მთავარი,სიახლეები

სინდისის პატიმრები საქართველოში: მზია ამაღლობელის საქმე

03.06.2025
სინდისის პატიმრები საქართველოში: მზია ამაღლობელის საქმე

ავტორი: ლიზა ქორიძე, მკვლევარი, იურისტი. სტატია მომზადდა Global Human Rights Defence-თვის.

_______________________

მზია ამაღლობელი ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და ორი გამორჩეულად დამოუკიდებელი და კრიტიკული ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია.

2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს ადმინისტრაციული წესით. დაკავებიდან მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მოკლე ხანში ხელახლა დააკავეს სისხლის სამართლის წესით. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა გამოიყენა.

მზიას დაკავების პარალელურად, საქართველოში ჟურნალისტების მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. მისი დაკავება არ წარმოადგენს ერთ, ინდივიდუალურ შემთხვევას, ის ასახავს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობას.

ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევები, რაც იმაზე მიუთითებს რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დღითი-დღე იკლებს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს.

მზია ამაღლობელის საქმე მჭიდრო კავშირშია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების შემცირებასთან. ამ სტატიის მიზანია, უფრო კარგად წარმოაჩინოს, თუ რა პირობებში უწევთ საქართველოში ჟურნალისტებს მუშაობა და დაცულია, თუ არა დემოკრატიული პრინციპები ქვეყანაში, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

  • კონტექსტი

საქართველო წლებია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის იბრძვის. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დაუღალავად იბრძოდა ევროპული მომავლისთვის, თუმცა 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო წყვეტდა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს.

ეს იყო ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, მზია ამაღლობელიც მათ შორის იყო.

ლიზა ქორიძე, მკვლევარი, იურისტი

ორი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა თითქმის ყველა საშუალებას იყენებდა საპროტესტო აქციების დასაშლელად, მათ შორის, ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლის მანქანებს. მაშინ, როდესაც ამ გზებით ვეღარ შეძლეს პროტესტის ჩახშობა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენება და უკანონო დაკავებები დაიწყეს. 28 ნოემბრიდან დღემდე ადმინისტრაციული წესით პროტესტის ასობით მონაწილე დააკავეს, სისხლის სამართლის წესით კი 50-ზე მეტი ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ დაარღვია არა მხოლოდ კონსტიტუციის ჩანაწერი ევროკავშირში ინტერგაციასთან დაკავშირებით, არამედ ის 28 ნოემრბიდან დღემდე არღვევს ადამიანის უფლებებს, რომლებიც გარანტირებულია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, არამედ იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომლებზე ხელის მოწერითაც საქართველომ მათი დაცვის ვალდებულება აიღო.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის სიმტკიცესაც უზრუნველყოფს. საქართველომ საკმაოდ გრძელი გზა გაიარა ამ თავისუფლების მოსაპოვებლად. კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. კონსტიტუციით ასევე დაცულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებაც, დაუშვებელია ცენზურა და დაცულია ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლებასაც.

იმის მიუხედავად, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით, ბოლო წლებში საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა.

„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ყოველწლიურად აფასებს სხვადასხვა ქვეყანაში პრესისა და მედიის თავისუფლებას. 2025 წლის მონაცემებით, საქართველო 180 ქვეყნიდან 114-ე ადგილს იკავებს, რაც წინა წლებთან შედარებით საკმაოდ გაუარესებული შედეგია.

ქვეყანაში პრესისა და მედიის თავისუფლების ასეთმა მკვეთრმა გაუარესებამ საერთაშორისო დამკვირვებლების და უფლებადამცველი ორგანიზაციების ყურადღებაც მიიქცია. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატია განვითარების ნაცვლად, რეგრესს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დღეს არა ერთი დამოუკიდებელი მედია საშუალება არსებობს, აღსანიშნავია, რომ მათ საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ უწევთ მუშაობა.

ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმები. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი 2021 წლის 5 ივლისია, როდესაც ულტრა-მემარჯვენე მოძრაობის წარმომადგენლები ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად, ერთ-ერთი არხის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება ერთგვარი სიმბოლოა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობებით აღებულ ვალდებულებებს.

მთავრობის წარმომადგენლები ხშირად ჟურნალისტებს „მტრებად“ და „აგენტებად“ მოიხსენიებს, რაც კიდევ უფრო ამწვავებს საზოგადოებაში მათ მიმართ მტრული განწყობების შექმნას.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში დღითი-დღე უარესდება. დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც საზოგადოებას ევროპული მომავლის იმედს აძლევდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში თითქმის აღარ არსებობს. სანაცვლოდ, მთავრობის პრიორიტეტი მედიის ნარატივებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობის კონტროლი გახდა. სწორედ ამიტომ, უნდა ითქვას, რომ მზია ამაღლობელის საქმე არ არის ინდივიდუალური შემთხვევა, უფრო მეტიც, ის წარმოადგენს კრიტიკული მედიისა და აქტივისტების გაჩუმების მცდელობას.

  • მზია ამაღლობელის საქმე

როგორც უკვე აღინიშნა, მზია ამაღლობელი 2025 წლის იანვარში დააკავეს. 11 იანვარს ის ბათუმის პოლიციის შენობასთან გამართულ დემონსტრაციაზე კოლეგების მხარდასაჭერად მივიდა. სოლიდარობის ნიშნად მან პოლიციის შენობაზე საპროტესტო სტიკერი გააკრა, რის შემდეგაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. ერთი საათის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს.

გათავისუფლებიდან მალევე მზია ამაღლობელი მეორედ და ამჯერად უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს, ამის საფუძვლად კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნა დაასახელეს.

დაკავების შემდეგ აღნიშნულმა პოლიციელმა, ირაკლი დგებუაძემ, მზია ამაღლობელს დამამცირებელი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თვითმხილველების თქმით, ის დაკავებულს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ემუქრებოდა, რომ სისხლის სამართლის წესით დააკავებდა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა მისი გაჩერება მოახერხეს. ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს წყლის დალევისა და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უფლებაც შეუზღუდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353¹-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის სახედ ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

353¹ მუხლი რამდენიმე ელემენტის არსებობას საჭიროებს, მაგალითად, ძალადობრივი და აგრესიული თავდასხმის არსებობა, პირდაპირი განზრახვა და აშკარა კავშირის პოლიციელის სამსახურეობრივ როლთან. მზია ამაღლობელის ქმედება, რომელიც პოლიციელის მხირდან შეურაცხყოფაზე პასუხი იყო, არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს და აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს შერჩევითი და პოლიტიზირებული სამართლის შესახებ.

2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა, რაც აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახეა. მზია ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, ის 12 იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით შიმშილობდა. აღსანიშნავია, რომ მან შესაბამისი სამედიცინო დახმარება მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ მიიღო.

18 თებერვალს მან განაცხადა, რომ წყვეტდა შიმშილობას და კვებას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებდა.

მზია ამაღლობელის დაკავებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. საქართველოში 30-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი მისი გათავისუფლების შესახებ შედგენილ პეტიციას. ჟურნალისტების საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მზიას სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქციებს მართავდნენ. მის დაკავებას საერთაშორისო დონეზეც მოჰყვა გამოხმაურება. Amnesty International-მა, OSCE-მ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად არა ერთი განცხადება გაავრცელეს.

მზია ამაღლობელი დღეს საქართველოში ერთადერთი ქალი პოლიტპატიმარია, რომელიც ამავდროულად სინდისის პატიმარიც არის. Amnesty International-ის მიხედვით, სინდისის პატიმარი არის პირი, რომელიც დაპატიმრებულია მისი პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა შეხედულებების გამო და მას არ გამოუყენებია ძალადობა.

  • სამართლებრივი ჩარჩო

მზია ამაღლობელის საქმე არა მხოლოდ ქართული საკანონმდებლო ჩარჩოს, არამედ იმ რეგიონული და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ჭრილშიც უნდა განვიხილოთ, რომელთა შესრულებაზეც საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა და ეს ვალდებულება თავის თავზე აიღო. ამ სტანდარტებზე საუბარი მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რატომ გამოიწვია მზია ამაღლობელის დაკავებამ ქართველი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება.

ასევე, იმის დასადგენად, არღვევს თუ არა სახელმწიფო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და კანონის უზენაესობის დაცვის ვალდებულებებს.

გარდა იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულია აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის გამოყენების უფლებები, კონსტიტუციის 21-ე მუხლი ასევე იცავს შეკრების თავისუფლებას, რომლის მიხედვითაც, ყველას, გარდა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისა, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე, საჯაროდ, და უიარაღოდ შეკრების უფლება.

ეს უფლებები ვრცელდება არა მხოლოდ ჟურნალისტებზე, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეზე და უზრუნველყოფს მათი სიტყვისა და გამოხატვის, ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებებს.

გარდა კონსტიტუციისა, ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო და რეგიონული კონვენციებიც, რომელთა შესრულებაზეც საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა.

მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აღნიშნული მუხლი ამბობს, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯაროდ, ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.

მზია ამაღლობელის მიერ პოლიციის შენობაზე გაკრული სტიკერი სწორედ ამ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.

კონვენციის მე-11 მუხლი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას იცავს და ამბობს, რომ ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება. სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ თავი შეიკავოს მშვიდობიან დემონსტრაციაში ჩარევისგან, არამედ უნდა უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეების დაცვა.

მშვიდობიანი პროტესტისთვის ადამიანის დაკავება, განსაკუთრებით კი მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეიძლება ორივე აღნიშნული მუხლის დარღვევას წარმოადგენდეს. კონვენციის მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლებას შეეხება.

მზია ამაღლობელის საქმეში არსებობს სერიოზული ეჭვები პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით. მაგალითად, შეიძლება ითქვას, რომ მისი წინასწარი პატიმრობა არაპროპორციულია, ასევე კითხვის ნიშნები ჩნდება მტკიცებულებებთან დაკავშირებითაც.

საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტია. მე-19 და 21-ე მუხლები შესაბამისად იცავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მშვიდობიანი შეკრების უფლებას.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანახმად, მშვიდობიანი პროტესტი აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და მისი შეზღუდვა მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში უნდა ხდებოდეს. ამასთანავე, არაძალადობრივი პროტესტისთვის ვინმეს დასჯა, განსაკუთრებით კი ისეთი სიმბოლური აქტისთვის, როგორიცაა სტიკერის გაკვრა, არ აკმაყოფილებს „აუცილებლობისა და პროპორციულობის“ საერთაშორისო სტანდარტებს.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა არა სიმბოლური, არამედ სავალდებულოა.

თუმცა, მზია ამაღლობელის შემთხვევაში ეს უფლებები უმეტესად იგნორირებული და დარღვეულია.

  • პოლიტიკური მოტივები

მზია ამაღლობელის დაპატიმრება გარკვეულ სამართლებრივ კითხვებს აჩენს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ის პოლიტიკური მესიჯია, რომელიც მისი დაპატიმრების უკან დგას.

აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა სასამართლო სისტემას იყენებს არა რეალური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, არამედ კრიტიკული აზრის ჩასახშობად და სხვა სამოქალაქო აქტივისტების დასაშინებლად.

როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაული, რომლის ჩადენასაც მზია ამაღლობელს ედავებიან, საჭიროებს კონტექსტის გათვალისწინებას, რაც ცხადია, რომ ამ შემთხვევაში არ ხდება.

მზიას ქმედება იყო პასუხი პოლიციელის მხრიდან შეურაცხყოფაზე და არა წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა. არაპროპორციული ბრალდება, დამამცირებელი მოპყრობა და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი საზოგადოების შეშინებაა.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა ხშირად მიმართავს ამ ხერხს ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. საბოლოოდ კი, ეს არა მხოლოდ ცალკეულ აქტივისტებზე, არამედ მთლიან საზოგადოებაზე უარყოფითად მოქმედებს.

მზია ამაღლობელის საქმე სხვებისთვის მკაფიო გზავნილია, რომ პროტესტსა და ხელისუფლების გაკრიტიკებას თავისი ფასი აქვს. დროთა განმავლობაში ეს თავისთავად ასუსტებს საზოგადოების მონაწილეობას პროტესტში, ამცირებს ნდობას სასამართლო სისტემი მიმართ და აღარ ტოვებს სივრცეს მშვიდობიანი მანიფესტაციისთვის.

როდესაც ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი კრიმინალიზებულია და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები მტრებად არიან შერაცხილები, თავად დემოკრატია რისკის ქვეშ დგება.

მზია ამაღლობელის საქმეში სასწორზე არა მხოლოდ მისი პირადი თავისუფლება, არამედ ყველა ქართველის უფლება დგას, რომ გამოხატონ საკუთარი აზრი და ისარგებლონ მათთვის მინიჭებული ძირითადი უფლებებით.

ის, რაც მზიას თავს ხდება, არ არის იზოლირებული მოვლენა, ის უფრო ფართო სურათს წარმოადგენს, სადაც განსხვავებული აზრის ქონა საფრთხედ აღიქმება და სადაც სამართლებრივი ინსტრუმენტები არა სამართლიანობისთვის, არამედ პოლიტიკური კონტორლისთვის გამოიყენება.

იქ, სადაც მშვიდობიან დემონსტრანტებს აკავებენ, აჯარიმებენ ან ციხეში ჩასმით ემუქრებიან, ხელისუფლების გზავნილი ნათელია: მათი კრიტიკა დაუშვებელია. ამავდროულად, მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ისევ ძლიერია და არ ემორჩილება რეჟიმს.

საქართველოში ქალები ყოველთვის ბრძოლისა და პროტესტის წინა ხაზზე იდგნენ და იცავდნენ ყველაზე მნიშვნელოვანს – თავისუფლებსა და ღირსებას.

ყველა პროტესტს თავისი სახე ჰყავს, ვფიქრობ, ამ პროტესტის სახე მზია ამაღლობელია, რომელიც ყოველდღე გვახსენებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია და უნდა ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: