მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ ახალი კანონი ხდება იარაღი სამოქალაქო საზოგადოების დასასჯელად – საია

21.05.2025 •
„ოცნების“ ახალი კანონი ხდება იარაღი სამოქალაქო საზოგადოების დასასჯელად – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ანალიზს. აღნიშნული კანონი პირველი ივნისიდან შედის ძალაში.

საია წერს:

„2025 წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოელი აგენტები“. კანონის ტექსტი თითქმის ამერიკული FARA-ს იდენტურია, თუმცა შინაარსი და დანიშნულება ქართულ რეალობაში სრულიად იცვლება.

ამერიკაში ეს კანონი მიზანმიმართულად არ ვრცელდება არასამთავრობო სექტორზე, მედიაზე ან იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურებიან. იქ რეგულაცია ეხება მხოლოდ იმ სუბიექტებს, რომლებიც პირდაპირ ემორჩილებიან უცხო ქვეყნის დავალებებს და ზეგავლენას. ამის პარალელურად, ამერიკულ მოდელს თან ახლავს ძლიერი ინსტიტუციური დაცვის მექანიზმები – დამოუკიდებელი სასამართლო, პროკურატურა და ზედამხედველობა.

საქართველოში კი კანონის აღსრულება გადაეცა ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არის. ის, ისევე როგორც სასამართლო და პროკურატურა, მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა.

ამ პირობებში საქართველოში კანონი ხდება იარაღი სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული ხმების დასასჯელად. ამაზე უკვე მიუთითეს საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ეუთომ. მათი შეფასებით, კანონი ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებს“.

საიას კვლევაში განხილულია კანონის მიღების კონტექსტი და შეიძლება მოჰყვეს „აგენტების“ კანონის ამოქმედებას.

„კანონის განმარტებასა და აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურების ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის არარსებობა, მის მიღებასთან დაკავშირებული პოლიტიკური კონტექსტი და „ქართული ოცნების“ აშკარად ბოროტი მიზნებით ნაკარნახევი კანონშემოქმედებითი მოტივაცია ცხადყოფს, რომ კანონის მიღება არ ემსახურება გამჭვირვალობას, არამედ მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო სივრცეების შეზღუდვას.

მკაცრი სანქციებისა და ეროვნულ დონეზე ხელმისაწვდომი დაფინანსების ალტერნატივების არარსებობის პირობებში, კანონის „ქართული ოცნების“ ინტერპრეტაციის შესაბამისად ამოქმედება, პრაქტიკულად, სამოქალაქო სექტორის აკრძალვას ნიშნავს“ – ვკითხულობთ კვლევაში. 

საია წერს, რომ საქართველოში ამ კანონის პრაქტიკული აღსრულება დამოკიდებული იქნება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ კანონქვემდებარე აქტებზე, ასევე, სასამართლოსა და პროკურატურის მიერ მისი განმარტებისა და გამოყენების პრაქტიკაზე.

„ვინაიდან ეს ინსტიტუტები სრულად ექვემდებარებიან მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ – კონტროლს, იქმნება წინაპირობა, რომ სამართლებრივ მექანიზმებს ისინი შერჩევითად და პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოიყენებენ. ასეთ ვითარებაში, კანონმდებლობის რეალური დანიშნულება, შესაძლოა, გადაიქცეს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების დევნის ინსტრუმენტად, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პროცესს და არსებითად შეასუსტებს დემოკრატიული მმართველობის საფუძვლებს“ – წერია კვლევაში.

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ამავე თემაზე: 

რა განსხვავებაა ამერიკულ FARA-სა და ივანიშვილის ფარას შორის ერთი ორგანიზაციის მაგალითზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: