მთავარი,სიახლეები

რეპრესირებულის შთამომავალი მთავრობისგან რეაგირებას ითხოვს: ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეულია

11.04.2019
რეპრესირებულის შთამომავალი მთავრობისგან რეაგირებას ითხოვს: ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეულია

ნოდარ შავაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, დიდაჭარაში ცხოვრობს. მისი ბაბუა, იუნუს შავაძე და ბაბუას ძმა 1937 წელს დაიჭირეს და, სავარაუდოდ, დახვრიტეს. ნოდარ შავაძე იმედოვნებს, რომ ბათუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში, შესაძლოა მისი ბაბუის ნეშტიც აღმოჩნდეს. მისი თქმით, ბაბუა ბათუმში დააპატიმრეს.

ნოდარ შავაძე ამბობს, რომ ის ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარშიც იყო მისული, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს რომ დალაპარაკებოდა და ენახა რა პირობებშია შენახული სამარხიდან ამოღებული ნეშტები. მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

„ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მითხრა, იცით რა ღირს დნმ-ის გაკეთებაო, ორი ათასი ლარიო. მე ვუთხარი, რომ მზად ვარ გადავიხადო ეს თანხა, ოღონდ დადგინდეს ნამდვილად არის თუ არა ბაბუაჩემის ნეშტი სამარხში. მან მითხრა, თუ ასამდე მსურველი აგროვდებით, მაშინ შეიძლება დნმ-ის გაკეთებაო“, – გვიყვება ნოდარ შავაძე.

მისი თქმით, ოჯახისთვის დახვრეტილი ადამიანების იდენტიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია: „მამიდაჩემი 45 წელი ეძებდა ბაბუას. ადამიანი რაღაც ძვირფას ნივთს რომ კარგავ, ზოგჯერ მთელი ცხოვრება განიცდი. ჩვენ ადამიანები დავკარგეთ და ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია“.

ნოდარ შავაძე თითქმის 70 პროცენტითაა დარწმუნებული, რომ აღმოჩენილ სამარხში მისი ბაბუის ნეშტიც იქნება.

„ბაბუა სასულიერო პირი, იმამი იყო და ამ ნიშნით დაიჭირეს. ბაბუას ძმამ, რაღაც კავშირების წყალობით, ერთხელ მოახერხა მისი ნახვა დაჭერის შემდეგ. ბაბუა, სავარაუდოდ, დაკავებიდან 25 დღეში დახვრიტეს, რადგან ამის შემდეგ მის შესახებ ვეღარაფერი გავიგეთ.

იმავე საღამოს, როცა ბაბუაჩემი მისმა ძმამ მოინახულა, ძმასაც მიაკითხეს სახლში და წაიყვანეს. უთხრეს დაგელაპარაკებიან და გამოგიშვებენო, მაგრამ აღარც ის დაბრუნებულა. ეჭვი გვაქვს, რომ ის ხულოში დახვრიტეს, ბაბუა კი – ბათუმში. თუმცა არის ვარაუდი, რომ შესაძლოა ორივე ერთად დაეხვრიტათ“.

ნოდარ შავაძე ამბობს, რომ თუკი არ ჩაატარებს სახელმწიფო ნეშტების დნმ-ის ანალიზს, შესაძლოა პროცესები ცუდად წარიმართოს.

„ჩემს სახლთან გზის პირზე ნაეკლესიარია და იმ ადგილს სულ ვასუფთავებ – სასულიერო პირები რომ ჩამოივლიან, მოწესრიგებული იყოს-მეთქი. ასე ვცემ მათ პატივს. თუ ამ საქმეს ისე არ გადაწყვეტენ, როგორც გვინდა, არა მგონია იმ გზაზე მათ ისევ ამოიარონ“, – გვეუბნება ნოდარ შავაძე.

მისი თქმით, სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოების მოთხოვნაზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: