მთავარი,სიახლეები

12-დღიანი პატიმრობა ხმამაღალი საუბრის გამო – რატომ დააკავეს 19 წლის ლუკა ნაცვლიშვილი

03.06.2025
12-დღიანი პატიმრობა ხმამაღალი საუბრის გამო – რატომ დააკავეს 19 წლის ლუკა ნაცვლიშვილი

ქუჩაში, მეგობართან და თანამოაზრესთან ხმამაღალი საუბრის გამო 19 წლის სტუდენტს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ის ფაქტი, რომ ლუკა ნაცვლიშვილი 26 მაისის საღამოს ხმამაღლა ელაპარაკებოდა პროევროპული აქციის მონაწილეს, დაადასტურეს როგორც მისმა მეგობრებმა, ისე შსს-ს იურისტმა და შსს-ს მიერ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მიყვანილმა პოლიციელებმა.

მოქმედი კანონმდებლობით, ხმამაღლა საუბარი სამართალდარღვევა არ არის, მაგრამ ლუკა ნაცვლიშვილის ხმამაღლა საუბარში ჯერ პოლიციელებმა იპოვეს სამართალდარღვევის ნიშნები, შემდეგ შსს-ს იურისტმა ეს ბრალად აქცია და საბოლოოდ მოსამართლემ სამართალდარღვევისთვის სასჯელად 12-დღიანი პატიმრობა განსაზღვრა.

  • რა დააშავა ლუკამ და რა მოხდა სინამდვილეში 26 მაისს?

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პროევროპული აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მარშით აღნიშნეს.

მარშის დასრულების შემდეგ,ლუკა ნაცვლიშვილი, რამდენიმე მეგობართან და თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც, როგორც წესი, იმართება აქცია, ხმამაღლა საუბრობდა.

ამ ფაქტს ადასტურებენ ლუკა ნაცვლიშვილის მეგობრები, რომელთაგან ზოგიერთი  სასამართლოში მოწმედაც გამოცხადდა და ჩვენება მისცა. თუმცა ხმამაღლა საუბარში სულ სხვა რამ დაინახა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

შსს-ს იურისტის, თეა ლაღაძის ვერსიით:

„2025 წლის 26 მაისს კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა 10 ნომრის მიმდებარედ, აქციის მონაწილეებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, სადაც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც ხმამაღალი ლანძღვა-გინებით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ განკარგულებას, განრიდებოდა ტერიტორიას, ასევე პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

27 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე თავად ლუკა ნაცვლიშვილმა მისცა ჩვენება და დეტალურად მოჰყვა, რა მოხდა 26 მაისს.

„ჩვეულებრივი კონსტრუქციული საუბარი მიმდინარეობდა ჩემსა და აქციის ერთ მონაწილეს შორის, რომელიც რაღაც მომენტში გადაიზარდა ხმამაღალ საუბარში. ჩვენ შორის არ ყოფილა არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა.

რაც შეეხება შემდგომ უკვე დაკავებას. მოულოდნელად უკნიდან მოვიდნენ სამართალდამცავები, უცებ მომკიდეს ხელი, ვერც მივხვდი რა ხდებოდა, როცა გამომატრიალეს და წამიყვანეს, მხოლოდ შემდეგ გახდა ჩემთვის აღქმადი ის ფაქტი, რომ პოლიცია იყო უშუალოდ ჩართული. არ ყოფილა პოლიციელების მხრიდან რაიმე მოწოდება, არც განრიდება, პირდაპირ დამაკავეს“.

სასამართლოს ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების შემსწრე ორმა მოწმემ მისცა მსგავსი შინაარსის ჩვენება.

ლუკა ნაცვლიშვილი სასამართლოზე

  • რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა

სასამართლოზე დაკითხეს ორი პოლიციელი, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორები, ნუგზარ ჩუბინიძე და ხვიჩა ცენტერაძე. ორივე პოლიციელმა თითქმის იდენტური ჩვენება მისცა, მათი ჩვენებების მიხედვით ლუკა ნაცვლიშვილი ჯერ უმისამართოდ იგინებოდა, დაკავების დროს კი წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და დააზიანა „პოლიციის მანქანის კარის რეზინა“.

„26 მაისს ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას. 22:25 საათიდან 22:35 საათამდე დაახლოებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდით იყო შეხლა-შემოხლა, ხმამაღალი, სიტყვიერი შეურაცხყოფები. შეძლებისდაგვარად ჩვენც ჩავერიეთ პოლიციელები, ჩვენი თანამშრომლები მივედით, გავერკვიეთ სიტუაციაში, პატივცემულ ლუკა ნაცვლიშვილს მოვახსენეთ, რომ დამშვიდებულიყო, დაწყნარებულიყო.

ვისაც ეკამათებოდა, აქციის მონაწილეები იყვნენ, რაღაც კამათი მოუვიდათ ერთმანეთში. რომ მივედით იმ პიროვნებამ ეს ჩვენი მოთხოვნა გაითვალისწინა. ბატონ ლუკას მივუთითეთ, რომ გაგვერიდებინა იმ სიტუაციიდან და განგვემუხტა ვითარება,“ – მისცა სასამართლოს ჩვენება პოლიციელმა ნუგზარ ჩუბინიძემ.

ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორი ნუგზარ ჩუბინიძე

პოლიციელის მტკიცებით, ლუკა ნაცვლიშვილი იგინებოდა.

„ხელით გაიწია მისი ე.წ. ნაცნობისკენ, თუ ვისაც ეკამათებოდა. ამ დროს გამოვიყვანეთ პატივცემული ლუკა, რომელმაც ამ დროს აგვიქნია ხელი, „ვაფშე თქვენ ვინ ხართ ბიჭოო“, თქვენს კანონიერ მოთხოვნას არ ვემორჩილები და არ მაინტერესებს თქვენი მოთხოვნაო. ამის მერე წავიყვანეთ ავტომობილისკენ.

ჩასმის პერიოდში ავტომობილს დაუზიანა კარების რეზინა. ამ ჩაჯდომის პერიოდში ვიდეო არის გავრცელებული,“ – თქვა მოწმე პოლიციელმა.

თითქმის იგივე ისტორია მოჰყვა პოლიციელმა ხვიჩა ცენტერაძემაც.

„26 მაისს ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას. გაისმა ხმამაღალი საუბარი, ლანძღვა-გინება, როდესაც მივუახლოვდით, ორ პიროვნებას შორის იყო ხმამაღალი კამათი. მოვუწოდეთ დამშვიდებისკენ. მოვუწოდეთ კიდევ ერთხელ, თუმცა მან ჯიუტად განაგრძო ლანძღვა-გინება უმისამართოდ, ხან ჩვენი მისამართით.

დაკავების დროს წინააღმდეგობა გაწია ბატონმა ლუკა ნაცვლიშვილმა. კერძოდ, დაკავების დროს შსს-ს ავტომობილზე დააზიანა რეზინა. კამერებშიც არის დაფიქსირებული.

არაერთგზის მოვუწოდეთ ბატონ ლუკას დამშვიდებულიყო და დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ ის ჯიუტად განაგრძობდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.

დაკავების მომენტში განემარტა უფლებები ბატონ ლუკას და დაკავებული იქნა ის ადმინისტრაციულით,“ – მისცა სასამართლოს ჩვენება მოწმე პოლიციელმა ხვიჩა ცენტერაძემ.

ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორი ხვიჩა ცენტერაძე

ლუკა ნაცვლიშვილის დაკავებაში მოწმეთა ჩვენების, ასევე გავრცელებული კადრების მიხედვით, 10-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა, თუმცა საქმეში არ დევს პოლიციელთა სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეომტკიცებულება, რომელიც მოწმე პოლიციელების ჩვენებებს დაადასტურებდა. 

პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები, ასევე დაცვის მხარის მოწმეები ამბობენ, რომ ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს მეგობართან ხმამაღალი საუბრის, კამათის გამო. მოწმეთა ჩვენების თანახმად, ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების მიზეზი არ ყოფილა ჩხუბი, როგორც ამას აღწერს პოლიცია.

„ემოციურად ვსაუბრობდით, ცოტა ხმამაღლა. შეურაცხმყოფელი სიტყვები ვერ იქნებოდა იქიდან გამომდინარე, რომ მეგობრები ვსაუბრობდით და მეგობრები ერთმანეთს შეურაცხყოფას არ ვაყენებთ ხოლმე. ჩვენ კულტურული და ზრდილობიანი ხალხი ვართ,“ – უთხრა სასამართლოს არჩილ ბერიძემ, სტუდენტმა, ლუკა ნაცვლიშვილის მეგობარმა.

შემდეგ დეტალურად აღუწერა ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების მომენტი, როგორ მივარდა ათობით პოლიციელი, როგორ შემოეხვივნენ გარს და პოლიციის მანქანისკენ როგორ გაიტაცეს 19 წლის სტუდენტი.

„პოლიციის მანქანამდე მივყევი და ვეკითხებოდი, რატომ იჭერთ-მეთქი. ტერმინი დაკავება არ გამოუყენებიათ. გვეუბნებოდნენ – განვარიდეთო. ლუკაც პოლიციას ეკითხებოდა რატომ მიჭერთო. მათ მანქანაში ჩატენეს ლუკა,“ – მისცა სასამართლოს ჩვენება არჩილ ბერიძემ.

თავის ჩვენებაში ხმამაღლა საუბარზე ილაპარაკა მოწმე ედიშერ მჟავანაძემაც.

„საკონსტიტუციო სასამართლოსთან [ხმამაღლა] ლაპარაკობდნენ. დავინახე, ლუკას უკანა მხრიდან მიეპარნენ [პოლიციელები]. ეგრევე წრე დაარტყეს ლუკას და წაიყვანეს. რომ არ მცოდნოდა, რომ პოლიციელები იყვნენ, ვიფიქრებდი, ძალადობას ჰქონდა ადგილი. უკნიდან ეპარებიან ვიღაც კაცები და მიჰყავთ. არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა, უბრალოდ გაათრიეს.

ლუკა გზაში იძახდა რა გინდათ, რატომ მაკავებთ, რას მერჩითო,“ – გაიხსენა 26 მაისს ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების დეტალები ედიშერ მჟავანაძემ.

  • რა ჩანს კადრში და რას ხედავს შსს

26 მაისს ლუკა ნაცვლიშვილის დაკავება გადაიღო ედიშერ მჟავანაძემ, რომელიც სასამართლოში მოწმის სახითაც გამოიკითხა. მოწმემ თქვა, რომ პოლიციელებმა ისე დააკავეს ლუკა ნაცვლიშვილი ხმამაღალი საუბრისთვის, რომ საერთოდ არაფერი არ განუმარტავთ.

ვიდეოში ჩანს ათამდე პოლიციელს როგორ მიჰყავს ძალის გამოყენებით 19 წლის სტუდენტი.

„რის გამო მაკავებთ, ვერ გავიგე. რატომ, რის გამო მაკავებთ?“ –  კითხულობს დაკავებისას ლუკა ნაცვლიშვილი, რაც ასახულია ვიდეოზე.

კადრში ჩანს, როგორ ტენიან მას პოლიციელები ავტომანქანაში და ისმის პოლიციელების ხმა: „ჩქარა, ჩქარა, ჩაჯექით უცებ მანქანაში“.

„ვინ არის პასუხისმგებელი, დაკავებულია ეს პირი?“ – ისმის კადრებში ვიდეოს ავტორის ხმა.

„დაკავებულია!“ – პასუხობს მას ერთ-ერთი პოლიციელი.

„რატომ, რის გამო, რის საფუძველზე?“ – აგრძელებს კითხვების დასმას ვიდეოს ავტორი, თუმცა პოლიციელები განმარტებას აღარ აკეთებენ.

ვიდეოში ისმის კიდევ ერთი პოლიციელის ხმაც, რომელიც სხვა პოლიციელებს მიუთითებს, რომ „მესამე განყოფილებაში წაიყვანონ“.

„რის საფუძველზე დააკავეთ?“ – განაგრძობს კითხვების დასმას ედიშერ მჟავანაძე, რა დროსაც კადრში ჩანს პოლიციელი, რომელიც პასუხს სცემს კითხვას.

„დაკავებულს განუმარტავენ თვითონ, რის საფუძველზეა დაკავებული“, – ამბობს ის.

მას შემდეგ, რაც ედიშერ მჟავანაძე მას ეკითხება, დაკავების მომენტში რატომ არ განუმარტეს დაკავების მიზეზი ლუკა ნაცვლიშვილს, პოლიციელი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ განუმარტეს.

ამ დროს კადრებში ისმის ლუკა ნაცვლიშვილის მეგობრის, არჩილ ბერიძის ხმა, რომელიც პოლიციელს პასუხობს: „მე ვიყავი მასთან და არავის არაფერი განუმარტავს. მოვარდნენ და უბრალოდ წაიყვანეს“.

„სასამართლოზე თქვით, ჩვენება მიეცით, რასაც ამბობთ ახლა, დააფიქსირეთ იქ, სასამართლოში. ჩვენება მიეცით,“ – რჩევას აძლევს ლუკა ნაცვლიშვილის მეგობრებს პოლიციელი.

„რა აზრი აქვს, რა? რა აზრი აქვს?“ – ისმის კადრებში აქციის მონაწილეთა ხმა.

პოლიციელის რჩევას რა აზრი ჰქონდა, ეს კარგად გამოჩნდა 27 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა თეა ლაღაძემ სასამართლოზე წარადგინა ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების ამსახველი ვიდეოდან მოჭრილი კადრი და ამ კადრის მის წინააღმდეგ გამოყენება სცადა.

კერძოდ, შსს-ს სასამართლოზე მიიტანა ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების ამსახველი ვიდეოდან მოჭრილი მონაკვეთი და თქვა, რომ არჩილ ბერიძე, რომელმაც ჩვენება მისცა სასამართლოს „საერთოდ არ ჩანდა ამ კადრში“. ამიტომ მისი ჩვენება სასამართლოს მიერ არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული.

ლუკა ნაცვლიშვილის ადვოკატებმა სასამართლოს უთხრეს, რომ კადრი მოჭრილი იყო უფრო ვრცელი ვიდეოდან, რომელიც ასახავდა ლუკა ნაცვლიშვილის დაკავებას და ამ კადრებში ნამდვილად ჩანდა არჩილ ბერიძე.

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, არ მისცა მათ უფლება საქმისთვის დაერთოთ სრული ვიდეო.

ვიდეოში, რომლის საქმეზე მტკიცებულებად დართვაზეც სასამართლომ უარი თქვა და რომელიც შსს-ს მიერ წარდგენილი მოკლე ვიდეოს სრული ვერსიაა, ჩანს, რომ არჩილ ბერიძე ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების პროცესს ნამდვილად ესწრება, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციელებს ლუკა მიჰყავთ, ტელეფონზე საუბრობს და ისმის მისი ხმა: „ბიჭო, რა ვიცი, ვლაპარაკობდით ერთმანეთში და დააკავეს“.

არჩილ ბერიძის კადრი ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების ამსახველი სრული ვიდეოდან. ეს ვიდეო მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობის მიუხედავად საქმეს არ დაურთო და მხოლოდ შსს-ს ვერსია გაიზიარა

  • რატომ მივიდნენ ხმამაღლა მოსაუბრე აქციის მონაწილეებთან პოლიციელები? – შსს-ს ვერსია

„კანონით პოლიციის შესახებ, პოლიციელი ვალდებულია შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ სამართალდარღვევის ფაქტზე, აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტი. პოლიციელი არ უნდა დაელოდოს რომელი მოქალაქე მიმართავს განცხადებით ან 112-ში შეტყობინებას გააკეთებს, რომ ჩემი სიმშვიდე, ჩემი მყუდროება დაირღვა. მანამდე უნდა აღკვეთოს და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

ხმამაღალი საუბარი ჰქონდათ. თვითონაც ადასტურებენ, რომ იყო ხმამაღალი საუბარი.

პოლიციელებმა სრულიად ობიექტურად აღწერეს, პოლიციელები უშუალოდ მოუწოდებდნენ ბატონ ლუკას, რომ შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. თუმცა ბატონი ლუკას მიერ აღნიშნული გაზიარებული არ იყო. კვლავ განაგრძობდა. პოლიციის მოწოდება იყო, რომ კონფლიქტის განმუხტვის მიზნით გასულიყო ტერიტორიიდან, არ გავიდა. მოცემულ შემთხვევაში გვაქვს 173-ე მუხლის პირველი ნაწილი, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა,“ – ასე დაასაბუთა შსს-ს იურისტმა თეა ლაღაძემ ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების კანონიერება.

„[მოწმეები] თვითონაც ადასტურებენ, რომ იყო ხმამაღალი საუბარი. პოლიციელებმა სრულიად ობიექტურად აღწერეს… პოლიციელების განმარტებით, ხელები გაგვიშალაო. ასეთი ქმედება განახორციელა ბატონმა ლუკამ, რითაც პოლიციას მიაყენა შეურაცხყოფა, როდესაც მან ასე ხელების გაშლით უთხრა პოლიციას, რომ არავინ არ ეკითხებოდა პოლიციას თუ თვითონ რას განახორციელებდა.

ვთვლით, რომ წარმოდგენილი ოქმებით და მოწმე პოლიციელების ჩვენებებით, ურთიერთშეჯერების საფუძველზე დგინდება ლუკა ნაცვლიშვილის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალგადაცდომის ფაქტი [166-ე მუხლის პირველი და 173-ე მუხლის მესამე ნაწილით]. ამასთან, 173-ეს ნაწილში არის განმეორებითი.

ვინაიდან სახეზე გვაქვს დამამძიმებელი გარემოება, გამოყენებული იქნეს მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა,“ – ასე დაასაბუთა შსს-ს იურისტმა თეა ლაღაძემ თუ რატომ უნდა შეეფარდებინა მოსამართლეს 19 წლის სტუდენტისთვის პატიმრობა.

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა შსს-ს მოთხოვნა გაითვალისწინა და 19 წლის ლუკა ნაცვლიშვილს 12 დღიან ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არცერთი მოწმის ჩვენება, არ გაიზიარა ადვოკატების მიერ მიწოდებული მტკიცებულებები, არც შუამდგომლობის თხოვნა და გადაწყვეტილება დარბაზიდან გაუსვლელად გამოაცხადა.

„ლუკა ნაცვლიშვილი ცნობილი იქნეს სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით და 173-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში, ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვროს პატიმრობა 12 დღე-ღამის ვადით,“ – მოსამართლე გულიკო კაჟაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს სხდომის დარბაზში ხმაური მოჰყვა.

„წესრიგი დაიცავით, წესრიგი დაიცავით… გაბრძანდით გარეთ! გააბრძანეთ გარეთ!“ – ყვიროდა მოსამართლე, მაგრამ მას შემდეგ რაც გამოცხადებული განაჩენის გამო სხდომაზე დამსწრეთა აღშფოთება ვერ გადაფარა, თავად გავიდა დარბაზიდან.

ლუკა ნაცვლიშვილის ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 8 ივნისს იწურება.

მთავარი ფოტო: მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, მოწმე პოლიციელები – ნუგზარ ჩუბინიძე და ხვიჩა ცენტერაძე

ამავე თემაზე: 

ლუკა ნაცვლიშვილს მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: