მთავარი,სიახლეები

გარდაიცვალა ურუგვაის ყოფილი ლიდერი, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

14.05.2025
გარდაიცვალა ურუგვაის ყოფილი ლიდერი, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ყოფილი ლიდერი ხოსე მუხიკა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს უწოდებდნენ მოკრძალებული ცხოვრების წესის გამო.

ხოსე მუხიკა ურუგვაის პრეზიდენტად 2009 წელს აირჩიეს, ის ქვეყანას 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა.

ახალგაზრდობაში, 1960-იან და 1970-იან წლებში, ის იბრძოდა მემარცხენე რადიკალურ მოძრაობაში, რომელიც კუბის რევოლუციის იდეებით იყო შთაგონებული და ხელისუფლებასთან საბრძოლველად პარტიზანულ მეთოდებს იყენებდა.

მუხიკამ 14 წელი გაატარა ციხეში. სასჯელის უმეტესი ნაწილის განმავლობაში იგი სამარტოო საკანში იმყოფებოდა. ის გაათავისუფლეს 1985 წელს, როდესაც ურუგვაიში დემოკრატია დაბრუნდა.

„ბიბისი“ წერს, რომ მუხიკას და მის მეუღლეს ყვავილები მოჰყავდათ და ჰყიდდნენ. პრეზიდენტობის დროს იგი ხელფასის დაახლოებით 90%-ს ქველმოქმედებას ახმარდა და ფერმის გარდა, მისი ერთადერთი ქონება 1987 წელს გამოშვებული „ფოლკსვაგენი“ იყო.

ხოსე მუხიკას გარდაცვალების მიზეზი საყლაპავის კიბო გახდა, რომელიც სხვა ორგანოებზეც გავრცელდა და ყოფილმა პრეზიდენტმა მკურნალობაზე უარი თქვა.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/Gaston Britos

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: