მას შემდეგ, რაც 27 იანვარს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, უკანონო გარევაჭრობის დახლები აიღეს, ამ ტერიტორიის გამწვანება დაიწყო – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
„წერეთლის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე ჩატარდა დასუფთავების სამუშაოები და მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები. აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთო ჯამში 66 ძირი კიპარისის დარგვა იგეგმება,“ – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.
გამწვანების პარალელურად, ბათუმის მერიის წინ გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ აკრძალვით შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ. აქციის ერთი მონაწილე ცუდად გახდა. მერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.
გარემოვაჭრეებს მერია ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს ვაჭრობისთვის – ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიას, რომელიც იმავე კვარტალში მდებარეობს.
ამ წუთებში ბათუმის მერიის წინ გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. გარემოვაჭრეების დახლები მერიამ წერეთლის ქუჩიდან გუშინ, 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო.
გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ვაჭრობის აკრძალვით შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ. აქციის ერთი მონაწილე ცუდად გახდა. მერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.
გარემოვაჭრეებს მერია ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს ვაჭრობისთვის – ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიას, რომელიც იმავე კვარტალში მდებარეობს.
მერიაში აცხადებენ, რომ ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვას და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.
გარევაჭრობა მიმდინარეობდა ამავე ქუჩაზე არსებულ საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის წინაც.
გარემოვაჭრეები მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. ფოტო: მანანა ქველიაშვილიმერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია.
რამდენად კარგად ან ცუდად ართმევს თავს მთავრობა მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას? – 2018 წლის დეკემბერში, NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში ამ შეკითხვაზე გამოკითხული რესპონდენტების 27-მა პროცენტმა უპასუხა, რომ მთავრობა ამ საკითხს ცუდად ართმევს თავს, 7 პროცენტი ფიქრობს, რომ ძალიან ცუდად, 47 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ – კარგად.
კვლევა – „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შეეხო ბევრ საკითხს, მათ შორის განათლებას, პედაგოგების კვალიფიკაციას და დასაქმებას.
კითხვაზე – ეთანხმებით თუ არა, რომ კერძო მასწავლებელი (რეპეტიტორი) აუცილებელია? რესპონდენტების 73 პროცენტი პასუხობს, რომ რეპეტიტორი აუცილებელია ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის, 55 პროცენტი რეპეტიტორის საჭიროებას ხედავს საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის, ხოლო 47 პროცენტი ამბობს, რომ კერძო მასწავლებელი საჭიროა სკოლაში კარგად სწავლისთვის.
NDI-ის 2018 წლის დეკემბრის კვლევა.
იმ გამოკითხულ პირთა 45 პროცენტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კერძო მასწავლებელი საჭიროა ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის, კითხვაზე – როგორ შეაფასებთ საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიონალიზმს? – მასწავლებლების კვალიფიკაციას დადებითად აფასებს, 42 პროცენტი – საშუალოდ, ხოლო 9 პროცენტი – ცუდად.
მათგან, ვინც კერძო მასწავლებლის საჭიროებას ხედავს საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად, 41 პროცენტი მასწავლებლის კვალიფიკაციას აფასებს „კარგად“, 42 პროცენტი – საშუალოდ, 9 პროცენტი კი – უარყოფითად.
იმ გამოკითხულთაგან 10 პროცენტი, ვინც კერძო მასწავლებლის საჭიროებას ხედავს იმაში, რომ მოსწავლემ კარგად ისწავლოს სკოლაში, საჯარო სკოლის მასწავლებლის კვალიფიკაციას უარყოფითად აფასებს, საშუალოდ – 46 პროცენტი და დადებითად – 40 პროცენტი.
კვლევამ, ასევე, აჩვენა გამოკითხულ მოქალაქეთა ცოდნის დონე და ხარისხი უცხოურ ენებში.
კვლევაში მონაწილე პირების 45 პროცენტი ამბობს, რომ რუსულ ენას საშუალო დონეზე ფლობს. რუსულ ენაში არ აქვს საწყისი ცოდნა გამოკითხულთა 12 პროცენტს.
ინგლისურ ენას გამოკითხულთა 15 პროცენტი საშუალოდ ფლობს, 60 პროცენტი ამბობს, რომ არ აქვს საწყისი ცოდნა.
თურქულ ენას საშუალო დონეზე ფლობს გამოკითხულ პირთა 7 პროცენტი, საწყისი ცოდნა არ აქვს 82 პროცენტს.
რაც შეეხება არაქართულენოვან ინტერვიუებს, გამოკითხული პირების 16 პროცენტი ამბობს, რომ ქართული ენა საშუალო დონეზე იცის, 60 პროცენტი კი ამბობს, რომ არ გააჩნია საწყისი ცოდნა.
საჯარო სკოლის მასწავლებელთა კვალიფიკაციის შეფასება NDI-ის 2018 წლის დეკემბრის კვლევის მიხედვით.
ყველა ინტერვიუ ჩაწერილია პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან.
NDI-ის 2018 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ კარგი სამსახურის საშოვნელად პირველ რიგში ნაცნობობაა საჭირო და შემდეგ – პროფესიონალიზმი.
მესამე ადგილზეა უცხოეთში მიღებული განათლება, მეოთხეზე – ნიჭი, მეხუთეზე კი – შრომისმოყვარეობა.
გამოკითხულები ასევე მიიჩნევენ, რომ კარგი სამსახურის საშოვლენად საჭიროა გამართლება, საქართველოში მიღებული განათლება და საჭირო ხალხის პატივისცემა.
ამავე გამოკითხვის თანახამად, მოსახლეობის 21% თავს მიიჩნევს უმუშევრად და ეძებს სამსახურს.
27 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმის მერიამ წერეთლის ქუჩიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეთა დახლები აიღო.
მერიის განცხადებით, გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, საქმიანობა მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გააგრძელონ, სადაც მათთვის 180 დახლია გამოყოფილი.
„ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვას და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.
ბათუმის ქუჩების უკანონო გარევაჭრობისგან გათავისუფლების მიზნით მერიამ არაერთი თანმიმდევრული ღონისძიება განახორციელა და გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლა არაერთხელ შესთავაზა.
უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის ნებაყოფლობით გათავისუფლებისა და მერიის მიერ შეთავაზებულ ფართში (გოგოლის ქ. #1) გადასვლის შემთხვევაში, მერია გარემოვაჭრეებს 3 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად, კომპენსაციის სახით 200 ლარს სთავაზობდა. ასევე, შეთავაზებული იყო კეთილმოწყობილი სავაჭრო დახლები და დახურული სავაჭრო ჯიხურები, ადგილზე მისასვლელი ავტობუსის გამოყოფა და ახალი ბაზრობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაში დახმარება, რასაც გარემოვაჭრეები არ დათანხმდნენ.
უკანონო გარემოვაჭრეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა. გარემოვაჭრეებმა მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადასვლა მოითხოვეს, შემდეგ კი იქ ამაზეც უარი განაცხადეს. წერეთლის ქუჩიდან აღებული უკანონო კონსტრუქციები დასაწყობდა,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი სამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად უკვე ორი წელია ახორციელებს აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო-სვანეთში. პროექტი კიდევ 9 თვეს, 2019 წლის ნოემბრამდეგრძელდება.ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს ბენეფიციართა რეინტეგრაციას სამედიცინო და იურიდიული დახმარების, დასაქმების ხელშეწყობის გზით.
ოთხივე რეგიონის კოორდინატორები და სოციალური მუშაკები, რომლებმაც ბენეფიციარებთან: ყოფილ პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და პრობაციონერებთან იმუშავეს, პროექტის ორი წლის შედეგებს აფასებენ.
„ფონდ თანაზიარის“კოორდინატორი, ხათუნა ბეჭვაია ამბობს, რომ პროექტის ამოქმედებისას მთავარი გამოწვევა პოტენციურ ბენეფიციარებამდე ინფორმაციის მიწოდება და ხმის მიწვდენა იყო, რისთვისაც მათ ძალისხმევა არ დაუშურებიათ. მისივე თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყოფილი პატიმრები ყველაზე ხშირად ორგანიზაციას თვითდასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშემწყობი გრანტებისთვის მიმართავენ, ასევე ახალი პროფესიის შესაძენად. პროექტის ფარგლებში კი, ტრენინგ-სემინარების საშუალებით, სწრაფი სწავლების საშუალებებია ხელმისაწვდომი.
შედარებით ნაკლებად მოთხოვნადი იყო სამედიცინო მომსახურება და იურიდიული კონსულტაციები, თუმცა ამ მიმართულებით დაინტერესებული ბენეფიციარებიც იყვნენ.
ხათუნა ბეჭვაია. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორი, სამეგრელო-ზემო სვანეთში
„გაუცხოება და დეპრესია ჩვეულებრივი მდგომარეობაა ყოფილი პატიმრებისთვის. ყველაზე მკაფიოდ, ამ ორი წლის განმავლობაში თავს გადამხდარი ისტორიებიდან ერთი მახსენდება, როცა ბენეფიციარმა დამირეკა და მითხრა, თავის მოკვლას ვაპირებ და იცოდე, რომ ასე გადავწყვიტეო. მივვარდით მასთან სახლში და სისხლით მოსვრილი ოთახი დაგვხვდა. გაგვიმართლა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა მალე მოვიდა და გადარჩა. ეს კაცი ყოფილი პატიმარია.
23 წელი გაატარა საპატიმროში, მოხუც მამას უვლიდა, რომელიც გარდაეცვალა. მეზობლებმა, ახლობლებმა, ყველამ დაუკეტა ოჯახის კარი და სრულიად მარტო დარჩა, იმედი აღარაფრის ჰქონდა, მასთან ბევრი ვიმუშავეთ. ახლა ოჯახი ჰყავს, ცოლი შეირთო და შვილს ელოდება. ოჯახის შექმნა რომ გადაწყვიტა, პირველად სოცმუშაკებს გაგვაცნო საცოლე. საოცარი ტრანსფორმაცია მოხდა. მეორედ რომ მივედი მათთან, სულ სხვა სახლი დამხვდა: სუფთა და თბილი გარემო, პირველი სტუმრობისგან განსხვავებული, როცა პაატას სახლი ნასახლარს ჰგავდა და სიცოცხლეც არ უნდოდა. ყველაფერი დაძლიეს ერთად. რითაც შეგვიძლია ჩვენც ვეხმარებით.
სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამ ერთი ადამიანის, პაატას გადარჩენისთვის ღირდა ეს პროექტი.
ციფრების და სტატისტიკის მიღმა, რითაც წელს ვაჯამებთ, ადამიანები დგანან განსხვავებული ისტორიებით“, – ამბობს ხათუნა ბეჭვაია.
იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, ფონდ აფხაზინტერკონტის სოციალური მუშაკი, ინგა იმედაძე ამბობს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მსგავსად იმერეთშიც ყველაზე ხშირად პროექტს დასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშემწყობი მცირე გრანტებისთვის მიმართავენ, მოთხოვნადია იურიდიული და სამედიცინო დახმარების მიმართულებაც, ასევე სტაჟირების პროგრამები.
„მიუხედავად იმისა, რომ თითქოს იმერეთის რეგიონში დასაქმება ჭირს და სამუშაო ადგილებიც ბევრი არ არის, მაინც ვახერხებთ დავასაქმოთ ბენეფიციარები.
სტაჟირების მოქნილი სერვისი გვაქვს. შეგვიძლია ინდივიდუალურადაც მივაბაროთ მსურველები სხვადასხვა საქმის ოსტატებს.
ერთი შემთხვევა მახსენდება – მხოლოდ მანქანის მართვა იცოდა ერთმა ყოფილმა პატიმარმა და მთელი ცხოვრება მძღოლად მუშაობდა, მაგრამ მართვის უფლება 5 წლით ჩამოართვეს. ავტოსახელოსნოს მივამაგრეთ, ხელსაწყოები შევუძინეთ და ახლა ავტომობილების შემკეთებლად მუშაობს.
ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრებისთვის ხშირად მიუღებელია საკუთარი ოჯახის წევრის მდგომარეობა.ზოგი იღებს რეალობას, ზოგი არა. ზოგს ერცხვინება თქვას, რომ ოჯახის წევრი პატიმარია, ზოგს არა. ზოგიც სხვებისგან ითხოვს აღიარებას მაშინ, როცა თავად უჭირს სიმართლის თქმა გარშემომყოფებთან. სტიგმა იმდენად დიდია, რომ ხშირად ამბობენ, თითქოს მეუღლე უცხოეთშია და მისი გათავისუფლების შემდეგ უწევთ თქმა, რომ დაბრუნდა“, – ამბობს სოცმუშაკი იმერეთიდან.
თამარ ღლონტი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორია გურიაში. მისი თქმით, ამ რეგიონში ყოფილი პატიმრების ხელშემწყობი მსგავსი მასშტაბური პროექტი პირველად მოქმედებს. გვეუბნება, რომ „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს“ მსგავს, ოღონდ უფრო მცირემასშტაბიან პროექტებზე უმუშავია,
თუმცა ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის სამიზნე აუდიტორია გაცილებით დიდია და მიზნად ისახავს, როგორც ყოფილი პატიმრების, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რესოციალიზაციას ბევრი მიმართულებით.
„სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ხედავ ადამიანების ცხოვრებაში ცვლილებას. თან ყველა მათგანს აქვს უდიდესი მადლიერების გრძნობა და ეს მეტი მოქმედებისკენ გვიბიძგებს.
მახსოვს ერთი შეჭირვებული ოჯახი, სადაც ახალ წელს პროდუქტი მივიტანეთ და ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გვითხრა, რომ მათთვის ახალი წელი მხოლოდ კალენდარზე დგებოდა“, – ყვება თამარ ღლონტი.
აჭარაში პროგრამის კოორდინატორის, ნინო ხაჩიძის თქმით, დიდი მოთხოვნა იყო სამედიცინო დახმარების მიმართულებაზე. ყოფილი პატიმრების დიდი ნაწილი საჭიროებდა ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენას. სამედიცინო კვლევებიც ხელმისაწვდომი იყო პროექტის ფარგლებში და ბენეფიციარები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ დიდი ხანია ექიმისთვის უსახსრობის გამო არ მიუმართავთ.
ნინო ხაჩიძე, ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორი
როგორც ნინო ამბობს, თვითდასაქმებისთვის დახმარება პროგრამის ფარგლებში 200-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწიეს.
პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის სიმბოლოდ ერთი ბენეფიციარი წარმომიდგენია, რომელიც ხეზე კვეთის ოსტატია და უამრავი წინააღმდეგობა დაძლია, მოვიდა სულ სხვანაირი და გახდა სხვა. დიდი ხანი გაატარა საპატიმროში, გათავისუფლების შემდეგ ყველასგან და ყველაფრისგან გაუცხოებული იყო. ჩვენთან რომ მოვიდა ვუხსნიდით, რომ შეგვეძლო დახმარება. გაოგნებული გვეკითხებოდა – ,,რატომ?“ ვერ იგებდა, რა მიზნით გვსურდა მისი დახმარება.
მისი ნდობის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. თვითდასაქმების კომპონენტში ჩაერთო. ახლა ეს ადამიანი ხისგან საეკლესიო ნივთებს ამზადებს. სამედიცინო დახმარებას ვუწევთ, იურიდიული
მომსახურებითაც სარგებლობს. მებრძოლია, ბევრი მოინდომა. პროექტის სახე ჩვენთვის ეს ბენეფიციარია“, – ამბობს ნინო.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი 2019 წლის ნოემბერში სრულდება. დარჩენილი ცხრა თვის განმავლობაში გურიასა და იმერეთში სოციალური საწარმოების შექმნა იგეგმება, სადაც ყოფილი პატიმრები, მათი ოჯახის წევრები და პრობაციონერები დასაქმდებიან. საწარმოს მიზანი ბენეფიციართა გრძელვადიანი დასაქმება და რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
შუახევის მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრი აშენდება. აგროპროექტების მართვის ცენტრმა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 221 685 ლარია. ცენტრი დაბა შუახევში, რუსთაველის ქუჩის N31-ში აშენდება.
აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს.
წინადადებების მიღება 2019 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს დასრულდება.
ადგილი შუახევში, სადაც აგრომომსახურების ცენტრი უნდა აშენდეს / ფოტო ტენდერიდანაგრომომსახურების ცენტრი შუახევში / ვიზუალური ხედი პროექტიდან
ბათუმში, 2019 წლის 27 იანვრის მდგომარეობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული სპეციალური სადგურის მონაცემებით, წინა დღეებთან შედარებით გაუარესებულია მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2,5] შემცველობის მხრივ. ამ ნაწილაკების შემცველობა ჰაერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით დღეს, 17 საათისთვის იყო ძალიან ცუდი და ცუდი.
ბათუმში ჰაერის ხარისხის გასაკონტროლებლად განთავსებულია რამდენიმე სადგური, რომელთაგან ერთზე [აბუსერიძის ქუჩა] ჰაერის დამბინძურებლებზე დაკვირვება მიმდინარეობს საათობრივად, ხოლო დანარჩენ 5 სადგურზე – გარკვეული პერიოდულობით.
საათობრივი დაკვირვების სადგურის მონაცემებით, 27 იანვარს, თუ არ ჩავთვლით ზემოთ ნახსენებ მყარ ნაწილაკებს, სხვა დამაბინძურებლების შემცველობა ჰაერში არის კარგი [აზოტის დიოქსიდი] და ძალიან კარგი [ოზონი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირბადის მონოქსიდი].
ბათუმში ხუთი სადგური, სადაც პერიოდულად ხდება ჰაერის დამაბინძურებლებზე დაკვირვება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განთავსებულია რუსთაველის ქუჩაზე [დრამატულ თეატრთან], ანგისის პოლიციის შენობასთან, ლ. ასათიანის ქუჩაზე [ყინულის სახლთან], მაიაკოვსკის ქუჩაზე [ტერმინალის ცენტრალურ შესასვლელთან] და ფერიის მთაზე [საბაგიროს სადგურთან].
ამ სადგურებიდან ბოლო მონაცემები მიღებულია 2018 წლის ნოემბერში. ამ დროისთვის კი, ჩამოთვლილი სადგურებიდან პირველ ოთხ ადგილზე დამაკმაყოფილებელი იყო აზოტის დიოქსიდის შემცველობა ჰაერში, ხოლო ტერმინალთან ბენზოლის შემცველობაც. ყველაზე სუფთა კი ჰაერი ფერიის მთაზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ტყვიის შემცველობას ჰაერში.
სამინისტროს ინფორმაციით „დედაქალაქის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი ყოველთვის მიმდინარეობდა და ეს მაჩვენებელი სულ მცირე ბოლო ათი წლის მანძილზე არ აჭარბებს ევროპულ ზღვრულ მნიშვნელობას. მეტიც, ჩატარებული კვლელვების მიხედვით, ტყვიის კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში ყოველწლიურად კლებულობს და დადგენილ ნორმასთან შედარებით ძალიან მცირეა. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი 2014 წლიდან ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშიც მიმდინარეობს.“
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული [ბათუმში განლაგებული დაკვირვების სადგურების] მონაცემებით, ჰაერის ტყვიით დაბინძურება ბათუმში არ ფიქსირდება.
ჰაერის ხარისხი ბათუმში / წყარო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
2019 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების – სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდასა და მისი უფლებების დაცვას ემსახურება.
ახალი რეგულაციით, იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. ასევე, ახალი რეგულაციის მიხედვით:
[checklist]
განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა [ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები] და ადგილი [თვალსაჩინო];
განისაზღვრა მოთხოვნები სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებასთან [საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების მითითება] დაკავშირებით;
ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, განისაზღვრა აღნიშნული ნივთიერებების ეტიკეტზე განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც სხვა ჩამონათვალისგან აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს [შრიფტით/ფონით/სტილით/ფერით];
სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ [გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა];
ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია არ უნდა იყოს გადაფარული [წარწერით, გრაფიკული გამოსახულებით ან სხვა მასალით].
[/checklist]
სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის იმპორტიორი.
ნებისმიერ სურსათს, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის ან საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის მისაწოდებლად, თან უნდა ახლდეს ინფორმაცია აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, სამი თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები დღემდე გრძელდება. სარფის საჯარო სკოლის მოსწავლეები კი მშენებლობის დაწყებიდან დღემდე გონიოს საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ.
სკოლის მშენებლობას ზედამხედველობს შპს „აჭარკაპმშენი“, რისთვისაც სამინისტროს მასთან 7500 ლარზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. კომპანიის დირექტორის, გია კახიანის ინფორმაციით: „უშუალოდ პროექტში რაიმე ცვლილება არ შესულა. კომპანიამ თავად გააგრძელა სამუშაოების დასრულების ვადა, ალბათ რამე პრობლემა ჰქონდა… დღეის მდგომარეობით მშენებლობა უკვე დასრულების ფაზაშია“.
სარფის საჯარო სკოლის ახალი შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სწორედ „აჭარკაპმშენმა“ მოამზადა, რისთვისაც აჭარის განათლების სამინისტრომ მას 8744 ლარი გადაუხადა.
სარფის საჯარო სკოლის დირექტორის, ირმა მგელაძის ინფორმაციით, მშენებლობის დროს „იყო გარკვეული პრობლემები, ძირითადად უამინდობა“, რის გამოც სამშენებლო პროცესი გახანგრძლივდა.
თუმცა, სატენდერო პირობის თანახმად, ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე, ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები [3 თვე ზამთრის პერიოდი იმ 15-თვიან პერიოდში იყო გათვალისწინებული, რა პერიოდშიც სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო].
„მშენებლობა თითქმის დასრულებულია. მცირე სამუშაოებია დარჩენილი. ალბათ, თებერვლის ბოლომდე ესეც დასრულდება, შემდეგ დალაგებას დასჭირდება გარკვეული დრო და იმედი მაქვს, მარტის თვიდან ახალ შენობაში სასწავლო პროცესი დაიწყება,“ – გვითხრა ირმა მგელაძემ.
სარფის საჯარო სკოლაში, სარფიდან და კვარიათიდან, სულ 138 მოსწავლე ირიცხება. სკოლის დირექტორის თქმით, გონიოში არც გადაადგილების და არც სასწავლო პროცესის ჩატარების მხრივ, პრობლემები არ ექმნებათ.
სარფის საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2017 წლის აპრილში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 871 ათას 477 ლარი იყო.
ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა. ხელშეკრულება კი სამინისტრომ შპს „დამბასთან“ 1 მილიონ 759 ათას ლარზე 2017 წლის 12 ივლისს გააფორმა. სკოლის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში [2018 წლის ოქტომბერში] უნდა დასრულებულიყო.
ამ ხელშეკრულებაში, დოკუმენტების მიხედვით, ცვლილება 6-ჯერ შევიდა. ექვსივე შემთხვევაში სამინისტროსა და კომპანიას შორის შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ მიწოდების [ანუ შენობის დასრულების] ვადა – 2018 წლის 12 ოქტომბერი – რჩებოდა უცვლელი.
ბოლო შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა და 2018 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის პირველი მარტით განისაზღვრა.
მშენებელი კომპანიისთვის, შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულების თანხა: 1 759 000 ლარი მთლიანად [1 758 998.79 ლარი, ანუ 100%-ით] არის გადარიცხული აჭარის ბიუჯეტიდან. აქედან 297 600 ლარი კომპანიას გასული წლის დეკემბერში ავანსად გადაურიცხეს.
„ბათუმელების“ ზარს, შპს „დამბას“ მიერ შესყიდვების გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე არავინ უპასუხა.
სარფის საჯარო სკოლის ახალი შენობა / 26.01.2019სარფის საჯარო სკოლის ახალი შენობა [მარცხნივ]/ 26.01.2019
მთავარი ფოტო: სარფის საჯარო სკოლის კაფსულის ჩაგდება / აჭარის მთავრობის ფოტო არქივიდან
ბათუმში, ს. ზუბალაშვილის, ლ. ასათიანისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მშენებელ კომპანიაში უთხრეს.
ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტის უკან მდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერის მოსაწყობად ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 1 375 451 ლარით გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულად „მონოლითი-2005“ გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2018 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა, ღირებულებით – 1 100 362 ლარი.
ხელშეკრულების მიხედვით, ახალი სკვერის მოწყობა 2019 წლის პირველ ივლისამდე უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია სკვერის მოწყობას თვენახევრით ადრე გეგმავს.
„სადღაც 2019 წლის მაისის შუა რიცხვებში დავასრულებთ ალბათ სკვერის მოწყობას. ყველაფერი ზუსტად ისე კეთდება, როგორც სატენდერო პირობებით და პროექტით არის გათვალისწინებული,“ – ამბობს მერაბ დოლიძე, „მონოლითი-2005“-ის დირექტორი.
2019 წლის 26 თებერვალს შუახევში, გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. მდინარე მოდულისწყალზე 4,72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური [გოგინაური ჰესი] უნდა აშენდეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გოგინაური ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სამინისტროში შპს „ალტერ ენერჯიმ“ წარადგინა.
„აღნიშნული პროექტის გარემოსდაცვით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურსა და სოფელ მაწყვალთას ადმინისტრავიული ერთეულების შენობებში გაიმართება საჯარო განხილვა.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები, ასევე, შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს არაუგვიანეს 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით,“ – აცხადებს სამინისტრო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
[checklist]
2019 წლის 26 თებერვალი, 12:00 საათი, სოფელ მაწყვალთას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
2019 წლის 26 თებერვალი, 15:00 საათი, სოფელ გოგინაურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
„გოგინაური ჰესის პროექტის განხორციელება იგეგმება შუახევის მუნიციპალიტეტში. ჰიდროტექნიკური ნაგებობები მოეწყობა მდინარე
მოდულისწყალზე, რომელიც სათავეს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე იღებს (2700 მ-ზე ზ.დ.), ხევას მთის ჩრდილო-დასავლეთით და მდ. ჩირუხისწყალს მარცხნიდან უერთდება.
ჰესის სათავე წყალმიმღები კვანძის და მცირე ზომის შეგუბების მოსაწყობად შერჩეულია მდინარის კვეთი ზღვის დონიდან დაახლოებით 950 მ ნიშნულზე. სათავე ნაგებობის განთავსების ტერიტორიიდან უახლოესი საცხოვრებელი სახლები (სოფლები კარაპეტი და კვიახიძეები) მდებარეობს აღმოსავლეთით და დასავლეთით, 510-665 მ მანძილის დაშორებით (პირდაპირი მანძილი).
სადაწნეო სადერივაციო მილსადენის საპროექტო ტრასა განლაგდება მდ. მოდულისწყლის ხეობაში მდ. ჩირუხისწყლის შესართავამდე, მონაცვლეობით მარჯვენა და მარცხენა ტერასებზე, ხოლო შემდგომ (ბოლო მონაკვეთი), ჰესის შენობამდე, მდ. ჩირუხისწყლის ხეობის მარცხენა ტერასაზე. დაახლოებით შუა მონაკვეთზე მილსადენი ახლოს გადის საცხოვრებელ სახლებთან. დაცილების უმოკლესი მანძილი – 60 მ. თუმცა მილსადენის დერეფანი გადის საცხოვრებელ სახლებთან შედარებით დაბალ ნიშნულებზე.
ჰესის შენობა და გამყვანი არხი საპროექტო გადაწყვეტილების მიხედვით განლაგდება მდ.ჩირუხისწყლის ხეობის მარცხენა ფერდის მიმდებარედ, ჭალისზედა პირველ ტერასაზე. პირდაპირი დაცილების მანძილი უახლოეს საცხოვრებელ სახლამდე (სოფ. გოგინაური) 705 მ-ია“.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში სრულად იხილეთ ამ ბმულზე:
გოგინაური ჰესის განთავსების ტერიტორიის სიტუაციური სქემა / წყარო: გზშ-ის დოკუმენტი
დღეს, 27 იანვარს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში დღისით მოსალოდნელია, ძირითადად, ცვალებადი მოღრუბლოლობა უმეტესად უნალექოდ;
27 იანვრის საღამოს 21 საათიდან 28 იანვრის 21 საათამდე კი ასევე ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვა.
აღნიშნულ პერიოდში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ღამით ზოგან შედარებით ძლიერი – 17-22 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში ღამით 5-10, დღისით 11-16 გრადუსი სითბო,
მთიან რაიონებში ღამით 3 გრადუსი ყინვა 2 გრადუსი სითბო, დღისით 3-8 გრადუსი სითბო.
ზღვაზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში; ღამით ზოგან 15-20მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა ღამით 4-10კმ, დღისით კარგი. ტალღის სიმაღლე 7-12დმ [2-3 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა 8,2 გრადუსი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 და 30 იანვარს აჭარის ზღვისპირა და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ბათუმში, მწვანე კონცხის, კახაბრისა და გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა დროს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ ორი ტენდერია გამოცხადებული. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 900 797 ლარია. ტენდერები საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.
იმ ტენდერით, გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები და მისამართები, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 584 120 ლარია, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
მეორე ტენდერში კი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 316 677 ლარია. მისამართები და სამუშაოების მოცულობები ნახეთ ბმულზე.
ორთავე ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს შეწყდება.
აღნიშნულ დასახლებებში არაერთ ადგილზე სხვადასხვა სახის, ძირითადად გამაგრებითი [სანიაღვრეები, კედლები] სამუშაოებია ჩასატარებელი. კონკრეტული სამუშაოების პროექტები და ხარჯთაღრიცხვა თან ახლავს სატენდერო პირობებს.
სამუშაოები, რომლის საგარანტიო ვადა ორი წელი იქნება, გამარჯვებულებთან ხელშეკრულების დადებიდან 210 დღეში უნდა დასრულდეს.
ბათუმის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმისთვის საექიმო საქმიანობის შეჩერებას, ხოლო დაწესებულებაზე გაცემული ლიცენზიის გადახედვას ითხოვენ. განცხადება, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 25 იანვარს შევიდა, მედიაციის შემდეგ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაეგზავნება.
3 დღის ნიკოლოზ გოგაძის მშობელი, გოგიტა გოგაძე, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებმაც, მისი თქმით, მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს.
„ჩემს მეუღლეს 23 იანვარს გაუკეთეს საკეისრო კვეთა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვი დღის 14:30 საათზე გაჩნდა საკეისრო კვეთით, სრულიად ჯანმრთელი. მივიღეთ მილოცვები, ექიმებს მადლობა გადავუხადეთ. სადღაც შვიდის ნახევარი იყო, ბავშვი დედაჩემს ვანახე და წავედით სახლში. ღამის თერთმეტ საათზე მირეკავენ და მეუბნებიან, ბავშვს პრობლემები შეექმნაო. თურმე ბავშვს დაეწყო კრიზისი, შვიდი საათის შემდეგ და მთელი ოთხი საათი არ გაგვაგებინეს. ახლა იმას ამბობენ, იმიტომ არ დავრეკეთ, რომ არ შეშინებულიყავითო. არადა, ადრე რომ ეცნობებინათ, ჩვენ მაშინვე წავიყვანდით და შეიძლება ასე არ გართულებულიყო ბავშვის მდგომარეობა. „მედინაში“ რომ გადავიყვანეთ, ორი დღე იყო აპარატზე შეერთებული. მარცხენა ფილტვი ჰქონდა დახურული. ახლა უკეთაა, საავადმყოფოშია ისევ, თუმცა საკვების მიღება დაიწყო. აქამდე გადასხმებით კვებავდნენ,“ – გვიყვება ბავშვის მამა გოგიტა გოგაძე.
გოგიტა გოგაძის თქმით, მის მეუღლეს 15 თებერვალს უწევდა მშობიარობა, 23 იანვარს კი მხოლოდ გეგმიურ გამოკვლევებზე მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში, რა დროსაც მკურნალმა ექიმმა და გინეკოლოგმა საკეისროს გაკეთება გადაწყვიტეს.
„მიზეზი გვითხრეს, მუცელში წყალი აღარაა და რომ დავაყოვნოთ შეიძლება ფატალური შედეგი დადგესო. რომელი მშობელი არ დათანხმდება მაგას. ხელი მოვაწერე თანხმობას საკეისრო კვეთაზე. ახლა, როცა ვეკითხები ექიმებს, რატომ გაუკეთეთ ასე სასწრაფოდ საკეისრო კვეთათქო, სხვადასხვა მიზეზს მეუბნებიან. არცერთი მიზეზი ერთმანეთს არ ემთხვევა,“ – ამბობს გოგიტა გოგაძე.
გარდა ექიმებისა, გოგიტა გოგაძეს პრეტენზია აქვს თავად სამედიცინო დაწესებულებასთან. მისი თქმით, დაწესებულება ვერ ახერხებს ახალშობილისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას და არ არის შესაბამისად აღჭურვილი. გოგიტა გოგაძის თქმით, კლინიკას რომ შესაბამისი აღჭურვილობა ჰქონოდა, ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენდა ახალშობილს რა ტიპის დახმარება სჭირდებოდა.
„როდესაც ექიმებს ვეკითხებოდი, რამ გამოიწვია ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობათქო, პასუხს ვერ მცემდნენ. კლინიკა „მედინაშიც“, სადაც ბავშვი გართულების შემდეგ გადაიყვანეს, სხვადასხვა ვერსიას გვეუბნებიან, ბოლოს რაც გვითხრეს, ინფექცია მოხვდა და მაგ მიზეზით დაეხურა ბავშვს ფილტვიო. ინფექცია გასაგებია საიდან მოხვდებოდა. იმ სამშობიაროში, რომელშიც ჩემმა მეუღლემ იმშობიარა, ახალშობილი ბავშვების ოთახთან ახლოს მიმდინარეობს რემონტი. კედელს ტეხავდნენ და მტვერი მოდიოდა ბავშვების ოთახისკენ. შეიძლება მაგანაც გამოიწვია ეს ინფექცია, არ ვიცი. დღეში ალბათ 50-60 მნახველია. ბავშვები სადაც არიან, ის კარები იღებოდა და ალბათ ხვდებოდა ბავშვების ოთახში. ჩვენ რომ ვიჩივლეთ, მერე დაკეტეს კარები და მოაშორეს ცემენტი,“ – ამბობს გოგიტა გოგაძე.
