მთავარი,სიახლეები

„სადაც არ წავედი საქართველოში, ხალხი მეუბნება: გვინდა, ჩვენს პასპორტზე ეწეროს – European Union, Georgia“ | ინტერვიუ

16.05.2025
„სადაც არ წავედი  საქართველოში, ხალხი მეუბნება: გვინდა, ჩვენს პასპორტზე ეწეროს –  European Union, Georgia“ | ინტერვიუ

„მთავრობა ამბობს, გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ჩვენ ვპასუხობთ: იმ მოქმედებებით, იმ კანონებით, რაც მიიღეთ, იმ რიტორიკით, რასაც იყენებთ – თქვენივე დეკლარირებული მიზნის საპირისპიროს აკეთებთ.

„აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა: რამდენად შეესაბამება მისი პატიმრობა იმ ქმედებას, რაც მას ბრალად ედება?“ – პროპორციულობაზე ამახვილებს ყურადღებას გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი „მზია ამაღლობელის საქმეზე“.

გერმანიის ელჩი დღეს, 16 იანვარს, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომას ესწრება. „მზიას საქმე არის ტესტი პრესის თავისუფლებისთვის,“ – აღნიშნა პეტერ ფიშერმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

ინტერვიუს დროს ელჩს ვკითხეთ საშუალებებზეც – როგორ შეიძლება გადარჩეს ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოში? ელჩს, პირველ რიგში, ადამიანებთან შეხვედრები ახსენდება საქართველოში:

„სადაც არ უნდა წავიდე საქართველოში, ხალხი მეუბნება: გმადლობთ პარტნიორობისთვის, გმადლობთ მეგობრობისთვის. ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება. გვინდა, რომ ჩვენს პასპორტზე ეწეროს – European Union, Georgia… მეუბნებიან, ჩვენ გვინდა ეს ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის.

ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ გაწევრიანება შეძლოს ევროკავშირში – თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის კავშირში, რომელიც საქართველოსთვის ხელის გაწვდენაზეა,“ – გვითხრა პეტერ ფიშერმა. 

„ბათუმელებმა“ გერმანიის ელჩთან საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • „ზუსტად იცის თვითონ, რომ „დიფ სთეითი” არსებობს… რომელშიც თვითონ ჩართული ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკია“ – ეს არის გია ვოლსკის [„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე] ციტატა და ის ამას თქვენ შესახებ ამბობს. ბატონო პეტერ, „ოცნება“ გამოგონილი მტრების მეშვეობით ისევ გადის ფონს, რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ სიყალბის წინააღმდეგ თქვენ, მაგალითად, დიპლომატებმა და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა?

რას უნდა ვაკეთებდეთ ამის წინააღმდეგ? მან [გია ვოლსკიმ] ეს იმიტომ თქვა, რომ ევროპის დღეს ინტერვიუში ვთქვი, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს – ეს გამოგონილია. ეს არის სიმართლე.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო სამსახურში 39 წელი ვმუშაობდი. ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე ვიმუშავე – ეკონომიკის სამინისტროსთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, კანცლერის აპარატთან და სხვა უწყებებთან. ამ 39 წლის განმავლობაში „დიფ სთეითი“ არ მინახავს. ვხედავდი ისეთივე საჯარო მოხელეებს, როგორიც მე ვარ, რომლებიც ცდილობენ არჩეული თანამდებობის პირებისთვის მაქსიმალურად კარგი რჩევების მიცემას.

ხშირად გვქონდა კამათი, დისკუსია, განსხვავებული პოზიციები, შესაძლო განსხვავებული ინტერესების გამო, ეკონომიკური ინტერესები საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს კლასიკურია, ან სხვადასხვა სამართლებრივი ინტერპრეტაციის გამო. ჩვენ ყოველთვის ვსწავლობდით კანონმდებლობას, გერმანიის მთავრობის პოზიციებს.

საბოლოოდ, ვაერთიანებდით სხვადასხვა მოსაზრებას და ვაძლევდით საუკეთესო რჩევას არჩეულ პოლიტიკოსებს – მათ ხალხმა მისცა ხმა. გადაწყვეტილებები გამჭვირვალეა. ეს არჩეული პირები ვალდებულები არიან, რომ თავიანთი პოზიციები საზოგადოებაში დაიცვან. თუ ეს გადაწყვეტილება კანონად იქცა, ის ქვეყნდება. სად არის „დიფ სთეითი“? არაფერია ფარული.

პირველი, რაც შემიძლია ვთქვა: ჩემი 39-წლიანი გამოცდილებით, რაც ნამდვილად სოლიდური დროა, არასდროს მინახავს „დიფ სთეითი“.

მეორე – ეს არის საუკუნოვანი მეთოდი: როცა ადამიანს ან ხელისუფლებას პრობლემა აქვს, ძალიან მოსახერხებელია თქვა, რომ „ვიღაც გარედან არის ამის მიზეზი”. თითქოს, პრობლემა მე არ შემიქმნია – ვიღაც უხილავი ძალაა ამის უკან. განა უცნაური არ არის, რომ „დიფ სთეითი“ არავის უნახავს?

საქართველოში ბევრი საუბრობს „დიფ სთეითზე“, მაგრამ ჯერ არავის უჩვენებია ამ „დიფ სთეითის” ფოტო, დოკუმენტი, რაიმე მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მისგან მოდის.

სად არის მტკიცებულება? ეს რეალურად გამოგონილია – ეს კარგად ცნობილი ხრიკია: როცა გინდა პასუხისმგებლობა აიცილო, დააბრალო ყველაფერი გაურკვეველ უცხო ძალას, რომელსაც სახელი არ აქვს. რას უნდა ვაკეთებდეთ ამის წინააღმდეგ? მე ვიტყოდი: არ დაიჯეროთ!

თუ მტკიცებულება არ არსებობს, არ დაიჯეროთ. ეს არის გამოგონილი ცნება, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.

  • დიპლომატები როგორ შეიძლება ებრძოლოთ ამას? 

დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ თქვა: „ეს ელჩი წარმოადგენს გერმანიის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას“. ეს არის დიპლომატების მოვალეობა.

მართლაც გასაკვირია, რომ საქართველოში ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ თითქოს ჩვენ, დიპლომატებს, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს, რომ ჩვენ თვითონ ვქმნით პოლიტიკას. ეს არ არის სიმართლე. დიპლომატი, რომელიც ასე იქცევა, ცუდად ასრულებს თავის საქმეს. ის არღვევს საკუთარ პასუხისმგებლობას.

ჩემი აზრით, ევროკავშირის დიპლომატების უმრავლესობა პროფესიონალია. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი მთავრობების პოლიტიკას. ყველაფერი, რაც შეგვიძლია – სწორედ ისაა, რასაც აქ ვაკეთებ: ავხსნათ, რომ გერმანიაზე თუ ვსაუბრობთ – იქ „დიფ სთეითი“ არ არსებობს.

ეს არის თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა. პოლიტიკის ფორმირება გამჭვირვალეა. გვაქვს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავის ინტერესებს იცავს, მაგრამ ასევე აკვირდება და კითხულობს ყველაფერს. მათ აქვთ კითხვები და ცდილობენ სიმართლე დაადგინონ.

გერმანიას აქვს თავისუფალი მედია, რომელსაც პატივს ვცემთ და საჭიროდაც ვთვლით – ის აკეთებს ანალიზს ყველგან. მაგრამ „დიფ სთეითი“ – ასეთი რამ არ არსებობს. ჩვენს საზოგადოებაში მიდის აქტიური დებატები განსხვავებულ პოზიციებს შორის – პარლამენტშიც და საზოგადოებაშიც არსებობს შეხედულებების ფართო სპექტრი. სად არის „დიფ სთეითი“?

ახლახან ხელისუფლება შეიცვალა და ქვეყნის კურსიც გარკვეულწილად შეიცვალა. რომ ყოფილიყო „დიფ სთეითი“, ეს ხომ შეუძლებელი იქნებოდა?

  • უშუალოდ თქვენ რატომ გესხმიან თავს „ქართული ოცნებიდან“ ყველაზე ხშირად? 

მეც არ ვიცი. მართლა ვერ ვხვდები. შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს გერმანიის პოზიციას.

1918 წელს გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1992 წელს გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოს ელჩი გაუგზავნა. უკვე 30 წელზე მეტია, გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია.

ყველა ხელისუფლება, რომელიც საქართველოში ყოფილა, გერმანიას მეგობარს უწოდებდა. ჩვენ ვართ ევროკავშირის ყველაზე დიდი ქვეყანა და ყველაზე დიდი ეკონომიკით. იქნებ ამის გამო?

ორი წელია აქ ვმუშაობ და ხშირად მესმოდა სიტყვები: „გმადლობთ, ბატონო ელჩო, თქვენ ნამდვილი მეგობარი ხართ ჩვენი ქვეყნისთვის, ვაფასებთ თანამშრომლობას, პარტნიორობას“. და ახლა იგივე ადამიანები ამბობენ, რომ მე „დიფ სთეითი“ ვარ და თურმე ცუდი ელჩი ვარ. მართლა ვერ ვხვდები. 

  • თქვენ ბათუმში ჩამოხვედით და აპირებთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწროთ, რისთვისაც ჩვენი რედაქციის სახელით მადლობას გიხდით. ცნობილი ფაქტია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით 3 მარტს განცხადება გაავრცელა. ის დღემდე პატიმრობაშია. რას აჩვენებს თქვენთვის „მზია ამაღლობელის საქმე“?

გერმანიის საგარეო პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს. ამისთვის ძალიან კარგი მიზეზი გვაქვს: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აშენდა ნაცისტური სახელმწიფოს ნანგრევებზე და ჩვენ საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რას ნიშნავს, როცა კანონის უზენაესობა იკარგება და ადამიანის უფლებები აღარ ფასობს.

ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი არსებითი ელემენტია მედიის თავისუფლება.

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპებია. თუ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამ ყველაფრის დაცვა აუცილებელია.

ამიტომ, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მედიის თავისუფლებაზე. ვსაუბრობთ ჟურნალისტზე, რომელიც უკვე ოთხი თვეა ციხეში იმყოფება.

უნდა აღვნიშნო – განსხვავებით ზოგიერთი მტკიცებისგან – მე არ ვცდილობ, ვიყო არც ქართველი მოსამართლე, არც პროკურორი და არც ადვოკატი.

ფაქტებიდან, რაც საჯაროდაა ცნობილი, ის ბრალდებულია, რომ შენობაზე სტიკერი მიაკრა და პოლიციელს სილა გაარტყა.

გერმანიაში, რა თქმა უნდა, პოლიციელისთვის ხელის დარტყმა დაუშვებელია. მაგრამ ის უკვე ოთხი თვეა დაკავებულია. 

აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა: რამდენად შეესაბამება მისი პატიმრობა იმ ქმედებას, რაც მას ბრალად ედება?

როგორც გავიგე, საქმე აღძრულია პოლიციელზე ძალადობის და ფიზიკური დაზიანების მიყენების ბრალდებით, სასჯელი კი, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქ საქმე გვაქვს ცნობილ ქართველ ჟურნალისტთან – მზია ამაღლობელთან, რომელიც მედიაში 2001 წლიდან მუშაობს ადამიანის უფლებების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობის თემებზე. ის დიდ როლს თამაშობდა აჭარის რეგიონში, მათ შორის, ბავშვებისთვის ბიბლიოთეკების მხარდაჭერაში მთიან რაიონებში. ის არაერთი პრიზის მფლობელია.

„ბათუმელები“ აკრძალულია რუსეთში – დაბლოკილია, რაც ასევე საინტერესოა.

ასე რომ, როცა მედიის თავისუფლებასა და პროპორციულობაზე ვსაუბრობთ, ყველამ ნახა ეს ხელის დარტყმა. საკითხავია: მართლაც იმსახურებს თუ არა 4–7-წლიან სასჯელს? ის უკვე ოთხი თვეა პატიმრობაშია.

შესაძლოა, ის, რაც გააკეთა – ამ ოთხთვიანი პატიმრობით უკვე დაფარულია.

ჩვენ სასამართლო პროცესებს მთელ მსოფლიოში ვაკვირდებით, რადგან ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების პროპორციულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ნებისმიერ ქვეყანაში.

მზია ამაღლობელი არის ცნობილი ჟურნალისტი. მან ბევრი რამ გააკეთა თავისი რეგიონისთვის. ის გარკვეული ასაკის ქალია. მან სტიკერი მიაკრა და პოლიციელს გაარტყა. ის უკვე ოთხი თვეა ციხეშია.

მისი ბრალდების საფუძველზე სასჯელი არის 4-დან 7 წლამდე. კითხვა კი რჩება:  ეს მართლაც სამართლიანობაა?

ემსახურება თუ არა მართლმსაჯულებას ის, რომ ის კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს პატიმრობაში და შესაძლოა, მრავალწლიანი სასჯელიც მიიღოს?

ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ, როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის სტანდარტების უმრავლესობით, ეს იქნებოდა უკიდურესად/გადამეტებულად მკაცრი სასჯელი და უკვე ასე აღიქმება, გადამეტებულ სასჯელად – ოთხთვიანი პატიმრობა ეს ძალიან დიდი დროა. 

მხოლოდ ქართულ მედიასაშუალებებში არ ფიქრობენ ასე – საერთაშორისო მედიაც ამბობს, რომ ასეთი სიმკაცრე, როგორც მას [მზია ამაღლობელს] ექცევიან, შესაძლოა, იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის დაშინება.

და თუ გსურთ გაწევრიანება ევროკავშირში – თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია.

ხშირად გვეკითხებიან: რატომ ვსაუბრობთ საქართველოზე? – იმიტომ, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვა.

ეს კი გვაკისრებს პასუხისმგებლობას: ვთქვათ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ გვინდა, რომ გაწევრიანდეთ და როგორც მეგობრები, ვამბობთ სიმართლეს: აუცილებელია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია.

ჩვენ ვუჭერთ მხარს სამართალს მზია ამაღლობელისთვის. ვუჭერთ მხარს შესაბამის და სამართლებრივ სანქციას [სასჯელს] მის მიმართ. მაგრამ, როგორც არაერთხელ ვთქვი – ყველამ ნახა ის სილა: ეს სამართალია, რომ ამდენ ხანს [მზია ამაღლობელი] იჯდეს ციხეში? მართლა საშიშროებაა ის ქართული საზოგადოებისთვის? მართლა საშიში კრიმინალია? მართლა ძირგამომთხრელი პოლიტიკოსია? მართლა ვინმეს მძიმე დაზიანება მიაყენა? არის მოძალადე, რომელიც გამუდმებით სცემს ადამიანებს?

ჩვენი მოწოდებაა – სასამართლომ იპოვოს სამართალი.

  • გერმანიის მთავრობამ დაასანქცირა კონკრეტული პირები საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისთვის. ხომ არ უნდა ველოდოთ „მზია ამაღლობელის საქმის“ ფიგურანტების დასანქცირებას? 

რაც შეეხება სანქციებს – ჩვენ არ გვინდა, ვინმე დავასანქციროთ. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. გვინდა დავუბრუნდეთ იმ შესანიშნავ პარტნიორობას, რაც 30 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

თუმცა, ჩვენ გვაქვს გლობალური პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დაცვის წინაშე და ვიტოვებთ უფლებას, სანქციები დავუწესოთ მთელს მსოფლიოში იმ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს – სწორედ ამისთვის არსებობს სანქციების მექანიზმი.

უკვე დავასანქცირეთ 13 ადამიანი საქართველოში, რომელთაც, ჩვენი შეფასებით, პირდაპირი მონაწილეობა ჰქონდათ დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებში. მედიის თავისუფლების გარდა, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

ჩვენი შეფასებით, აქციების დროს დაკავებების რაოდენობა არაპროპორციულად მაღალი იყო. ბევრი ადამიანი დაშავდა დაკავების პროცესში. ჩვენ გვინდა მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამას ძლიერად არ ვეთანხმებით და ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ შესაბამისი ზომები.

მაგრამ ეს არ არის ის გზა, რომელიც ჩვენ გვსურს. ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ გაწევრიანება შეძლოს ევროკავშირში – თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის კავშირში, რომელიც საქართველოსთვის ხელის გაწვდენაზეა.

ყველა ქართველი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, სწორედ ამას ამბობს – რომ საქართველო ევროკავშირში უნდა იყოს.

ამიტომ ჩვენი პოლიტიკაა, ვაჩვენებთ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, რომ ეს გზა, რომლითაც ახლა მიდის ქვეყანა, ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს.

ეს ძალიან გვაწუხებს. ჩვენ არ ვართ ამის მიზეზი. ჩვენ არასდროს გვითხოვია საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნა. არასდროს გვითხოვია რუსეთზე სანქციების დაწესება. არასდროს დაგვიგეგმავს რაიმე „დიფ სტეიტური“ რევოლუციური სცენარი საქართველოს რომელიმე მთავრობის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც გავაკეთეთ, ეს იყო მხოლოდ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეთავაზება და მიცემა.

ყველამ იცის, რა არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ არ გვიყვარს სანქციები, მაგრამ როდესაც სერიოზული შეშფოთება გვაქვს და პრობლემები გვაქვს რომელიმე ქვეყანასთან – დიახ, ხანდახან ვიღებთ შესაბამის ზომებს.

გავიმეორებ, გერმანიაში დაუშვებელია ძალადობა პოლიციელებზე, სამართალდამცავებზე ან სახელმწიფო მოხელეებზე. აუცილებელია დაემორჩილო პოლიციის კანონიერ მითითებებს და ინსტრუქციებს, თუმცა, ასევე არაკანონიერია, როცა სახელმწიფო მოხელეები აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებებს.

არაკანონიერია დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოყენება – განსაკუთრებით, როცა ძალა არის გადამეტებული. ძალის გამოყენება უნდა იყოს პროპორციული.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იქნას ყველა ფაქტი – მათ შორის, პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომებიც.

რამდენადაც მე ვიცი, არცერთი პოლიციელი – მათ შორის პირები, რომლებსაც ყველა ხედავდა ვიდეო კადრებსა და  ქუჩებში – არ გამოუძიებიათ , არცერთი არ გაუშვიათ თუნდაც დროებით სამსახურიდან. არაფერი მსგავსი არ მომხდარა.

ესეც სერიოზული შეშფოთების საგანია და მიანიშნებს, რომ რაღაც ძალიან არასწორადაა.

  • მზია ამაღლობელი იქცა ქართული თავისუფალი მედიის სიმბოლოდ. ვიცით, რომ დიპლომატიური კორპუსი ხვდება 20 მაისს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებს. აპირებთ შეახსენოთ მას, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომელიც EU ქვეყნების გრანტებს დღგ-ს-განაც კი ათავისუფლებს. ამ ვითარებაში, როგორ ხედავთ თავისუფალი მედიის მხარდაჭერას საქართველოში?

ჩვენ გვინდა გავიგოთ საქართველოს მთავრობისგან: ორმხრივი შეთანხმებები, რომლებიც ჩვენ გავაფორმეთ, დღესაც მოქმედებს თუ არა? 

გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ის საფუძველი, რომელზეც 30 წელზე მეტია ვაფუძნებთ თანამშრომლობას – და რომელიც, განსაკუთრებით გერმანიის შემთხვევაში, ძალიან ფართო და ღრმაა – კვლავ შენარჩუნებულია. გერმანიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოსთან გვაქვს ინტენსიური და მრავალმხრივი ურთიერთობა და ფინანსური დახმარების, გრანტების ან შეღავათიანი სესხების ძირითადი ნაწილი სწორედ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებზე მოდის.

ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, კვლავ ძალაშია თუ არა ეს საფუძველი, თუ საქართველოს მთავრობა ცვლის თანამშრომლობის პირობებს.

ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს პასუხი ამ საკითხებზე… ვკითხეთ, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

მოდით ვნახოთ, რას მოიტანს შეხვედრა. არ ვიცი, არის თუ არა ეს ის ფორმატი, სადაც ასეთი ფუნდამენტური შეკითხვის პასუხის გაცემა მოხდება, მაგრამ ჩვენ დღეს სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ – ურთიერთობა, რომელიც ძალიან კარგი იყო, ახლა მკვეთრად გაუარესდა.

ეს ძალიან გვწყინს. ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ იმ დიდებულ პარტნიორობას, რაც გვქონდა – მაგრამ არა ნებისმიერ ფასად.

ჩვენ ველოდებით საქართველოს ხელისუფლების პასუხს, რათა შემდეგ უკვე ჩვენი პოზიციის გადახედვა შევძლოთ.

ჩვენ მოგვიწევს მოვარგოთ ჩვენი პოლიტიკა საქართველოს მიმართ იმ ქმედებებზე დაყრდნობით, რასაც საქართველოდან ვხედავთ.

შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის, რაც უკვე არაერთხელ მითქვამს – საქართველოსგან არ წავსულვართ, საქართველოა, ვინც ჩვენგან გამორიყა.

ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს – და უკვე მოგანიჭეთ კიდეც. ეს არის უზარმაზარი ნდობის გამოცხადება – ნიშნავს, შემოდი ჩვენს სახლში, იყავი ჩვენი ოჯახის წევრი.

როდესაც „ოჯახზე“ ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არის სამართლებრივი სტრუქტურა წესებითა და ვალდებულებებით, რომელსაც ყველა მომავალი წევრი ქვეყანა უნდა მოერგოს.

და მაინც, ეს იყო ნდობის ძალიან დიდი ჟესტი საქართველოს მიმართ, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან არ მოჰყოლია შესაბამისი პასუხი.

ახლა ჩვენ ველით გარკვევას – რა სურს საქართველოს ჩვენგან – და ამის შემდეგ დავისახავთ საკუთარ პოზიციას.

მაგრამ ჩვენი ძირეული კეთილი ნება კვლავ შენარჩუნებულია.

როდესაც ქვეყანა უერთდება ევროკავშირს, არ უერთდება მხოლოდ მთავრობა, არც მედია, არც პარლამენტი, არც პოლიცია, არც არასამთავრობო ორგანიზაციები. ევროკავშირში შედის მთელი ქვეყანა.

და სადაც არ უნდა წავიდე საქართველოში, ხალხი მეუბნება: „გმადლობთ პარტნიორობისთვის. გმადლობთ მეგობრობისთვის. ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება. გვინდა, რომ ჩვენს პასპორტზე ეწეროს — European Union, Georgia.“

მეუბნებიან, „ჩვენ გვინდა ეს ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის.“

ეს შესაძლებლობა არსებობს. ეს შემოთავაზებულია. მაგრამ ამისთვის საჭიროა იყო ლიბერალური დემოკრატიის მიმდევარი. 

  • კიდევ რა რესურსია გერმანიის და ევროკავშირის ხელში, რომ დემოკრატიის გადარჩენა, შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა მოხერხდეს? ერთ-ერთი მექანიზმი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება. საქართველო, მის მოქალაქეებს ემუქრება ამ მექანიზმის ამოქმედება?

დიახ, ეს შესაძლებელია. შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება – ეს არის პრივილეგია, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მინიჭებული.

ამ პრივილეგიის საფუძველი ისაა, რომ თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ – ლიბერალური დემოკრატია ხართ, სადაც დაცულია სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სხვა ძირეული ღირებულებები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ ხდება ამ უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენება – ანუ, არ არსებობს არალეგალური მიგრაციის პრობლემები.

როგორც მოგეხსენებათ, ეს მექანიზმი ამჟამად გადახედვის პროცესშია – როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ.

ჩვენ ამას არ ვისურვებთ. ჩვენ გვინდა, რომ ქართველ მოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფლად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, სამთვიანი მოგზაურობა შენგენის ზონაში. 

  • გერმანიის ახალი მთავრობის სტრატეგიული ხედვას საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე როგორ ჩამოაყალიბებდით?

გერმანიის ახალმა მთავრობამ, როგორც ცნობილია, ხელი მოაწერა კოალიციურ შეთანხმებას, რომელიც მათი მმართველობის გეგმის საფუძველს წარმოადგენს. ამ დოკუმენტში საქართველოზე ორი წინადადებაა მითითებული – რაც იშვიათია, როდესაც კონკრეტულ ქვეყანას ასე პირდაპირ ახსენებენ. ამ დოკუმენტში წერია, რომ:

„საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე ხელახალი ჩართულობა შეუძლებელია, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს. ამ მხრივ, გერმანიის მთავრობა საქართველოს პროევროპულ ძალებს უჭერს მხარს“. 

ასე რომ, ჩვენი კომუნიკაცია ძალიან მკაფიოა. საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები და კანონები წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გზასთან.

მთავრობა ამბობს, გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ჩვენ ვპასუხობთ: იმ მოქმედებებით, იმ კანონებით, რაც მიიღეთ, იმ რიტორიკით, რასაც იყენებთ – თქვენივე დეკლარირებული მიზნის საპირისპიროს აკეთებთ.

ჩვენ კი, ვუჭერთ მხარს ყველა იმ ძალას საქართველოში, ვინც ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა.

ბოლოს და ბოლოს, საქართველო ქართველების ქვეყანაა და ქართველმა ხალხმა  დროთა განმავლობაში უნდა გვითხრას, რა სურთ.

ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია.

ჩემი აზრით, საქართველოს წინ სამი სცენარია:

  1. გაწევრიანდეს ევროკავშირში – ვუწოდოთ ამას „ოქროს მომავალი“;
  2. არ გაწევრიანდეს ევროკავშირში – და როგორი იქნება საქართველო? პატარა სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, რომელიც არ იქნება ჩართული არცერთ ალიანსში, არცერთი დიდი ბაზრის ინტეგრაციის ნაწილი. ეს ნიშნავს პატარა ბაზარს.

არსებობს უზარმაზარი განსხვავება: იყო ევროკავშირში, რომელიც 450 მილიონიან ბაზარს წარმოადგენს – თქვენთან ერთად იქნებოდა 453.7 მილიონი.

ეს შესაძლებელი არჩევანია – რატომაც არა? გერმანია ურთიერთობას შეინარჩუნებს, მაგრამ ის ფუნდამენტურად განსხვავებული იქნება იმ ურთიერთობისგან, რაც გვექნებოდა, თუკი თქვენ ევროკავშირის გზაზე იდგებოდით ან წევრი იქნებოდით.

ევროკავშირი განსაკუთრებული რამაა – ასეთი ღრმა ურთიერთობები მსოფლიოში იშვიათია.

თქვენ კი, შეგიძლიათ იყოთ პატარა ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, ალიანსის გარეშე, ბაზრის ინტეგრაციის გარეშე – გვექნება ურთიერთობა, მაგრამ ის იქნება ფუნდამენტურად განსხვავებული.

3. თუ ამას ემატება ისიც, რომ საქართველო იქნება ქვეყანა, რომელიც არ აკმაყოფილებს იმ დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების დონეს, რასაც ჩვენ ვაყენებთ კარგი პარტნიორობისთვის, მაშინ ურთიერთობა კიდევ უფრო შემცირდება – და გახდება ძალიან შეზღუდული.

ჩვენ თითქმის ყველა ქვეყანასთან გვაქვს ურთიერთობა, მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში. 

საქართველოში კვლავ დარჩება გერმანიის საელჩო, მაგრამ ბევრს ერთად ვეღარ გავაკეთებთ. 

  • რა შემთხვევაში აქვს „ქართულ ოცნებას“ შანსი, რომ მან გერმანიასთან ურთიერთობის აღდგენა შეძლოს? 

ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ „დიფ სთეითი“ უბრალოდ არ არსებობს. ევროკავშირი უკიდურესად გამჭვირვალეა – ჩვენ ყველაფერს წერილობით ვაფიქსირებთ. გვქონდა 9 პუნქტი, შემდეგ 12 რეკომენდაცია… უკვე იმდენი დრო გავიდა და იმდენმა წყალმა ჩაიარა მტკვარში ამასობაში, რომ რთულია გავიხსენო ყველა დეტალი – მაგრამ ისინი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ჩვენ ვწერთ მათ, ვაუწყებთ, ვსაუბრობთ მათზე.

მაგრამ ერთი რამ აშკარაა:

შეწყვიტეთ შეკრების თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. არ დააპატიმროთ და არ სცემოთ დემონსტრანტები.

თუ რაიმე ხდება – გამოიძიეთ! მზიას საქმე არის ტესტი პრესის თავისუფლებისთვის.

შეწყვიტეთ ისეთი კანონების მიღება, რომლებიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ღირებულებებთან. თუ გინდათ გაწევრიანდეთ ევროკავშირში, უნდა მიიღოთ ჩვენი კანონმდებლობა. უნდა შეითავსოთ ჩვენი სამართლებრივი სივრცე.

ახლა კი, ერთი-მეორის მიყოლებით იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც არა მხოლოდ არ შეესაბამება ევროკავშირის კანონებს – ისინი წინააღმდეგობაშია.

და ეს მხოლოდ გარემოს დაცვას ან მშენებლობის რეგულაციებს არ ეხება, ან ტრანსპორტის წესებს – ეს ეხება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს.

და კიდევ – შეწყვიტეთ ჩვენზე ასე ცუდად ლაპარაკი. კარგი რა, თუ გინდათ კლუბში გაწევრიანება, მაგრამ თან მუდმივად აცხადებთ, რომ ეს კლუბი „დალპა“, რომ ის „მტერია“ და საშინელია – მაშინ ვერ გახდები მისი წევრი და, როგორც ჩანს, არც გინდა მისი წევრობა.

  • შეჩერდა რომელიმე პროგრამა განათლების კუთხით? ხარიხიანი განათლების ხელმისაწვდომობა ბევრისთვის სწორედ გერმანიასთან პარტნიორობის გზით იყო შესაძლებელი, რა იცვლება? 

ესეც საჯარო ინფორმაცია იყო. წელიწად-ნახევრის წინ, მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ვგეგმავდით თანამშრომლობის გაღრმავებას აკადემიური გაცვლებისა და სამეცნიერო პროგრამების მიმართულებით, ასევე საქართველოს ჩართვას ევროკავშირის კვლევისა და მეცნიერების პროგრამებში.

ჩვენმა შესაბამისმა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს გაძლიერება დროებით შეეჩერებინა.

მაგრამ პროგრამები არ შეგვიმცირებია – დღესაც, როგორც მახსოვს, ყოველწლიურად გერმანია მილიონ ევროზე მეტს ხარჯავს საქართველოში აკადემიური გაცვლისა და სამეცნიერო თანამშრომლობისთვის. უბრალოდ, ახალი საფეხურის დამატება გავაჩერეთ. სხვა სფეროებშიც გვქონდა დაგეგმილი გაღრმავება, მაგრამ ვთქვით, რომ ასეთ პირობებში ეს შეუძლებელია.

ეს არის შესაძლებლობის დანახარჯი – რა შეიძლებოდა ყოფილიყო და რა რეალურად გვაქვს. ახლა კი, ეს FARA და გრანტების შესახებ კანონები, სერიოზულად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი თანამშრომლობის საფუძველს.

არ ვიცი, კონკრეტულად ყველა დეტალზე როგორ ვიმოქმედებთ – გერმანიაში სამინისტროებს საკმაოდ დიდი დამოუკიდებლობა აქვთ.

მაგრამ ჩვენ მეგობრებთან მუშაობისას არ ვართ მიჩვეული, რომ ისე გვექცეოდნენ, თითქოს ეჭვმიტანილი და მტრული ძალა ვიყოთ, თითქოს თითოეულ ხარჯზე ნებართვა უნდა მოვითხოვოთ.

რადგან იცით, რომელ ქვეყნებშია ასეთი რეჟიმი? რუანდაში, პაკისტანში და ნეპალში – იქ ყველა ცენტი უნდა დაამტკიცოს ხელისუფლებამ.

ჩვენ კი ჩვეულებრივ გვაქვს ჩარჩო-შეთანხმებები: ვთანხმდებით მიზნებზე და ვმუშაობთ ერთობლივად ამ მიზნების მიღწევაზე.

ასე იყო საქართველოსთანაც, მაგრამ საქართველო თითქოს შორდება ამ ჩარჩოს. და ახლა უნდა დაველოდოთ, რა მოხდება FARA-ს გარშემო.

მაგრამ ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპია – და ეს ისეთ ქვეყნებთანაც ასეა, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა აღარ გვაქვს – რომ კულტურის, მეცნიერების, ახალგაზრდობის და განათლების კავშირები არ გავწყვიტოთ.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის არსია – ვიყოთ პარტნიორები, გვქონდეს კარგი ურთიერთობები, ვახორციელოთ გაცვლები, მივცეთ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ორივე მიმართულებით იმოგზაურონ, ისწავლონ ერთმანეთისგან, ერთად რაღაც შექმნან.

  • მაგრამ როგორც თქვენ ახსენეთ, FARA და სხვა რეგულაციებმა შეიძლება ეს პროგრამებიც დააზიანოს, არა?

დიახ და ჯერჯერობით არ მიგვიღია მათგან არანაირი ახსნა. რაც იკვეთება, საკმაოდ შემზღუდავად ჟღერს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: