მთავარი,სიახლეები

„ოცნების მიზანია ჩატყდეს ხიდები ევროპასთან. პროპაგანდამ მენტალური ნაგავი ზედაპირზე ამოიტანა“ – ინტერვიუ

18.08.2025
„ოცნების მიზანია ჩატყდეს ხიდები ევროპასთან. პროპაგანდამ მენტალური ნაგავი ზედაპირზე ამოიტანა“ – ინტერვიუ

„არ ჩანს არანაირი პერსპექტივა, რომ „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან, ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე იქნება არიდებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე.

როგორ აშორებს „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროკავშირს, დასავლეთს და რა უნდა გააკეთონ საქართველოს მოქალაქეებმა ამ დაშორების პრევენციისათვის – ეს არის საკითხები, რომელზეც „ბათუმელები“ ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.

ვიქტორ ყიფიანი

  • ბატონო ვიქტორ, როგორ გვაშორებს ქართული ოცნების დღევანდელი ხელისუფლება ევროპას და პირადად თქვენ რა ნიშნებ ხედავთ?

ეს დაშორება ორი მთავარი მიმართულებით იკვეთება. პირველი – ევროკავშირის მხრიდან, გარკვეული რეკომენდაციები, გნებავთ მოთხოვნებიც, რომელთა დაკმაყოფილებაც, უკეთ რომ ვთქვათ, ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება, ჯიუტად, თანმიმდევრულად და ღიად არ სრულდება „ქართული ოცნების“ მხრიდან.

მაგრამ მთავარი მიზეზი, ჩემთვის გარდა დასახელებულისა, არის ქართული სახელმწიფოს დისფუნქცია, მისი ამოგდება რეგიონული თუ არამარტო რეგიონული პროცესებიდან, საქართველოს როლის დაკნინება და შესაბამისად ჩვენი საერთაშორისო პოზიციებზე ჩვენი ხმის დადუმება. ამას ემატება ასევე ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების განცდის მოშლა, ეკონომიკური წინსვლის, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების არარსებობა.

მე ხაზს ვუსვამ – ინკლუზიურს, ვინაიდან ციფრობრივად ჩვენ კი გვაფარებენ ხოლმე სხვადასხვა ვარდისფერ სტატისტიკას, მაგრამ ერთი არის სტატისტიკა და მეორეა სტატისტიკის მიღმა რეალური სურათი და განცდა იმისა, რომ საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეს, თუ ნებისმიერ სხვას, დღეს კანონი ძალიან შერჩევითად იცავს.

განცდა იმისა, რომ არ ხარ უზრუნველყოფილი არც ფიზიკური, არც ეკონომიკური და არც სოციალური უსაფრთხოებით, პირდაპირ და უშუალოდ ურტყამს სახელმწიფოებრიობის განცდას და სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს.

რომ შევაჯამო, ორი მიმართულებით ჩანს, რომ ვშორდებით ევროპას:

ერთი არის საგარეო მიმართულებით ჩვენი ანგარიშვალდებულება, ამ სიტყვის სწორი გაგებით, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომლებიც არაფერს არ მოითხოვენ ჩვენგან გარდა ერთისა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ბევრად უფრო წელში გამართული, ვიდრე ის დღეს არის.

მეორე მიმართულება არის ანგარიშვალდებულება საკუთარი მოქალაქეების წინაშე, საკუთარი მოსახლეობის წინაშე, რაც პირველზე ნაკლებმნიშვნელოვანი არ არის და შეიძლება ითქვას, უფრო მეტიც არის.

აი, ასე შეიძლება ალბათ შეჯამდეს ჩვენი დაშორება ევროპისგან, იმიტომ, რომ ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია, ევროპა არ არის მხოლოდ ევროპული სამართალი, ევროპა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ინსტიტუტები, ევროპა პირველ რიგში ჩემი გაგებით, ეს არის დამოკიდებულება ადამიანის მიმართ და აი ამ დამოკიდებულებაში სწორედ ჩვენ ვხედავთ ყველაზე მთავარ დაშორებას ევროპისგან.

  • დღეს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. თქვენთვის პირადად, რამდენად რეალურია ეს საფრთხე? რას არ აკეთებს ქართული ოცნება, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი?

ეს საფრთხე არათუ რეალურია, არამედ პრაქტიკულად, ფაქტობრივად უკვე შემდგარი მოვლენაა, რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდ იურიდიული გაფორმება სჭირდება.

ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ არანაირი ნიშანწყალი ამ წუთისათვის, რომელიც გვეტყვის ან მიანიშნებს, რომ მმართველი პარტია აპირებს რამენაირად სიტუაციის იმგვარად შეცვლას, რომ კურსი გაიხსნას ევროპისაკენ, არ არის.

უფრო მეტიც, არათუ არ არის, არამედ დაწყებული რიტორიკით, გაგრძელებული კანონმდებლობით, დასრულებული, გნებავთ, ინსტიტუციური სიმრუდით, „ქართულ ოცნებას“ და მასთან დაკავშირებულ ინტერესთა ჯგუფებს საკმაოდ თანმიმდევრულად, ჯიუტად, მათი გაგებით, შეურყევად მივყავართ სწორედ ამ ფაქტობრივი მოვლენის იურიდიულ გაფორმებამდე.

არ მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ, ზეგ მოხდება რაიმე სასწაული და ეს კურსი შეიცვლება, მიდგომა გაჯანსაღდება, ევროპული პერსპექტივა სულ მცირე ახლო მონაკვეთში გაიხსნება ამათ ხელში.

ამიტომ, ჩემი აზრით, ჩვენ რეალისტურად უნდა ვესაუბროთ ჩვენს მკითხველს და ვუთხრათ, რომ ფაქტობრივად ეს გადაწყვეტილია [ვიზალიბერალიზაციის გაუქმება].

ერთადერთი რაც რჩება ამ გზაზე, არის ევროკავშირის მხრიდან ფორმალური, სამართლებრივი გაფორმება ამ გადაწყვეტილების.

დავასრულებ კიდევ ერთხელ იმით, რომ არანაირი პერსპექტივა, მოციმციმე ან გნებავთ არამოციმციმე, „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან, რომ ეს საფრთხე იქნება არიდებული არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში მე ამის ობიექტურ ნიშნებს ვერ ვხედავ და სამწუხაროდ, მგონია, რომ არ ვარ უმცირესობაში.

  • გამოდის, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულად მიდის იქითკენ, რომ გაგვიუქმდეს უვიზო მიმოსვლა?

ბოლო პერიოდი საერთოდ იმ აზრზე ვარ, რომ ეს არ არის მხოლოდ ცალკე ვიზალიბერალიზაციის, უვიზო რეჟიმის ან სხვა, კონკრეტული საკითხები.

ეს არის ერთიანი პოლიტიკური კურსის შემადგენელი ელემენტები და ეს ერთიანი პოლიტიკური კურსი, „ოცნების“ მხრიდან, მიმართულია იქითკენ, რომ ჩატყდეს წლების განმავლობაში ნაშენები ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის, ჩვენსა და ევროატლანტიკურ ერთობას შორის. აქაც, როდესაც ჩვენ ხიდის ჩატეხაზე ვსაუბრობთ, ასე ვთქვათ, ორი ტექნიკურ-შინაარსობრივი ფორმა წარმომიდგენია.

პირველი, რომ საკუთრივ ევროკავშირს ვათქმევინოთ, („ქართული ოცნების“ გადმოსახედიდან ვამბობ), რომ ევროკავშირი გადაიღალა საქართველოთი და თვლის საქართველოს, როგორც უპერსპექტივო ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.

ეს არის ერთი ფორმა ხიდის ჩატეხის ფორმალური გაფორმების, ხოლო მეორე ვარიანტია, როდესაც „ქართული ოცნება“ თავად მოახდენს ამის დეკლარირებას.

კი, ახლა ვინმე შეიძლება შემომედავოს, რომ ჩვენ პრაქტიკულად ამის მოწმენი ვართ და მე ამაში აბსოლუტურად დავეთანხმები, მაგრამ ამ კურსის გაფორმებას სჭირდება ფორმალური დეკლარირება. გავბედე და ჩემს თავზე ავიღე კიდევაც ასეთი პროგნოზი, რომ ჩვენ წლის ბოლოსათვის, მაღალი ალბათობით, ასეთი დეკლარირების მოწმენი გავხდებით.

ეს იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ მმართველობის სადავეები ისევე უპირობოდ იქნება „ქართული ოცნების“ ხელში, როგორც ეს დღეს არის.

  • რა მიზანი ან სარგებელი აქვს „ოცნებისთვის“ ამ იზოლაციას? რატომ უნდათ ქვეყნის ჩაკეტვა, დასავლური სამყაროსგან იზოლირება?

ჩემი ახსნა არის ბანალურად სადა და მარტივი. რა არის ევროპული პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცე? ეს არ არის მხოლოდ მხოლოდ გეოგრაფია. ეს არის გარკვეული პრინციპების ერთობა. ამას ხშირად ვეძახი დასავლურ მატრიცას.

ეს რა არის?

ეს არის სამართლის უზენაესობა, ეს არის გამართული არჩევნები, ეს არის ღია პლურალისტური საზოგადოება, ეს არის რეალურად მიუკერძოებელი მედია, ეს არის ინკლუზიური ეკონომიკა და მრავალი სხვა, რომელიც ქმნის ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისათვის აბსოლუტურად გაურკვეველ გარემოს.

და თუ პოლიტიკური ძალა კონცენტრირებული არის არა ამ პრინციპების განვითარებაზე, რომელიც თანხვედრაში არის ქვეყნის განვითარებასთან, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაზე, მაშინ ეს ყველაფერი, რაც ახლა მე ჩამოგითვალეთ, ხელშემშლელია.

ხელშემშლელია, თუ შენ ჯანმრთელად არ უდგები პროცესს, თუ შენს აუდიტორიას, შენს ამომრჩეველს, ან გნებავთ სხვა პარტიების ამომრჩეველს, შენს საზოგადოებას, არ ესაუბრები პატიოსანი პოლიტიკური ენითა და კულტურით.

ამდენად, თუ ევროკავშირი გიქმნის საფრთხეს, თუ არ შეიცვალე, თუ არ ტრანსფორმირდი, თუ არ იცვალე ფერი, სტილი, მეთოდი, მაშინ დაკარგავ ძალაუფლებას. რადგან ვერ იქნები კონკურენტუნარიანი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში და მაშინ შენ ეს ხელშემშლელი გარემოებები უნდა ამოშანთო.

არის კიდევ მეორე ვერსია, რომელიც შედარებით უფრო კონსპიროლოგიური ხასიათისაა. ეს პროცესები, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ, მხოლოდ შიდაქართული წარმოშობისაა თუ ხომ არ არის ამ პროცესებში ასევე გარედან თანამონაწილეობა?!

იმ მოვლენების ფონზე, რაც რეგიონში ხდება, რაც უკრაინაში ხდება, ალბათ ჩვენ მივადექით იმ ეტაპს, როცა ასეთი დაშვებაც შეგვიძლია გავაკეთოთ.

  • ბოლოს გკითხავთ საქართველოს თითოეული იმ მოქალაქის როლზე, რომელსაც უნდა ევროპა, აირჩია ევროპა და ახლა იცავს თავის ევროპულ მომავალს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ახლა მოქალაქემ, რომ ვერ გაბედოს მთავრობამ საბოლოოდ ევროპულ მომავალზე უარის თქმა?

ახლა უნდა ვიყო ძალიან კრიტიკული და თვითკრიტიკულიც. ჩავთვალოთ, რომ ის კრიტიკა, რომელიც გაჟღერდება ჩემს პასუხში, მათ შორის, საკუთარი თავის მიმართაც არის.

მე პირადად, რაღაც ეტაპზე შემექმნა ილუზორული წარმოდგენა, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდით შეუქცევადად, როგორც პროევროპული საზოგადოება.

ახლა, როცა პროევროპულს ვამბობ, ეს ევროპა თვითმიზანი არ არის. ეს არის ის რესურსები, რამაც შეიძლება ჩვენი ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს და ადამიანის როლი, მისი მნიშვნელობა და ღირებულება გამოკვეთოს სახელმწიფოსთან მიმართებაში.

ამიტომ ვარჩევთ ჩვენ ევროპას, ამიტომ ვარჩევთ ჩვენ დასავლეთს და არა, ეს არ არის გემოვნების საკითხი, ეს არ არის რაღაც აკვიატება, ასე ვთქვათ.

იმ პროპაგანდის პირობებში, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ, აღმოჩნდა, რომ ჩვენში თურმე ძალიან იოლად ყოფილა შესაძლებელი საბჭოთა წარსულის გაღვიძება. ძალიან მტკივნეულია იმის აღიარება, რომ ჩვენ თურმე ბოლომდე არ განვთავისუფლებულვართ იმ წარსულისგან, რასაც საბჭოთა წარსული ჰქვია. თურმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, მიდრეკილი ყოფილა შემგუებლობისაკენ, მიდრეკილი ყოფილა, ცხოვრებაში იოლი გზების ძებნისაკენ. 

ჩვენ რუკაზე ფერი კი ვიცვალეთ, თითქოსდა მივდიოდით წინ, თან არც თუ ცუდად, მაგრამ პირველწყარო ჩვენი პრობლემებისა სადღაც მაინც დარჩა.

ამ ბოლო წლებმა პრაქტიკულად გააშიშვლა ეს მიძინებული თვისებები. პროპაგანდამ, აგიტაციამ და სხვადასხვა ხერხებმა, ეს მენტალური ნაგავი წამოწია და ზედაპირზე ამოიტანა. და ჩვენ რეალურად აღმოვჩნდით ისევ იგივე დილემის წინაშე: საით წავალთ ხვალ?

წავალთ, უფრო სწორედ, გავაგრძელებთ იმ გზას, რომელსაც ავად თუ კარგად მივუყვებოდით ბოლო მინიმუმ ორი ათეული წლის განმავლობაში? თუ ისევ გადავიჩეხებით იმ წარსულში, რომელსაც ჰქვია მენტალური საბჭოეთი, მენტალური კოლონიალიზმი?

ამაში უნდა გამოვუტყდეთ ჩვენ თავს, რომ ჩვენ შეიძლება შევქმნათ მეტ-ნაკლებად გამართული მართლმსაჯულების სისტემა, მეტ-ნაკლებად გამართული პოლიცია, მეტ-ნაკლებად გამართული ეკონომიკური ინსტიტუტები, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ კი ჯერ კიდევ გასაკეთებელი გვაქვს, არის გონებაში მოსახდენი მენტალური ცვლილება.

გამოჩნდა, რომ ჩვენს მენტალურ დამოკიდებულებაში ნახტომი, ჯერ კიდევ არ მომხდარა და ეს აუცილებლად მოსახდენია, რომ წარსულთან ჩვენი ბმა და კავშირი საბოლოოდ გავწყვიტოთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: