მთავარი,სიახლეები

„პუტინმა გაცილებით მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე ტრამპმა“ – ინტერვიუ ანკორიჯის შეხვედრაზე

16.08.2025
„პუტინმა გაცილებით მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე ტრამპმა“ – ინტერვიუ ანკორიჯის შეხვედრაზე

„პუტინმა რეალურად ტრამპი საკუთარი თამაშის ნაწილად აქცია, რადგან მან მიიღო ის, რაც უნდოდა მიეღო, ტრამპმა ვერ მიიღო ის, რაც მის გეგმაში შედიოდა“, – ამბობს მიხეილ სარჯველაძე, პოლიტიკის ექსპერტი „ბათუმელებთან“.

რა აჩვენა ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ ქალაქ ანკორიჯში და რას შეიძლება ველოდეთ ტრამპისგან? – ამ თემაზე ვესაუბრეთ მიხეილ სარჯველაძეს.

  • ბატონო მიხეილ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ აშშ-ს პრეზიდენტის – ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე. როგორ ფიქრობთ, უნდა ყოფილიყო იმ ფორმატში, იმ ფორმით, რაც ვნახეთ, თუ შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო?

პრინციპში მაინც ადრეა საუბარი, რადგან არ ვიცით ზუსტი შინაარსი, რა და როგორ იყო. თუმცა, რაც ვნახეთ გარედან, ჩემი შთაბეჭდილება იყო ის, რომ ტრამპი რეალურად, სწორად ვერ აფასებს პუტინს და, ზოგადად, პუტინის ინტერესებს.

ტრამპის ინტერესი რაც იყო, შეთანხმება შემდგარიყო და შედეგი ჰქონოდა, მან ამ შეთანხმებას ვერ მიაღწია. მით უმეტეს, შეხვედრა შედგა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და მოლოდინი იყო ძალიან მაღალი.

თუმცა, ვნახეთ პუტინი, რომელიც იძებნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომელიც დიდწილად იზოლირებულია საერთაშორისო პოლიტიკაში და შეხვედრის დროს ვიხილეთ პუტინის დომინაცია. ვნახეთ, რომ რეალურად ეს ყველაფერი იყო საერთაშორისო იზოლაციის, პუტინის და რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის, ასე ვთქვათ, ერთგვარი დარღვევა. რეალურად, ამ შეხვედრიდან სარგებელი მხოლოდ პუტინმა და რუსეთმა მიიღო.

  • პუტინის დომინანტობა რაში ჩანდა?

დომინანტობა ჩანდა იმ ყველაფერში, რომ ის რეალურად, როგორც ჩანს, არავითარ დათმობაზე არ წასულა და, სავარაუდოდ, არც იყო მის ინტერესში, რომ შეთანხმება შემდგარიყო უკრაინასთან დაკავშირებით. ჩემთვის ეს პირველი მანიშნებელია იმის, რომ რეალურად პუტინს სულ სხვა ინტერესები გააჩნია.

პუტინის და ტრამპის ინტერესები ერთმანეთთან აცდენაშია. ტრამპი ფიქრობს კომერციულად, საშინაო პოლიტიკის და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. მისი საგარეო პოლიტიკა ემყარება ძირითადად ეკონომიკურ ინტერესებს.

ამ დროს, პუტინი, პირველ რიგში, არ ფიქრობს კომერციულად. მისთვის ეკონომიკური სარგებელი, ეკონომიკური ინტერესი არ არის უმთავრესი ინტერესი, როგორც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ შემთხვევაშიც, რომელიც რუსეთს აკავშირებდა გერმანიასთან. ფაქტობრივად, მან უარი თქვა ამ ეკონომიკურ სარგებელზე უკრაინასთან ომის დაწყებით.

მისთვის არა ეკონომიკური ფაქტორი, არამედ გეოპოლიტიკური და ასე ვთქვათ, რუსეთის ნეოიმპერიული ინტერესები განმსაზღვრელი.

  • თუ ეკონომიკური ინტერესი არ აქვს რუსეთს, მაშინ გეოპოლიტიკაში დომინანტობა რაში სჭირდება?

გეოპოლიტიკისთვის უპირატესობის მინიჭება ეს არის ერთგვარი ტრავმის შედეგი, როგორც პუტინის, ისე რუსეთის. ეს იყო ზუსტად პუტინის მიზანი, რომ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი ანუ რუსეთის იმპერია დაინგრა, თანაბარ დონეზე ყოფილიყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც სუპერსახელმწიფო. ჩემი აზრით, მან ეს შეძლო ამ შეხვედრით. მას და ტრამპს შორის თანაბარ დონეს ვგულისხმობ და მან ამ მიზანს მიაღწია. რას მიაღწია ტრამპმა? – ვერც ვერაფერს, ჯერჯერობით.

ვფიქრობ, ამის გამო ტრამპზე ზეწოლა გაიზრდება. პუტინი კი შეთანხმებაზე წავა მხოლოდ მაშინ, როცა ის პირველ რიგში დააზღვევს რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს და ამ გეოპოლიტიკურ ინტერესებზეა მიბმული რუსეთის ეკონომიკური ინტერესებიც. სწორედ ამიტომ ამახვილებდა რუსული მხარე, მათ შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ყურადღებას.

თუმცა, როგორც აღვნიშნე, პირველ ადგილზე დგას რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები და მისი პოზიცია, როგორც განახლებული იმპერიის.

  • თქვენ ამბობთ, რომ ტრამპი არის აცდენაში პუტინის მიზნებთან. მას ხომ ჰყავს მრჩევლები, ანალიტიკოსები და პუტინის მიზანიც გაცხადებულია დიდი ხანია, რომ სურს საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენა. უკრაინაში შეჭრის მიზანიც ხომ ეს იყო. მაშინ რატომ ვერ აუღო ალღო?

როცა საქმე საერთაშორისო პოლიტიკას ეხება, აქ დიდია მათი თანხვედრა, რადგან ისინი ერთნაირად ხედავენ საერთაშორისო წესრიგს. მათთვის მსოფლიო არ არის, ასე ვთქვათ, მულტილატერალური წესრიგი, რომელიც სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას ემყარება, კონფლიქტის პოტენციალის შემცირების თუ ეკონომიკური განვითარების მიზნით. ისინი საერთაშორისო წესრიგს ხედავენ, როგორც მულტიპოლარულ სივრცეს, სადაც დიდი სახელმწიფოები განსაზღვრავენ პატარა სახელმწიფოების ბედს. სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ არ ესწრებოდა უკრაინა ამ შეხვედრას, მაშინ, როცა ომი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ტრამპის და პუტინის ხედვით სუპერსახელმწიფოები განსაზღვრავენ საერთაშორისო წესრიგს.

ტრამპის, ასე ვთქვათ, ერთგვარი ეგოისტური მიზანი არის ის, რომ ის გახდეს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი. ეს თავად ბევრჯერ აღნიშნა. მე მგონია, რომ, პირველ რიგში, მედიაციის ტრამპისეული მცდელობები ემსახურება მათ შორის მის, ასე ვთქვათ, სუბიექტურ ინტერესებს.

  • მშვიდობის მიღწევა რამდენად შესაძლებელია სხვისი ჩაგვრის ხარჯზე. უსამართლობაზე ხომ ვერ დაფუძნდება მშვიდობა?  

რა თქმა უნდა, ცალკეული ქვეყნების ხარჯზე დამყარებული მშვიდობა სამართლიანი ვერ იქნება. თუმცა, ტრამპისთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, ეკონომიკური, კომერციული ინტერესები დგას პირველ ადგილზე და მშვიდობა არის ამ ინტერესების ერთგვარი დანამატი. თუ ის შეძლებს, რომელიმე კონფლიქტის გადაჭრას და ამისთვის მიიღებს საერთაშორისო აღიარებას, სწორედ ეს არის მისი მიზანი, რომ ისტორიაში შევიდეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური მოღვაწე.

მან ყველაფერს მიაღწია, აქვს სიმდიდრე და პოლიტიკური ძალაუფლება. ახლა მისი მიზანია შევიდეს ისტორიაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის. მშვიდობა მხოლოდ ამ პოლიტიკის დანამატია. ის არ არის მისი ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ამაშია განსხვავება.

  • მაგრამ თუ ტრამპი დაინახავს, რომ ხელმოცარული აღმოჩნდება პუტინთან მოლაპარაკებებში და ვერ შეასრულებს მედიატორის როლს, რას შეიძლება ველოდოთ მისგან?

ამაშია საქმე, ტრამპი უკვე ხელმოცარულია იმ მხრივ, რომ რეალურად ამ შეხვედრით პუტინმა გაცილებით მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე ტრამპმა. შესაბამისად, ახლა ტრამპზე გაიზრდება ზეწოლა, მათ შორის კონგრესის მხრიდან, რადგან ილუზიაა, რომ რუსეთი არსებულ მოცემულობაში დათმობაზე წამოვა საერთოდ. მგონია, რომ ტრამპი ისევ შეცვლის საკუთარ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, დიდი ალბათობით.

თუმცა, ეს უფრო სპეკულაციის სფეროა, რადგან ის ვერ შეეგუება, ასე ვთქვათ, დიპლომატიურ მარცხს და შეეცდება განტევების ვაცის პოვნას. არსებობს მეორე ალტერნატივაც, რომ შესაძლოა უკრაინის ხარჯზე შეეცადოს მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან. არც ეს არის გამორიცხული.

  • უკრაინის ხარჯზე რას ნიშნავს?

როგორც ვიცით, დღის წესრიგში დგას რუსეთის მოთხოვნა და ეს შეეხება უკრაინის რეგიონებს – დონეცკს, ლუგანსკს, ხერსონს და ზაპოროჟიეს, რომელსაც ვერ აკონტროლებს რუსეთი სრულად, მაგრამ რუსეთს აქვს პრეტენზია, რომ ეს ტერიტორიები გახდეს საბოლოოდ რუსეთის შემადგენელი ნაწილი. ამას არ ეთანხმება უკრაინა და უკრაინას რადიკალურად განსხვავებული პოზიცია გააჩნია.

დიახ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღესაც გაიმეორა და ადრეც თქვა, რომ ისინი არ აპირებენ არცერთი გოჯის დათმობას რუსეთისთვის.

შესაძლოა ტრამპი შეეცადოს, რომ მაქსიმალურად გაზარდოს ზეწოლა უკრაინაზე.

  • იარაღს არ მიაწვდიან?

ყველაფერი შეიძლება ზეწოლის შემადგენელი ნაწილი იყოს. მათ შორის იარაღის მიწოდებაც, რადგან უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იარაღის მიწოდება. ეს შეეხება ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებს, ფინანსურ დახმარებას და ასე შემდეგ.

დღეს ევროკავშირის ლიდერებმა გააკეთეს განცხადება და გამოხატეს უკრაინის მხარდაჭერა. მათაც თქვეს, რომ უკრაინის ინტერესების გარეშე ვერ მოხდება ვერანაირი შეთანხმება.

რეალურად, ევროკავშირი არ წარმოადგენს ძლიერ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს, სხვა შემთხვევაში ევროკავშირი არ იქნებოდა დამკვირვებლის როლში, არამედ დაესწრებოდა ამ შეხვედრას უკრაინასთან ერთად. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს „დიდი ბიჭები“ ხვდებიან ერთმანეთს და ცდილობენ განსაზღვრონ სხვა სახელმწიფოების ბედი – ეს არის ტრამპის და პუტინის ხედვა.

ომი მიმდინარეობს ევროპის ტერიტორიაზე და არსებობს ტრანსატლანტიკური კავშირი, ალიანსი ჯერ კიდევ და მაგრამ როგორც აღვნიშნე, ტრამპი არ აღიქვამს საერთაშორისო წესრიგს როგორც მულტილატერალურს, ისევე როგორც რუსეთი. სწორედ ამიტომ იყო პუტინისთვის მნიშვნელოვანი იქ, წითელ ხალიჩაზე გავლა, ტრამპისთვის ხელის ჩამორთმევა და ოვაციებით დახვედრა – ადამიანი, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი.

  • ბევრი კომენტარი იმაზე, რომ „ტრამპმა ხელი ჩამოართვა ომის დამნაშავეს“. როგორც ვიცით, ჰააგის სასამართლოს მისი დაკავების ორდერიც აქვს გამოცემული. ამ შემთხვევაში როგორ მუშაობს საერთაშორისო სამართალი, ეს არ გამოიწვევს ამ ინსტიტუციების ავტორიტეტის შელახვას?

რეალურად, ვხედავთ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ნაციონალური ინტერესები სულ უფრო ძლიერ განსაზღვრავენ წესრიგს. ღირებულებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის წილი კი მცირდება. ამიტომ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ არ იარსებებს ლიდერი, რომელიც მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებელ ლიდერს, როგორიც პუტინია, ხელს არ ჩამოართმევს.

  • მაგრამ დემოკრატიის მცველებს, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სწორედ იმის იმედი გვაქვს, რომ დამნაშავე დაისჯება, ანუ გვაქვს საერთაშორისო გავლენიანი ინსტიტუციების იმედი. გამოდის, რომ ეს არაფერს ნიშნავს? მაშინ რა შეაკავებს დიქტატორებს?

ზუსტად ამაშია საქმე, რომ საერთაშორისო წესრიგში რეალურად მიმდინარეობს ერთგვარი კონკურენცია ავტორიტარიზმსა და ლიბერალური დემოკრატიის მოდელს შორის. სამწუხაროდ, ავტოკრატიული ქვეყნების რაოდენობა იზრდება და დემოკრატიული სახელმწიფოების რაოდენობა, პირიქით მცირდება. ის ფაქტი, რომ  ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი, ანუ რეალურად პოპულისტი პოლიტიკოსი, რომელიც ავტორიტარული იდეების მატარებელიც არის საკუთარ თავში, ამ საერთაშორისო ტენდენციის ნაწილია.

მათ შორის, გაძლიერდა საერთაშორისო ორგანიზაციების ეროზია და ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმისი მოლოდინი, რომ მაგალითად, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა ყოველთვის გარანტირებული იქნება.

იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მულტიპოლარულ საერთაშორისო წესრიგს ესწრაფვიან, საგარეო პოლიტიკას უპირველეს ყოვლისა ნაციონალური ინტერესები განსაზღვრავს, თუნდაც შედარებით მცირე სახელმწიფოების და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის ხარჯზე.

ფაქტია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ჰააგის სასამართლოს უკვე თავად დაუწესა სანქციები და განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აშშ-ის მიმართ არანაირი იურისდიქცია არ გააჩნია.

  • თუმცა ამან გააჩინა პრეცედენტი და შესაძლოა სხვა ქვეყანამაც გაიმეოროს იგივე?

თუ არ ვცდები, არსებობს უკვე სხვა შემთხვევებიც, როცა პუტინი ყაზახეთში და მონღოლეთში ჩავიდა. თუმცა მაგალითად გერმანიის კანცლერი მსგავსი პომპეზურობით, წითელი ხალიჩით და ოვაციებით არ მიიღებდა პუტინს. შესაბამისად, განსხვავება რა თქმა უნდა არსებობს, მათ შორის ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუმცა მთავარი აქ არის ის, რომ პუტინმა შეძლო ამ შეხვედრით საკუთარი საერთაშორისო იზოლაციის დარღვევის დაწყება. ეს არის მთავარი და საშიში ფაქტი.

პუტინმა შეძლო ის, რომ ის თანაბარ დონეზე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ეს იყო მისი დიდი ხნის მიზანი, რადგან პუტინის გადმოსახედიდან რეალურად ამ ყველაფრით ხდება რუსეთის, როგორც სუპერსახელმწიფოს აღიარება. პუტინი ცდილობს დაძლიოს ტრავმა, რომელიც მიიღო იმპერიულმა მეხსიერებამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ.

  • ეს გათვლილი ჰქონდა პუტინს და ამის საჩვენებლად დათანხმდა?

გათვლილი ჰქონდა და მე მგონია, რომ პუტინმა რეალურად ტრამპი საკუთარი თამაშის ნაწილად აქცია. ჩემი გადმოსახედიდან.

რეალურად მან მიიღო ის, რაც უნდოდა მიეღო და ტრამპმა ვერ მიიღო ის, რაც მის გეგმაში შედიოდა. გამოდის, რომ პუტინმა გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე ტრამპმა შეძლო. მან ვერც ვერაფერი მიიღო.

რეალურად პუტინმა შეძლო, რომ ტრამპი, ასე ვთქვათ, ერთგვარ ჩიხში შეიყვანა, რადგან ტრამპი ახლა იძულებული იქნება სწრაფად იმოქმედოს და შეთანხმებას მიაღწიოს, ან საკუთარი მარცხი ვინმეს დააბრალოს. თუ ის შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მის საერთაშორისო იმიჯს საგრძნობლად დააზიანებს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ რუსეთი რეალურად დათმობებზე არ მიდის.

რადგან უკრაინა დამოკიდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ლოგიკურია, რომ ტრამპი უკრაინაზე გაზრდის ზეწოლას, მაგალითად, უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებით დათმობებზე წასვლის სანაცვლოდ.

  • ფიქრობთ, რომ ამ ვითარებაში დასავლეთი დროს გამონახავს საქართველოსთვის? მეზობელ ქვეყნებში ვხედავთ რა პროცესიც ვითარდება, ჩვენ რას უნდა ველოდეთ?

მგონია, რომ პირიქით ხდება. ანუ დასავლეთის ინტერესი საქართველოს მიმართ გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა წლებში.

ეს ჩანს იმაში, რომ ევროკავშირი ჯერ კიდევ გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებაში, ჯერ კიდევ გვაქვს კანდიდატი წევრის ქვეყნის სტატუსი…

დიახ, შესაძლოა წლის ბოლომდე გაუქმდეს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთს მაღალი ინტერესი გააჩნია საქართველოს მიმართ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

მაგრამ ჩვენი პრობლემა არის ის, რომ საჭირო მომენტში ყველაზე არასაჭირო ხელისუფლება გვყავს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სახით და ეს არის ჩვენი, როგორც საზოგადოების ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან ამის გამო საქართველო საერთოდ ამოვარდნილია რეგიონული სურათიდან, ზუსტად რუსული ზეგავლენის გამო.

„ქართული ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციაშია, მაშინ როცა სომხეთიც კი, რომელსაც რუსული სამხედრო ბაზა აქვს ტერიტორიაზე, ცდილობს მულტივექტორული პოლიტიკა შეცვალოს და დასავლეთზე ფოკუსი გააძლიეროს. ასევეა აზერბაიჯანიც. მისი მზერაც ამ ეტაპზე ძირითადად დასავლეთისკენ არის მიმართული, მას შემდეგ, რაც ბაქომ რუსეთისგან მიიღო ის, რაც სურდა, პასიური პოზიცია ყარაბაღის საკითხში.

ამ ყველაფერს ეშველება მხოლოდ ერთი რამით – თუ გვინდა, რომ საქართველოში გვქონდეს დემოკრატია, საქართველო იყოს განვითარებული ქვეყანა, ერთადერთი გამოსავალი რეჟიმის ცვლილებაა, რადგან რუსეთის ზეგავლენის ქვეშ საქართველო ვერ იქნება ეკონომიკურად განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანა.

  • ვიზალიბერალიზაციის ან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაკარგვის შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელი იქნება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება?

როცა საქმე უსაფრთხოების პოლიტიკას ეხება, საქართველო ყოველთვის არის რისკის ქვეშ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ნებაყოფლობით გახდეს რუსეთის კოლონია. სომხეთის მაგალითი ვახსენე, სადაც რუსეთის ზეგავლენა სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერია, მაგრამ სომხეთი ამ ყველაფერს მაინც არ ეპუება, რადგან რუსეთი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საკუთარი გავლენის შენარჩუნებას.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა დრო იხელთეს და სწორადაც იქცევიან. საქართველოს შემთხვევაში, არსებობს მმართველი პარტიის ეგრეთ წოდებული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელმაც მიგვიყვანა ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დაკარგვამდე. ანუ ქვეყანას რეალურად სტრატეგიული მიზნები აღარ გააჩნია და ჩვენ ვართ რუსეთის კეთილ ნებაზე დამოკიდებული სახელმწიფო. რუსეთზე, რომელიც არ აღიქვამს საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ.

ამიტომ, როცა აშშ-ს ინტერესები სამხრეთ კავკასიასთან და შავ ზღვასთან მიმართებით იზრდება, როცა ევროკავშირის ინტერესიც ძალიან მაღალია, ეს ისტორიული მომენტი ახლა უნდა გამოვიყენოთ, თორემ ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ მდგომარეობაში, როცა ათწლეულები დაგვჭირდება რუსეთისგან თავის დასაღწევად.

მიხეილ სარჯველაძე

მაგრამ ეს ცვლილება გარედან ვერ მოხდება. ეს ცვლილება უნდა მოხდეს ქვეყნის შიგნით.

რაც დრო გადის, „ქართული ოცნება“ პროპაგანდის მეშვეობით კიდევ უფრო აძლიერებს ზეწოლას საზოგადოებაზე, რომ თითქოს ის არის მშვიდობის გარანტი. რეალურად, ამჟამად საქართველო დამოკიდებულია რუსეთის კეთილ ნებაზე და არაფერს აკეთებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორც საზოგადოებამ თუ ვერ შევძელით ამ რეჟიმის შეცვლა, მაშინ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ქვეყანა საბოლოოდ წავა ავტორიტარიზმის მიმართულებით და რუსეთს მივებმებით გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენს უახლეს ისტორიაში მსგავსი განვითარება და ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება ყველაზე ტრაგიკული მოვლენა იქნება საქართველოსთვის.

_____________________

მთავარი ფოტო: ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ქალაქ ანკორიჯში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: