თუ პოლიციელს ქალისგან სილა ტკივილს აყენებს, კრიმინალისგან როგორ დაგვიცავს? – ინტერვიუ

„ქალის მხრიდან მამაკაცის მისამართით სილის გაწვნა არამც და არამც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა. მზია ამაღლობელის ქმედება იყო არა თავდასხმა, არამედ ქმედება, რომელიც მან განახორციელა მოძალადე პოლიციელის მიმართ. ეს უფრო პროტესტის გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ჯდება,“ – მიიჩნევს იურისტი ლია მუხაშავრია, რომელიც საქართველოდან ევროსასამართლოს საქმეებზე მუშაობს.

ადვოკატი, რომელიც წლებია სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე მუშაობს, დარწმუნებულია, რომ მზია ამაღლობელი ამ საქმეს ევროსასამართლოში მოიგებს.

უფლებადამცველისთვის „მზია ამაღლობელის საქმე“ „ქართული ოცნების“ სისუსტეს აჩვენებს:

„მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ძალიან უხეში, დაუფარავი გამოვლინებაა ამ ხელისუფლების სისუსტის. ეს ხელისუფლების უკიდურესი შიშის გამოვლინებაა, რადგან „ოცნებამ“ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა…

„მზია ამაღლობელის საქმე“ სანიმუშოდ გათვლილია მედიის დატერორების და შემდეგ საზოგადოების დატერორებისთვის,“ – გვითხრა ლია მუხაშავრიამ.

„ბათუმელებმა“ ადვოკატ ლია მუხაშავრიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ლია, თქვენი მოსაზრება გვითხარით – რატომ არის თქვენთვის მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარი? მას მოსამართლემ პატიმრობა, მაგალითად, გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა, პროკურატურა სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავება… 

ჩემი აზრით, არამხოლოდ ქართველ იურისტებს, უცხოელ იურისტებსაც არ გაუჭირდებათ იმ დასკვნის გაკეთება ამ საქმეში, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია და ეს პოლიტიკური მოტივით შეთითხნილი საქმეა.

სისხლის სამართლის საქმეში პროცესუალურ დარღვევებს უნდა მოჰყვეს საქმის შეწყვეტა და ბრალდებულის ბრალდებისგან გათავისუფლება. პროცესუალურ დარღვევაში იგულისხმება ის, რომ პროცესუალური დოკუმენტები თუ შეცდომებს მოიცავს, ან არ მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებს, ან კიდევ აყალბებს თუნდაც მცირედით რაიმე ფაქტს, მაგალითად, დაკავების წუთი არასწორადაა მითითებული, ეს უკვე დარღვევაა.

მზია ამაღლობელის საქმეში კი, მთელი კასკადია დაკავების ოქმის სიყალბის. ეს გარემოება საკმარისია იმისთვის, ვთქვათ, რომ საქმე შეთითხნილია, როგორც ამას ვამბობდით ჯერ კიდევ კომუნისტების დროს.

ამას ემატება კონტექსტი: აქტიური, დაუღალავი, ღია დევნა მიმდინარეობს მედიის, ჟურნალისტების მიმართ. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ პერსონა, ვის მიმართ არის ეს გამოძიება და ვინ არიან ამ საქმეში მოწმეები.

  • უზენაესი სასამართლოს აქამდე არსებული პრაქტიკით, სილის გაწვნა არ შეიძლება აღვიქვათ, როგორც თავდასხმა. რას გვეტყვით ევროსასამართლოს მიდგომაზე? 

მნიშვნელოვანია, რომ თავად სიტყვა არის ამა თუ იმ ქმედების აღმწერი. ქალის მხრიდან მამაკაცის მისამართით სილის გაწვნა არამც და არამც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა.

მზია ამაღლობელის ქმედება იყო არა თავდასხმა, არამედ ქმედება, რომელიც მან განახორციელა მოძალადე პოლიციელის მიმართ. ეს უფრო პროტესტის გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ჯდება.

  • დამოუკიდებელი იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სილის გაწვნა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ პოლიციელის შეურაცხყოფად, რაც სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. თქვენი მტკიცებით, სილის გაწვნა ჯდებოდა ევროკონვენციით დაცული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რადგან ეს იყო პროტესტი პოლიციელის მოქმედებაზე, რომელიც კანონს უხეშად არღვევს? 

მნიშვნელოვანია, სად მოხდა ეს ამბავი: პოლიციის ტერიტორიაზე, სადაც უამრავი პოლიციელი იყო და სხვა ადამიანი.

თავდასხმის ობიექტი ვინ იყო? თუ პოლიციელი ასეთი სუსტია, რომ ქალის ხელის გარტყმა ტკივილს აყენებს და ამას აღიქვამს, როგორც მის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ასეთმა პოლიციელმა როგორ უნდა დაგვიცვას მართლა კრიმინალისგან, დამნაშავისგან, რეალური თავდამსხმელისგან?

ყველა ეს გარემოება არ ქმნის, ცხადია, თავდასხმის კვალიფიკაციას. ჩანს, რომ ამ საქმეში არსებობს პოლიტიკური მოტივი და ხელისუფლების ზეწოლა: სურთ, რომ მედიის დევნის სამაგალითო საქმე შეიქმნას, განსაკუთრებით კი, ისეთი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედიასაშუალების მიმართ, როგორიცაა „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“. ეს პოლიტიკური მოტივი მიემართება სწორედ ამ მედიასაშუალების დამფუძნებელს, ხელმძღვანელს და მენეჯერს.

ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ სამართალთან მიახლოებული შეიძლება ყოფილიყო ამ საქმეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენა. ვთქვათ, ეს არის შეურაცხყოფა, თუმცა ესეც სირცხვილია. სირცხვილია, როცა ამხელა პოლიციის უფროსი ამბობს, რომ თურმე ტკივილი იგრძნო მაშინ, როცა მისი ქმედებები, ასე ვთქვათ, დახურულ კარს მიღმა სრულიად ამაზრზენი და მიუღებელია. ჩემთვის რთულია ვიმსჯელო კვალიფიკაციაზე, რამდენად იყო ეს სამართალდარღვევა, მაგრამ თუნდაც ეს ყოფილიყო, ეს მაინც პოლიტიკური დევნის ნიმუშია.

მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ძალიან უხეში, დაუფარავი გამოვლინებაა ამ ხელისუფლების სისუსტის. ეს ხელისუფლების უკიდურესი შიშის გამოვლინებაა, რადგან „ოცნებამ“ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.

  • თქვენთვის უდავოა ის, რომ მზია ამაღლობელი იდევნება თავისი პროფესიული საქმიანობის გამო? 

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მზია ამაღლობელი იდევნება პოლიტიკური მოტივით, იმის გამო იდევნება, რომ იგი არის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იშვიათად დამოუკიდებელი და ისეთი მიუკერძოებელი მედიასაშუალებების, როგორიც არის „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. თქვენ რომ არ იყოთ, დიდი ხნის წინ უკვე მძიმე დიქტატორული პირობები გვექნებოდა.

ჩემი აზრით, „მზია ამაღლობელის საქმე“ სანიმუშოდ გათვლილია მედიის დატერორების და შემდეგ საზოგადოების დატერორებისთვის. ეს არის სრულიად სამარცხვინო ფაქტი და ვფიქრობ, კვალიფიციური ანალიზი, დასკვნების და განსჯის წარმოდგენა ზედმეტია, იმდენად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე.

ვფიქრობ, ყველას ერთნაირად ესმის ამ საქმით რის მიღწევასაც ცდილობს ხელისუფლება. სოციალურ ქსელებში ვინმე განსხვავებულად თუ ბჟუტურებს – ბჟუტურს დავარქმევდი მხოლოდ ამას – ყველა ეს ადამიანი მოქმედებს დავალებით. დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში ისინი არ ფიქრობენ, რომ მზია ამაღლობელმა დანაშაული ჩაიდინა.

ამ საქმით გამოვლინდა ჩვენი ვაი მართლმსაჯულების და ვაი პროკურატურის, ვაი გამოძიების სახე და იმავდროულად გამოვლინდა მედიის მართლაც თავგანწირული ბრძოლა – თავდადება პროფესიული საქმიანობის მიმართ.

დარწმუნებული ვარ, რომ მზია ამაღლობელი ჩვენი დროის გმირია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა თქვენ გესაუბრებით. ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიყავი განწყობილი თქვენი მედიასაშუალების მიმართ. მე მინდა ხაზი გავუსვა განსაკუთრებულ პატივისცემას პერსონალურად ქალბატონი მზიას მიმართ, რომელმაც გამოავლინა ძალიან დიდი შემართება და თავდადება, ეს ძალიან ბევრისთვის შეუძლებელია, მათ შორის, მამაკაცებისთვის. ეს შემართება აღმაფრთოვანებელია.

ამიტომაც, ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. მეტი სიფრთხილე გვმართებს ჩვენ ყველას, ვისაც გვინდა უკეთეს საქართველოში ცხოვრება. ჟურნალისტების და მედიის გარეშე კი, კარგი ცხოვრება არ გვექნება. პირველ რიგში, დემოკრატიის საფუძველი დამოუკიდებელი მედიაა.

  • თქვენ მუშაობთ ევროსასამართლოს საქმეებზე. თქვენი აზრით, რამდენად აქვს მზია ამაღლობელს საქმის მოგების შანსი სტრასბურგის სასამართლოში? 

მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ევროსასამართლოს აქვს ასეთი შეფასება გაკეთებული, რომ მედია არის ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედი, დემოკრატიის საფუძველი. ეს რიგითი ჟურნალისტის საქმეც რომ იყო, საქმეში ისეთი უხეში დარღვევებია, თავისთავად ამაზე სასამართლოს ექნებოდა შესაბამისი რეაგირება. ამ შემთხვევაში კი, ვსაუბრობთ მზია ამაღლობელზე, რომელიც ფლაგმანი მედიასაშუალების დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, კვალიფიციურად მოამზადებენ საჩივარს. მე მინდა იმის თქმა, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად დადონ ეს ფაქტები – ჩვენ უკვე შევეჩვიეთ საშინელებებს, რაც აქ ხდება, ევროპელი მოსამართლეების, თუ აპარატში მომუშავე იურისტებისთვის კი, ძნელად წარმოსადგენია, ზოგჯერ დაუჯერებელიც კია, ასეთ ფაქტებს თუ შეიძლება ადგილი ჰქონდეს მართლმსაჯულების სისტემაში. მე ამას ვითვალისწინებ მუდმივად, რომ როცა ჩემს ჩანაწერს კითხულობს ევროპელი ადამიანი, მას ვერ წარმოუდგენია, რომ ასეთი აშკარა შეიძლება იყოს რეჟიმის სახის გამოვლინება, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლების მიმართ.

ეს საქმე უნდა მოიგოს ქალბატონმა მზიამ და მისმა ადვოკატებმა ევროსასამართლოში.

  • სასამართლო პროცესებზე გამოჩნდა, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს, მაგალითად, ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, მეორე მოადგილის ჩვენებით კი, მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს. პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია. ეს რას აჩვენებს თქვენთვის? 

ეს აჩვენებს იმას, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და შორს ვერ მიდის. სასამართლოში გამოწვლილვით ხდება ფაქტების გადამოწმება. სხვა უბედურებაა ის, რომ მოსამართლე ამ ფაქტებს, სავარაუდოდ, იგნორირებას გაუკეთებს.

ფაქტების ასეთი დამახინჯება და მათი არასწორად ასახვა პროცესუალურ დოკუმენტებში აცამტვერებს სისხლის სამართლის საქმეს. ბრალდება თუ განაჩენი უნდა დაეყრდნოს მტკიცებულებებს, რომელიც ფაქტებს ასახავს. ამ შემთხვევაში ეს დოკუმენტები პროცესუალური დარღვევებით არის შედგენილი.

  • რა შეგიძლიათ თქვათ მოსამართლე სალიხ შაინიძის შესახებ, რომელმაც დადასტურებულად მიიჩნია, რომ მაგალითად, გრიგოლ ბესელია აკავებს ადმინისტრაციული წესით მზია ამაღლობელს, ოქმებში კი, სხვა რამ წერია. ამ სიყალბის მიუხედავად, მოსამართლემ მზია ამაღლობელი მიიჩნია სამართალდამრღვევად. 

ვფიქრობ, რომ ჩემი პატივცემული კოლეგები კარგად გამოიყენებენ ამ შემთხვევას. სისხლის სამართლის საქმეში გარკვეულწილად პრეიუდიციული ძალა აქვს ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, თუ იქ ფაქტები არის სწორად დაფიქსირებული და ადეკვატურად ასახავს მომხდარს. თუ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეები სხვა ჩვენებებს აძლევენ და სხვა ვითარება იკვეთება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება ამ შემთხვევაში.

ჩვენს ქვეყანაში უსამართლობის ჩამდენ პირებს ერთმანეთთან კოორდინაცია უჭირთ, ან ეს პრაქტიკულად არ შეუძლიათ, რადგან ბოროტება და სიცრუე ვერ თანამშრომლობენ, საბედნიეროდ. ვფიქრობ, რომ ეს ის შემთხვევაა სწორედ.

  • რამდენად შეიძლება ევროსასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხი? მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მიიღებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელსაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და სანქცირებულია „მზია ამაღლობელის საქმის“ გამო. 

ეს აშკარად არის ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, რომელიც ღაღადებს, რომ საქმის განმხილველი ტრიბუნალი – ასეთ ტერმინია გამოყენებული – უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. მართალია, მოსამართლის კვალიფიკაცია ცალკე არ არის ნახსენები, მაგრამ ნაგულისხმევია ის, რომ არ უნდა არსებობდეს შანსიც კი, რომ არაკვალიფიციურმა მოსამართლემ განიხილოს საქმე. გამოუცდელი ქალბატონი [მოსამართლე ნინო სახელაშვილი] თავად აღიარებს, რომ სისხლის სამართლის მიმართულებით მას გამოცდაც კი არ აქვს ჩაბარებული.

საქართველოდან შესულ არაერთ საქმეზე დაადგინა ევროსასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ამ შემთხვევაში მე-6 მუხლის დარღვევა აშკარად გამოკვეთილია.

ვნახოთ, ჯერ კიდევ მიმდინარეობს პროცესი. არ არის ხოლმე მიზანშეწონილი, მიმდინარე საქმეზე გავაკეთოთ კომენტარი, როცა არ ხართ ჩართული საქმეში და საქმის მასალებს ზედმიწევნით კარგად არ იცნობ, მაგრამ ამ საქმეში ბევრი გარემოებაა, რაც აჩვენებს პოლიტიკურ მოტივს, იმას, რომ საქმე შეთითხნილია.

ვიცი, რომ ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ძალიან ავტორიტეტულმა ადამიანებმა გაუგზავნეს წერილი საქართველოს მთავრობას, რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ მოხდეს მზიას ამაღლობელის დასჯა. ვფიქრობ, სხვა რომ არაფერი მომხდარიყო ქვეყანაში არსებული ბოლო წინააღმდეგობის დროს, ვგულისხმობ ძალადობას პოლიციელების მხრიდან და საშინელ დარბევებს, მხოლოდ მზია ამაღლობელის საქმე საკმარისია იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას დაერქვას ის სახელი, რომელსაც იმსახურებს: ავტორიტარული ხელისუფლება, რომელიც მიისწრაფვის დიქტატურისკენ.

ამ თემაზე:

ორმაგი სტანდარტი? – პოლიციელმა 20 წლის გოგოს თმაზე მოქაჩა, თუმცა გამოძიება არ იწყება

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც შეიყვანენ

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 2025 წლის 5 მაისიდან საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანასთან ერთად, დასაშვები იქნება ასევე საქართველოს იმ მოქალაქის მონაცემების შეტანაც, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც.

„დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის ბრძანებაში შესაბამის ცვლილებას „ოცნების მთავრობის“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი 2025 წლის 16 აპრილს მოაწერა და ის 22 აპრილს გამოქვეყნდა. „ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს“ – აღნიშნულია ახალ ბრძანებაში.

დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი მონაცემების სტატისტიკა შემოსავლების სამსახურმა ბოლოს 2024 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული დროისთვის დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული იყო 20 369 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 54, ხოლო თავად პირის მიმართვით – 20 315.

იგივე პერიოდისთვის, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეტანილი იყო 1 522 900 პირის შესახებ მონაცემები.

2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ. სწორედ ამ პირების შესახებ შეაქვთ ავტომატურ რეჟიმში მონაცემები დამოკიდებულთა სიაში.

თამაში ეკრძალებათ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებსაც.

ამავე თემაზე:

როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ინტერვიუ

სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

დღეს, 23 აპრილს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის მთავრობამ ინფორმაცია გაავრცელა 151 დაშავებულისა და დღის განმავლობაში განვითარებული, კიდევ 50-ზე მეტი ე.წ. აფტერშოკის [შედარებით მცირე სიმძლავრის მიწისძვრის] შესახებ.

სტამბოლის გუბერნატორის ცნობით, მიწისძვრით გამოწვეული პანიკის შედეგად, სულ მცირე 151 ადამიანი დაშავდა სიმაღლიდან გადახტომის შედეგად. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გარდა ამისა, BBC იუწყება, რომ სტამბოლში, ფატიჰის რაიონში ერთი მიტოვებული შენობა ნაწილობრივ დაინგრა.

მიწისძვრა მარმარილოს ზღვაში, სტამბოლის დასავლეთ გარეუბანთან, ადგილობრივი დროით 12:49 საათზე მოხდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სტამბოლიდან დასავლეთით, დაახლოებით 80 კილომეტრში, დაახლოებით 7 კმ-ის სიღრმეზე იყო.

პირველი ბიძგი 12:13 წუთზე დაფიქსირდა და 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრე ჰქონდა. შემდეგი, უძლიერესი, 12:49 საათზე მოხდა. მას მოჰყვა კიდევ რამდენიმე ბიძგი, 4,4-დან 4,9 მაგნიტუდამდე.

________________________

ფოტოზე: 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ სტამბოლელების ნაწილი პარკებსა და სკვერებში რჩება ოჯახებით, შინაური ცხოველებითა და საჭირო ნივთებით. ბევრ მათგანს ეშინია შენობაში შესვლა. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

 

ქუთაისელები სწრაფი მატარებლის დანიშვნას ითხოვენ თბილისისა და ბათუმის მიმართულებით

ქუთაისის მცხოვრებლები ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით პეტიციის ტექსტი მომზადდა და სოციალურ ქსელში გავრცელდა. პეტიცია ასევე გაგზავნილია ღია მმართველობის საიტზე გამოსაქვეყნებლად.

პეტიციის ინიციატორები, ითხოვენ ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას შემდეგი განრიგით:

ქუთაისი თბილისი
გასვლა დილის 06:00 საათზე – ჩასვლა თბილისში 09:00
გასვლა საღამოს 20:00 საათზე – ჩასვლა თბილისში 23:00

თბილისი ქუთაისი
გასვლა დილის 06:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 09:00
გასვლა საღამოს 20:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 23:00

ქუთაისი ბათუმი
გასვლა დილის 08:00 საათზე – ჩასვლა ბათუმში 10:00
გასვლა საღამოს 18.00 საათზე – ჩასვლა ბათუმში 22.00

ბათუმიქუთაისი

გასვლა დილის 08:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 10:00
საღამოს 18:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 20:00

„ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია. სწრაფი მატარებლების დანიშვნა: გაზრდის ქუთაისის ტურისტულ და ეკონომიკურ მიმზიდველობას, წაახალისებს შიდა ტურიზმსა და ბიზნესს, შეამცირებს ქუთაისიდან სხვა ქალაქებში გადინებას, გააადვილებს მოქალაქეების გადაადგილებას დედაქალაქსა და შავი ზღვის რეგიონში, ქუთაისს აქცევს რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად,  გააძლიერებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირებს. გთხოვთ, განიხილოთ ეს ინიციატივა და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის განვითარების და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით,“ – წერია პეტიციის ავტორების მიმართვაში.

25 აპრილს ბათუმში გაიმართება აქცია მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით

პარასკევს, 25 აპრილს, 18:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გაიმართება მედიის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.

მზია ამაღლობელს, რომელიც პირველი ქალი პოლიტპატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 100 დღეზე მეტია უკანონოდ აქვს თავისუფლება აღკვეთილი.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებით, მზია ამაღლობელის დაკავება აშკარა მცდელობაა საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ჩაახშონ კრიტიკული ხმები, დააშინონ დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგურონ, რაც პრესის თავისუფლებისგან დარჩა საქართველოში.

ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ვისაც გათავისებული აქვს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მნიშვნელობა, გელით 25 აპრილს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე.

ერთად გავაპროტესტოთ ჟურნალისტი ქალის უკანონო პატიმრობა.

რეჟიმის მიზანია ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიზანია, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 23 აპრილს, ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიზალიბერალიზაციის თემა ორმხრივად არის გამოყენებული რეჟიმის მიერ.

ერთი – ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ და ამით მორალური წნეხი არის საზოგადოებაზე გამოყენებული. მაგრამ მთავარი რაც არის – ეს კამპანია დაწყებულია სწორედ სააღდგომოდ.

ეს არ მოდის ბრიუსელიდან და არც ერთი ევროპული დედაქალაქიდან, მოდის თბილისიდან, მოდის ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია, რომ ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს.

ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელზეც ესენი წუხან და რომლის შეჩერება სურთ, არა! ეს არის მათი მიზანი, ეს მოჰყვება მათ ქმედებებს და იმ რეჟიმს, რომლებიც ყოველდღიურად ხან ლანძღავენ ევროპის რომელიმე დედაქალაქს, აქაურ ელჩებს პირდაპირ მუქარის ტონით ესაუბრებიან და ეს არის იმ გადაწყვეტილების გაგრძელება, რომელიც 28 ნოემბერს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე მიიღეს.

მივდივართ იმისკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. ეს არის რუსული პოლიტიკა.

რუსეთის მიზანია, რომ საქართველო იყოს მთლიანად იზოლირებული თავისი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან და აღმოჩნდეს მარტო, დაუცველი, დამოუკიდებლობა ფეხქვეშ გათელილი, რუსეთის სხვადასხვა განზრახვების ქვეშ.

მცდელობა არის ასევე რეჟიმის მიერ, რომ ხალხი მიაჩვიოს იმ მომავალს, რომელიც იქნება იზოლაციაში ვიზალიბერალიზაციის გარეშე.

მცდელობაა პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან, არანაირად არ სჯის ევროპა საზოგადოებას, პირიქით, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს, იმიტომ, რამდენად იყო მონდომებული და მზად ქართული საზოგადოება და იცავდა კბილებით ამ გზას.

მაგრამ თუ რეჟიმი ასე გააგრძელებს და ყველა მხრივ, ფორმით ცდილობს საქართველო ჩამოაშოროს თავის პარტნიორებს და გადმოიყვანოს ჩაკეტილ მდგომარეობაში, იზოლაციაში, ამაზე პასუხისმგებლობა არის ივანიშვილის და იმ „კლანის“, რომელიც დღეს ამ ქვეყანას რუსული წესებით მართავს.

ამიტომ, ამ საკითხზე პროპაგანდას არ უნდა მოვუსმინოთ, უნდა დაფიქრდეთ და ნახოთ, ვინ აშორებს საქართველოს ევროპისგან, ევროპამ რამდენი რამ სცადა და გააკეთა იმისთვის, რომ პირიქით, გაუხსნას ქართველებს ის გზა, რომელიც ქართულ პასპორტს ევროპულ პასპორტად გადააქცევს.

და თუ არსებობს რეალური გზა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ხვალ შემოვიერთოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ეს არის სწორედ ევროპაში შესვლით და არა ევროპისგან ჩამოშორებით. ესეც არის ის საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

ხალვაშისა და მახვილაურის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდთან მოძრაობა იკეტება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აპრილიდან მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ფრიდონ ხალვაშისა და მახვილაურის ქუჩების დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო ხიდზე.

„აღნიშნულ პერიოდში N22 მიკროავტობუსის მარშრუტი დროებით შეიცვლება და იმოძრავებს ფრიდონ ხალვაშის, ზურაბ ნაჭყებიასა და მახვილაურის ქუჩების გავლით“ – აცხადებს ბათუმის მერია.

მერიის ინფორმაციით, „არსებული ხიდის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა მახვილაურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ხორციელდება.

24 აპრილიდან მაისის ბოლომდე პერიოდში N22 მიკროავტობუსი ხალვაშის გამზირიდან ნაჭყებიას ქუჩაზე გადავა და აქედან მახვილაურში [უკუმიმართულებაც იგივე]

სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 23 აპრილს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა – ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სტამბოლის სილივრის რაიონში, მარმარილოს ზღვაში იყო.

მიწისძვრა, რომელიც იგრძნობოდა სტამბოლსა და მიმდებარე პროვინციებში, 6,92 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, არ შევიდნენ დაზიანებულ შენობებში.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ.

დღეს, 23 აპრილს, ძლიერ მიწისძვრამდე სტამბოლის რეგიონში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.

_______________

ფოტოზე: სტამბოლი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

რუსეთი Apple-ს ლგბტ პროპაგანდაში ადანაშაულებს და 4 მილიონ რუბლამდე ჯარიმით ემუქრება

რუსეთმა საქმე აღძრა  Apple-ის წინააღმდეგ, კომპანიას ბრალად ედება “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა” – იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია.

„სასამართლოში დარეგისტრირდა საქმე რუსეთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 6.21 მუხლის მე-3 ნაწილით (არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების, სქესის შეცვლის და შვილზე უარის თქმის პროპაგანდა)“, – იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსწი“, მოსკოვის ტაგანსკის სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით.

ოქმი შედგენილია ირლანდიაში რეგისტრირებულ Apple Distribution International LTD-ზე, რომელმაც Apple-ის წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში, 2022 წელს გახსნა.

კომპანიას ემუქრება 4 მილიონ რუბლამდე ჯარიმა  ან ადმინისტრაციული წესით საქმიანობის შეჩერება 90 დღემდე ვადით.

რუსული პროპაგანდა არ აკონკრეტებს რა გახდა Apple-ზე ოქმის შეგენის მიზეზი. დამოუკიდებელი მედიაგამოცემა Медуза ვარაუდობს, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პრეტენზიები, სავარაუდოდ, უკავშირდება Pride-ის თემატურ ფონებს.

რუსეთში „ლგბტ მოძრაობა“ მიჩნეულია ექსტრემისტულად და აკრძალულია.

რუსეთში სასამართლოებმა არაერთხელ მიიღეს ადმინისტრაციული ოქმები Apple-ის წინააღმდეგ. მაგალითად, 2024 წელს მოსკოვში სასამართლოებმა Apple-ი მინიმუმ ორჯერ დააკისრეს ჯარიმა ინფორმაციის წაშლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო – წერს გამოცემა „მედუზა“.

რუსეთმა უკრაინაში ავტობუსს დრონი დაარტყა – 9 ადამიანი დაიღუპა

დღეს, 23 აპრილს, დილით, უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთმა დრონით მიიტანა შეტევა ავტობუსზე, რომელშიც საწარმოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 30 ადამიანი, თუმცა დაშავებულების რაოდენობა ჯერ ისევ ზუსტდება. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

ავტობუსი დრონის დარტყმის შემდეგ

მასწავლებლის გამოცდებზე 24 300-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა

2025 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2024 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის წელს დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი, რაც გასულ წლის მაჩვენებელზე მეტია – 2024 წელს მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900-ზე მეტი მსურველი იყო რეგისტრირებული. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • გეოგრაფია აირჩია 2 300-მა აბიტურიენტმა;
  • ლიტერატურა აირჩია 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • სამოქალაქო განათლება აირჩია 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ფიზიკა აირჩია 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ბიოლოგია აირჩია 3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

„გამოცდების განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, საგამოცდო ცენტრის მისამართისა და გამოცდაზე გამოცხადების დროის თაობაზე მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვა, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი“ – იუწყება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 944 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
  • ტანკი – 10 691 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 22 307 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 26 774 ერთეული [+85]
  • MLRS – 1 368 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 141 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 33 526 ერთეული [+138]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 148 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 45 621 ერთეული [+163]
  • სპეცტექნიკა – 3 860 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 53 034 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 604 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 985 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 546 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 962 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 416 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში უსახლკაროები სულხან თამაზაშვილთან მივიდნენ – აქცია მთავრობის სახლთან

„პოლიციელი რას დაგიცავს, პირიქით, პოლიციელებს რომ ვხედავ, ვფიქრობ, სად გავიქცე, თავი როგორ ავარიდო-მეთქი… საშიშროებაა პოლიციელი, აბა რაა,“ – გვითხრა მოქალაქე ნონა ხორავამ აჭარის მთავრობის სახლის წინ დღეს, 22 აპრილს, უსახლკაროების მიერ გამართულ აქციაზე.

ნონა ხორავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დღეს აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს – სულხან თამაზაშვილს მიაკითხა. მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში წლებია მთავრობის ყურადღებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე აჭარის მთავრობას ან ბათუმის მერიას უსახლკაროებისთვის ცალკე პროგრამა არ შეუქმნია.

ამ ადამიანებს შორის არიან მარტოხელა დედები, შშმ პირები, სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული პირები… წლებია ამ ოჯახების საჭიროებებიც კი, აჭარის მთავრობას არ შეუსწავლია.

„გამოვიდა მთავრობის აპარატის წარმომადგენელი და გვითხრა, ჩამოგვიწერეთ თქვენი სახელი და გვარებიო. მერამდენედ ვწერთ ამას, მაგრამ კიდევ დავწერთ, რა პრობლემაა,“ – გვითხრეს ნახევრად ხუმრობით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა. მერე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხეს მიეყრდნო და სახელდახელოდ უსახლკაროების სიის შედგენა დაიწყო.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

ნონა ხორავაც სოციალურად დაუცველია ქალია. იგი ამბობს, რომ ქირის გადახდას ვეღარ ახერხებს და ნათესავებთან ცხოვრობს:

„2011 წლიდან ვართ ნაქირავებში. ჩემი ქმარი შუახევიდანაა, გასარიგი ვიყავით, მაგრამ სიდუხჭირეში ვცხოვრობდით… წალკაში გადაყვანას დაგვპირდნენ, მაგრამ მოგვატყუეს – მთავრობას ტყუილი სჩვევია ყოველთვის.

ჩემი რძალი დევნილია აფხაზეთიდან, იმას მოუწია ბინა ბათუმში, დევნილების დასახლებაში, დედისერთაა და მშობლებიც მასთან ცხოვრობენ… რამდენი ვიცხოვრებთ 54 კვადრატულში? ჩემი შვილი შემდუღებლად მუშაობს, ის გვიმატებდა თანხას ქირაზე.

ახლა პოლიციელი დანიშნესო მთავრობის თავმჯდომარედ. რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ვინც იყო, ის დარჩენილიყო სჯობდა, მაძღარი მაინც იყო. მგონი, პენსიამდეც ვერ მივაღწევ. უფასო სასადილო რომ არ იყოს, მშიერი დავწყდებოდით. ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები მაქვს.

აქციებზე მინდა გამოსვლა, აქ რაც იმართება, საკონსტიტუციოსთან, მაგრამ რამე შეხლა-შემოხლა რომ მოხდეს და გასარბენი იყოს, ვერ გავირბენ. ვუერთდები პროტესტს. რომ შემეძლოს, ყოველდღე აქ ვიქნებოდი,“ – გვითხრა ნონა ხორავამ.

„ხან ერთ ძმისშვილთან ვათევ ღამეს, ხან – მეორესთან, ქმარი არ მყავს და შვილი, სად გავიქცე? ჩემი პენსია 450 ლარია, წამლებში არ მყოფნის, შაქარი მაწუხებს. 73 წლის ვარ და 3 წელია აქციიდან აქციაზე დავდივარ,“ – ამბობს გუგული წითელაძე. მან იუსტიციის სახლში აღებული დოკუმენტიც გვაჩვენა, რომელიც მისთვის ბათუმის მერიაში მოუთხოვიათ და რომლის მიხედვითაც პენსიონერი საქართველოში არანაირი უძრავი ქონების მესაკუთრე არ არის.

„ასე გვთხოვენ დოკუმენტებს, მაგრამ მერე არაფერი იცვლება,“ – დასძინა გუგული წითელაძემ.

უსახლკაროების მიმართ ერთიანი პოლიტიკა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ბათუმში არსებობს „ოცნების ქალაქი“, სადაც თვითნებურად დასახლებულ ასობით ადამიანს წლების გასვლის შემდეგ „ოცნების“ მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯზე ბინები აუშენა და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ ამ დასახლების სქემაც აამუშავა.

სხვა უსახლკაროების პრობლემებთან მიმართებით კი ამ დრომდე „ოცნების“ დამოკიდებულება ასეთია: მთავრობა უსახლკაროების პრობლემებს არ აგვარებს და არც მიტოვებულ სახელმწიფო შენობებში თვითნებურად შეჭრილ უსახლკაროებს ასახლებს. მაგალითად, უსახლკარო ოჯახების ნაწილი ამ დრომდე რჩება ბათუმში აგრარული ბაზრის, ასევე თევზის ბაზრის მიმდებარედ არსებულ სახელმწიფოს კუთვნილ შენობებში.

დღეს აქციაზე გამოსული მოქალაქეები ბუკნარში, ასევე სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში 2024 წელს შეიჭრნენ, თუმცა იქ ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობებია და უსახლკაროებმაც შენობა რამდენიმე დღეში დატოვეს.

„ეს აწყობს ხელისუფლებას, რომ ერთად არ მოიყაროს თავი ამდენმა უსახლკარომ,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დავით აზნაურიშვილმა, – „სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში თვითნებურად შესულ ოჯახებს შუქიც ჩაურთეს… ეს ხალხი რომ გამოასახლონ ამ შენობებიდან, ერთად 10 ათასი კაცი მიადგება მთავრობას.

მთავრობას ყოველთვის შეუძლია ეს ხალხი სათავისოდ გამოიყენოს. ხვალ მიადგება, როცა საჭიროდ ჩათვლის და ეტყვის, თუ ხმას ამოიღებთ, აქედან გაგყრითო. ეს ხალხი ერთად უნდა დადგეს და ეს იქნება გამოსავალი.

ამ ადამიანებს დღეს „ოცნება“ დაპირებას ფურცელზეც არ აძლევს, მხოლოდ ზეპირად ჰპირდებიან ხან რას, ხან – რას, მერე იძახის მთავრობა, რომ ეკონომიკა ყვავის და ყველა ბედნიერიაო. სინამდვილეში, მთავრობაც უბედურია, თუ დააკვირდებით და ხალხიც უბედურია. ყველა უბედურია დღეს, რადგან ჩვენ ვერ შევდექით, როგორც ერი,“ – გვითხრა დავით აზნაურიშვილმა.

მოქალაქეებს, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე არ შეხვედრია.

ამ თემაზე:

უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით

 

100 დღეა სპეციალური საგამოძიებო სამსახური დგებუაძის საკითხს [არ] იძიებს

დღეს, 22 აპრილს, 100 დღე გავიდა, რაც ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე იწევდა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.

დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ პირველი ინფორმაცია მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა, რადგან მასთან ადვოკატებს არ უშვებდნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, დაკავებულისადმი ასეთი მოპყრობა – სახეში შეფურთხება, გინება, წყალზე და საპირფარეშოთი სარგებლობაზე უარის თქმა, ფასდება, როგორც დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა.

დგებუაძე რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ აგინებდა და სისხლის სამართლის მუხლით დაჭერით ემუქრებოდა, ეს „ბათუმელების“ ვიდეომასალაშიცაა ასახული.

„სისხლით… ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ… ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“ – ისმის დგებუაძის გინება მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებში.

მზია ამაღლობელის დაკავებიდან მალევე ორმა ორგანიზაციამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, მოითხოვა ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, თუმცა დგებუაძე ისევ დაკავებულ თანამდებობაზეა.

ასევე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.

სანამ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დგებუაძის საკითხს ჯერ ისევ იძიებს.

„ბათუმელებმა“ დღესაც, 22 აპრილს, მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ჰკითხა – დაასრულეს თუ არა გამოძიება ირაკლი დგებუაძის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და, ასევე, მზია ამაღლობელის მიმართ დაკავების შემდეგ დამამცირებელი და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე, თუმცა აღნიშნულ სამსახურში სტანდარტული პასუხი გაგვცეს – „მიმდინარეობს გამოძიება“.

დაცვის მხარე ასევე მოითხოვდა მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, რაც ასევე არ დაკმაყოფილებულა.

მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება უკვე შეიძლება შეფასდეს როგორც არაეფექტური, რადგან, მისივე თქმით, „საგამოძიებო სამსახური არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“.

„გამოძიება არ მიმდინარეობს სრულად და ობიექტურად.

მთავარი მაინც არის ის, რომ საქმეში გამოკითხული არიან მხოლოდ პოლიციელები, ის პირები, რომლებიც სუბიექტური და მიკერძოებულები არიან და ინტერესი აქვთ ამ საქმის შედეგის მიმართ. ობიექტური პირები, რომლებიც შეიძლება შემსწრე არიან კონკრეტული ფაქტის, არცერთი პირი არ ჰყავთ გამოკითხული. გამოძიება ამ ადამიანებით არ დაინტერესებულა იმის მიუხედავად, რომ ყველამ კარგად ვიცით, უამრავი ადამიანი იყო იმ მომენტში აქციაზე.

გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც გაგზავნეს, კვლავ არ მოსულა. მიუხედავად იმისა, რომ გასულია სამ თვეზე მეტი.

არ არის ამოღებული ვიდეოკამერები. მხოლოდ და მხოლოდ ორი ვიდეოჩანაწერია საქმეში რომლითაც იღებენ იმ შესასვლელს, საიდანაც მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ და ყველა ამბობს, რომ ამ შესასვლელიდან მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ.

ერთ-ერთი კამერა დამონტაჟებულია პოლიციის დეპარტამენტის საგუშაგოსთან, თუმცა ამ კამერის ჩანაწერები მერიამ არ მიაწოდა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური არც კი დაინტერესდა რატომ, რა იყო მიზეზი და ის მიზეზი, რომელიც მერიამ შემდეგ მოიყვანა, რომ ეს კამერა მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ დაამონტაჟეს, არც კი გადაამოწმა და არც კი მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ერთ-ერთი პირველი შეხვდა მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ და რომელსაც შეატყობინა მისი უფლებების დარღვევის შესახებ მზია ამაღლობელმა და ოქმშიც აქვს ეს ყველაფერი ასახული, ჯერ-ჯერობით არ გამოუკითხავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რაც აბათილებს პოლიციელების ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ ადვოკატები არ შევიდნენ, მზია ამაღლობელი არ საუბრობდა უფლებების დარღვევებზე.

არ არიან ადვოკატები გამოკითხული, რომლებსაც საათების განმავლობაში არ უშვებდნენ დაკავებულთან“ – ამბობს ჯუბა ქათამაძე.

მისი თქმით, რეალურად რომ მიმდინარეობდეს გამოძიება, მაშინ ყველა ეს საგამოძიებო მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა ჩატარებულიყო.

„რა თქმა უნდა, ფორმალურად მიმდინარეობს ეს გამოძიება, როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ინტერესი არსებობს გამოძიებების მიმართ“ – ამბობს ჯუბა ქათამაძე.

რაც შეეხება მზია ამაღლობელისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, როგორც ადვოკატი ამბობს, ეს პროცედურები სისხლის სამართლის კანონმდებლობით არის გაწერილი.

„პირველ რიგში პროკურორს უნდა მიენიჭებინა ყოველგვარი მიმართვის გარეშე ეს სტატუსი, თუმცა მან ეს არ გააკეთა. შემდგომში ჩვენ საქმის ზედამხედველ პროკურორს მივმართეთ, რომელმაც თავი აარიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და საერთოდ არ გვიპასუხა.

ჩვენ პასუხის არგაცემა მივიღეთ როგორც უარი და ეს უარი გავასაჩივრეთ ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომმა პროკურორმაც არანაირი პასუხი არ გაგვცა, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ავალდებულებს კანონი, რომ დაასაბუთოს უარი.

მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორსაც, თუმცა, პროკურატურამ მთლიანად აირიდა თავიდან ამაზე პასუხის გაცემა.

ჩვენ ეს ყველაფერი გავასაჩივრეთ სასამართლოში და სასამართლოს მხრიდან მივიღეთ პასუხი – საქმის მასალები არ გვაძლევს იმის საშუალებას, გავაკეთოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელი არის დაზარალებული, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ ვანიჭებთ მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსსო.

ეს შესაძლოა სასამართლოს მხრიდან იყოს სუბიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილება, მაგრამ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მართლაც არ აწარმოებს გამოძიებას და არ დებს საქმეში მტკიცებულებებს, რომლის ჩადებაც დღესვე შეუძლია, თუკი მოუნდება“ – ამბობს ადვოკატი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 10 აპრილს, ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების ფარგლებში, ოთხ ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა კარლო კაციტაძეც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

 

ბათუმში მოხუცთა თავშესაფრის ადგილზე „გუმბათი“კომპლექსის აშენებას გეგმავს

ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, #39/41/41ბ/43-ში.

განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აქ 150 მეტრი სიმაღლის, 33-სართულიან შენობას ააშენებენ. პროექტი შვიდ საკადასტრო ერთეულს მოიცავს, მათ შორის 6 შპს „გუმბათი დაუნთაუნმა“ უკვე გამოისყიდა. ერთი კი, ყველაზე დიდი ზომის ნაკვეთი, 4097 კვ.მეტრი, ჯერ ისევ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საკუთრებაა.

ამ შენობაში მოხუცთა თავშესაფარი ფუნქციონირებს.

მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია. აქ აშენებული კორპუსიდან ზღვა გამოჩნდება, რაც ბინების სარფიანად გაყიდვას შეუწყობს ხელს.

საკრებულოსთვის წარდგენილ განკარგულების პროექტსა და განმარტებით ბარათში არაფერი წერია იმაზე, სად გადავლენ მოხუცები და კონკრეტულად რა შეთანხმება არსებობს შპს „გუმბათი დაუნთაუნსა“ და ეკლესიას შორის, რომლის პატრონაჟის ქვეშაა მოხუცთა თავშესაფარი.

საზოგადოებამ მხოლოდ ის იცის, რაც 2024 წლის ნოემბერში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა. მაშინ ეპარქია წერდა, „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორთან შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც კომპანია ეპარქიას ახალი თავშესაფრის აშენებას და მის აღჭურვას დაჰპირდა:

„საქართველოს საპატრიარქოს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისა და შპს „გუმბათი ჯგუფის“ თანადამფუძნებელსა და დირექტორს – ლაშა ბალაძეს შორის გაფორმდა მემორანდუმი აშენდეს ახალი მოხუცებულთა თავშესაფარი 24-საათიანი მომსახურებით 150 მოხუცზე. მოხუცებულთა დღის ცენტრი 50 ბენეფიციარზე და საბავშვო ბაღი – 150 აღსაზრდელზე. შპს „გუმბათი ჯგუფი“ იღებს ვალდებულებას 20 თვის ვადაში საქართველოს საპატრიარქოს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისთვის მულტიფუნქციური თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობის აშენების თაობაზე, ასევე უზრუნველყოფს ავეჯით აღჭურვას. ეზოს კეთილმოწყობას და გამწვანებას“ – წერია ეპარქიის განცხადებაში.

პარალელურად გავრცელდა ახალი თავშესაფრის პროექტის პრეზენტაციის ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ღონისძიებას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანიც დაესწრნენ.

პროექტის პრეზენტაცია – ფოტო ეპარქიის ფეისბუქის გვერდიდან
შეთანხმების გაფორმება – ფოტო ეპარქიის ფეისბუქის გვერდიდან

ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ახალი თავშესაფრის მისამართი არ არის დასახელებული, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით კომპანია თავშესაფრის მშენებლობას ადლიის დასახელებაში გეგმავს.

არც ბათუმის საკრებულოს სხდომაზე უთქვამთ და არც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი იმაზე, თუ სად გადაიყვანენ თავშესაფარში მცხოვრებთ, ვიდრე ახალი შენობის მშენებლობა დასრულდება. ასევე, თავშესაფრის გარდა, მიიღებს თუ არა ეპარქია რაიმე ფართობს ახალაშენებულ კორპუსში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე.

ბათუმის საკრებულომ 31 მარტის სხდომაზე დაამტკიცა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების კონცეფცია, შემდეგ ეტაპზე კომპანიამ განაშენიანების დეტალური გეგმა[გდგ] უნდა წარადგინოს. დამტკიცებული გდგ სამშენებლო ნებართვის გაცემის წინაპირობაა.

კომპანია „გუმბათის“ დირექტორის, ლაშა ბალაძის ინფორმაციით, კომპანია საპატრიარქოს ადლიაში 11 000 კვ.მეტრ გარემონტებულ შენობას გადასცემს ავეჯით და საჭირო ტექნიკით აღჭურვილს. მიწის ნაკვეთი კი, რომელზეც შენობას ააშენებენ, 5600 კვ. მეტრია.

სამშენებლო ნებართვები ჯერ არ მიუღიათ, თუმცა კომპანია ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობს. კომპანიას ნებართვის მიღების შემდეგ მშენებლობისა და რემონტისთვის 30 თვე დასჭირდება.

ლაშა ბალაძემ გვითხრა ისიც, რომ პროექტს განიხილავს, როგორც საქველმოქმედოს და მისი საინვესტიციო ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია. მისი თქმით, თავშესაფრის ტერიტორიაზე მოაწყობენ გამწვანებულ ეზოს და საბავშვო ბაღს – მიმდებარედ.

ისევე, როგორც შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ზღვასთან ახლოსაა ადლიის დასახლებაში მდებარე ნაკვეთიც, სადაც ახალი თავშესაფარი უნდა ააშენონ, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ აქ 150 მეტრი სიმაღლის შენობას ვერ აშენდება, რადგან ახლოს არის აეროპორტი, რაც ერთგვარი ხელშემშლელი ფაქტორია მშენებლებისთვის.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით კომპანიამ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტისთვის კ2 კოეფიციენტის გაზრდაც მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო საკრებულოსგან.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე სამშენებლო მიწის ნაკვეთების ერთი ნაწილი, კერძოდ 607 კვ.მეტრი მოქმედი თავშესაფრის მიმდებარედ „გუმბათი დაუნთაუნმა“ ბათუმის მერიის ელექტრონულ აუქციონზე 2025 წლის 19 მარტს ერთი ბიჯით, კონკურენციის გარეშე იყიდა, კომპანიამ ამ ნაკვეთში 1 მილიონ 82 000 ლარი გადაიხადა.

რუსეთმა ზაპოროჟიეს დაარტყა – დაიღუპა ქალი, დაშავდა 23 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები

დღეს, 22 აპრილს, შუადღისას, რუსეთის ჯარები უკრაინაში თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 19 ზრდასრული და 4 ბავშვი, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა და ცეცხლი წაეკიდა მანქანებს. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ცნობით, დაიღუპა 69 წლის ქალი – „ექიმებმა სცადეს რეანიმაცია, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს“, – წერს სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი ივან ფედოროვი ტელეგრამზე.

მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ თავდასხმის შედეგად დაიჭრა ორი ბავშვი – 14 და 4 წლის.

რუსეთის თავდასხმა ზაპოროჟიეზე
ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

რომელი ქვეყნის ვიზით შეუძლია უცხოელს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა – ცვლილება

ავღანეთი, ბანგლადეში, პაკისტანი, სომალი და სირია იმ 17 ქვეყნის ჩამონათვალში შედის, რომელთა მოქალაქეებსაც „ოცნების“ მთავრობამ საქართველოში ზოგიერთი სხვა ქვეყნის ვიზის საფუძველზე შემოსვლის გარკვეული პირობა დაუწესა. შესაბამისი დადგენილება 2025 წლის 16 მაისიდან ამოქმედდება.

ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებს იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, კატარის, ქუვეითის ან ომანის მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოვიდნენ, ოღონდ, საქართველოში შემოსვლის [საზღვრის გადაკვეთის] დღისთვის, ზემოთ აღნიშნული მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.

მაგალითისთვის: თუ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს აქვს, ვთქვათ, ქუვეითის მრავალჯერადი ვიზა და ამ ვიზას საქართველოში შემოსვლის დროისთვის აქვს მოქმედების არანაკლებ 1 წლის ვადა, მაშინ ავღანეთის მოქალაქეს საქართველოში შეუძლია უვიზოდ შემოვიდეს.

იმ 17 ქვეყნის ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით:

წყარო: მთავრობის 2025 წლის 17 აპრილის დადგენილება

საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლიდან დადგენილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, თუ ეს ვიზები და ნებართვები საქართველოში შემოსვლის დროისთვის არის მოქმედი.

ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობით, უცხოელებს, რომლებსაც აქვთ მთავრობის შესაბამის დადგენილებაში მითითებული რომელიმე ქვეყნის [ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ] ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით.

ამასთან, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის მიზნით, შესაბამისი ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მოქმედი უნდა იყოს საქართველოში შემოსვლის [საზღვრის გადაკვეთის] დღისთვის, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა  ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით [საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით ასეთი სულ 50 ქვეყანაა]:

ამავე თემაზე:

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ

 

მთავარი ფოტო: სარფი / „ბათუმელების“ არქივიდან

 

„მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“ – პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის 100 დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აახლებს კამპანიას, რომელიც მისი გათავისუფლების მოთხოვნით წამოიწყო.

„დღეს მეასე დღეა, რაც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის წევრი მზია ამაღლობელი, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, დამფუძნებელი და დირექტორი გამოცემებისა „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“, პატიმრობაში იმყოფება.მზიას დაკავება აშკარა მცდელობაა საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ჩაახშონ კრიტიკული ხმები, დააშინონ დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგურონ, რაც პრესის თავისუფლებისგან დარჩა საქართველოში.მიუხედავად ამ თავდასხმისა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ქართველი ჟურნალისტები, მზიას ჩათვლით, ბრძოლას აგრძელებენ.

კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და ურყევად გამოვხატავთ ჩვენს სრულ სოლიდარობას მისი ოჯახისა და კოლეგების მიმართ.

შემოგვიერთდით და მოითხოვეთ ჩვენთან ერთად მზიას გათავისუფლება“, — ნათქვამია IPI-ს განცხადებაში.

კამპანიის ტექსტი, რომელზეც ბმულით გადადიხართ, ხაზს უსვამს, რომ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს აქვს წაყენებული, სასჯელი, რაც მას ელოდება, სრულიად შეუსაბამო და არაადეკვატურია იმ ეპიზოდისა, რის გამოც დააკავეს იგი.

„მთელი თავისი კარიერის მანძილზე, მზია ავლენდა სამაგალითო გამბედაობას და სიმტკიცეს დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტების დასაცავად. მზიას დაკავება ნაწილია იმ მხეცური ზეწოლისა, რასაც დემოკრატიულ პროტესტსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ახორციელებენ.

დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, მოეხსნას შეუსაბამო ბრალდებები, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. ჩვენ ვდგავართ მზია ამაღლობელის, „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთში“ მისი კოლეგების, ყველა დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის გვერდით“, — ნათქვამია კამპანიის ტექსტში, რომელიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.

კამპანია IPI-მ წამოიწყო და მას უერთდებიან მედია-მენეჯერები, ჟურნალისტები, რედაქტორები მთელი მსოფლიოდან.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ განაწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი ამ საქმიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა.  „მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეოჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართონ.

აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრი: საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა, რუსულ პროპაგანდისტულ მედია Tass-თან განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ხელი მოაწეროს შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

„საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მათ სურთ გააჯანსაღონ ურთიერთობები მთავარ მეზობლებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან – არ რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა, მაგრამ ამავდროულად საჭიროა პრაქტიკული დადასტურებები და რეალური ნაბიჯები.

ჩემი აზრით, ასეთი [ნაბიჯი] შეიძლება იყოს რამდენიმე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება, რომელიც ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ვერც დროის გამოცდას, ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ თუ რა მიმდინარე რეალობაში ვიმყოფებით დღეს.

მეორე – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამაზე გავამახვილებთ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებების ყველა ჩვენი კოლეგის ყურადღებას – ეს არის სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შეთანხმების ხელმოწერა. ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი კიდევ სხვა რამეზე“, – თქვა ბარციცმა, რომელმაც სერგეი შამბა 18 აპრილს ჩაანაცვლა.

 

სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება მზია ამაღლობელის 100-დღიან უკანონო პატიმრობას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის 100-დღიან უკანონო პატიმრობას პლატფორმა X-ზე ეხმიანება.

„100 დღე გავიდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონო დაპატიმრებიდან.

ის თავისუფალი პრესის სიმბოლოდ იქცა იმ პირობებში, როცა რეგიონში დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა სულ უფრო ძლიერდება“ – წერს ზურაბიშვილი.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელი რომ უკანონო პატიმარია, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება აქვთ გაკეთებული როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, საელჩოებს და მედიის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, რომლებიც მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

 

22 აპრილი დედამიწის დღე: თიბისის გარემოზე ზრუნვის პოლიტიკა

თიბისი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ნერგავს გარემოსდაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს. ხელმძღვანელობს მაღალი ეთიკური პრინციპებით და ძლიერი შიდა კულტურით. თიბისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.

22 აპრილი დედამიწის დღეა. თიბისი ყოველთვის აცნობიერებდა მის მნიშვნელოვან როლს და  დადებითი ზეგავლენის შესაძლებლობებს გარემოზე ზრუნვაში და მდგრადობის შენარჩუნებაში. შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, პირველ რიგში, შიდა ტრანსფორმაციით და ცვლილებებით იწყება. თიბისი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვით ინიციატივებს, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე, მის გარეთ. კომპანიამ 2024 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

თიბისის აქვს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების პოლიტიკა. პოლიტიკა უზრუნველყოფს ორგანიზაციულ კულტურაში გარემოს დაცვისა და კლიმატთან დაკავშირებული საკითხების დამკვიდრებასა და ბანკის საქმიანობის ყველა სფეროში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებების წახალისებას. აღნიშნული პოლიტიკა ყველა თანამშრომელზე ვრცელდება.

თიბისის მდგრადი პორტფელის მოცულობამ დასახულ მიზანს 23.79%-ით გადააჭარბა. 2024 წლისთვის დასახული მიზანი იყო 1.4 მილიარდი ლარი და წლის ბოლოს პორტფელის მოცულობამ შეადგინა 1.733 მილიარდი ლარი. პორტფელის დიდი ნაწილი მწვანე დაფინანსებასა და კლიმატთან არის დაკავშირებული.

თიბისიმ, გასულ წელს, მეხუთედ გაიარა ISO 14001:2015 აუდიტი, რაც იმის დასტურია, რომ ბანკის გარემოსდაცვითი მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირებს.

თიბისის და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში, TBC WM მომხმარებლებისთვის, პირველი ეკომეგობრული, Visa Infinite საკრედიტო ბარათი შეიქმნა, რომელიც გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული.

თიბისი, ასევე აქტიურად მუშაობს შიდა რესურსების დაზოგვასა და რესურსების გონივრულ მოხმარებაზე – 2300 კილოგრამზე მეტი პლასტმასა შეგროვდა და გადამუშავდა. პლასტმასის შესაგროვებელი ურნები განთავსებულია თიბისის 46 ლოკაციაზე: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

თიბისიმ ქაღალდის გადამუშავების პროცესი 2015 წელს დაიწყო და ამ დრომდე ჯამურად გადამუშავებულია 500 ტონამდე ქაღალდი. პარტნიორი კომპანიის დახმარებით გადამუშავდა 46 840 კგ ქაღალდი, რითაც მოჭრას გადაურჩა 782 ხე. ასევე, კორპორაციულმა მიმართულებამ, ელექტრონული ხელმოწერის დანერგვით, დაბეჭდილი ხელშეკრულებები ციფრული ხელშეკრულებებით შეცვალა, ამით 70,000 ფურცელი დაზოგა. 2024 წელს ერთი თანამშრომლის მიერ მოხმარებული ქაღალდის რაოდენობა 10%-ით შემცირდა. წყლის მოხმარება ერთ თანამშრომელზე წინა წელთან შედარებით კი 13%-ით შემცირდა. ჯამური წყლის მოხმარება 5,552,000 ლიტრით შევამცირეთ.

გარემოზე ზრუნვის მიზნით თიბისი არაერთი წელია სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებსაც ახორციელებს. სარეკლამო ბანერების გადამუშავების და მათგან ფუნქციური ნივთების შექმნის შემდეგ, თიბისის ინიციატივით, კომპანიამ „ტენე“ გამოუყენებელი პლასტმასა გადაამუშავა და მობილურის ეკომეგობრული საკიდები, აქსესუარებით, შექმნა.

#ერთადგავიმარჯვებთ დედამიწისთვის.

6 წლის გაბრიელს დახმარება სჭირდება – „აუცილებელია მედიკამენტი, რისთვისაც თანხა არ გვყოფნის“

6 წლის გაბრიელ მიშელაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

როგორც ბავშვის ბებია, ეკატერინა ბოს­ტან­ჯი­ე­ვა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, გაბრიელს საბერძნეთში რთული ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად მას ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება, რომელიც სასწრაფო და აუცილებელია დაავადების დასამარცხებლად.

„ბავშვს კისრის არეში აქვს ხრტილოვანი სიმსივნური წანაზარდები და ამაზე ჩაუტარდა ორი ოპერაცია. ახლა სჭირდება აუცილებელი მედიკამენტები (ნემსები), რომელსაც აშშ-იდან ვიწერთ და ძვირი გვიჯდება. 6 თვეა გაბრიელი გადის თერაპიულ კურსს და ამისთვის სჭირდება ეს მედიკამენტი. 2 436 ევრო ღირს ერთი ნემსი,  თანხის ნაწილი შევაგროვეთ, ახლა გვჭირდება 3 000 ლარი, რომ შევძლოთ ამ წამლის აღება.

იმისათვის, რომ მესამე ოპერაცია გაუკეთდეს, ჯერ აუცილებელია ამ მედიკამენტებით მკურნალობა“-ამბობს გაბრიელის ბებია.

მისი თქმით, საბერძნეთში მეორე შვილიც ჰყავს წაყვანილი, რომელსაც გულის ოპერაცია გაუკეთდა და ახლა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, გაბრიელის მკურნალობა ისევ გრძელდება.

„ამიტომ დაგვჭირდა ფონდების და საზოგადოების დახმარება, რადგან სახელმწიფოსგან ვერ მივიღეთ ვერანაირი დაფინანსება. მე ქალაქ კომოტინში ვარ დიდი ხანია და ვსარგებლობ აქაური დაზღვევით, ამიტომ ვცდილობ ჩემი დაზღვევა ვასარგებლო ჩემს შვილიშვილსაც. ამ დაზღვევით ჩაუტარდა გაბრიელს ოპერაციებიც, თუმცა მედიკამენტების შესაძენად გვჭირდება საზოგადოების დახმარება“-ამბობს ეკატერინა ბოს­ტან­ჯი­ე­ვა.

გაბრიელის დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

თი­ბი­სი ბან­კი: GE50TB7397345061100100

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE97BG0000000127397700

ლი­ბერ­თი ბან­კი: GE08LB0711179063120000

კრე­დო ბან­კი: GE77CD0360000038942832

მიმღები – ბოს­ტან­ჯი­ე­ვა ეკა­ტე­რი­ნა (ბებია)

ასევე, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ პირადი ნომრის მეშვეობითაც – 10001012274

 

 

მერაბ ტურავას, საკონსტიტუციოს ყოფილ თავმჯდომარეს დაცვა დაუნიშნეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს.

„ქართული ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ 2025 წლის 17 აპრილს გამოცემული განკარგულებაში აღნიშნულია: „მერაბ ტურავას დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე, საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.“

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2020 – 2025 წლებში.

2025 წლის 16 აპრილიდან ამ თანამდებობას რევაზ ნადარაია იკავებს. მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწერა.

  • რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე, როცა მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო

მერაბ ტურავას თავმჯდომარეობის დროს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა განეხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და პარლამენტის 34 ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა 2024 წელს გაყალბებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით არც რუსული კანონის მოქმედება შეაჩერა. სარჩელი რუსული კანონის კონსტიტუციურობაზე კი, ამ დრომდე არ განუხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს.

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, სადაც საკონსტიტუციო სასმართლოს შეეძლო კონსტიტუციის დაცვა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გადარჩენა, „ფარული მოსმენების საქმეა“. ამ საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წელს დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია.

მერაბ ტურავამ ამ საქმეზე „ბათუმელებს“ 2024 წლის 29 ივლისს უთხრა, გადაწყვეტილება მალე გვექნებაო, თუმცა მან ისე დატოვა პოსტი, რომ ვერც ეს პირობა შეასრულა.

„ამ საქმეში 600 გვერდია მხოლოდ ოქმი, ასევე მთელი კანონმდებლობა და სისტემაა გასაანალიზებელი, რომ საკითხი უშეცდომოდ და ძირფესვიანად იქნას გადაწყვეტილი. ეს საქმე [ფარული მოსმენები] დასრულებულია და მალე გვექნება გადაწყვეტილება,“ –გვითხრა 2024 წლის ივლისში მერაბ ტურავამ.

„ყველანაირი გრანტი მაქვს მიღებული“ – საკონსტიტუციოს თავმჯდომარე რუსულ კანონზე

„მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა“ – მედიაკოალიცია

დღეს, 22 აპრილს, ასი დღე შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას ეხმაურება და წერს, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა.

„მზია ამაღლობელის საქმეში „დაზარალებულ” პოლიციელებს მხარდამჭერად ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეომასალა მოჰყავთ.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო კეთილდღეობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის მიმართ.

საზოგადოება იდგება სიმართლის მხარეს, ისევე, როგორც მზია ამაღლობელი, რომელმაც, როგორც ჟურნალისტმა, სიმართლის ძიება და მისი გახმოვანება პროფესიად და ცხოვრების წესად აირჩია“- ნათქვამია მედიაკოალიციის განცხადებაში.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან.

მზია ამაღლობელი რომ უკანონო პატიმარია, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება აქვთ გაკეთებული როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, საელჩოებს და მედიის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, რომლებიც მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე: 

ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 აპრილის 21 საათიდან 23 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 24 და 25 აპრილს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 943 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 10 683 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 296 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 26 689 ერთეული [+26]
  • MLRS – 1 367 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 140 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 33 388 ერთეული [+118]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 148 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 45 458 ერთეული [+134]
  • სპეცტექნიკა – 3 859 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 52 935 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 604 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 970 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 544 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 916 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 389 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ამას სულხან თამაზაშვილს არასდროს ვაპატიებ“ – შვილმკვდარი დედა, რომელმაც საქმე სტრასბურგში მოიგო

„სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ კავშირი მომჩივნის შვილის სიკვდილსა და პოლიციის მიერ მის დევნას შორის აშკარა იყო,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს მიერ 2024 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საქმეზე „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.

საუბარია თბილისში 2016 წელს 37 წლის ზურა ელიბაშვილის დაღუპვაზე – მისი ცხედარი მტკვარში იპოვეს. გამოძიება მაშინ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით [სსკ-ის 115] დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებები კი, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველომ აწარმოვა, რომელსაც 2016 წელს სულხან თამაზაშვილი ხელმძღვანელობდა. სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეში სამართლიანი და ეფექტური გამოძიების უფლების დარღვევაზე საუბრობს, თუმცა სულხან თამაზაშვილი სკანდალური საქმის შემდეგ ჯერ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გახდა, ახლა კი, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეა.

  • რა მოხდა? 

2016 წლის პირველ აგვისტოს ზურა ელიბაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავტომანქანით მიდიოდა საფრანგეთიდან მომავალი დედის და ძმის დასახვედრად.

თუმცა ზურა აეროპორტში არ გამოჩნდა. იმავე ღამეს ზურა ელიბაშვილის ავტომანქანა საჯარიმოზე გადაყვანილი იპოვეს, ზურას ცხედარი კი, 2016 წლის 3 აგვისტოს იპოვეს მტკვარში მეთევზეებმა.

„იმ ღამეს აეროპორტში უნდა დაგვხვედროდა, მაგრამ ზურა აღარ გამოჩნდა – გვიყვება მანანა ელიბაშვილი, ზურა ელიბაშვილის დედა. მან დღემდე არ იცის ზუსტი მიზეზი, რას ემსხვერპლა მისი შვილი – ახლაც ემიგრაციაში ვარ შვილთან, პავლესთან ერთად, რომელიც შშმ პირია.

ზურა 13 წელი ცხოვრობდა საფრანგეთში, სატვირთო მანქანაზე მუშაობდა…

2015 წლის ოქტომბერში დაბრუნდა თბილისში და ბინის კეთილმოწყობაზე ზრუნავდა… ჩემი მეუღლე ზურას ამბავს გადაჰყვა. გამანადგურეს, დამიქციეს ოჯახი,“ – გვითხრა მანანა ელიბაშვილმა.

ზურა ელიბაშვილის ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აეროპორტისკენ მიმავალ ზურაბს პოლიციელები დაედევნნენ და ზურას შელაპარაკება უშუალოდ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსთან, სულხან თამაზაშვილთან ჰქონდა.

ამ საქმეში სულხან თამაზაშვილის უშუალო მონაწილეობა არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, თუმცა სტრასბურგის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არაერთ გარემოებაზე, რაც მკაფიოდ აჩვენებს იმას, რომ გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა მტკიცებულებების გასაქრობად.

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე არსებული რეგულაციებით პოლიციის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება პროკურატურას უნდა ეწარმოებინა, ამ საქმის გამოძიება პოლიციას დაევალა.

პროკურატურამ მხოლოდ 15 თვის შემდეგ დაიწყო გამოძიება,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ზურაბ ელიბაშვილი

გამოძიების ვერსიით, ზურაბ ელიბაშვილი მაღალი სისწრაფით მიდიოდა აეროპორტისკენ და მას პოლიციის ეკიპაჟი დაედევნა. ზურაბი ელიბაშვილი აეროპორტამდე აღარ მიდის და უკან ბრუნდება. ზურაბი რომ მანქანას აჩერებს და გარბის მტკვრის ხეობისკენ, ეს კადრი თავად საპატრულო პოლიციის მანქანას ვიდეო-სათვალთვალო კამერას გადაუღია. ამ კადრში ჩანს ორი პოლიციელი, რომელიც ზურაბს ფეხით უკან მისდევს, თუმცა მალევე ორივე პოლიციელი უკან ბრუნდება.

რამდენიმე საეჭვო გარემოებები, რის გამოც „ოცნებამ“ საქმე სტრასბურგის სასამართლოში წააგო:

  • პოლიციამ დაგვიანებით – კადრების განადგურების შემდეგ, გამოითხოვა ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რითაც სავარაუდოდ დადგინდებოდა, რეალურად რას გაურბოდა ზურაბ ელიბაშვილი.
  • პოლიციელები მტკვრის ხევისკენ გაქცეული მოქალაქის ბედით არ დაინტერესებულან. იმ ღამით არც სამაშველო ოპერაცია ჩატარდა.
  • დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პოლიციის [ამ პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო სულხან თამაზაშვილი 2016 წელს] თანამშრომლებმა კუჭაძემ და ხაზალიამ [ეს პოლიციელები ჩანან თავად პოლიციის ავტომანქანის ვიდეო-კადრში] გამოძიებას გამოკითხვისას უთხრეს, რომ ვერ დაინახეს, მტკვრის სანაპიროზე თუ იყო ვინმე, ერთ-ერთმა პოლიციელმა კი თქვა, რომ არ იცოდა იმ ტერიტორიაზე [თავის სამოქმედო კვადრატში] თუ მდინარე მტკვარი იყო
  • ეს პოლიციელები ზურაბ ელიბაშვილის მიერ მიტოვებულ ავტომანქანას აფორმებენ, როგორც „უცნობი პირის“ ავტომანქანას ისე, რომ ავტომანქანის დათვალიერების ოქმსაც არ ადგენენ. ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ყურადღებას ამახვილებს ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე: მძღოლის გვერდით სავარძელზე ზურაბს საკუთარი პირადობის მოწმობა ედო მართვის მოწმობასთან ერთად.

2020 წელს პროკურატურამ თვითმკვლელობის მუხლს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლიც დაუმატა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია [სსკ–ს 342-ე მუხლი]. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

  • რაზე ამახვილებს ყურადღებას ევროსასამართლო?

„პოლიციელები პირველად გამოიკითხნენ თითქმის ოთხი თვის დაგვიანებით, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება, სასამართლო თვლის, რომ ასეთი დაყოვნება გაუმართლებელი იყო…“, – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აღნიშნავენ, სასამართლომ სახელმწიფოსგან ვერ მიიღო ინფორმაცია, თუ რატომ ვერ იყო საგზაო შემთხვევის თავდაპირველ ანგარიშში ინციდენტის სრული აღწერა. ამგვარად, საერთოდ გამოტოვებული იყო მოხსენებაში ის ფაქტი, რომ მომჩივნის ვაჟს პოლიცია აედევნა ფეხით, სანამ სიბნელეში გაუჩინარდებოდა, ასევე – სხვა პოლიციის ოფიცრების სავარაუდო ჩართულობა ჩხრეკაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეოთვალთვალის კადრები შეიძლება წარმოადგენდეს მტკიცებულებას, რომელიც მნიშვნელოვანია შესაბამისი მოვლენების გარემოებების დასადგენად. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში ვიდეომტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების წესი არადამაკმაყოფილებელი იყო. როგორც ჩანს, მოთხოვნათა უმეტესი ნაწილი საგზაო მოძრაობის ან კერძო სათვალთვალო კამერების ვიდეოკადრების ამოღებისა და მოპოვების შესახებ დაგვიანებით იყო გაკეთებული, რის გამოც პოტენციურად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაიკარგა ან წაიშალა.

„გამოძიების ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი ჩატარდა იმ ორგანოს მიერ, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი დამოუკიდებლობა პოლიციის თანამშრომლებისგან, რომელთა პასუხისმგებლობაც შესაძლოა, გამოკვეთილიყო აღნიშნულ ინციდენტში. უფრო მეტიც, გამოძიების რამდენიმე ძირითადი ხარვეზი პირდაპირ კავშირშია ამ ფაზასთან,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ევროსასამართლომ ამ საქმეზე კონვენციის მეორე მუხლის [სიცოცხლის უფლება] დარღვევა დაადგინა. სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ 12 ათასი ევროს გადახდა  დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

ამ საქმით ევროსასამართლოს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2021 წელს მიმართა, გადაწყვეტილება კი, ევროსასამართლომ 2024 წელს მიიღო.

„სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება. სასამართლომ მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე და ფაქტობრივად, გამოძიების არაეფექტურობასთან დაკავშირებით განმცხადებლების ყველა არგუმენტი გაიზიარა. ხოლო მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები დაუშვებლად მიიჩნია,“ – ამბობს ნესტან ლონდარიძე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი. ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე, რომელიც პოლიციამ განზრახ, დაგვიანებით ამოიღო.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პოლიციის სამმართველოს არ უნდა დაეწყო ამ საქმის გამოძიება, ხოლო პროკურატურას საქმის მასალები დაგვიანებით გადაეცა.

  • რა შეიცვალა ამ საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ? 

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაკისრებული თანხის გადახდის გარდა, არაფერი შეცვლილა და სამართალი ვერც დაღუპული 37 წლის კაცის ოჯახმა იპოვა.

„როგორც ვიცი, ბრალი მომზადებული იყო ამ ორი პოლიციელის მიმართ, ამიტომაც შეუცვალეს საქმეს კვალიფიკაცია, მაგრამ თითქოს რაღაც მოხდაო, „ფარული ხელი“ ჩაერია ისევ და ბრალი არავისთვის არ წარუდგენიათ.

ჩვენ გვქონდა შეხვედრა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მაგრამ ბრალი ისევ არავის მიმართ არ არის წარდგენილი… ის ორი პოლიციელიც, ჩემი ინფორმაციით, პოლიციაშია ისევ.

ერთი რამა ცნობილი: განზრახ არ წაიყვანეს საგამოძიებო მოქმედებები ისე, რომ რეალური სურათი დადებულიყო. ფაქტია, რომ ზედამხედველობა გამოძიებაზე განხორციელდა არაეფექტურად,“ – გვითხრა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ, როცა მას ვკითხეთ: ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რამდენად იკვეთება სულხან თამაზაშვილის პასუხისმგებლობა?

სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსი 2017 წლის 10 აგვისტომდე იყო. ზურაბ ელიბაშვილის დედამ, მანანა ელიბაშვილმა გვითხრა, რომ ამ პერიოდში მან სულხან თამაზაშვილთან შეხვედრაც სცადა:

„მანამდე სულხან თამაზაშვილს მივწერე, თქვენ პოლიციის კი არა, ბანდიტების ხელმძღვანელი ხართ-მეთქი.

რა თქმა უნდა, არ მიპასუხა. მერე მივედი მასთან კაბინეტში, მაგრამ მითხრეს, გასულიაო და ველოდებოდი. მერე მითხრეს, დაგირეკავთ, როცა მოვაო და წამოვედი. ტაქსიში ვიჯექი, როცა დამირეკეს, იცით რა, შვებულებაში გასულაო…

წარმოიდგინეთ, ეს არის პოლიციელი? მაგის მერე კიდევ დააწინაურეს, ნომერ პირველი პოლიციელი გახდა.

ჩემი ზურა კი, სულ შრომაში იყო, ერთხელაც არ უთქვამს, დავიღალეო. რისთვის მომიკლეს? ზურას ერთი შვილი, მარიამი უკვე 25 წლისაა, გიორგი 20-ის გახდება მალე. მათ ვუყურებ და ვიცი, რომ არასდროს ვაპატიებ სულხან თამაზაშვილს ამას, ვიდრე ვარსებობ დედამიწაზე,“ – გვითხრა მანანა ელიბაშვილმა.

რუსეთში სკოლის მოსწავლეები დირექტორმა ჯარის დისკრედიტაციისთვის დაასმინა, მათ 2.5 წელი მიუსაჯეს 

ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ, რუსეთის ჯარის დისკრედიტაციაში ბრალდებულ ორ სკოლის მოსწავლეს, სასჯელის სახით 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსწავლეები პოლიციაში სკოლის დირექტორმა დაასმინა.

2023 წლის შემოდგომაზე, ლიცეუმის დირექტორმა ნინა გოვოროვამ პოლიციას შეატყობინა, რომ მისი სკოლის ორმა მოსწავლემ რუსული არმიის შესახებ გადაიღო ვიდეო „ფეიკებით“ [სიყალბეებით]. სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგ მაშინვე აღიძრა ადმინისტრაციული საქმე, რომელიც სასჯელის სახით 50 000 რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებდა. მაგრამ როდესაც მოსწავლეებს 18 წელი შეუსრულდათ – 2024 წლის აგვისტოში, ამ „ფეიკებისთვის“ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.

საქმე განიხილეს და 2025 წლის 10 აპრილს სასამართლო მათ დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. მოზარდებს სასჯელს კოლონიაში მოიხდიან.

ნიჟნი ნოვგოროდის საინფორმაციო გვერდის „Reporter-NN“ ცნობით, სკოლის დირექტორმა ძალოვნებს განუცხადა, რომ სკოლის ელექტრონულ მისამართზე მიღო წერილი ვიდეოსთან ერთად, რომელშიც ლიცეუმის ორი უფროსკლასელი, სამზარეულოში განიხილავდნენ უკრაინასთან ომს, „მას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ვიდეოში მოსწავლეები თითქოს აკრიტიკებდნენ რუსეთის არმიას“, – წერს გამოცემა.

ახალგაზრდების წინააღმდეგ საქმე აღიძრა Youtube-ს პლატფორმაზე გამოქვეყნებული და შემდეგ Telegram-ის არხზე გაზიარებული ვიდეოსთვის, რომელსაც 26 გამომწერი ჰყავს. ვიდეომ სულ 35 ნახვა დააგროვა.

სასამართლოზე ერთ-ერთი ბრალდებული იგორ სტარშინოვი ჰყვება, რომ ვიდეოს ჩაწერა ისტორიის გაკვეთილის შემდეგ გადაწყვიტეს. „მას შემდეგ, რაც მე ადმინისტრაციული ჯარიმა დამეკისრა, გამოვიტანე ჩემთვის დასკვნები და გამოსწორების გზას გავდექი. ბევრჯერ მოვინანიე ჩემი, მშობლების და ასევე მასწავლებლების წინაშე“, – ამბობს ის.

„მე ჩემი ქმედებებისთვის პასუხისგებაში მიცემული ვიყავი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახით, აღრიცხვაზე ვიყავი არასრულწლოვანთა საქმეების კომისიაში, რეგულარულად ვესწრებოდი შეხვედრებს… მაშინაც მოვინანიე“, – ამბობს მეორე მოსწავლე, კირილ სმირნოვი. – „მე მაინც ვფიქრობ, რომ სასჯელი სიტყვებისთვის უნდა იყოს გაცილებით უფრო მსუბუქი, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ არავინ გაგვიძარცვავს, არავინ დაგვიზიანებია ფიზიკურად“.

კირილ სმირნოვის დედა ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის სკოლაში არც არავის აუხსნია, რომ ამ საქციელზე, კანონი ასეთ სერიოზულ სასჯელს ითვალისწინებს: „დირექტორს რა თქმა უნდა შეეძლო არ შეეტყობინებინა, ეს მისთვის არ იყო სავალდებულო, მას შეეძლო გვერდზე გადაედო რაღაც პირადი წყენები და უბრალოდ დაენდო ისინი…“.


მთავარ ფოტოზე: იგორ სტარშინოვი და კირილ სმირნოვი სასამართლოში. სქრინი გადაცემა „Кстати-ს” ვიდეორეპორტაჟიდან

 

ქობულეთში დაზიანებული გზა 4 თვეა ვერ შეაკეთეს – „გზა იყო, სანამ სარემონტო სამუშაოებს დაიწყებდნენ“

ქობულეთის სოფელ აჭყვისთავში უგზოობაზე წუხან. იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ სოფლებში გზების მოწესრიგებაზე საუბრობს, ამ სოფელში გზა უკვე 4 თვეა ვერ გააკეთეს.

სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები კახა ნოღაიდელი ამბობს, რომ გზაზე ავტომანქანით გავლა 2024 წლის დეკემბრიდან გახდა შეუძლებელი, მას შემდეგ, როცა იქ ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოები დაიწყო. დეკემბრის შემდეგ აქ არ გამოჩენილანო, გვიყვება მოქალაქე, ქობულეთის მერიის პრესცენტრის განმარტებით კი, სამუშაოები „ამინდების გამო ვერ დასრულდა“.

დამეწყრილი გზა ქობულეთის სოფელ აჭყვისთავში

„გასული წლის ოქტომბერში გაჩნდა ნაპრალი, ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა გზა, სანამ სარემონტო სამუშაოებს დაიწყებდნენ, მერე მოვიდნენ და მთლად ჩამოშალეს მოშვებული გრუნტი,“ – – გვიყვება კახა ნოღაიდელი.

ამ გზით სოფელ აჭყვისთავში მინიმუმ 20 ოჯახი სარგებლობს. პრობლემას ართულებს ისიც, რომ ამ სოფლის სკოლაში სარემონტო სამუშაოებია. ბავშვები მეზობელი სოფლის – ალამბრის სკოლაში დადიან, ტრანსპორტი კი, რომელსაც მოსწავლეები სკოლამდე მიჰყავს, ყველა ბავშვის სახლამდე ვერ მიდის.

„სკოლის მარშუტკაც ვერ ადის და ბავშვები ფეხით გადმოდიან,“ – ამბობს კახა ნოღაიდელი და განმარტავს, რომ ბავშვები უკვე თვეებია ფეხით გადმოდიან იმ ადგილამდე, სადაც სკოლის ავტობუსი მიდის.

რამ შეუშალა ხელი სოფლის შიდა გზის მოწყობაში ქობულეთის მერიას? – ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობს ამ გზაზე და უახლოეს დღეებში გაგრძელდება სამუშაო. „ამინდების გამო ვერ დასრულდა ამ დრომდე,“ – გვითხრეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში.

რაც შეეხება აჭარის გზების დეპარტამენტს, აქ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ მიგვიღია. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

განახლება: „აღნიშნულ მიმართულებაზე საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი სამუშაოები უახლოეს რამდენიმე დღეში დამთავრდება“ – მოგვწერეს აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.

“10 საათისთვის აღდგება” – რომელ ქუჩებს შეუწყდა წყლის მიწოდება ბათუმში

ბათუმში ვაჟა-ფშაველას, ზურაბ გორგილაძის, დავით კლდიაშვილის, 26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩების ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა.

“ავარიული დაზიანებაა და საღამოს 10 საათისათვის აღდგება მიწოდება,” – უთხრეს “ბათუმელებს” კომპანია “ბათუმის წყლის” ცხელ ხაზზე.

ასევე გუშინ, 20 აპრილს,  წყალი არ მიეწოდებოდა ფრიდონ ხალვაშის გამზირის მცხოვრებლებს.

მიზეზი ამ შემთხვევაშიც ავარიულად დაზიანებულ მილზე მიმდინარე სამუშაოები იყო.

რატომ აღარ დადის ბათუმში N4 ავტობუსი ფიროსმანის ქუჩის დასაწყისში

თითქმის ერთი კვირაა რაც ბათუმში N4 მუნიციპალური ავტობუსი უკუმიმართულებისას გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში არ უხვევს და ფიროსმანის ქუჩის დასაწყისში არ შედის. ავტობუსი გორგილაძის ქუჩაზე, „ბათუმი მოლიდან“ პირდაპირ აგრძელებს გზას იუსტიციის სახლამდე, ბრუნდება და შემდეგ შარტავას ქუჩით გადადის ფიროსმანის ქუჩაზე.

მარშრუტის ცვლილების შესახებ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ზოგიერთი მძღოლის თქმით  კი, მარშრუტის ცვლილების მიზეზი ფიროსმანის ქუჩაზე მოწყობილი სამშენებლო ღობეა, რის გამოც სავალი ნაწილი დავიწროვდა და ავტობუსებს მოძრაობა უჭირთ.

ბათუმში 4 ნომერი ავტობუსის შეცვლილი გრაფიკი – [ქალაქიდან „ხოფის ბაზრობის“ მიმართულებით ავტობუსი ჩვეული მარშრუტით [აღნიშნულია მწვანე ხაზით] აღარ მოძრაობს და ის გორგილაძის ქუჩიდან ფიროსმანზე შარტავას გამზირის გავლით გადადის [აღნიშნულია წითელი ხაზით]

„დროებითაა. ხვალიდან [22 აპრილიდან] დაუბრუნდება ჩვეულებრივ მარშრუტს“ – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“, თუმცა რა მიზეზით არის შეცვლილი მარშრუტი, ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს.

კომპანიის ცხელ ხაზზე კი გვითხრეს, რომ მიღებული აქვთ შეტყობინება „ალბათ მერიიდან, რომ ქუჩაა სავარაუდოდ გადათხრილი და 4 ნომერი ავტობუსი უკუმიმართულებისას ფიროსმანის ქუჩას [ჯავახიშვილსა და შარტავას მონაკვეთში] არ გამოივლის. ქალაქის მიმართულებით მოძრაობისას კი ამ მონაკვეთს ჩვეულებრივ გადის“.

ქუჩა გადათხრილი არაა. თუ ავტობუსის მძღოლების ინფორმაციას დავეყრდნობით, სამშენებლო ღობის გამო გზის სავალი ნაწილი ფიროსმანის ქუჩის 10 ნომერში მართლაც დავიწროებულია. აქ ძველი საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი მიმდინარეობს, ღობით კი მთლიანად გადაკეტილია ტროტუარი და ქვეითებისთვის დროებითი და არაადაპტირებული სავალი ნაწილი ავტომანქანების გზაზეა მოწყობილი.

ამ სავალი ნაწილის გასწვრივ კი ავტომანქანებიცაა დაპარკინგებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობას კიდევ უფრო ართულებს.

სამშენებლო ღობით ტროტუარი ფიროსმანის 10 ნომერთან მთლიანად გადაკეტილია / 21.04.2025
სამშენებლო ღობე და ქვეითებისთვის მოწყობილი სავალი ნაწილი ფიროსმანის ქუჩაზე / 21.04.2025

აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრეები, საჯარო რეესტრის მიხედვით არიან: ამხანაგობა „ტაო“ და შპს „ცენტრალ სითი ლაინი“. „ბათუმელები“ აღნიშნულ კომპანიას ვერ დაუკავშირდა.

ღობეზე არ არის განთავსებული საინფორმაციო დაფა. აქ მხოლოდ უსაფრთხოების დაფაა გაკრული.

შემოღობილ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტი ბათუმის მერმა 2024 წლის აგვისტოში შეითანხმა.

სამშენებლო ღობე და ქვეითებისთვის მოწყობილი სავალი ნაწილი ფიროსმანის ქუჩაზე [მარჯვნივ] / 21.04.2025
სამშენებლო ღობე ფიროსმანის ქუჩაზე / 21.04.2025

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით „ცენტრალ სითი ლაინმა“ აქ 45-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა ააშენოს, რომელშიც დაპროექტებულია ჯამში 480 ბინა.

„შენობა ფუნქციურად შედგება სამი ნაწილისგან: სარდაფში და მიწისზეწდა IV დონეზე ავტოპარკინგია განლაგებული. I სართულზე კომერციული სივრცეებია განლაგებული, 6-45 სართულებზე განლაგებულია აპარტამენტები“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

„დავუდგეთ მხარში თბილისს“ – ბათუმში დაკავებებს აპროტესტებენ

„გამოდით ბათუმელებო, ქუდზე კაცია საჭირო, გამოვიდეთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, თქვენს გარეშე ეს არ გამოვა“, – ამბობს ანი გობაძე, სტუდენტი, რომელიც გიორგი გურულთან ერთად დგას ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ და აპროტესტებს თბილისში, პოლიციელების მიერ მოქალაქეების დაკავებას.

პოლიციამ თბილისში აღდგომის ღამეს ორი ადამიანი დააკავა, დღეს, 21 აპრილს კი კიდევ სამი ადამიანი დააკავეს.

„ადამიანი დააკავეს იმის გამო, რომ „ქრისტე აღსდგა“ ეუბნებოდა პოლიციელს. რეჟიმს არ ერიდება აღდგომის ღამესაც ადამიანების დაკავების. იმ ადამიანების, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და სიმართლისთვის.

ამიტომ, ბათუმელებო, გამოდით გარეთ და ერთად დავუდგეთ მხარში თბილისს“, – ამბობს ანი გობაძე.

ანის თქმით, პროევროპულ აქციებზე ის პოლიციელებიც ძალადობენ, რომლებიც მასთან ერთად სწავლობდნენ სკოლაში.

„გვირტყამენ პოლიციის ფორმაში ჩაცმული ისეთი ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ ჩემი სკოლის მეგობრები. აქ, აქციებზე დავინახე 1-2 ასეთი ადამიანი და ვნახე სასამართლოშიც, რომლებიც არც ისე კარგად სწავლობდნენ სკოლაში, რომ დღეს პოლიციელის ფორმა ეცვათ.

ამ აქციებზე ბსუ-ს დაცვის თანამშრომლებიც დავინახე, რომლებიც გამოდიან, იცვამენ ფორმას, იკეთებენ ნიღაბს და გვარბევენ, გვაკავებენ, მარტო იმის გამო, რომ ვიბრძვით სიმართლისთვის“, – ამბობს ანი გობაძე.

ანისთან ერთად დგას გიორგი გურულიც მთავრობის შენობის წინ და ასევე მოუწოდებს ბათუმელებს ერთიანობისკენ.

„არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც აღდგომის დღეებშიც არ ერიდება დაპატიმრებებს, ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა, ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, რომ ბათუმი ამ ბრძოლაში იქნება თბილისთან ერთად და ვერ შეძლებენ, რომ დაგვამარცხონ და ჩვენი პროტესტი ჩაახშონ.

გელოდებით ყველას საკონსტიტუციო სასამართლოსთან“, – ამბობს გიორგი გურული, „ძლიერი საქართველოს“ აქტივისტი.

ვიდეო:

__________________

მთავარ ფოტოზე: ანი გობაძე და გიორგი გურული.

3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს ქობულეთის შემოვლით გზაზე, დაშავდა 2 ადამიანი

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

შსს-დან დაზუსტებული ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.

სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების სამსახურის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ერთი დაშავებული გადაყვანილია ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, მეორე კი ქობულეთის ევექსის კლინიკაში.

 

„სააღდგომო ზავის“ შემდეგ რუსეთმა უკრაინას ასამდე დრონით დაარტყა

21 აპრილს, გამთენიისას, რუსეთი უკრაინის რეგიონებს 96 დრონითა და სამი სხვადასხვა ტიპის რაკეტით დაესხა თავს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

აღდგომის წინა დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე „ყველა სამხედრო ოპერაციის შეჩერების“ შესახებ, იმ პირობით თუ მას უკრაინის მხარეც დაიცავდა. კიევში პუტინის განცხადებას სკეპტიციზმით შეხვდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის არმია „სიჩუმეს“ „სარკისებურად“, ანუ სიჩუმით უპასუხებდა.

თუმცა, მხოლოდ 20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, უკრაინაში დაფიქსირდა რუსების მიერ „ცეცხლის შეწყვეტის“ 2000-ზე მეტი დარღვევა – წერს უკრაინული მედია „ჰრომადსკე“.

გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, რომ რუსებმა ყირიმიდან ხერსონის მიმართულებით გაუშვეს ხომალდსაწინააღმდეგო საკრუიზო რაკეტა „ონიქსი“, ხოლო ნიკოლაევის რეგიონში შავი ზღვიდან ორი Kh-31P სარადარო რაკეტა. ასევე, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა ნიკოლაევზე ღამით სარაკეტო დარტყმის შესახებ. მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

რომის პაპი გარდაიცვალა – ვატიკანი

რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა – ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

რომის პაპი გარდაიცვალა აღდგომის ორშაბათს, 2025 წლის 21 აპრილს, 88 წლის ასაკში, ვატიკანის რეზიდენციაში.

რომის პაპს 2025 წლის თებერვალში დაუსვეს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი. ვატიკანის ცნობით, იგი კლინიკაში 38 დღის განმავლობაში იყოფებოდა, შემდეგ კი პაპი დაბრუნდა ვატიკანის რეზიდენციაში, კაზა სანტა მარტაში, სადაც ის გარდაიცვალა.

პაპის დაკრძალვის წესი რომის პაპმა ცოტა ხნის წინ შეცვალა ისე, რომ ცერემონია ნაკლებად რთული ყოფილიყო.

ცნობილია, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ საკუთარი დაკრძალვისთვის აარჩია თუთიით დაფარული უბრალო ხის კუბო.

 

ომის პროპაგანდა ღმერთის სახელით – სამხედრო დროშა ქრისტეს გამოსახულებით რუსული კოსმოსური ხომალდიდან 

რუსმა კოსმონავტებმა კოსმოსში გაშალეს რუსული არმიის ძველი საბრძოლო დროშა ქრისტეს გამოსახულებით, რომელიც დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ რუს სამხედროებს გადაეცემათ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია, მათ შორის კრემლის მთავარი პროპაგანდისტი ვლადიმერ სალავიოვი, საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

„ჩვენ რუსები ვართ, ღმერთი ჩვენთანაა! გამარჯვება ჩვენი იქნება!“ ციტირებს რუსული პროპაგანდა „როსკოსმოსის“ კოსმონავტების სერგეი რიჟიკოვის, ალექსეი ოვჩინინის და ივან ვაგნერის სიტყვებს.

„დედამიწიდან 407 კილომეტრის სიმაღლეზე. ჩვენთან ერთად ფრიალებს პირველი რუსული დროშა [стяг]. იგი საჩუქარია საქველმოქმედო პროექტის მხატვრებისგან – „მშვიდობისთვის ჩვენი გამარჯვების შემდეგ“. მათ შეავსეს ქრისტეს გამოსახულება ალექსანდრე სუვოროვის [რუსი მხედართმთავარი] სიტყვებით და ციტატით პატრიარქის [კირილი] მშვიდობის ლოცვიდან…

ეს დროშა აკურთხებს ჩვენს მეომრებს მე-12 საუკუნიდან, ანდრეი ბოგოლიუბსკის დროიდან… ახლა დროშა, როგორც გამარჯვების სიმბოლო, ამაღლდა მთელ დედამიწაზე. მალე იგი ფრონტის ხაზზე მყოფ ჩვენს ჯარისკაცებს გადაეცემათ“ – ციტირებს რუსული მედია კოსმონავტებს.

რუსული მედია ასევე იუწყება, რომ ეს დროშა ერთი წლის წინ, სევასტოპოლის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში აკურთხეს, სადღესასწაულო ლოცვის შემდეგ, რომელშიც რუსეთის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

ეს ლოზუნგი რუსული ჯარის და მათ მიერ გაჩაღებული ომის პროპაგანდის ნაწილია. მას ხშირად იყენებენ რუსი ჩინოვნიკები და სხვა პროპაგანდისტები, რუსეთის აგრესიის გასამართლებლად და ზოგადად, კრემლის „მტრების“ გასაშავებლად. „ჩვენ რუსები ვართ. ღმერთი ჩვენთანაა! რა გამოდის, ვინ არის თქვენთან?“ – წერდა დუგინი იანვრის თვეში.

დამოუკიდებელი რუსული მედია გამოცემა „მედუზა“ ამავე ლოზუნგის შესახებ მომზადებულ პოდკასტში იუწყება, რომ „ჩვენ რუსები ვართ, ღმერთი ჩვენთანაა“ ფართოდ გავრცელდა ორიათასიან წლებში, რუსული ნაციონალისტური მოძრაობების გაძლიერებასთან ერთად.

მაშინ ციტატა უმეტესად ჩნდებოდა რუსეთის იმპერიის 1858-1883 წლების, შავი, ყვითელი და თეთრი ფერის დროშაზე. „ლოზუნგი ძირითადად ჩნდებოდა ნაციონალისტების დემონსტრაციებზე ისეთი ლოზუნგების გვერდით, როგორიცაა „რუსეთი რუსებისთვის“ და „კმარა კავკასიელების კვება“.

ეს კადრები 2025 წლის მარტის თვეში გამოქვეყნებული მუსიკალური კლიპიდანაა, რომლის ტექსტშიც რუსი ჯარისკაცების ღირსებასა და სიმამაცეზე მღერიან, იქვე სამშობლოს სიყვარულში ეჯიბრებიან დასავლეთს: „არ იტირო ამერიკა და ევროკავშირო, ჩვენი ბიჭები ყველაფერს გასწავლიან“.

კადრი ვიდეოდან – „ჩვენ რუსები ვართ, ღმერთი ჩვენთანაა“

8 აპრილს, რუსული პროგრამით კოსმოსში გაფრენილი კოსმოსური ხომალდი „Союз МС-27“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასულ კვირას დაეშვა. „Союз МС-27“ ეკიპაჟის წევრებს შორის არის ალექსეი ზუბრიცკი, რომელიც წარმოშობით ზაპოროჟიეს რეგიონიდანაა და უკრაინული მედიის ცნობით, იგი უკრაინაში სამშობლოს ღალატისთვის არის გასამართლებული – ვინიცის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ყირიმის ანექსიამდე ზუბრიცკი უკრაინის საავიაციო ქვედანაყოფში პილოტად მსახურობდა.

„2014 წლის მარტიდან მაისის პერიოდში, სევასტოპოლში ყოფნისას, განზრახ, ეგოისტური მიზეზების გამო გადავიდა მტერთან, რითაც ჩაიდინა სახელმწიფო ღალატი, ანუ ქმედებები უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის, თავდაცვისუნარიანობის, სახელმწიფოებრიობის, ეკონომიკური და ინფორმაციული უსაფრთხოების საზიანოდ“, – ნათქვამია სასამართლოს განაჩენში, რომელსაც უკრაინული მედია „უნიანი“ ავრცელებს.

Exit mobile version