მთავარი,სიახლეები

ქარტია აჭარის ტელევიზიას კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს – მზია ამაღლობელის საქმე

30.05.2025
ქარტია აჭარის ტელევიზიას კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს – მზია ამაღლობელის საქმე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მოუწოდებს  სრულად გაასაჯაროვოს ან „ბათუმელებს“ და მზია ამაღლობლის ადვოკატებს გადასცეს 11 და 12 იანვარს აქციაზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ეპყრობიან პოლიციელები აქციის მონაწილეებსა და მზია ამაღლობელს დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.  ასვე, დაკავებისას და დაკავების შემდგომ  გადაღებული კადრები თუ როგორ დაშავდა მზია ამაღლობელი პოლიციელების ძალადობრივი ქმედებების შედეგად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვლადიმერ ტატიშვილმა „ბათუმელებს“, რომელიც ჩანაწერს უკვე ორი თვეა ითხოვს, დაუდასტურა, რომ ამგვარი კადრები მათთან ნამდვილად ინახება.

„სრული ჩანაწერი მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესისთვის და სიმართლის დასადგენად. პროკურატურა ამ ვრცელი ჩანაწერის მხოლოდ 44-წამიან მონაკვეთს კონტექსტიდან ამოგლეჯით იყენებს მტკიცებულებად მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

7 აპრილს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზიამ გამოძიებას გადასცა მხოლოდ 44-წამიანი ვიდეოკადრი. მან არ განმარტა, თუ რატომ არ ამოიღო შსს-მ სრული ჩანაწერი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა 11 და 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის  და იმ კომუნიკაციის აღდგენა, რაც წინ უსწრებს სილის გაწვნის ეპიზოდს.

ის, რომ საქმეში დღემდე არ მოიპოვება სრული ჩანაწერი, არღვევს მზია ამაღლობელის უფლებას სამართლიან სასამართლოზე,“ – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ქარტია ასევე განმარტავს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი სტატუსის გამო გამორჩეულად არის ანგარიშვალდებული აჭარის მოსახლეობის წინაშე.

„ქარტიისთვის გაუგებარი და აუხნელია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია, როცა ამ კუთხის გამორჩეული წარმომადგენელი და კოლეგა ცილისწამებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კი მოეპოვება კადრები, რომელსაც ამ ცილისწამების გაქარწყლება და საქმის შემობრუნება შეუძლია, თუმცა ის კადრებს არ ასაჯაროებს „პერსონალური მონაცემების“ დაცვის მოტივით.

მოგმართავთ პროფესიული თემის სახელით და მოგიწოდებთ, დაძლიოთ შიში იმის გასაკეთებლად, რაც სამართლიანი და სწორია. ამით გადაარჩენთ არა მხოლოდ მზია ამაღლობელს, არამედ თქვენს პროფესიულ რეპუტაციას და შეინარჩუნებთ აუდიტორიის პატივისცემასა და ნდობას,“ – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

აჭარის ტელევიზია მალავს კადრებს, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავებამდე და შემდეგ გადაიღო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: