ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულო-თაგოს საბაგირო გზა აგვისტომდე არ იმუშავებს

11.03.2020 • 4615
ხულო-თაგოს საბაგირო გზა აგვისტომდე არ იმუშავებს

სამგზავრო ბაგირგზა „ხულო-თაგოს“ საწევი ბაგირის შეცვლისა და თანმხლები სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 124 724 ლარია.

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება. სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, თუ სატენდერო პროცედურები დროში არ გაიწელა, საბაგირო გზა აგვისტოში უნდა ამუშავდეს.

შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდი 2 წელია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან; საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზი ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

[highlight color=”red”] ტენდერის ტექნიკური პირობიდან:[/highlight] „ბაგირის სიგრძე: არანაკლებ 3600 მეტრი, დიამეტრი 19,5მმ, წნულების რაოდენობა 6 ცალი… ბაგირის გაგლეჯვის მიმართ მედეგობა უნდა იყოს არანაკლებ 246კნ.

საქონლის მოწოდებისას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მასალის (რომლისაგანაც დამზადდება ქუროს გულანა) შესაბამისობის სერტიფიკატი ან სერტიფიცირებული ორგანიზაციის გაცემული ლაბორატორიული გამოცდის ცნობა, რომ ნაკეთობა ნამდვილად დამზადებულია ფოლადი 50 ან ფოლადი 45-საგან. ქუროს გულანაზე ამოტვიფრული უნდა იყოს იმ ფოლადის ნომერი (მარკა), რომლისაგანაც იქნება დამზადებული. კომპლექტში უნდა მოყვებოდეს სოლები, რომელიც დამზადებული (გამოჩარხული) უნდა იყოს ფოლადი 3-საგან. ქუროს გულანა და სოლი დამზადებული უნდა იყოს სათანადო დოკუმენტების მიხედვით, შედგენილი ნახაზების მიხედვით.

თანმდევი სერვისი მოიცავს გამწევი ბაგირის, არსებულის დემონტაჟს, ახლის მონტაჟს და საბოლოო ჩამაგრების ქუროების ჩასხმას (ჩამაგრებას). ასევე ბაგირის შეცვლის შემდეგ მიმწოდებელმა/ქვეკონტრაქტორმა უნდა ჩაატაროს სტატიკური და დინამიური გამოცდა, რაც დადასტურდება შესაბამისი აქტით. უნდა ჩატარდეს საწევი ბაგირის ქუროების რემონტი- აღდგენა. შეიცვალოს 8 ერთეული პოლიურეთანის მასალისაგან დამზადებული ვაგონის გორგოლაჭების ამონაგები. ბაგირის თანმხლები დოკუმენტაცია უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და ნოტარიალურად დამოწმებული.

ხულო-თაგოს საბაგირო 2020 წლის იანვრიდან არ მუშაობს. ადგილობრივების თქმით, მათ რვა კილომეტრის გავლა ან ფეხით უწევთ, ან პირადი ავტომანქანებით. დაზიანებულ გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობენ – საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფელში არ არსებობს. სოფელ თაგოში დაახლოებით 64 ოჯახი ცხოვრობს.

ამ თემაზე:

ცაში გამოკიდებული სოფლის ამბავი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: