მთავარი,სიახლეები

„არ ვაპირებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას“ – ოპოზიცია ბათუმში

18.11.2024 •
„არ ვაპირებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას“ – ოპოზიცია ბათუმში

დღეს, 18 ნოემბერს, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბერს ჩატარებული აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები გამოაცხადა.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად, შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობს ოპოზიციაც, რომელიც აცხადებს, რომ არ აპირებს უმაღლეს საბჭოში შესვლას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი, რომლებიც ამ მოპარული არჩევნების შედეგად გახდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები, რა თქმა უნდა, არ შევა უმაღლეს საბჭოში და არ დაჯდება ამ რუს მოღალატეებთან,“ – ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი ელგუჯა ბაგრატიონი.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გენო თებიძეც აქციაზეა, რომელიც ამბობს, რომ ეს არჩევნები ხელისუფლებამ მოიპარა, „ამიტომ, ჩვენ პროტესტის ნიშნად არ შევალთ უმაღლეს საბჭოში.

ჩვენ ყველანი მოწმე გავხდით იმის, თუ როგორი სპეცოპერაცია ჩაუტარა ქართველ ხალხს რუსმა ივანიშვილმა, რათა ეს ქვეყანა ამცდარიყო იმ უმთავრესს, რასაც ევროპა ჰქვია. ჩვენ არ ვეგუებით და ამ ადამიანებს, ვინც დღეს აქ არიან, ამ მიზანს ვერავინ შეაცვლევინებს.

ჩვენ არ შევუქმნით ლეგიტიმაციას „ქართულ ოცნებას“, რადგანაც ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა არა მარტო ოპოზიციური პარტიების, არამედ თითოეული მოქალაქის. თავისუფლებისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია 30 წლის განმავლობაში, რომ ვიღაც ბიძინა ივანიშვილს მივცეთ საშუალება აკეთოს ის, რაც მას სჭირდება“-ამბობს გენო თებიძე.

აქციაზე იმყოფება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გოჩა გუგუნავაც, რომელიც ასევე ამბობს, რომ უერთდება სხვა პარტიების განცხადებებს და არც ისინი აპირებენ უმაღლეს საბჭოში შესვლას.

„მე მგონი ეს მშვიდი მიმართვები ამათ ხელს არ უშლის, რადგან დღეს უსკო-ში კიდევ ერთ მოღალატეობრივ ოქმს აფორმებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, წაგვართვან მომავალი.

ეს ადამიანები არიან: პარმენ ჯალაღონია, ნოდარ მელაძე, ირაკლი გვარჯალაძე, მარიამ გუგუნავა, ციალა შავაძე, ზაალ ზალიშვილი, თამარ ქამადაძე და დავით ქარცივაძე. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც გაყიდეთ ქვეყანა და ახლა შიგნით, თბილად მოკალათებული ცდილობთ მოაწეროთ ხელი ოქმს, რომლითაც წაგვართმევთ მომავალს“-ამბობს აქციაზე მყოფი აზა გაბუნია, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: