მთავარი,სიახლეები

რატომ მიდიან მერები? – ინტერვიუ

13.05.2025 •
რატომ მიდიან მერები? –  ინტერვიუ

ბათუმის არჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი დღეს, 13 მაისს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტით გადადგა. უკვე ყოფილ მერს არც თანამდებობაზე ყოფნის დროს გაწეული მუშაობის ანგარიში ჩაუბარებია საზოგადოებისთვის და არც წასვლის მიზეზებზე უსაუბრია.

არჩილ ჩიქოვანი მხოლოდ ზოგადი მადლობით შემოიფარგლა და დაწერა, რომ რჩება „ქართული ოცნების“ დიდი ოჯახის ერთგულ წევრად“.

არჩილ ჩიქოვანის გადადგომამდე 4 აპრილს ასევე ფეისბუქზე დაწერილი პოსტით დატოვა თანამდებობა აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძის გადადგომისთანავე გაჩნდა მოსაზრება, რომ თანამდებობას ბათუმის მერსაც დაატოვებინებდნენ. დღეს ეს მოსაზრება ფაქტდა იქცა.

რას ნიშნავს, როცა არჩეულ მერს თანამდებობის დატოვება უწევს ახსნა-განმარტების გარეშე, ისე რომ მისი ამომრჩევლისთვისაც კი უცნობი რჩება გადადგომის მიზეზი, „ბათუმელები“ „საერთაშორისო გამჭვრვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელს მალხაზ ჭკადუას ესაუბრა.

  • უკანასკნელ ერთ თვეში ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი საკადრო ცვლილებები აჭარაში. თანამდებობის პირებმა ახსნა-განმარტების გარეშე დატოვეს პოსტები, ისე, რომ საჭიროდ არ ჩაუთვლიათ იმ ხალხის ინფორმირება, ვინც მათ ხელფასს უხდის. როგორ აფასებთ ამ პროცესს?

„ქართული ოცნება“ აჭარაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებით ადასტურებს იმას, რომ არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის, საზოგადოების მიმართ. ანგარიშვალდებულება იგრძნობა მხოლოდ მმართველი ვერტიკალის და ოლიგარქიის მიმართ.

350 ათასი ადამიანი ცხოვრობს აჭარაში და ამ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე როცა მიდის თანამდებობიდან ფეისბუქპოსტით, ეს ნიშნავს შემდეგს: ჩვენ საქმე არ გვაქვს საჯარო პოლიტიკასთან. ნიშნავს, რომ რეალურად გვაქვს ჩრდილოვანი პოლიტიკა, სადაც საკადრო ცვლილებები წყდება არა წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტების გათვალისწინებით, არამედ იმით, თუ ვინ რა ტიპის ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში. ან ვის რა პოზიციაზე დააწინაურებენ ან ჩამოაგდებენ მმართველ პოლიტიკურ ელიტაში.

ადამიანი, რომელიც იყო პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე გახდა თავისი აროგანტულობით, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, საჯარო თანამდებობისთვის შეუფერებელი განცხადებებით, ეს ადამიანი ისე გაქრა საჯარო სივრციდან, რომ მისმა გულმხურვალე თუ არც ისე გულმხურვალე მხარდამჭერმა არ იციან რეალური მიზეზი, რის გამო გაუშვეს.

ცხადი იყო, რომ თორნიკე რიჟვაძის წასვლას თუ გაგდებას საჯარო სივრციდან, ასევე პოლიტიკური პარტიის რიგებიდან, მოჰყვებოდა არჩილ ჩიქოვანის გადაყენება. ასევე ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ სხვა მერების გადაყენებაც მოჰყვება. ოღონდ ეს პროცესი ახლა ფორმდება, როგორც გადადგომა მათი ნების საფუძველზე.

ბათუმის მერის გადადგომა რთული გამოსაცნობი არ იყო, რადგან არჩილ ჩიქოვანი პოლიტიკური ჭიპლარით იყო გადაბმული თორნიკე რიჟვაძეზე.

აჭარის გზების დეპარტამენტში მუშაობდა, როცა თორნიკე რიჟვაძე მოიყვანეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ, მან დაასაქმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. შემდგომ, როდესაც თორნიკე რიჟვაძემ ლაშა კომახიძე გაუშვა მერის თანამდებობიდან, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა მერიაში.

სწორედ ამიტომ ეს საკადრო ცვლილება პრაქტიკულად მიბმულია 100 %-ით თორნიკე რიჟვაძის გაქრობასთან პოლიტიკური სივრციდან.

  • რა როლი აქვს ბათუმის საკრებულოს ამ ყველაფერში, რომელიც რეალური თვითმმართველობის პირობებში მერიას უნდა აკონტროლებდეს?

ჩვენ დავინახეთ ძალიან სუსტი ბათუმის საკრებულო, რომელსაც ამ დრომდე არ გაუკეთებია არავითარი განცხადება. არჩილ ჩიქოვანი თუ ვინმეს უნდა აბარებდეს დღეს ანგარიშს, პირველ რიგში ესენი არიან ბათუმის მოქალაქეები და მათ მიერ არჩეული ხალხი კოლეგიალურ ორგანოში.

2020 წელს, როდესაც ლაშა კომახიძე წავიდა, ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ეს იყო სრული უგულვებელყოფა თვითმმართველობის პრინციპების. სრული უგულვებელყოფა ადგილობრივი დემოკრატიის და საჯარო მმართველობის, იგივე ხდება ახლაც, უფრო დამძიმებულ ფორმებში.

რა ამძიმებს ამ გარემოებას?

ჯერჯერობით დაუდასტურებელია, მაგრამ ბევრი მითქმა-მოთქმა არის საჯარო სივრცეში თორნიკე რიჟვაძის და მამამისის, დავით რიჟვაძის შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით კორუფციაზე და სხვა სავარაუდო უკანონო ქმედებებზე.

მანკიერი ტრადიცია გრძელდება – „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები გრძნობენ პასუხისმგებლობას მხოლოდ პარტიული ვერტიკალის მიმართ და ყოველგვარი მცდელობა, რომ დავინახოთ მათ მიერ პატივისცემა საკუთარი მოქალაქეების, საკუთარი ამომრჩევლების, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.

  • ბათუმის ბოლო ორი არჩეული მერის საერთო ბედზე მინდა გკითხოთ. ორივე გადადგა ახალ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და ვერცერთმა ვერ დაასრულა მერობის ვადა.

ლაშა კომახიძესთან დაკავშირებით იყო კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი – ერთი კვირით ადრე რომ დაეწერა განცხადება წასვლის შესახებ, საჭირო იქნებოდა თვითმმართველობის არჩევნებამდე მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. მაგრამ ეს შესაძლებლობაც კი გაუშვა კომახიძემ, რადგანაც ჯერ დაანიშნინეს არჩილ ჩიქოვანი მოადგილედ და მხოლოდ ერთი კვირის მერე დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.

რაზე მიანიშნებს ეს? პირველი მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ იქცევა 2012 წელს გაცემული დაპირების საპირისპიროდ. ოცნება მაშინ ირწმუნებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ქვეყანაში ფისკალური, ადმინისტრაციული დეცენტრალიზაციისთვის, რომ თვითმმართველობებს გაძლიერებდა, მეტ რესურსებს გაიღებდა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის და ამ ყველაფრის საწინააღმდეგო მოიქცა.

მმართველობის სტილითაც კი, ისინი მიზერულ, ძალიან მცირე კრიტერიუმებსაც კი არ აკმაყოფილებენ.

2018 წელს, როდესაც რიჟვაძე მოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ, მაშინვე დაიწყო პოზიციონირება, როგორც ამ თვითმმართველობების ხელმძღვანელმა. არადა თვითმმართველობები არ ემორჩილებიან აჭარის მთავრობას, ისინი არიან დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც კაპიტალურ და სპეციალურ ტრანსფერს იღებენ აჭარის მთავრობიდან ინფრასტრუქტურული ან სოციალური პროექტებისთვის. თუმცა ისინი უნდა ყოფილიყვნენ აბსოლუტურად თვითკმარები. ეს ასე არ მოხდა.

მოვიდა დასანქცირებული სულხან თამაზაშვილი, რომელმაც დაიწყო საკუთარი კადრებით გაჯერება სამოხელეო სტრუქტურების. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ეს არის ყველაფერი საწინააღმდეგო იმისა, თუ როგორც უნდა იმართებოდეს ქვეყანა, როგორ უნდა ხედავდეს მოქალაქე, რომ მის არჩევანს, მის პოზიციებს, პატივს სცემს ბიუროკრატია, მმართველი პარტია.

  • ძალოვანი უწყებებიდან თვითმმართველობაში ხალხის მოყვანა რაზე მიანიშნებს, პოლიციური რეჟიმის გაძლიერდება და პოლიციური მმართველობა გვექნება?

თუ გახსოვთ 2021-შიც ძალიან მცირედით მოუგო არჩილ ჩიქოვანმა გიორგი კირთაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში.

იმიტომ, რომ ბათუმში ოპოზიციური სპექტრი ყოველთვის ძლიერი იყო. მოქალაქეები გრძნობდნენ, რომ ამ ქალაქს სჭირდება გაცილებით სხვანაირი მენეჯერული ადამიანი, ვიდრე პარტიის მიერ დასმული ყოფილი ან მოქმედი ძალოვანია.

ახლა რა პროცესიც მიდის, სულხან თამაზაშვილიც ძალოვან უწყებებზე ააგებს მმართვალობას, პირველივე დღიდან ვიცოდით რომ ასე იქნებოდა. როდესაც ადამიანი შსს-დან მოდის, საკითხს სხვანაირად ვერ უდგება.

ძალოვან უწყებებში დაფრთიანებული თანამდებობის პირები ბლომად გვყავდა. არჩილ ჩიქოვანიც ოდიოზური ფიგურის მოადგილე იყო წლების განმავლობაში და ნაციონალურ მოძრაობაზე როცა მიუთითებს ქართული ოცნება, ე.წ. სისხლიან ცხრა წელზე, პოლიტიკური შეფასების შექმნაში მეგი ქარდავა იყო ერთ-ერთი მთავარი პერსონა და სწორედ მასთან დაკავშირებული პირი იყო არჩილ ჩიქოვანი.

ასევე, ზაზა დიასამიძე, ხელვაჩაურის მერი, პოლიციაში მუშაობდა, ხულოს ყოფილი მერ ვახტანგ ბერიძეც პოლიციელი იყო.

ჩვენი სახელმწიფო ღრმად პოლიციურია. მას არ ესმის მმართველობის სხვაგვარი მიდგომები. არც ძალა და არც უნარი აქვთ სხვაგავარად მართონ. იმიტომ, რომ ასე უფრო უადვილდებათ. ეს საბჭოური სტილია, როდესაც შენ თვითმმართველობებში ადამიანების მუშაობას ახორციელებ სწორედ ძალოვანი უწყებების გავლენით.

პირდაპირ აქვს ნათქვამი ქედის ერთ-ერთ ყოფილ მერს – „რა ვქნა, ძალიან არ მინდა ააიპებში დავასაქმო ადამიანები, მაგრამ სუსი მირეკავს და მეუბნება, რომ ეს ადამიანი ამა და ამ პოზიციაზე უნდა მოიყვანოო“.

ანუ ეს თვითმმართველობები ყოველთვის არის საჯილდაო ქვა და მოქმედების არეალი ძალოვანი უწყებებისათვის. სხვაგვარად არცერთ ხელისუფლებას არ ესმოდა თვითმმართველობა და ნებისმიერი მცდელობა და საუბარი იმაზე, რომ ამ თვითმმართველობებს მიეცეთ მეტი უფლებამოსილება, მეტი ფინანსური რესურსი, მეტი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი მცნება მათთვის, იმიტომ, რომ მათ არ უნდათ ევროპული თვითმმართველობა საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ დღემდე გამოუძიებელია ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების დანაშაულებრივი გარემოებები, სადაც მას პრაქტიკულად აიძულებდნენ პოლიტიკური კუთვნილება, პარტიის წევრობა დაეთმო გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ.

დღემდე გამოუძიებელია ეს საკითხი. სწორედ ამგვარმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა მისცა ქართულ ოცნებას იმის საშუალება, რომ ბათუმის საკრებულო, სადაც პრაქტიკულად დაკარგული ჰქონდა ძალაუფლება, 2021 წელს დაეკომპლექტებინა საკუთარი უმრავლესობით. ეს მოხდა მას შემდეგ რაც რამაზ ჯინჭარაძე წაიყვანეს კანდიდატად იმ უბანში, იმ ოლქში, იმ მაჟორიტარულ ოლქში სადაც მდებარეობს ოცნების ქალაქი და ამ არჩევნებამდე 500 ადამიანი გადაწერეს ერთ მისამართზე, რომ მიეღოთ მეტი ხმა.

სწორედ ამ გზით მიიღეს მათ უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში და საკრებულოს უმრავლესობა ახლა არის ქცეულია ტაშისმკვრელ საზოგადოებად, რომლებიც ამბობენ, რომ ბათუმში ყველაფერი გადასარევადაა, რომელიც ამბობს, რომ რაში გვჭირდება მძიმე ტექნიკა, რომელიც ათ წელიწადში მოსულ დიდ თოვლს გაწმენდს, პრაქტიკულად ერთი კვირის განმავლობაში ქალაქი იყო პარალიზებული.

ბათუმი არის ქალაქი, რომელსაც არ აქვს გამართული მუნიციპალური ტრანსპორტი, წყალმომარაგება და წყალანირება, რომელსაც მოსაცდელებიც კი არ აქვს ნორმალური, და უზარმაზარი უფსკრულია უბნებს შორის განვითარების თვალსაზრისით.

სადაც არ ჰყოფნის მოსახლეობას მუნიციპალური საბავშვო ბაღები, სადაც ადამიანები გვეხოცებიან იმის გამო, რომ მთელი რიგი უკანონო მშენებლობებიდან ავდრის დროს ცვივა ფიცრები და სამშენებლო მასალები, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ გაცხადებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე წლიდან წლამდე იმატებს უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: