მთავარი,სიახლეები

„თუ იზიარებ პრინციპს – ყველა რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ თანმიმდევრულობაა საჭირო“ – ინტერვიუ

17.05.2025 •
„თუ იზიარებ პრინციპს – ყველა რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ თანმიმდევრულობაა საჭირო“ – ინტერვიუ

თბილისში, საპროტესტო აქციაზე, სადაც საზოგადოება პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციას მართავდა, 9 მაისს, მცირე ინციდენტი მოხდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშს, გალაქტიონის ხიდის მიმდებარედ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი მიუახლოვდა, რომლებმაც თავიანთი პლაკატები გაშალეს მარშის წინ.

როგორც მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გოტა ჭანტურია ამბობს „ბათუმელებთან“, მათ სააკაშვილის მხარდამჭერებს ორჯერ სთხოვეს არ გადაეფარათ მათი ბანერები სააკაშვილის პლაკატით, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა. „იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ“-ამბობს გოტა ჭანტურია.

ამ ფაქტს ფეისბუქში დიდი კამათი და განხილვა მოჰყვა.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის პლაკატი არ უნდა ჩანდეს სინდისის პატიმრების მხარდამჭერ აქციაზე, ნაწილი კი თვლის, რომ პროტესტის უფლება აქვს ყველას, მათ შორის სააკაშვილის მხარდამჭერებსაც. 

რატომ რჩება ეს თემა „განხეთქილების ვაშლად“ და შეიძლება თუ არა ამ უთანხმოებამ დააზიანოს საყოველთაო პროტესტი, რომელიც 170-ე დღეა იმართება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო იაგო, საპროტესტო აქციებზე სააკაშვილის პლაკატის გამოჩენას არაერთხელ მოჰყვა უთანხმოება, თუმცა ყველაზე მწვავე რეაქცია გასულ კვირას ვნახეთ, როცა სააკაშვილის პლაკატი არ გააშლევინეს ერთ-ერთ მხარდამჭერს. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს და დასრულდეს ეს დაპირისპირება?

თუ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიული საზოგადოება პირველ რიგში ეს არის პლურალისტული საზოგადოება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ჯგუფებს ევალებათ თანაცხოვრება. შესაძლოა მძაფრ კონკურენციაში ყოფნა, მაგრამ მაინც ევალებათ თანაცხოვრება. 

ვინც ამ თანაცხოვრებას ხელს უშლის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ეს ერთმნიშვნელოვანი და სრულიად ცხადია. 

ოღონდ აქ უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული ნიუანსები, გარკვეული დეტალები. კერძოდ, ამ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ჯგუფების თანაცხოვრების პროცესში, არ უნდა იქნეს ჩადენილი თანაცხოვრებისთვის შეუფერებელი ან დევიანტური ქმედებები. 

თანაცხოვრებისთვის შეუფერებელი ქმედებები შეიძლება იყოს იმ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, რომლებიც შენი პოლიტიკური გემოვნების მატარებელი არ არიან, ნებისმიერი შეუსაბამო ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს განსხვავებულად მოაზროვნეთა ფუნდამენტური უფლებების ხელყოფა. 

აი, ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. 

ახლა რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტს, როცა მოხდა სააკაშვილის პლაკატის წართმევა მის მხარდამჭერზე. ამასთან დაკავშირებით მოვისმინე სრულიად განსხვავებული პოზიციები. სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცხადია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს აქვთ შესაძლებლობა და უფლება, გაშალონ მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი საპროტესტო აქციაზე, მაგრამ ეს არ უნდა გამოიყენონ აქციაზე გამოსული სხვა ჯგუფების გადასაფარად ან ხელშემშლელად. 

მეორე მხრივ, ითქვა ისიც, რომ არანაირი ხელშეშლა არ ყოფილა. ამიტომ, ამ დეტალებზე საუბარი ჩემთვის რთულია. 

მაგრამ, ჩემთვის ერთი რამ სრულიად ნათელია, რომ დემოკრატია გულისხმობს განსხვავებული, მძაფრ კონკურენციაში მყოფი, ურთიერთ დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფების თანაარსებობას, ოღონდ ამ თანაარსებობაში არ უნდა იყოს ჩადენილი ისეთი ქმედებები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ – გამოხატვის და სიცოცხლის უფლებას ან თავისუფლებას ხელყოფს. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ.

რაც შეეხება იმას – როდემდე იქნება ეს ფაქტი გამოყენებული დაპირისპირებისათვის, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე, სამწუხაროდ, წლებია ასეა. 

ეს დაპირისპირება ბოლო დროს თითქოს შესუსტდა, განელდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დღეს უფრო მეტ საერთოს პოულობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და სხვა ოპოზიციური ძალები ერთმანეთთან, გვინახავს კიდეც ისინი ერთი მაგიდის გარშემო და მათი ერთობლივი განცხადებებიც მოგვისმენია. შესაბამისად, ეს თანაარსებობა უფრო შესაძლებელი გახდა, მაგრამ ასეთი რეციდივები ისევ იჩენს ხოლმე თავს. 

  • საზოგადოების ერთ ნაწილს არ სურს სააკაშვილის პლაკატების ფონზე პროტესტის მონაწილე იყოს. მეორეს მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომელიც ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ჯგუფია, აქვთ უფლება პროტესტს შეუერთდნენ. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, არ აქვთ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ამ აქციებზე მათ მხარდამჭერებს და ცალკე უნდა იდგნენ და ისე მოითხოვონ? 

მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი პოზიცია, რადგან თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მის პატიმრობაში ყოფნას, პოლიტიკური პატიმრობის ბევრი ნიშანი ახლავს და ამის თაობაზე არაერთხელ დაიწერა ჩვენშიც და უცხოეთშიც დამოუკიდებელი ექსპერტების თუ უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ, ანუ თუ ეჭვგარეშეა რომ პოლიტიკური პატიმრობის ნიშნები აქვს სააკაშვილის პატიმრობას, მაშინ ის ნებისმიერი პოლიტიკური პატიმრის თანასწორად განიხილება, ხომ?!

  • გამოდის, რომ სააკაშვილის პოლიტპატიმრობა ვიღაცისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას?

რა თქმა უნდა, ისევე როგორც იმ ბიჭების პატიმრობა, რომლებიც აქციებზე დააკავეს, ვიღაცისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, სამწუხაროდ. ისევე როგორც მზია ამაღლობელის პატიმრობა შეიძლება იდგეს ვიღაცისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ. 

არიან თუ არა ისინი პოლიტიკური პატიმრები, ამაზე ყოველთვის იარსებებს განსხვავებული აზრი, მაგრამ ერთია განსხვავებული აზრი და მეორეა შეთანხმებული, ანუ მეინსტრიმული აზრი, ანუ ძირითადი ნაკადი რას მიიჩნევს. ეს ნაკადი არის ვინ? – არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, აკადემიური ექსპერტები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, უფლებადაცვითი ორგანიზაციები შინ თუ გარეთ – ესენი აღიარებენ მზია ამაღლობელს, აქციის დროს დაპატიმრებულ ახალგაზრდებს პოლიტპატიმრებად, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილს.

და თუ ეს სტატუსი მათ აქვთ მეინსტრიმული საზოგადოებრივი აზრის მიერ, რომელსაც ქმნიან სხვადასხვა ადამიანები ან ორგანიზაციები, მაშინ მეტ-ნაკლებობის დასმა მათ შორის გაუმართლებელია. 

თუ პოლიტპატიმარია, მაშინ რას ნიშნავს, რომ ის სხვაზე მეტია ან ნაკლები? მეორე მხრივ, თუ აქციის მონაწილე რომელიმე ადამიანი არ მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად, კი ბატონო, უგულშემატკივროს სხვებს და პირიქით. 

ეს რომ ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია და იქ გამოჩენილიყო ვთქვათ მიხეილ სააკაშვილის პლაკატი, პრეტენზია საფუძვლიანი იქნებოდა, მაგრამ საერთო საპროტესტო აქციის ფარგლებში ყველა პოლიტპატიმარს შეიძლება ჰყავდეს გულშემატკივარი, რომელიც პროტესტს გამოხატავს.

  •  „ოცნება“ ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორს იყენებს ხალხის დაყოფისთვის. სააკაშვილის დაბრუნებით „აშინებს“ საზოგადოების ერთ ნაწილს და ფაქტია, რომ ამ შიშებს თავის სასარგებლოდ იყენებს. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, იგივე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამის საპირწონედ? 

რადგან „ოცნება“ ამ თემას იყენებს, რა ვქნათ, გადავმალოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები? ამ პარტიას ჰყავს თავისი ამომრჩეველი, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და რა გავაკეთოთ ახლა, გადავმალოთ ისინი, ციხეში ჩავსვათ თუ ემიგრაციაში გავუშვათ?

  • თუ სააკაშვილის მხარდამჭერები გაემიჯნებიან ან საყოველთაო პროტესტს, ეს რამდენად დააზიანებს ამ პროცესს? ეფექტურად მიგაჩნიათ ეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში?

ვცხოვრობდით ჩვენ ასეთ ვითარებაშიც, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა ოპოზიციური ძალები არ ეკარებოდნენ. თუ ე.წ. მაღალი მიზანი არსებობს და ეს მიზანი არის ქვეყანაში დემოკრატიის და ევროატლანტიკური კურსის გადარჩენა და ამ ყველაფერს დღეს ძალიან სერიოზული და რეალური საფრთხე ემუქრება და თუ ამ მაღალი მიზნისთვის საჭიროა გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, რატომ არ უნდა წავიდეთ.

„ქართულ ოცნებას“, ცხადია, აწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ გამხლეჩად გამოყენება და მან იცის, ისევე როგორც თითოეულმა ჩვენგანმა, რომ არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ არასდროს მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაძლევს უფლებას „ნაციონალური მოძრაობა“გამოვაცხადოთ მარგინალურ პარტიად, რომელიც თავიდან უნდა მოვიშოროთ. 

  • არაერთხელ ითქვა, რომ ეს პროტესტი არის – ყველა ერთის წინააღმდეგ. ანუ ქართული საზოგადოება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. რატომ ვერ მოხდა ამის ბოლომდე მიტანა საზოგადოებამდე, რომ ვთქვათ კრიტიკულ ვითარებაში მაინც შეინარჩუნოს საზოგადოებამ ერთობა და არ მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები?

ეს არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის ოპოზიციური სპექტრის უმწიფრობისა და დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი. 

თუ იზიარებ ამ პრინციპს, – ყველა რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ თანმიმდევრულობაა საჭირო ამ პრინციპის განხორციელებაში და ეს თანმიმდევრულობა გულისხმობს კომპრომისებზე წასვლას. 

კომპრომისები არ ნიშნავს ერთმანეთში ათქვეფას და შეიძლება დარჩე მძაფრ კრიტიკოსად, მაგრამ, ხომ შეიძლება აქცენტები გადაანაცვლო, კრიტიკის ისრები მიმართო უფრო დიდი საფრთხობელასკენ, რომელიც სამშობლოს ინტერესებს აზიანებს? 

მით უმეტეს, არავის ითხოვს, რომ ამ პარტიებმა ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს დაკვეთა რაღაცნაირად დაძველდა საქართველოში, მაგრამ თანამშრომლობის მინიმუმი ხომ მოგვეთხოვება. 

სხვათა შორის, მე წავიკითხე სოციალურ-დემოკრატიული მოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენლის პოზიცია. აბსოლუტურად ვაფასებ მათ მუხლჩაუხრელ და თავდაუზოგავ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ, მოვისმინე მათგან ერთგვარი სინანული მომხდარი ფაქტის გამო, ასე, რომ შეცდომებზე ყველა ვსწავლობთ. 

  • არაერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ ამ უთანხმოებას პროვოცირებს სუს-ი. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე? 

არაფერს გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ „ოცნებამ“ და სუს-მა კარგად იცის სააკაშვილის ფაქტორის მადეზორგანიზებელი როლი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში და მათ შორის პოლიტიკურ პარტიებში.

აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს იყოს ხელოვნურად პროვოცირებული, საერთოდ არ გამოვრიცხავ. 

  • ინცინდენტის მეორე დღეს თქვენ ფეისბუქზე დაწერეთ – „მე ვიცავ იმას, რაც სააკაშვილის დროს კარგი გაკეთდა და ვებრძვი იმას, რაც იყო ცუდი და რაც გააღრმავა „ოცნებამ“, – კიდევ სჭირდება ამას ახსნა? და რა შეგიძლიათ კიდევ ამას დაამატოთ, იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურ კრიზისში ეს უთანხმოება გადაილახოს?

სრულიად შეგნებულად დავწერე ეს. მთავარი ამოსავალი ჩემთვის არის ის, რომ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, ფიგურა არის არსებითად ამბივალენტური. ეს ნიშნავს, რომ მასზე ვერ იტყვი მხოლოდ კარგს ან მხოლოდ ცუდს. მას ძალიან ბევრი კარგი საქმე შეიძლება მიაწერო და პირიქით, ბევრი ცუდი საქმეც შეგიძლია მიაწერო. 

ისტორიის და პოლიტოლოგიური ანალიზის საქმეა, რომელი საქმეები გადაწონის, კარგი თუ ცუდი, მაგრამ ცდება ყველა, ვინც სააკაშვილს წარმოადგენს როგორც ერთმნიშვნელოვან ბოროტებას ან როგორც ერთმნიშვნელოვან სიკეთეს. 

ფაქტია, რომ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სააკაშვილის პერიოდზე, როგორც მოდერნიზებულ საქართველოზე, რომელიც ბევრ რამეში გამოიხატა. მაგალითად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ევროატლანტიკური მისწრაფებების გაღრმავებაში, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაში, ისევე როგორც , თუ შევხედავთ ნეგატიურ მხარეს, გამოიხატა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში, სასამართლოს დაქვემდებარებაში, მედიის თავისუფლების შელახვაში და სხვა. 

ამიტომ, რასაკვირველია, წინააღმდეგობრივია სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა და ობიექტურობა მოითხოვს, რომ ამ წინააღმდეგობას თვალი გავუსწოროთ და არ ვიყოთ ტენდენციურები ან ერთი ან მეორე მიმართულებით. 

და „ოცნებამ“ გააღრმავა ის, რაც სააკაშვილის დროს ცუდი გაკეთდა. სააკაშვილის დროს პრობლემა იყო სასამართლოს დამოუკიდებლობა, მაგრამ რაც ეხლა ხდება სასამართლოში, ეს არის კიდევ უფრო გაღრმავება ამ პრობლემის. 

ფაქტობრივად, ძალაუფლების ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ჯიბეში ჰყავს ჩასმული „ქართულ ოცნებას“, სასამართლოს თამადობით. 

ადამიანის უფლებები, მაგალითად გამოხატვის თავისუფლება, ფუნდამენტური უფლებაა ხომ?! ის კანონები, რაც „ოცნებამ“ ლამის ყოველკვირეულ რეჟიმში მიიღო, აბსოლუტურად აუარესებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში, ართმევს ადამიანებს თავისუფალი გამოხატვის უფლებას. 

მოკლედ, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და შენარჩუნების თვალსაზრისით, „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა გაცილებით ბრუტალური. 

„ქართული ოცნება“ ლაპარაკობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე და ამ შემთხვევაში აბსოლუტურად არ გულისხმობს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, კანონშიც კი ჩაწერეს, რომ ისინი გულისხმობენ ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ პოლიტიკურ პარტიებს (ასეთად პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად გავლენიანი ოპოზიციური პარტია მიაჩნიათ) და უფრო მეტიც, ისინი ლაპარაკობენ ისეთი პარტიების აკრძალვაზეც, რომლებიც ჯერ არ შექმნილა და მომავალში შეიქმნება. 

  • დარეგისტრირების უფლებასაც არ აძლევენ პარტიებს…

დიახ, არც აძლევენ შექმნის შესაძლებლობას და რა არის ეს, თუ არა ავტორიტარიზმის მნიშვნელოვანი გაღრმავება და უკუსვლა. 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევრო-ატლანტიკური მისწრაფების ღალატი „ოცნების“ მხრიდან, ხომ არის კატასტროფის მომტანი, უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების გზაზე?!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: