დღეს, 16 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპული ქვეყნების ელჩები საქართველოში.
ბათუმის სასამართლოში დღეს მივიდნენ: პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი, შვედეთის ელჩი საქართველოში და მარგე მარდისალუ-კაჰარი – ესტონეთის ელჩი საქართველოში.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დღეს ასევე ესწრება ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად.
„როგორც ევროპარლამენტის წევრმა, მინდა ვთქვა: ევროპა გიყურებთ. ჩვენ ამაზე თვალს არ დავხუჭავთ“ – განაცხადა ლენა შილინგიმ.
ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის პროცესებს თითქმის ყოველ ჯერზე ესწრებიან საქართველოში ევროპული ქვეყნების საელჩოს წარმომადგენლები.
მზია ამაღლობელი უკვე 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია.
- რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.
მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.
უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
ამავე თემაზე:
„რა ზიანი მოგაყენეთ?“ – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან