ბათუმის მერის მოვალეობას სავარაუდოდ გიორგი მურვანიძე შეასრულებს. მისი წარდგენა მერის მოვალეობის შემსრულებლად ხვალ, 14 მაისს იგეგმება.
მერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დღეს, 13 მაისს, ბათუმის არჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
არჩილ ჩიქოვანს სამი მოადგილე ჰყავდა – ნუკრი დეკანაძე, რომელიც ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა, სოფო ხალვაში და ლელა სურმანიძე.
როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, 13 მაისს თანამდებობა დატოვა ბათუმის მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ, რომელიც მერიაში სოციალურ საკითხებს კურირებდა. ის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს სამუშაოდ მინისტრის მოადგილის პოსტზე.
რაც შეეხება ვიცე-მერს, ნუკრი დეკანაძეს, კანონის მიხედვით მას უნდა შეესრულებინა მერის მოვალეობა ახალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. ჯერჯერობით, უცნობია რჩება თუ არა ის თანამდებობაზე. ასევე უცნობია, პროცედურულად როგორ მოხდა, რომ ვიცე-მერის ნაცვლად მერის მოვალეობას ახლად დანიშნული კადრი შეასრულებს.
ნუკრი დეკანაძემ „ბათუმელების“ ზარს უპასუხა, თუმცა კითხვაზე, რჩებოდა თუ არა თანამდებობაზე, პასუხი ვერ მივიღეთ. მან პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.
მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, ვინ დარჩა და ვინ წავიდა მერიიდან.
დადასტურებული ინფორმაციით, მერის მოადგილის თანამდებობას ინარჩუნებს სოფო ხალვაში.
- ვინ არის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე
გიორგი მურვანიძის ოფიციალური ბიოგრაფია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საიტზე იძებნება.
მისი კარიერა 2003 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემულ გაზეთში დაიწყო, რომელსაც ერქვა „სრულიად არასაიდუმლოდ“, სადაც გიორგი მურვანიძე იურიდიული განყოფილების უფროსად მუშაობდა.
2004-2005 წლებში იყო ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი, ხოლო 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი.
2007 წელს მუშაობა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე განაგრძო. 2014 წლიდან კი ბიუროს უფროსის მოადგილის და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა.