„ჩვენ ვერ შევწყვეტთ პროტესტს, ვერ მივცემთ ჩვენს მომავალს მათ. მარტო ჩვენს შვილებზე არ არის აქ საუბარი, ჩვენც ხომ ვართ ჯერ ცოცხლები.
ვერ მივცემთ იმის უფლებას, უარესობისკენ შეცვალონ და 30 წლის წინათაც რომ არ ვიყავით, იმ მდგომარეობაში დაგვაბრუნონ. ამის საშუალებას ვერ მივცემთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ სიგუა, ქართველი ემიგრანტი, რომელიც ამ დროისთვის მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში ცხოვრობს და ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს.
თამარი, ისევე როგორც ძალიან ბევრი ემიგრანტი, ელოდა ძირეულ ცვლილებებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე და დარწმუნებული იყო, რომ ხალხის არჩევანი გაიმარჯვებდა. თუმცა ამბობს, რომ ისევე როგორც მოსახლეობის უმრავლესობა, თავადაც გაოგნებული და იმედგაცრუებულია არჩევნების ტოტალური გაყალბებით.
„რამხელა მობილიზაცია იყო უცხოეთში, არა?! ეს ხომ ყველამ ვნახეთ. უპრეცედენტო აქტიურობა იყო ამ არჩევნებზე. ადამიანებმა გადალახეს ზღვა, მთა, ტბა, იარეს ასობით კილომეტრები, რომ საარჩევნო უბანზე მისულიყვნენ, რადგან ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებდა.
ამიტომ, როცა წინასწარი შედეგები გამოაცხადეს, ძალიან დიდი იყო დეპრესიული მუხტი. მეგობრებმა მითხრეს, მეორე დღეს საერთოდ ლოგინიდან ვერ ავდექითო.
მეც თავზარდაცემულივით ვიყავი, რადგან საერთოდ არ ველოდებოდი ამ შედეგს და ჩემი განწყობაც იყო შესაბამისი“, – გვეუბნება თამარ სიგუა.
კიშინიოვში „ოცნებამ“ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გახსნა.
„გაზაფხულის პროტესტების შემდეგ, როცა მაინც მიიღეს რუსული კანონი, ხალხის სახლში წასვლა არ ნიშნავდა იმას, რომ პროტესტი გაქრა. ჩვენ შეგნებული საზოგადოება ვართ და ყველა დაველოდეთ არჩევნებს.
გვინდოდა, რომ საარჩევნო ყუთთან გაგვეკეთებინა არჩევანი და ეს ყოფილიყო ჩვენი ტრიბუნა. კანონი მიიღეთ? – კარგი, მოდის არჩევნები და ამით შეგცვლით – ეს იყო ხალხის დამოკიდებულება. მაგრამ 2020-იდან ემზადებოდნენ თურმე ესენი გაყალბებისთვის.
კანონმდებლობების მცოცავი ცვლილებებით, სრულიად კაბალური სისტემის ჩამოყალიბებით, ბოლოს ისეთი სისტემა შექმნეს, დაშიფვრა რომ უნდა. 2020 წლის არჩევნებზე როცა დაინახეს, რომ პირწმინდად ჰქონდათ წაგებული, მერე გუნდურად დაგეგმეს – ძალიან დიდი გაყალბების სქემა მოამზადეს და ეს ჩვენ ყველამ დავინახეთ.
ძალიან დიდ სპეცოპერაციას ჰგავდა ეს ყველაფერი და ნამდვილად იკვეთებოდა გარე ძალების ხელწერაც. ეს ძალები ვინც არიან, ესეც კარგად ვიცით“, – ამბობს თამარ სიგუა.
მისი აზრით, ეს არჩევნები რომ გაყალბებულია, ამაზე ის რეპრესიებიც მეტყველებს, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს.
„მასობრივი პროტესტების ჩახშობის მცდელობა, ახალგაზრდების დაპატიმრება, ცემა, სპეცრაზმის მისევა, ეს არის არჩევნების გაყალბების სიბრტყეზე არსებული, ან უფრო უარესიც კი.
ხელისუფლება ჩვენ უნდა წარმოგვადგენდეს, ხომ?! ხალხის უმრავლესობას. ამიტომ არის ხელისუფლება მიტაცებული, რომ არ მიგვიცია „ოცნებისთვის“ ჩვენ ეს მანდატი. ესენი კი მაინც იჩემებენ და დაკავებული აქვთ შენობები.
მეც, როგორც ხალხის ნაწილი, სამოქალაქო აქტივისტი, მიმაჩნია, რომ არ უნდა შეჩერდეს პროტესტი. ცხადია, რეცეპტი არ არსებობს, როგორ დავამარცხოთ დიქტატურა, მაგრამ არის სხვადასხვა რჩევა – ერთი ოქროს წესი არის ის, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მეორე ოქროს წესია, როგორ გაგრძელდეს.
ჩემი აზრით, ეს გზა ძალების კონსოლიდაციაა.
გარკვეულ პრინციპებზე უნდა შეთანხმდნენ საზოგადოება თუ პოლიტიკოსები, რადგან ახლა თითქოს ყველა პროტესტშია, მაგრამ ყველა დაყოფილია“, – ამბობს თამარი.
მისი თქმით, „გათიშე და იბატონეს“ პრინციპი ისედაც კარგად გამოსდის „ოცნებას“, იმარჯვებენ დეზინფორმაციით, პროპაგანდით, ბოტებისა და ტროლების ჩართულობით და ქმნიან ყალბ გარემოს, რომ დემოტივაცია ჩანერგონ ადამიანებში.
„ოცნება“ საზოგადოებას ასე რომ ანაწევრებს, ესეც დანაშაულია. მრავალფეროვანი დანაშაულების სქემასთან გვაქვს საქმე და ამიტომ ვხედავ ერთადერთ გამოსავალს პროტესტში.
მე, როგორც ერთ რიგით ადამიანს, ემიგრანტს, რაც შემიძლია არის ის, რომ თუ საქართველოში ვარ, აქტიურად ვმონაწილეობ საპროტესტო აქციებში, როცა აქ ვარ, მოლდოვაში, იქნება ეს პეტიციები თუ სხვადასხვა აქტივობა, თანხის გადარიცხვა უსამართლოდ დაჯარიმებულებისთვის, ვცდილობ, ჩემი წილი მონაწილეობა მივიღო და ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ავიღო“, – ამბობს თამარ სიგუა.
თამარის თქმით, „ოცნების“ ხელისუფლება რეპრესიებითა და დაშინებით ცდილობს საზოგადოების გატეხას და გარკვეულწილად ახერხებს კიდეც ამას, თუმცა ადამიანების დიდ ნაწილზე რეპრესიები მაინც ვერ ახდენს გავლენას.
„დედაჩემს, მაგალითად, შიში აქვს. „რაიმე არ დაგიშავონ“ – მეუბნება ხოლმე და ბევრს აქვს ასეთი შიშები. ამიტომ ის ხალხი, ვინც ყოველდღე დგას ქუჩაში, ჩემთვის ყველა გმირია.
მიუხედავად იმისა, რომ შიშის დანერგვით ცდილობენ ხალხის მართვას, მე მაინც არ განვიხილავ პესიმისტურ პროგნოზს. იქნება ეს თვეები, ერთი თუ ორი წელი, პროტესტი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე.
ვინც თავად არ არის პირდაპირ ამ კორუფციულ სქემებში ჩაბმული, არ მეგულება ადამიანი, ვისაც შეიძლება მოსწონდეს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. ამიტომ, ეს მოლოდინი, რომ რაღაც სიკეთისკენ უნდა შეიცვალოს, ვფიქრობ გაამართლებს, თუკი საზოგადოება იქნება ერთიანი.
ჩვენ ვერ შევწყვეტთ პროტესტს, რადგან ვერ მივცემთ მათ ჩვენს მომავალს. მარტო ჩვენს შვილებზეც არ არის აქ საუბარი, ჯერ ჩვენც ხომ ცოცხლები ვართ. ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ უარესობისკენ შეცვალონ ყველაფერი და 30 წლის წინათაც რომ არ ვიყავით, იმ მდგომარეობაზე დაგვაბრუნონ. ამის საშუალებას ვერ მივცემთ.
მარტო იმის გამოა დამნაშავე „ქართული ოცნება“, რომ საზოგადოების ამხელა ნაწილის თავიდან მოშორებას ცდილობს.
ეს ხომ არ არის ერთი პატარა ჯგუფი, პროტესტში არიან მკვლევრები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, ხელოვანები, პედაგოგები, მსახიობები. ამ ადამიანების უგულებელყოფა, ამ ადამიანების თავიდან მოშორება წარმოუდგენლად მეჩვენება.
თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ გაიბზარა მათი ხმა.
ბათუმის მერი გადადგა, დღეს კიდევ ვიღაც გადადგა, ეს პროცესი ნელ-ნელა გაგრძელდება და ვერ დამაგრდებიან.
ყველას ვერ დაგვიჭერენ, მთელი საზოგადოება რანაირად უნდა დაიჭირონ, როგორ უნდა მოგვერიონ ყველას. ხომ ნახეს, რომ არ გაჩერდა პროტესტი? ახლა კიდევ ახალი ტალღა შეიძინა.
ვხედავთ მათ წერილებს, მათ განცხადებებს – „ბრიუსელმა უნდა გვიკარნახოს როგორ მოვიქცეთ“?
თუ ჩვენ მიერთებული ვართ ევროპას და ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული წესრიგი, მაშინ ამ წესრიგსაც მიერთებული ვართ. შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ და როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ვიღაც გვკარნახობს რაღაცას.
გუშინ თუ ამ გზით მიდიოდი და არჩევნების შემდეგ გამოაცხადე, რომ შეაჩერე ევროინტეგრაცია, მოგეცით ამის უფლება? თქვი ეს არჩევნებამდე, აუხსენი ხალხს?
ახლა ამ „დიფ სთეითის“ და ზღაპრების ვის სჯერა, მართლა ჯგუფურ დანაშაულს ჩადიან ესენი და პირი რომ შეკრეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მართლები არიან.
იმდენად ღრმად არიან კორუფციულ სქემებში, რომ არანაირ კომპრომისზე არ უნდათ წამოსვლა. როგორც დამნაშავე იქცევა ისეა – ან ბოლომდე უნდა დადგეს დანაშაულის მხარეს, ან იცის, რომ აღიარებით რაღაც დაემუქრება. მაგრამ მაინც მოუწევთ“, – ამბობს თამარი.
მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციაში ხედავს სწორედ ქვეყნის მშვიდობას და „ოცნება“ ცდილობს ეს დაათმობინოს ხალხს.
„მშვიდობა რომ გვინდა და დემოკრატია, ამიტომ მიდის მშვიდობიანი ზეწოლა მათზე.
ევროინტეგრაციის, უვიზო მიმოსვლის დაკარგვა მარტო პასპორტების დონეზე არ დადის. ეს არის განვითარება, ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ყველა საფეხურის ადამიანს აძლევს სარგებელს. მეწარმეებისთვის იღება კარები, სტუდენტებისთვის, დროებით მომუშავეთათვის… ევროპა ხომ მარტო მილანში შოპინგი არ არის. თუმცა ესეც გადასარევია, ყველას გვინდა კეთილდღეობა და აქეთკენ გვიხსნის კარს სწორედ ევროკავშირი.
ბიზნესის მაჩვენებლებს რომ ითვლიან, ამ ყველაფრის ზრდა ევროინტეგრაციის გზაზე სვლის გამო გვაქვს და არა იმ ადამიანების პატარა ჯგუფის, თუ ოლიგარქიის დამსახურებით.
ამიტომ, ამ ყველაფრის დაკარგვა, მათ არ გამოუვათ, ამიტომ არის თითოეული ადამიანის როლი ამ პროტესტში მნიშვნელოვანი.
ახლა უცხოეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთვის სულერთია, რაც საქართველოში ხდება. ადრე იქნება თუ გვიან, ჩვენ ხომ დაბრუნებას ვაპირებთ და ჩვენი მომავლის დაკავშირებას ჩვენს სამშობლოსთან.
ამიტომ, რაც ჩვენს ძალებშია, ის უნდა გავაკეთოთ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის, პასუხისმგებლობაც“, – ამბობს თამარ სიგუა.






