მთავარი,სიახლეები

რა საფრთხის წინაშე დგას ისტორიული მეჩეთები აჭარაში

17.06.2020 • 3320
რა საფრთხის წინაშე დგას ისტორიული მეჩეთები აჭარაში

რა ადგილი უკავია ქართულ მუსლიმურ მემკვიდრეობას საქართველოში? რა მდგომარეობაშია დღეს შემორჩენილი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ხის მეჩეთები? ზრუნავს თუ არა სახელმწიფო მის შენარჩუნებაზე? როგორ და რა ფორმით გამოიხატება ეს ზრუნვა? ვინ უნდა მოუაროს მეჩეთებს და როგორ?

ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემასაც ამ სტატიაში შევეცადეთ.  

„კავშირ „ქართული სახლის“ ხელმძღვანელმა, არქიტექტორმა ნანა მეფარიშვილმა აჭარაში არსებული რამდენიმე სახეცვლილი ხის მეჩეთის ფოტოები გამოაქვეყნა ფეისბუქზე. ეს ფოტოები 13-წლიანი სხვაობითაა გადაღებული – 2007 და 2020 წლებში. გამოქვეყნებულ ფოტოებზე სამი სოფლის – დარჩიძეების, კვიახიძეებისა და მაწყვალთის მეჩეთებია ასახული.

კავშირი „ქართული სახლი“ 2003 წლიდან იკვლევს ქართული ტრადიციული საცხოვრებლის არქიტექტურას. 2007 წელს კავშირს მთიან აჭარაში ორი მასშტაბური ექსპედიცია ჰქონდა, ტრადიციული ნაგებობების (მათ შორის – ხის მეჩეთების, საცხოვრებელი, სამეურნეო თუ საინჟინრო ნაგებობების და სხვ.) ფიქსაციისა და კვლევის მიზნით. მეჩეთების პირველი ფოტოები სწორედ ამ ექსპედიციების დროსაა გადაღებული.

2020 წელს ამავე მეჩეთებში გადაღებულ ფოტოებზე ძველსა და ახალს შორის განსხვავება თვალსაჩინოა. მეჩეთების ინტერიერები საგრძნობლად შეცვლილია: დარჩიძეების მეჩეთის ხის ჩუქურთმები ფერადი საღებავითაა შეღებილი; კვიახიძეების მეჩეთის ჩუქურთმები ლაქითაა დაფარული. მაწყვალთის მეჩეთში კი ჭერის ერთი ნაწილის შეღებვაა დაწყებული.

დარჩიძეების მეჩეთი
მარცხნივ 2007 წელს გადაღებული ფოტო, მარჯვნივ  – 2020 წელს

ნანა მეფარიშვილი შიშობს, რომ ასეთი ცვლილებები, შესაძლოა, მასიურ ხასიათს ატარებდეს, რაც დაუშვებელია. მისი აზრით, ხის მეჩეთები არის ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, რაზედაც რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს: ხის მეჩეთების არქიტექტურა გარეგნულად დიდად არ განსხვავდება აჭარული საცხოვრებელი სახლის არქიტექტურისგან; ერთი და იგივეა ამ ორი, განსხვავებული ფუნქციის ნაგებობაში (საცხოვრებელი და სარიტუალო) გამოყენებული სამშენებლო მასალაც (ქვა და ხე), მსგავსია არქიტექტურული პროპორციებიც და – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – იდენტურია კონსტრუქციული გადაწყვეტები და მშენებლობის ტექნიკა.

ნანა მეფარიშვილის თქმით, ფასდაუდებელი და უმნიშვნელოვანესია მეჩეთების ინტერიერებში შემორჩენილი, აჭარელი და ლაზი ოსტატების მიერ შესრულებული ორნამენტები და ხეზე კვეთის უნიკალური ნიმუშები. უდავოა, რომ აჭარული ხის მეჩეთები, რომელთა უმრავლესობის ასაკი 100-დან 200 წლამდე და, ზოგის, მეტიცაა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურის სინთეზის შედეგად დაბადებული და დღემდე შემონახული, ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი ნიმუშებია, რომელთაც შეფასება, დაფასება, მოვლა და დაცვა სჭირდებათ.

დარჩიძეების მეჩეთის ინტერიერი ახლა (მარცხნივ) და 2007 წელს  (მარჯვნივ)

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვისას დაუშვებელია ძეგლის პირვანდელი სახის შეცვლა ან –  დაკარგვა. ავთენტურობის დაკარგვას იწვევს ხის მეჩეთების, როგორც ექსტერიერების დაცვის მცდელობები (ხის კედლებზე თუნუქის ფურცლების მიკვრა, ნალექისგან მათი დაცვის მიზნით და სხვ.), ასევე – ინტერიერების გადაღებვა პრიალა ლაქით ან  ზეთის საღებავით. ადგილობრივი მოსახლეობა ამას, ხშირად, სიძველეების მოფრთხილების და/ან განახლების სურვილით აკეთებს, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა. ხის მოვლის ბევრი სხვა, თანამედროვე საშუალება არსებობს, რომელიც კარგად იცავს მასალას სხვადახვა დაზიანებისგან (ნესტი, მწერები და სხვ.) და, ამავდროულად, ხეზე კვეთის უნიკალურ და ძვირფას ნიმუშებს არ უცვლის ფერს, ფაქტურას, ხასიათს, ინარჩუნებს იმ სახით, როგორითაც ოდესღაც, საუკუნეების წინ შექმნეს. ასე დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ასეთი მოვლა უფრო ღირებულია, ასე შენახული მემკვიდრეობა უფრო ფასობს. ეს ინფორმაცია – როგორც თანამედროვე დაცვის საშუალებებზე, ასევე – მსოფლიოში სიძველეების დაცვა-რესტავრაციის საკითხების თანამედროვე მიდგომებზე – აუცილებლად სათქმელია. საჭიროა მეტი შეხვედრა, ახსნა, საუბარი ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მიზანი – დაიცვან წინაპრების მიერ დატოვებული კულტურული მემკვიდრეობა – ბოლომდე სწორად იქნას მიღწეული“, – ამბობს ნანა მეფარიშვილი.

კვიახიძეების მეჩეთი
2007 წელს (მარცხნივ) და ახლა (მარჯვნივ)

დარჩიძეების, კვიახიძეებისა და მაწყვალთის მეჩეთებში განხორციელებული  ცვლილებები არ არის აჭარაში მეჩეთების გარეგნული იერსახის შეცვლის პირველი და ერთადერთი ფაქტი. მეჩეთების ინტერიერი თუ ექსტერიერი წლებია იცვლება, სახელმწიფო კი ამას ვერ/არ ხედავს. შესაბამისად არანაირი რეაგირება არ ხდება.

[highlight color=”red”]რა არის პრობლემა[/highlight]

აჭარაში დღეისათვის მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სულ მცირე 61  ხის ძველი მეჩეთია აღრიცხული.  აჭარის ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს  ინფორმაციით, მათგან ძეგლის სტატუსი მხოლოდ 26 მეჩეთს აქვს. ძეგლის სტატუსის მქონე 4 მეჩეთი (ხალას, ხუცუბნის, კვირიკეს და დაგვას) ქობულეთის მუნიციპალიტეტშია, ერთი (მარადიდის) – ხელვაჩაურში, სამი – (ბეღლეთის, ღორჯომის, საციხურის) ხულოში, 18 კი – ქედაში. არც ერთ მეჩეთს არ აქვს ძეგლის სტატუსი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ისტორიული ხის მეჩეთების დიდი ნაწილი სტატუსის, შესაბამისად, დაცვის გარეშეა დარჩენილი. როდესაც მეჩეთის გადასარჩენად აუცილებელი ჩარევაა საჭირო – მაგალითად, დაზიანებულია სახურავი და შენობის განადგურების საფრთხე დგას, ადგილობრივები იძულებულნი არიან, თავად ჩაერიონ.

შუახევის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მეჩეთის იერსახის შეცვლის მაგალითზე რომ განვიხილოთ, სამიდან ერთ მეჩეთში ზუსტად მსგავსი შემთხვევა მოხდა. სოფელ მაწყვალთის მეჩეთის დაზიანებული სახურავი ადგილობრივმა მორწმუნეებმა საკუთარი სახსრებით, საკუთარი შეხედულებისამებრ შეაკეთეს და შეცვალეს. ჩარევის გარეშე, მეჩეთი განადგურდებოდა.

რაც შეეხება ორ სხვა, დარჩიძეებისა და კვიახიძეების მეჩეთებს, შუახევის მუფთის მტკიცებით, ადგილობრივ მორწმუნეებს აქაც კარგი განზრახვები ჰქონდათ.

„დარჩიძეებისა და კვიახიძეების მეჩეთებში დაახლოებით ათი წლის წინ განხორციელდა ეს ცვლილებები ადგილობრივი მორწმუნე მუსლიმების მიერ, მათი შემოწირულობით.

თავისი სოფლის მეჩეთები ისე მოალამაზეს, როგორც მათ შეეძლოთ. მოხალისეობრივად შეღებეს. მათი მიზანი არ ყოფილა რაიმეს განადგურება. მათი მიზანი იყო, რომ გაელამაზებინათ,“ – ასე ხსნის შუახევის მუფთი ასლან შარაშიძე მეჩეთებში კედლების გადაღებვის მოტივს. მეჩეთების გადაღებვის დროს ის მუფთი არ იყო. ამბობს, რომ ამჟამად კონტროლი გამკაცრებულია და ადგილობრივებს აღარ აძლევს უფლებას მათი შეხედულებისამებრ შეღებონ ქართული ისლამური კულტურის უნიკალური ნიმუშები.

„ყველანაირად ვცდილობთ სამუფთო სამმართველოს ჩართულობის გარეშე არ განხორციელდეს არავითარი ჩარევა და ის ორიგინალი სახით  შემოვინახოთ,“ – ამბობს ასლან შარაშიძე.

კვიახიძეების მეჩეთის ინტერიერი 2007 წელს (მარცხნივ) და ახლა

[highlight color=” blue”]რა კულტურული ღირებულება აქვს აჭარაში მეჩეთებს[/highlight]

ეთნოლოგი რუსლან ბარამიძე ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საუბრისას ცალკე გამოყოფს მეჩეთებს მათი ისტორიული და კულტურული ღირებულების მიხედვით.

„როცა ვლაპარაკობთ ღირებულებაზე, საჭიროა განვასხვავოთ ისტორიული, მხატვრულ-დეკორატიული და არქიტექტურული ღირებულებები ცალ-ცალკე. შეიძლება ცალკეული მეჩეთი არ გამოირჩეოდეს არქიტექტურით ან არ იყოს შემკული განსაკუთრებული დეკორით, მაგრამ მას უკავშირდებოდეს განსაკუთრებული ისტორია, რომელშიც შეიძლება იყოს დაცული რეგიონის წარსულთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცნობები. მეორე მხრივ, აღწერისას გამოვლენილა დეკორატიულად ან არქიტექტურული თვალსაზრისით გამორჩეული მეჩეთი, თუმცა მას არ უკავშირდებოდეს რაიმე ისტორია ან ის დაკარგული იყოს,“ –  ამბობს ის.

აჭარაში მეჩეთების აქტიურად აშენება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დასტურდება – 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ. მე-19 საუკუნის ბოლოს აჭარაში უკვე 200-მდე ჯამე იყო. საკუთარი სალოცავის ქონა ამა თუ იმ სოფლისათვის პრესტიჟის საკითხად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში, ჯამეების რაოდენობა შემცირდა.

გარეგნულად, მეჩეთი ძნელად განირჩევა ტრადიციული აჭარული საცხოვრებელი სახლისაგან. შიდა ინტერიერის მოწყობისას ოსტატები ადგილობრივ მიდგომებს იმგვარად იყენებდნენ, რომ რელიგიური მოთხოვნები და ისლამური ხელოვნების პრინციპები ყოფილიყო გათვალისწინებული. ხის მეჩეთების უმრავლესობა შემკულია ჩუქურთმებით, ნახატებითა და წარწერებით. ზოგჯერ, ერთდროულად, გაფორმების სამივე ხერხია გამოყენებული.

გარეგნულად მეჩეთი ძნელად განირჩევა ტრადიციული აჭარული საცხოვრებელი სახლისაგან. სოფელ ზუნდაგას ჯამე. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„აჭარული მეჩეთების ორნამენტები, რომლებიც არც ოსმალურის მექანიკური ასლებია და ვერც ხალხური ხელოვნების წმინდა გამოხატულებად ჩაითვლება, კულტურებსა და იმპერიებს შორის არეკლილ ტრადიციად უნდა აღიქმებოდეს,“ – ვკითხულობთ სიუზან ჰერის-ბრანდტსის, ენჯელა ვილერისა და ვლადიმერ შიოშვილის ავტორობით გამოქვეყნებულ ნაშრომში „აჭარის ხის მეჩეთები“.

რუსლან ბარამიძე  კი მიუთითებს, რომ საკულტო ნაგებობები პერიოდულად იცვლებოდა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში. მეჩეთები შეიცვალა ასევე საბჭოთა პერიოდში, როდესაც ხელისუფლება შენობებს იყენებდა პრაქტიკული მიზნებისთვის – მეჩეთებში იხსნებოდა მაღაზიები, კანტორები, სკოლები, კლუბები და საწყობები.

80-იანი წლების შემდეგ, როდესაც დაიწყო მეჩეთების ხელახალი აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები, ნაგებობებს მაშინაც ცვლიდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ადგილობრივი მორწმუნეები ცალკეულ მეჩეთებში გახუნებულ ფერს ხელახლა ღებავდნენ. მაგალითად, აგარას მეჩეთში შესასვლელი კედლის მხატვრობა მეჩეთის განახლების დროს გადაღებეს.

ჩანს თუ არა სახელმწიფო პოლიტიკით, რომ მეჩეთები ღირებულია სახელმწიფოსთვის

„ეს არის კითხვა, რომელზეც  ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელიცაა და უნდა ვთქვათ, რომ ეს კომპლექსური  პრობლემაა. იგი არ დაიყვანება ერთ მომენტამდე და ერთ ადამიანამდე, ან ერთ სტრუქტურამდე, რომელიც ამას აკეთებს, ან არ აკეთებს,“ – ამბობს რუსლან ბარამიძე.

ის იხსენებს, რომ მორწმუნეები ერთხანს სკეპტიკურად ეკიდებოდნენ მეჩეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ოფიციალურად რეგისტრაციას. იმიტომ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეიძლებოდა ყოფილიყო გაგებული როგორც მუზეუმი. მუზეუმი კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ამას ვერ გამოიყენებდნენ რელიგიური დანიშნულებით – სალოცავად.

„ზუსტად ამიტომ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, სახელმწიფოს პოლიტიკაზე,  ყველა ელემენტი უნდა იყოს გათვალისწინებული. ერთი მხრივ, მეჩეთის ღირებულება და მნიშვნელობა სპეციალისტებმა მკაფიოდ უნდა აღწერონ და წარმოაჩინონ. მეორე მხრივ, ის ორგანოები, რომლებსაც ეხებათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული სამუშაოები, უნდა ახდენდნენ რეაგირებას. ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ, თუ ხის შენობები, გასაგები მიზეზების გამო, ძალიან სწრაფად ითხოვენ ჩარევას – აღდგენას ან რესტავრაციას, მაშინ, პროცედურულად, ასეთ  ძეგლებზე რეაგირება უნდა იყოს მაქსიმალურად დროული. ასევე არ უნდა მოხდეს არც მორწმუნის ინტერესების ხელყოფა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მორწმუნეს არ უნდა უშლიდეს ხელს ლოცვაში, მეტიც, სავალდებულო რემონტის ჩატარების პირობებშიც კი სალოცავად მისი გამოყენების შეზღუდვა შეთანხმებული უნდა იყოს ადგილობრივ თემთან და სამუშაობების ხანგრძლივობა ლოგიკური და დასაბუთებული უნდა იყოს,“ –  ამბობს რუსლან ბარამიძე.

ის ფიქრობს, რომ უნდა შემუშავდეს ერთიანი სტრატეგია და ისიც არა ადგილობრივ დონეზე, არამედ ეს უნდა იყოს ერთიანი სახელმწიფო ხედვის ნაწილი. პირველ ეტაპზე, როგორც მინიმუმ, საჭიროა ყველა მეჩეთის აღწერა-პასპორტიზაცია, ერთ ბაზაში თავმოყრა. მონაცემები შესაბამის სტრუქტურაში უნდა იყოს წარდგენილი.

„ამ შენობებისადმი დამოკიდებულება და ამ შენობების ღირებულება, ერთი მხრივ, უნდა იყოს დაფიქსირებული, მეორე მხრივ, უნდა იყოს მიმართული მათ შენარჩუნებაზე და მესამე მხრივ, უნდა იყოს შექმნილი მათი გამოყენების პირობები. გამოყენებული, ერთი მხრივ, მორწმუნეების მიერ და მეორე მხრივ, იმ ადამიანების მიერ, ვინც დაინტერესებულია ამ შენობების ნახვით,“ – ამბობს რუსლან ბარამიძე.

დარჩიძეების მეჩეთის ინტერიერი 2007 წელს (მარცხნივ) და ახლა (მარჯვნივ)
ფოტო: “ქართული სახლი”

ეთნოლოგი ხაზს უსვამს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საკულტო ნაგებობების ავთენტურობის შენარჩუნება.

„შენარჩუნების გარეშე, ფაქტობრივად, ვკარგავთ ყველაფერს ერთად – ისტორიასაც, ცოდნასაც, ტრადიციასაც, სპეციალისტები კარგავენ შესაძლებლობას, ადგილზე შეისწავლონ მრავალი საკითხი. მხოლოდ ერთი, ვიწრო გაგებით, სპეციალისტები კარგავენ არა მარტო კონკრეტულ მხატვრულ ელემენტს, არამედ იმ ცოდნასაც, თუ როგორ კეთდებოდა იგი, ვის მიერ, როგორ და ა.შ. ანუ მთელ რიგ ასპექტებს, რითაც იკარგება ძალიან ბევრი რამ. გარდა იმისა, რომ ამ ღირებულებების შენარჩუნება და შესწავლაა ღირებული, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდგომში, მათ შორის, ვთქვათ, იგივე ტურისტული თვალსაზრისით,“ – ამბობს რუსლან ბარამიძე.

რას ნიშნავს, როცა მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს

აჭარაში ძეგლის სტატუსი სულ 26 მეჩეთს აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ მეჩეთებში ნებისმიერი ცვლილება სასულიერო პირებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან უნდა შეათანხმონ. ძეგლზე ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ჩარევა, დოკუმენტურად უნდა იყოს  ნებადართული სააგენტოს მიერ.

ქვეყანაში არ არსებობს ორგანო, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს ან მეჩეთის რეაბილიტაციით დაინტერესებულ პირებს კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს. იმისთვის, რომ უხეში ჩარევისგან დაცული იყოს ისტორიული შენობა.

„უნდა იყოს სპეციალისტების ჯგუფი. ადამიანი, როდესაც დაინახავს, რომ მეჩეთს რაღაც ზიანი ადგება, მიმართავს ამ ჯგუფს. მოქალაქეს ეცოდინება, რომ შეუძლია სპეციალისტს დაუკავშირდეს და მიიღოს რჩევა ან რეკომენდაცია. კონსულტაცია შეიძლება იყოს სატელეფონო. ეს მექანიზმი პრობლემის დაჩქარებული წესით მოგვარებას შეუწყობს ხელს. სააგენტოს, არსებული შტატის პირობებში, უამრავი ძეგლი აქვს ჩაბარებული, უამრავ საკითხზე მუშაობს. ამ ეტაპზე, რომც მოინდომოს, ყველა შემთხვევაზე რეაგირებას დროულად ვერც კი მოასწრებს,“ – ამბობს რუსლან ბარამიძე.

ბათუმის ორთა ჯამე. ფოტო გადაღებულია 2011 წელს. ფოტოს გადაღებიდან მალევე მეჩეთის რეაბილიტაცია ჩატარდა. ჯამეს შენობას თავზე ოქროსფერი გუმბათი დაადგეს

ვინ უნდა იზრუნოს  მეჩეთებზე

ვინ უნდა იზრუნოს  საქართველოში არსებულ ხის მეჩეთებზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის  ობიექტებზე.  ამ საკითხის გარკვევას სხვადასხვა უწყებაში ვცდილობდით.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ სააგენტო ზედამხედველობას მხოლოდ იმ მეჩეთებზე ახორციელებს, რომლებსაც ძეგლის სტატუსი აქვთ. ვინაიდან საკულტო ნაგებობები მუნიციპალიტეტების ბალანსზე არ არის, მასზე არც ადგილობრივი უწყებები ზრუნავენ.

რაც შეეხება საქართველოს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლები ექვემდებარება, სააგენტოსგან ორი დღის განმავლობაში ველოდით პასუხს კითხვაზე –  რას აკეთებს სააგენტო იმისათვის, რომ ქართული ისლამური  კულტურული მემკვიდრეობა დაცული იყოს. თუკი პასუხს მივიღებთ, სტატია განახლდება.

[highlight color=”blue”]სად არის გამოსავალი – ეთნოლოგის მოსაზრება[/highlight]

რუსლან ბარამიძე, ეთნოლოგი:

„მუსლიმი სამლოცველოს უდგება, როგორც შენობას, რომელიც უნდა შენარჩუნდეს, იყოს კომფორტული და სუფთა. აქედან გამომდინარე, როცა მასში გარკვეული ცვლილებები შეაქვს, გამოდის იქედან, რომ მას აწუხებს მისი პრაქტიკული ასპექტი, დაცულობა და ა.შ.

ამჟამად, მოქალაქემ ან არ იცის ვის მიმართოს ცალკეულ საკითხზე, ან არ არის დარწმუნებული, რომ რეაგირება იქნება დროული.

როცა ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ორგანოებზე, რომლებიც ზრუნავენ კულტურული მემკვიდრეობის ძელგების დაცვაზე, ისინი რეაგირებენ, მაგალითად, იმ შემთხვევაში, რომ ავთენტურობა იყოს შენარჩუნებული, შენობა არ შეიცვალოს… ამ შეთხვევაში ეს მიდგომა შესაძლოა გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდეს რიგითი მორწმუნის პოზიციას, რომელსაც გაფუჭებული სახურავის შეკეთება, ელექტროგაყვანილობის მოწესრიგება ან სხვა პრობლემის მოგვარება სურს.

ამიტომ, ძეგლთა დამცველთა აზრით, როდესაც რესტავრაცია ან ცვლილება ხდება, ის უნდა ხდებოდეს შესაბამისი წესების დაცვით. წესების დაცვა დროში შეიძლება გაიწელოს. დროში გაწელვა ადგილობრივ მორწმუნეს არ აწყობს, რადგან არ უნდა შენობა მეტად დაზიანდეს. მეტად დაზიანებაზე წინააღმდეგია, ისევე, როგორც მიიჩნევს, რომ შენობა უფრო კომფორტული  რომ იყოს,  უკეთესია, ვიდრე დარჩეს ისტორიული. ორი განსხვავებული ხედვაა.

სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ამ პროცესში კანონს და რეგულაციებს ხედავენ. რეგულაცია გულისხმობს, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს დაცული კანონის მოთხოვნები. თუ კანონის მოთხოვნები ირღვევა, უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

ანუ ამ შემთხვევაში სამი ჯგუფი დავასახელეთ და სამივე ჯგუფს განსხვავებული ხედვა აქვს ერთ საკითხთან დაკავშირებით.

მორწმუნეები იქცევიან საკუთარი შეხედულების მიხედვით. როცა მათ არა აქვთ შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად მიიღონ ამის შესახებ განმარტებები, უფრო ეფექტურად მოახდინონ რეაგირება, რეაგირებენ ისე, როგორც იციან და როგორც ფიქრობენ, რომ უკეთესია.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმირებას და შესაბამისი ცოდნის გავრცელებას.  ადგილობრივი მორწმუნეები, ისევე როგორც სხვა დასახელებული ჯგუფები, ამ საკითხს არ უნდა უდგებოდნენ ერთხაზოვნად. ერთი ინტერესის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, საზიანო იყოს ბევრ სხვა საკითხთან მიმართებით. მაგალითად, დღეს საჭიროა აქცენტების დაზუსტება – მეჩეთი უნდა განიხილებოდეს როგორც საქართველოში არსებული ქართული ისლამური მემკვიდრეობის ძეგლი და არა იმ ისტორიული კონტექსტის ნაწილად, რომელიც ძირითადად ომებთან და ძალადობასთან ასოცირდება.

თუ ასე მივუდგებით,  ჩვენ შევინარჩუნებთ ამ შენობებს და იმ ყველაფერს, რაც მათ უკავშირდება.

უკეთესია, თუ ჩვენ ამ შენობებს დავინახავთ და გავიაზრებთ უფრო ფართო კონტექსტში, როგორც ისტორიისა და ცოდნის მატარებელ სივრცეს, რომელშიც  ძალიან საინტერესოდაა წარმოდგენილი სამშენებლო და დეკორატიული ტექნიკები“.

___________________________

მთავარი  ფოტო: ღორჯომის მეჩეთის კარი და კედლის მხატვრობა. მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: