ბოლო ორ დღეში, 13-14 მაისს, ერთი მეორის მიყოლებით თანამდებობა დატოვეს ჯერ ბათუმის, შემდეგ კი ქობულეთის მერებმა.
თანამდებობის წასვლის შესახებ ბათუმის და ქობულეთის მერებმა საზოგადოებას ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით, თითქმის იდენტური ტექსტებით აცნობეს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი კი ძალოვანი სისტემიდან მოიყვანეს [ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე სასამართლო ექსპერტიზაში მუშაობდა, მანამდე კი იგი პროკურატურის გამომძიებელი იყო].

ბათუმის ყოფილი მერის, არჩილ ჩიქოვანის პოსტი ფეისბუქზე გადადგომის შესახებ

ქობულეთის ყოფილი მერის, ლევან ზოიძის პოსტი ფეისბუქზე გადადგომის შესახებ
რაზე მეტყველებს მერების ცვლილება აჭარაში და რა პროცესი მიდის „ოცნებაში“? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ცვლილებებზე, რაზე მეტყველებს თვითმმართველობებში დაწყებული ცვლილებები, უბრალოდ რიჟვაძის გუნდი მოიშორეს სისტემიდან თუ სხვა პროცესებთანაც გვაქვს საქმე?
რიჟვაძესთან პრობლემა შეიქმნა, რაღაც ვერ გაიყვეს, პარტიიდანაც გაუშვეს და როგორც ჩანს, მისი კადრებისგანაც დაიწყება რეგიონის დაცლა.
ვინც გადარჩება, ისინი შეეცდებიან დაუმტკიცონ ერთგულება ახალ ხელმძღვანელობას.
ნიშანდობლივია ერთი ფაქტი, რომ აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარედ პოლიციელი დაინიშნა, ბათუმის მერიც ძალოვანი უწყებიდან მოდის, რაც მიუთითებს ერთ რამეზე, რომ მათთვის ეკონომიკურ განვითარებას მეორადი მნიშვნელობა აქვს.
ბათუმში გამოსვლებია და ყველა უჭკუო ხელისუფლება, როდესაც ხედავს, რომ მოსახლეობაში არის უკმაყოფილება, ცდილობს ეს უკმაყოფილება ძალისმიერი მეთოდებით ჩაკლას, მაშინ როცა ჭკვიანი ხელისუფლება ცდილობს მიაკვლიოს რა არის უკმაყოფილების მიზეზი და გამოასწოროს.
საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების კუთხითაც ბევრად უფრო მდგრადია ისეთი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს გაიგოს, რა არის პრობლემა, რატომ გამოდის მოსახლეობა ქუჩაში და ეს პრობლემები გადაჭრას.
- თქვენ ამბობთ, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა პროტესტს უკავშირდებოდეს, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგივე სურათი გვაქვს. მაგალითად, ხელვაჩაურის მერიც ყოფილი პოლიციელია, ამიტომ ასეთი საპოლიციო სისტემის შექმნა მხოლოდ პროტესტს არ უნდა უკავშირდებოდეს. ასე არ ფიქრობთ?
მსგავსი რამ წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა, მაგრამ ძალისმიერი მეთოდებით სიტუაციის გაკონტროლება ბოლო წლებია არის ძირითადი ხაზი, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“.
მე როდესაც რეგიონული სამსახურის უფროსი ვიყავი, მაშინაც ჰქონდათ ძალოვნებს ეს მცდელობა.
პოლიციელი მერები იქნებიან უფრო მკაცრი, უფრო დისციპლინაზე ორიენტირებული, მთელი საჯარო სექტორი ხელში რომ ჰყავდეთ დაჭერილი, რომ განსხვავებული აზრი არ გააჭაჭანონ. აი, ამ მეთოდებით ეცდებიან ამას.
- საჯარო მოხელეების დაშინებას აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ არ მოხდეს იქ რღვევა?
რა თქმა უნდა. მაინც ეშინიათ თვითმმართველობის არჩევნების, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, მიიღოს თუ არა მონაწილეობა.
ეშინიათ, რომ ვერ მიაღწევენ კონსოლიდირებას ქვედა დონეებზე. ხვდებიან ისინიც, რომ ადამიანები უკმაყოფილონი არიან. ამიტომ ამ უკმაყოფილების გადალახვის, ჩახშობის ეს გზა აქვთ არჩეული და არა პრობლემის მოგვარების გზა.
უნდათ, რომ ადამიანები არ აპროტესტებდნენ, ქუჩაში არ გამოდიოდნენ, ამიტომ არიან დაშინებაზე ორიენტირებული.
- „ოცნების“ პარლამენტმა მიიღო კანონი პარტიების გაუქმების შესახებ, ხომ? როგორ ფიქრობთ, თანამდებობას ჩამოშორებული ხალხისგან ხომ არ შექმნის „ოცნება“ ე.წ., ფსევდო ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ერთპარტიული არჩევნები რომ არ გამოუვიდეთ ისევ? შეიძლება რომ ეს ხალხი ფსევდო ოპოზიციაში ვიხილოთ?
რა მოუვათ ამ ადამიანებს თავში, ვინც „ოცნებაში“ არიან, არავინ იცის. საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად რა სისულელეს ჩაიდენენ, კაცმა არ იცის.
რაზე შეიძლება ველაპარაკოთ ამ ადამიანებს, რომლებიც სერიოზულად ავრცელებდნენ, სერიოზულად იჯერებდნენ იმას, რომ საფრანგეთის, გერმანიის და ინგლისის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს და კოკაინით იკაიფეს.
- იჯერებენ თუ ეს პროპაგანდის ნაწილია?
სრულიად წარმოუდგენელ სიტუაციაში ვართ პოლიტიკური თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელსაც შეუძლია აბსოლუტურად ყველანაირი სისულელე გააკეთოს. აგერ ტრამპს წერილი მიწერეს და ფაქტობრივად უთხრეს, რომ „დიფ სთეითმა“ დაგამარცხაო.
ამიტომ ასეთ ვითარებაში რაიმეს პროგნოზირება ამ ხალხისგან, ძალიან რთულია.
შეიძლება რიჟვაძისგან წასულებისგან ან სხვა განაწყენებულებისგან რაღაც შექმნან და გააკეთონ, მაგრამ ძალიან მეპარება ეჭვი, რადგან „ნაციონალური მოძრაობაც“ ხომ ეცადა თავის დროზე ფსევდო ოპოზიციის შექმნას, მაგრამ სად არის ახლა „ქრისტიან დემოკრატიული პარტია“? აღარ არსებობს.
- თუმცა მათ კანონები არ მიუღიათ ოპოზიციის გასაუქმებლად.
არ მიუღიათ, ფაქტია, თუმცა ფსევდო ოპოზიციის შექმნის მცდელობები არის ყოველთვის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს განწირულია მარცხისათვის, რადგან ადამიანი თუ ხელისუფლებას აძლევს ხმას, ხელისუფლებას მისცემს და ამომრჩეველს უთხრა, წადი ახლა და ფსევდო ოპოზიციას მიეცი ხმა, ცოტა რთული კომბინაციაა.
- მრავალფეროვნების წარმოსაჩენად დასჭირდებათ. იტყვიან, რომ ისინი ვინც არ მიიღო მონაწილეობა, მტრული ძალები არიან…
ბევრ რამეს ეცდებიან, ბევრ სისულელეს შეეცდებიან, მაგრამ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ამას არავინ გადაყლაპავს. საქართველოში ან გარეთ ვინმეს სჯერა, რომ სოზარ სუბარი ან ვიქტორ ჯაფარიძე ოპოზიციაა?
ასეთ სისულელეებს კიდევ ბევრს გააკეთებენ, რადგან ძალიან დაბალია მათი პოლიტიკური აზროვნების დონე. კოკაინის თემაც კი ვერ ასწიეს, ეტყობათ სოცქსელებშიც უჭირთ მომხრეების პოვნა. ამის ქვევით არ ვიცი ადამიანი რაზე შეიძლება დაეშვას.
ამიტომ, ესენი ფსევდო ოპოზიციის შექმნას მოინდომებენ თუ სხვა რამეს, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.
- აჭარაში დღეს „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარემ წარადგინა ბათუმის მერობის მოვალეობის შემსრულებელი, საკრებულოს თავმჯდომარეც კი არ იყო წარდგენაზე. მერიის საკითხებზეც კი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის პიარ სამსახური აკეთებდა მედიასთან კომენტარებს და ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ ისედაც დასუსტებული თვითმმართველობების კიდევ უფრო დასუსტებას აპირებს?
ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან „ოცნების“ სათავეში, იდეური მტრები არიან თვითმმართველობის. ჯერ კიდევ 2013 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ და კარგად ვერ ვხვდებოდით ვინ მტრობდა და რა ხდებოდა, მაგრამ კობახიძე იქნება თუ სხვა, მტრობდნენ იმას, რომ თვითმმართველობის რეფორმა გატარებულიყო.
UNDP-ში მომუშავე ირაკლი კობახიძემ შსს-ში მოხსენება წაიკითხა, რომ თურმე ჩვენ ვაკეთებდით თვითმმართველობის რეფორმას იმ მიზნით, რომ არაქართულ დასახლებებს ხელს ვუწყობდით უცხოური გრანტების მიღებაში.
ამ ადამიანებისთვის ერთმმართველობაა ერთადერთი პრინციპი სათავეში დარჩენის. მათ იციან, რომ საჯარო მმართველობაში ისინი კონკურენტუნარიანები არ არიან, პიროვნული მხარდაჭერის რეიტინგები ძალიან დაბალი აქვს ყველა მათგანს, ამიტომ უნდათ დემოკრატია შეზღუდონ. დემოკრატია კი არ არსებობს თვითმმართველობის გარეშე, ესეც იციან.
ამიტომ ეს ცენტრალიზებული მართვის სისტემა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან შემოგვრჩა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასუსტა იმით, რაც გააკეთა 2005-2008 წელში, როდესაც ყველაფერი წაართვა თვითმმართველობას და თავიდან ბოლომდე, ქონებრივადაც და ფინანსურადაც ჩამოკიდა ცენტრალურ ხელისუფლებას, აი ამ სისტემის შენარჩუნება უნდათ.
მათთვის თვითმმართველობა არის მათი თანამდებობების მტერი.
ეს ადამიანები იყვნენ კლერკები, ცხოვრებაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ესენი იყვნენ სხვისი ბრძანებების შემსრულებლები და ამათ რომ უთხრან თვითმმართველობაა და მათ ბრძანებები არ უნდა მისცეო, გული გაუსკდებათ. ასე აზროვნებს ეს ხალხი.
ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველანაირად შეეცდებიან თვითმმართველობის დაკნინებას.
ძალოვანი უწყებებიდან ხალხის მოყვანა ნიშნავს კიდევ ერთ რამეს – ეს ადამიანები ყოველთვის არიან მორჩილები, ბრძანებას ემორჩილებიან, რადგან ერთმმართველობაზეა ეს სისტემები აგებული და თვითმმართველობებში მოჰყავთ ზუსტად ისეთი კადრები, რომლებიც ფსიქოლოგიურად შეჩვეული არიან, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება და რასაც უბრძანებენ, ის უნდა გააკეთონ.
- როგორი მოლოდინი გაქვთ, „ოცნება“ მიაღწევს თვითმმართველობის არჩევნებამდე? და თუ ჩაატარეს ეს არჩევნებიც, აქ რა სურათი გვექნება?
ეს დამოკიდებულია ოპოზიციაზე. თუ ოპოზიცია გაერთიანდება და ერთიანი კანდიდატები ეყოლებათ, გამარჯვების ძალიან დიდი შანსი ექნებათ.
- ფიქრობთ, რომ ისინი გაერთიანდებიან ან მონაწილეობას მიიღებენ ამ არჩევნებში?
არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება და დატოვება იმ შანსის, რომ მთელი ეს პირამიდა უბრძოლველად დააკომპლექტოს „ოცნებამ“ და შექმნას ზემტკიცე და ზემყარი ავტორიტარული სისტემა, ჩემი აზრით არის დანაშაული.
საპარლამენტო არჩევნებზე რაც მოხდა, ეს იყო სისულელის შედეგი, რადგან რატომღაც წინასწარ იყვნენ დარწმუნებული მოგებაში, მაშინ როცა ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს იყო გაყალბების საშიში სისტემა.
- იგივე სისტემით არ მოხდება ახლაც ხმის მიცემა, ახლა რა დაიცავს ხმებს?
უნდა იცოდე ეს სისტემა როგორ გააკონტროლო. უნდა გაანალიზონ ეს შეცდომები და თუ კარგად მოემზადებიან, მოიგებენ ამ არჩევნებს.
თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას, „ოცნება“ ასი პროცენტით გაიმარჯვებს, ძალიან ცუდი სურათი შეიქმნება ქვეყანაში. ოპოზიციის მარგინალიზება მოხდება, რადგან პარტიები, რომლებიც არცერთ სახელისუფლებო ორგანოში არ არიან წარმოდგენილი, რაც არ უნდა ილაპარაკონ, მაინც არსებობს მათი მარგინალიზების რისკი, როგორც დასავლეთში, ასევე ქვეყნის შიგნით.
შეიქმნება აბსოლუტურად ავტორიტარული სისტემა ქვეყანაში, სადაც პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, სოფლის გამგებლამდე, ყველა იქნება ვერტიკალს დამორჩილებული და მერე ეს სისტემა იქნება დასანგრევი.
ასეთი სისტემის უბრძოლველად შექმნის საშუალების რომ არ მისცე „ოცნებას“, ეს ყოფილა თურმე ბიძინა ივანიშვილის თამაშში ჩაბმა და ის, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიო, დაამარცხო და თბილისი, ბათუმი და კიდევ ერთი-ორი ქალაქი წაართვა, ეს თურმე არის ივანიშვილის თამაში.
„ივანიშვილს ყველაფერი დავუტოვოთ„ – ეს არის ივანიშვილთან ბრძოლა?
როცა სახლს ერთი დარტყმით ვერ შლი, მაშინ აგურ-აგურ უნდა დაშალო. სადაც შეგიძლია უნდა დაასუსტო, ბრძოლაში უნდა შეხვიდე ყველგან. ბრძოლიდან გასვლა ყოფილა ბრძოლაში შესვლა, თურმე.
- საზოგადოება ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია, ანტიკონსტიტუციურია, მათ არ აღიარებენ დასავლეთშიც. თუ არაღიარებული ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში მიიღებ მონაწილეობას, რა გამოდის მაშინ?
კარგი იქნება სიტყვა „ლეგიტიმაციის“ მნიშვნელობაში რომ გაერკვეს ზოგიერთი ოპოზიციონერი. ეს არჩევნები დანიშნულია საქართველოს კონსტიტუციით, ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პარლამენტის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციასთან საერთო არ აქვს. ამას ლაპარაკობს უვიცი ან პროვოკატორი.
იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციამ ბევრად უფრო ადრე განსაზღვრა როდის უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები. ის არის საფუძველი ამ არჩევნების ჩატარების და თუ კონსტიტუციას ვცნობთ არალეგიტიმურად, მაშინ თქვან.
კონსტიტუცია და კანონი განსაზღვრავს ამას და არა ის, ვინ გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში და ეს არ არის სამართლებრივი საფუძველი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების. ასე არის რეალობა.
________________
ფოტოზე: ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში.






