მთავარი,სიახლეები

„არჩევნების მერე ხელფასი არ აგვიღია, გზა კი გახსნეს, მაგრამ საშიშია“ – ავტობანზე დასაქმებულები

02.06.2025 •
„არჩევნების მერე ხელფასი არ აგვიღია, გზა კი გახსნეს, მაგრამ საშიშია“ – ავტობანზე დასაქმებულები

ბათუმის შემოვლითი გზა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გახსნა. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული პირების თქმით, ეს გზა დასრულებული ახლაც არ არის, მასზე ავტომანქანით გადაადგილება სახიფათოა და არჩევნების შემდეგ მათ კუთვნილი ხელფასი 8 თვეა არ მიუღიათ.

„წინასაარჩევნოდ ავტობანი რომ გახსნეს და წავიდნენ, მას შემდეგ ხელფასი არ აგვიღია – ეს გზა დასრულებული არ არის და საშიშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვაჟა აბაშიძე. მისი თქმით, 200-მდე ადამიანი კომპანია JV Polatyol & Mapa-მ რამდენიმე თვე ამუშავა, მაგრამ ხელფასი არ გადაუხადა.

„ეს არის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, ავტომანქანები უკვე მოძრაობს, მაგრამ დასასრულებელია: ვენტილაცია მოსაგვარებელია, ვენტილაციის გარეშე მტვერი დგება და შეიძლება, კატასტროფა მოხდეს, საავარიო გვირაბები დასასრულებელია, გზები უკვე ამოტეხილია, შუქი ხშირად ითიშება გვირაბში, შეიძლება ისეთ დროს გაითიშოს, რომ ავარია მოხდეს,“ – გვიყვება ვაჟა აბაშიძე და განსაკუთრებულ ყურადღებას ღიად დატოვებულ ელექტროსადენებზე ამახვილებს.

გვირაბი ბათუმის შემოვლით გზაზე / 21.05.2025

„6 შენობაა, სადაც მაღალი ძაბვის დენი შედის, არაა დასრულებული ეს სამუშაო, დამიწება ღიად არის დატოვებული, კაბელები ღიად არის… უცებ, რომ ვინმემ მანქანა გააჩეროს და გაიაროს, ან ნაწვიმარი იყოს და ბავშვი ახლდეს, შეიძლება კატასტროფა მოხდეს.

დაცვაც აღარ მუშაობს, აქამდე 40 კაცი ამაზე ვმუშაობდით, რომ მთელი გზა გვეკონტროლებინა… იქეთ კიდევ მძიმე ტექნიკაა, ის რომ არ დააზიანოს ვინმემ, მისახედია.

მე თითქმის 5 წელი აქ ვიმუშავე. მძღოლად ვმუშაობ. ჩემი ხელფასი თვეში 1850 ლარია. ოქტომბერში მომცეს რაღაც ნაწილი ხელზე და ეს იყო, მერე აღარ აგვიღია ხელფასი. ხელშეკრულების მიხედვით, წლის ბოლომდე ვიყავით დასაქმებული.

წელს ახალი ხელშეკრულება აღარ გაუფორმებიათ, მაგრამ წინა წლებშიც ასე ხდებოდა: გაზაფხულზე გვიფორმებდნენ კონტრაქტს. გვეუბნებოდნენ, რომ იყო ფინანსური პრობლემები და მალე მოგვარდებოდა, მაგრამ არაფერი არ მოგვარდა. ახლა უკვე კომპანიაში სალამსაც აღარ გვეუბნება ვინმე. ამიტომაც, რამდენიმე დღის წინ დავტოვეთ სამუშაო ყველამ და წამოვედით,“ – ამბობს ვაჟა აბაშიძე.

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული პირის დაკვირვებით, იმის გამო, რომ შემოვლითი გზის მშენებლობა ხელვაჩაურიდან სარფის მიმართულებით არ გაგრძელდა, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, ე.წ. ხელვაჩაურის გზა, ისევ გადატვირთული დარჩა:

„ეს გზა უნდა გაგრძელებულიყო სარფამდე, მაგრამ არაფერი აღარ შენდება. ახლა ტრაილერები ამ ახალი გზით მოდიან და რადგან იქეთ გზა არ გრძელდება, ისევ ჩამოდიან ხელვაჩაურში, კოლაფსია ისევ,“ – ამბობს ვაჟა აბაშიძე.

ბათუმის შემოვლითი გზა და ფრიდონ ხალვაშის გამზირი [ქვემოთ]

კომპანიაში, რომელმაც ტენდერი მოიგო, მაგრამ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ამ დრომდე არ დაუსრულებია, გვითხრეს, რომ დავალიანებას მალე გაისტუმრებენ და სამუშაოებსაც დაასრულებენ.

„სახელმწიფოს ჩვენთან დავალიანება არ აქვს, კომპანიას აქვს ფინანსური პრობლემები და მალე მოხდება დავალიანების დაფარვა,“ – გვითხრა კომპანია JV Polatyol & Mapa-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, რომა პატარიძემ.

რომა პატარიძე ვერ აკონკრეტებს, რა სახის ფინანსური პრობლემები აქვს კომპანიას. ის ადასტურებს ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული პირების ნათქვამს იმ კუთხით, რომ შემოვლით გზაზე სამუშაოები მართლაც დასასრულებელია, თუმცა კომპანიის JV Polatyol & Mapa წარმომადგენლის თქმით, შემოვლით გზაზე გადაადგილება სახიფათო არ არის.

„საფრთხის შემცველი არ არის. საფრთხის შემცველი რომ ყოფილიყო, მაშინ გზების დეპარტამენტი არ ჩაიბარებდა და არ მისცემდა უფლებას, რომ გახსნილიყო. ეს გზა დასრულებულია და ვმოძრაობთ ყოველდღე.

გზის სავალი ნაწილი უკვე დასრულებულია, მაგრამ ბევრი წვრილმანია დარჩენილი, სანიაღვრეებია და ასე შემდეგ.

გიდასტურებთ, რომ ეს ხალხი ნამდვილად დასაქმებული არიან ჩვენთან და ხელფასი ასაღები აქვთ… კომპანია ცდილობს ფინანსური პრობლემების მოგვარებას, მეტს ვერაფერს გეტყვით“, – უთხრა „ბათუმელებს“ რომა პატარიძემ.

არის თუ არა ბათუმის შემოვლითი გზაზე გადაადგილება უსაფრთხო, როდის გაგრძელდება ავტობანის მშენებლობა სარფის მიმართულებით და რა მექანიზმებით აპირებს გზების დეპარტამენტი იმისს მონიტორინგს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თავისი ვალდებულებები შეასრულოს? – „ბათუმელებს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ ინფორმაციას მოგვაწვდიან. სტატია ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

განახლება: გზების დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ შემოვლით გზაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და კონკრეტული სამუშაოები მალე დასრულდება. გზების დეპარტამენტი ასევე ელოდება კომპანიისგან ხელფასებთან დაკავშირებული ხარვეზის აღმოფხვრას.

ბათუმის შემოვლითი გზა / 21.05.2025

კომპანია JV Polatyol & Mapa რომ ვალდებულებებს არ ასრულებს, ეს გზების დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 30 მაისს გავრცელებული განცხადებითაც დასტურდება – პრობლემებია გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანზე [რომელიც რამდენჯერმე გადავადებული გრაფიკით გასულ წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო]. ამ მონაკვეთზეც სამუშაოები შეჩერებულია.

„საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია JV Polatyol & Mapa, რომელიც აშენებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლით გზას, არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მათ შორის, კომპანია არ გასცემს შრომის ანაზღაურებას დასაქმებულებზე. სახელფასო დავალიანების გამო, პროექტის ერთ-ერთ მონაკვეთზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია და დასაქმებული პერსონალი გაფიცულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კომპანია არაერთხელ არის გაფრთხილებული და დაკისრებულიც აქვს საჯარიმო სანქციები.

კომპანიას კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება და გადაეცა მოთხოვნა შეასრულოს ხელშეკრულებით აღებული ყველა ვალდებულება. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ზომას“ – აღნიშნული იყო 2025 წლის 30 მაისს გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

___________________

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

ამ თემაზე:

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის დაფინანსება – რას პასუხობს გზების დეპარტამენტი

 

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზა / ფოტო: გზების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: