„ყველა ნაბიჯი მიუთითებს სავალდებულო მკურნალობისკენ – ეს არის რუსული ნარატივი. რუსული ნარატივია იმის თქმაც, რომ ჩანაცვლებითი თერაპია ლეგალური ნარკომანიაა.
ეს ადამიანები არიან სახელმწიფოსთვის არასაინტერესო. ესაა ყველაზე დიდი უბედურება! ეს პროგრამები, როგორც ჩანს, მალე დაიხურება,“ – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. იგი სამედიცინო ცენტრის „ურანტის“ ხელმძღვანელია და მას „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლებითი პროგრამით სარგებლობა კერძო სამედიცინო ცენტრებში შესაძლებელი აღარ არის.
რა განზრახვა აქვს „ოცნების“ მთავრობას, რა იცვლება ამით? – „ბათუმელებმა“ ექიმ-ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო ზურაბ, კონკრეტულად რა იცვლება ოპიოდური დამოკიდებულების ჩანაცვლების პროგრამაში? – საუბარია პაციენტებზე, რომლებსაც მეტადონის ნაცვლად სხვა პრეპარატებით მკურნალობენ.
მთლიანად პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ ამ დრომდე 3500 კაციდან 47 % გადავიდა მხოლოდ. ბევრი პაციენტი მისვლისთანავე წამოვიდა უკან.
სამწუხაროდ, 50 % ამ ადამიანებისა რჩება ქუჩაში. გააგრძელეს პროგრამაში რეგისტრაცია 22 აგვისტომდე და შეიძლება კიდე 100 კაცი მიემატოს, ვინც ვერ უძლებს და ჩაეწერება ალბათ.
ეს ტენდენცია, ზოგადად, მიუთითებს იმაზე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პროგრამას მთავრობა არ განიხილავს და გარკვეული პერიოდის შემდეგ პროგრამები საერთოდ დაიხურება. განცხადებები, რომ ეს პროგრამა განკუთვნილია განკურნებასა და გამოჯანმრთელებაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს – შესაძლოა, რაღაც ახალი აქვთ მოგონილი და ნობელის პრემიაზე წარადგენენ, არ ვიცი.
- თუმცა კერძო სამედიცინო ცენტრებში ეს ადამიანები თავად აფინანსებდნენ საკუთარ მკურნალობას, ახლა მათ უფასოდ უმკურნალებენ.
აქამდეც იყო უფასოდ ხელმისაწვდომი იგივე პროგრამები, მაგრამ არ მიდიოდა ხალხი. როცა იცი, რომ პროგრამა უფასოა, რატომ არ მიხვალ და არ ჩაერთვები, თუ ყველაფერი კარგად არის იქ?
ჩანაცვლებითი თერაპიის 90 %-ს აკონტროლებდა სახელმწიფო, კერძო პროგრამებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ხელმისაწვდომი იყო მაღალი დონის სერვისი, გეოგრაფიულად გაშლილი იყო. სახელმწიფოსგან არანაირ კაპიკს არ იღებდა ეს პროგრამები.
სახელმწიფო დაახლოებით 7 მილიონ ლარს ხარჯავს წლის განმავლობაში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში. საიდან დაიხარჯება თანხები ახალი მომხმარებლებისთვის? – მაგას არავინ ამბობს. ესეც გაუგებარია ამ დროისთვის.
- თქვენ ახსენეთ კონფიდენციალურობა. რა ხარისხით იყო დაცული კერძო ცენტრებში მომხმარებლის შესახებ პერსონალური მონაცემები? სახელმწიფო უწყებებისთვის – სუსთვის, ამ პირების შესახებ ინფორმაცია მაინც ცნობილი იქნებოდა.
დიახ, ჩვენს ქვეყანაში ამის მტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი მხრიდან დაცული იყო მაქსიმალურად ამ პაციენტების მონაცემები.
კანონის მიხედვით, პაციენტს შეუძლია ანონიმურად გაიაროს ასეთი ტიპის მკურნალობა. ეს პროტოკოლი და კანონი ერთნაირია, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო პროგრამისთვის.
- რა თანხას იხდიდნენ ადამიანები კერძო სამედიცინო ცენტრებში?
ეს იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა დოზას იღებდა პაციენტი, რამდენს იღებდა და ასე შემდეგ. დაახლოებით 500-800 ლარი გამოდიოდა თვეში.
ადამიანებს უღირდათ ამ თანხის გადახდა, რადგან არ უწევდათ რიგში დგომა, ჰქონდათ წვდომა ექიმთან, ფსიქოლოგთან. გარდა ამისა, ჰქონდათ დეტოქსის ჩატარების საშუალება. აქ დადიოდნენ დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი აქვთ, კარგ პოზიციებზე მუშაობენ, შეეძლოთ ამ თანხის გადახდა და დაცული მომსახურების მიღება. მათ ნამდვილად არ სურთ საკუთარი ვინაობის გამჟღავნება: საქართველოში როცა ადამიანი წამალდამოკიდებულია, ის კრიმინალთან არის ასოცირებული, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მიერ.
- ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა კონკრეტული ბრალდებები კერძო პროგრამების მიმართ, მათ შორის ის, რომ, მაგალითად, ერთი და იგივე პირი ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებასო.
ასე სახელმწიფო პროგრამის უამრავი პაციენტი იყო ჩვენთან, რომელსაც ჩვენ ვავლენდით და ვუშვებდით უკან. ჯამში 15 000 პაციენტში 2 პროცენტამდე თუ იღებდა მომსახურებას ორ ცენტრში – სასაცილოა ეს ყველაფერი. მაგის პრევენციის მექანიზმებიც გვქონდა – იქ [სახელმწიფო პროგრამაში] სხვა პრეპარატია და აქ სხვა პრეპარატი.
- რა იცვლება კონკრეტულად პაციენტებისთვის? მაგალითად, ვინც ბათუმშია და სარგებლობს ჩანაცვლებითი თერაპიით, ივლიან ნარკოლოგიურში, სადაც მეტადონიც გაიცემა?
დიახ. შეგიძლიათ მიხვიდეთ დილით და გადაიღოთ, რა ხდება: ინფრასტრუქტურა რა მდგომარეობაშია, რა სერვისს იღებენ სახელმწიფო პროგრამის პაციენტები, რა პირობებში უწევთ ექიმებს და ექთნებს მუშაობა, რა ხელფასი აქვთ? პაციენტს ჰკითხეთ, რამდენჯერ ნახა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ექიმი, ან ფსიქოლოგი, როცა შეიძლება ხუთი წელი და რვა წელი იქ დადის?
ეს ადამიანები არიან სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად არასაინტერესო. ესაა ყველაზე დიდი უბედურება! ეს პროგრამები, როგორც ჩანს, მალე დაიხურება.
- რატომ გაქვთ ეს განცდა, რომ ნარკომომხმარებლების სამკურნალო, ან სარეაბილიტაციო პროგრამები დაიხურება?
აქეთკენ მიდის ყველაფერი. თუ ეს ნარატივი გაგრძელდა, აუცილებლად დახურავენ. ეს შეეხება მეტადონის პროგრამასაც.
მეტადონი ყოველთვის მხოლოდ სახელმწიფო პროგრამა იყო. ჩვენ გვქონდა ბუპრენორფინი ნალოქსონთან ერთად, რომელიც ზოგადად მსოფლიოში ნარკოტიკადაც არ ითვლება – მესამე ჯგუფშია, ფსიქოტროპული პრეპარატია და მას სხვაგვარი რეგულაცია აქვს კონტროლის.
- რა ელის იმ პაციენტს სამართლებრივად, ვინც არ გადავა სახელმწიფო პროგრამაში?
ვინც ქუჩაში დარჩება და მოიხმარს არალეგალურ ნარკოტიკს, კანონი, მოგეხსნებათ, გამკაცრებულია – ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან… ფაქტია, რომ მიმართავენ შავ ბაზარს, რად უნდა ამას ლაპარაკი?
ისევ გაჩნდება ბაზარზე მძიმე ნარკოტიკები და გვექნება ის, რაც ხდება ამ დროს: ზედოზირება, ინფექციის გაზრდა, კრიმინალის გაზრდა, შავი ბაზრის გააქტიურება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკვე ნანახი გვაქვს ბევრჯერ.
- თქვენი დაკვირვებით, რა გათვლით მოქმედებს „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა? როგორც ვიცით, რუსეთშიც გაუქმებულია მსგავსი ჩანაცვლებითი პროგრამები…
რუსეთში არც არსებობდა ჩანაცვლებითი პროგრამები. ყველა ნაბიჯი მიუთითებს სავალდებულო მკურნალობისკენ – ეს არის რუსული ნარატივი. რუსული ნარატივია იმის თქმა, რომ ჩანაცვლებითი თერაპია ლეგალური ნარკომანიაა.
ზუსტად ეს ნარატივი აქვს რუსეთის მთავარ ნარკოლოგს და ზოგადად რუსეთის ნარკოლოგიას, რასაც დღეს ამბობს ჩვენი მთავრობა. რუსეთის ნარკოლოგია ამბობს, რომ ჩანაცვლებითი თერაპია არის ლეგალური ნაკომანია. ამას გვეუბნება საქართველოს მთავრობაც, რომ ჩვენ თურმე ნარკოტიკს ვაძლევთ იმას, ვისაც ეს არ სჭირდება, დიდხანს და განზრახ ვაჩერებთ პროგრამაში, კომერციული ინტერესები გვაქვს და წამლის გასაღება გვინდა. ეს ყველაფერი არის სრული ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს.
შეეძლოთ, ამ დრომდე შეემოწმებინათ ჩვენი საქმიანობა. წარმოიდგინეთ, 15 აგვისტოს უნდა შეჩერებულიყო ჩვენი საქმიანობა და 14-ში შეგხვდნენ – ფაქტობრივად, ტელევიზორიდან გავიგეთ, დახურვას რომ გვიპირებდა სამინისტრო. მანამდე სამინისტროს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია ჩვენთან. ასე ხდება იმიტომ, რომ ტყუილს ამბობენ და თვითონაც იციან, რომ ამას ჩვენ ვხედავთ.
თქვენ წარმოიდგინეთ, ჩინეთშიც კი არის ჩანაცვლებითი თერაპია. ბელარუსშიც არის ჩანაცვლებითი თერაპია.
ყირიმში იყო პრეცედენტი, როცა რუსეთი შევიდა და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები ზუსტად ერთ დღეში დახურეს. ამას მოჰყვა ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ზედოზირებით, ბევრი დაიჭირეს, ვინც მოასწრო უკრაინაში გადასვლა – გადარჩნენ, დანარჩენები კი, სადღაც მოათავსეს ვითომ სარეაბილიტაციო ცენტრებში და ძალინ ცუდი შედეგები დადგა.
მოკლედ, ყირიმის მაგალითია დაახლოებით ის, რაც გველის ცოტა ხანში აქ, საქართველოში.
მთავარი მიზანი ჩანაცვლებითი პროგრამის არის ის, რომ ადამიანმა არ მოიხმაროს არალეგალური ნარკოტიკი, არ ჩაიდინოს კრიმინალი, არ გადადოს სხვას ინფექცია, არ მოახდინოს შავი ბაზრის სტიმულირება და მიიღოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი დოზა, ჩაიტაროს ფსიქორეაბილიტაცია, თუ გასვლა მოუნდება პროგრამიდან, დაეხმარონ გასვლაში და ასე შემდეგ.
პირდაპირ თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, რომ რამდენიმე ხანში მოუწევთ პრეპარატის შეცვლაც. ესეც უკვე გაცხადებულია, რომ ამ ადამიანებს სავარაუდოდ მეტადონზე გადაიყვანენ, ან დეტოქსს ჩაუტარებენ…
- თქვენი აზრით, რატომ აწყობდა „ოცნებას“ ამ სფეროში რუსული მოდელის გაზიარება? შეიძლება აქ იყოს პოლიტიკური მიზნები? გვახსოვს, როგორ გამოიყენა „ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ მათ შორის მეტადონის პროგრამით მოსარგებლეები.
მათი მიზანია, სრულ კონტროლში ჰყავდეთ ეს ადამიანები და ჩაუტარონ სავალდებულო მკურნალობა. ეს არის ზუსტად ის ნარატივი, რაც რუსეთშია – ერთი-ერთშია ყველაფერი.
იმედია, ოდესმე ვინმე დაინტერესდება, რატომ გაწირეს ამდენი ადამიანი.
ამიტომაც არის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ზედოზირებით გარდაცვალების, ასევე, ინფექციები. რუსეთში პირდაპირ ჩაწერეს კანონში, ვინც გაუწევს პროპაგანდას ჩანაცვლებით თერაპიას, შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.
- აქეთკენ მივდივართ, ასე ფიქრობთ?
შემდეგი ნაბიჯი არის ის, რომ ყველა პროგრამა დაიხურება გარკვეული დროის განმავლობაში – ამას ვნახავთ. თუ მედიკამენტს არ შეისყიდიან წელს, შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამები აღარ გაგრძელდება.
სახელმწიფო დღეს მთლიანად აუქმებს კერძო ბიზნესის, კერძო მიმწოდებლების მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანას. აქ გარდა ნარკოლოგიისა, არის ონკოლოგია, ფსიქიატრია, ქირურგია, ანესთეზიოლოგია და ასე შემდეგ, უამრავი დარგია, რომელიც ხმარობს სპეც-კონტროლის წამლებს და შესაბამისად, პირველი ოქტომბრიდან არცერთ იმპორტიორ კომპანიას აღარ აქვს უფლება, შემოიტანოს ასეთი მედიკამენტები.
სახელმწიფო ვის მისცემს უფლებას, რომ რაღაცა აკეთოს – ვის არ მისცემს, ანუ სრული მონოპოლია, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას ქვეყანაში. მაგალითად, ოთხი თვე არ არის „ციკლოდოლი“ ქვეყანაში. ეს არის პრეპარატი, რომელსაც ხმარობს ფსიქიატრია მძიმე ფსიქიკური აშლილობების დროს, გარკვეული მედიკამენტების მიღების დროს, კორექტორია. ახლაც უნდა შემოიტანონ, მაგრამ ვერ შემოაქვთ, ანუ ფაქტობრივად ვრჩებით მედიკამენტების გარეშე. რა გითხრათ, ქვის ხანა იწყება!
- ჯანდაცვის მინისტრმა შესთავაზა კერძო სამედიცინო ცენტრებს დასაქმება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რას აპირებთ?
არავინ არ გადადის, რადგან ზუსტად იციან, რა მონურ და მძიმე პირობებში მოუწევთ მუშაობა. ჩემგან ერთი, თუ ორი ექიმი გადავიდა მხოლოდ. სამწუხაროდ, ყველა ეს ადამიანი ქუჩაში დარჩა.






