დღეს, 30 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოადგილე რიშარ რეკენა ესწრებოდა.
ელჩის მოადგილეს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად მიეწოდებოდა სხდომის თარგმანი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.
16 მაისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ პეტერ ფიშერი – გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი – შვედეთის ელჩი და მარგე მარდისალუ-კაჰარი – ესტონეთის ელჩი საქართველოში.
4 მარტს სასამართლო სხდომას ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.
ფაქტობრივად მზია ამაღლობელის ყველა სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.
- რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.
მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.
უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.






