აჭარის ტელევიზიამ უარი უთხრა „ბათუმელებს“ კადრების მიწოდებაზე, რომელიც ასახავს 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაკავებისთანავე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.
„გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი კადრები არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რადგან შეიცავს პერსონალურ მონაცემებს,“ – ასე ასაბუთებს აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი თავის უარს, გადასცეს „ბათუმელებს“ კადრები.

სქრინი წერილიდან: აჭარის ტელევიზიის დირექტორის პასუხი “ბათუმელებს”
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული და პროკურატურისათვის გადაცემული კადრების საფუძველზე. მზია ამაღლობელის ბრალი დგას 44-წამიან ვიდეო კადრზე, რომელშიც ჩანს როგორ აწნის მზია ამაღლობელი სილას ირაკლი დგებუაძეს.
აჭარის ტელევიზიას დღემდე არ გაუვრცელებია 12 იანვარს განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები, გარდა ამ 44-წამიანი ვიდეო ფაილისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კადრი მოჭრილია სხვა ვრცელი კადრიდან, რაც უდაოდ გააჩნია “აჭარის ტელევიზიას”.
ცნობისათვის, 12 იანვარს, მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ეპიზოდს წინ უძღოდა 10 წუთიანი ჭყლეტა პოლიციასა და მოქალაქებს შორის, ამ ჭყლეტაში მოხვდა მზია ამაღლობელი და ექსპერტიზითაც დადასტურებულია, რომ მას დაზიანებული ჰქონდა როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მხარი. ასევე დაზიანებები ჰქონდა მკერდის ქვედა ნაწილში.
ამ ჭყლეტაში მზია ამაღლობელი წაიქცა, მას გასძვრა ფეხსაცმელი და აქციის მონაწილეებმა მის გამო სასწრაფო დახმარებაც კი გამოიძახეს. თუმცა როცა სასწრაფო დახმარების მანქანა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ მივიდა, მზია ამაღლობელი უკვე დაკავებული იყო.
„ბათუმელებმა“ კადრების გადაცემის მოთხოვნამდე წერილობითი დასტური მიიღო აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტისგან, რომ მათთან ნამდვილად ინახება 2025 წლის 11 და 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა.
საქმე იმაშია, რომ 7 აპრილს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელმა/გამომძიებელმა განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზიამ გამოძიებას გადასცა მხოლოდ 44-წამიანი ვიდეოკადრი. გამომძიებელმა არ განმარტა, რატომ არ ამოიღო სრული ვიდეო ჩანაწერი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა 11-12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენა და მათ შორის იმ კომუნიკაციის აღდგენას, რაც წინ უსწრებს სილის გაწვნის ეპიზოდს.
კადრების გასაჯაროების შემთხვევაში საზოგადოებისათვის გასაგები გახდებოდა, თუ რა უძღოდა წინ სილის გაწვნის ეპიზოდს, რამ განაპირობა მზია ამაღლობელის ქცევა და ასევე გამოაშკარავდებოდა ირაკლი დგებუაძის საპასუხო ქმედება.
„ბათუმელებმა“ წერილობით მიმართა აჭარის ტელევიზიას, პასუხად კი ტელევიზიის დირექტორმა დაადასტურა რომ 11-12 იანვრის მოვლენების ამსახველი კადრები მათთან ინახება, თუმცა ეს კადრები არც გამოძიებამ გახადა საჯარო და არც თავად ტელევიზიამ.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება და მისი წლიური ბიუჯეტი 17 მილიონ ლარზე მეტია.
————————————————-
მთავარი ფოტო: სქრინი აჭარის ტელევიზიის 44 წამიანი კადრიდან