შემოსავლების სამსახურის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი, ნატო ბოლქვაძე ამბობს, რომ პროევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეობისა და აქციაზე დაჯარიმების გამო, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ბრძანებაში, რომელიც ნატო ბოლქვაძემ გაასაჯაროვა, აღნიშნულია, რომ ის „შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო“ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
„შემოსავლების სამსახურმა, 2 მაისიდან შეიტანა ცვლილება შინაგანაწესში, რომლითაც სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს მიეცა უფლება აწარმოოს თანამშრომელთა დისციპლინური დევნა საერთოდ ყველაფერზე. მაგალითად, თუ პირი შემოსავლების სამსახურის თანამშრომელია, გადაადგილდება პირადი ავტომობილით და შემთხვევით წითელზე გაიარა, ეს ჯარიმა „კანონიერი“ საფუძველია სამსახურში დისციპლინური დევნის დაწყებისთვის.“ – წერს ნატო ბოლქვაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ნატო ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შინაგანაწესში წლების წინაც ჩაწერეს, რომ თანამშრომლებს ეკრძალებოდათ მანიფესტაციებში მონაწილეობა, „თუმცა, ესეც არის ანტიკონსტიტუციური და როგორც შინაგანაწესში შეტანილ ცვლილებებს, ასევე ჩემი გათავისუფლების ბრძანებასაც აუცილებლად გავასაჩივრებ“.
ნატო ბოლქვაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლება არ არის ერთი რეპრესიული შემთხვევა: „ოფიციალურად ამ საფუძვლით გათავისუფლებული მხოლოდ მე ვარ, თუმცა კიდევ რამდენიმე თანამშრომელს სიტყვიერად მოსთხოვეს განცხადებების დაწერა, რასაც წინ უსწრებდა ამ თანამშრომლებზე დაწყებული დისციპლინური წარმოებები [როგორც ჩემზე]; თანამშრომელთა ნაწილმა შექმნილი რეპრესიული და დისკრიმინაციული გარემოს გამო თავად დაწერეს განცხადებები და წავიდნენ.
შემოსავლების სამსახურმა, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის მეშვეობით, პეტიციაზე ხელმომწერი და დაჯარიმებული თანამშრომლების დევნა ჯერ კიდევ შინაგანაწესის ზემოხსენებული ცვლილების ამოქმედებამდე დაიწყო და პირველი საქმე ისეთი აბსურდული დასაბუთებით წარმართეს და იმდენად უკანონო ქმედები ჩაიდინეს, რომ პროცესში მიხვდნენ, ამ სასამართლოს პირობებშიც კი ეს მეტისმეტი იქნებოდა. ამიტომაც შეცვალეს შინაგანაწესი და დააკანონეს უკანონობა“ – წერს ნატო ბოლქვაძე.
„დისკრიმინაცია გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა მთავარ ამბებს მოგიყვებით. სააღდგომო დღესასწაულებზე, როგორც ყველა მეც წასული ვიყავი ჩემს მშობლიურ მხარეში, რისთვისაც გამოვიყენე დეიოფი და როგორც კი დავბრუნდი ავტვირთე დადასტურებისთვის [როგორც სტანდარტულად ვაკეთებთ].
არასოდეს რისკებში მუშაობის 6 წლის განმავლობაში არ დაინტერესებულა ჩემი უფროსი ჩემი დეიოფის მასთან შეთანხმებით და ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე მიდასტურებდა. ამჯერად მეუბნება ვის შეუთანხმე ეს დეიოფიო, არადა, ამავე უფროსზე წინა თვეში ზუსტად იგივენაირად ატვირთული მაქვს დეიოფი და დადასტურებული აქვს. საბოლოოდ, უფროსმა არ დამიდასტურა [არ დაადასტურებინეს] და შექმნა ფორმალური საფუძვლები მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩემზე მოკვლევის დაწყებისთვის.
19 მაისს მონიტორინგის დეპარტამენტმა გამოსცა დისციპლინური „შენიშვნა“.
ამის შემდეგ, მალევე, 23 მაისს, კვლავ დამიბარეს და დაიწყეს მეორე დისციპლინური წარმოება გზის გადაკეტვის 5 000-ლარიან ჯარიმაზე.
30 მაისს, საღამოს, 5 საათი იყო უკვე დაწყებული, საქმისწარმოების სამმართველომ დოკბრუნვაში დამაწერა ბრძანება დისციპლინური ზომის „სამსახურიდან გათავისუფლების“ გამოყენების შესახებ.
კი, ეს ამბავი პირდაპირ ასე დოკბრუნვით გავიგე. არც ბრძანების დაწერამდე, არც დაწერის შემდეგ, რისკების სამმართველოს არცერთი მოქმედი უფროსი არ დამკავშირებია.“ – წერს ნატო ბოლქვაძე.

ნატო ბოლქვაძის ფეისბუქ გვერდიდან






