მთავარი,სიახლეები

„ისინი ფიქრობენ, რომ უნდა გადარჩნენ სხვისი სიცოცხლის და უბედურების ფასად“ – ინტერვიუ

02.06.2025
„ისინი ფიქრობენ, რომ უნდა გადარჩნენ სხვისი სიცოცხლის და უბედურების ფასად“ – ინტერვიუ

„ამ რეჟიმზე გამკლავების და გამარჯვების სტრატეგია არის დაუმორჩილებლობა, მასობრივი ბოიკოტი და წინააღმდეგობა, რომ აჩვენოს კიდევ უფრო ბევრს, ვინც ჯერ კიდევ ნეიტრალურ ფაზაშია, რომ სიმრავლე, ერთიანობა, ერთად დგომა და წინააღმდეგობა არის ძალა, რომელსაც ვერ ერევა სისტემა“ – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი.

„ბათუმელები“ მას იმ მოსალოდნელ რეპრესიებზე ესაუბრა, რომელიც, შესაძლოა, ახალ რუსულ კანონს, ანუ „ოცნების ფარას“ მოჰყვეს.

  • ბატონო ირაკლი, ფაქტობრივად ძალაში შევიდა მეორე რუსული კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეძახის „ფარას“. როგორ ფიქრობთ, დღეს ამ ახალი კანონით შესაძლებელია იგივე გზა გაიაროს ქართულმა საზოგადოებამ, რაც გამოიარა ამ ქვეყანამ საბჭოთა რეპრესიების დროს?

ბოლო დღეების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ რეჟიმს ჯერ-ჯერობით არ აქვს საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ მასშტაბური ოპერაციები განახორციელოს. ფაქტობრივად, ეს კანონიც არის პირველი შეთითხნილი რუსული კანონის მოდიფიცირებული ვერსია, მაგრამ მოიცავს უფრო დიდ სეგმენტს – სამოქალაქო ორგანიზაციებს, ჯგუფებს, უფრო გააფართოვეს წრე და უფრო რადიკალური გახადეს, კერძო პირებსაც კი შეახეს და უნდათ ეს ეფექტი შექმნან, რომ ვისაც კი პროფესიული და ფინანსური საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს დასავლეთთან და ეს მოქალაქეების ძალიან დიდი რიცხვია, ძალიან დიდი სეგმენტია, კონტროლი გაუწიონ მათ.

ეს მოითხოვს ძალიან დიდ რეპრესიულ აპარატს, ისეთს, რომელიც დღე და ღამე ამაზე იმუშავებს, ყველას წინააღმდეგ აღძრავს საქმეებს და რეპრესიებს განახორციელებს.

  • როგორ ფიქრობთ, ეს აპარატი არ ეყოლებათ შექმნილი?

ამ ზომის ქვეყანაში და მით უმეტეს, ასეთი ე.წ. მმართველი ჯგუფის, არალეგიტიმური ხელისუფლების ხელში, ძნელად წარმოსადგენია ასეთი აპარატის ჩამოყალიბება, თუ ის ორგანულად არ არის უფრო დიდი მონსტრის, რუსეთის ან რომელიმე ისეთი ქვეყნის ნაწილი, რომელსაც დიდი ხანია, ტრადიციულად აქვს ეს სისტემა აწყობილი.

ლოკალურ დონეზე ფაქტობრივად წარმოუდგენელია, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა აკონტროლოს მოსახლეობის მეორე, უფრო დიდი ნაწილი, რეპრესიაში გაატაროს და ამის მეტი არაფერი აკეთოს – ამ მასშტაბზეა საუბარი.

  • ფიქრობთ, რომ რუსული სპეცსამსახურების დახმარების იმედი აქვთ? რამდენად შეუძლიათ რუსული გავლენები გამოიყენონ ამისთვის?

ამას აკეთებენ კიდევაც, მაგრამ აქ საუბარია მასშტაბურ ოპერაციაზე, უშუალო ჩართულობაზე და უშუალოდ ერთი სისტემის ნაწილად ყოფნაზე, რაც ჯერ-ჯერობით ვერ გამოსდით და არც გამოუვათ, დიდი იმედი მაქვს ამის.

ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერს გააკეთებენ. რადგან ეს ჩარჩო შექმნეს, მათ შეუძლიათ, მასშტაბურად არა, მაგრამ შერჩევით, წერტილოვნად გამოიყენონ ეს სისტემა და გაუსწორონ ანგარიში მათთვის ყველაზე შემაწუხებელ და დისკომფორტის შემქმნელ ინდივიდებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს.

  • ეს რეპრესიული კანონი ძირითადად მაინც თავისუფალი მედიის და არასამთავრობოების წინააღმდეგ შემოიღეს, ხომ? ამ ჯგუფს გასწვდებიან თქვენი აზრით?

ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ მოინდომეს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ. მათი ქცევა ხშირად გაქვს ლოგიკის ჩარჩოდან გასულ, ქაოსურ მოქმედებას, მაგრამ მოცემულობა არის ის, რომ ერთი – მათ სჭირდებათ ძალის დემონსტრირება, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან არიან დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე.

მათი ამოცანა ახლა არის ყველაფრის ფასად მიიღონ ლეგიტიმაცია საერთაშორისო არენაზე და იმის დამტკიცება, რომ „ავად თუ კარგად, წარმოვადგენთ მმართველ ძალას, ამიტომ ჯერ მიგვიღეთ და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე“.

ამ მიმართულებით ვხედავთ, რომ შეუმდგარია მათი მცდელობა, რადგან საერთაშორისო იზოლაცია და სანქციები გრძელდება. რა თქმა უნდა, ამის ფონზე უფრო გამკაცრება პოლიტიკის და უფრო მასშტაბური რეპრესიების წამოწყება რეალურად რეჟიმს შეუძლია, მაგრამ როცა ამოცანა რჩება იგივე, რომ რაღაცნაირად გაირეცხოს რეპუტაცია და კომპრომისზე დაიყოლიოს საერთაშორისო საზოგადოება, ასეთ მასშტაბურ ძალადობას ჯერ კიდევ ერიდებიან.

  • რისი მოლოდინი აქვს ივანიშვილს მაშინ?

ეს გაგრძელებაა იმ პროცესის, რაც პირველი რუსული კანონით დაიწყეს და ამას ბევრი აღნიშნავდა – პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და საზოგადოებაშიც იყო ეს აზრი, რომ ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის ჩვეული ტაქტიკაა ევაჭრა, მძევლები აეყვანა და აქედან პირობები წაეყენებინა დასავლელი პარტნიორებისთვის. ფაქტობრივად, თავად შეექმნა პრობლემა, ასეთი მძიმე პროცესით და ამის გაჩერების ფასად მიეღო ლეგიტიმაცია. სხვა ინსტრუმენტები, ფაქტობრივად, აღარ დარჩათ.

ეს პოლიტიკა გრძელდება ისევ და ამის ფარგლებში წერტილოვნად შეუძლიათ რამდენიმე საჩვენებელი „ქეისის“ შექმნა, რომ თითქოს ჰაერში გამოკიდებული მუქარა კი არ არის ეს კანონი, არამედ მუშაობს.

  • სასწრაფო წესით რომ დაიწყეს განხილვა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამებს არ შევახებთო, ასევე იყო ინფორმაცია, რომ თითქოს არც უცხოურ ორგანიზაციებზე აპირებენ მეორე რუსული კანონის გავრცელებას, ეს ნიშნავს, რომ რაღაც კომპრომისებზე წამოვლენ, ოღონდ არა მედიის და არასამთავროების სასარგებლოდ?

ეს ჰგავს იმას, რომ აჩვენონ, თუ როგორი დამთმობები, როგორი ლოიალურები არიან. ეს არის ერთგვარი გზავნილი, რომ გველაპარაკეთ, გვევაჭრეთ, შემოდით ჩვენთან ურთიერთობაში, თქვენთვის უკეთესი იქნება. აი, ეს პოზაა, რომელიც, საბედნიეროდ, ახლა აღარ მუშაობს რადგან რეჟიმმა თვითონ დაარღვია ყველა ფორმატი დიალოგის, კომპრომისის, გადააბიჯა იმ ზღვარს, რომლის იქითაც არანაირი ცივილიზებული დიალოგი ასეთ მოძალადე რეჟიმთან უკვე აღარ გამოდის.

მთავარი ბრძოლის ხაზი სხვაგანაა. ეს ხაზი გადის წინააღმდეგობაზე, საერთაშორისო გლობალურ პროცესზე, თავისთავად, მაგრამ არსობრივად, თუ ჩვენ პარალელებს გავავლებთ, ეს არის ერთი-ერთში გადმოღებული მათი მთავარი სპონსორის, „უფროსი ძმის“ და საბჭოთა რუსული ტოტალიტარიზმის მიდგომა, რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც არ არის მართული და არ არის ამ იერარქის ნაწილი – დიდი ძალაუფლების და ძალადობის ვერტიკალის, სისტემისთვის განიხილება როგორც საფრთხე.

მით უმეტეს, თუ ის დამოუკიდებლად მუშაობს, რაღაცას ქმნის, რაღაც ქსელის ნაწილია, აქვს პარტნიორობა, ურთიერთობა დასავლეთთან, არის ამ სისტემის გარეთ და მით უმეტეს – თუ საერთაშორისო დონეზე დღის წესრიგს ქმნის, რა თქმა უნდა, რეჟიმი ცდილობს შეზღუდოს, გაანადგუროს, გააქროს ველიდან, როგორც კონკურენტი, საფრთხე მისი ძალაუფლების.

ეს ეხება როგორც ინდივიდს, ორგანიზაციებს, ასევე ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა: პოლიტიკური პარტიები, მედია, რეჟიმის გავლენისგან თავისუფალი საინფორმაციო საშუალებები და ამათ მოსპობა-განადგურებას სხვადასხვა ფორმით შეეცდებიან. პირდაპირი, მარტივი, ტრივიალური გზაა პოლიტიკური ტერორი და რეპრესია, რაც არის გაუქმება, აკრძალვა, დაპატიმრება და ასე შემდეგ.

  • საბჭოთა რეპრესიებზე საუბრისას ხშირად გვსმენია, რომ აი, „სტალინმა არ იცოდა“, „მეზობლები უშვებდნენ, აბეზღებდნენ ერთმანეთს“… დასმენა გამოიყენებოდა შურისძიების ინსტრუმენტად და ასე შემდეგ. რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა სააგენტომაც უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ შეატყობინონ დარღვევების შესახებ – ანუ დაასმინეთ, ვინ იღებს დაფინანსებას უცხოეთიდანო. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყვნენ ეს დამსმენები? რაღაც ჯგუფი ეყოლებათ შერჩეული თუ მართლა აქვთ მოლოდინი, რომ ვინმე „დანოსებს“ დაწერს? 

საერთოდ, ასეთი სისტემისთვის არის დამახასიათებელი ის, რომ თითქოს ისინი პასუხობენ მოქალაქეების მოთხოვნებს რეპრესიებისა და სხვების განადგურების ნაწილში. ეს უფრო პროპაგანდის ხაზია.

ასე ხდებოდა ადრეც მოქალაქეთა ჩართულობის ილუზიის შექმნა, რომ თითქოს მშრომელთა მასები მოითხოვდნენ, თითქოს დაკვეთა იყო საზოგადოების, რომ „მტერი“ განადგურდეს… ეს კამპანიები იყო ნიადაგის შესამზადებლად. მაშინდელი კომუნისტური, ბოლშევიკური პრესა აწარმოებდა კამპანიას – „ვებრძოლოთ მავნებლებს“ და ეს კამპანია ქმნიდა ამინდს.

შემდეგ, რა თქმა უნდა, მიდიოდა მასობრივი დაპატიმრებების და რეპრესიების ოპერაციები. ალბათ ასეთი კამპანიის შექმნას ემსახურება ესეც, რომ აი, მოქალაქეები მოითხოვენ მკაცრს სასჯელს და ამ „დამნაშავეების“ განადგურებას.

მაგრამ, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ამ, უკვე დახურულ არქივებთან მუშაობის გამოცდილება, ვიცით, რომ ხალხის უმცირესი პროცენტი იღებდა ასეთ დასმენებში მონაწილეობას.

მიდგომაა ის, რომ თითქოს „პატიოსანი“ და კანონმორჩილი მოქალაქე ხედავს, რომ ხდება დანაშაული და ის უკავშირდება და ითხოვს, რომ მიიღონ ზომები ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ, მაგრამ რეალურად, სისტემა ასე არ მუშაობდა, თვითონ ტერორის აპარატი, თავისი აგენტურის ქსელით ახორციელებდა ყველაფერს.

ცალკეულმა მოქალაქემ ასე ანონიმურად სადღაც კი არ გააგზავნა წერილი – „ეს ადამიანი ეწევა ანტი საბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდას, აქვს კავშირები უცხოურ დაზვერვასთანო“, მოქმედი, აღრიცხვაზე აყვანილი საიდუმლო აგენტ-ინფორმატორებისგან ხდებოდა ამ ინფორმაციის მოკრება და ფაბრიკაცია.

  • რამდენად შესაძლებელია პირდაპირ გადმოიტანონ ეს მეთოდი დღეს?

სისტემა ასეა მოწყობილი. ანალოგიურ ჩარჩოებს ქმნიან, ეს არის ფორმალობა, ამის პრეცედენტებიც გვაქვს. მაგალითად, ია კერზაია საქმე რომ გავიხსენოთ, მაშინაც განათლების სამინისტრომ რეპრესია დაიწყო თითქოსდა მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე. მერე ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ეს იყო გაყალბებული, რომ თითქოს ვიღაცისგან იყო ეს საჩივარი.

  • ჩვენ ვიცით, რომ ორგანიზაციები არ აპირებენ ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებას არც ახლა, ისევე როგორც პირველი რუსული კანონის შემთხვევაში. თუ, მაგალითად, ენთუზიაზმზე იმუშავებენ ეს ორგანიზაციები, გარკვეული დროით მაინც, რას იზამს „ოცნება“? 

როცა ძალადობრივი სისტემის მხრიდან არის დაკვეთა – „დამნაშავე“ გამოავლინოს და დასაჯოს, როცა მაქსიმალურად მის ხელშია სისტემა და არ არსებობს ბალანსი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, მათ ხელშია სასამართლო, გამოძიება, ყველაფერი მონოპოლიზებულია და ვხედავთ, ჩვენს თვალწინ როგორ მიდის პოლიტპატიმრების პროცესები, როდესაც ფაქტობრივად არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ მათ წინააღმდეგ და დაწყებითი კლასის მოსწავლეც დაასკვნის, რომ სისტემა ყალბი ჩვენებებით ცდილობს ფაქტების შექმნას, იგნორირებით, რომ კამერის ჩანაწერი არ არსებობს, არც ოქმია შედგენილი, არც ნივთმტკიცებაა, მაგრამ სისტემა ამბობს, რომ „ეს ასეა, დამთავრებულია“ – ეს ერთი მომენტია და მეორეა ის, რომ შექმნა ილუზია, თითქოს მათ რაღაც მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში, რომ თითქოს დაკვეთა არსებობს, რომ ბოროტი, უცხო ძალაზე მომუშავე მოქალაქეები გამოავლინონ და დასაჯონ…

ამიტომ, საიდუმლო ინფორმატორებად რეჟიმის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი, კონკრეტული ადამიანები მოგვევლინებიან. ისევე, როგორც გასული წლის დეკემბერში, დარბევების დროს ვხედავდით თითქოს აღშფოთებულ მოქალაქეებს, რომლებიც თავს ესხმოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს თუ მოქალაქეების ჯგუფებს და შემდეგ, როცა ხელი შეუბრუნეს, უცებ აღმოჩნდა, რომ მოქალაქე კი არა, პოლიციის ჩინოსანია.

  • მოქალაქეები წერდნენ ფეისბუქზე, რაც შეიძლება ბევრი მეილი გავაგზავნოთ კუპრაშვილის ანტიკორუფციულ სააგენტოში, რომ გაიჭედოს სისტემაო. როგორ ფიქრობთ, ეს მიდგომა რამდენად იმუშავებს? 

ეს უფრო ილუზიაა, სატირა, რადგან როცა ჩვენ საქმე გვაქვს მოძალადე, არაადამიანურ სისტემასთან, მას ეს არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის. პირიქით, ამას რაღაც მომენტში გამოიყენებს ისევ ამ მოქალაქეების წინააღმდეგ, რადგან ასეთი რეჟიმების ცინიზმი იქამდე მიდის, შეიძლება ისიც კი გააკეთონ, რომ ცრუ დასმენის მუხლით წამოიწყონ ამ ადამიანების დევნა.

ჩვენს საზოგადოებას ზოგჯერ ახასიათებს რაღაც პრობლემის გაბიაბრუება, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ იმ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანებს სჯიან ყველანაირი ლოგიკის დარღვევით.

არ არის მტკიცებულება, მაგრამ ადამიანს აცხადებენ დამნაშავედ, უსჯიან პატიმრობას და ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ამის ფონზე მარტივად შეუძლიათ თუნდაც ერთი ასეთი დამცინავი შეტყობინებების ავტორი შეარჩიონ და სრული სერიოზულობით დაიწყონ საქმის შეკერვა, ცრუ დასმენა განახორციელაო.

  • რა დარჩა საზოგადოებას საკუთარი უფლებების დასაცავად? 

ეს არ არის მარტო ჩვენი გასაჭირი და ისტორიაში პირველად მიმდინარე პროცესი. ასეთი რეჟიმები ერთმანეთისგან სწავლობენ, ხვეწენ, ასე ვთქვათ, თავიანთი ბოროტების მეთოდებს და ასევე იხვეწება წინააღმდეგობის მეთოდებიც და გამარჯვებებისგან შეგვიძლია ვისწავლოთ, წარმატებული მაგალითები ვნახოთ.

პირველ რიგში ინფორმირებულობაა საჭირო და რაციონალურად შეფასება საზოგადოების მხრიდან იმისა, რომ ამ ტერორისა და რეპრესიის მასობრივი პროცესი კარგა ხანს იქნება.

თუმცა არც რეჟიმია კარგ დღეში.

შეუმცირდა რესურსები და ბეწვზეა მისი შიდა სტაბილურობაც. როგორც კი იქნება უფრო მკაცრი სანქციები, იქნება ეკონომიკური იზოლაცია და ასე ვთქვათ, შეიზღუდება მათი შავი ფული, შემსრულებლების მოტივაცია და ლოიალობა ჩამოიშლება და სისტემა შევა კოლაფსში.

მეორე – ამ რეჟიმზე გამკლავების და გამარჯვების სტრატეგია არის დაუმორჩილებლობა, მასობრივი ბოიკოტი და წინააღმდეგობა, რომ აჩვენოს კიდევ უფრო ბევრს, ვინც ჯერ კიდევ ნეიტრალურ ფაზაშია, რომ სიმრავლე, ერთიანობა, ერთად დგომა და წინააღმდეგობა არის ძალა, რომელსაც ვერ ერევა ეს სისტემა. ის, რაც მოხდა პირველი რუსული კანონის შემთხვევაში – მასობრივი დაუმორჩილებლობა, იგნორირება, არ გათვალისწინება, რადგან ეს კამპანია შიშზეა აგებული, ხომ?!

გეუბნება – ეს დაგემართება თუ არ გააკეთებ ამას. როდესაც ერთ ადამიანზე ან ერთ ჯგუფზეა საუბარი, მაშინ შეიძლება იყოს მერყეობა, მაგრამ როდესაც ასიათასობით ადამიანი იტყვის „არა“-ს, მაშინ ეს ყველაფერი დარჩება ფიქციად და რეჟიმს აღარ ექნება ძალა.

შესაძლოა პირველ ეტაპზე გამოიყენონ შერეული მიდგომა და დაიწყონ როგორც ორგანიზაციების, ისე ფიზიკური პირების დევნაც, რომ პანიკა გააძლიერონ, ან შეუტევენ მათთვის ყველაზე შემაწუხებელ ჯგუფს ან ორგანიზაციას, თუმცა პირველ ეტაპზე მაინც ნაკლები მოლოდინი მაქვს მასობრივი ტერორის დაწყების, რადგან უფრო დიდი ხმაური იქნება, უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევენ გარე პარტნიორებისგან და ეს კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანს დასავლეთთან ურთიერთობას.

სანამ დასავლეთთან სალაპარაკო ენის გამონახვის იმედი საბოლოოდ არ ამოწურავს თავის თავს, დიდ რეპრესიებს ალბათ არ დაიწყებენ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეჟიმს რჩება მხოლოდ ძალა და ძალადობა.

თუმცა, თუ დასავლეთთან საბოლოოდ გადაეწურებათ დიალოგის ყველა რესურსი და გაიზრდება მათზე სანქციები, ესეც ალბათ დაასუსტებს მათ. ვნახოთ, რა რესურსი შერჩებათ.

  • 21-ე საუკუნეში ალბათ ბევრად რთულია იყო ღიად დამსმენი ან რეჟიმის ღიად მსახური. როგორ ფიქრობთ, ასეთ ადამიანებს თუ ნაფიქრი აქვთ იმაზე, თუ როგორ იცხოვრებენ ამ პროცესის დასრულების შემდეგ?

არანაირი ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ამ ადამიანებს შინაგანი ტრანსფორმირების რაღაც რესურსი გააჩნიათ. ზუსტად ასეთი რეჟიმების ამ ფაზაში მათი მოქმედების ლოგიკა ეფუძნება იმას, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ – ისინი დგანან მეორე მხარეს, ისინი აკეთებენ ამ საქმეს და მათი გადაწყვეტილების და მოქმედების ლოგიკა არის ერთ შემთხვევაში იმის რწმენა, რომ ბოლომდე გავლენ და არ დაკარგავენ ძალაუფლებას და ასევე, ეს არის ინვესტიცია, რომ გამარჯვებული სისტემის მსახურები იქნებიან.

მათ ეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. ამ ნიშნით დააკომპლექტა ივანიშვილის რეჟიმმა ეს სისტემა, რომ ისინი იქნებიან ხელშეუხებელი და სხვები იქნებიან მსხვერპლი.

და მეორე, რიგ შემთხვევაში ამას აძლიერებს ის მომენტი, რომ საბოლოო ჯამში თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების დიდი რესურსიც არ გააჩნიათ, რადგან ესენი არიან კომპრომეტირებული და უკვე მორჩილი ადამიანები.

არსობრივად, ისინი არიან მოწოდებული, რომ იყვნენ ამ მჩაგვრელი მოძალადე სისტემის ნაწილი და იდეაში, ალტერნატივაზე ალბათ არც უფიქრიათ და ალბათ არც ჰქონიათ, რადგან თავიდანვე ამ  მენტალიტეტით მოძრაობდნენ, ასე რომ ვთქვათ.

ეს არის პრიმიტიული ინსტინქტი, ისინი ფიქრობენ, რომ უნდა გადარჩნენ, უნდა უზრუნველყონ თავიანთი და მათი ნაშიერების დაცულობა სხვისი სიცოცხლის, სხვისი უბედურების ფასად. არჩევანი აქვთ მათ გაკეთებული და ამას დაიცავენ ბოლომდე.

მათ უკან დასაბრუნებელი გზა აღარც აქვთ, რადგან როცა დგამ ნაბიჯს – სხვა გაწირო საკუთარი უსაფრთხოების გამო და სხვისი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტო იმისთვის, რომ შენმა შვილმა კომფორტულად იცხოვროს, ამის მერე უკან დასაბრუნებელი გზა, ფაქტობრივად, არ არსებობს.

მთავარია, რისი რესურსი ეყოფათ.

დიდი ტოტალიტარული სისტემების შემთხვევაში სისტემის მსახური, დამსჯელი ფენისთვის მეტი შანსია გადარჩენის, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება სადღაც გადაიკარგო, დაიმალო, ცხოვრება შეიცვალო, მაგრამ ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში ასეთ დანაშაულებებში გარეული ადამიანი, მით უმეტეს ცნობადი და ოდიოზური სახეები, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ უბრალოდ ვერ იარსებებენ. ერთი ის, რომ მათ კანონიერი პასუხი მოეთხოვებათ ყველა დანაშაულისთვის და მეორე – არიან გაუბედურებული ადამიანები, რომლებიც დაიტანჯენ, დაზიანდნენ მათი ბოროტებით და ცხადია, რომ მიუხედავად ცივილიზაციის ხარისხისა, მიუხედავად ეთიკისა, არავინაა დაზღვეული, რომ გვერდის ავლით ვინმემ ანგარიში გაუსწოროს ასეთ მჩაგვრელებს.

ეს ბევრჯერ უნახავს ისტორიას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: