სოფელ დაგვაში მაღაზია გაქურდეს – წაღებულია 3 ათასი ლარის სიგარეტი და არაყი

ქობულეთში, სოფელ დაგვაში საკვები პროდუქტების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გუშინწინ, ღამით მოხდა.

მაღაზიიდან დაახლოებით სამი ათასი ლარის ღირებულების თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები წაიღეს. მაღაზია დაგვაში მცხოვრებ მურად თურმანიძეს ეკუთვნის.

“მაღაზიას რკინის კარი ჰქონდა და დილით მესაკუთრეს კარი გამოგლეჯილი დახვდა… ეს მაღაზია სოფლის ცენტრში, სამანქანე გზის პირას, განათებულ ადგილასაა,” – გვითხრა ნარგიზ ბერიძემ, ქობულეთის მერის რწმუნებულმა სოფელ დაგვაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება ქურდობის მუხლით. დაკავებული ამ დრომდე არავინაა.

 

ტყუილია, თითქოსდა ვენაში ტურისტულ გამოფენაზე სომხური კომპანია გერგეტის ფოტოებით წარსდგა 

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება ყალბი ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ თითქოსდა „ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გახსნილ ტურისტულ გამოფენაზე, სომხეთი თბილისისა და გერგეტის სამების ხედების ფოტოებით წარსდგა“. გაყალბებული ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ქართველმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ფოტოს 800-მდე გაზიარება აქვს და შეიცავს სიძულვილის კომენტარებს სომეხი ხალხის მიმართ.

საქმე იმაშია, რომ გაყალბებულ ფოტოს რეალურ ვერსიაში მოცემულია ქართული და სომხური ძეგლები  წარწერით – Armenien და Georgien. ფეისბუქ მომხმარებელმა კი გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ძეგლები მითითებით – Armenien
გაყალბებული ფოტო

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამოფენილი სტენდის მფლობელი კომპანიის ქართველ წარმომადგენელს. „მე და ჩემი სომეხი პარტნიორი ერთობლივი სტენდით ვიყავით ავსტრიაში გამოფენაზე წარმოდგენილი. უკვე სამი წელია სწორედ მასთან ერთად ვაკეთებ საგამოფენო სტენდს. ეს არის ჩვენი საერთო სტენდი, რომელზეც ნაწილობრივ წარმოდგენილია ქართული და ნაწილობრივ სომხური ღირსშესანიშნაობები“, – აცხადებს კომპანია Arcus Georgias მფლობელი ხათუნა სიმონიშვილი. ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ამ ფოტოს გაყალბებისა და სიძულვილის შემცველი კომენტარების შესახებ მისი პარტნიორისთვისაც გახდა ცნობილი, რამაც დიდი უხერხულობა შეუქმნა.

დაახლოებით სამი საათის წინ, სწორედ ამ ყალბი ფოტოს ვირუსულად გავრცელებას მოჰყვა ავსტრიაში საქართველოს საელჩოს განცხადება, რომელიც საელჩომ თავის ფეისბუქგვერზე განათავსა: „გვსურს გამოვეხმაუროთ ვენაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე – Ferien-Messe Wien-ზე – საგამოფენო სტენდთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ, Ferien-Messe-ზე, რომელიც გაიმართა 2019 წლის 10-13 იანვარს, 80 ქვეყნის 800 კომპანიას შორის წარმოდგენილი გახლდათ სომხური ტურისტული კომპანია „Arcus tours“-ის სტენდიც, სადაც ტურისტული კომპანია მსურველებს სთავაზობდა ტურებს როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში. შესაბამისად, სტენდებზე წარმოდგენილი გახლდათ ორივე ქვეყნის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტო-მასალა, შესაბამისი მკაფიო წარწერით.

სამწუხაროდ, სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელებულ ფოტოზე სტენდი სრული მოცულობით არ არის გადაღებული და მოჭრილია ბანერზე არსებული წარწერა GEORGIEN (საქართველო), რაც მცდარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე“.

მთავარი ფოტო: სტენდი, რომლის შესახებაც ქართველმა მომხმარებელმა ყალბი ინფორმაცია გაავრცელა

„მუშავდება ეკო-მეგობრული ჰესის პროექტი“ – კომპანია მაჭახლის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე

მშენებელი კომპანიის ხეობაში გამოჩენამდე, მოსახლეობა სოფელ აჭარის აღმართში ახალი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. მაჭახლის ხეობის ნაწილი დაცული ტერიტორიაა. მოსახლეობის თქმით, ხეობაში გეოლოგები უკვე გამოჩნდნენ, რომლებიც ჰესის მშენებლობისთვის ადგილს სწავლობენ.

გუშინ, 23 იანვარს, მოსახლეობას ხელვაჩაურის მერი შეხვდა, თუმცა მან არც გუშინ და არც დღეს „ბათუმელების“ შეკითხვებს არ უპასუხა. „აჭარის ტელევიზიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხელვაჩაურის მერი ამბობს, რომ არ იცის, რას სწავლობენ გეოლოგები ხელვაჩაურში.

მაჭახლის ხეობაში, სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში მცხოვრები როინ მალაყმაძე მიიჩნევს, რომ ხეობას განვითარების სხვა პერსპექტივა აქვს და ჰესი არ უნდა აშენდეს. მისივე თქმით, თავად ესაუბრა გეოლოგებს, რომლებიც ხეობაში სხვადასხვა ადგილას ახლაც მუშაობენ და გაიგო, რომ ხეობაში შვიდკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

„გეოლოგებმა თქვეს, რომ მიმდინარეობს მზადება ამ ჰესის მშენებლობისთვის, სხვა არავინ მოსულა, არც კომპანიის და არც მთავრობის წარმომადგენელი… მართალია, მემორანდუმი არსებობს, მაგრამ შესაძლებელია მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მისი შეწყვეტა, აღარ უნდა გაგრძელდეს მაჭახლის ხეობით ვაჭრობა. ხეობის ნაწილი გამოცხადებულია დაცულ ტერიტორიად, ანუ ეროვნულ პარკად. ახლა ეწყობა ეთნოსოფლის პროექტი. ბათუმთან სიახლოვე განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა და მოსახლეობაც ნელ-ნელა უბრუნდება მიტოვებულ სახლებს. მოსახლეობა არ დაუშვებს აქ ჰესის მშენებლობას. მერი დაგვპირდა შეხვედრის დროს, თუკი მოსახლეობა წინააღმდეგია, არ აშენდებაო და ვნახოთ,“ – გვითხრა როინ მალაყმაძემ.

ჰესის აშენებას მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს. ამ კომპანიის 100 პროცენტიან წილს „სილქ როუდ ენერჯი“ ფლობს. თავიანთ გეგმებზე კომპანიიდან „ბათუმელების“ კითხვებს წერილობით უპასუხეს.

„მიმდინარეობს კონცეპტუალურ პროექტზე მუშაობა, რომელიც საჭიროებს წინასაინჟინრო კვლევების წარმოებას [ტოპოგრაფია, ჰიდროლოგია, გეოლოგია]. გეოლიგიური კვლევების ჩატარების ვალდებულება გამომდინარეობს მემორანდუმიდან და იგი მოიცავს მხოლოდ ბურღვით სამუშაოებს ყოველგვარი დამატებითი ღონისძიებების გარეშე, არ იჭრება ხის ნარგავები, არ ხდება გზების გაყვანა, არ ხდება რაიმე უარყოფითი ზემოქმედება მაცხოვრებლების ყოფით პირობებსა თუ საკუთრებაზე.

ახალი კანონმდებლობის თანახმად, მზადდება გარემოსდაცვითი სკოუპინგის ანგარიში, რომელიც დასრულების შემდეგ გაეგზავნება გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხეობაში საჯარო განხილვების ორგანიზებისთვის. ამის შემდეგ მომზადდება გარემოსდაცვითი დოკუმენტი სრულყოფილად,“ – მოგვწერეს კომპანიიდან „სილქ როუდ ენერჯი“.

რა პარამეტრები ექნება ჰიდროელექტროსადგურს, რომლის აშენებაც მაჭახლის ხეობაში იგეგმება – კომპანიაში გვითხრეს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჰესს, რომელიც ხეობაში უნდა აშენდეს, კომპანია „ეკო-მეგობრულს“ უწოდებს.

„ამ ეტაპზე მზადდება მხოლოდ კონცეფცია, რომლის საფუძველზეც მთავრობა და აქციონერები მიიღებენ გადაწყვეტილებას ჰესის სარგებლიანობის მიმართულებით. ზოგადად, მუშავდება მდინარის ჩამონადენზე მოქმედი ეკო-მეგობრული 30 მგვტ-მდე სიმძლავრის  მცირე ჰესის პროექტი. ეკო-მეგობული, ვინაიდან ჰესის დამფინანსებლებად მოიაზრებიან მაღალი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ევროპული, საფინანსო ინსტიტუტები,“ – აღნიშნულია კომპანია „სილქ როუდ ენერჯის“ მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

კომპანიას ასევე მივწერეთ, რომ მოსახლეობა ხეობაში ჰესის აშენების წინააღმდეგია. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ობიექტური და სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შემდეგ, წინააღმდეგობა აღარ იქნება.

ჰესის მშენებლობის დაწყებამდე მოსახლეობის პროტესტი გარემოსდამცველ დავით ჭიპაშვილს აჩვენებს იმას, რომ ეკოლოგიური ზიანის გარდა, მოსახლეობას აღარ სჯერა ჰიდროელექტროსადგურებისგან სარგებლის მიღების. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დაუშვებლად მიიჩნევს მაჭახლის ხეობაში ჰესის აშენებას. მისი თქმით, ვერც ხელისუფლება და ვერც კომპანია ვერ დაასაბუთებს დაცულ ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობის აუცილებლობას.

„არა მხოლოდ აქ, ზოგადად, ჰიდროელექტრო სადგურების შემთხვევაში პროექტები არის დაუსაბუთებელი. გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს აზრი ეკარგება ამ პროცესში, რადგან წინასწარ სახელდება, რა პარამეტრებით შენდება სადგური. აჭარაში მოსახლეობამ ასევე კარგად იცის და ხედავს, რა მოხდა „შუახევი ჰესის“ შემთხვევაში, რომელიც ახლაც დანგრეულია და დღემდე გაურკვეველი ვითარებაა. ამ ფონზე ძალიან რთული იქნება კომპანიამ დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ეს პროექტი იქნება თუნდაც გამონაკლისი.

ჩემი აზრით, ის მომენტი, რომ მოსახლეობა ახლა, ანუ კომპანიის ხეობაში გამოჩენამდე გამოხატავს პროტესტს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოსახლეობა დასაწყისშივე ეუბნება კომპანიას, რომ არ მისცემს ჰესის მშენებლობის უფლებას და ნუ დახარჯავს ტყუილად ფულს. ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია საპროტესტო აქციების შემდეგ ჰესის მშენებელი კომპანიის კომენტარი, ფული უკვე დავხარჯეთ და ჩვენც ცოდო ვართო… ამას რომ თავი დავანებოთ, ტყუილად კი არ ჰქვია ამ ადგილს დაცული ტერიტორია. ეს არის ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილი. შესაბამისად, ტურისტი ხეობაში ჰესის სანახავად არ მივა,“ – აღნიშნავს დავით ჭიპაშვილი, „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი.

„სილქ როუდ ენერჯიში“ ირწმუნებიან, რომ ჰესი დაცული ტერიტორიისგან მოშორებით აშენდება.

 

 

 

აჭარაში 2019 წელს 2 მილიონ ტურისტს ელოდებიან

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2019 წელს რეკლამაზე 5 მილიონ ლარს დახარჯავს. ეს თანხა 16 სამიზნე ქვეყანაში დაიხარჯება. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ისრაელი, უკრაინა, ლიეტუვა, პოლონეთი,ბელარუსი, რუსეთის ფედერაცია, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. მე-17 ქვეყანა, შიდა ტურიზმზე გათვლილი აქტივობებით, საქართველო იქნება.

სარეკლამო თანხა არა ქვეყნების, არამედ აქტივობების მიხედვითაა გადანაწილებული.

“მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯება სატელევიზიო რეკლამისთვის. აქ იგულისხმება საერთაშორისო სატელევიზიო არხებზე აჭარის და ბათუმის შესახებ საიმიჯო და სარეკლამო შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსება. ასევე ვგეგმავთ მილიონ ცხრაასი ათასი ლარი დავხარჯოთ ინტერნეტ რეკლამაზე და ავითვისოთ ის დიდი პლატფორმები, როგორიცაა ფეისბუქი, ინსტაგრამი, გუგლი და იუთუბი. გარერეკლამაზე დაიხარჯება მილიონ ლარზე მეტი. ინფო ტურებისთვის 300 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისთვის [სულ 27 საერთაშორისო გამოფენაა 2019 წელს], 200 ათასი ლარი,” – ამბობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.

თამარ კაიკაციშვილის თქმით, რეკლამაზე თანხა არ დაიხარჯება რუსეთის ფედერაციაში.

“რუსეთი არის სამიზნე  ქვეყანა, მაგრამ, როგორც ასეთი, რომ ჩვენ რაიმე ტიპის სარეკლამო აქტივობებს ვგეგმავდეთ, არა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სატელევიზიო რეკლამა ჩვენ რუსეთში არ გვაქვს, არც გარერეკლამა. აქტიურ სარეკლამო კამპანიას რუსეთის მიმართულებით ნამდვილად არ ვგეგმავთ. ჩვენ ვთანამშრომლობდით სიენენთან, ევრონიუსთან, დოიჩე ველესთან, ბიბისისთან, რომლებსაც აქვთ წვდომა ძალიან ბევრ ქვეყანაზე და, შესაბამისად, რუსეთიც მათი დაფარვის ზონაშია,” – ამბობს თამარ კაიკაციშვილი.

თამარ კაიკაციშვილის თქმით, 2019 წელს აჭარაში ორ მილიონამდე ტურისტს ელიან.

“2018 წელს გვქონდა დაახლოებით 15 %-იანი ზრდა, რაც ძალიან კარგია. შესაბამისად, ველოდებით, რომ ეს ციფრი, დაახლოებით ორ მილიონ საერთაშორისო ვიზიტორამდე გაიზრდება,” – ამბობს თამარ კაიკაციშვილი.

ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს, აჭარა 1.8 მილიონმა ტურისტმა მოინახულა.

მისი თქმით, ამ პროგნოზის გაკეთებას უცხოური ტურისტული კომპანიების მხრიდან აჭარით დაინტერესება და აეროპორტში გაზრდილი ჩარტერული რეისები აძლევს.

 

 რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე 

ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ბათუმის პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გზშ-ს არ ექვემდებარება. ეს ცვლილება, ძირითადად, მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების [გრანულირებული კარბამიდი] გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას გულისხმობს. მაგრამ, იქნება თუ არა უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალი ბათუმში?

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ, რომ მინისტრის აღნიშნული ბრძანებით [სკრინინგის გადაწყვეტილებით], არ არის დაცული პროცედურები, როგორც იურიდიულად, ასევე გარემოს დაცვითი თვალსაზრისით.

„როდესაც გაქვს ასეთი დაპირისპირება [აქციები ბათუმში], გარემოს დაცვის სამინისტრო ვალდებული იყო სრული გზშ ჩაეტარებინა. კიდევ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ არის დარღვევა – შეტანილია ცვლილება თავად პორტის ოპერირების 2009 წლის ნებართვაში, მაშინ როცა ახალი ტერმინალის მშენებლობაზე ახალი გზშ უნდა მომზადებულიყო“, – აცხადებს „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე. – „როდესაც ახალი ტერმინალი შენდება ასეთ დასახლებულ ადგილში, სადაც უკვე არის საკმაოდ დიდი ზემოქმედება [მერე რა, რომ პორტის ტერიტორია უკვე ათვისებული და დეგრადირებულია], აქ დამატებითი ზემოქმედება შეიქმნება. სწორედ ამიტომ ძველი ნებართვა კი არ უნდა ჩაესწორებინათ, არამედ ახალი გზშ-ს სრული ანგარიში უნდა გაეკეთებინათ. არსებული ინფრასტრუქტურის ზემოქმედებაც უნდა შეესწავლათ და ისიც, ამ ახალს რა ზემოქმედება ექნება“.

სკრინინგის პროცედურიდან მინისტრის გადაწყვეტილებამდე

გზშ-ს კოდექსით, სკრინინგი არის პროცედურა, რომლითაც დგინდება, თუ რომელი პროექტი ან ღონისძიება მოითხოვს გარემოზე ზემოქმედების სრულ ან ნაწილობრივ შეფასებას. ეს პროცედურა საქართველოში 2017 წელს იმ მიზნით დაინერგა, რომ ხელი შეუწყოს საქმიანობის განმხორციელებელს დაზოგოს ფინანსები და დრო, რათა წინასწარ არ მოამზადოს გზშ-ს სრული ანგარიში ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ დაექვემდებაროს გზშ-ს.

ტერმინალის შემთხვევაში, სკრინინგის პროცედურის შემდეგ, მინისტრმა გადაწყვიტა, რომ ტერმინალის მშენებლობა და ექსპლუატაცია არ ექვემდებარება გზშ-ს.

ბათუმის ნავსადგურმა, სამინისტროს, სკრინინგის განცხადებით 2018 წლის 17 დეკემბერს მიმართა და წარუდგინა ტერმინალის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი, რომელიც შპს „გამა კონსალტინგმა“ მოამზადა.

სამინისტროს ინფორმაციით, ნავსადგურის მიერ წარდგენილ სკრინინგის განცხადებაში მითითებული იყო, რომ „სამი ნავმისადგომი (N7, N8 და N9) გამოყენებულია სხვადასხვა ნაყარი და გენერალური ტვირთების ოპერირებისთვის. ნაყარი ტვირთებიდან აღსანიშნავია: შაქარი, მარცვლეული, ქვანახშირი, კლინკერი, ცემენტი, სპილენძის კონცენტრატი, მანგანუმის მადანი, სილიკომანგანუმი, ბარიტი, კვარციტი, კარბამიდი, გრანულირებული გოგირდი, კაოლინის თიხა, პერლიტი და სხვა.“ განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიხედვით, ნავსადგურს გააჩნია გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის უფლება.

სამინისტრომ ნავსადგურს წერილობით აცნობა, რომ გრანულირებული გოგირდისა და კარბამიდის ოპერირებაზე არაფერია ნათქვამი 2009 წელს მომზადებულ „ნავსადგურის მიმდინარე საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში“. შესაბამისად, აღნიშნული საჭიროებდა დაზუსტებას.

„ამასთან, წარმოდგენილი სკრინინგის განცხადება ეხება გრანულირებული კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას და, შესაბამისად, გოგირდის ნაყარი ტვირთის ოპერირება არ განიხილება“, – მიწერეს ნავსადგურს სამინისტროდან.

სამინისტრომ ნავსადგურისგან მე-7 ნავმისადგომზე წარმოქმნილი [საწარმოო და სანიაღვრე] ჩამდინარე წყლების გაწმენდის, ასევე ნაყარი ტვირთების მიღება/გადატვირთვის დეტალური ტექნოლოგიური სქემები მოითხოვა. ამასთან, ნავსადგურს მოსთხოვეს სკრინინგის განცხადებაში დაეზუსტებინა ინფორმაცია კარბამიდის შენახვის პირობებისა და დატენიანების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების შესახებ.

შენიშვნების გათვალისწინებით, სკრინინგის განახლებული განცხადება ნავსადგურმა სამინისტროს 2018 წლის 28 დეკემბერს წარუდგინა. ამ განცხადების საფუძველზე კი, მინისტრმა ბრძანებას, ტერმინალის გზშ-ს გარეშე აშენების შესახებ, ხელი გუშინ, 2019 წლის 23 იანვარს მოაწერა.

მინისტრის ბრძანება და ტერმინალის მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

მართალია, სკრინინგის გადაწყვეტილება კარბამიდის გადატვირთვას ეხება, თუმცა ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ბათუმის პორტის ახალი ტერმინალიდან დასაშვებია შემდეგი სახის სატრანზიტო ტვირთების გადატანა:

  • აზოტის მინერალური სასუქები: კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები.
  • ფოსფატის სასუქები: მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტრო ფოსფატების სხვადასხვა სახეობები; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი.
  • ნედლეული: გოგირდი; გრანულირებული გოგირდი; არაგრანულირებული გოგირდი ან კოშტისებრი გოგირდი ბიგ-ბეგებში; ფოსფორიტები.

ამ თემაზე: რა ქიმიურ ნივთიერებებს გადაზიდავენ ახალი ტერმინალიდან – ხელშეკრულების დეტალები

„ორ კომპანიას შორის კონტრაქტზე, რომელმაც შეიძლება გარემოს ზიანი მიაყენოს, პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა აიღოს. ფაქტობრივად, კომპანია შევიდა სამინისტროში წინადადებით, რომ ბევრი ნივთიერების გადატანა უნდა და სამინისტრომ უთხრა, რომ დანარჩენი ძველ ნებართვაშია და შენ მხოლოდ კარბამიდი გაგაქვსო. მართალია, სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე არ აქვთ სხვა ნივთიერებების გადაზიდვის უფლება, მაგრამ ვინ გააკონტროლებს? კონტროლის მექანიზმი როგორი იქნება? ეს ხომ კერძო კომპანიის ტერმინალია… ამიტომ იყო სრული გზშ-ს მომზადება საჭირო, რომ დაგვენახა – თუ რაღაც ნივთიერებების გადატანა არ შეიძლება, უნდა აიკრძალოს საერთოდ და მკაცრი სასჯელი უნდა იყოს განსაზღვრული, რომლის დარღვევაც შემდეგ ძალიან პრობლემური იქნება“, – ამბობს მანანა ქოჩლაძე.

მისივე თქმით, სკრინინგის პროცედურით, „მაგალითად, პორტი ამბობდა, რომ საცხოვრებელი სახლი არის ტერმინალიდან 65 მეტრში და ამ დროს აღმოჩნდა, რომ 54 მეტრშია… უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ავარიული სიტუაცია იქნება, ამ ყველაფერს გარკვეული უარყოფითი ზეგავლენა ექნება მოსახლეობაზე“.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „პროექტის შესახებ 2019 წლის 18 იანვარს საქმიანობის განმახორცილებლის მიერ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში. კომპანიამ წარმოადგინა პროექტის პრეზენტაცია და მოსახლეობას გააცნო ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები“.

მართალია, 18 იანვარს ასეთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა არც მოსახლეობისთვის და არც იმ ჯგუფისთვის, ვინც ბათუმში ტერმინალის მშენებლობას ეწინააღმდეგება, ამ დრომდე არავის განუმარტავს, რა გარანტიები არსებობს, რომ პროექტი უსაფრთხოა. არადა, მერიაში ამ შეხვედრამდე და შემდეგშიც ბათუმში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ამ თემაზე: რამდენად საშიშ ნივთიერებებს გადაიტანენ ტერმინალიდან – ქიმიკოსები VS მოწინააღმდეგეები

როგორ იმუშავებს ტერმინალი

ტერმინალის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის მიხედვით:

„დღემდე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე შემოტანილი ნაყარი ტვირთები თავსდება ნავმისადგომების სახმელეთო ნაწილზე ნაყარების სახით და შემდგომ ამწე მექანიზმის გრეიფერის საშუალებით თავსდება გემის ტრიუმში. გამომდინარე აღნიშნულიდან, ნაყარი ტვირთების ოპერირების ტექნოლოგიური პროცესი (ხმელეთიდან გემში და პირიქით) ხორციელდება რამდენიმე ეტაპად და ღია სივრცეში, რაც განაპირობებს მტვრის გავრცელების მაღალ რისკს.

ნაყარი ტვირთების გადასატვირთი ტერმინალის მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტი კი ითვალისწინებს, სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომლის საშუალებით ნაყარი ტვირთების მიღება, დასაწყობება და გადატვირთვა [საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ასევე პროდუქციის გემიდან მიღებაც] მოხდება დახურული ციკლით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მტვრის ემისიის რისკებს“.

პროექტის მიხედვით ტერმინალის შემადგენლობაში დაგეგმილია შემდეგი ინფრასტრუქტურის მოწყობა:

[checklist]

  • ნაყარი ტვირთების მიმღები ბაქანი, სადაც მოწყობილი იქნება ვაგონებიდან ტვირთის ე.წ. ქვედა ჩამოცლის სისტემა და მიწისქვეშა ბუნკერი;
  • ორი ერთეული საწყობის შენობა;
  • ლენტური კონვეიერების სისტემები, რომლებიც განთავსებული იქნება დახურულ გალერეებში;
  • პროდუქციის გემის ტრიუმში ჩატვირთვის სისტემა;
  • მტვრის ემისიის მინიმიზაციის მიზნით დამონტაჟდება აირგამწმენდი სისტემები.

[/checklist]

ტერმინალის ინფრასტრუქტურის განლაგების სქემა

„რკინიგზის სადგურ ბათუმი სატვირთოდან, ტერმინალის ჩამოსაცლელ პუნქტში ვაგონების შემოყვანა მოხდება ნავსადგურის სარკინიგზო ჩიხის საშუალებით. პროდუქციის ჩამოცლის პუნქტში განთავსდება ერთი ვაგონი, საიდანაც ტვირთი ჩაიცლება მიწისქვეშა ბუნკერში. მიწისქვეშა ბუნკერიდან საწყობში გადატანა მოხდება ლენტური კონვეიერის საშუალებით რომელის ნაწილი განთავსებული იქნება გვირაბში, ხოლო შემდეგ გალერეაში. საწყობებიდან პროდუქციის გემის ტრიუმში ჩატვირთვის მიზნით, ორივე საწყობის იატაკის ქვეშ გათვალისწინებულია მიწისქვეშა ბუნკერების მოწყობა. საწყობიდან ტვირთი ჩაიცლება ბუნკერში, საიდანაც ჩამტვირთველის საშუალებით მოხდება მისი გატანა გემის ტრიუმში.

კარბამიდი წარმოადგენს თეთრი ფერის ნივთიერებას, რომელიც უსუნოა და კარგად იხსნება წყალში. პროექტის მიხედვით, საპროექტო ტერმინალის საშუალებით დაგეგმილია წელიწადში 1 მლნ ტონამდე გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნავმისადგომზე განხორციელდება სხვა სატვირთო ოპერაციებიც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ტერმინალიდან ტვირთის გადატვირთვას ადგილი არ ექნება“, – აღნიშნულია პროექტში.

პროდუქციის ქვედა ჩამოცლის სისტემით ჩამოტვირთვის მაგალითი / ფოტო პროექტიდან
ნაყარი ტვირთების ტიპიური დახურული საწყობის მაგალითი / ფოტო პროექტიდან

 

 

 

 

 

 

 

ლენტური კონვეიერი გალერეაში / ფოტო პროექტიდან
გემის მობილური დამტვირთავი / ფოტო პროექტიდან

 

 

 

 

 

 

 

ახალი ინტერესები ბათუმის პორტში

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

გასული წლის მარტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნული იყო, რომ პროექტის პარტნიორია ტრეიდერული კომპანია – Trammo AG და პროექტი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით ხორციელდება.

ბათუმის მერიას ტერმინალის მშენებლობის ნებართვა ჯერ არ გაუცია.

„ბათუმელებმა“ კი, დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ამ პროექტს ახორციელებენ გიორგი ზარიძე, დიმიტრი აბდუშელიშვილი და ასევე უზბეკეთის მოქალაქე ალიშერ იკრამოვი. ისინი სხვა კომპანიაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის პარტნიორები არიან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში. კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება – მაშინ, როცა ბათუმში ტერმინალის მშენებლობას აქციებით აპროტესტებდნენ, თიბისი ბანკის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და მამუკა ხაზარაძე დაკითხა. 

გასულ კვირას ბათუმში მყოფმა ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ თიბისის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ამ ბანკში ამერიკელი მფლობელიც არის.

2018 წლის დეკემბერში, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ღიად ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ ისაუბრა.

ამ თემაზე: ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს

ტერიტორია [წითელი ფერით] რომელიც აღნაგობის უფლებით ბათუმის ნავსადგურმა სხვა კერძო კომპანიას გადასცა აქ ახალი ტერმინალის ასაშენებლად
მთავარი ფოტო: აქცია ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია.

 


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გომარდულის ფესტივალზე დასწრების მსურველებს ბათუმიდან უფასო ტრანსპორტით მოემსახურებიან

ხვალ, 25 იანვარს, შუახევში, კურორტ გომარდულზე „გომარდულის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტის განვითარების სამომავლო გეგმას წარადგენს.

შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტზე, ამ ეტაპზე მხოლოდ ხუთი კოტეჯი და ერთი კვების ობიექტია. კოტეჯებში ერთდროულად 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

გომარდულის ფესტივალს  მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიებაზე  ბენდები „Asea Sool“ და „Fourth Season“ იმღერებენ. კურორტი სპეციალური დეკორაციებით იქნება გაფორმებული. იქ ასულ სტუმრებს დახვდებათ კოცონი, ელექტრონული მუსიკა და გასართობი თამაშები ბავშვებისთვის.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის მთელი დღის განმავლობაში ბათუმიდან [ბულვარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი] გომარდულის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. მსურველებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის უნდა დარეკოთ ნომერზე 577 90 90 93.

ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა – კომპანიის განმარტება

ბათუმში, დღეს, 24 იანვარს, რამდენიმე ქუჩაზე აბონენტებს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდათ. როგორც „ბათუმის წყალის“ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მიზეზი მაგისტრალური მილსადენის დაზიანებაა.

„კონტრაქტორმა კომპანიამ, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე სამუშაოების შესრულებისას, დააზიანა წყალმომარაგების 500მმ-იანი მაგისტრალური მილსადენი. მორიგე ჯგუფები დაზიანებული მილის აღდგენის მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს გართულებულ პირობებში ასრულებს,“ – ნათქვამია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში.

სამუშაოების დასრულებამდე, წყლის მიწოდება შეუწყდათ შემდეგ ქუჩებს:
[checklist]

  • ლერმონტოვის, თაყაიშვილის, და გრიბოედოვის ქუჩებს – ჭავჭავაძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;
  • მამია კომახაძის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს – ს. ხიმშიაშვილისა და ოძელაშვილის ქუჩების მონაკვეთში;
  • პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩებს – ს. ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების მონაკვეთში;
  • ჯავახიშილის ქუჩას – აბუსერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;
  • სარაჯიშვილის ქუჩას, გრიბოედოვის, ჯავახიშვილის I და II შესახვევებს.

[/checklist]

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე  უცნობია რომელ საათზე აღდგება წყლის მიწოდება.

„ხართ თუ არა წითელაზე აცრილი?“ – ბსუ-ს ორი ათასამდე სტუდენტმა დადებითად უპასუხა

„ხართ თუ არა აცრილი წითელაზე?“ – ამ კითხვას დადებითად უპასუხა ორი ათასამდე სტუდენტმა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თითქმის 28 პროცენტმა კი უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. წითელას აცრასთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ონლაინ გამოკითხვას 28 იანვრის ჩათვლით აწარმოებს.

წითელას საწინააღმდეგო აცრების ჩატარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის წარდგენა აუცილებელია სტუდენტებისთვის. როგორც ბსუ-ში აცხადებენ, ცნობის წარდგენა სავალდებულოა სტუდენტებისთვის საქართველოს მთავრობის 18 იანვრის განკარგულების საფუძველზე. ამ ბრძანების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც საჭიროებენ წითელაზე ვაქცინაციას.

სტუდენტებს, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტს არ წარმოადგენენ, უნივერსიტეტის დირექციის განცხადებით, შესაძლოა სტუდენტის სტატუსი შეუჩერდეთ.

ბსუ-ს ონლაინ გამოკითხვის შედეგები წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით სტუდენტებში.

წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით ბსუ-ში სამეტაპიანი აქტივობაა დაგეგმილი.

პირველი ეტაპი, რომელიც  22 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლი მიმდინარეობს, ითვალისწინებს სტუდენტების გამოკითხვას აცრის სტატუსთან დაკავშირებით.

მეორე ეტაპი, 4-დან 6 თებერვლამდე, ითვალისწინებს ბსუ-ს სტუდენტების აცრას წითელაზე. წითელაზე ვაქცინაცია უფასოა და მას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

მესამე ეტაპი, რომელიც 28 იანვარს იწყება და 28 მარტამდე გრძელდება, ითვალისწინებს აცრილი სტატუსის მქონე სტუდენტების მიერ ცნობის წარდგენას ფაკულტეტის სამდივნოში. საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ცნობა წითელაზე აცრის სტატუსის შესახებ სამედიცინო დაწესებულებებში უფასოდ გაიცემა. როგორც ბსუ-ში გვეუბნებიან, წითელას აცრაზე სამედიცინო ცნობის წარდგენა ლექტორ-მასწავლებლებსაც ევალებათ.

წითელას ვაქცინაციაზე ონლაინ გამოკითხვის შედეგები, ფაკულტეტების მიხედვით.
წყარო: ბსუ

2019 წელს აჭარაში წითელას ვირუსის ცხრა შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს  განმარტებით, ვაქცინაცია 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ტარდება აცრის სტატუსის გათვალისწინებით, ხოლო 15 წლის ზემოთ – სტატუსის მიუხედავად.

წითელაზე ვაქცინაცია ნებისმიერი ასაკის პირისთვის უფასოა.

ბათუმის მერთან საქმე გაქვთ? – დაგეგმეთ შეხვედრა პირადად მასთან 

ბათუმის მერთან ვიზიტის დაგეგმვა მოქალაქეს ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად შეეძლება. ამის უზრუნველსაყოფად მერიამ დღეიდან სპეციალური ვებგვერდი – visit.batumi.ge აამუშავა. პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ჟურნალისტებისთვის მოაწყო. შესაბამისად, თუ თვლით, რომ მერს უნდა შეხვდეთ, ახალ ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდეთ შესაბამისი შეტყობინების გასაგზავნად.

რაც შეეხება დარეგისტრირებას, არც ეს არის რთული: ვებგვერდზე შესვლის შემდეგ უნდა შეავსოთ სპეციალური ველები, სადაც მიუთითებთ პირად ნომერს, სახელსა და გვარს, ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერს. დარეგისტრირების შემდეგ თქვენ მიიღებთ სპეციალურ კოდს, რომლითაც შეხვალთ სისტემაში, შემდეგ კი შეძლებთ თქვენი, უნიკალური პაროლის დაყენებასაც.

ამის შემდეგ თქვენ უნდა მისწეროთ მერს, რა საკითხზე გსურთ მასთან შეხვედრა. დღის განმავლობაში თქვენ უნდა მიიღოთ პასუხი დანიშნული შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით. შეიძლება გადაგამისამართონ კიდეც, რადგან მერი იტოვებს უფლებას, საკითხის გაცნობის შემდეგ, მოქალაქე კომპეტენციის მიხედვით მერიის კონკრეტულ თანამშრომელთან გადაამისამართოს.  მოქალაქე ამ შემთხვევაშიც მიიღებს შეტყობინებას, თუ ვის და როდის შეხვდება მისთვის საინტერესო საკითხზე.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკითხი ჩემთან არ შემოვა, ეს სწორედ იმისთვის გაკეთდა, რომ მოქალაქეს გარანტირებულად ეცოდინება, რომ საკითხი უშუალოდ ჩემთან შემოვა. ხშირად აქვთ პრეტენზია მერს არ შემახვედრეს, ჩემი ამბავი უშუალოდ მერმა არ განიხილა… ახლა კი დარწმუნებული უნდა იყოს [მოქალაქე], რომ ჩემს პირად კომპიუტერში შემოდის ეს საკითხები და მათ მე აუცილებლად განვიხილავ“, – განმარტავს ლაშა კომახიძე.

ვებგვერდი მოქალაქეს კიდევ ერთ შესაძლებლობას სთავაზობს, თქვენ შეგიძლიათ შეტყობინებასთან ერთად ატვირთოთ დოკუმენტი ან ფოტო.

მერიის ინფორმაციით, სისტემაში არჩეული „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“  მესამე პირებისათვის გადაცემა არ შეიძლება. ამასთან, მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი მის მიერ რეგისტრაციისას დაფიქსირებული „მომხმარებლის სახელის“ და „პაროლის“ გამოყენებაზე, ყველა იმ ოპერაციაზე, რაც განხორციელდა კონკრეტული მომხმარებლის სახელითა და პაროლით.

მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეცვალოს ან განაახლოს თავისი პროფილი. მომხმარებლის მიერ პაროლის დაკარგვის, ან მესამე პირზე გადაცემის შემთხვევაში დამდგარ შედეგებზე მუნიციპალიტეტი პასუხისმგებლობას იხსნის.

მთავარი ფოტო: ლაშა კომახიძე ვებგვერდის პრეზენტაციას ახდენს

 

„ყვითელი ავტობუსები“ ტექდათვალიერების გარეშე – მერია ოფიციალურ მონაცემს მალავს

ბათუმში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილს ტექნიკური დათვალიერება გავლილი არ აქვს. ხუთი კონკრეტული მუნიციპალური ავტობუსის შესახებ ტექდათვალიერების ოფიციალურ, ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ისინი „დაჯარიმებას ექვემდებარებიან“.

თუკი შეხვალთ ავტომანქანების ტექდათვალიერების ინტერნეტგვერდზე PTI.ge-ზე და საძიებო ველში, მაგალითად, მიუთითებთ – GFG 762, მიიღებთ პასუხს, რომ სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური დათვალიერება გასული წლის 27 დეკემბრამდე უნდა გაევლო. ეს ბათუმში დღეისთვის მოძრავი ერთ-ერთი ავტობუსის ნომერია.

„ბათუმელებმა“ გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ ტექნიკური დათვალიერების ვადები დარღვეული აქვთ სხვა მუნიციპალურ ავტობუსებსაც, მაგალითად, ამ ნომრებით: GFG 726, GFG 714, GFG 792, ASI 960. „ბათუმელებს“ არ გადაუმოწმებია ყველა ავტობუსის მონაცემი, რომლებიც ამ ეტაპზე ქალაქში მოძრაობენ.

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ჩვენ ტექდათვალიერების ოფიციალურ ცხელ ხაზზე – 1484 დავრეკეთ, სადაც თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ავტობუსის შემთხვევაზე დაგვიდასტურეს, რომ ტექდათვალიერების წინასწარ განსაზღვრული ვადები დარღვეულია. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ავტობუსს ASI 960 – ტექნიკური დათვალიერება 2018 წლის 2 მარტამდე უნდა გაევლო.

რატომ არ აქვთ გავლილი ტექდათვალიერება მუნიციპალურ ავტობუსებს და რამდენი მათგანი დაჯარიმდა? – ამ კითხვით ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მივმართეთ. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ არასწორი ინფორმაცია გვაქვს და ყველა ავტობუსს, რომელიც ქალაქში მოძრაობს, კანონით განსაზღვრული ტექნიკური დათვალიერება გავლილი აქვს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცნობით, ამ დროისთვის ქალაქში 80 ე.წ. ყვითელი ავტობუსი მოძრაობს. რაც შეეხება ახალ ავტობუსებს, რომლებიც გასული წლის პირველი სექტემბრიდან მოძრაობენ ქალაქში, მათ ტექნიკური დათვალიერება ჯერ არ სჭირდებათ. ასეთი სულ 40 ავტობუსია.

გასულ წელს მუნიციპალურ ავტობუსებში 10 ათასამდე პირი დააჯარიმეს უბილეთო მგზავრობისთვის. ესეც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს.

 

 

კოლეჯი „გოლდენ სიი“ ახალ პროექტს იწყებს: „ვისწავლოთ ებრაული ენა“

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით იწყებს მორიგ პროექტს: „ვისწავლოთ ებრაული ენა“. პროექტის პრეზენტაცია 23 იანვარს ასსპა-ში გაიმართა. ამ გზით გვსურს გავაუმჯობესოთ სერვისის ხარისხი ისრაელელი ტურისტების მომსახურეობის მიმართულებით, რაც აისახება ჩვენი რეგიონის სამომავლო კეთილდღეობაზე, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას და დასაქმებას აჭარაში.

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიის“ პროექტის აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.
შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიის“ პროექტის აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

სასწავლო პროცესს წარმართავს გამოცდილი ისრაელელი სპეციალისტი სენი აილონი. ის მოხარულია, რომ ივრითის სწავლების დაწყების პირველი ნაბიჯი ჩვენს რეგიონში, სწორედ მისი დახმარებითა და თანადგომით გადაიდგმება. ქალბატონი სენი გეგმავს ასწავლოს სტუდენტებს არა მხოლოდ სასაუბრო ენა, არამედ ის წესები და კულტურული თავისებურებები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ისრაელელ ტურისტებთან ურთიერთობისას.

პროექტის პარტნიორი აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატაა.
აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე

პროფესიულ კოლეჯში ამჟამად 40 სტუდენტია ჩარიცხული ივრითის შესწავლის მოკლევადიან, სალაპარაკო პროგრამაზე. აქედან უმეტესობა სასტუმრო JWR Welmondi-ის პერსონალია, ნაწილი კი კოლეჯ „Golden Sea“-ში არსებული გიდის სპეციალობის სტუდენტები.

სასტუმრო JWR Welmond-მა 2017-2018 წელს დაახლოებით ოცი ათას ისრაელელ ტურისტს უმასპინძლა.

„აუცილებლობა ივრითის შესწავლისა უდავოა, რამეთუ ტურისტს არ ამახსოვრდება ლამაზი თეფშები ან კარგად გადაკრული ზეწარი. აი, სადმე თუ მას შეხვდება სასტუმროს მომღიმარი პერსონალი, რომელიც თავის მშობლიურ ენაზე ეტყვის „გამარჯობა“ – ეს აღწევს მის სულში და მთელი ცხოვრების განმავლობაში ახსოვს ეს თბილი ემოცია“, – აღნიშნავს სასტუმრო Welmomd-ის ფრონტ ოფისის მენეჯერის ასისტენტი და კოლეჯის ებრაული ენის მოკლევადიანი კურსის სტუდენტი მანუჩარ შერვაშიძე.

მანუჩარ შერვაშიძე
სასტუმრო Welmomd-ის ფრონტ ოფისის მენეჯერის ასისტენტი მანუჩარ შერვაშიძე

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „Golden Sea“გახლავთ პირველი პროფესიული სასწავლებელი, რომელმაც განახორციელა არაფორმალური დუალური სწავლება. პროფესიულ განათლებაში შეტანილი წვლილისთვის კოლეჯმა შარშან მიიღო ტიტული – „პერსონა 2018“

ლეილა გოგიტიძე – შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“-ის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი
ლეილა გოგიტიძე – შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“-ის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი

კოლეჯი 2016 წლიდან ფუნქციონირებს. პირველი დუალური სასწავლო პროცესი სასტუმროს საქმისმწარმოებლის სპეციალობით წარმართა სასტუმრო JWR Welmond-მა და ასევე სტუდენტებს დაუნიშნა 200 ლარი სტიპენდია. სტიპენდიის გარდა, სასტუმრომ დაასაქმა 7 კურსდამთავრებული.

ისწავლეთ და დასაქმდით „Golden Sea“-ში, ცოდნა სიმდიდრეა!

ველმონდის გენერალური მენეჯერი ალპერ პინარი და კოლეჯი „გოლდენ სიის“ დამფუძნებელი ლეილა გოგიტიძე
ველმონდის გენერალური მენეჯერი ალპერ პინარი და კოლეჯი „გოლდენ სიის“ დირექტორი ლეილა გოგიტიძე

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ზაზა ოქუაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ – ზაზა ოქუაშვილს, დღეს, 24 იანვარს, რიგგარეშე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, როგორც უმაღლეს საბჭოში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, მილიონერი დეპუტატის განცხადება იყო. ზაზა ოქუაშვილი უმაღლესი საბჭოს სხდომებს თითქმის არ ესწრებოდა.

2018 წელს ზაზა ოქუაშვილს, სხდომების გაცდენისთვის ხელფასიდან 205 ლარი და 50 თეთრი დაუქვითეს. მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება უმაღლეს საბჭოში 3900 ლარი იყო.

აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, როცა უმაღლესი საბჭოს წევრი სესიების ნახევარზე მეტს არ ესწრება, მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ვადაზე ადრე შეიძლება დადგეს.

„დღეს ჩვენ დადგენილებას ვუყარეთ კენჭი, პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, დღესვე ეს დადგენილება გადაეგზავნება უმაღლეს საარჩევნო კომისიას და შემდგომ პროცედურებში ის ჩაერთვება“, – გვეუბნება უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ნინო ჩხეტია.

ზაზა ოქუაშვილის შემცვლელის შესახებ ინფორმაცია უმაღლესმა საბჭომ 15 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს უმაღლესი საარჩევნო კომისიიდან.

„ამის შემდეგ, დაახლოებით ერთთვიანი ვადაა, უფლებამონაცვლის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით. წინასწარი პროგნოზით, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოსთვის გვეყოლება ახალი დეპუტატი“, – ამბობს ჩხეტია.

ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გახდა. ის ამ პარტიის საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო და უმაღლეს საბჭოში პირველი ნომრის – დავით თარხან-მოურავის ნაცვლად შევიდა. შესაბამისად, მას ახლა ჩაენაცვლება ამავე პარტიის სიის შემდეგი ნომერი, რომელიც მერაბ ბლადაძეა.

„ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ოქუაშვილი, ძირითადად, უცხოეთში იმყოფება. მან გასული წლის ბოლოს ხელისუფლება თავის ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ოქუაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელთა შუამავალი სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი იყო, „პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ“ ტელეკომპანია „იბერიას“ დათმობა მოსთხოვეს.

„პრობლემებში“ იგულისხმება „ომეგა ჯგუფის“ რამდენიმემილიონიანი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. დეპუტატი ასევე საუბრობდა სხვადასხვა სახის გამოძალვაზე.

ენმ მოსახლეობას ბათუმის საკრებულოში საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარუდგენს [ანონსი]

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30 იანვარს, 12:00 საათზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს.

შეხვედრაზე ფრაქციის თავმჯდომარე და წევრები ისაუბრებენ ფრაქციის და მათ მიერ ინიცირებულ პროექტებზე, ბიუჯეტთან დაკავშირებულ შენიშვნებზე, შეაჯამებენ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს, გააცნობენ საზოგადოებას წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს და განიხილავენ ფრაქციის სამომავლო გეგმებს. ანგარიშის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. აღნიშნულ ღონისძიებას საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

აუდიტორიას საშუალება ექნება მოისმინოს ფრაქციის ანგარიში, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში და საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდოს არჩეულ თანამდებობის პირებს.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიებას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

შეხვედრის ადგილი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის #33

ბულვარი წელს 460 ათასი ლარის ყვავილებს და ხე-მცენარეებს იყიდის

ბათუმის ბულვარმა სხვადასხვა სახეობის ერთწლიანი ყვავილების ჩითილებისა და მრავალწლოვანი ხე-მცენარეების შესასყიდად ორი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 460 ათასი ლარია.

2019 წელს, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დასარგავი გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის ერთწლიანი ჰორიზონტალური გამწვანების ყვავილების 753 500 ჩითილის შესაყიდად ბულვარს 360 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 25 იანვარს დაიწყება და 28 იანვარს დასრულდება.

854 ძირი მრავალწლოვანი ხე-მცენარისა და ჯუჯა ვარდების შესაძენად კი 100 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ თებერვალს დაიწყება და 4 თებერვალს შეწყდება.

ხე-მცენარეები ბულვარს, ტენდერში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიაწოდოს, ხოლო ყვავილების ჩითილები ეტაპობრივად.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ბულვარი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 იანვრის  21 საათიდან 25 იანვრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, მთაში – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 9 – 14 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა 

სინოპტიკოსების ცნობით, 26 – 27 იანვარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე აშენდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 23 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც ბათუმის #7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე გრანულირებული კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი მოეწყობა და ექსპლუატაციაში შევა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე.

გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურაა იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე.

მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ნაყარი ტვირთების მიღება, დასაწყობება და გადატვირთვა მოხდება დახურული ციკლით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მტვრის ემისიას. პროდუქციის ჩამოტვირთვის საპროექტო სიჩქარედ განსაზღვრულია 750 ტონა საათში.

„კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალის პროექტის მიხედვით, სანიაღვრე წყლების არინებისათვის გამოყენებული იქნება მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე კანალიზაციის სისტემა. სანიაღვრე წყლების მიწოდება ხდება 800 მ³ ტევადობის რეზერვუარში, სადაც გროვდება წვიმის პირველი 20 წუთის განმავლობაში მოსული ატმოსფერული წყალი, 20 წუთიანი პერიოდის შემდეგ მოსული წვიმის წყალი ითვლება პირობითად სუფთად და შესაბამისად სამარაგო რეზერვუარის შევსების შემდეგ სუფთა სანიაღვრე წყლების ჩაშვება, რეზერვუარის გვერდის ავლით ხდება ნავსადგურის შიდა აკვატორიაში. 800 მ³ ტევადობის, რეზერვუარში დაგროვილი სანიაღვრე წყლების გაწმენდისათვის კი მოწყობილია 40 ლ/წმ წარმადობის გამწმენდი დანადგარი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ზემოქმედება წყლის გარემოზე პროექტის განხორციელების დროს მოსალოდნელი არ არის.

…სკრინინგის განცხადების მიხედვით გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება ნარჩენების კუთხით მოსალოდნელი არ არის. ნარჩენების მართვა განხორციელდება ნავსადგურის ნარჩენების მართვის გეგმის შესაბამისად.

…ნაყარი ტვირთის (კარბამიდი) ოპერირება განხორციელდება დახურული ციკლით. ამასთან, ტერმინალის ყველა ტექნოლოგიური უბნის სათანადო ასპირაციის სისტემებით აღჭურვა და კარბამიდის გადატვირთვის შედეგად გამოყოფილი მავნე ნივთიერებების ეფექტური გაწმენდა ატმოსფეროში გაფრქვევის წინ, უზრუნველყოფს ატმოსფერულ ჰაერზე ნეგატიური ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას.

…ნავსადგურის ფუნქციონირებისას (როგორც ფონის გარეშე, ისე ფონის გათვალისწინებით) მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის
გადაჭარბებას არც ერთ საკონტროლო წერტილში (როგორც უახლოეს დასახლებულ ზონასთან, ისე 500 მ-იანი რადიუსის საზღვარზე) არ ექნება ადგილი. ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე ზემოქმედება არ იქნება მნიშვნელოვანი, ასევე, დახურული ტერმინალის მოწყობის ეტაპზე სამშენებელო სამუშაოების მცირე მოცულობების გათვალისწინებით.

…მშენებლობის ფაზაზე სამშენებლო ტექნიკის ფუნქციონირებასთან ერთად მე-7 ნავმისადგომზე მიმდინარე სატვირთო ოპერაციების მინიმუმამდე შემცირების გათვალისწინებით ხმაურით გამოწვეული ზემოქმედება არ იქნება მნიშვნელოვნი.

ტერმინალის ექსპლუატაციის ფაზაზე ნიადაგის და გრუნტის დაბინძურება მოსალოდნელი არ არის, რადგან ტერიტორიის ზედაპირი დაფარულია მყარი საფარით, ხოლო გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვა მოხდება სრულად დახურულ სივრცეში“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ  ბათუმის საზღვაო ნავსადგური ვალდებულია სამინისტროში წარადგინოს განახლებული “ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი“ სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემიდან 1 თვის ვადაში, რომელშიც საკონტროლო წერტილად გათვალისწინებული იქნება სკრინინგის გადაწყვეტილებაში დაზუსტებულ მანძილზე (54მ) განთავსებული საცხოვრებელი შენობა;

ნავსადგური ვალდებულია დაიცვას სკრინინგის განაცხადში მითითებული ვალდებულება, რაც გულისხმობს ტერმინალის ყველა ტექნოლოგიური უბნის სათანადო ასპირაციის სისტემებით აღჭურვას და კარბამიდის გადატვირთვის  შედეგად გამოყოფილი მავნე ნივთიერებების ეფექტურ გაწმენდას ატმოსფეროში გაფრქვევის წინ.

ბათუმის საზღვაო ნავსადგური ასევე ვალდებულია უზრუნველყოს განახლებული “ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების პროექტის“ სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემიდან 1 თვის ვადაში და  უზრუნველყოს განახლებული მონიტორინგის გეგმის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა დაგეგმილი ცვლილების
გათვალისწინებით;

ასევე, საზღვაო ნავსადგური ვალდებულია მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს ნარჩენების მართვის განახლებული გეგმის შეთანხმება და უზრუნველყოს განახლებული ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შემუშავება და სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა.

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი.

პორტში კარბამიდის ტერმინალის აშენების წინააღმდეგ ბათუმში არაერთი აქცია გაიმართა. მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ პორტში არა მხოლოდ კარბამიდის, არამედ სხვა ქიმიური ნივთიერებების გადატვირთვაც მოხდება, რაც ეკოლოგიური საფრთხეა ბათუმისათვის.

ამავე თემაზე:  ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს  

რამდენად საშიშ ნივთიერებებს გადაიტანენ ტერმინალიდან – ქიმიკოსები VS მოწინააღმდეგეები

ხაჭაპურის ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხაჭაპურის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, სტატუსის მინიჭების ინიციატორი რამდენიმე კერძო პირია და შპს „გუნდა“. საქართველო პირველად მონაწილეობს საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში “Sirha 2019”, სადაც აღნიშნული ორგანიზაცია გამოფენის ფარგლებში წარადგენს ქართულ ხაჭაპურს.

რამდენიმე დღის წინ პოპულარული, კულინარიული ვებგვერდ „Tasteatlas“-ის რეიტინგში აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის პირველ ადგილზე მოხვდა.

 

რამდენი გემი შემოვიდა საქართველოს ნავსადგურებში 2018 წელს – სტატისტიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 2018 წლის სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად  2018 წელს საქართველოს ნავსადურებში 1629 გემი შემოვიდა. აქედან ფოთის საზღვაო ნავსადგურში 787 გემი შემოვიდა, ბათუმის ნავსადგურში 669 გემი, ყულევში 132 გემი, ხოლო სუფსის ტერმინალში 41 გემი.

შემოსული გემებიდან პროცენტულად ყველაზე მეტი (29 % ) ტვირთმზიდი გემი იყო, 24 % ტანკერი, ხოლო  20 % კონტეინერმზიდი.

2018 წელს  საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული გემების ტონაჟი 53%-ით გაიზარდა და 153,374 ტონა შეადგინა. რაც შეეხება საერთო ტვირთბრუნვას 2018 წელს საქართველოს პორტებმა 15 686 595 ტონა ტვირთი გაატარა.

საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების სტატისტიკა
ინფოგრაფიკა: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

მერიის მოწვევით ბათუმში ნინო ქათამაძე იმღერებს -კონცერტის ბიუჯეტი 35 ათასი ლარია 

27 იანვარს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი კონცერტს მართავს, სადაც ნინო ქათამაძე და ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაშიც იმღერებენ მუსიკალური ცენტრის კაპელასთან ერთად. კონცერტში ასევე მონაწილეობს სიმებიანი კვარტეტი და ჯგუფი THE QUINTESENCE-ს. სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, კონცერტის ბიუჯეტი 35 732,50 ლარია.

ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში კონცერტზე ჰონორარის გარეშე იმღერებს, ნინო ქათამაძეს კი ჰონორარს ბიუჯეტიდან გადაუხდიან. თუმცა, მერიის მუსიკალურ ცენტრში თვლიან, რომ შემსრულებლისთვის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა პერსონალური ინფორმაციაა. შესაბამისად, თანხის რაოდენობას არ ასახელებენ. „კონცერტში მონაწილე მომღერლის, ნინო ქათამაძის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯი გაიცემა მუსიკალური ცენტრის 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ღონისძიებების ხარჯებიდან, რომლის დაფინანსების წყაროა აჭარის ბიუჯეტი“, – წერია ოფიციალურ წერილში, რომელიც სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა მოგვაწოდა.

კონცერტზე დასწრება ფასიანია. ბილეთი 10,15,20,25 და 30 ლარი ღირს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რას მოხმარდება კონცერტიდან მიღებული შემოსავალი? – სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გვპასუხობს, რომ „შემოსავლები წარმოადგენენ მუსიკალური ცენტრის საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლის წყაროს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებისამებრ მოხმარდება მუსიკალური ცენტრის მიზნების, ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელებას“.

რა არის კონცერტის მიზანი? – ამ კითხვაზე ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ კონცერტის მიზანი საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციაა.

„მუსიკალური ცენტრის კაპელა ყოველწლიურად ახორციელებს მსგავს პროექტს, ცნობილ მუსიკოსებთან. მიზანი არის საგუნდო მუსიკის პოპულარიზაცია. საქართველო მრავალხმიანი მუსიკის ქვეყანაა, განსაკუთრებით საგუნდო ჟანრში. გვყავს წარმატებული გუნდებიც საქართველოს მასშტაბით. ბოლო ხანებში, საგუნდო მუსიკას ვერ ან არ უსმენს მაყურებელი გარკვეული მიზეზების გამო. ეს არის ერთგვარი ხერხი იმისთვის, რომ საგუნდო სიმღერა არ დავაშოროთ მაყურებელს“, – ეს კულტურის ცენტრის ოფიციალური პოზიციაა.

ქობულეთში სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ დასახლებათა ნუსხა დაამტკიცა, სადაც 2019 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ასეთ დასახლებათა ნუსხაშია ქობულეთიც.

მინისტრის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ, ამავე ბრძანებით გათვალისწინებული ოდენობის ნოტარიუსთა დასანიშნად, უნდა უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

ბრძანების მიხედვით, ქობულეთში, 2019 წელს ერთი ნოტარიუსი უნდა დაინიშნოს.

საქართველოში არარეგისტრირებული კომპანიები 200 ათას ლარმდე სესხს უცხოური ვალუტით აიღებენ – სიახლე

საქართველოში დღეიდან, 2019 წლის 23 იანვრიდან, კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 ლარამდე სესხები და საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შესაბამის ბრძანებას, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, ხელი 2018 წლის 18 იანვარს მოაწერა.

ახალი ბრძანებით გაუქმდა ეროვნული ბანკის ის ბრძანებები, რომლებითაც კომერციულ ბანკებს შეეძლოთ ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხებისა და კრედიტების გაცემან უცხოური ვალუტით, თუ სესხის/კრედიტის გაცემა ხორციელდებოდა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე.

უკვე გაუქმებულ ბრძანებებში საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიული პირები არ იყო გათვალისწინებული. ახალი ბრძანებით კი, იმ კომპანიებს, რომლებიც არ არიან საქართველოში რეგისტრირებულნი, საქართველოს კომერციულ ბანკებში შეუძლიათ 200 000 ლარამდე სესხის და კრედიტის აღება უცხოური ვალუტით.

 

ახალი პროექტის პრეზენტაცია ბათუმის №1 საჯარო სკოლაში

23 იანვარს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია საგანმანათლებლო სივრცეში ევროინტეგრაციის გააზრება მოსწავლეებისა და მასწავლებლების უშუალო მონაწილეობით, ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი არსისა და სიკეთის შესახებ ინფორმირების გაზრდით. პროექტი ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება.

ბათუმის №1 საჯარო სკოლა, რომელთანაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 2018 წლის 7 ნოემბერს მემორანდუმი გააფორმა, პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია.

სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდებდა ევროკლუბი, სადაც თავიანთი სურვილით გაწევრიანებული მოსწავლეები და აგრეთვე პედაგოგები, სხვადასხვა აქტივობას განახორციელებენ. ძირითადი მიმართულებებია: ახალ მედია, სამოქალაქო აქტივიზმი და საგანმანათლებლო საკითხები.

როგორც „თავისუფალ  ჟურნალისტთა სახლში“ აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ქალაქ ბათუმში არსებული 25 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებთან ჩაატარონ შეხვედრები იმ თემებზე, რაზეც გაივლიან 3-თვიან სწავლების კურსს; გარდა ამისა, დაგეგმონ და განახორციელონ საჯარო, საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიები.

პროექტი ასევე ითვალისწინებს  ბათუმის №1 საჯარო სკოლისთვის 250$-ის ღირებულების სამეცნიერო/მხატვრული ლიტერატურის  შეძენას.

აღნიშნული პროექტის ამოცანებია:

[checklist]

  • აჭარის რეგიონში ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესის მონიტორინგის გაზრდა;
  • მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესზე, კერძოდ ევროკავშირის გამოცდილების, მოთხოვნებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმირებით, შემდეგ სფეროებში: გარემოს  დაცვა, განათლება, მომხმარებელთა უფლებები, სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა;
  • საქართველოს ევროპული მისწრაფებისა და ევროპის საქართველოსადმი ინტერესის შესახებ ინფორმირება.

[/checklist]

პროექტს – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ „ფონდი-ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის პრეზენტაცია ბათუმის N1 საჯარო სკოლაში / ფოტო: თჟს
პროექტის პრეზენტაცია ბათუმის N1 საჯარო სკოლაში / ფოტო: თჟს

5 მილიონი ლარი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის სარეაბილიტაციოდ – ტენდერი

ბათუმში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის კეთილმოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტში 5 085 398 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის, როგორც ორბელიანის ქუჩის მოწესრიგება მთლიანად [გენერალ აბაშიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე], ასევე ლერმონტოვის ქუჩის გაგრძელებაზე [გენერალ აბაშიძის ქუჩამდე, ხორც-კომბინატის მიმდებარედ] არსებული სანიაღვრე არხის მოწყობაც.

აღნიშნული სამუშაოების ერთიანად შესყიდვაზე ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 6 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.

სამუშაოები სრულად უნდა შესრულდეს 450 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებულთან გაფორმდება შესაბამისი  ხელშეკრულება. ტენდერში გამარჯვებულს, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა შეეძლოს სამუშაოების დაწყება ერთდროულად ორივე ობიექტზე შემსყიდველის მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან.

ჭაობის დასახლებაში ქუჩების კეთილმოსაწყობად რამდენიმე ტენდერია გამოცხადებული, სატენდერო თანხით – 8 385 492 ლარი და 6 471 900 ლარი. კიდევ ერთი ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით 6 587 866 ლარი კი, სასამართლომ შეაჩერა.

სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა [წითელი ხაზი] რომელიც უნდა კეთილმოეწყოს და ლერმონტოვის ქუჩის გაგრძელება [წყვეტილი ხაზი], სადაც სანიაღვრე არხი მოეწყობა

5 დღე მძევლად – გატაცებული ბინაში გამოკეტეს, ხელ-ფეხი და პირი ლენტით აუკრეს

5 დღე მძევლად ქობულეთში მცხოვრები ადამიანი იმყოფებოდა. 5 დღის შემდეგ ბათუმში, ნაქირავებ ბინაში გამოკეტილი კაცი პოლიციელებმა იპოვეს.

შემთხვევა 2018 წლის დეკემბერში მოხდა. ქობულეთის მცხოვრებს ვალი ჰქონდა გადასახადელი ასევე ქობულეთში მცხოვრებისთვის – დაახლოებით 10 ათასი ამერიკული დოლარი. პროკურატურის ვერსიით, დაზარალებული, თანხის მიღების მოტივით, სამმა ბრალდებულმა ჯერ შუახევში წაიყვანა იძულებით ნათესავის ოჯახში, შემდეგ – ქობულეთში. საბოლოოდ, დაზარალებული ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულის ოჯახიდან ბრალდებულებმა მხოლოდ 900 ლარის ამოღება მოახერხეს, მძევალს წებოვანი ლენტი პირზე ააკრეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და სკამზე მიბმული დატოვეს. ოჯახმა პოლიციას გატაცებიდან მეხუთე დღეს მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინება პოლიციაში 2018 წლის 25 დეკემბერს შევიდა და იმავე დღეს იპოვეს მძევლად აყვანილი მოქალაქე. 25 დეკემბერსვე სამართალდამცველებმა მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით სამი პირი დააკავეს.

დაკავებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულებს 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. ამ სასჯელს ითვალისწინებს მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით, რომელიც განხორციელდა ჯგუფურად და ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.

ბათუმი – სახიფათო ქალაქი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის

 

ცოტამ თუ იცის, რომ ბათუმის ქუჩების ნაწილზე ველობილიკების გარდა, უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი ბილიკებიცაა დაგებული. ამ ბილიკებზე ხშირად შეხვდებით პარკირებულ ავტომობილებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტების მეპატრონეების მიერ გამოდგმულ კონსტრუქციებს. ბილიკებით მოსარგებლე ადამიანები ამბობენ, რომ ეს ბილიკები ბევრგან დაზიანებულია, ზედმეტად ვიწროა და ხშირად ძნელად გასარჩევია ტროტუარის ძირითადი ფილებისგან. თუმცა მხოლოდ ეს როდია ამ ბილიკების ერთადერთი მინუსი. ქალაქის ზოგიერთ ადგილას უსინათლოთა ბილიკი მოულოდნელად წყდება.

მოულოდნელად გაწყვეტილი ბილიკი უსინათლოებისთვის, გორგილაძის ქუჩაზე
დროებითი კონსტრუქცია უსინათლოთა ბილიკზე, შესაბამისი გაფრთხილების გარეშე. დემეტრე თავდადებულის ქუჩა.

რამდენად კომფორტული და უსაფრთხოა ქალაქის ინფრასტრუქტურა უსინათლო ადამიანებისთვის? ამაზე 43 წლის ალექსი წეველიძე საუბრობს, რომელმაც მხედველობა წლების წინ დაკარგა:

ალექსი წეველიძე - უსაფრთხოა თუ არა ქალაქის ინფრატსრუქტურა უსინათლო ადამიანებისთვის

როგორც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, ბათუმში, ჯამში, 16 725 გრძივი მეტრი უსინათლოთა ბილიკია დაგებულია. 2015 წელს დაიგო 855 გრძივი მეტრი, 2016-ში დაიგო 4 538 გ.მ, 2017-ში დაიგო 4 878 გ.მ,  2018-ში – 6 454 გ.მ. 2019-ში კი ყველა დასაგეგმ თუ მიმდინარე პროექტში მკაცრად გათვალისწინებულია აღნიშნული ბილიკების დაგება.

ბილიკების ხარვეზების გათვალისწინებით, ალექსი წეველიძე ისურვებდა, რომ ასეთი პროექტების დაგეგმარებაში უფრო მაღალი კომპეტენციის პროფესიონალები იყვნენ ჩართული. ორგანიზაცია “უსინათლოთა ხმის” მონაცემებით, აჭარაში 260 უსინათლო და მცირემხედველი ადამიანი ცხოვრობს. ეს მონაცემი მათ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით შეაგროვეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში, ცალკეული მონაცემი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების რაოდენობის შესახებ არ აქვთ. 

გასულ წელს ბათუმის მერიამ შშმ პირების ასისტენტების გადამზადება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში შეირჩა რვა ასისტენტია, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, უსინათლო შშმ პირებ და ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს გააცილებენ. მერიის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ამ სერვისით 48 ბენეფიციარი ისარგებლებსერთი ასისტენტი ბენეფიციარს მოემსახურება და თითოეულს კვირაში  2-ჯერ გაუწევს დახმარებას. პროგრამის ბიუჯეტი 28 ათას 800 ლარია.

როგორც უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების ნაწილი ამბობს, მათ საჭიროებებთან დაკავშირებული პროგრამებს მიესალმებიან. თუმცა ისურვებდნენ, თანხა იმაზე დახარჯულიყო – რომ მათ, გაცილების ნაცვლად, დამოუკიდებლად გადაადგილებაში შეწყობოდათ ხელი.

26 წლის მაკო ხალვაში მცირემხედველია. იგი სარეაბილიტაციო ცენტრ “ფანშეტში” ფიზიკური თერაპევტია. მაკო ამბობს, რომ იგი ყველაფერში დამოუკიდებელია, თუმცა ქალაქის არაადაპტირებული და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, ხშირად აწყდება სირთულეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

“მე არ მაქვს გაჩერების უფლება, რომ ერთი წუთითაც გავჩერდე იმიტომ, რომ მერე ძალიან გამიჭირდება დავეწიო და ავუყვე რიტმს. ამიტომ სულ ვცდილობ, რომ ვიყო აქტიური. მთავარი მონდომებაა” – ამბობს ის.

მაკო ამბობს, რომ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ახალგაზრდებისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სირთულე განათლება და დასაქმებაა. “რომ მიიღო განათლება, მერე მცირემხედველი ადამიანებისთვის დასაქმება დიდი პრობლემაა. დავიწყოთ იქედან, რომ უმეტესად არ არის ადაპტირებული გარემო არც გარეთ და არც ადგილზე შენობებში. გარდა ამისა ვიტყოდი რომ ისინი თავს არიდებენ სოციალურ პასუხისმგებლობას… გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, არის ასეთი ორგანიზაციებიც… როცა CV-ში უთითებ, რომ ხარ მცირემხედველი ან უსინათლო – კლებულობს გამომხმაურებელთა რაოდენობა… იყო ისეთი შემთხვევებიც” – ამბობს ის.

მაკო ხალვაში

 

საავადმყოფოში რჩება ბავშვი, რომელმაც ბაღში სადეზინფექციო ხსნარი დალია

ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში, ბავშვმა სადეზინფექციო ხსნარი დალია. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„წინასწარ რაც გავარკვიე არის ის, რომ ბავშვების მოსვლამდე როცა აღმზრდელმა ჩაატარა დეზინფექცია, რადგან იცით, რომ გრიპის და წითელას ვირუსებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, საგანგებო სიტუაციაში ვმუშაობთ და დღეში სამჯერ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები ჯგუფებში.

როცა ბავშვები მოვიდნენ, ერთ-ერთ ბავშვი შეჰყოლია ძიძას სამზარეულოში წყლის დასალევად და სანამ ძიძა ჭიქას მოიტანდა, მექანიკურად, ხსნარიანი ჭურჭელში მაგიდაზე დაუდგამს. აქედან მოუსვამს ბავშვს სითხე“, – გვეუბნება შამილიშვილი.

მისი თქმით, ეს არ ამართლებს ძიძის საქციელს, მაგრამ ფაქტზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოკვლევა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, დაცულია თუ არა ბაღებში დეზინფექციის ჩატარების სტანდარტები და ბავშვების მოსვლამდე რამდენი წუთით ადრე უნდა დასრულდეს დეზინფექცია? – შამილიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.

„სტანდარტულ სიტუაციაში სადეზინფექციო სითხეები მიუწვდომელია ბავშვებისთვის, რადგან მკაცრად დაწერილი გვაქვს სადეზინფექციო პროცედურები. შინაგანაწესის დარღვევაა, სადეზინფექციო საშუალებების მოხმარების წესის თუ სამსახურეობრივი გულგრილობა, ამას მოკვლევის შემდეგ დავადგენთ“, – ამბობს მამუკა შამილიშვილი.

იმავეს ყვება „ბათუმელებთან“ ბაღის ხელმძღვანელი თამილა ბოლქვაძეც. მისი თქმით, 4 წლის გოგონა სამზარეულოში შეჰყვა ძიძას, რომელსაც ხელში სადეზინფექციო ჭურჭელი ეჭირა.

„სადეზინფექციო ხსნარების გამოყენების წესების არ დარღვეულა“, – გვეუბნება ის.

 

მკვლელობა ქობულეთში არჩევნების დღეს – ვერსია შურისძიება 

„არ მსურს დავესწრო სასამართლო პროცესს,“ – წაიკითხა მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულის ციხიდან გამოგზავნილი წერილი. „ბრალდებულს აქვს უფლება არ დაესწროს სასამართლო სხდომას, მაგრამ პროცესზე მოსვლა ვერც ადვოკატმა მოახერხა,“ – აღნიშნა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა.

ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფნის გამო ვერ დაესწრო. სასამართლომ დღეს მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელა.

განზრახ მკვლელობას პროკურატურა 37 წლის ჯუმბერ ა.-ს ედავება. შემთხვევა ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში, გასული წლის 28 ნოემბერს მოხდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა თანასოფლელ მამია ცეცხლაძეს ავტომანქანით მოძრაობის დროს, სანადირო თოფიდან ესროლა.

მამია ცეცხლაძე არჩევანის გასაკეთებლად სოფლის ცენტრში მივიდა, შემდეგ კი საკუთარი ავტომანქანით სახლში მარტო ბრუნდებოდა. გზაში შემხვედრი, მოძრავი ავტომანქანიდან მას მოულოდნელად ესროლეს.

„ეს არ უკავშირდება არჩევნებს… პირადი ამბავი იყო,“ – ირწმუნებიან გარდაცვლილის ახლობლები, რომლებიც დღეს სასამართლო პროცესზე დასასწრებად მოვიდნენ.

ბრალდებულის ახლობლებმა კი გვითხრეს, რომ ეს ამბავი გამოუძიებელი საქმის შედეგია – „2005 წელს, ცხონებულმა სიმთვრალეში შეკამათების დროს, ფეხში დაჭრა ჯუმბერი და ფეხი მოსაჭრელი დარჩა“.

„ეს წინა საქმე ვერ იქნა გამოძიებული,“ – ამბობს პროკურორი რამაზ შავაძეც. მისი განმარტებით, თავის დროზე ბრალდებულმა ახლა უკვე გარდაცვლილის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა და გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ვერ გავიდა.

2005 წლის შემთხვევის შემდეგ ბრალდებული ცოლთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობდა და საქართველოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.

პროკურორი სასამართლო პროცესზე წინააღმდეგი წავიდა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება შეეცვალათ.

„მკვლელობის შემდეგ ის მალევე მიიმალა და თურქეთიდან მოხდა შემდეგ მისი დეპორტაცია… ისევ არსებობს მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რომლებიც მისი ნათესავები არიან,“ – თქვა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

პროკურორმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბრალდებული საფრანგეთში „კანონთან კონფლიქტში იყო“.

მოსამართლემ ბრალდებული ჯუმბერ ა. წინასწარ პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომა კი გადაიდო.

ბრალდებულმა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების დროს მკვლელობის ჩადენა აღიარა. მკვლელობის მოტივად პროკურატურაც პირად შურისძიებას მიიჩნევს და ამ ეტაპზე პოლიტიკურ მიზეზს გამორიცხავს.

აჭარაში H1N1-ით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში 48 წლის ქალის  H1N1 ვირუსით გარდაცვალება ლაბორატორიულად დადასტურდა. მიმდინარე სეზონზე ამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარაში ექვსამდე გაიზარდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში ვირუსის გავრცელების დინამიკა იკლებს, შემცირდა ამბულატორიული მიმართვიანობაც. აჭარაში გრიპის ვირუსით ამ დროისთვის 108 პაციენტი მკურნალობს სხვადასხვა ჰოსპიტალში.

ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ გასცემს. სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიმართონ ოჯახის ექიმს.

როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან – პაატა იმნაძის ექვსი რჩევა

ბონისა და თამარის დასახლებაში მერია ახალ სერვისცენტრებს ააშენებს – ტენდერი 260 ათასი ლარით

ბათუმის მერია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვისცენტრების ახალი ოფისების მშენებლობას აგრძელებს. ამჯერად ახალი ოფისები ბონისა და თამარის დასახლებაში აშენდება. ორთავე ოფისის ასაშენებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 260 ათასი ლარია გამოყოფილი და ტენდერიც გამოცხადებულია.

ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს დასრულდება.

გრიშაშვილის ქუჩა N17
გოგოლის ქუჩა N14

 

 

 

 

 

 

მერიის სერვისცენტრების ახალი ოფისები თამარის დასახლებაში გრიშაშვილის ქუჩა N17-ის, ხოლო ბონში, გოგოლის ქუჩა N14-ის მიმდებარედ აშენდება. თითოეული ოფისის ფართობი 80 კვ/მ იქნება.

ოფისები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 180დღეში უნდა აშენდეს.

2018 წელს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ახალი სერვისცენტრი ვაჟა-ფშაველას 93-ში გაიხსნა. უახლოეს დღეებში გაიხსნება სერვისცენტრი ლუკა ასათიანის №36-ში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქში სულ 14 სერვისცენტრი აშენდება.

ამ თემაზე:

ბათუმში მერიის მორიგი ახალი სერვისცენტრი გაიხსნება – რა მომსახურებას მიიღებთ სერვისცენტრში

დასავლეთი თუ კვლავ რუსეთის ორბიტა – რა ხდება მართლმადიდებელ ეკლესიაში

ეპისკოპოსებს შორის მორიგი დაპირისპირება უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის აღიარებამ  გამოიწვია. მანამდე მიტროპოლიტ პეტრეს ქორეპისკოპოსი იაკობი დაემუქრა, ხოლო შემდეგ ის სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა გააკრიტიკა ამ ფრაზის გამო: „პატრიარქის მწყემსი კეთილობა მითია“.

რას ნიშნავს, როცა სასულიერო პირები ერთმანეთს ასე უპირისპირდებიან, რის გამო კამათობენ ეპისკოპოსები? რა ხდება ახლა ეკლესიაში და დარჩა თუ არა ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისთვის საკითხი, რაზეც ისინი თანხმდებიან?  – „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო მირიან, თქვენი დაკვირვებით, დარჩა თუ არა ეკლესიის შიგნით საკითხი, რაზეც სასულიერო იერარქიას ერთიანი პოზიცია აქვს? 

ერთადერთი, რაზეც იერარქია აქამდე თანხმდებოდა, იყო კათოლიკოს-პატრიარქის კულტის ხელშეუხებლობა. ეს საკითხი გადაიხედა და ძალიან ბევრი იერარქი უკვე პირდაპირ აკრიტიკებს მას. აქამდე პატრიარქის მოთხოვნა, რომელსაც ის ეპისკოპოსებს უყენებდა, ეს იყო უპირობო ლოიალობა, რასაც ისინი ასრულებდნენ… თაობათა ცვლამ მაინც თავისი გავლენა იქონია. გაიზარდა სინოდის შემადგენლობაც, რომელიც მოცემულ მომენტში 47 წევრისაგან შედგება. კონტროლის მექანიზმი, რომელიც გააჩნდა კათოლიკოს-პატრიარქს და რომლითაც იგი ტესტავდა ადამიანების ლოიალობას, გარკვეულწილად ვერ გამოდგა სრულიად საიმედო. სინოდის შიგნით უკვე გაჩნდა ალტერნატიული ხედვა ეკლესიის განვითარებისა. იგი განსხვავებულია იმ ხედვისაგან, რომელიც გააჩნია თავად პატრიარქს…. დაპირისპირების ყველაზე დიდი ტალღა და ყველაზე რეზონანსული აზრთა სხვადასხვაობა სახეზე იყო „ციანიდის საქმისას“. მოცემულ მომენტში კი, განსხვავებული პოზიციები არსებობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებაში. ჩემი აზრით, მოვლენა თავისთავად კარგია, რომ ეს განსხვავებული ხედვები საჯაროა და საზოგადოებას საშუალება აქვს  განსაჯოს, რომელი მხარის არგუმენტებია მისაღები და მართებული.

  • როცა საეკლესიო იერარქიას არ აქვს ერთიანი პოზიცია მნიშვნელოვან საკითხებზე და ეპისკოპოსებს აქვთ სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები, ეს რას აჩვენებს? 

ეკლესიაში აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო. ისევე, როგორც სხვა, დიდი ინსტიტუციები, ეკლესიის სიჯანსაღეც დამოკიდებულია სხვადასხვა აზრის შეჯერებაზე. საეკლესიო კრებებიც სხვა არაფერია ამ კუთხით, თუ არა დისპუტების ჩანაწერი, რომელთაც ეკლესიის შიგნით ჰქონდათ ადგილი.

მოცემულ შემთხვევაში, იერარქია გაყოფილია ერთი მნიშვნელოვანი ნიშნით: დასავლეთ-ევროპული კულტურის მიმართ ერთგულება, თუ რუსეთის ორბიტაზე უპირობოდ დაბრუნება. ამ საკითხს შორის არის გახლეჩილი სასულიერო იერარქია ძალიან მკაფიოდ დღევანდელი მოცემულობით.

  • რამდენად ჯანსაღია ეს დაპირისპირება?

ჯანსაღია ის, რომ არსებობს არა მხოლოდ ერთადერთი აზრი, რაც ტოტალური სისტემებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ არსებობს განსხვავებული ხედვები. ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ყველა მათგანს და თავად დარწმუნდნენ, მათგან რომელი უფრო მართებულია.

  • უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სასულიერო პირებს შორის განსხვავებულმა ხედვებმა რა გამოავლინა? 
მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგი

ეს არის საკითხი, რაზეც მოცემულ მომენტში გადის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების ხაზი ყველაზე მწვავედ. ეს იქცა დაპირისპირების სერიის წყალგამყოფად. დღეს საკითხი დგას შემდეგნაირად: ის ეკლესიები, რომლებიც მხარს არ უჭერენ კიევის საპატრიარქოს ავტოკეფალიას, ავტომატურად გადადიან რუსეთის ეკლესიის გავლენის ქვეშ, მაგალითად, ანტიოქიის ეკლესია, რომელიც  სირიაში შექმნილი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ეკლესიაზე.

საქართველოშიც არსებობენ ეპისკოპოსები, რომლებიც თვლიან, რომ მართებულად მიიღო კიევის საპატრიარქომ ავტოკეფალია. მათ აქვთ შესაბამისი არგუმენტები. თუმცა, ასევე არსებობს სინოდის შიგნით მოსაზრება, რომელსაც ასევე იზიარებს დიდი ალბათობით თავად პატრიარქიც, რომ ავტოკეფალიის გადაცემა იყო არამართებული. ამ პოზიციის მქონეთაც საკუთარი ახსნა გააჩნიათ. აზრთა ჭიდილმა მკაფიო დაპირისპირების სახე მიიღო. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, თუ განვითარების რომელ გზას აირჩევს ეკლესია – იქნება ეს ევროპული გზა, რომელიც მას ჰქონდა დაარსებიდან მეოცე საუკუნემდე, თუ უპირობოდ რუსული ეკლესიის ნაწილად იქცევა.

  • ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი. მან რამდენიმე დღის წინ მიტროპოლიტი პეტრე გააკრიტიკა  ამ ფრაზისთვის – „პატრიარქის მწყემსი კეთილობა მითია“. ეს დაპირისპირებაც ამ „დასავლეთი თუ რუსეთის“ ნაწილია? 

აქ უფრო პეტრეა ფიგურა… პირველად მისი სახე მკაფიოდ გამოჩნდა „ციანიდის საქმეზე“, სწორედ მაშინ გაჩნდა, სავარაუდოდ, მის მიმართ ანტიპათია. კიევის საპატრიარქოსთან მიმართებაში, ეს უკვე იყო უბრალოდ ბოლო ზღვარი მეუფე სპირიდონისთვის, რომელიც თხემით ტერფამდე პრორუსი ადამიანია. მთელი მისი ქადაგებები ამ პოლიტიკური ნარატივებისგან შედგება, რომელიც შეფუთულია რელიგიურ საბურველში. პატრიარქის კრიტიკა, მე თუ მკითხავთ, მეუფე პეტრეს შემოქმედებიდან ყველაზე თამამი განაცხადი იყო, რადგან აქამდე რაც აერთიანებდა ყველას, იყო სწორედ პატრიარქის კულტის ხელშეუხებლობა. ამ ზღვარს ვერ გადადიოდა მღვდელმთავრებიდან ვერავინ ბოლო პერიოდშიც კი.

არ ვიცი, პიროვნულად მათ შორის რამე მოხდა თუ არა. მეუფე სპირიდონს, ალბათ, უბრალოდ, დიდი ხანია აღიზიანებს მეუფე პეტრეს ქმედება და მან ამისთვის ყველაზე შესაბამის მომენტად მიიჩნია მისთვის დაერტყა, როდესაც მას ექნებოდა ყველაზე მაღალი მხარდაჭერა პატრიარქის მხრიდან. ეს იყო მომწიფებული გაღიზიანება, რომელიც იქნა წარმოქმნილი პეტრეს ქმედებების გამო. საამისოდ მეუფე სპირიდონმა ყველაზე ლეგიტიმური დრო შეარჩია – როცა მეუფე პეტრე შეეხო თავად პატრიარქს.

  • რამდენად მისაღებია, სასულიერო კანონიკის მიხედვით, ეპისკოპოსისგან პატრიარქის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება? მოიხსენიებს ის პატრიარქს ისევ ლოცვებში? 

სასულიერო, საეკლესიო კანონიკის  მიხედვით, მღვდელმთავარი არის მღვდელმთავარი მადლმოსილების წყალობით, როდესაც ის დადგინებულ იქნა ამა თუ ეპარქიის წინამძღვრად. საკუთარი კრიტიკული აზრის ქონას საეკლესიო კანონიკა არ გამორიცხავს. მეუფე პეტრე პატრიარქს საკუთარ ლოცვებში მოიხსენიებს, როგორც საქართველოს მღვდელმთავარს, მაგრამ მას გააჩნია საკუთარი მოსაზრება მის პიროვნებაზე. ეს სრულიად თავსებადია თეოლოგიური თვალსაზრისით.

  • მეუფე პეტრემ მეუფე სპირიდონს შეახსენა, რომ მას „ციანიდის საქმეზე“ არ ჰქონია პოზიცია. რას მიანიშნებდა ეს შეხსენება, თქვენი აზრით? 

„ციანიდის საქმე“ თავისთავად იყო მასშტაბური მოვლენა. ყველაზე დიდი დამსახურება ამ საქმისა არის ის, რომ გაიხსნა კრიტიკის ველი და შესაძლებელი გახდა ალტერნატიული აზრების დაფიქსირება. რაც შეეხება მინიშნებას, მეუფე სპირიდონის მხრიდან აზრის არ დაფიქსირებას, მოგეხსენებათ, რომ მეუფე სპირიდონი წარდგენილ იქნა საეპისკოპოსო კანდიდატად მეუფე დიმიტრის მიერ. მეუფე დიმიტრი დიდი ხნის განმავლობაში იყო მისი მხარდამჭერი კარიერული თვალსაზრისით. ამ განცხადებით მიანიშნებს პეტრე, რომ როგორც დიმიტრის მეგობარს, უნდა გამოეხატა პოზიცია დაპატიმრებული მღვდლის მიმართ.

  • რა როლი აქვს ამ პროცესში მეუფე დიმიტრის? 

მან დიდი დარტყმა იწვნია თავის თავზე „ციანიდის საქმის“ დროს. შორენამ „ციანიდის საქმე“ ყველაზე ცუდად სწორედ მას შემოუტრიალა. მეუფე დიმიტრიმ კი თავის მხრივ განრიდების პოზიცია აირჩია, ის ელოდება სიტუაციის განმუხტვას. არ ვიცი, რას ამბობდა ის სინოდის შიგნით, მაგრამ მისი კომენტარები ყოველთვის იყო ნეიტრალური და არ ეხებოდა საკითხის არსს. მას ისიც კი არ უთქვამს, მიაჩნია თუ არა დამნაშავედ საკუთარი მღვდელი.

გარდა ამისა, მეუფე დიმიტრის გააჩნია აშკარად გამოხატული პრორუსული პოზიცია. ეს გამოჩნდა, როცა ის მომხრე იყო საქართველოს ეკლესიის დელეგაციის არწასვლისა კრეტის საეკლესიო კრებაზე 2016 წელს. არგუმენტი იყო  ძალიან სუსტი და, ძირითადად, აგებული იყო მსოფლიო საპატრიარქოს დემონიზაციაზე. არ ვიცი, შეიცვალა მისი პოზიცია თუ არა, მაგრამ მას რომ იგივე პოზიცია არ ჰქონდეს, მეუფე სპირიდონი ასეთ შეტევას ვერ გაბედავდა.

  • ჭყონდიდელმა მიტროპლიტმა პეტრემ საეკლესიო სასამართლოს გამართვა მოითხოვა. რა მოლოდინი გაქვთ, შედგება ეს პროცესი?

ეს იყო სრულიად მართებული მოთხოვნა: როცა ორი მღვდელმთავარი ვერ რიგდება ერთმანეთში, უნდა არსებობდეს ინსტიტუცია ეკლესიის შიგნით, რომელიც გადაწყვეტს ამ დავას. საერთოდაც, ეკლესიას უნდა გააჩნდეს საკუთარი სასამართლო, რადგან  საეკლესიო წესები და  კანონიკა არ არის ქვეყნის საერთო იურისპრუდენციის ნაწილი. ჩემი აზრით, ეს დაპირისპირება გამოურკვეველი დარჩება, რადგან საეკლესიო სასამართლო არ შედგება. უბრალოდ შესაძლებელია, პატრიარქმა  მათ შერიგება სთხოვოს.

  • ჩანს თუ არა ისიც, რომ ბრძოლა მიმდინარეობს პატრიარქის ტახტისთვისაც? 

ეს არის ბრძოლის თანმდევი, გარდაუვალი ნაწილი. იმის მიხედვით, თუ რომელი მხარე მოიპოვებს უპირატესობას პოლიტიკურ ვექტორების საკითხებთან მიმართებაში, შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ სწორედ ამ ჯგუფს ექნება უფრო მეტი შანსი, რომ მომავალი პატრიარქი მათი შემადგენლობიდან ვიხილოთ.

  • რომელ მხარეს აქვს უპირატესობა? 

უპირატესობა არის პრორუსული მხარისკენ, რადგან კათოლიკოს-პატრიარქი ვერ გარისკავს და ვერ დაუპირისპირდება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის საკითხის გამო. ის ვერ გაწირავს, ასე რომ ვთქვათ, ამდენი წლის „ნალოლიავებ ურთიერთობას“. საპატრიარქოს პოზიციის გამხმოვანებელი ინსტიტუტები: „მშობელთა კავშირები“ თუ სხვადასხვა ეპისკოპოსი, ნელ-ნელა  აჟღერებენ პრორუსულ პოზიციას.

ბოლოს რუსთავის ეპარქიის მღვდელმთავარმა, იოანე გამრეკელმა, რომელიც არის პატრიარქთან დაახლოვებული პირი და მისი მხრიდან ითვლება ჭკუამოსაკითხ ადამიანად, აშკარად პრორუსული პოზიცია დააფიქსირა ხმამაღლა. თავად საპატრიარქო, ჯერჯერობით, ერიდება აშკარად პრორუსული პოზიციის დაფიქსირებას, რომ თავიდან აირიდოს საზოგადოების და მედიის მხრიდან გაღიზიანება. თუმცა ასეთი სტრატეგია დიდი ხანი ვერ იმუშავებს, იგი მალე დადგება მკაფიო არჩევანის წინაშე.

_________

მთავარი ფოტო: patriarchate.ge

ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქალს დაეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქალს დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში უკვე გადაიყვანა.

თვითმხილველის თქმით, ქალს ტაქსის მძღოლი დაეჯახა.

“ქუჩის ეს მონაკვეთი სათანადოდ განათებული არ არის. მძღოლი ამბობდა, მეგონა, მგზავრი იყო და მოძრაობა დავიწყეო…. მძღოლი პატრულმა წაიყვანა გამოსაკითხად,”- გვითხრა თვითმხილველმა.

 

 

 

 

თავდაცვის სამინისტრო ბათუმში ჯარისკაცის დაჭრაზე: ეს იყო უნებლიე გასროლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ბათუმში ჯარისკაცის დაჭრაზე განცხადებას ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 22 იანვარს, მოხდა ბათუმში.

“ბათუმში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, საგუშაგოზე, სავარაუდოდ ბათუმში დისლოცირებული ლოჯისტიკის უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ უ.გ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა, რის შედეგადაც ბათუმში დისლოცირებული, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე მ.გ დაშავდა.

მ.გ.-ს მსუბუქი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული,” – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაშავებულს ბათუმში, კლინიკა “მედცენტრში” მკურნალობენ.

შემთხვევას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

მთავარი ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ამერიკული სამხედრო გემი ბათუმის პორტში

ბათუმის პორტში შემოსული ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Donald Cook-ი,  დღეს, 22 იანვარს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერეს.

“აშშ-ის სამხედრო საზღვაო ხომალდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ არის  დასტური იმ მტკიცე სტრატეგიული თანამშრომლობისა, რომელიც ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან გვაქვს. ეს თანამშრომლობა და ასეთი საპორტო ვიზიტები უზრუნველყოფს შავი ზღვის რეგიონში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ზრდის ასევე ჩვენს თავდაცვით  შესაძლებლობებს. ასევე სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას,” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სამხედრო გემის დათვალიერების შემდეგ.

“ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ამერიკულ გემს ბათუმში. თავდაცვის სამინისტრო, ზოგადად მინისტრი და მისი გუნდი, ახორციელებენ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს იმისათვის, რომ გააძლიერონ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ამ ძალისხმევაში და ამ გემის ვიზიტი არის დემონსტრირება ამ მხარდაჭერისა. ამერიკული გემი იმყოფება აქ საქართველოში იმიტომ, რომ წარმოაჩინოს და აჩვენოს თავისი დაინტერესება შავი ზღვის რეგიონის, მისი უსაფრთხოების და ასევე წარმოაჩინოს თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, აჭარის მთავრობას სტუმართმოყვარეობისა და თანამშრომლობისთვის,” – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა.

საზღვაო ხომალდი ბათუმის პორტში 21 იანვარს შემოვიდა. ეს საქართველოში Donald Cook-ის მეორე ვიზიტია. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, შავ ზღვაში ყოფნისას საზღვაო ხომალდი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში.

Donald Cook-ის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს ამერიკის როლს ნატოს მოკავშირებისა და პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის სფეროში. ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება მოკავშირეების გაძლიერებით თანამშრომლობის გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად.

Donald Cook

ბათუმში ჯარისკაცი დაჭრეს

ბათუმში, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, ჯარისკაცი დაჭრეს. დაჭრილი ჯარისკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის „მედცენტრში“ გადაიყვანა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ჯარისკაცს ტყვია მარცხენა ხელზე მოხვდა. ექიმების თქმით, ჯარისკაცს ხელი, სავარაუდოდ, მოტეხილიც ჰქონდა, თუმცა იგი კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში.

თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ „უნებლიე გასროლა განახორციელა ერთმა სამხედრო მოსამსახურემ და იდაყვის არეში დაიჭრა მეორე“. პრესცენტრის ინფორმაციით, დაიწყო გამოძიებაც.

რის გამო იმყოფებოდნენ შეიარაღებული ჯარისკაცები ბათუმში? – თავდაცვის სამინისტრო დეტალური ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

 

 

 

 

ისევ უცნობია, როდის ეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ელჩი საქართველოში

როდის ეყოლება ოფიციალურად ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში და რა პროცესები მიმდინარეობს მის შესარჩევად? – ეს კითხვა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს, დღეს “ბათუმელებმა” დაუსვა. ის 2018 წლის 8 ნოემბრიდან შეუდგა საქართველოში ელჩის მოვალეობის შესრულებას. 2018 წლის აპრილიდან ნოემბრამდე კი აშშ-ის ელჩის მოვალეობას საქართველოში ელისაბედ რუდი ასრულებდა.

“ვაშინგტონში მთავრობა მუშაობს კანდიდატების შერჩევაზე. ახლა, ამ წუთას ვერ გეტყვით, თუ ზუსტად რა პროცესები მიმდინარეობს, რომ შეირჩეს მუდმივი ელჩი საქართველოში. თუმცა, გეტყვით იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს წარმომადგენლობას საქართველოში და ეს არის სწორედაც მიზეზი, რომ მე მთხოვეს აქ ჩამოსვლა დროებით, ელჩის მოვალეობის შემსრულებლად,” – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა როს უილსონმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავს. მას შემდეგ, რაც ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და პენსიაზე გავიდა.

მთავარი ფოტო: როს უილსონი

ჯივილი წლის პირველ განახლებულ კოლექციას გთავაზობთ

საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ყველაზე მრავალფეროვანი მაღაზია „ჯივილი“ ერთგულ მომხმარებელს წლის პირველ განახლებულ კოლექციას სთავაზობს.

„ჯივილი“ ბათუმელ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან ფასდაკლების აქციასა და სხვადასხვა პრომოაქტივობას საბავშვო ტანსაცმელზე, სათამაშოებსა და აქსესუარებზე.

გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88

Exit mobile version