მთავარი,სიახლეები

კომპანიას ბულვართან 18-სართულიანი კორპუსის აშენება სურს – მერია ამის უფლებას არ აძლევს

12.03.2019 • 3028
კომპანიას ბულვართან 18-სართულიანი კორპუსის აშენება სურს – მერია ამის უფლებას არ აძლევს

სამშენებლო კომპანია „დექსტერ დეველოპმენტის“ ხელმძღვანელმა ლევან კანთელაძემ დღეს, 12 მარტს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხელისუფლება მის ბიზნესს ავიწროებს. ამ ბიზნესმენს 18 სართულის სიმაღლის კორპუსის აშენება სურს „ბაბილონ თაუერის“ მოპირდაპირე მხარეს – მელიქიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების გადაკვეთის სიახლოვეს. ამ ზონაში მაღლივი კორპუსების მშენებლობას მუდმივ რეჟიმში აპროტესტებენ ბულვარის დამცველები.

„ბარაკების ადგილზე, ბაბილონ თაუერის წინ, უნდა აგვეშენებინა ეს სახლი. ვაპირებდით სანაოსნოს შენობაზე მიშენებული ლოჯების ჩამოშლას, მოსახლეობის დაკმაყოფილებას და ჭაბუა ამირეჯიბის სახლის მოწესრიგებასაც, გვყავდა ესპანელი ინვესტორი და „საქართველოს ბანკიდან“ გამოვიტანეთ სესხიც ამ პროექტის განხორციელებისთვის, გავიარეთ ყველა ინსტანცია და 2016 წელს მოგვანიჭეს კოეფიციენტი.

პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ცხრა თვის შემდეგ შევიდა, სააგენტომ თანხმობა მოგვცა, თუმცა შემდეგ მერიამ განაცხადა უარი პროექტის განხორციელებაზე“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან კანთელაძემ.

ლევან კანთელაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი პრობლემების გამო უცხოელი პარტნიორი წავიდა საქართველოდან, აღებულ სესხზე კი პროცენტს ახლაც იხდის.

„ლაშა კომახიძესაც შევხვდი. მან მითხრა, რომ ეს სახლი არ უნდა აშენდეს. როცა მიზეზი ვკითხე, არგუმენტირებული პასუხი ვერ გამცა. არ უნდა აშენდესო და მორჩა…

შემდეგ ვთხოვეთ ადგილმონაცვლეობა და შემოგვთავაზეს მიწა ბაგრატიონის ქუჩაზე. ჩვენ ამაზეც თანახმა ვიყავით, თუმცა შემდეგ ამაზეც უარი გვითხრა კომახიძემ“.

ბიზნესმენის თქმით, ლაშა კომახიძემ მას განუცხადა, რომ ეს საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის, თორნიკე რიჟვაძესთვის უნდა შეეთანხმებინა.

„არავითარი ჩანაცვლება არ მოხდება, რადგან მაგ მიწაზე (ბაგრატიონის ქუჩა) თორნიკე რიჟვაძეს ჰყავს სხვა ინვესტორი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე თქვენო.

შემდეგ მითხრეს, რომ შევხვედროდი რიჟვაძეს, მაგრამ არ შევხვდი. რატომ უნდა შევხვდე მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძეს? ხვალ სხვამ რომ დამიბაროს, იმასაც უნდა შევხვდე?“ – ამბობს კანთელაძე.

ლევან კანთელაძის განცხადების შესახებ „ბათუმელებმა“ ჰკითხა ლაშა კომახიძესაც. ბათუმის მერმა ასე უპასუხა მის მიმართ გაჟღერებულ პრეტენზიებს: „ძალიან საინტერესოა, როდესაც  ერთი მხრიდან ვიღებთ მოთხოვნებს  ძველი ბათუმის არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე და იგივე ადამიანები ხშირად მეორე ხელით ბრალს გვდებენ, თუ რატომ ვაკეთებთ ამას, რატომ ვიცავთ თავგამოდებით ჩვენს ქალაქს. ამავე დროს, თითქოს ქალაქისათვის ცუდ  გადაწყვეტილებებს ვიღებთ“, – ეს ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის სიტყვებია. ასე უპასუხა მერმა კითხვას იმის თაობაზე, რომ მას ჯერ კიდევ მშენებარე „ბაბილონ თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის „დაბლოკვაში სდებენ ბრალს“.

ვრცლად ლაშა კომახიძის პასუხი:

მერის პასუხი ბულვართან 18-სათულიანი კორპუსის მშენებლობის მსურველებს და მხარდამჭერებს

 

კომპანია „დექსტერ დეველოპმენტის“ პროექტი, რომელიც მისი ხელმძღვანელის თქმით, ნინოშვილის ქუჩაზე უნდა განხორციელებულიყო.

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: