მთავარი,სიახლეები

„ბათუმის მერიის იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა „სვეტს“ დანაშაულის ჩადენაში შეუწყვეს ხელი“

10.04.2019 •
„ბათუმის მერიის იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა „სვეტს“ დანაშაულის ჩადენაში შეუწყვეს ხელი“

ბათუმის მერიასთან „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ მენაშენეებმა დღეს, 10 აპრილს, აქცია გამართეს. მენაშენეთა ადვოკატის ირინე ჯობაძის განცხადებით, მენაშენეები ითხოვენ ქალაქის მერიისგან მშენებარე სახლის დემონტაჟის შეჩერებას, ხოლო მთავარი პროკურატურისგან  – დროულად დაინტერესდეს ბათუმის პროექტით. ადვოკატის თქმით, ბათუმში „სვეტის“ მენაშენეების რაოდენობა 300-ს აღწევს, მათ შორის არიან ემიგრანტებიც, თავად კი, ამ დროისთვის, 32 პირის უფლებას იცავს.

„ჩვენ მოვიპოვეთ რიგი დოკუმენტები, მტკიცებულებები, რომლებმაც და შემდგომმა განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახეს, რომ ადგილი აქვს კარგად მოფიქრებულ და ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობას „სვეტი ჯგუფის“ მხრიდან. კომპანიას ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ხელი შეუწყეს ბათუმის თვითმმართველობის ორგანოდან იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა, რის შედეგადაც „სვეტი ჯგუფმა“ მიითვისა ასობით ადამიანის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – ასი ათასობით ლარი“, – გვითხრა ირინე ჯობაძემ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ შეუძლია ვინმე კონკრეტული პირის დასახელება, სვეტის მენაშენეების ადვოკატმა თქვა: „უტყუარი მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ გვაქვს. ახლა ველოდები მერიიდან ოფიციალურ დოკუმენტებს. შევისწავლით და შემდეგ დავასახელებთ მათ ვინაობას“.

მისივე თქმით, მათი მოთხოვნაა საქართველოს მთავარი პროკურატურა დროულად დაინტერესდეს ბათუმის პროექტით: „კომპანიის ხელმძღვანელები დაკავებული არიან თბილისის ეპიზოდზე. ბათუმის ეპიზოდზე კი მენაშენეები დღეს სამართალდამცავების მხრიდან მხოლოდ დაკითხულები არიან და ამ მხრივ პროკურატურა დუმს. გამოძიება უნდა წარიმართოს ეფექტურად და ვფიქრობთ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ის მაღალჩინოსნები, ვინც ხელი შეუწყო ამ დანაშაულებრივ ქმედებებს“.

ადვოკატის თქმით, მენაშენეებისთვის არავის უცნობებია იმის შესახებ, რომ მშენებლობა უკანონოდ, პროექტის გარეშე მიმდინარეობდა და არც ის, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება დემონტაჟის შესახებ. „ვითხოვთ, მიღებული იქნეს დადგენილება დემონტაჟის შეჩერების შესახებ. თუ უკვე აშენებული 6 სართული დაინგრევა, ეს ისედაც გამწარებული ხალხი საერთოდ ყოველგვარი იმედის გარეშე დარჩება. ვთხოვთ მთავრობასაც, დაეხმარონ ამ ადამიანებს“, – ამბობს ირინე ჯობაძე.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სვეტთან“ დაკავშირებით უკანონო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ მერიამ გადაწყვეტილება 2017 წლის 25 ოქტომბერს მიიღო, ხოლო აღსრულებას საქმე გადაეცა 2018 წლის 14 მარტს.

„მანამდე მშენებელი კომპანია სამჯერ დაჯარიმდა სამუშაოების შეუჩერებლობაზე. ასევე  ორჯერ დაჯარიმდა დემონტაჟის ნებაყოფლობით შეუსრულებლობაზე“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

„დემონტაჟის შეჩერება შესაძლოა გაუქმდეს გასაჩივრების, ან ახალი ნებართვის აღების შემთხვევაში. კომპანიას მხოლოდ ხიმინჯების მოწყობაზე ჰქონდა ნებართვა. გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება დადგენილების ჩაბარების მომენტიდან. ამ შემთხვევაში დადგენილება ,,სვეტს” ჩაბარდა კანონით დადგენილ ვადაში. რაც შეეხება ბინის მფლობელებს [მენაშენეებს], მათი თქმით, დადგენილების არსებობის შესახებ მათთვის უცნობი იყო [ანუ შეუძლიათ გასაჩივრება]“ – განმარტავენ ბათუმის მერიაში.

რეესტრის ბოლო ამონაწერით, ტერიტორია 5003 კვ/მ, სადაც „სვეტის“ მშენებარე კორპუსი დგას, კვლავ შპს „სვეტი ჯგუფის“ საკუთრებაშია.

ბათუმში მშენებარე კორპუსში, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „სვეტის“ მიერ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ბინები უნდა მიეღოთ ასევე ცნობილ სპორტსმენებს. მათ შორის ლაშა ტალახაძეს, ვარლამ ლიპარტელიანს, ამირან პაპინაშვილს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს.

———-

ბათუმის ჭადრაკის სასახლე [„კაისა“] და მიმდებარე ტერიტორია ზღვის პირას, თამარის დასახლებაში – 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, „სვეტი ჯგუფმა“ 2016 წელს იყიდა და „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ მშენებლობა დააანონსა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2018 წლის 3 ოქტომბერს, როცა ამ ადგილზე შენობის 6 სართული აშენებული იყო, თაღლითობის ბრალდებით სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები დააკავა.

მათ დაკავებამდე, 2018 წლის ივნისში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „სვეტი“ წილებს ასხვისებდა. თბილისში, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ოფისში დაზარალებულმა მენაშენეებმა დირექტორებთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.

ხელშეკრულება წილის დათმობაზე „სვეტსა“ და გივი წულეისკირს შორის გაფორმდა 2018 წლის მაისში. ამ ხელშეკრულებით, „სვეტი“ 100% წილს თმობს უსასყიდლოდ და კომპანიის ვალდებულებების შესრულების პირობით. სამომავლო ხელშეკრულება კი უნდა დადებულიყო მას შემდეგ, რაც წილის შემძენი შეამოწმებდა „სვეტისა“ და მისი შვილობილი კომპანიების ფინანსურ-სამართლებრივ მდგომარეობას და შეისწავლიდა რისკებს.

2018 წლის 12 ივლისს, საჯარო რეესტრმა წილის გადაცემაზე საქმის წარმოება შეწყვიტა, ვინაიდან რეესტრში, წულეისკირის მიერ არ იქნა წარდგენილი „სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება წილის მიმღებ პირს აღნიშნული წილი სამომავლოდ გადაეცემა თუ არა საკუთრების უფლებით“.

ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ჭადრაკის სასახლე „კაისა“ და მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 30 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სადაც „სვეტის ოლიმპიური ქალაქი“ უნდა გაშენებულიყო, „სვეტი ჯგუფს“ კომპანია „ჰესტოკ ბათუმმა“ 2016 წლის აპრილში მიჰყიდა. „ჰესტოკ ბათუმმა“ ქონება თანხის გადახდამდე იპოთეკით დატვირთა.

2018 წლის 11 მარტს „ჰესტოკ ბათუმში“ გვითხრეს, რომ „სვეტი ჯგუფმა“ თანხა ვერ გადაიხადა, ამიტომ ქონების გარკვეული ნაწილი უკან დაიბრუნეს. რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო თანხა 6 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი იყო, „სვეტი ჯგუფმა“ კი აქედან მხოლოდ 1,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.  ამ დროისთვის საჯარო რეესტრის მიხედვით,„სვეტი ჯგუფი“ აღნიშნულ ტერიტორიაზე არა 30 000 კვ/მ-მდე, არამედ, მხოლოდ 5 003 კვ/მ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელზედაც მშენებარე კორპუსი დგას.

ჭადრაკის სახლი „კაისა“ და მის მიმდებარედ 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორია კი კომპანია „ორბი ბიზნესცენტრმა“ 4 მილიონ აშშ დოლარად იყიდა.  „ორბი ბიზნესცენტრსა“ და „არგო ანურიას“ [„ჰესტოკ ბათუმის“ შვილობილ კომპანიას] შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის 17 მაისს გაფორმდა.

 

„სვეტის“ მენაშენეთა აქცია ბათუმის მერიასთან / 10.04.2019

„სვეტის“ მენაშენეთა აქცია ბათუმის მერიასთან / 10.04.2019

ამ თემაზე:

ბიზნესგარიგებები და „ოლიმპიური ქალაქი“ ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: