31 მაისს „ოცნების“ მორიგი რეპრესიული კანონი ამოქმედდება, რომელსაც „ოცნება“ ამერიკული კანონის ანალოგს, „ფარას“ უწოდებს.
ვისზე შეიძლება გავრცელდეს „ოცნების ფარა“ და რა ფორმით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იურისტ ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა.
- ბატონო ნიკა, თითქოს ბევრი განმარტება იყო „ოცნების“ მეორე რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც „ოცნება“ ამერიკულ „ფარას“ ეძახის, თუმცა გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მოსახლეობას, რა ფორმით აპირებს „ქართული ოცნება“ სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის შეზღუდვას? ეს კანონი ეხება ფიზიკურ პირებსაც თუ ისინი „ოცნების“ ხელისუფლებას გააკრიტიკებენ?
„უცხოური აგენტების“ კანონზე, ე.წ „ფარაზე“, როგორც „ქართული ოცნება“ მას ეძახის, გვეუბნებიან, პირდაპირ ამერიკული კანონიდან ვთარგმნეთო, თუმცა, გარდა იმისა, რომ პირდაპირი თარგმანია, მას ამერიკულ „ფარასთან“ არც კონტექსტურად და არც შინაარსობრივად, ბევრი არაფერი აქვს საერთო.
ერთია ის, რომ კანონი გადმოითარგმნა, მაგრამ მეორეა ის, რომ რადიკალურად განსხვავებულ კონტექსტშია გადმოღებული და რადიკალურად განსხვავებულ კონტექსტში აპირებს „ოცნება“ მის აღსრულებას.
ამ კანონის „ქართული ოცნებისეული“ თარგმანი ეხება ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას, პოლიტიკური საქმიანობისთვის.
- ხელისუფლების კრიტიკაც შეიძლება ჩაითვალოს „პოლიტიკურ საქმიანობად“?
გარკვეულ განმარტებებს იძლევა ეს „ფარა“, მაგრამ ეს განმარტებები არის ძალიან ბუნდოვანი. რამდენიმე დღის წინ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ძალიან ფართოდ განმარტა ეს კანონი და მისი განმარტებიდან ჩანს, რომ ისინი ძალიან ფართო მასებზე აპირებენ ამ კანონის გავრცელებას.
ამ კანონის მიხედვით, „უცხოურ პრინციპალად“ შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი წყარო უცხოეთიდან, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უცხოეთში. მათ შორის საქართველოს მოქალაქე ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოურ პრინციპალად, თუ უცხოეთში ცხოვრობს.
- საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს ირჩენს ემიგრაციიდან გამოგზავნილი ფულით. თუკი ასეთი ადამიანი პოლიტიკურად აქტიური იქნება, მას დაავალდებულებენ ამ კანონით, რომ აგენტების რეესტრში დარეგისტრირდეს?
ამ საკითხზე რაჟდენ კუპრაშვილის განმარტება იყო ასეთი, რომ ჩემი ოჯახის წევრიც რომ მირიცხავდეს თანხას, თუ მე ამის შემდეგ გარკვეულ პოლიტიკურ აქტივობას გავწევ, შესაძლოა მომაქციონ „ფარას“ მოქმედების ქვეშო.
ეს არის ამ კანონის ძალიან ფართო განმარტება და გამომდინარე იქიდან, რომ ეს კანონი „ქართული ოცნების“ ხელში უნდა აღსრულდეს, დიდი ალბათობით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების გადმორიცხვებზეც გავრცელდება ეს კანონი.
- „შეიძლება მოგაქციოთო“ – ასე თქვა კუპრაშვილმა? მაშინ, გამოდის, კეთილ ნებაზე ყოფილა დამოკიდებული ვისზე გაავრცელებენ კანონს.
„ქართული ოცნების“ გაგებით, ამ კანონის მთელი „მუღამიც“ ამაშია, რომ, ვისაც უნდათ შეახებენ, ვისაც უნდათ – არ შეახებენ.
მაგალითად, რუსეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ რუსულ ინტერესს ატარებენ, არც კი ახსენებენ. ისინი პირდაპირ ებრძვიან დასავლურ ფულს, ამიტომ ამ კონტექსტითაც კი განსხვავდება „ოცნების ფარა“ და ამერიკული „ფარა“.
ამერიკული „ფარა“ მიემართებოდა რუსულ და ჩინურ ფულს და ამის გამოსააშკარავებლად იყო, ხოლო „ოცნების ფარა“ ამერიკულ და ევროპულ ფულს ეწინააღმდეგება. არ ახსენებენ საერთოდ რუსულ ფულს.
ის, რომ ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ ფულსაც შეეხება, კანონში ასე პირდაპირ არ წერია და არც იკითხება, მაგრამ რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, რომ ისინი ასე აღასრულებენ, თუ დასჭირდებათ. ანუ ამ კანონს ისინი ასე კითხულობენ და ასე უნდათ, რომ წაიკითხონ.
ეს არის ერთ-ერთი დამალული საფრთხე, რომელიც შეიძლება კანონში პირდაპირ არ იკითხება, მაგრამ კუპრაშვილს წამოსცდა და თქვა, რომ შესაძლებელია ფულს იღებდეს პირი კომერციულად, ამით ფარავდეს პოლიტიკურ აქტიურობას და მათზეც უნდა გავავრცელოთო.
ამიტომ ვამბობ, რომ ვისზეც მოუნდებათ, იმაზე გაავრცელებენ.
თუ ერთ დღეს, თქვენი ოჯახის წევრი, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ, გადმორიცხავს თანხას თქვენს ანგარიშზე, შეიძლება რაჟდენ კუპრაშვილმა თქვას, ამ თანხას იყენებთ პოლიტიკური საქმიანობისთვის, რადგან თქვენ პოსტავთ ფეისბუქზე, დადიხართ საპროტესტო აქციაზე, ეწინააღმდეგებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსო, დაგადანაშაულებენ თქვენი ოჯახის წევრის აგენტობაში და შეიძლება მოგიწიოთ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.
აი, ასეთ განმარტებას აკეთებს რაჟდენ კუპრაშვილი ამ კანონზე.
- როგორც ვიცი, რაჟდენ კუპრაშვილმა ამ შეხვედრაზე ახსენა ჯილდოებიც. თუ მაგალითად პედაგოგი, სტუდენტი ან მეცნიერი, რომელიც არის პოლიტიკურად აქტიური, აიღებს საერთაშორისო ჯილდოს, შესაძლოა მასაც მოსთხოვონ აგენტების რეესტრში დარეგისტრირება?
აქ არ არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი არასდროს, რადგან ეს კანონი არის ისე წაკითხვადი, როგორც ეს მის აღმასრულებლებს დასჭირდება.
კანონში კი წერია, რომ თითქოს არსებობს გამონაკლისები, მაგალითად საგანმანათლებლო, სამეცნიერო საქმიანობა და ასე შემდეგ, მაგრამ საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერპრეტირებას როგორ მოახდენენ, შეახებენ თუ არა ამას, მაგალითად, სასწავლო გრანტებს, ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით.
- მაგალითად, თუ ადამიანი არის მეცნიერი ან მკვლევარი და ამ საქმიანობას ახორციელებს დასავლური გრანტით, მაგრამ ამავე დროს კრიტიკულად არის განწყობილი „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, ამ შემთხვევაში მოსთხოვენ, რომ დარეგისტრირდეს აგენტების რეესტრში?
„ფარაში“ კი წერია, რომ სამეცნიერო საქმიანობისთვის მიღებულ დაფინანსებას ეს არ ეხებაო, მაგრამ აქ შემოდის მეორე, გრანტების შესახებ კანონი და ასეთ უნივერსიტეტს არ დართავენ ნებას მიიღოს გრანტი, თუნდაც იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ მოსწონთ კონკრეტული ლექტორი, თანამშრომლის პოლიტიკური შეხედულებები ან უნივერსიტეტის პოლიტიკა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.
ამიტომ, რასაც „ფარა“ ვერ დაფარავს, იმას „გადააზღვევს“ გრანტების შესახებ კანონი.
შეიძლება დაჭერამდე არ მივიდეს საქმე, მაგრამ საერთოდ დაფინანსებას ვერ მიიღებ და თუ მაინც მიიღებ, მიღებული თანხის ორმაგი ოდენობით დაგაჯარიმებენ.
„ქართულ ოცნებას“ ასევე უნდა მოკლას დამოუკიდებელი მედია და არც ამას გააჩნია რაიმე სამართლებრივი ახსნა.
ამიტომ აქ წავა „ქართული ოცნების“ აღვირახსნილი სურვილები და მათი ნებართვის გარეშე გრანტს ვერავინ მიიღებს. თუ მიღებული გაქვს და არ დარეგისტრირდი რეესტრში, ამის გამო დაგიჭერენ.
- „რადგან მაკრიტიკებ, აგენტი ხარ“ – ეს საკმარისი იქნება ადამიანების დასადანაშაულებლად?
ერთია კანონში რა წერია და მეორე – როგორ აღასრულებენ. რაჟდენ კუპრაშვილი კი ამბობდა, როგორც ამერიკაშია, ისე აღვასრულებო, მაგრამ „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ ჰქვია ამას, რადგან საქართველოში არც პოლიტიკური კონტექსტია ამ კანონის აღსრულების და ამერიკული „ფარას“ მიზნებიც რადიკალურად განსხვავებულია.
აშშ-ში „ფარა“ არც არასამთავრობო ორგანიზაციებზე ვრცელდება, არც თავისუფალ მედიაზე, არამედ ვრცელდება იმ კონკრეტულ პირებზე, რომლებიც პირდაპირი დავალების ფარგლებში ასრულებენ უცხოელი პრინციპალის დაკვეთას.
მაგრამ რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ თუ იღებ უცხოეთიდან დაფინანსებას და უბრალოდ პოლიტიკურად აქტიურობ, ამ შემთხვევაში კანონის ქვეშ ექცევიო.
თუ შენ ხარ დამოუკიდებელი და არ ექცევი „ქართული ოცნების“ დაწესებულ ჩარჩოებში, უნდათ, რომ შენი საქმიანობა შეზღუდონ. თუ არ არის დაფინანსება და არავის მხრიდან არ ხორციელდება კონტროლი, ეს კანონი წესით არ უნდა გავრცელდეს, მაგრამ, მთელი პრობლემა იმაშია, რომ ეს კანონი არის დამატებითი ინსტრუმენტი თავისუფალ აზრთან საბრძოლველად.
ვერ იპოვიან ამ კანონში სათანადო ჩანაწერს? სხვა კანონში იპოვიან. ან გააჩენენ ასეთ ჩანაწერს და დაგაჯარიმებენ.
რუსთაველზე დგომა თურმე არ შეიძლება, ფანარი არ შეიძლება – კანონდარღვევაა, ნიღაბი არ შეიძლება – კანონდარღვევაა… მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო სივრცის შეზღუდვას.
ამიტომ ვამბობ, რომ თუ უნდათ, რომ გაგაჩუმონ, რაჟდენ კუპრაშვილის მხრიდან ამ კანონის კეთილსინდისიერ ინტერპრეტირებას არ მოველი.
აქედან გამომდინარე, ის შეიძლება ბოროტადაც იყოს წაკითხული, სადმე რაიმე უცხოური გადმორიცხვა რომ დაგიფიქსირონ და შენი პოლიტიკური აქტიურობა არ იყოს მათთვის სასურველი, ჩათვლიან, რომ შენ იმ უცხოური გადმორიცხვით აკეთებ აგენტურულ საქმეს.






