ნეტგაზეთი • RU

კომპანია „სვეტის“ საქმეზე გამოძიება გრძელდება, დაკავებული არავინაა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ ერთ-ერთი დირექტორისთვის, გივი ჯიბლაძისთვის ბრალის წარდგენისა და მისი დაკავების შესახებ. საგამოძიებო სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ “კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მენაშენეების და სხვა პირების გამოკითხვა და ბრალი წარდგენილი არავის აქვს“.

საგამოძიებო სამსახურმა „სვეტთან“ და მის შვილობილ კომპანიებთან დაკავშირებით გამოძიება დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო.  სამსახურის ინფორმაციით გამოძიება 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და გაფლანგვას გულისხმობს.

დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „სვეტი“ წილებს ასხვისებდა. თბილისში, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ოფისში დაზარალებულმა მენაშენეებმა დირექტორებთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. მათი მოთხოვნა იყო, მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ ვინ ყიდულობდა კომპანიის წილს და დასრულებულიყო დაწყებული მშენებელობები.

ხელშეკრულება წილის დათმობაზე „სვეტსა“ და გივი წულეისკირს შორის გაფორმდა 2018 წლის მაისში. ამ ხელშეკრულებით, „სვეტი“ 100% წილს თმობს უსასყიდლოდ და კომპანიის ვალდებულებების შესრულების პირობით. ამ ხელშეკრულებით, სამომავლო ხელშეკრულება უნდა დადებულიყო მას შემდეგ, რაც წილის შემძენი შეამოწმებდა „სვეტისა“ და მისი შვილობილი კომპანიების ფინანსურ-სამართლებრივ მდგომარეობას და შეისწავლიდა რისკებს.

სამომავლო ხელშეკრულების დადების მომენტისთვის „სვეტი ჯგუფის“ საკუთრებაში უნდა იყოს პროექტები [უძრავი ქონება] მდებარე თბილისსა [ჭყონდიდელის ქუჩაზე – სვეტის ქალაქი 1] და ბათუმში [თამარის დასახლებაში – სვეტი ბათუმი].

გივი წულეისკირს წილების შეძენაზე ანალოგიური ხელშეკრულება აქვს გაფორმებული კომპანია „სვეტთან“ [უძრავი ქონება თბილისში, წერეთლის გამზირზე], ასევე „სვეტი დეველოპმენტთან“ [უძრავი ქონება თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე – სვეტის ქალაქი 2]

გივი წულეისკირი შპს „სფერო ჰოლდინგის“ მფლობელია. წილების ცვლილებაზე მან რეესტრს მიმართა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, ვინაიდან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული: „არ დგინდება გარიგების შინაარსი, კერძოდ, არ არის განსაზღვრული წილის მიმღებს, გივი წულეისკირს, აღნიშნული წილი სამომავლოდ გადაეცემა თუ არა საკუთრების უფლებით“.

გივი წულეისკირს დამატებით უნდა წარედგინა დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა „სვეტის“ [შვილობილი კომპანიების] 100% წილი მას სამომავლოდ გადაეცემოდა თუ არა საკუთრების უფლებით.

გივი წულეისკირს რეესტრში დოკუმენტების ხელახლა წარდგენის ვადა 2018 წლის 10 ივლისამდე ჰქონდა.

2018 წლის 12 ივლისს, საჯარო რეესტრმა წილის გადაცემაზე საქმის წარმოება შეწყვიტა, ვინაიდან რეესტრში, წულეისკირის მიერ არ იქნა წარდგენილი „სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება წილის მიმღებ პირს აღნიშნული წილი სამომავლოდ გადაეცემა თუ არა საკუთრების უფლებით“.

ამ თემაზე:

მთავარი ფოტო: „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ შეჩერებული მშენებლობა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com