„ჩვენ უკვე დავიწყეთ სამობილიზაციო სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის აღსადგენად“, – განაცხადა დღეს, 10 აპრილს, ხულოში ყოფნისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი 47 კილომეტრია [გოდერძის უღელტეხილის ჩათვლით] და მის ასაშენებლად 110 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი გზა ბათუმიდან ახალციხემდე მანძილის დაფარვას დროში დაახლოებით 1,5 საათით შეამცირებს.
„დღეს უკვე დაიწყო სამუშაოები, აყვანილი არის ტექნიკა, ეს არის არა მარტო ინფრასტრუქტურულად მნიშვნელოვანი პროექტი, არამედ ეს არის პროექტი, რომელიც მოიყვანს ტურისტებს თქვენს რეგიონში და რომელიც გზის მშენებლობის განმავლობაში მოგცემთ თქვენ საშუალებას, დასაქმდეთ გზის მშენებლობის დროს. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მას შემდეგ, რაც ეს გაზა იქნება დამთავრებული, თქვენ გექნებათ საშუალება, გახსნათ ტურისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა – გესთჰაუსები, სასტუმროები, ტურისტების მომსახურებისთვის საჭირო ბიზნესი და თქვენ გქონდეთ მუდმივი შემოსავალი, რაც ამ ახალგაზრდებს, რომლებიც აქ ასე მრავლად არიან წარმოდგენილები, იმის საშუალებასაც მისცემს, რომ მათ სწორედ ხულოში მოძებნონ მათი სამუშაო ადგილები და აქ შექმნან თავიანთი ოჯახები და აქ განვითარდნენ,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა დღეს ხულოში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ხულოს მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე დაასახელა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციოდ მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო როგორც ხულოს, ასევე, ზარზმის მხრიდან. „რაც შეეხება ინტენსიურ სამუშაოებს, აპრილის ბოლოს, უფრო მაისის თვიდან დაიწყება,“ – გვითხრეს დეპარტამენტში.
ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი [KFAED] აფინანსებს. სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ხულო-ზარზმის გზას „საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია „ტოდინი“ ააშენებს, რომელმაც მშენებლობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე [2018] წლის პირველი ოქტომბრიდან უკვე დაიწყო“.
ამ თემაზე:
110-მილიონიანი ტენდერი კომპანიას, რომელმაც 30-მილიონიანი სამუშაო ვერ შეასრულა
ხულო არჩეული მერის გარეშე და 217 მილიონზე მეტი ლარის პროექტები