მედიის ცნობით, დღეს, 15 მაისს, თურქეთში, სტამბოლში, რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე, რომლის მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს.
რუსეთის დელეგაციაში არ არის რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი და არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლავროვი.
რუსეთის დელეგაციაში მყოფი პირების ვინაობა წუხელ, 14 მაისს გახდა ცნობილი. დელეგაციის ხელმძღვანელი პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკია, რომელსაც პუტინის იდეოლოგს უწოდებენ.
დელეგაციაში არიან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინი და, ასევე, არიან „ექსპერტები“ სხვადასხვა ოფიციალური უწყებიდან.
გუშინ, 14 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ელის, ვინ იქნებიან რუსეთის დელეგაციის წევრები. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, ვინ იქნება უკრაინის დელეგაციაში.
მანამდე ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს რუსეთის მიერ ომის დასრულების სურვილის არქონის საბოლოო სიგნალი იქნება.
მოლაპარაკებებამდე რამდენიმე დღით ადრე ზელენსკიმ პუტინს პირისპირ შეხვედრა შესთავაზა თურქეთში.






