საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს 10 800 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა ან შეუწყდა, რაც 2 601 მოსწავლით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.
როგორც ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა 7 599 მოზარდს, ხოლო 3 201 მოსწავლეს შეუწყდა სტატუსი.
„ამ მოსწავლეებიდან 1976 უცხოეთის მოქალაქეა, 2 ბავშვი კი მოქალაქეობის არმქონეა. სტატისტიკის თანახმად, მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერება ყველაზე ხშირად დაკავშირებულია ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა „ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება“, „მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება“, პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება“ და „ზედიზედ გაცდენების ზღვრული რაოდენობა“, – წერს სახალხო დამცველი.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ტერიტორიული განფენილობის მიხედვით, 2024 წელს მოსწავლის სტატუსის შეჩერების და შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 4 170 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. ქვემო ქართლში – 1979 შემთხვევა და აჭარაში – 1273 შემთხვევა.
სტატუსშეჩერებული მოსწავლეებიდან 4364 გოგოა, ხოლო 6436 – ბიჭი.
აქედან, 5191 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა მე-9 კლასამდე, დანარჩენს კი მე-9 კლასის დასრულების შემდეგ.
ამავე წყაროს მონაცემებით, უცხოეთში გამგზავრების მოტივით მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა 3 900 მოსწავლეს, დაოჯახდა 43 ბავშვი, სკოლიდან გაირიცხა – 30, სწავლის დონე ვერ დაძლია 218-მა მოსწავლემ, მუშაობა დაიწყო 300-მა ბავშვმა.
სახალხო დამცველი მოსწავლის სტატუსის შეჩერების სხვა ვერსიებზეც წერს. მათ შორისაა ბავშვის გარდაცვალება – 62 შემთხვევა, ფინანსური დავალიანება, გაცდენები, ჯანმრთელობის მდგომარეობა – 122 შემთხვევა და სხვა.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, წლიდან-წლამდე პრობლემად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის სრულყოფილი, დეტალური სტატისტიკის წარმოება, რაც შესაძლებელს გახდიდა ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის რაოდენობრივი მონაცემების მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეფასებას.
„წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, ეს საკითხი არათუ არ გამოსწორებულა, არამედ სტატისტიკა კიდევ უფრო ზოგადი გახდა და ამჟამად დადგენაც კი შეუძლებელია ბავშვის მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის, გაუპატიურების და სხვა რამდენ შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება შს სამინისტრომ“, – წერს ომბუდსმენი ანგარიშში.
არასრულყოფილი სტატისტიკის წარმოების მიუხედავად, როგორც სახალხო დამცველი წერს, 2024 წელს ოჯახში ბავშვზე ძალადობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 172 პირის წინააღმდეგ. დაზარალებულია 608 ბავშვი.
სტატისტიკური მონაცემების შეგროვების კუთხით, ასევე პრობლემაა სკოლებში ბავშვთა მიმართ სხვადასხვა ფორმით ძალადობის შემთხვევები.
„აღსანიშნავია ემოციური, ფიზიკური და ინტელექტუალური დასჯის გამოვლენილი შემთხვევები. ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის საქმისწარმოების შედეგები ცხადყოფს დროში თვეობით, გარკვეულ შემთხვევებში კი წელიწადზე მეტხანს გაჭიანურებულ რეაგირებას. ეს არა მხოლოდ დაცვის მექანიზმის არაეფექტიანობაზე, არამედ ბავშვის მიერ დაცვის უფლების სათანადო რეალიზების შეუძლებლობაზეც მიუთითებს.
დისციპლინური წარმოების პროცესში ბავშვთა ინფორმირებული მონაწილეობა, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა, გაკიცხვისგან დაცვა, ემოციურად უსაფრთხო გარემოს შექმნა და არასრულწლოვანთა უფლებების ეფექტიანი რეალიზება მწვავე პრობლემად რჩება“, – წერს სახალხო დამცველი.