აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორი გაფიცული თანამშრომლის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. ეს ინფორმაცია სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსმა, ლელა მიქელაძემ დაგვიდასტურა. მან გვითხრა, რომ 17 დეკემბერს ჩაბარდა წერილი, რომლითაც აცნობეს, რომ სამსახურში უნდა გამოცხადდეს. გარდა ამისა, მას ჩააბარეს ბრძანება მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
დისციპლინური წარმოება დაიწყეს სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, სალომე აბაშიძის წინააღმდეგაც, ისიც გაფიცული იყო. მან ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა ჩვენთან დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
ლელა მიქელაძე 2 დეკემბერს გაიფიცა, მან გადაწყვეტილების შესახებ მინისტრის მოადგილეს აცნობა. გაფიცვის შესახებ 2 დეკემბერს დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სალომე აბაშიძემაც.
ლელა მიქელაძის ინფორმაციით, ზეპირი შეტყობინების შემდეგ მინისტრის მოადგილისგან არ მიუღია რაიმე ინფორმაცია, განმარტება, რომ ზეპირი შეტყობინება გაფიცვის დასაწყებად არ იქნებოდა საკმარისი და მის მიმართ შეიძლება ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულიყო. არც მაშინ და არც შემდეგ დღეებში ლელას სამინისტროდან არავინ შეხმიანებია, თუნდაც ზეპირი განმარტების მისაცემად.
„17 დეკემბერს ჩამბარდა წერილი, რომელიც 9 დეკემბრით იყო დათარიღებული. მწერდნენ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს გაფიცვას და ხვალ გამოცხადდით სამსახურშიო, წერილის ჩაბარებიდან მეორე დღესვე გავედი. ამავე დღეს ჩამბარდა ბრძანება. კურიერმა ზუსტ მისამართზე არ მომიტანა წერილი, მიუხედავად იმისა, რომ მასთან მქონდა მიმოწერა, სადაც დავუზუსტე ჩემი მისამართი. მეორეც წერილიც არ მომიტანა, მე არ ვალდებული ვირბინოო მიპასუხა. შემდეგ დავრეკე კანცელარიის უფროსთან და ვთხოვე მისამართების დაზუსტება, რომ ჩემთან გამოგზავნილი წერილები ჩამბარებოდა“.
ლელა მიქელაძეს ჩაბარდა წერილი სამსახურში გამოცხადების მოთხოვნაზე და ბრძანება დისციპლინური წარმოების შესახებ. გვიყვება, რომ სამსახურში მისვლისთანავე, მისი გამოცხადების შესახებ კურატორ მოადგილეს აცნობა: „დაბრუნდიო, მკითხა. სხვა არაფერი უთქვამს. არანაირი სხვა სახის ზეწოლა, ან ზეპირი რაიმე გაფრთხილება ჩემს მიმართ არ ყოფილა.“
სხდომა, რომელზეც ლელა მიქელაძის და სალომე აბაშიძის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, 26 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
ლელა ამბობს, რომ გათავისუფლება სასჯელის მძიმე ფორმაა, რაც, მისი აზრით, ვერ უნდა გამოიყენონ, რადგან ამ დრომდე ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებდა. წელს კი დეპარტამენტის უფროსმა 2024 წლის მუშაობის შეფასებისას 3 ქულა დაუწერა, ამ დრომდე 3 ქულა არასდროს დაუწერიათ: „რა ვიცი, ყველაფერია მოსალოდნელი.“
სასჯელის ფორმა შეიძლება იყოს გაფრთხილებაც, რამდენიმე გაფრთხილების შემთხვევაში საჯარო მოხელეს შეიძლება ხელფასიც დაუქვითონ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, არაოფიციალურად გააფრთხილეს ის თანამშრომლებიც, რომლებიც გაფიცულები არ იყვნენ, თუმცა საჯარო სტრუქტურებიდან აქციებზე დადიოდნენ არასამუშაო საათებში და ისინიც, ვისი უფროსკლასელი შვილები აქციაზე იმყოფებოდნენ. საჯარო მოხელეებს უთხრეს, რომ იანვრიდან რეორგანიზაციები იგეგმება და მანამდე თავს მაინც და მაინც აქციებზე სიარულით ნუ გამოიჩენენ.
გერმანული მედია იუწყება, რომ, როგორც ჩანს, არამხოლოდ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი, არამედ მისი ქორწინებაც დასრულდა. ასმა ალ-ასადიმ, რომელიც თავის დიქტატორ ქმართან ერთად მოსკოვში გაიქცა, განქორწინება მოითხოვა. მას რუსეთის დატოვება სურს.
თუმცა რუსული მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს.
59 წლის დიქტატორის ქორწინების დასრულებაზე გერმანული მედია თურქულ გამოცემა “Habertürk”-ზე დაყრდნობით წერს. იმავე წყაროს ინფრმაციით, ასადის ცოლს მოსკოვში არ მოსწონს საცხოვრებელი პირობები.
49 წლის ქალს ლონდონში წასვლა სურს და ამიტომ 24-წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინება მოითხოვა. ამ მიზეზით ასმამ, რომელიც ცნობილია, როგორც „აღმოსავლეთის ქალბატონი“ და „ვარდი უდაბნოში“, უკვე მიმართა რუსეთის სასამართლოს მოსკოვის დატოვების სპეციალური ნებართვისთვის.
ქალის განცხადებას, რომელსაც ერთ დროს მთელი სირია ემორჩილებოდა, ამჟამად რუსეთის ხელისუფლება განიხილავს და რას გადაწყვეტს, ჯერჯერობით უცნობია.
მედია ამის შესახებაც წყაროებზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის მთავრობამ დღეს უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ასმას სურვილზე, გაშორდეს ბაშარ ალ-ასადის. პუტინის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასადი მოსკოვში დაკავებულია, ხოლო მისი აქტივები გაყინულია.
„გომელაურის მაგნიტსკის სიაში შეყვანის მთავარი გზავნილი, სინამდვილეში გომელაურს არ ეხება. მთავარი გზავნილი ბიძინა ივანიშვილს ეხება. გომელაურის დასანქცირება და ამ სიაში შეყვანა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის გარშემო წრე დაავიწროვეს ამერიკელებმა, მას უთხრეს, რომ შემდეგი ის არის“, – ამბობს თინა ხიდაშელი „ბათუმელებთან“.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის შეფასებით, „ოცნება“ უბრალოდ გარდაუვალის გადავადებას ახდენს, სალომე ზურაბიშვილის როლის გაძლიერება კი ამ კრიზისის დაძლევაში ძალიან მნიშვნელოვანია.
ქალბატონო თინა, რით იყო საინტერესო თქვენთვის პრეზიდენტის გამოსვლა?
ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის გააქტიურება იმ ფონზე, როცა პრინციპში, რაღაც ეტაპი დასრულდა. ყველა ელოდებოდა ეუთოს დასკვნას, ყველა ამაზე ლაპარაკობდა შინ თუ გარეთ, გამოქვეყნდა ეუთო-ოდირის დასკვნა, სადაც არ არსებობს ერთი აბზაციც კი, რომელიც პოზიტიურით იწყება და მთავრდება.
თუმცა ეს დასკვნა სხვანაირად თარგმნა ირაკლი კობახიძემ…
იმის შემდეგ, რაც ევროკავშირის სამი დიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მატყუარა ეძახა, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, რას და როგორ თარგმნის კობახიძე.
მას მუდმივად გაახსენებენ, რომ იტალიის, ესპანეთის და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მატყუარა უძახეს.
ამიტომ პრეზიდენტის გააქტიურება მნიშვნელოვანია. იმ ერთადერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელსაც ნდობა აქვს შერჩენილი და ხალხი უსმენს, ვის მიმართაც ლეგიტიმაციაზე კითხვები არ არის, მასზეც სპეციფიკური ზეწოლა მოდის, თუ შეიძლება ასე ითქვას საზოგადოებისგან, რომ ერთგვარი ლიდერის ფუნქცია აიღოს ამ პროცესში და დაეხმაროს ამ პროცესს სწრაფი მოგვარებისთვის.
კონფლიქტის, ამ სამოქალაქო სიმძიმის სწრაფად მოცილებისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა თქვა, რომ იწვევს ბიძინა ივანიშვილს სასაუბროდ არჩევნების დანიშვნაზე. ეს არის მთავარი ფუნქცია, რაც მან უნდა შეასრულოს.
ხედავთ ამის პირობებს, რომ შეიძლება მართლაც დაინიშნოს არჩევნები?
29 დეკემბრამდე ეს ძალიან რთული წარმოსადგენია, იმდენად სიშლეგის ფაზაშია შესული „ოცნება“, მაგრამ უბრალოდ გარდაუვალის გადავადებას ახდენს ირაკლი კობახიძე.
გარდაუვალია არჩევნები, ის აუცილებლად იქნება.
თქვენ ფიქრობთ, რომ მიტაცებული ძალაუფლებით ვერ დარჩება „ოცნება“ ხელისუფლებაში?
ხელისუფლებაში ვერ დარჩება, როგორც კი საქართველო იქნება იზოლირებული. იზოლირებული საქართველო არის მათი ვერგადარჩენის ფორმულა.
ბათუმის აქციის მონაწილეები უსმენენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თბილისის აქციაზე გამოსვლას 22 დეკემბერი
ძალიან სამწუხარო, უმძიმესი იქნება ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ მათ სხვა შესაძლებლობა და არჩევანი აღარ დატოვეს.
საქართველო არ არის აზერბაიჯანი. ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ ალიევი თუ მოახერხებს მეც მოვახერხებ, ეს ასე არ იქნება. საქართველოს არ აქვს საკუთარი რესურსი, რითაც გამოკვებავს ამ სისტემას.
თუმცა დაიწყეს რეპრესიული კანონების მიღება და ამუშავება. ფიქრობთ, რომ ეს ვერ იმუშავებს?
არა, როგორ ვერ იმუშავებს, თუმცა ძალიან მოკლე სიცოცხლე ექნება.
მე, მაგალითად, ყველაზე ცუდი სცენარი ასე წარმომიდგენია, რომ თუ 7 იანვრამდე გვაცლიან, მერე ყაველაშვილი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილებით ამ საგანგებო მდგომარეობას იმიტომ, რომ არალეგიტიმური აქტი იქნება და დაიწყებს რეპრესიებს.
ასეთია ჩემგან დანახული ცუდი სცენარი.
ამ შემთხვევაში რა არის ჩვენი მთავარი რისკი?
ძალიან საინტერესო ფრაზებს ამბობენ, მაგალითად იმას, რომ „აქციების რესურსი ამოწურეს, რადგან ორგანიზატორები დააკავეს“. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციებს კონკრეტული ორგანიზატორები არ ჰყავს. ამ ფრაზაში ჩანს მათი ხედვა.
ამიტომ, თუ ამ სცენარის განხორციელება დაიწყეს, რასაც მე ვამბობ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას დაგვაპატიმრებენ. იმ ადამიანებს, ვინც ვართ ინფორმაციის მატარებელი, აზრის გამავრცელებლები, განსაკუთრებით უცხოეთთან კომუნიკაციაში.
მაგრამ, იმ იზოლაციის პირობებში, რაც საქართველოს წინ ელოდება, ისინი უბრალოდ ვერ გაძლებენ. ბოლომდე გაძალიანდებიან, მაგრამ იმას, რაც აუცილებლად მოხდება, უბრალოდ გადაავადებენ და ეს იქნება ბევრი ტრაგედიის ფონზე.
თუ რეპრესიების გზით წავლენ, ეს უფრო არ გააბრაზებს ადამიანებს?
რა თქმა უნდა, ისინი აუცილებლად ჩამოიშლებიან, როდესაც ინსტიტუციური სისტემა გაწყდება. მაგალითად, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს ნერვები უმტყუნებს, რადგან ოდესღაც ის კარგი კაცი იყო, ამ მოძრაობის ნაწილი იყო და სამართლიანობისთვის იბრძოდა.
არიან იქ ისეთი ადამიანები, რომლებსაც დღეს ეს აღარ აწუხებთ, მაგრამ მათი წარსული აუცილებლად დაქაჩავთ, რამდენადაც სისტემა უდანაშაულო ადამიანებს დააკავებს.
ეს რაღაცნაირად ერთმანეთთანაა გადაბმული.
რა არის ახლა მოქალაქეების მთავარი გამოწვევა?
გაძლება. უნდა გავძლოთ. უნდა ჩავანაცვლოთ ერთმანეთი. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, შეიძლება დავიღალოთ, მაგრამ ერთი-ორი დღე დავისვენებთ და მერე ისევ ამოხეთქავს. გუშინდელი დღე იყო იდეალური. ეს უნდა ვაჩვენოთ მუდმივად. ეს არ უნდა გაჩერდეს.
რეპრესიები ხალხს არ შეაშინებს?
არა მგონია, რომ ამან ხალხი შეაშინოს. მე მგონია, რომ ყოველ დაპატიმრებულზე რამდენიმე ათასით გაიზრდება ხალხის რაოდენობა.
სანქცირების ეფექტი როგორია, რას გვაჩვენებს. ჩვენ ვნახეთ რომ მაგნიტსკის სიაში მოხვდა გომელაური, მაგრამ ვიცე-პრემიერად დანიშნეს.
ეს თამაშია, გასაგებია. ასე ითამაშა პუტინმაც თავის დროზე, როცა მაგნიტსკის სიაში მოხვედრის შემდეგ ორდენზე წარადგინა კადიროვი. ზუსტად იმავე გზას გადიან.
ასევე ჩვენი ისტორიიდანაც შეგვიძლია გავიხსენოთ პრემიერ-მინისტრად დაწინაურებული ვანო მერაბიშვილი და მერე სამ კვირაში დასრულებული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. ეს არის აგონიის ერთგვარი გამოვლინება.
ვისთან დგას ჯიბრში, ვის ეჯიბრება, ვის რას უმტკიცებს. ანუ ირაკლი კობახიძე აშშ-ს ეუბნება, რომ მიიღო გამოწვევა და აბა ახლა ვნახოთ, ვინ ვის დაამარცხებს? ამერიკას, რომელთან კონკურენციასაც ჩინეთმა ვერ გაუძლო.
გომელაურის მაგნიტსკის სიაში შეყვანის მთავარი გზავნილი სინამდვილეში გომელაურს არ ეხება, მთავარი გზავნილი ბიძინა ივანიშვილს ეხება. გომელაურის დასანქცირება და ამ სიაში შეყვანა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის გარშემო წრე დაავიწროვეს ამერიკელებმა, მას უთხრეს, რომ შემდეგი ის არის.
როგორც კი ივანიშვილის ფინანსური რესურსი ჩაიკეტება, სახელისუფლებო სისტემის კვებაც დასრულდება. ჯალათების კვება დასრულდება და ეს არის უმოკლესი გზა წარმატებისკენ.
შეიძლება ივანიშვილს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ დაასანქცირებენ, მაგრამ მას აუცილებლად დაასანქცირებენ.
იმ მოლოდინის გაჩენა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში, რომ ტრამპი მოვა და 20 იანვრიდან რაღაცები დალაგდება, რამდენად რეალურია?
კობახიძე გუშინდელს მერე ხომ აღარ ამბობენ ამას, შეცვალა გზავნილები. იმიტომ, რომ როგორც ჩანს მანაც წაიკითხა ის ინტერვიუ, რომელიც ჩვენ ყველამ წავიკითხეთ, ტრამპის მომავალი უსაფრთხოების მრჩეველთან, რომელმაც თქვა და შავით თეთრზე დაიწერა გაზეთებში, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია იღებს, გადის შემთანხმებელ კომისიას, რომელიც ორ პრეზიდენტს შორის პერიოდში მუშაობს.
და კობახიძემაც მყისიერად შეცვალა რელსები.
რა გამოდის, რომ „ოცნება“ ხალხის დაღლას ელოდება, რომ აღარ გამოვა ქუჩაში?
რაციონალურად ამის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ამის იმედი აქვთ.
იმიტომ, რომ კობახიძე მუდმივად ამაზე პედალირებს. გუშინ რომ ამბობდა 3 000 კაცი გამოვიდაო, ეს გათვლილია იმ ხალხისთვის, ვინც ფიზიკურად ამას ვერ ხედავს.
სასწაული ხდებოდა გუშინ თბილისში, საოცრება იყო და ეს ემოცია ტელეეკრანიდან შეიძლება ასე არ გადადის, ამიტომ კობახიძე ამაზე პედალირებს.
ეს ვეღარ გაჩერდება, რადგან ხელისუფლება არ ჩერდება. ხელისუფლება არ ჩერდება და რეპრესიის ტალღები ერთმანეთს მოსდევს – ხან იჭერენ ქუჩაში, ხან სცემენ, ხან ოფისებში მოდიან, ხან სახლებში, ხან მშობლებს ურეკავენ, ეს უკურეაქციას იწვევს.
__
მთავარი ფოტო: ედო მჟავანაძე, თინა ხიდაშეელი ბათუმის აქციაზე.
28 ნოემბრის შემდგომ აქციებზე პოლიციელების მიერ დაკავებული არაერთი პირი აცხადებს, რომ სპეცრაზმელებმა მათი ნივთები მოიპარეს. აქციებზე დაკავებული პირების ნივთების უკანონოდ მისაკუთრებაზე დღეს განცხადება გააკეთეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც დაკავებულთა უფლებებს იცავენ.
დღეს, 23 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ წამებისა და სხვა უკანონო მოპყრობის გარდა, აქციაზე დაკავებულთა მიმართ გამოიკვეთა პირადი ნივთების მისაკუთრების არაერთი შემთხვევა.
„არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს, მიისაკუთრეს, პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონები, ყურსასმენები, ჩანთა, ლეპტოპი, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, საფულე…
ზოგიერთი დაკავებულის განმარტებით, სამართალდამცავები მათ სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს, უარის შემთხვევაში კი ძალადობდნენ მათზე. იყო შემთხვევები, როდესაც მობილური ტელეფონი დაკავებულს ჩამოართვეს განყოფილებაში, თუმცა გათავისუფლების შემდგომ ამ პირს არ დაუბრუნეს ნივთები.
ნივთების ჩამორთმევაში გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები – განყოფილებებსა თუ დროებით მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას, შესაბამისი დოკუმენტაცია როცა ფორმდებოდა, იქ არ იყო აღნიშნული ის ნივთები, რომლებიც მათ უკანონოდ და თვითნებურად ჩამოართვეს თუ გადაუყარეს.
აღსანიშნავია, რომ უმეტეს დაკავებულს ნივთები არ ჩამორთმევია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ისინი ცალკეულმა სამართალდამცავებმა კანონსაწინააღმდეგო გზით მიისაკუთრეს ან დაკავებულთა დასჯის მიზნით გადაყარეს, რათა მათ აღარ ჰქონოდათ ნივთების დაბრუნების შესაძლებლობა.
ზოგიერთი დაზარალებულის განცხადებით, მათ პირადი ნივთები და ტელეფონები ჩამოართვეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით. ზოგ შემთხვევაში დაზარალებულებმა შეძლეს მათი ტელეფონის ლოკაციის დადგენა. ზოგ შემთხვევაში ეს ლოკაცია მაგალითად გორში დაფიქსირდა, იყო შემთხვევები, როდესაც ლოკაცია დადგინდა ისეთ ადმინისტრაციულ შენობებთან, როგორიც არის პარლამენტი“.
ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ამის შესახებ დაზარალებულებმა უკვე აცნობეს სპეციალურ საგამოძიებოს სამსახურს, თუმცა მათი მხრიდან ამ დრომდე არავითარი რეაგირეა არ მომხდარა: ამ დრომ არც ერთი ასეთი ფაქტი არ არის გამოძიებული და დაზარალებულ ადამიანებს ნივთებს არ უბრუნებენ.
არასამთავრობოების განცხადებით, მათი სამართლებრივი დახმარების ქსელი მომსახურებას უწევს 400-ზე მეტ დაზარალებულს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 776 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 990]
ტანკი – 9 615 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 19 885 ერთეული [+15]
საარტილერიო სისტემა – 21 313 ერთეული [+29]
MLRS – 1 256 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 030 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 790 ერთეული [+55]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 948 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 32 039 ერთეული [+67]
სპეცტექნიკა – 3 664 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
650 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
38 341 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
19 952 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
19 932 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 427 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მაიკლ კარპენტერმა, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა სასწორზე დევს საქართველოს დემოკრატია.
„სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს. მართლაც, ახლა სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს. ის, რასაც ქუჩებში ვხედავთ, შემაძრწუნებელია – ძალადობა, მთავრობის მიერ დაფინანსებული მოქმედი პირების გამოყენება, ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც დემონსტრანტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს სცემენ. ეს შემაძრწუნებელია.
ყველაფერი, რისკენაც საქართველო წლების, ათწლეულების განმავლობაში მიისწრაფოდა: მომავალი ევროკავშირში, ნატოში, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრაცია – ეს ყველაფერი ახლა სასწორზე დევს. ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შევზღუდეთ ჩვენი ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერა, შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა ინტერვიუში.
ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ივლისში, კარპენტერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით.
„დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მონაწილეობა მივიღეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად. გულახდილად ვამბობ, შეშფოთების საგანია და სევდის მომგვრელი, როცა ვხედავთ გზიდან ასეთ გადახვევას“ – თქვა მან.
დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში დააანონსეს თარჯიმნების პროევროპული საპროტესტო მარში.
თარჯიმნების მარში დაიწყება 19 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის კიბეებთან, რუსთაველის ქუჩის მხრიდან.
დღეს, 22 დეკემბერს, 17 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე იგეგმება მხატვრების მარშიც.
ასევე, 19 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 25-ედ გაიმართება პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც ბათუმში 28 ნოემბრიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. საპროტესტო აქციებს ბათუმში პერიოდულად უერთდებიან სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები: ექიმები, მეზღვაურები, მასწავლებლები, ლექტორები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და ა.შ.
__________
ფოტოზე: საპროტესტო აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ფოტო: „ბათუმელები“
დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში მხატვრების პროევროპული აქცია იგეგმება.
„მხატვრები ევროპული საქართველოსთვის!“, „მხატვრობა ცარიელი ჩარჩოა თავისუფლების გარეშე“ – ასეთია დაანონსებული აქციის სლოგანები.
აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე, 17 საათზე დაიწყება.
ასევე, დღეს, 22 დეკემბერს, 19 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 25-ედ გაიმართება პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც ბათუმში 28 ნოემბრიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. საპროტესტო აქციას პერიოდულად უერთდებიან სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები: ექიმები, მეზღვაურები, მასწავლებლები, ლექტორები და ა.შ.
რა ხდება?
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა. პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 დეკემბრის 21 საათიდან 23 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0– 5 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 24-25 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 774 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 820]
ტანკი – 9 609 ერთეული [+15]
ჯავშანტექნიკა – 19 870 ერთეული [+29]
საარტილერიო სისტემა – 21 284 ერთეული [+32]
MLRS – 1 256 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 030 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 735 ერთეული [+50]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 947 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 31 972 ერთეული [+81]
სპეცტექნიკა – 3 662 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
650 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
38 341 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
19 952 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
19 932 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 427 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილე „ავტომანქანებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისთვის“ 1000 -1000 ლარით დააჯარიმეს.
„ჯარიმა 1000 ლარი, შესამცირებელი ქულა 10“. განმარტება: ქალაქში, ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით“- ვკითხულობთ საჯარიმო ქვითარზე, რომელიც საპატრულო პოლიციამ ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილეს ჩააბარა.
ერთ-ერთი დაჯარიმებული, დავით გოლუა გვიყვება, რომ ამ შინაარსის საჯარიმო ქვითრების ჩასაბარებლად საპატრულო პოლიცია აქციის მონაწილეებს ისე მოექცა, თითქოს ადმინისტრაციულ საჯარიმო ქვითრებს საშიშ დამნაშავეებს აბარებდა:
„ერთი საპატრულო ეკიპაჟი წინ ეღობებოდა მანქანას, მეორე – უკანა მხარეს, მიმართავდნენ ხმამაღლა – ხელები აწიე, მანქანიდან გვაჩვენე რამე ხომ არ გაქვს ხელში და ასე შემდეგ. ძალიან ცუდი ფორმით დაიწყეს ამ ადამიანების დაჯარიმება, თითქოს დამნაშავეს აკავებდნენ“.
დავითს ავტომანქანით მცირეწლოვანი შვილი დაჰყავს მეცადინეობაზე, ამიტომაც ბავშვთან ერთად, რომ არ გაეჩერებინათ და არ შეეშინებინათ, ის თავად დაუკავშირდა პოლიციას და საჯარიმო ქვითრის ჩაბარება მოითხოვა:
„გადავწყვიტე 112- ზე დამერეკა. ვუთხარი, თუ ჩემი მანქანა ძებნაზეა გადაცემული, გთხოვთ ეკიპაჟი გამოიძახოთ და ჩამაბაროთ ქვითარი მეთქი. გამოვიდა ეკიპაჟი და განმიმარტა, რომ ჩემი მანქანა იყო ძებნაზე გადაცემული და ჩამაბარეს ადმინისტრაციული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
გუშინ კიდევ ორი, მანამდე შვიდი პირი დააჯარიმეს, ჯამში ოცზე მეტი ადამიანია დაჯარიმებული. მე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ვინც ჩამაბარა ადმინისტრაციული ჯარიმა, ბოდიშიც მომიხადა, უხერხულად გრძნობდა თავს. მისთვისაც ალბათ არასასურველი ქმედება იყო. სხვა შემთხვევაში კი სხვანაირ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, როგორც გითხარით“.
დავით გოლუა მიიჩნევს, რომ ეს ქმედება ემსახურება მათი დაშინების მცდელობას და საპროტესტო პროცესის შეფერხებას:
„პერმანენტული აქციები გვაქვს 22 დღეა, შიგადაშიგ გავდივართ მოსახლეობაში და ვახსენებთ, რომ შემოგვიერთდნენ. სწორედ ამ მოწოდების ნაწილი იყო, როცა მანქანებით გავედით. ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა, 30 მანქანაზე მეტი. ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოვიარეთ და გვქონდა გამაძლიერებელი, რითაც ზუგდიდის მაცხოვრებლებს მივმართავდით, რომ შემოერთებოდნენ ჩვენს საპროტესტო აქციებს.
ჩვეულებრივი მსვლელობა იყო, შეიძლება ითქვას ისეთი მსვლელობა, რაც ზუგდიდში ყოველ შაბათს თუ კვირას ტარდება, როცა ქორწილის წარმომადგენლები აკეთებენ ხოლმე მსვლელობებს. არანაირი განსხვავებული და შემაფერხებელი არ ყოფილა, გზა არ გადაგვიკეტავს.
მერე მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ეს მოძრაობა გახდებოდა წინაპირობა დაჯარიმების, ჩვენც ხომ გვყავს ნაცნობები საპატრულო პოლიციაში, გვითხრეს, რომ ამაზე შეიძლება დაგაჯარიმონო. გაგვიკვირდა, იმიტომ, რომ უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია ჩვენი მხრიდან, მაგრამ 14-ში, 15-ში და 16-ში დაიწყეს ადამიანების დაჯარიმება.
ვინც ამ პროცესში ჩართულები ვართ, ვაცნობიერებთ რასაც ვაკეთებთ, ამდენად ეს შემაფერხებელი ვერ იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ, ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების სახით“.
დავით ლოგუა „სამართლიანი არჩევნების“ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მას ვკითხეთ, აპირებს თუ არა ჯარიმის გასაჩივრებას. დავით ლოგუამ გვითხრა, რომ კონსულტაციებს გადის იურისტებთან.
დავით გოლუა
დაჯარიმებულებს შორის არის თემურ ბასილაიაც, პარტია „ახალის“ წევრი. ის ამბობს, რომ ზუგდიდში მსვლელობიდან მეორე დღეს ავტომანქანით გადაადგილდებოდა, როცა საპატრულო პოლიციამ მანქანის გაჩერება მოსთხოვა:
„თავიდან მეგონა სხვას მიმართავდნენ, რადგან არაფერი დამირღვევია, გავაგრძელე გზა. მომიახლოვდნენ და ხმამაღლა მომმართეს, გამაფრთხილეს, არ გადმოვსულიყავი მანქანიდან, გადმომცეს ჯარიმა. როცა კითხვებს ვსვამდი, ისევ გამაფრთხილეს, რომ მანქანიდან არ გადმოვსულიყავი, რადგან სამხრე კამერები ჩართული გვაქვს და ვიწერთო. თავიანთი განმარტება მომასმენინეს და მიბრუნდნენ. ვუთხარი მე მოგისმინეთ და თქვენ რატომ არ მისმენთ მეთქი, ისე წავიდა საქმე ვიფიქრე, რომ დამაკავებდნენ და აღარ დამისვამს კითხვები“.
საქართველოს იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, იურისტ თამარ წულუკიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში ჯარიმის მიზანი, სავარაუდოდ, აქციაში მონაწილე მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნაა:
„გამოხატვის თავისუფლება და შეკრება-მანიფესტაციის უფლების რეალიზება თავის თავში გულისხმობს ისეთი მოქმედების განხორციელებას, რომელიც ცვლის ყოველდღიური ცხოვრების რიტმს. მათ შორის, ეს შეიძლება გამოიხატებოდეს მოქალაქეების მხრიდან გზის გადაკეტვაში, ასევე სატრანსპორტო საშუალების მხრიდან მოძრაობის შეფერხებაში. ამ უფლების რეალიზების მიზანია საზოგადოების და სახელმწიფოს ყურადღების მიპყრობა, შესაბამისად, სავსებით პროპორციულია ამ მექანიზმის გამოყენება და არ უნდა იყოს მსგავსი მოქმედება დაჯარიმების საფუძველი.
გამოხატვის თავისუფლება, შეკრება-მანიფესტაციის უფლება ბევრად დიდი სიკეთეა ვიდრე მოძრაობის დროებით შეფერხება. ამ დროს ჯარიმის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ მიზნად ისახავს იმას, რომ მოქალაქეებს შეექმნათ დისკომფორტი და უარი თქვა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვაზე.“
იურისტს საჯარიმო ქვითრის გადაცემის ფორმებზეც ვკითხეთ:
„ქვითრის გადაცემის ფორმას რაც შეეხება, პირისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ მასთან მიმართებით გამოცემულია ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, უნდა მოხდეს ფოსტის მეშვეობით, მისამართზე ქვითრის გაგზავნით, საქარე მინაზე გზავნილის დატოვებით ან სატელეფონო შეტყობინებით და არა თეატრალიზებული დადგმით, თითქოს ის მძიმე კრიმინალური დანაშაულის განმახორციელებელია. ამით ხდება პირის რეპუტაციისა და ღირსების შელახვა, რაც ამ შემთხვევაშიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, რომ მათ და მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს დაშინების საფუძველზე სურვილი არ გაუჩნდეთ სამართლიანი პროტესტის გამოხატვის“ – ამბობს თამარ წულუკიძე.
ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლის 6 (პრიმა) ნაწილი აქამდე ითვალისწინებდა მხოლოდ ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით, ეს ასევე გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას (ერთობლიობაში).
რა ხდება?
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 772 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 860]
ტანკი – 9 594 ერთეული [+10]
ჯავშანტექნიკა – 19 841 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 21 252 ერთეული [+32]
MLRS – 1 256 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 027 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 685 ერთეული [+85]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 947 ერთეული [+4]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 31 891 ერთეული [+98]
სპეცტექნიკა – 3 662 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
650 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
38 152 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
19 933 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
19 874 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 384 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ჩემმა ბებია-ბაბუამ, მშობლებმა ქვეყანა რუსული ოკუპაციის გამო დატოვეს. მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი მედიასთან. ის ერთადერთი ხელისუფალია, რომელსაც დღეს ხალხი აღიარებს, თუმცა ემუქრება „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება.
როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ და რაზეა დამოკიდებული პროტესტის ძალა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მე-9 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერს [„ქართული ოცნება“], იურისტს, თამარ ჩუგოშვილს ესაუბრა.
ზურაბიშვილს ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ პოლონელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ ეშინია საქართველოში დაბრუნების. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, რა ელოდება სალომე ზურაბიშვილს?
პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილია მათთვის („ოცნებისთვის“) ნომერ პირველი პრობლემა – იმიტომ, რომ ის არის ერთადერთი პირი, რომელსაც ხალხი აღიარებს ლიდერად.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მიდიან ხალხთან, საპროტესტო აქციებზე, მაგრამ ერთადერთი, ვისაც ტაშით და ოვაციებით ხვდებიან და სრული აღიარება აქვს, ეს არის სალომე ზურაბიშვილი.
ერთადერთი ადამიანია, ვისაც აქვს ოპოზიციურ ველზე რესურსი, შესაძლებლობა და უნარი იმისა, რომ აი ეს, ძალიან ძლიერი საპროტესტო მუხტი მართოს და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაც მიიღოს, არის სალომე ზურაბიშვილი. ეს კი „ოცნებისთვის“ ძალიან დიდი პრობლემაა. ამიტომ ყველანაირად ეცდებიან მის ნეიტრალიზებას.
რა ფორმით?
ყველანაირად ეცდებიან, რადგან ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში ადამიანები აწამა. ხალხი არის ნაწამები. ჟურნალისტები არიან ყველას თვალწინ ნაცემი, სასტიკად გაუსწორდნენ მედიას, ექიმებს, ახალგაზრდებს, მსახიობებს, დაკავებული არიან ადამიანები, რომლებიც პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იყვნენ და აწამეს.
ეს არის უსასტიკესი, უმძიმესი დანაშაულები, რომელიც შემთხვევით კი არ იყო, დავალებით იყო ჩადენილი და იყო სისტემური.
ამიტომ, ესენი არიან აბსოლუტურად ყველაფერზე წასულები და ჩადენილი აქვთ უმძიმესი კრიმინალი. ყველა სისხლის სამართლის დანაშაულის მონაწილეა, ამიტომ ამ ხალხს გადაკვეთილი აქვს ის ზღვარი, რაზეც იტყვიან, რომ „ეს არ შეიძლება“.
შეიძლება იმ დონეზეც გადაკვეთონ ზღვარი, რომ სალომე ზურაბიშვილი დააკანონ?
მე მგონი ამაზე ვერ წავლენ, რადგან უბრალოდ ვეღარ შეძლებენ ხალხის მასის გაჩერებას. განა არ იკადრებენ, უბრალოდ, ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ ხალხის მასის მართვას, თუ ასეთ რაღაცას ჩაიდენენ.
ვფიქრობ, გაუჭირდებათ ამის გაკეთება და არა იმიტომ, რომ სინდისი შეუშლით ხელს.
„ოცნება“ იმუქრებოდა, რომ თუ არ დატოვებს ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს, მოუწევდათ მისი გამოყვანა. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, ძალას გამოიყენებენ, რა პროცესს შეიძლება ველოდოთ?
სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რადგან არა მგონია თვითონ პრეზიდენტმაც ისე წაიყვანოს პროცესი, რომ ფიზიკურად გამოყვანის, ანუ ამ სურათის დადგმის შესაძლებლობა მისცეს „ოცნებას“.
ისინი, რა თქმა უნდა, სადღაც შეიკრიბებიან და დაარქმევენ ინაუგურაციას, რომელსაც არ ექნება არც ხალხის და არც საერთაშორისო აღიარება, რომლის გარეშეც ვერავინ ვერ გახდება ლეგიტიმური თანამდებობის პირი. პრეზიდენტი ზურაბიშვილიც ალბათ სხვა ადგილიდან და სხვა ფორმით გააგრძელებს თავის საქმიანობას. ალბათ პირდაპირ შევა პოლიტიკურ პროცესში.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის აპირებს ხალხის გვერდით დგომას და ხალხიც მას აღიარებს, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს. თავის მხრივ, „ოცნების“ მთავრობა ყაველაშვილს ნიშნავს პრეზიდენტად – ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობა გვაქვს ქვეყანაში, როგორი ბოლო ექნება ამ ყველაფერს?
აი, ახლა უკვე ვართ იმ მდგომარეობაში, როცა ვისაც გამძლეობა ეყოფა, იმის სასარგებლოდ დასრულდება პროცესი. თუ ხალხი ფიზიკურად, ემოციურად გაუძლებს ამ ყველაფერს, გამარჯვება იქნება ხალხის. ეს არ არის მარტივი, მაგრამ მე ისეთ გამძლეობას ვხედავ, რომ ეს უბრალოდ ვერ აორთქლდება, უბრალოდ ვერ წავა.
არალეგიტიმური ხელისუფლების მოლოდინი არის ის, რომ ხალხი საახალწლო განწყობაზე გადაერთვება და თავისით ჩაცხრება ეს პროტესტი, მაგრამ ვერ მოხდება, არ მოხდება ეს, რადგან ყველა ვაპირებთ, რომ ახალ წელსაც გარეთ ვიყოთ, ერთად ვიყოთ ქუჩაში და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც თუ გაგრძელდება მხარდაჭერა, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ჩანიშნოს ახალი არჩევნები.
თუ ძალით და რეპრესიებით მოერია ხალხს (და იმედი მაქვს, რომ ეს ვერ მოხდება), მაშინ საქართველო იქნება დასავლეთისგან სრულიად იზოლირებული ქვეყანა, დამოკიდებული მხოლოდ რუსეთზე, ჩინეთზე, ირანზე და ამ ქვეყნის ფუნქციონალი იქნება ის, რომ ძალიან დიდი რაოდენობის შავი ფული იტრიალებს კენწეროში მსხდომი ადამიანების ხელში, ხალხი კი იქნება სრულად იზოლირებული და მარტო თავის სიღატაკესთან.
ზოგიერთი კრიტიკოსის შეფასებით, ქართული სახელმწიფო ადგას „ჩეჩნეთიზაციის გზას“. ამ ყველაფერს რა შეაჩერებს – ფიქრობთ, რომ ზურაბიშვილმა უნდა აიღოს ხელში ლიდერის პოზიცია და რამდენად აქვს მას ამის შესაძლებლობა?
ახლა ძალაუფლება, ამ ქვეყნის გადარჩენის ძალა ხელში უჭირავთ საქართველოს მოქალაქეებს. ერთ, ცალკე აღებულ ადამიანს, არავის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ძალიან მედგრად დგანან, ძალიან ბევრნი არიან და მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს.
რა თქმა უნდა, სასარგებლოა და საჭიროა, რომ პოლიტიკური კალაპოტიც მიეცეს ამ ყველაფერს და პრეზიდენტს ამის კარგი შესაძლებლობა აქვს, რომ ეს პოლიტიკური კალაპოტი შექმნას ამ დინებისთვის. ეს არის ჩვენი ვალდებულებაც, რომ ვისაც არ შეგვიძლია ის უნდა გავაკეთოთ და სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ჩვენზე მეტი, რადგან იმ სტატუსმა, რომელიც მას ამ წლების განმავლობაში ჰქონდა, მისმა პოზიციონირებამ, მისმა სითამამემ, გამბედაობამ და საერთაშორისო ურთიერთობებმა, ძალიან დიდი რესურსი შესძინა.
რა თქმა უნდა, მას შეუძლია დადებითი როლი შეასრულოს და იყოს ლიდერი ამ წინააღმდეგობის მოძრაობის, მაგრამ მისი წარმატება დამოკიდებული იქნება ხალხის აქტიურობაზე. ის მარტო ვერაფერს შეძლებს.
ფაქტია, რომ დასავლეთს არ ელაპარაკება „ოცნების“ ხელისუფლება. თავის მხრივ, „ოცნება“ სანქცირებულ პირებს აჯილდოებს, ინაუგურაციის შემდეგ კი ღირსების მედლებს დაჰპირდა ძალადობაში ბრალდებულ პირებს. რა არის ეს, რა მდგომარეობაშია „ოცნება“?
ვფიქრობ, ეს ცოტა ისტერიული მოცემულობაა. ალბათ ეს არის ბოლო გაბრძოლება, რადგან მათ სხვა გზა არ აქვთ. ცდილობენ ერთმანეთი გაამაგრონ, რადგან ხედავენ, რომ არიან დაუცველები, რადგან პერსონალურად ხდებიან სანქცირებულები და აღარ უშველით არაფერი. ამიტომ „ოცნება“ ცდილობს რაღაც ნიშან-წყალი გამოავლინოს, რომ თითქოს ამ ხალხის დაცვა შეუძლია და ამისთვის აკეთებს ამ ყველაფერს.
თავის დროზე სააკაშვილსაც დაუჯილდოებია მეგის ქარდავა და ძალიან ნიშანდობლივია, რადგან ხელისუფლების დასასრულის ნიშნებია ეს ჩემთვის, რასაც ესენი ახლა აკეთებენ.
თამარ ჩუგოშვილი
მათ არ აქვთ რესურსი, რომ პოლიტიკური რესურსით მართონ ხალხი. ფორმიან და იარაღიან კაცს მაშინ იყენებს ხელისუფლება, როდესაც ლაპარაკით ვერ აგვარებს პრობლემას. პოლიტიკოსი კი იმიტომ სჭირდება ქვეყანას, რომ ლაპარაკით გადაჭრას საკითხები და არა იარაღით, თავში რტყმით და ადამიანების წამებით.
ამ ხალხს აღარ გააჩნია არანაირი რესურსი, რომ ან ქვეყნის შიგნით აუხსნას რაიმე ხალხს, ან ქვეყნის გარეთ. ყველა, ვინც მათი ყურმოჭრილი მონა არ არის და ავტომატურად არ იმეორებს მათ ნათქვამს, ყველას ეძახიან მტერს, ყველა გამოაცხადეს ნაცებად, ყველას დაარქვეს გლობალური მტერი და ასეთ ხელისუფლებას და თანამდებობის პირებს არ შესწევს უნარი იყონ საზოგადოებაში ან ავტორიტეტი, ან გამაერთიანებელი ან პოლიტიკოსი, რომელსაც ვიღაც გაუწევს ანგარიშს.
იტყუებიან ყოველ ფეხის ნაბიჯზე. როცა შენი ყოველი სიტყვა არის ტყუილი, ვერ გეყოლება ვერც პარტნიორები, ვერც მეგობრები და ის საზოგადოება, რომელსაც შენი სჯერა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მათ ძალიან გაუჭირდებათ.
ყველაზე პესიმისტური სურათი რომ წარმოვიდგინოთ, რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოს ზურაბიშვილმა ქვეყანა და თუ ასე იქნება, ხომ არ დააზიანებს ეს საპროტესტო მუხტს ქვეყანაში?
პირველ რიგში, მე არ მგონია, რომ ზურაბიშვილი წავა, როცა ის ამბობს, რომ ბოლომდე იქნება ამ პროცესში ჩვენთან. მე ამისი მჯერა და არ მაქვს საფუძველი, რომ არ ვენდო. იმიტომ, რომ ის არც მშიშარაა და არც მხდალი, ბევრი რაღაცისთვის გაუძლია და ბევრის გაძლებაც შეუძლია. და რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი არ არის არცერთ ადამიანზე დამოკიდებული. ზურაბიშვილს აქვს დიდი ავტორიტეტი, მაგრამ ეს პროცესი ულიდეროდ მიდის და ხალხი ხედავს, გრძნობს, როგორ უნდა იმოქმედოს, როგორც ერთმა ორგანიზმმა.
საერთოდ უცნობი ადამიანები დგანან და მოქმედებენ სინქრონში იმიტომ, რომ საზოგადოება გრძნობს მთელი სხეულით, ახლა რა არის გასაკეთებელი.
სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ძალიან დიდი როლის შესრულება და დარწმუნებული ვარ, ის არასად არ წავა, მაგრამ მისი ფაქტორი რომც არ იყოს, მაინც ვერ გაჩერდება ეს მოძრაობა, მე ასე ვფიქრობ.
„როცა პროტესტი ვითარდება ისე, როგორც ეს ვითარდება საქართველოში, მცირეა იმის შანსი, რომ აქ ვენესუელა განმეორდეს“, – მიიჩნევს მკვლევარი, კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრატი დავით ჯინჭარაძე. მას ვენესუელას ბოლო პროცესებზე ვესაუბრეთ, როცა დიქტატორმა პროტესტის ჩახშობა შეძლო.
რამდენად შეიძლება იგივე მოხდეს საქართველოში? – მკვლევრის აზრით, ამის შანსი ნაკლებია, რადგან ვენესუელასგან განსხვავებით საქართველოში უკვე არსებობს დემოკრატიის გამოცდილება.
„ხომ ხედავთ, ყველა სექტორი აუჯანყდა „ქართულ ოცნებას. რაც არ უნდა დახატოს ვინმემ, რომ ესაა დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რეალურად დაპირისპირება არსებობს მხოლოდ საქართველოსა და ხუნტას შორის… ახლა გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი და პუტინიზმის დამარცხების ამბიცია დემოკრატიულად და მშვიდობიანად.
ვხედავთ, რომ რუმინეთშიც ჰქონდა რუსეთს გავლენის დამყარების მცდელობა, მაგრამ ეს საკონსტიტუციომ აღკვეთა, სირიაშიც ასადის რეჟიმი დაემხო. ასე, რომ დღევანდელ კონტექსტში რუსული გავლენა არ იმატებს. ვფიქრობ, ამ პროცესის მორიგი, განსხვავებული მაგალითი შეიძლება გახდეს საქართველო, თუ ეს პროცესები სწორად წარიმართა,“ – გვიყვება დავით ჯინჭარაძე.
„ბათუმელები“ ლონდონში მყოფ დავით ჯინჭარაძეს სოციალურ ქსელში ესაუბრა. ის კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრატი და პარტიის „თავისუფლების მოედნის“ წევრია.
ბატონო დავით, საპროტესტო აქციები საქართველოში ბევრს ახსენებს ვენესუელას შემთხვევას და ხედავს საფრთხეს, აქაც იგივე არ მოხდეს. ვენესუელაში მასშტაბური საპროტესტო აქციების ჩახშობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დიქტატორმა შეძლო. თქვენი დაკვირვებით, რამდენად შეიძლება ვენესუელას მსგავსი სცენარი განმეორდეს საქართველოში?
ჩემი აზრით, ვენესუელას გეოპოლიტიკური კონტექსტი სხვანაირია. ასევე, ვენესუელას ჩვენთან შედარებით დემოკრატიის ნაკლები გამოცდილება აქვს ახალ ისტორიაში.
მართალია, ვენესუელაში იყო დემოკრატია დაახლოებით 40 წლის განმავლობაში გასული საუკუნის 90-იანებამდე, 98 წლიდან კი იქ მყარდება დიქტატურა. ნიკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტია 2013 წლიდან, მაგრამ საერთო ჯამში 25 წელია ეს რეჟიმი გრძელდება. ვენესუელაში ნელ-ნელა მყარდებოდა ავტოკრატია.
ვენესუელასგან განსხვავებით ჩვენ ავტოკრატიული რეჟიმის ამხელა გამოცდილება არ გვაქვს. „ვარდების რევოლუციამდეც“ კი, საქართველოში მედია გაძლიერდა და იყო სამოქალაქო სექტორი. ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მმართველობაში მოსვლის პირველ წლებში არ იყო ჩაბეტონებული ავტოკრატია. ხელისუფლებაში ყოფნის მეორე ვადიდან წავიდნენ ისინი ძირითადად ინსტიტუტების მითვისებისკენ, ვენესუელას შემთხვევაში, როგორც კი მოვიდნენ ეს ძალები ხელისუფლებაში, გამიზნულად ხდებოდა ყველაფერი.
მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ საქართველოსგან განსხვავებით, ვენესუელაში ხელისუფლებას აქვს ჯარის მაღალი მხარდაჭერა მადუროს მიმართ. ჯერ კიდევ უგო ჩავესმა დაიწყო და შემდეგ მადურომ განაგრძო მის მხარეს ჯარის გადაყვანა. ეს გახდა იქ კონტროლის მთავარი მექანიზმი: ჯარში კონკრეტულ პირებს ჰპირდებოდნენ უკეთეს თანამდებობებს – ჯარი გახდა მადუროს უპირობო მხარდამჭერი და არა ვენესუელას სახელმწიფოსი.
ვენესუელას ჯარს არ ჰქონდა გარე მტერთან ბრძოლის გამოცდილება ბოლო წლებში. ეს ჯარი გამოიყვანეს პროტესტის დასაშლელად: რეზინის ტყვიებს ესროდნენ და წყლის ჭავლს…
ჯარის გამოყვანა ვენესუელაში ბოლო არჩევნების შემდეგ დასჭირდათ, როცა გაყალბება იყო უპრეცედენტო. საგულისხმოა, რომ ვენესუელაშიც 2024 წელს ელექტრონულად ჩატარდა არჩევნები, თუმცა იქ ჩვენგან განსხვავებით არ გამოუყენებიათ გაყალბების ისეთი დახვეწილი მექანიზმები, როგორც ჩვენთან. ვენესუელაში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ მადურომ პირდაპირ დაიწერა არჩევნების შედეგები. ამან გამოიწვია დიდი პროტესტი, 2 ათასი კაცი დაიჭირეს იმ პერიოდში.
დავით ჯინჭარაძე
ვენესუელაც ღარიბი ქვეყანაა და ესეც გამოიყენა მადურომ არჩევნების მოგების ინსტრუმენტად „ოცნების“ მსგავსად. რა არის განსხვავება ამ კუთხით?
დიახ, ვენესუელაში ნავთობის 80 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის. ნაციონალიზება გაუკეთეს ყველაფერს, საკვების დისტრიბუციასაც კი. მადუროს მხარდამჭერი ვინც იყო, ის სარგებლობდა ამ სერვისით.
ძალიან ღარიბია ვენესუელა, მაგრამ იქ საშუალო კლასი არ არსებობს, ჩვენთან კი, ბიზნესი მთლიანად არ კონტროლდება „ქართული ოცნებისგან“. ვნახეთ კიდეც 1000-ზე მეტმა ბიზნესკომპანიამ როგორ მოაწერა ხელი საერთო განცხადებას „ოცნების“ წინააღმდეგ.
ვენესუელაში არსებობს მდიდარი ხალხი და ძალიან ღარიბი მოსახლეობა. მათ შორის იმდენად დიდია განსხვავება, რომ ღარიბი ზოგჯერ ვენესუელიდან გაღწევას ვეღარ ახერხებს.
საქართველოში არსებობს ევროკავშირის ინვესტიციებიც. ვენესუელაში მხოლოდ ესპანეთი იყო ჩართული რაღაც დონეზე და ცდილობდა სიტუაციის დეესკალაციას. სხვათა შორის, ვენესუელას დღემდე აქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, რომ მოსახლეობა არ დაისაჯოს.
ვენესუელაში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ პირდაპირ ტერორიზმის მუხლით დაიწყეს გამოძიება. მათი ნაწილი იმალებოდა არგენტინის საელჩოში, რადგან საელჩო არის უცხო ქვეყნის ტერიტორია და იქ მადურო ჯარით ვერ შეიჭრება. პრეზიდენტობის კანდიდატიც გაიქცა ესპანეთში და ამ დრომდე ესპანეთშია. რამდენიმე ლიდერი კი ისევ ვენესუელაში იმალება.
„ქართული ოცნება“ ცოტა სხვანაირად მოქმედებს: მათი შიდა პროპაგანდა დაფუძნებულია ძირითადად სიკვდილის შიშზე, რაც ადამიანების ფუნდამენტური შიშია. რაც არ უნდა პატრიოტი იყოს ადამიანი, არავის უნდა, ბომბი დაეცეს თავზე.
ახლაც „ოცნების“ ტროლ-ბოტები ამაზე მუშაობენ, რომ ოპოზიცია თუ მოვა ხელისუფლებაში, რუსის ჯარი შემოვა. სუსმა დაიწყო კიდეც სიტუაციის დაძაბვა, როცა ფაქტობრივად „ორი გვამის სცენარი“ დადეს. „ოცნების“ სტრატეგია გადის იმაზე, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს დააბრალოს, ამათგან მოდის საფრთხეო.
„ქართულ ოცნებას“ აწყობს სიტუაცია ისე წარმოჩინდეს, რომ თითქოს ის ებრძვის რადიკალებს. ის თუ მადუროს მსგავსად ჯარს გამოიყვანს, მაშინ ჩამოიშლება მთელი ეს პროპაგანდა, რომ „ოცნება“ თურმე მშვიდობის პარტიაა.
მეორე მომენტიცაა: ჯარი რომ გამოიყვანო, დარწმუნებული უნდა იყო, რომ უკანონო ბრძანების შესრულებაზე ჯარი გამოგყვება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. საქართველოში ყველა თაობას აქვს ომის გამოცდილება. ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს აქვთ მეორე მსოფლიო ომის გამოცდილება, მშობლებს – აფხაზეთის ომის, ჩვენ – აგვისტოს ომის. ჯარისკაცებს შორის ზოგი აგვისტოს ომის ვეტერანია, ზოგი ავღანეთში მსახურობდა. ამიტომაც ეს ნაბიჯი „ოცნებისთვის“ ძალიან სარისკოა.
ბევრი განცხადებაა ისეთი, რომ ვიფიქროთ, ივანიშვილი და კობახიძე გაგიჟდნენო, მაგრამ რეალურად არ გაგიჟებულან, ისინი თავიანთ სტრატეგიას მიჰყვებიან. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ვენესუელის სცენარი არა მგონია ივანიშვილს აწყობდეს. ჩემი აზრით, არც ბელარუსის ან უკრაინის გახსენებაა სწორი. ეს იქნება სრულიად ახალი პროცესი, რაც საქართველოში ხდება.
უნიკალურია საქართველოს ამბავი?
დიახ, რაღაც გაგებით უნიკალურია.
ზოგადად, ნაკლებად მჯერა იმის, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებული, მაგრამ საქართველოს შემთხვევა ბევრი კუთხით არის უნიკალური. ჩვენ უკვე გვაქვს დემოკრატიის გამოცდილება, ახლა გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი და პუტინიზმის დამარცხების ამბიცია დემოკრატიულად და მშვიდობიანად.
ჩვენ ვხედავთ, რომ რუმინეთშიც ჰქონდა რუსეთს გავლენის დამყარების მცდელობა, მაგრამ ეს საკონსტიტუციომ აღკვეთა, სირიაშიც ასადის რეჟიმი დაემხო, ასე რომ, დღევანდელ კონტექსტში რუსული გავლენა არ იმატებს. ვფიქრობ, ამ პროცესის მორიგი, განსხვავებული მაგალითი შეიძლება გახდეს საქართველო, თუ ეს პროცესები სწორად წარიმართა.
თქვენ ხაზი გაუსვით ბიზნესის პროტესტს საქართველოში. კიდევ რა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ვენესუელას სცენარი ჩვენთან არ გამოვა?
საქართველოში ჩანს, რომ დეცენტრალიზებულია პროცესი. თანაც, ამ პროცესს არ ჰყავს ლიდერი.
ფსიქოლოგიაში არსებობს ჯგუფის ფორმირების პროცესი: იწყება ფორმირებით, ხდება კონფლიქტი, შემდეგ ჯგუფი ლაგდება და მიიწევს მიზნისკენ. ჩვენ, როგორც წესი, მეორე და მესამე ეტაპზე სულ ვიჭრებოდით – ვხედავდით მიზანს, მაგრამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს ისე ვაკრიტიკებდით და ისეთი გარჩევები გვქონდა, რომ მიზნამდე ვეღარ მივდიოდით.
ამჯერად ლიდერი არ ჰყავს ამ პროცესს და ხალხი კოლექტიურად გრძნობს, რა უნდა გააკეთოს. ამას ემატება კრიტიკული მედიის არსებობა. საქართველოში ონლაინმედია განსაკუთრებით ძალიან ძლიერია და ასე მარტივად მას ვერ ჩააქრობენ.
ეს არის მომენტი, როცა რეჟიმი უნდა შესუსტდეს იქამდე, რომ ვეღარ შეძლოს ფუნქციონირება და დაეცეს. ისევ თუ გაგრძელდება ეს საპროტესტო აქციები და კიდევ თუ გამოვლენ ადამიანები ქუჩაში, „ქართული ოცნება“ ეფექტურ კონტროლს ვეღარ შეძლებს. მის ინტერესშია, რომ დიქტატურა დაამყაროს და ყველა ინსტიტუცია აკონტროლოს, სახელმწიფო ინსტიტუტებს აკონტროლებს კიდეც, მაგრამ თუ წინააღმდეგობა გაგრძელდა, ეს მარტივი აღარ იქნება.
გუშინ დაასანქცირა „ოცნების“ მაღალჩინოსნები დიდმა ბრიტანეთმა, ასევე შს მინისტრი მაგნიტსკის სიაში მოხვდა. რა როლს ასრულებს ამ პროცესში სანქცირება?
დიახ, ბრიტანეთის სანქცირება იმითაც არის უპრეცედენტო, რომ არამხოლოდ სავიზო შეზღუდვას, არამედ ეკონომიკურ შეზღუდვასაც ითვალისწინებს. ეს არის ის, რაც ხალხს იმედს აძლევს ქუჩაში, ხალხის ყოფნა ქუჩაში კი, ლეგიტიმაციას აძლევს ამ სახელმწიფოებს დაასანქცირონ კონკრეტული პირები. ეს ცირკულარული პროცესია.
ხალხი სულ ამბობს, „ვგმობთ“ და „შეშფოთებული ვართ“ უკვე მოგვბეზრდაო. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სულ იყო ზედმეტად დიპლომატიური და მოზომილი, ისიც ამბობს, რომ შეშფოთება გასაგებია, მაგრამ შემდეგ რა? ჩვენ რომ ამას ღიად ვეუბნებით ევროკავშირს, ეს ერთგვარი ტესტია ევროკავშირისთვის: 3.7- მილიონიანი მოსახლეობის პატარა ქვეყანა გთხოვს, რომ დემოკრატია გადაარჩინო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირს ვერ ექნება ამბიცია, რომ რუსეთს თუ ჩინეთს გაუწევს წინააღმდეგობას.
დღეს ხშირად გვესმის, ამერიკა და რუსეთი როგორც დალაგდებიან, ისე იქნებაო, თუმცა რეჟიმების ცვლილების 2 ათასამდე სხვადასხვა წყარო იკვლია ერთმა მეცნიერმა და აღმოჩნდა, რომ რეჟიმი იცვლება არამხოლოდ მაშინ, როცა გეოპოლიტიკური მოცემულობა იცვლება, ან ეკონომიკური ფაქტორი იცვლება, არამედ ცვლილებათა 75 %-ში რეჟიმი ირღვევა ავტოკრატის, დიქტატორის შეცდომების გამო.
შეცდომა დაუშვა კიდევაც ივანიშვილმა, როცა თქვეს, ევროინტეგრაციას ვწყვეტთო და ამ დროს დე ფაქტო ისედაც შეჩერებული იყო ეს პროცესი. შესაძლოა, რუსეთმა მოინდომა პირდაპირ ეს, მაგრამ ეს იყო შეცდომა ივანიშვილისთვის.
როცა დიქტატორი უშვებს შეცდომას, იბადება დემოკრატია. ეს წნეხი ამიტომაც არის საჭირო, რომ შეცდომები გაიზარდოს, ქოცების სისტემაში ჩართული ადამიანები ამ წნეხის პირობებში ნერვიულობას იწყებენ, უშვებენ შეცდომებს და იბადება დემოკრატია.
როცა პროტესტი ვითარდება ისე, როგორც ვითარდება ეს საქართველოში, მცირეა იმის შანსი, რომ აქ ვენესუელა განმეორდეს. ჩვენ უკვე გვაქვს დემოკრატიის გამოცდილება – ხომ ხედავთ, ყველა სექტორი აუჯანყდა „ქართულ ოცნებას“. რაც არ უნდა დახატოს ვინმემ, რომ ესაა დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რეალურად დაპირისპირება არსებობს მხოლოდ საქართველოსა და ხუნტას შორის.
ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, დღეს ისინიც გადიან აქციაზე, შესაძლოა ვიღაცას არც ევროკავშირი ადარდებდეს, მაგრამ იმიტომ დაუჭირეს მხარი „ოცნებას“, რომ, მაგალითად, საუბრობდნენ ადამიანების წამებასა და 7 ნოემბერზე. მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ აქციაზე დაკავებული ხალხი აწამა, ეს ადამიანებიც გამოვიდნენ ქუჩაში.
„ოცნებას“ უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ სამოქალაქო დაპირისპირება საერთოდ არ არის საქართველოში.
„თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არის ყველაზე დიდი სისულელე. თავისუფლება გაცილებით მეტი ღირებულებაა, ვიდრე ფიზიკური ანგარიშსწორება, რომელსაც ისინი ახორციელებენ, ამით ვერავის ვერ შეაშინებენ“, – გვიხსნის კობა ხაბაზი. მის წინააღმდეგ სწორედ ეს „დიდი სისულელე“ გამოიყენეს „ახალის“ ოფისთან, როცა 50-მდე ნიღბიანი ოფისის ასასვლელთან თავს დაესხა და სცემა.
ეს კადრები მთელმა საქართველომ ნახა.
ფიზიკური ანგარიშსწორება, გონების დაკარგვამდე ცემა კობა ხაბაზის, როგორც ოპონენტის მიმართ პირველად არ გამოუყენებიათ. მას მაშინაც სცემეს, როცა ის ასლან აბაშიძეს ებრძოდა. ახლა ამბობს, რომ „მხოლოდ მასშტაბებშია“ განსხვავება – აბაშიძე „ლოკალური მმართველი იყო“ ივანიშვილი კი „ქვეყნის მმართველია“ და „სხვა განსხვავება მათ შორის არ არის.“
„აბაშიძე ლოკალურად, სრულად აკონტროლებდა აჭარას, ჩაგდებული ჰქონდა ხელში მართვის სადავეები, ყველა ფინანსური წყარო და ასე შემდეგ. ხოლო ივანიშვილი უფრო მეტია. დანარჩენი მათ ფსიქოლოგიაში, მათ ქცევაშიც განსხვავება არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ორივე რუსია, რუსეთის დავალებების უსიტყვო შემსრულებლები არიან, რომლებიც იმართებიან პირდაპირ რუსული დირექტივებით. ეს არის მათი საერთო მახასიათებელი, ასე, რომ ნუ გაგვიკვირდება, თუ მათი ქცევები მიმართულია პირველ რიგში თავისუფლების, ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებების ადამიანების წინააღმდეგ.
რისი ეშინია მონას? – ეშინია თავისუფლების ხიდის, რისი ეშინია ფულის ტომარას? – იმ ფეხშიშველა მომიტინგეების, რომლებსაც გააზრებული აქვთ, რომ თავისუფლება და სამშობლო არის უმთავრესი. შიშს ადამიანი ასეთ საქციელამდე მიჰყავს. როცა უსწორდები ფიზიკურად, ცდილობ, თავისუფლების ხიდის ჩატეხას, ცდილობ, ყველაფერი გაანადგურო, დაამტვრიო, ძვლებში გადატეხო და ასე შემდე. რა მეთოდებითაც ისინი ცდილობენ, ეს არის მონობის მახასიათებელი“.
რა ხდებოდა იმ დღეს, როცა კობა ხაბაზს სცემეს? – გვიყვება, რომ მეგობრების მოსანახულებლად „ახალის“ ოფისში ნახევარი საათით მივიდა.
„იქ მოვინახულე მეგობრები და ვბრუნდებოდი აქციაზე. ლიფტიდან როცა გამოვედი, შემდეგ შესახვევი და ხუთ-ექვსსაფეხურიანი კიბეა, დავინახე მოდიოდა 50 -მდე შავფორმიანი, აბსოლუტურად ერთნაირი ტანსაცმლით და ნიღბებით. ვინაიდან იმ დღეებში ოფისებს ჩხრეკდნენ, ჩავთვალე, რომ ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და ჩხრეკაზე მოდიოდნენ ოფისში. მივესალმე და გახუმრებას ვაპირებდი ფეიერვერკებს ეძებთ ბიჭებო-მეთქი, მაგრამ ამ დროს ერთ-ერთმა დაიყვირა აგერო და დამიწყეს ცემა. დანარჩენი ალბათ ყველამ ნახა იმ კადრებში, როგორ გამისწორდნენ ფიზიკურად.“
კობა ხაბაზი ფიქრობს, რომ მასზე თავდასხმა შემთხვევითი და მისი ან ვიღაცის დასაშინებლად დაგეგმილი აქტი არ იყო და მას როგორც უკრაინის ომში მონაწილეს გაუსწორდნენ მიზანმიმართულად, რომ „პატრონისთვის პატაკი ჩაებარებინათ“:
„მე არ ვიცი, რას ნიშნავს ეს სიტყვა აგერ, ეს იყო მათი დავალება, ეს არ იყო შემთხვევითი ჯგუფი, ეს იყო კარგად ორგანიზებული და ისინი მოქმედებდნენ კონკრეტული დავალებით. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მათი დავალება იყო, რომ ვინმე ცნობადი სახე ეცემათ და ამით მომიტინგეები დაეშინებინათ, ნახეთ რას ვუშვრებით ცნობად სახეებსო და პირობითად სხვა მომიტინგეებისთვის ეს ყოფილიყო დასაშინებელი.
არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ ეს იყო კონკრეტულად ჩემ წინააღმდეგ მიმართული აქცია, ვინაიდან მე ყოველთვის მახსენდება ის, რომ დავით ქაცარავა, ალეკო ელისაშვილი, იგივე მე ვართ ის ადამიანები, ვინც უკრაინაში ომში ვმონაწილეობდით და რომელთა წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა.
ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებზეც არამარტო ძებნაა გამოცხადებული, ჩვენ რუსეთში დაუსწრებლად მისჯილი გვაქვს სასჯელი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო. მე ვუშვებ იმასაც, რომ კონკრეტულად მეძებდნენ მე, რომ შემდეგ პატაკი ჩაებარებინათ რუსეთისთვის, აი ვინც თქვენ გებრძოდათ, ვინც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ომში, როგორ გავუსწორდით ფიზიკურადო. ესეც ერთ-ერთ ვერსიად მიმაჩნია.“
კობა ხაბაზს 10 წუთის განმავლობაში სცემდნენ. ამბობს, რომ მართალია, „ასლანის ბიჭებმა“ უფრო მაგრად სცემეს და 4 დღე გონს არ მოსულა, მაგრამ ახლა „უფრო გაიმეტეს“.
„კადრებში როცა ვნახე, კიბის ზედა პლატფორმიდანაც ზურგზე მახტებოდნენ, თითქმის გონების დაკარგვამდე ვიყავი მისული. კადრები ჩემთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არაფერი ადამიანური არ აქვთ დარჩენილი. ისინი მხოლოდ და მხოლოდ მონური ფსიქოლოგიით, დავალებით მოქმედებენ, ისინი იღებენ დავალებას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებენ აქციის ლიდერების, ჟურნალისტების მიმართ. როგორ მოექცა იგივე ხალხი ჟურნალისტებს, როგორ გაიმეტეს სასიკვდილოდ გოგო, რომელიც სრულიად შემთხვევით გადარჩა, რომ კისრის მოტეხილობა არ მიეღო.
მე ვნახე ადამიანები, რომლებსაც საოცარი სისასტიკით სცემეს, ეს არის ბნელი ძალა, რომელიც გამოუშვა ხელისუფლებამ. ასეთი ხელისუფლება ყოველთვის ძალიან ცუდად ამთავრებს – შეუძლებელია, ძალადობას აზრი არასდროს აქვს.
ძალადობამ შეიძლება რაღაც შედეგი მოიტანოს, როცა მერკანტილური გრძნობებით გამსჭვალულ ადამიანებს უპირისპირდები, შეიძლება რაღაცაზე ხელი ააღებინო მით, მაგრამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არის ყველაზე დიდი სისულელე. თავისუფლება გაცილებით მეტი ღირებულებაა, ვიდრე ის ფიზიკური ანგარიშსწორება, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ამით ვერავის შეაშინებენ.“
კობა ხაბაზს ვკითხეთ, იმ გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, რასაც საქართველოში ხელისუფალი იღებს, მისი შეფასებით, რა მდგომარეობაშია ახლა ხელისუფალი?
„ბევრს ვფიქრობ ამაზე და თვალნათლივ ვხედავ ორ გასაჭირს, რაც ხელისუფლებას უდგას. მათთვის იდეალური ვარიანტი იყო რომ ეთამაშათ, როგორც თამაშობდნენ ადრე. ერთდროულად თითქოს მიდიან ევროპისკენ, ადამიანის უფლებები, დემოკრატია და ასე შემდეგ და მეორე – რუსული დირექტივები, რასაც ისინი იღებენ მათი მმართველებისგან. მათ ასე ურჩევნიათ, მაგრამ არ ურჩევნია ბოსს, მათ მეპატრონეს, მათ უფროს რუსეთს, საიდანაც ისინი იღებენ დავალებებს.“
კობა ხაბაზი მოვლენების განვითარებას, რამაც საპროტესტო აქციებამდე მიიყვანა ქვეყანა ასე აღწერს:
„არჩევნების გაყალბების გამო იყო საპროტესტო მოძრაობა, მაგრამ ამ მოძრაობას არ ჰქონდა ის მუხტი, რომელიც უნდა ჰქონოდა. იმიტომ, რომ არჩევნები მოსახლეობისთვის განიხილება, როგორც ხელისუფლებისათვის ბრძოლა. სწორედ ამ დროს კეთდება განცხადება, რომ აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებას ცალმხრივად.
საიდან მოდის ეს? – მოდის რუსეთიდან. მათ დაავალეს და უთხრეს, კეთილი ინებე და გააკეთე ეს განცხადება. ისინი იძულებულები არიან გააკეთონ. როდესაც რუსულ კანონზე იყო ძალიან დიდი საპროტესტო აქციები, რომელმაც გამოიღო შედეგი და მოუწიათ უკან დახევა, რა მოხდა შემდეგ, რატომ დააბრუნეს ეს კანონი? – გახსოვთ ალბათ მაშინ განცხადებები, რომ რუსული კანონი არასდროს, არანაირი ფორმით აღარ დაბრუნდებოდა. რა მოხდა, რატომ დააბრუნეს ეს კანონი? – ცხადია, რომ მიიღეს დავალება და იძულებულები არიან, ეს დავალება შეასრულონ.
როდესაც შენ ირჩევ მონობის გზას, როცა ირჩევ უსიტყვო შემსრულებლის ფუნქციას, ასეთ დროს ბუნებრივია ახალ-ახალი დავალებები წამოვა. ამ მოვლენებს ესენი ვერ გადაიტანენ, მაგრამ რომც გადაიტანონ, ხვალ უფრო უარესი დავალებები წამოვა რუსეთიდან, რაზეც ესენი უარს ვერ ეტყვიან იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე მართულები არიან.
ეს დავალება იქნება პირობითად აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება, ოკუპაციის კანონის გაუქმება, სამოკავშირეო ხელშეკრულებებში შესვლა და ასე შემდეგ, რუსქოცები არიან შესული ისეთ სპირალში, რომლიდანაც გამოსავალი აღარ არის. გამოსავალი ერთადერთია, ისინი უნდა წავიდნენ ან ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება მომავალში იქნება ნაკარნახები რუსეთიდან და ეს ქვეყნისთვის შეიძლება კატასტროფა იყოს.
იმას ახსნა, თუ რატომ უპირისპირდებიან დასავლეთს, სენატორებს, რატომ ლანძღავენ ევროკავშირს, რატომ ლანძღავენ ყველას, ვინც საქართველოსთვის მართლა მეგობარია, სხვანაირად შეუძლებელია. ისინი იმართებიან დირექტივებით და ამ დირექტივების უსიტყვო შემსრულებლები არიან. ქართველი ხალხი გავიმარჯვებთ, ან საქართველოს კატასტროფა ემუქრება“.
კობა ხაბაზი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საჯარო სამსახურებში დუმან და მათი პროტესტი არ იყო მძლავრი.
„პირიქით, მივიღეთ უფრო დიდი მასშტაბი, ვიდრე ვვარაუდობდი, გულწრფელად, რომ ვთქვა, იმიტომ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი არ აღმოჩნდა მზად უკვე მერამდენედ მოვლენების ასე განვითარებისთვის. ქართული სპექტრი ძირითადად უფრო ორიენტირებულია საარჩევნო მანქანის ჩამოყალიბებაზე, ვიდრე წინააღმდეგობის მოძრაობის, პროტესტის ორგანიზებაზე.
სამწუხაროდ, ჩვენ მოუმზადებელი შევხვდით თავის დროზე გავრილოვის ღამეს, რუსულ კანონს, არჩევნების გაყალბებას და ასე შემდეგ. პარტიები უფრო მეტს ფიქრობენ საარჩევნო სტრუქტურებზე, ვიდრე რეალურ წინააღმდეგობის მოძრაობაზე…
ამ მოცემულობაში ახალგაზრდებმა და ჟურნალისტებმა შეძლეს შეუძლებელი, ჟურნალისტების მოძრაობასაც დავარქმევდი ამას. რეალურად მილიონზე მეტი ადამიანი სხვადასხვა ფორმით არის ჩართული ამ პროცესებში.
როდესაც გამოდის მილიონზე მეტი ადამიანი და აპროტესტებს, შეუძლებელია ვინმეს ეს არ შეეხოს, შეუძლებელია ეს შსს-ს არ შეეხოს, არ შეეხოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, განათლების, ეკონომიკის სამინისტროს. ციდან ჩამოფრენილები ხომ არ არიან სამინისტროებში და პოლიციაში, ვიღაცის ძმაა, ვიღაცის შეყვარებულია, ოჯახის წევრია, შვილია და ასე შემდეგ.
რაც უფრო დიდი დრო გავა და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს წინააღმდეგობის მოძრაობა, არ დარჩება ადამიანი, რომელსაც მისი ახლობლების დონეზე არ შეეხება. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, იმ შეუქცევად პროცესებამდე მიგვიყვანს, როდესაც „ქართული ოცნება“ დასრულდება. ამისი ტექნიკური გაფორმება იქნება პატიმრების გათავისუფლება, თუ ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.
იოტისოდენა სკეპტიციზმიც არ მაქვს იმაში, რომ ეს ყველაფერი ნეგატიური შედეგებისკენ მიდის, პირიქით, რაც მეტი დრო გავა, ხალხის გამარჯვება უფრო განმტკიცდება და დაჩქარდება ხელისუფლების დასასრული.
საქართველოს პოლიტიკური პარტიები და კოალიციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით.
„ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს 18-20 დეკემბერს საქართველოში ვიზიტი განხორციელდა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სისტემური პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეულია ქართული ოცნების მიერ არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლების უზურპაციით, დემოკრატიული ინსტიტუტების სრული ჩამოშლით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ მიზანმიმართული საბოტაჟით.
საქართველოს მოქალაქეების უწყვეტი, სამართლიანი პროტესტის საპასუხოდ, ხელისუფლებამ ყოველმხრივ დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის წამების აკრძალვის აბსოლუტური და ხელუხლებელი უფლება, ფიზიკურად გაუსწორდა და უკანონო პატიმრობაში ამყოფებს საქართველოს ასობით მოქალაქეს; იყენებს კრიმინალურ, არაფორმალურ დაჯგუფებებს მოქალაქეების დაშინებისა და მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით.
ამასთან, საქართველოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში საბოლოოდ ამკვიდრებს ავტორიტარულ დიქტატურას და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს რეპრესიული რეჟიმისათვის საჭირო სამართლებრივ მექანიზმებს.
მიუხედავად იმისა, რომ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მკაფიო განცხადება, რომ საქართველოში მისი ვიზიტი არ ემსახურება არჩევნების ლეგიტიმაციას, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია ქართული ოცნების რუსული პროპაგანდის მხილებისთვის, მიგვაჩნია, რომ ასეთი დროს მისი ვიზიტი და შემაჯამებელი განცხადების შინაარსი იყო არსებითად უპასუხისმგებლო და არ შეესაბამება ევროპის საბჭოს სულისკვეთებას, ამ ინსტიტუციის პრინციპებსა და ღირებულებებს. ეს სრულიად აცდენილია იმ უმძიმეს ვითარებასთან, რომელიც საქართველოში დღეს არის და ლეგიტიმურ კითხვის ნიშნებს აჩენს ამ ვიზიტის რეალურ მოტივებთან დაკავშირებით.
ალან ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს.
ამ უკიდურეს ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და უადგილოა საუბარი ე.წ. „რუსულ კანონში“ რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილებების გატარების და მის „გაკეთილშობილების“მცდელობაზე ან ამ მიზნით არალეგიტიმური პარლამენტისა და მთავრობის პირობებში, რაიმე ტიპის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. აღნიშნული კანონი, ისევე როგორც ქართული ოცნების მიერ მიღებული სხვა ანტი-დემოკრატიული და ანტი-ევროპული საკანონმდებლო ცვლილებები არანაირ კორექტირებას არ ექვემდებარება და ისინი უბრალოდ უნდა გაუქმდეს ხელისუფლების ცვლილებისთანავე.
აღნიშნულ საკითხებზე საკმაოდ დეტალურად მიიღო განმარტებები ბატონმა გენერალურმა მდივანმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვეწებია ფარგლებში. ამის მიუხედავად, მან გააჟღერა სრულიად უკონტექსტო და უპასუხისმგებლო გზავნილები, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიები და კოალიციები, გამოვხატავთ ჩვენს ღრმა პატივისცემას ევროსაბჭოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, სრულად ვიზიარებთ მის ფუნდამენტურ ღირებულებებს, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საბჭოს ინსტიტუტებთან ამ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის მიზნით, მათ შორის ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევის პროცესში. ეს უნდა დაეფუძნოს უკანონოდ დაკავებული პირების უპირობოდ და დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარების გარანტიებს სამართლიან და კონკურენტულ გარემოში.
მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს განსახილველად დააყენოს საქართველოში ალან ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი იანვარში გასამართ საჯარო დებატებზე“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფეისბუქზე აქვეყნებს ოპოზიცია და რომელსაც ხელს აწერს ოთხივე კოალიცია, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეხვედრებისას მან მიიღო დაპირება რუსულ კანონში ცვლილებების შეტანაზე.
„მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში,“ – თქვა სამდღიანი ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ.
ალენ ბერსემ იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ცვლილებები შევა სხვა კანონებშიც, რომლებიც არ შეესაბამება ევროპის საბჭოს.
„ვიმედოვნებ, რომ ამგვარი პროცესები შეიძლება განხორციელდეს ასევე სხვა მიმართულებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღმოფხვრა, საარჩევნო რეფორმები… ბოლო დროინდელი კანონები ნამდვილად არ მოდის შესაბამისობაში ევროპის საბჭოსა და კონვენციის მოცემულობასთან.
ჩვენ მივიღეთ გარკვეული დაპირებები.
ევროსაბჭოს, როგორც მოგეხსენებათ, აქვს სამოქმედო გეგმა 2024-27 წლებისთვის, ეს არის ევროსაბჭოს მიერ მომზადებული გეგმა, რომელიც შემდგომ მინისტრთა კომიტეტისთვის არის დამტკიცებული. ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის და ეს გეგმა არის მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს თავისი ევროპული სულისკვეთების განხორციელებაში,“ – თქვა ალენ ბერსემ.
დღის მეორე ნახევარში ალენ ბერსეს განცხადებას გამოეხმაურა “ქართული ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადების მიუხედავად, რომ „ოცნების“ მთავრობასთან შეხვედრებისას მიიღო დაპირება რუსულ კანონში ცვლილებების შეტანაზე, ირაკლი კობახიძე კანონის შეცვლის გარანტიას არ იძლევა.
„ჯერ უნდა შედგეს დისკუსია. იქნებ დისკუსიის პროცესში დგინდება ის, რომ კანონი არის თავიდან ბოლომდე კარგი, რას ვშვებით მაშინ, მაინც უნდა შევცვალოთ?! რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში კანონის შეცვლა არ შეიძლება. ჯერ უნდა დასაბუთდეს პუნქტობრივად, რა არის კარგი, რა არ არის კარგი. ასე რომ ჯერ უნდა დავიწყოთ დისკუსია, მერე ვთქვათ, შეიცვლება თუ არა და მერე ვთქვათ, რომ შეიცვლება, რა შეიცვლება“, — განაცხადა კობახიძემ.
მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და თქვა, რომ ის პირველი ევროპელია, რომელიც მზად არის დისკუსიისთვის.
„თუ ხალხი მოწოდებულია, რომ არ დათმოს თავისუფლება და „ოცნების“ პროპაგანდასაც დაუპირისპირებს სიმართლეს, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად დამარცხდება სიცრუე, რადგან საბოლოო ჯამში, არც ერთ ადამიანს არ უნდა იცხოვროს სიცრუეში“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.
რას ეჭიდება დასავლეთის მიერ სანქცირებული „ქართული ოცნება“? – ამ თემაზე ესაუბრა მას „ბათუმელები“.
ბატონო კახა,დღეს საქართველოში ხალხი ითხოვს – გაათავისუფლონ დაკავებული ადამიანები, დაისაჯონ წამებაში მონაწილე პირები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. რა ეტაპია კიდევ გასავლელი იმისთვის, რომ „ოცნების“ სიჯიუტე დასრულდეს და მან მიიღოს ეს მოცემულობა?
კარგად გვესმის, რომ ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ ცდილობს აისხლიტოს ყველანაირი პასუხისმგებლობა, ყველანაირი კრიტიკა და ჩვენ ამას კარგად ვხედავთ „ოცნების“ მიერ კონტროლირებად ტელეარხებსა თუ სოცმედიაში, სადაც სრულიად განსხვავებულ რეალობაზე ლაპარაკობენ.
ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრისა თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირების გამოსვლებში არის მცდელობა, მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ თითქოს მართავენ პროცესს, თითქოს მილევადია საპროტესტო მუხტი და ასე შემდეგ. ეს არ არის ის პოზიცია, რომელთანაც შეიძლება დიალოგის დაწყება, აი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.
საერთაშორისო მცდელობები გრძელდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუ გნებავთ საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან, მთავრობას პრაქტიკულად არანაირი დიალოგი არ აქვს. არ ელაპარაკებიან.
რაც შეეხება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ჩამოსვლას, ვიცით, რომ ის არ ჩამოსულა თავისი სახელით. ის ჩამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გადაწყვეტილებით.
ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც ამბობს, რომ გენერალური მდივნის ჩამოსვლა არაფერს ნიშნავს, მაგრამ სინამდვილეში ის წარმოადგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, კონკრეტულად ბიუროს, რომელიც უფლებამოსილია ასეთ საკითხებში ჩაერთოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით. ამიტომ ვფიქრობ, რომ გენერალური მდივნის ვიზიტს აქვს გარკვეული მნიშვნელობა, რადგან ის წაიღებს ინფორმაციას საპარლამენტო ასამბლეაში და შესაძლოა განხორციელდეს ზეწოლა „ოცნების“ ხელისუფლებაზე საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან.
რა ფორმით?
შეიძლება გამოსცენ რეზოლუცია და გააფრთხილონ „ოცნების“ ხელისუფლება, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, უნდა გამოუშვან აქციებზე დაკავებული ადამიანები და ასე შემდეგ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაკარგოს საქართველომ ხმა ევროპის საბჭოში.
ევროკავშირი შეთანხმდა, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს გაუუქმებენ დიპლომატიურ პასპორტებს და ამას დაემატა მეორე განცხადებაც, რომ ამის პარალელურად მათ უნდა შეუჩერდეთ უვიზო რეჟიმიც. არც ეს შეაჩერებს ივანიშვილის ხელისუფლებას?
ძნელი სათქმელია. საქმე იმაშია, რომ „ქართული ოცნება“ მზად იყო ამ გართულებებისთვის. ფსიქოლოგიურადაც მზად იყვნენ და პოლიტიკურადაც, რადგან როგორც ვხედავთ, ყველა ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის რაღაც უცნაურად ხდება, ყველაფრის ნიველირებას ცდილობენ, რა ზიანიც მიადგათ.
მაგრამ აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც ნაკლებად ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას. რეალურად ქვეყანა „დასანქცირდა“, რადგან დახმარებების შეჩერება არის პრივილეგიის შეჩერება. რეალურად, თავისი ეფექტით სანქციებთან გათანაბრებულია ამ ათეული მილიონი დახმარების შეჩერება და არა მარტო მთავრობისთვის, მთელი ქვეყნისთვის.
ამისთვისაც მზად იყვნენ, რომ შეიძლება ეკონომიკა ჩამოიშალოს?
ეკონომიკა ასე სწრაფად არ ჩამოიშლება, თუმცა ეს ზიანს აყენებს საქართველოს განვითარებას. მაგალითად, თავდაცვის სექტორმა ვერ მიიღო 30 მილიონი, რომელიც ევროკავშირმა შეაჩერა. ეს ხომ თავდაცვას აზიანებს. ესენი ამბობენ, „არა უშავს, ჩვენ გამოვუყოფთ“, მაგრამ ჩვენ ხომ განვითარება გვჭირდება.
ეს მარტო თავდაცვას არ ეხება, დახმარებების შეჩერება აისახება ყველა სფეროზე, რადგან ყველა დარგს ეხება. მცირე ბიზნესს და უამრავი მიმართულებით არის შეჩერებული. ვეღარ მოხერხდება რეფორმების განხორციელებაც, მაგრამ ამათ ალბათ არც რეფორმები აინტერესებთ. იმის თქმაც, რომ „ჩვენ გამოვყოფთ“, მხოლოდ ბაქიბუქია და მეტი არაფერი.
ხომ ხედავთ, როგორი ინფლაციაა ქვეყანაში და ეს ყველაფერი არის გადასათვლელი რეალურ მდგომარეობაში.
„ოცნება“ ელოდება ეუთო-ოდირის დასკვნას. ოპოზიციამაც მიმართა ეუთო-ოდირს და სპეციალური მისიის გამოგზავნა მოითხოვა. თუ ეუთოს დასკვნა იქნება ნეგატიური, ამის მიუხედავადაც შეძლებს ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას?
ივანიშვილის ხელისუფლება ძალიან გამოიწრთო მანიპულაციებში.
იშვიათი შემთხვევაა, ეუთო-ოდირმა პირდაპირ დაწეროს, რომ არჩევნები გაყალბდა. მაგალითად, ბელარუსის შემთხვევაში ეს დააფიქსირეს. მაგრამ იმას დაწერენ, რომ ჩვენ შევამჩნიეთ დარღვევები, რომ არჩევნები არ ასახავს რეალურ შედეგებს.
თუ ის მუხლები იქნება, ვთქვათ, ხაზგასმული, რაზეც დავობდა საქართველოს პრეზიდენტი და ასევე, 34 დეპუტატი, ესეც იქნება არგუმენტი, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები?
დიახ, რა თქმა უნდა, აუცილებლად, ამაზეა საუბარი.
გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ეუთოს დასკვნა არ იყოს ცალსახად ამაზე ჩამოყალიბებული, რომ დარღვევებმა იმდენად იმოქმედა შედეგებზე, რომ ხელისუფლება სხვა უნდა ყოფილიყო და ახლა სხვაა, „ოცნება“ შეეცდება მანიპულირებას.
ამიტომ აქ არის ხალხის პროტესტი მნიშვნელოვანი, ასევე საერთაშორისო აქტორებზეა დამოკიდებული, როგორ შეძლებენ ისინი ამის მხარდაჭერას.
ნებისმიერ შემთხვევაში – გაყალბდა თუ არ გაყალბდა არჩევნები, საკმარისი საფუძველი არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენჯერმე დაირღვა კონსტიტუცია. ამიტომ პოლიტიკური კრიზისი მაინც სახეზეა.
რატომ გამოდის კობახიძე და ყოველ დღე აცხადებს, რომ მილევადია ეს მუხტი, რომ „პრაქტიკულად აღარ არის“, ხალხი აღარ გამოდის აქციებზე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემდეგ თქვან, არ არის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და რატომ უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები?
ამიტომ აუცილებელია, მოსახლეობამ დემონსტრირება მოახდინოს ამის, რადგან ის რეალურად ქუჩაშია.
თუნდაც ის, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შევიდა პარლამენტში, პოლიტიკური კრიზისი უკვე არის, ამას ემატება ხალხის პროტესტიც.
პარლამენტს ამ მდგომარეობაში არ აქვს შესაძლებლობა, კვალიფიციური უმრავლესობით მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და ასეთი პარლამენტი როგორ შეიძლება იყოს ქმედუნარიანი.
„ოცნება“ ცდილობს ტრამპის ინაუგურაციამდე გაწელოს ეს პროცესები. თუმცა, როცა არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია, როცა ასეთი მასობრივი გამოსვლებია ქვეყანაში, როცა ხალხი არ აღიარებს ხელისუფლებას, რამდენად რეალურია ტრამპის ადმინისტრაციისგან რაიმე ისეთი ნაბიჯები, რაც შესაძლოა აწყობდეს ივანიშვილის ხელისუფლებას?
აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა.
ტრამპის ადმინისტრაცია შეხედავს იმას, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, როგორ აფასებს ამ მდგომარეობას პარტნიორი ევროპა და თუნდაც მისი მეზობელი კანადა, დემოკრატიული სამყარო მთლიანობაში. რა თქმა უნდა, ის ვერ იტყვის, რომ ხსნის ყველა სანქციას, რომ ხსნის ყველა პრეტენზიას „ქართული ოცნების“ მიმართ. ის ვერ გააკეთებს ამას იმის ფონზე, როცა ყველა მისი პარტნიორი და საქართველოს მოსახლეობა დიამეტრულად საწინააღმდეგოს ფიქრობს.
„ოცნება“ ცდილობს, არ ჩამოეშალოს საკუთარი რეიტინგი თავისივე ამომრჩევლებში და ცდილობს. დაარწმუნოს ისინი, რომ 20 იანვრისთვის ყველაფერი გაირკვევა, რომ ეს მუხტი ჩაქრება, რომ არავითარი პრობლემა აღარ იქნება, რომ თითქოს ევროპა არ არის ავტონომიური, სუვერენული და თითქოს გადაწყვეტილებებს იღებს აშშ,, მაგრამ ეს არის აბსურდი და უცოდინარობა, ვინც ამას ქადაგებს.
ამერიკისთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროპასთან თანამშრომლობის შენარჩუნება და პარტნიორობის გაგრძელება, ვიდრე საქართველოში აი, ამ დიქტატორული მმართველობის მხარდაჭერა და მფარველობა. მაშინ, როცა ევროპარლამენტში დეპუტატების 4/5 სრულიად ერთსულოვანია იმაში, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები საქართველოში.
ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს უთხრა კიდეც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, რომ გვხედავენ, ესმით და ჩვენთან არიან.
აუცილებლად იქნება ამ საკითხში ევროპის ერთიანობა. ორბანსა და ფიცოს არანაირი გავლენა არ აქვთ ევროკავშირზე და იყენებენ ამ ტექნიკურ შეზღუდვას, რომელიც ევროკავშირს საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან მიმართებაში გააჩნია. ესეც ვერ იმუშავებს ამ შემთხვევაში, რადგან კონსენსუსი არ გამოდის, მაინც გადავლენ სანქციების ცალმხრივად გამოყენებაზე და აქ ევროპამ უნდა აჩვენოს თავისი ერთიანობა.
ბათუმში, აქციაზე ერთ-ერთმა ექიმმა სპეცრაზმელებს ჰკითხა, აქციის მონაწილეების სადისტური ცემის გამო, თქვენი ოჯახის წევრებს ექიმებმა უარი რომ უთხრან მკურნალობაზე, რა აზრის იქნებითო. ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ფაქტია, რომ პოლიციას არ აქვს დისკომფორტი აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებაზე. რა შემთხვევაშია მოსალოდნელი პროტესტი პოლიციელებს შორის? რადგან ამ დღეებში არ დარჩენილა თითქმის არც ერთი სფერო, რომელიც არ გაემიჯნა „ოცნების“ ანტიევროპულ პოლიტიკას, გარდა ძალოვანი უწყებებისა.
თუ სხვა ინსტიტუტებში ვერ ჩაკლა ბოლომდე დემოკრატიის სიყვარული და თავისუფლების სულისკვეთება რეჟიმმა, პოლიციაში ეს ვერ მოხერხდა, რადგან, როგორც ჩანს, ძალიან სერიოზულად იმუშავეს მათთან. ამას დაემატა პროპაგანდა, მატერიალური დაინტერესებაც, არ დაიშურეს თანხები, სხვათა შორის, ჩვენი ჯიბიდან ამოღებული თანხები, რომ შეუქმნან განსაკუთრებული პირობები და პრაქტიკულად, შექმნეს ისეთი სიტუაცია, რომ ისინიც ჩააბეს ამ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში.
დროთა განმავლობაში შეიძლება მივიდეს გარკვეული ნაწილი იქამდე, რომ მათ არ შეასრულონ დანაშაულებრივი მითითებები, მაგრამ მყისიერად ეს ვერ ჩამოიშლება.
იყო ცალკეული განცხადებები, როცა ცალკეულმა პირებმა დატოვეს თანამდებობები პოლიციაში, მაგრამ „ოცნება“ სწრაფად რეაგირებს ასეთ ბზარზე და ცდილობს მაშინვე ამოავსოს, რადგან ისინი ხალხისგან დასაცავად აშენებენ ციხესიმაგრეს და ამაში არიან გამაგრებული. მაგრამ რამდენი ხანი ისხდებიან ამ ციხესიმაგრეში?
საუბარია იმაზე, ვინ მეტ ხანს გაძლებს, რადგან კრიზისი ეს არის დაძაბულობა და სტრესი. თუ ხალხი მოწოდებულია, რომ არ დათმოს თავისუფლება და „ოცნების“ პროპაგანდასაც დაუპირისპირებს სიმართლეს, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად დამარცხდება სიცრუე, რადგან საბოლოო ჯამში, არც ერთ ადამიანს არ უნდა იცხოვროს სიცრუეში.
და იმ რეჟიმის მიმართ, რომელმაც დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გამოავლინა საკუთარი თავი, როგორც ანტიდემოკრატიულმა, პრორუსულმა ძალამ, არ შეიძლება დემოკრატიულ სამყაროს ჰქონდეს სიმპათიები.
შაბათს, 21 დეკემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა მარში გაიმართება.
„ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის სფეროს საქართველოს ეკონომიკაში უდიდესი ადგილი უკავია. აჭარის რეგიონისთვის, არსებული მასშტაბის და განვითარების გათვალისწინებით, ამ სექტორს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვა ინდუსტრიებთან ერთად, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ვამაყობთ იმით, რომ ვართ ჩვენი ქვეყნის არაოფიციალური ელჩები მის საზღვრებს გარეთ და საუკეთესო მასპინძლები უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოში.
ტურიზმის ინდუსტრია დაფუძნებულია ღიაობაზე, ნდობასა და კავშირებზე. მრავალი წელია, ჩვენი სფერო ყველა მარკეტინგული პოზიციონირების დროს, განსაკუთრებულად უსვამს ხაზს საქართველოს უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებმა რეალობასთან სრულიად შეუსაბამო სიცრუედ აქცია.
დღეს მთელი ქვეყნის და ჩვენი ინდუსტრიის ევროპული მომავალი დიდი რისკის წინაშეა,“ – ნათქვამია ტურიზმის სფეროს მანიფესტში, რომელიც დღეს, 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.
შაბათს დაგეგმილ მარშში მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები.
„ამ ინდუსტრიის შემადგენელი ყველა რგოლის წარმომადგენელი გაგვაერთიანა ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარების რისკმა, დემოკრატიული პრინციპების უარყოფამ, ქვეყნის ევროპული მომავლის დაკარგვის საშიშროებამ და მწვავე პოლიტიკურმა კრიზისმა, რომლის შედეგებიც უდიდეს ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას და ინდუსტრიაში დასაქმებულ ასი ათასობით ადამიანს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან ჭრილში.
ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები ვაპროტესტებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და მის იზოლაციას დემოკრატიული სამყაროსგან, მშვიდობიანი მოქალაქეების არაკანონიერ დაკავებას, ძალადობას და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები, დაინიშნოს ახალი არჩევნები და მიეცეს ქვეყანას საშუალება, დაიბრუნოს სტაბილური და ევროინტეგრაციისთვის ხელსაყრელი გარემო,“ – ნათქვამია მანიფესტში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 770 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 200]
ტანკი – 9 584 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 19 823 ერთეული [+24]
საარტილერიო სისტემა – 21 220 ერთეული [+42]
MLRS – 1 256 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 027 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 600 ერთეული [+79]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 943 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 31 793 ერთეული [+115]
სპეცტექნიკა – 3 662 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
650 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
38 064 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
19 844 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 502 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
19 822 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 326 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 19 დეკემბერს, საღამოს, მეწყერი ჩამოწვა ხულოს სოფელ ჩაოში.
„მეწყერი ამ საღამოს ჩამოწვა. სოფელში ჩაიკეტა ცენტრალური გზები.
გადაუდებელი დახმარება რომ დასჭირდეს ვინმეს, სასწრაფო დახმარება ვერ მოვა. მე ახლა მეზობელთან ვარ. სახლში ვერ გავჩერდი. არ გაიჩერება, მეშინია. სხვა ოჯახებიც არიან, ვინც გამოვიდნენ სახლებიდან და მეზობლებთან ან ნათესავებთან აფარებენ თავს.
ოთხი ოჯახი ვართ, ვისაც პირდაპირ გვემუქრება საფრთხე.
სახლები დაბზარულია და ნელ-ნელა ყოველდღე იმატებს. მეწყრული მასა ჩემი სახლიდან დაახლოებით 10-15 მეტრშია, მეტი დაშორება არ არის”, – გვითხრა როინ შავაძემ, სოფელ ჩაოში მცხოვრებმა.
„მეც მეწყერსაშიშ ზონაში ვარ. ჩემი სახლი დახეთქილია, მაგრამ ყურადღების მომქცევი არავინაა. ახლა საფრთხის ქვეშ ვართ, მაგრამ რა ვქნათ? გინდა არ გინდა აქ ვარ. გასახლებაში არ ვართ”, – ამბობს „ბათუმელებთან“ ჩაოში მცხოვრები აბესალომ ცეცხლაძე. მისი თქმით, მათ დაახლოებით ერთი თვის წინ დაწერეს განცხადება, მაგრამ აქამდე არავინ გამოხმაურებია.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხულოს მერიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურებს ზოგადი მდგომარეობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისთვის, თუმცა უწყებებისგან პასუხი მასალის მომზადების პროცესში არ მიგვიღია.
ბოლო დღეებში, უხვი ნალექის პარალელურად, აჭარაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. გუშინ, 18 დეკემბერს, მეწყერი განვითარდა ქედაში, დღეს, 19 დეკემბერს – შუახევსადა ხულოში.
ხულოს კლინიკაში დასაქმებული ექთნები საერთო მიმართვას ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, კლინიკის მენეჯმენტს სურს შეცვალოს ექთნების გრაფიკი.
„15 დღის წინ გვითხრეს, რომ თქვენ ყოველ მეოთხე დღეს მორიგეობის ნაცვლად, უნდა გადახვიდეთ ყოველ მე-8 დღეს მორიგეობაზე. ჩვენ გვქონდა შეკითხვა, რატომ? ბევრი პაციენტი არ გვყავს და კომპანია ასე მუშაობაზე არ არის თანახმაო.
აგიხსნით, როგორ უნდათ ყოველ მე-8 დღის მორიგეობაზე გადაგვიყვანონ. თერაპია, ქირურგია და ბავშვთა გაერთიანებული განყოფილება გვაქვს მე-2 სართულზე, სადაც მუშაობს ერთი ექთანი. მე ამ განყოფილებაში ვმუშაობ. ცალკეა სამშობიარო განყოფილება მე-3 სართულზე, რომელსაც აქამდე ცალკე ექთანი ჰყავდა. ორივე განყოფილებას ერთი სანიტარი ჰყავს. ახლა უნდათ, რომ ამ განყოფილებებში მხოლოდ ერთი ექთანი დატოვონ, რაც ჩვენთვის მიუღებელია.
დღეს უკვე მოგვცეს გრაფიკი, რისი მიხედვითაც ყოველ მე-8 დღეს უნდა ვიმორიგეოთ.
დღეს შევედით უფროსთან, ვუთხარით, რომ გაურკვეველია ეს ცვლილება და სამომავლოდ, უარეს ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ასე გამოდის. აქამდეც ასე გვითხრეს და დღესაც დაგვიდასტურეს, რომ გამორიცხული არ არის, სხვა განყოფილებები ჩაიხსნას და მხოლოდ ემერჯენსი დარჩეს.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ გასულ წლამდე, 175 ლარი გვქონდა ხელფასი. ერთი წელია, რაც შრომის ინსპექციის სამსახურის წყალობით დაგვიმატეს ხელფასი. ბოლო ერთი წელი საათში გვეწერებოდა 4 ლარი და 40 თეთრი. ახლა ამ ფორმით მოგვირბინეს, არ ვიცი სხვანაირად როგორ ვთქვა.
მოწვეული გვყავდა აჭარის ტელევიზია, მაგრამ არ გააშუქეს”, – გვეუბნება გუგული კახაძე, ხულოს კლინიკის ექთანი.
ხულოს კლინიკის ექთნების მოთხოვნაა არ შეეცვალოთ მორიგეობის გრაფიკი, იმუშაონ ყოველ მე-4 დღეს მხოლოდ ერთ განყოფილებაში და, შესაბამისად, შეუნარჩუნდეთ ხელფასი. თუ ექთნები იმუშავებენ ყოველ მე-8 დღეს, მათი ხელფასი განახევრდება.
ექთნების თქმით, ისინი ესაუბრნენ ხულოს კლინიკის მენეჯერს, ნიკა ბერიძეს. გუგული კახაძე გვეუბნება, რომ შეხვდნენ ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს, ჯამბულატ მელაძესაც, რომელმაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს დაურეკა. „ნიჟარაძემ გვითხრა, რომ კლინიკის გენერალურ დირექტორს დაურეკავდა. მოგვიანებით გვითხრეს, რომ ისევ მე-4 დღეს სამორიგეოდ მივიდოდით კლინიკაში და „მერე შევხედავთ რა იქნებაო“.
ბერიძის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს კლინიკები ჩაუდგა სათავეში, კლინიკის მიზანია დაამატოს სერვისები.
„საუბარი არ არის ვინმეს სამსახურიდან გამოშვებაზე. აქ საუბარია გრაფიკის ცვლილებაზე, რაც მოყვანილია შესაბამისობაში პაციენტების მომართვიანობასა და კლინიკის დატვირთვასთან…
საათობრივი ანაზღაურება არავის არ ეცვლება. თუ მომართვიანობა მოიმატებს, მეტს იმუშავებენ და ხელფასიც გაეზრდებათ. ეს გრაფიკი მუდმივად შეიცვლება, ესაა ცოცხალი პროცესი კლინიკებში, გასაკვირი არ არის. როცა საჭიროება მოითხოვს, ემატებათ საათები პერსონალს და შესაბამისი გრაფიკი განესაზღვრებათ.
ახალი გრაფიკი უკვე შესულია [ძალაში]. მე არ ვიცი მერამდენე დღეს მოუწევთ მორიგეობა ექთნებს. ეს შეიძლება იყოს ყოველ მე-5, 6, 8 დღე თუ სხვა“, – აცხადებს ნიკა ბერიძე.
„ბათუმელები“ ეცდება ხულოს კლინიკის პერსონალის პროტესტის საკითხზე ჰკითხოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსაც. კომენტარის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია აქვე განახლდება.
დღეს, 19 დეკემბერს, ხულოში სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შუქი პრობლემურად მიეწოდება შუახევის რამდენიმე სოფელსაც.
„თუ იცით, თოვლის მოსვლას როგორ ვიგებთ? შუქი რომ ქრება, ვხვდებით, რომ მოსალოდნელია ცუდი ამინდი. ან უნდა გათოვდეს, ან იწვიმოს…
გზა არ არის გახსნილი, ჯერ გზა უნდა გაიხსნას, რომ ნახონ რა პრობლემის გამო არ მოგვეწოდება დენი. შიდა სასოფლო გზა არ არის გაწმენდილი, ცენტრალურ გზაზე რა ხდება, არც კი ვიცით. 5-6 დღეა, რაც შიდა სასოფლო გზა ჩაკეტილია.
ხომ გაგიგიათ, გზა არ არის, შუქი არ არის, მომკითხავი კაცი არ არის.
დღესაც არ იქნება შუქიო, ასე გვითხრეს. მოდიოდა და მალევე ქრებოდა. გუშინ ჩაქრა და მას შემდეგ აღარ მოსულა. ბოლოს რომ შუქი მთელი დღის განმავლობაში მოგვეწოდებოდა ალბათ ზაფხულში იყო”, – გვეუბნება რაინდი შავაძე ხულოს სოფელ დიდაჭარადან. მისი ინფორმაციით, უშუქოდ არიან დიდაჭარას მეზობელ სოფელში მცხოვრებლებიც.
ხულოს კიდევ ერთ სოფელში, ბეღლეთში გვითხრეს, რომ შუქი რამდენიმე დღეა, რაც არ მიეწოდებათ. იგივე მდგომარეობაა ბეღლეთის მეზობელ სოფლებში. ადგილობრივების თქმით, ინფორმაცია ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებზე არ აქვთ.
შუახევში, ჭვანას ხეობაში, “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ელექტროენერგია ფაქტობრივად არ მიეწოდებათ, რადგან დენი გამუდმებით ქრება.
ელექტროენერგიას აჭარის მუნიციპალიტეტებს კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ აწვდის. „ბათუმელები“ კომპანიას დაუკავშირდა კითხვით, რამდენი სოფელია დარჩენილი დენის გარეშე ამჟამად მაღალმთიან აჭარაში.
„ხულოში ავარიულად არის გათიშული დიდაჭარას მიმართულება. აღდგენითი სამუშაოები გაართულა რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, მიუხედავად ამისა, სამუშაოები არ გაჩერებულა, ამ ეტაპზეც აქტიურად მუშაობს კომპანიის ტექნიკური სამსახურები, რათა დღის ბოლომდე მოხდეს დარჩენილი ნაწილისათვის ელექტროენერგიის მიწოდება.
შუახევშიც თითქმის სრულად არის ჩართული, მცირე შეზღუდვებია ჭვანის ხეობისკენ დღვანის მიმართულებით. ჯამში არ იქნება 300 აბონენტამდე, დღის ბოლომდე სავარაუდოდ შუახევის შეზღუდვებსაც გავანულებთ.
ქედის მუნიციპალიტეტში ყველა აბონენტი ჩართულია”, – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურიდან.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი – თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ.
ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე, ფონდებში, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას, დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ, ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ.
თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 2,5 მლნ ლარი მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით:
TBC x Mymarket.ge
TBC x Glovo
TBC x tkt.ge
TBC x Swoop
BOG x Extra.ge
BOG Ads Manager
BOG x Biletebi.ge
BOG Gift card
BOG x Wolt
თანხის მეორე ნაწილი – 2.5 მლნ ლარი კი, შემდეგ ფონდებში გადანაწილდება:
#ერთმანეთისთვის
სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia
Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
შუახევში ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა ჩაიკეტა. შუახევის ცენტრთან ახლოს მეწყერი დღეს, 19 დეკემბერს, გამთენიისას ჩამოწვა.
„განვითარებულია მეწყერი. გორაა ჩამოსული და მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. იწმინდება, ტექნიკა მისულია. ალბათ, საღამოსკენ აღდგება მოძრაობა, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ძალიან დიდი მასაა ჩამოსული. ჩამოიტანა ხეებიც. ცენტრალურ გზაზეა საუბარი, როგორც კი შუახევის ცენტრს გაცდები.
მეწყერი დღეს, გამთენიისას ჩამოწვა. საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია დილიდან. შემოვლითი გზა არის, მაგრამ მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის”, – გვითხრა მოქალაქე ბადრი გელაძემ, რომელიც ადგილზე იმყოფება.
შუახევის ცენტრალური გზა. 19/12/2024. ფოტო: ბადრი გელაძე
„შუახევში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც ბათუმი – ახალციხის შუახევის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ( სოფ. გორხანაული), განვითარდა მეწყრული პროცესი.
მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკასთან ერთად, ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.
გზის აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება.
ამ ეტაპზე შესაძლებელია დაბაძველი- ოქროპილაურის მიმართულებით შემოვლითი გზით სარგებლობა”, – მოგვწერეს შუახევის მერიის პრესსამსახურიდან.
გუშინ, 18 დეკემბერს, მეწყერი განვითარდაქედის ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის საქართველოს დატოვების საკითხი არ დგას.
„საქართველოს დატოვების საკითხი არ დგას. მე აქ ვარ. და როგორც ვახსენე, არ მინდა, ვგულისხმობ ვხედავ… არა მიზეზს, მაგრამ რაღაც მინიშნებებს, რომ შეიძლება გავხდე… არ ვიცი, ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც მათ აღიარეს, რაც ემიგრაციაშია და გავიგე, რომ დღეს ასევე შესაძლებელია სახაროვის პრემია მიიღოს.
მე ეს არ მინდა, რა სარგებლობა აქვს მხარდაჭერას, როდესაც ყველაფერი დასრულდება? მე მხარდაჭერა მჭირდება ახლა, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ხალხთან ერთად“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 დეკემბრის 21 საათიდან 20 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 2 –7 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 3 გრადუსი სითბო– 2 გრადუსი ყინვა
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 21-22 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ოთხი ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს მიმართავს და საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას სთხოვს. როგორც დღეს, 19 დეკემბერს, გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ეუთო/ოდირისათვის გასაგზავნ წერილზე ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ ერთად იმუშავა.
„დავასრულეთ ერთობლივი წერილი, რომელიც გაეგზავნება ეუთო/ოდირს.
ამ წერილში ჩვენ ვთხოვთ ეუთო/ოდირს, რომ აამუშაოს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც პირველად გამოყენებული იქნა 1991 წელს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეუთო/ოდირმა უნდა გამოაგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის კანონდარღვევებს და მიტაცებულ არჩევნებს.
რომ სამომავლოდ ჩვენ გვქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების [შესაძლებლობა] ამ ქვეყანაში,“ – განაცხადა ოთხი ოპოზიციური პარტიის ბრიფინგზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა.
მისივე თქმით, ამავე მისიამ აუცილებლად უნდა შეისწავლოს „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოცხადებული ტერორი.
„[მისიამ უნდა] შეისწავლოს ასევე ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს. წერილს თან ახლავს საიას რეპორტი, სადაც წვრილად არის ახსნილი ის ძალადობა, ის ტერორიზმი, რომელიც ივანიშვილმა მოუწყო საკუთარ მოსახლეობას, თუ როგორ გამოუცხადა ომი ივანიშვილმა ქართველ ხალხს, ვინაიდან მას სძულს ქართველები, ისევე როგორც სძულდა სტალინს. ამ წერილში ფაქტობრივი მასალაა, რომელიც სულ მალე იქნება ეუთო/ოდირის მეილებზე გაგზავნილი,“ – თქვა გიორგი ბუტიკაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპული კოალიცია აგრძელებს ერთობლივ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
___
რა ხდება
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.
დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
სახალხო დამცველის 19 დეკემბრის მონაცემებით, 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 362 პირი. მათგან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 227 პირი, ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა 158 პირს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 768 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 530]
ტანკი – 9 576 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 19 799 ერთეული [+27]
საარტილერიო სისტემა – 21 178 ერთეული [+14]
MLRS – 1 256 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 026 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 521 ერთეული [+51]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 943 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 31 678 ერთეული [+68]
სპეცტექნიკა – 3 656 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
650 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
38 064 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
19 844 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 502 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
19 822 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 326 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ქედაში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა ჩაიკეტა – აქუცის ხიდის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა. ქვათაცვენა ამ დრომდე გრძელდება.
„უკვე სამი საათია გზაში ვართ, ფეხითაც ვერ გადახვალ, რადგან გრძელდება მასის ჩამოწოლა, სოფელ ვაიოს მხრიდან ვაპირებთ ახლა გადასვლას, რომ ასე ჩავიდეთ როგორმე ქედის ცენტრამდე.
112-ში დავრეკე, რომ შველა გვჭირდება. გადმომირეკეს საგანგებოდან და მითხრეს, რა გავაკეთოთ, თვითმფრინავს ხომ არ გამოგიგზავნიო. ვუთხარი, რომ ევაკუაცია უნდა შეეძლოს საგანგებო სიტუაციების სამსახურს და უჩვეულოს არაფერს ვითხოვდი,“- უთხრა „ბათუმელებს“ მოქალაქე მელანო მახარაძემ.
„ადგილზე არიან ჩვენი წარმომადგენლები, გრძელდება ქვათაცვენა, დასრულდება თუ არა, მყისიერად დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები,“ – მოგვწერეს საქართველოს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და ქედის მერიას, თუმცა ამ უწყებებიდან ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია.
17 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაწესებულებაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას. დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები ვითარდება, რაც ხშირად საჭიროებს სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს.
17 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართა ცესკოს სხდომა და დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და სწორედ ზემოხსენებული საჭიროებების გათვალისწინებით ცესკოს აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა; რის თაობაზეც, კანონმდებლობის სრული დაცვით, მოსალოდნელი შემცირების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობათ შესაბამის თანამშრომლებს.
მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ზუსტი ინფორმირება ამ პროცესთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაციის მორიგი ეტაპი არ იქნას ინტერპრეტირებული და მიკერძოებულად დაკავშირებული გათავისუფლებული თანამშრომლების რაიმე შეხედულებებთან.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რეორგანიზაციას საფუძვლად უდევს ინსტიტუციური საჭიროებები. ცენტრალური საარჩევნო კომისია თითოეული თანამშრომლის დასაქმების პროცესში, ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ პოტენციური კადრების კომპეტენციებითა და პროფესიონალიზმის ხარისხით, რაც დასტურდება მრავალი ათეული წლის მანძილზე მომუშავე თანამშრომელთა დიდი გუნდის არსებობით ადმინისტრაციაში, თუმცა, უდავოა ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია განახლება და ადაპტაცია იმ გამოწვევების დაძლევის მიზნით, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველი არჩევნების წინ და შემდგომ აქვს.
ცალსახაა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც საჯარო ინსტიტუცია მყარად და გეგმაზომიერად მიყვება განვითარების გზას და ითვალისწინებს ყველა თანამედროვე ტენდენციას თუ ინსტრუმენტებს (იქნება ეს საინფორმაციო თუ საარჩევნო ტექნოლოგიები, ელექტრონული სერვისები, თუ ამომრჩევლის მომსახურების გაუმჯობესებისთვის ახალი მექანიზმები). უშუალოდ 2024 წლის პარლამენტის არჩევნების დღე კი სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, მათ შორის ეუთო/ოდირის წინასწარი განცხადებით კარგად იყო ადმინისტრირებული.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლა ან მომავალში გადასაწყვეტ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები შესაძლოა შეეცადონ ეს საკითხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ მისი პოლიტიზება. აქედან გამომდინარე, საზოგადოების სწორად და ობიექტურად ინფორმირების მიზნით, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს ზემოაღნიშნულ სავარაუდო ტენდენციებს, რომელიც ამახინჯებს ინსტიტუციური რეორგანიზაციის ნამდვილ მიზანს, ნუ გამოიყენებენ საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის შელახვის მიზნით.
ევროკავშირის წევრი სამი ქვეყანა – რუმინეთი, იტალია და ესპანეთი – საგანგებო განცხადებებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, თითქოს ამ ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს სანქციებს.
16 დეკემებრს ევროკავშირი შეთანხმდა, რომ აუცილებელია, საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს შეუჩერდეთ უვიზო რეჟიმი.
ირაკლი კობახიძის ტყუილს, თითქოს სანქციებს მხარი არ დაუჭირა, პირველი რუმინეთი გამოეხმაურა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირაკლი კობახიძემ არასწორად წარმოაჩინა ბუქარესტის პოზიცია ევროკავშირის შიდა დისკუსიაში საქართველოსთან დაკავშირებით მისაღები ზომების შესახებ.
„ღრმად იმედგაცრუებულნი ვართ [კობახიძის] არჩევანით, არასწორად წარმოაჩინოს შიდა დისკუსიები ევროკავშირის შიდა დონეზე. გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისა და ლეგიტიმური პროტესტის წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიების გამო“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე
რუმინეთის შემდეგ ირაკლი კობახიძის განცხადება უარყო იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა განცხადებაში, რომ მათ მხარი დაუჭირეს კაია კალასის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის შეთავაზებულ სანქციებს.
„იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციებს, რომელთა დაბლოკვაც სხვა წევრებს შორის კონსესუსის არქონის გამო შედგა. იტალიამ მხარი დაუჭირა დიპლომატიური პასპორტის მქონეთათვის უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც.
იტალია იმეორებს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით უნდა იდგეს და იმედოვნებს, რომ გადაიხედება ოფიციალური თბილისის ბოლო გადაწყვეტილებები, რომლითაც ევროპული გზა გადაკეტეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
17 დეკემბერს რუმინეთისა და იტალიის მსგავსად, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც უარყო ირაკლი კობახიძის სიტყვები, რომ თითქოს ესპანეთი იყო ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, ვინც მხარი არ დაუჭირა სანქციებს.
„ესპანეთმა ძალიან ნათლად გამოხატა შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებების შესახებ და სავარაუდო სადეზინფორმაციო კამპანიებზე. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის და მას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით“, — ვკითხულობთ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე
რა მოხდა
ირაკლი კობახიძემ 17 დეკემბერს საგანგებო ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრ ხუთ ქვეყანას – უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს, რომლებმაც კობახიძის ვერსიით „ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე“.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობილია, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი არ უჭერს მხარს სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისათვის. ხოლო იმ სამმა ქვეყანამ, რომელიც კობახიძემ ასევე მხარდამჭერად წარმოაჩინა საგანგებო განცხადებები გააკეთეს და ხაზგასმით დაწერეს, რომ ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით.
მოგვიანებით, X-ის მომხმარებელმა კონტრიბუტორებმა კობახიძის განცხადება რუმინეთზე, ესპანეთსა და იტალიაზე დეზინფორმაციად მონიშნეს, რამაც სხვა მომხარებლების მაღალი რეიტინგი დაიმსახურა და “ქართული ოცნების” პრემიერის პოსტს შენიშვნის სახით დაერთო.
დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
მან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცებაზე ისაუბრა.
„ეს არის ძალიან მშვიდობიანი მოძრაობა და მასშტაბური სამოქალაქო დაუმორჩილებლობაც“, – განაცხადა მან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას.
„მმართველი პარტია რუსულ გზას დაადგა. ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს – ერთი პარტია. ხალხს სურს ევროპული მომავალი და ახალი, სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ საგარეო კურსიდან გადახვევა 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციას შეადარა.
„ეს გადამწყვეტი დროა საქართველოსთვის. არის დღეები და მომენტები, თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს 1921 წელში ვართ და ყველაფერი მეორდება“, – განაცხადა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისას მოითხოვა აქტიური ნაბიჯების გადადგმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
„სანამ თბილისში ევროპული დროშები იკრძალება, ქართველები კვლავ ელოდებიან მკაცრ ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. და იმედი მაქვს, ჩვენ არ მოგვიწევს უფრო ღრმა კრიზისის ლოდინი, რათა ევროპამ იმოქმედოს. რა შეუძლია ევროპას? უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი საფეხურებიდან, რადგან ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და თქვენი ზურგი გვაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში ილაპარაკა „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის ხელყოფაზე და არალეგიტიმურად არჩეულ მთავრობაზე და პრეზიდენტზეც.
ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს, მოქმედებას ელიან ბრიუსელიდან და აშშ-დან. „ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი ვიზიტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა კრიტიკულ მედიაზეც, რომელიც რუსული რეჟიმის სამიზნეა.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს თითქმის ერთი საათის განმავლობაში მიმართავდა. ზურაბიშვილს გამოსვლას ევროპარლამენტარები ხანგრძლივი ტაშით შეხვდნენ.
ორ ათწლეულზე მეტია, “საბა” ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს. ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა ლიტერატურულმა ჟიურიმ და გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს „საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე “საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე გამოვავლენთ თავისუფალ, ევროპულსა და დემოკრატიულ საქართველოში.
სოლიდარობას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს.
ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის პასუხისმგებლობას აორმაგებს და ვინაიდან წელს საბას დაჯილდოება ვერ ჩატარდება, თიბისის მხარდაჭერით, დაჯილდოების ცერემონიისთვის განსაზღვრულ თანხას სრულად მივმართავთ ფულად პრიზებზე არა მხოლოდ გამარჯვებულებისათვის, არამედ ყველა ფინალისტისთვისაც.
ლიტერატურული პრემია “საბა” 2024-ის ჟიურიში იმუშავა: პროზაიკოსმა ბიძინა მაყაშვილმა; პოეტმა პაატა შამუგიამ; მთარგმნელმა თამარ ჯაფარიძემ; ლიტერატორმა გვანცა ჩხენკელმა; პოეტმა ლია ლიქოკელმა.
ჟიურიმ განიხილა 250-მდე წიგნი და გამოავლინა ათ სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული:
“წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი”: აინე მერმე, “ეუარა“ (ინდიგო);
“წლის საუკეთესო კრიტიკა”: ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (გამომცემლობა ინტელექტი);
“წლის საუკეთესო პიესა”: გიორგი მაისურაძე, “ლეთე” (ინდიგო);
“წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა”: ზაზა ბურჭულაძე, “ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ დაწესებული ჯილდო “საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში”: ლაშა ბუღაძე, “საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა);
“წლის საუკეთესო ქართული თარგმანი”: ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის “ფოტოგრაფია“ (გამომცემლობა დიოგენე);
“წლის საუკეთესო პროზაული კრებული”: მარი ბექაური, “ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
“წლის საუკეთესო პოეტური კრებული”: ბესიკ ხარანაული, “ეს საქართველოა“ (გამომცემლობა ინტელექტი);
ნომინაციაში “წლის საუკეთესო რომანი” წელს ორი დამოუკიდებელი “საბა” გაიცა, გამარჯვებულები გახდნენ: ბესო სოლომანაშვილი, “ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა) და დავით ქართველიშვილი, “მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (გამომცემლობა პალიტრა L);
ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “საბა” გადაეცემა ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 766 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 580]
ტანკი – 9 571 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 19 772 ერთეული [+21]
საარტილერიო სისტემა – 21 164 ერთეული [+5]
MLRS – 1 256 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 025 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 470 ერთეული [+64]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 943 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 31 610 ერთეული [+60]
სპეცტექნიკა – 3 652 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
650 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
37 910 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
19 834 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 501 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
19 803 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 294 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.