განათლება,მთავარი,სიახლეები

„შესაძლოა ამის უკან იდგეს მათი პირადი ინტერესები“ – რატომ გეგმავს „ოცნება“ გრანტების კანონის შერბილებას

29.05.2025 •
„შესაძლოა ამის უკან იდგეს მათი პირადი ინტერესები“ – რატომ გეგმავს „ოცნება“ გრანტების კანონის შერბილებას

„ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით აპირებს „გრანტების შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას.

ცვლილების ინიციატორები, რომლებიც ასევე „ოცნების“ დეპუტატები არიან, პარლამენტს სთხოვენ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის – „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ერაზმუს+ (Erasmus+)-ის ფარგლებში გაცემული გრანტებისთვის არ იყოს საჭირო მთავრობის თანხმობა.

აღნიშნული გრანტებით ქართველ სტუდენტებს და მეცნიერებს აფინანსებს ევროკავშირი. რას უკავშირდება „ოცნების“ ინიციატივა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების ექსპერტს და „თავისუფლების მოედნის“ წევრს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

  • ბატონო სიმონ, როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიფიქრა „ოცნებამ“ ევროკავშირის პროგრამებზე მათივე შექმნილი რეპრესიული რეგულაციების მოხსნა? ეშინიათ სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ამბოხის, თუ სხვა პოლიტიკური მიზეზები დევს ამის უკან?

ჯერ უნდა ავხსნათ ისიც, რას იწვევს „გრანტების კანონში“ არსებული ჩანაწერი, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა განიხილოს ჯერ გრანტის მიღების შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება დონორს მისცეს გრანტი, ორგანიზაცია იქნება ეს თუ კონკრეტული ადამიანი.

ეს კანონი საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ ზოგიერთი გრანტის გაცემა და მიღებაც შეუძლებელი გახდება ქართველი მეცნიერებისთვის, რადგან იმ გრანტის გაცემის პროცედურა არ ითხოვს კიდევ ვიღაცასთან შეთანხმებას, მაგალითად, სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებას და პირდაპირ უნდა წავიდეს კვლევით ჯგუფში ან უნივერსიტეტთან.

და ასეთი შუამავალი რგოლის შემოღება გამოიწვევდა იმას, რომ უბრალოდ გაქრებოდა მეცნიერებისთვის ეს შესაძლებლობები.

როგორც ჩანს, „ოცნების“ ხელისუფლებისთვის უნივერსიტეტები ჯერჯერობით სამიზნე არ არის.

  • თუმცა ვნახეთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო „ოცნების“ ხელისუფლების სამიზნე და ამ კანონით, არსებობდა დიდი ალბათობა, რომ არ გაეცა გრანტების მიღებაზე თანხმობა ანტიკორუფციულ სამსახურს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის გამონაკლისი და კიდევ რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი, რომლებიც კვლევებში არიან ჩართულნი. სხვა  უნივერსიტეტებიც არიან, რომლებიც „ოცნებას“ თავის მომხრეებად მიაჩნია, მაგრამ მაინც და მაინც არც ისინი არიან კმაყოფილი ამ რეგულაციებით.

ასევე, არის გარკვეული ჭორები, რომ მიდის ლობირება ხელისუფლებასთან გარკვეული უნივერსიტეტების აკადემიური წრეების მხრიდან, რომ შეარბილოს ხელისუფლებამ თავისი რეპრესიული პოლიტიკა, იქნება ეს გაერთიანებებთან თუ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით.

როგორც ჩანს, ხელისუფლება ახლა უფრთხილდება უფრო მეტად იმას, რომ ნაკლები გაღიზიანება გამოიწვიოს სამეცნიერო საზოგადოებაში და გრანტების კანონი უფრო მეტად აინტერესებს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ეს ორგანიზაციები უფრო აშინებთ.

უნივერსიტეტები, როგორც ორგანიზაციები, არ მოქმედებენ ხელისუფლების წინააღმდეგ. მოქმედებენ უფრო პროფესორების, სტუდენტების გარკვეული ჯგუფები, მაგრამ უნივერსიტეტები მკვეთრად გამოხატავდნენ პოზიციას – ასე არ არის.

ამიტომ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე არ უნდათ უფრო მკაცრი კონტროლის დამყარება, ამას უფრო სხვა გზებით ცდილობენ.

  • როგორც ვიცით, ბევრი მაღალჩინოსანი დასანქცირდა დასავლეთის მიერ „ოცნების“ ხელისუფლებიდან. თუ ამას დაემატებოდა ისიც, რომ, მაგალითად, მათი შვილებიც ვეღარ ისარგებლებდნენ ევროკავშირის გაცვლითი პროგრამით, სამეცნიერო გრანტებით, ეს მათთვის დამატებითი სასჯელი იქნებოდა, ალბათ, არა?! შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი?

ცხადია, რადგან პოლიტიკური ინტერესის გარდა პირადი და სოციალური ინტერესებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წევრებს. ამაში ის იგულისხმება, რომ არ უნდათ დაკარგონ  კავშირები არც საკუთარი ოჯახის წევრებთან, არც მეგობრებთანაც და წესით, ამაზეც უნდა ფიქრობდნენ.

პირადი მიზნები ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ „ოცნების“ ბევრი წარმომადგენელია დასაქმებული უნივერსიტეტებში, ბევრიც წამოსულია იქიდან და როგორც ჩანს, მათთვისაც მნიშვნელოვანია ის ფული, რაც ევროკავშირიდან შემოდის და ამაზე უარის თქმაც არ უნდათ.

ერთ-ერთი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს თავად ამ გრანტების ადმინისტრირებაც. შეიძლება სადღაც ვიღაცას სჯეროდეს, რომ ეს კონტროლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის პროცედურა, რომელიც შემოიღეს, ადმინისტრირების პრობლემას შეუქმნის ანტიკორუფციულ ბიუროს, რადგან ეს ბიუროც ძალიან შეზღუდულია რესურსებით. მაგალითად, „თავისუფლების მოედანს“ მოგვიწია არჩევნების წინ მათთან ურთიერთობა და რეალურად, არ ჰქონდათ პასუხები საკუთარ რეგულაციებზე.

  • რაზე, მაგალითად?

გვითხრეს, რომ უნდა წარგვედგინა ანგარიშები იმასთან დაკავშირებით, როგორ ხდება შემოწირულობა და ხარჯვა პოლიტიკური მიზნებისთვის. როცა ვეკითხებოდი  კონკრეტულ ხარჯებზე, მაგალითად, ტრანსპორტის ხარჯზე, რომლის გაწევაც მოხდა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეალურად პასუხები არ ჰქონდათ.

თვითონაც არ იცოდნენ  როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ამიტომ ეს ადმინისტრაციული გადატვირთვაც დიდი ალბათობით ექნებათ.

იგივე „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის“ მიღებაც გამოიწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი საქმე ექნება ამ სააგენტოს და შეუძლებელი იქნება ადმინისტრირებაც კი. რეპრესიულ აპარატს სჭირდება ძალაც, ხომ?!

იგივე მოხდა პოლიციის ჯარიმების შემთხვევაში, როცა აღმოჩნდა, რომ ერთი დანაყოფი ვერ უზრუნველყოფდა ამ ჯარიმების ადმინისტრირებას, მეორე დანაყოფის ჩართვა გახდა საჭირო, სასამართლოებიც გადატვირთულია.

როგორც ჩანს, ჯერ არც არიან მზად იმისთვის, რომ რაღაც ტოტალური კონტროლი დაამყარონ.  ნელ-ნელა ცდილობენ კონტროლის დამყარებას სხვადასხვა სფეროზე სხვადასხვა დროს.

  • ესეც ალბათ შერჩევითი იქნება. ვინ უფრო მიუღებელი იქნება „ოცნებისთვის“, იმის მიხედვით?

საფრთხეს საიდანაც ხედავენ, ალბათ იმათ შეზღუდავენ პირველ რიგში. ვის უნდა გაუსწორდნენ, იმის მიხედვით.

ასევე, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწევს გამოკითხვა იმ ხალხის, ვინც დეკლარირებას არ გააკეთებს გრანტების და თუ ვთქვათ, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები უარს იტყოდნენ დარეგისტრირებაზე, ეს რეპრესიები მათაც შეეხებოდა.

  • ფიქრობთ, რომ მეცნიერების დაჭერას მოერიდნენ? ან მაგალითად, სტუდენტების ამბოხს, რომლებიც გაღიზიანდებოდნენ „ერაზმუსის“ გაუქმებით?

შეიძლება, ასეც იყოს. შეიძლება კონკრეტული პირადი ინტერესიც იყოს, რადგან ვიღაცის შვილი მიდის „ერაზმუსით“ სადღაც, ვიღაცის მამას აქვს გრანტი საიდანღაც და არ უნდა, რომ აგენტი ეწოდოს, ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს დაკავშირებული ამასთან, რადგან პოლიტიკოსები გაცილებით მერკანტილურები არიან, ვიდრე ეს ჩანს ხოლმე ტელევიზორიდან, როცა სამშობლოზე ან უსაფრთხოებაზე იწყებენ ხოლმე ლაპარაკს.

შესაძლოა ამის უკან იდგეს საკუთარი ოჯახის და პირადი ინტერესებიც. შესაძლოა ეს ევროპელების და მათი ლობირების საგანიც იყოს, მაგრამ ეს დეტალები მე არ ვიცი.

კი ლანძღავენ ევროპელებს, მაგრამ ეს ლანძღვა მათი ამომრჩევლისთვის არის, ამით აჩვენებენ, რომ თითქოს ფლობენ ძალაუფლებას და თითქოს სამშობლოს რაღაც უცხოური შემოტევებისგან იცავენ. სინამდვილეში, კულისებს მიღმა სულ სხვანაირად იქცევიან ხოლმე. ასეთი თამამები და აგრესიულები არ არიან, რადგან იციან, რომ ამით გაცილებით მეტს დაკარგავენ, ვიდრე მოიგებენ.

რთულია „ოცნების“ ლოგიკის გაგება ამ გადაწყვეტილებაში, მაგრამ თუ დავაკვირდებით რა მოხდა რუსეთში, სადაც იმდენად შეიზღუდა განათლება და მეცნიერება, რომ თავისთავად დაიწყეს საკუთარი თავის კონტროლი. გაჩნდა რეგულაციები იმაზე, მეცნიერმა რა შეიძლება თქვას, მაგალითად, საერთაშორისო კონფერენციაზე და ჩვენთანაც უკვე გაჩნდა თვითცენზურის მექანიზმები.

მაგალითად, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიყვებოდნენ, რომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში ადმინისტრაციამ მოსთხოვა სტუდენტს, სადიპლომო ნამუშევრის შემდეგ სიტყვით გამოსვლას თუ აპირებდა, ეს სიტყვა უნდა შეეთანხმებინა ადმინისტრაციასთან და მთავარი ინტერესი იყო ის, რომ რაიმე პოლიტიკური არ ეთქვა სტუდენტს.

ეს ხდება ყველგან, სადაც სახელმწიფო ცდილობს ჩაერიოს განათლების კონტროლში.

ამიტომ, ამ ჩასწორებების მერეც შეიძლება გამოჩნდეს სხვა ინტერესი და კიდევ შეიძლება მოუწიოთ ამ კანონების ჩასწორება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: