, ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება, ან პირიქით – არათანასწორ და უსამართლო არჩევნებს შეუძლია ძირი გამოუთხაროს მას. ხელისუფალს იმ შემთხვევაში გააჩნია ლეგიტიმაცია და მოქმედებაშია დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, როცა გადაწყვეტილებათა მიმღებნი შერჩეულნი არიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საშუალებით. არჩევნები უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი სუბიექტების მიერ სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას ხალხის ნების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, „არჩევნები რომ კონსტიტუციის შესაბამისად ჩაითვალოს … უნდა უზრუნველყოს ამომრჩევლის ნების ადეკვატური ასახვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

49. მოქალაქეთა ნების ნათელი გამოვლინების უზრუნველსაყოფად, დემოკრატიულ სახელმწიფოებში არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არჩევნების საყოველთაობაა, რაც გულისხმობს მოქალაქეთა საყოველთაო ჩართულობას აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელებაში. წარმომადგენლობითი ორგანოს საყოველთაო არჩევნების გზით ფორმირების პრინციპს სახელდებით განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციაც. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს ყველა მოქალაქის უფლებას, 18 წლის ასაკიდან მიიღოს მონაწილეობა რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი აირჩევა „საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით“, 4 წლის ვადით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „სწორედ კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი, საყოველთაო და თანასწორი არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის საყრდენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

50. არჩევნების საყოველთაობის პრინციპის რეალიზებისათვის საკმარისი არ არის, ამომრჩეველს, საარჩევნო უბნის გახსნის გზით, ფორმალურად მიეცეს ხმის მიცემის საშუალება. ამავე დროს, აუცილებელია, რომ ამ უფლების რეალიზება მოხდეს გაუმართლებელი დაბრკოლებების გარეშე. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ქმედითი ზომები იმისათვის, რომ ხმის მიცემის უფლების მქონე ყველა პირმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება. ამომრჩეველთა ხმების ადეკვატური ასახვა მანდატებში ეფექტური დემოკრატიის დამახასიათებელი პრინციპია და, შესაბამისად, უპირველესი მნიშვნელობისაა. ხელისუფლებას იმიტომ მორჩილებენ, რომ ის საერთო, აღიარებული წესების მიხედვით მოიპოვებს გამარჯვებას. აღნიშნული უფლების სათანადო რეალიზაცია ქმნის მართვის გრძელვადიან პერსპექტივებს, სტაბილურ, ლეგიტიმურ და ეფექტიან დემოკრატიულ სისტემას.

51. უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში ჩართვა უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა შეინარჩუნონ კავშირები საკუთარ ქვეყანასთან და აძლიერებს მათ კუთვნილების გრძნობას იმ ერისადმი, რომლის წევრებიც ისინი არიან, მიუხედავად გეოგრაფიული თუ სხვა ფაქტორებისა. წინამდებარე საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის უფლების მნიშვნელობა. თუმცა, №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები ხსენებულ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად დაუსაბუთებლობის მოტივით. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „ამა თუ იმ ადგილას საარჩევნო უბნის გაუხსნელობა, თავისთავად, საარჩევნო უფლების დარღვევაზე არ მიუთითებს. უფლების დარღვევა შესაძლოა, სახეზე იყოს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ სახელმწიფოს, გონივრული რესურსების გაწევის პირობებში, ჰქონდა შესაძლებლობა, საზღვარგარეთ მოეხდინა საარჩევნო გეოგრაფიის უფრო ფართო დაფარვა, დამატებით ლოკაციებზე საარჩევნო უბნების გახსნა არჩევნების სათანადოდ ორგანიზების პირობით და მან ეს არ განახორციელა. სწორედ ხსენებული გარემოება უნდა ყოფილიყო სათანადოდ დასაბუთებული კონსტიტუციურ სარჩელში“ (იხ., №3/7/1848,1849 განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-4 პარაგრაფი).

52. ვიზიარებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრების მიერ განჩინებაში გამოთქმულ პოზიციას, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნა და არჩევნების სათანადოდ ორგანიზება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ტექნიკურ და ადამიანურ რესურსებთან. თუმცა, საარჩევნო ხმის მიცემის უფლებიდან მომდინარე სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულება არის არა თავშეკავება და ჩაურევლობა, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების უმრავლესობაში, არამედ პოზიტიური ზომების მიღება დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფოა საარჩევნო უფლების სრულფასოვნად რეალიზების გარანტი, სწორედ მან უნდა უზრუნველყოს არჩევნების, როგორც დემოკრატიის მაცოცხლებელი ინსტრუმენტის გამართული ფუნქციონირება. არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა არ არის პრივილეგია, დემოკრატიულ სახელმწიფოში პრეზუმფცია არსებობს არჩევნებში საზოგადოების ჩართვის სასარგებლოდ. შესაბამისად, საერთო მოსახლეობის ნებისმიერი ჯგუფისათვის/კატეგორიისათვის ხმის უფლებით სარგებლობაზე დაწესებული ბარიერები უნდა შეესაბამებოდეს უფლების შეზღუდვის მიზნებს. სხვაგვარი გადახვევა საყოველთაო საარჩევნო უფლების პრინციპიდან, საფრთხეს უქმნის ამგვარად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს და მის მიერ განხორციელებული ქმედებების დემოკრატიულ ლეგიტიმაციას.

53. წინამდებარე საქმეზე მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/7245-24), რომლითაც დასტურდება, რომ ააიპ „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგამ“ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, დავალებოდა საარჩევნო უბნის გახსნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 14 ქალაქში, კერძოდ: 1. ამერიკის შეერთებული შტატები, ქ. ბრუკლინი; 2. ამერიკის შეერთებული შტატები, ქ. ნიუ-ჯერსი; 3. ამერიკის შეერთებული შტატები, ქ. ფილადელფია; 4. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. ჰამბურგი; 5. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. დორტმუნდი; 6. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. კარლსრუე; 7. საფრანგეთის რესპუბლიკა, ქ. სტრასბურგი; 8. საფრანგეთის რესპუბლიკა, ქ. მონპელიე; 9. იტალიის რესპუბლიკა, ქ. ფლორენცია; 10. იტალიის რესპუბლიკა, ქ. ნეაპოლი; 11. იტალიის რესპუბლიკა, ქ. ლეჩე; 12. იტალიის რესპუბლიკა, ქ. უდინე; 13. იტალიის რესპუბლიკა, ქ. მოდენა; 14. ესპანეთის სამეფო, ქ. არნედო. გარდა ამისა, მოთხოვნას წარმოადგენდა ყველა იმ ქალაქში საარჩევნო უბნის გახსნა, სადაც 50 და მეტი საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე ცხოვრობდა. მოთხოვნის მიუხედავად, „ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 11 ოქტომბრის №51/2024 დადგენილებითა და „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოებში საარჩევნო უბნები შეიქმნა მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური მისიების მისამართების მიხედვით.

54. შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეთა დიდ ნაწილს საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის უწევდა შორი დისტანციის (ძირითადად, რამდენიმე ასეული კილომეტრის) გავლა, რაც ართულებდა, ცალკეულ შემთხვევაში კი შესაძლოა, გამორიცხავდა ხმის უფლების რეალიზებას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ თანახმად, სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა წარმოადგენდა 95 910-ს, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა კი – 34 574-ს. არ გამოირიცხება, რომ რეგისტრირებული ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა (თუ უმრავლესობამ არა) არჩევნებზე მისვლა ვერ შეძლეს სწორედ გეოგრაფიული დისტანციის გამო.

55. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდა სადავო ნორმების მიმართებას საარჩევნო უფლებასთან. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცხადი ხდებოდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს შეექმნათ არა უბრალო დისკომფორტი ხმის მიცემის უფლების რეალიზების პროცესში, არამედ, ზოგ შემთხვევაში, დაუწესდათ მნიშვნელოვანი ბარიერი. მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი იყო არა რაიმე ინდივიდუალური შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ მყოფ პირს საარჩევნო უფლების რეალიზებისათვის შორი დისტანციის დაფარვა უწევდა, არამედ ხსენებულის დამადასტურებელი სისტემური პრაქტიკა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში უბნები გახსნილი იყო მხოლოდ სამ ლოკაციაზე (ქ. ნიუ იურკში, ქ. სან-ფრანცისკოსა და ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში) რაც თავისთავად განაპირობებდა, რომ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებელი ადგილიდან საარჩევნო უბანი დაშორებული იყო 1000 კილომეტრზე მეტით.

56. აღნიშნულის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა საჭიროებდა მნიშვნელოვან ადამიანურ და მატერიალურ რესურსს, რისი არსებობის გონივრული შესაძლებლობაც მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია. საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეისწავლა, რა ფინანსურ ან/და ადამიანურ რესურსთან იყო დაკავშირებული უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, ასევე არ გამოიკვლია, უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის არმქონე დასახლებებში, სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს რა რესურსის მობილიზების გონივრული შესაძლებლობა ჰქონდათ. მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლო წინამდებარე განჩინებაში თვითინიციატივით უთითებს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის დამაბრკოლებელ ფაქტორად ადამიანურ და მატერიალურ რესურსზე, თუმცა არ მოუსმენია საკუთრივ აქტის მიმღები ორგანოსაგან, რა იყო რიგ ქალაქებში საარჩევნო უბნების გახსნაზე უარის თქმის რეალური მიზეზი, როგორი იყო აქტის შემოქმედის ხედვა/ახსნა – მთლიანად/ნაწილობრივ უკავშირებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მითითებულ ფაქტორს, თუ სხვა გარემოებებით იყო განპირობებული.

57. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ შეასრულა სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად კანონმდებლობით მისთვის წაყენებული მოთხოვნა, წარმოაჩინა, რომ სახეზე იყო ამომრჩეველთა უფლებით სარგებლობაზე მნიშვნელოვანი ბარიერის დაწესება. ხოლო, იმის შეფასება თუ რამდენად იყო ხსენებული ბარიერის დაწესება რესურსების სიმცირის ან/და სხვა ფაქტორებით ნაკარნახევი, საჭიროებს ისეთი სახის ინფორმაციის მოძიებას და ანალიზს, რომელიც ცესკოს, ამ შემთხვევაში მოპასუხეს, გააჩნია. სწორედ მოპასუხეა ყველაზე უკეთ ინფორმირებული სუბიექტი, რომ სასამართლოს აუხსნას, რამ გამოიწვია საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა საცხოვრებელი ადგილებიდან ამგვარი დაშორება და იყო თუ არა შესაძლებელი დამატებით ლოკაციებზე საარჩევნო უბნების გახსნა. ხსენებული ინფორმაციის/განმარტების ცესკოდან მიღების ნაცვლად, სასამართლომ, ფაქტობრივად, მოსარჩელეს დააკისრა მტკიცების ტვირთი, რომ სარჩელში დაასაბუთოს რატომ ვერ წარმოადგენს მოპასუხე მიღებული გადაწყვეტილების გონივრულობის/კონსტიტუციურობის დამადასტურებელ არგუმენტებს.

58. მიმაჩნია, რომ წინამდებარე საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად უნდა განეხილა სარჩელები და დაედგინა, შექმნა თუ არა სახელმწიფომ უფლებით სარგებლობის სათანადო გარანტიები. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია, რა ტიპის სირთულეები წარმოშვა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური მისიების მისამართების მიხედვით გახსნამ, რა მასშტაბის იყო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის ხმის უფლების რეალიზების პროცესში აღნიშნული დაბრკოლება. ამავდროულად, სასამართლოს უნდა შეესწავლა, სხვა ქალაქებში საარჩევნო უბნების გახსნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის იქნებოდა უბრალოდ ადმინისტრაციული სირთულე, თუ სერიოზული, არაგონივრული ან დაუძლეველი ამოცანა. აღნიშნული საკითხების სიღრმისეული კვლევა მნიშვნელოვანია, რათა რესურსების არარსებობის საფარქვეშ არ მოხდეს საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების დამცრობა/ილუზორულად ქცევა.

59. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვერც ამ შემთხვევაში შეაფერხებდა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის უფლებამოსილება დელეგირებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რომლის ფარგლებშიც იგი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე ქმნის მათ. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა უბნები საზღვარგარეთ და მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების წყარო გახდა, მიღებულია 2024 წლის 26 სექტემბერსა და 11 ოქტომბერს. შესაბამისად, მათ შორის საარჩევნო წელს მათი კონსტიტუციურობის შემოწმების შესაძლებლობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს.

60. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ დავეთანხმები საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებს სასარჩელო მოთხოვნის ხსენებულ ნაწილში №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ. მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო საქმე, გამოეკვლია, თუ რა მოტივით გახსნა/არ გახსნა უბნები საზღვარგარეთ ცესკომ, შეეფასებინა ის ტვირთი, რასაც სახელმწიფოსათვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა წარმოშობდა, რესურსი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნდა და საქმის სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.

თურქეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა ბათუმისკენ მომავალი 4 ადამიანი იმსხვერპლა

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 9 დეკემბერს, თურქეთში, ქალაქ ართვინის არჰავის რაიონში, მეწყერში ჩამარხული ავტომანქანიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიღეს.

მეწყერმა, რომელიც ხეობაში 8 დეკემბერს ჩამოწვა, მიწის და კლდის მასები ფერდობზე ჩამოშალა და გზატკეცილი გადაკეტა. მეწყერში მოყოლილი ავტომანქანა დრონის სკანირების შედეგად აღმოაჩინეს.

მედიის ცნობით, დაღუპულები თურქეთის მოქალაქეები არიან და ისინი ბათუმში მოდიოდნენ.

_______________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი – ისინი აქციებში მონაწილეობდნენ

დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძის ადვოკატის თქმით, პროფესორი და მისი სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის აქტიურად იყო ჩართული სასწავლებლის გაფიცვის ორგანიზებაში. ამ უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი გაფიცულია და პროევროპულ კურსს უჭერს მხარს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 9 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა თეა ცაგურიამ, რის გამოც, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა – 1978 წელს დაბადებულმა მამუკა ჯორბენაძემ თეა ცაგურიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებული მამუკა ჯორბენაძე და მისი სტუდენტები მოგვიანებით თეა ცაგურიას მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ირაკლი დევაძეს და მის მეგობარს – 1977 წელს დაბადებულ ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ“.

შსს-ს მიერ დასახელებული ინიციალები თ.ც. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი თეა ცაგურიაა, მან ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა. გასაუბრება ვერც მის მეუღლესთან მოხერხდა – ირაკლი დევაძე ბათუმის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეა. ამ უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ირაკლი დევაძე შვებულებაშია.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ მამუკა ჯორბენაძეს პოლიტიკური ნიშნით დევნიან, რადგან ის გაფიცვაში აქტიურად იყო ჩართული:

„მოგეხსენებათ, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცული არიან, მათ ერთ-ერთი ლექტორი, თეა ცაგურია მოუწოდებდა, არ გახვიდეთ აქციაზეო. ამ თემაზე ჰქონდა საუბარი მამუკა ჯორბენაძეს თავის კოლეგასთან, თეა ცაგურიასთან,“ – უყვება „ბათუმელებს“ ადვოკატი დავით ჯაფარიძე, – „ინციდენტი 3 დეკემბერს მოხდა, დაახლოებით საღამოს 10 საათზე – ხელოვნების უნივერსიტეტში მივიდა თეა ცაგურიას ქმარი და ბათუმის მერიის თანამშრომელი – ირაკლი დევაძე. მას კიდევ ახლდა ერთი პირი. ისინი თავს დაესხნენ მამუკა ჯორბენაძეს.

საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივარ, მაგრამ ვიცი, რომ უკვე ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, სხვა დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

მამუკა ჯორბენაძესთან ერთად იყო 4 სტუდენტი, რომლებიც შეესწრნენ ამ თავდასხმას. ერთ-ერთი სტუდენტი, 21 წლის დავით გვიანიძე ასევე არის მამუკა ჯორბენაძის დისშვილი.

„ბათუმელებმა“ დაადგინა კიდევ ორი დაკავებული სტუდენტის ვინაობა – პროფესორთან ერთად დააკავეს 20 წლის გურამ მიქელაძე და ასევე 20 წლის ანდრო კაკაბაძე არიან. მეოთხე სტუდენტი გიორგი დავითაძე, ვინც პოლიციამ დღეს დააკავა 22 წლისაა.

ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ გამართულა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ჯორბენაძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი და სახვითი სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანია. ის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი იყო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა განცხადებაზე, რომლითაც სტუდენტები და ლექტორები აცხადებენ, რომ მზად არიან იბრძოლონ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

მამუკა ჯორბენაძის ოჯახის წევრებს, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლებს, დღეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის დაკავებაზე საუბარი არ სურდათ. უნივერსიტეტის რექტორმა თეიმურაზ კეჟერაძემ  ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ დღეს მხოლოდ ის დაუდასტურა, რომ კონფლიქტი უნივერსიტეტში მოხდა და „სხვა დეტალები არ იცის“.

____________

ფოტოზე: მამუკა ჯორბენაძე/facebook

კაცი, რომელიც მანქანით დაეჯახა აქციის მონაწილეებს, წელს 26-ჯერ დააჯარიმეს, მაგრამ არც ერთი ჯარიმა არ გადაუხდია

ავტომანქანა, რომელიც წუხელ ბათუმში, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს განზრახ დაეჯახა, 2024 წელს 26-ჯერ არის დაჯარიმებული. ჯარიმების რაოდენობა 3560 ლარია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანის მფლობელს არც ერთი ჯარიმა გადახდილი არ აქვს.

წუხელ აქციის მინაწილეთაგან მინივენის შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

გუშინ, 8 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს და ავტომანქანების მოძრაობა აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე წრიულთან 40 წუთით სრულად შეაჩერეს.

მაშინ, როცა გზაჯვარედინზე მოძრაობა ყველა მიმართულებით შეჩერდა, ერთ-ერთი ავტომანქანა – მინივენი ნომრით RI-100-FA – საპროტესტო მსვლელობის რამდენიმე მონაწილეს დაეჯახა. მალევე ავტომანქანამ უკან დაიხია, რადგან მას წინ შეძახილებით აქციის მონაწილეები დაუდგნენ. ავტომანქანა აქციის მონაწილეებისგან მოშორებით გაჩერდა. ამ პროცესს თვლას ადევნებდა პატრულ-ინსპექტორიც.

„კინაღამ გადაგვიარა მანქანამ, ის განარიდა პოლიციამ და მაშინვე უკან დაიხია, მაგრამ ეს არის დანაშაული… მესმის, რომ ყველას სახლში ეჩქარება, მაგრამ მეც საოპერაციოდან გამოვდივარ და აქ ვდგები,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის მონაწილემ, ექიმმა შაკო კუტალაძემ.

ავტომანქანა, რომელიც აქციის რამდენიმე მონაწილეს დაეჯახა, ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 2024 წელს 26-ჯერ არის დაჯარიმებული. მინივენი ნომრით RI-100-FA ბათუმში მცხოვრებ ქალს ეკუთვნის. თუმცა ინციდენტის დროს ავტომანქანას კაცი მართავდა.

რა რეაგირება ჰქონდა ამჯერად პოლიციას, როცა ავტომანქანა საპროტესტო აქციის მონაწილეებს განზრახ დაეჯახა? – ვკითხეთ შსს-ს პრესცენტრს. პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

___

  • რა ხდება?

საქართველოში მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა, მას შემდეგ გამწვავდა, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

„არა დიქტატურას! არა გაყალბებულ არჩევნებს!“ – უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმების განცხადება

უცხოეთში მცხოვრები ექიმები განცხადებას ავრცელებენ და ითხოვენ ძალადობის შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს.

„ჩვენ, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი ექიმები, ერთპიროვნულად ვემიჯნებით იმ სასტიკ ძალადობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საზიანო ქმედებებს, რასაც ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა თავისი სამართალდამცავების მეშვეობით საკუთარი ხალხის თავისუფალი ნების ჩასახშობად ახორციელებს.

ასევე, ვაპროტესტებთ არჩევნების გაყალბებასა და ჩვენი ხელისუფლების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ჩვენი ქვეყნისათვის ევროატლანტიკური გეოპოლიტიკური გეზის რადიკალურად შეცვლის პოლიტიკასა და დასავლეთის ცივილიზაციისაგან საქართველოს იზოლაციის მცდელობას.

საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები მკაფიო პროტესტს ვუცხადებთ ძალადობასა და მთავრობის მხრიდან გატარებულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ ქმედებებს!

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოვითხოვთ, შეწყდეს ძალადობა, დაგვიბრუნოთ წართმეული ხმის უფლება და ჩატარდეს ხელახალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები! არა ძალადობას! არა დიქტატურას! არა გაყალბებულ არჩევნებს! არა ჩვენი მთავრობის სახით რუსული რეჟიმის გაბატონების მცდელობას საქართველოში!

მენტალურად და ისტორიულად საქართველოს ადგილი ევროპის კავშირშია!“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს ამ დროისთვის 122, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი ექიმი აწერს.

  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

________________________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში, 2024 წლის 3 დეკემბერი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

Exit mobile version