„ბათუმელები“ კომენტარისთვის იმ სამედიცინო დაწესებულებას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა. ექიმებმა, გინეკოლოგმა და ნეონატოლოგმა ინტერვიუზე უარი თქვეს. თუმცა ისინი მზად არიან სამედიცინო რეგულირების სააგენტოს კითხვებს უპასუხონ. მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა:
„ნეონატალური სამსახურის რეგიონალიზაციის სამი დონე არსებობს: პირველი, მეორე და მესამე. მესამე დონე არის ყველაზე მაღალი. სამი თვეა, რაც ავიღეთ რეგიონალიზაციის მეორე დონე და დამერწმუნეთ, მეორე დონის კლინიკას რაც მოეთხოვება, აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს.
ექიმები მოიქცნენ აბსოლუტურად პროფესიონალურად და სწორად. და თუ რაიმეს ჰქონდა არასწორს ადგილი, ამას შესაბამისი კომპეტენტური ადამიანები და ორგანო განიხილავს. თუმცა მე როგორც კლინიკის ხელმძღვანელს, მქონდა საუბარი ჩემს ექიმებთან, ყველაფერი იყო ჩვენების, საჭიროების მიხედვით და პროფესიონალურად გაკეთებული.
ის, რომ ბავშვი გადაიყვანეს [სხვა კლინიკაში] ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ჩვენ შესაბამისი აღჭურვილობა არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მეორე დონის აღჭურვა, ბავშვის მდგომარეობამ მოითხოვა დონის შეცვლა და ამიტომ გადავიყვანეთ“.
დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სამშობიაროში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს:
„სამშობიარო [შენობის] მეორე სართულზეა განთავსებული. მესამე სართულზე საჭიროება გახდა კარის ღიობის გაფართოების. რა მტვერი უნდა შეექმნა გარეთ სადარბაზოში, ისიც ზედა სართულზე? რა მტვერი უნდა ყოფილიყო, რომ ის ბავშვებთან მოსულიყო? ამის თქმა არც უნდა იკადროს ვინმემ. მთელი სული და გული ჩავდეთ ამ სამედიცინო ცენტრში და ვერ მივიღებთ იმ შენიშვნას, რომ აქ რამე შესაბამისი გარემო არ არის“.
ვიდრე სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ განიხილავს ამ საჩივარს, „ბათუმელები“ არ ასახელებს არც ექიმების ვინაობას და არც კლინიკას, რომლებსაც ახალშობილის მშობელი სააგენტოში უჩივის.
ათი წლის წინ, როცა ბათუმის ძველ ქუჩებში საუკუნის წინ აგებული, ორ-სამსართულიანი შენობების ნგრევა და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსების ჩადგმა გადაწყდა, რამდენიმე ბათუმელმა ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა იშლებოდა და ბათუმი საკუთარ თავს კარგავდა.
ბოლო წლებში ბათუმში ამ ჯგუფის ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა, რამდენიმე ადამიანის ნაცვლად ძველი ბათუმის დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს. ისინი მართავენ აქციებს, ხვდებიან ხელისუფლებას და ბიზნესმენებს, საუბრობენ მედიასთან.
წლებია მათი მთავარი მოთხოვნა ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნებაა. ეს მოთხოვნა ხშირად მოდის წინააღმდეგობაში ხელისუფლების და ბიზნესის ინტერესებთან, რადგან ბათუმში სამშენებლო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი საქმეა, შენობა ქალაქის ცენტრში კი – მომგებიანი კაპიტალდაბანდება.
ჯგუფი, რომელიც ძველი ბათუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ცდილობს, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს აერთიანებს. ისინი ამ საქმეში ანაზღაურებას არ იღებენ, ამბობენ, რომ, უბრალოდ, არ შეუძლიათ შეეგუონ ძველი ბათუმის წაშლას.
მათი მისამართით არაერთი ბრალდება ისმის, მათ შორის ყველაზე ხშირად:
„ეწინააღმდეგებიან ქალაქის განვითარებას“
„არაპროფესიონალები არიან“
„სად იყვნენ აქამდე“
„ფულის გამო აკეთებენ“
შოთა გუჯაბიძე და ნინო ინაიშვილი პირველები იყვნენ მათ შორის, ვინც ღიად განაცხადა, რომ ძველი ბათუმი ნადგურდებოდა. 2011 წელს მათ თანამოაზრეები შემოიკრიბეს და საზოგადოება „ბათომი“ დაარსეს. ეს არის პირველი და ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მუშაობს, თუმცა ძირითადად – ენთუზიაზმზე.
„ბათომს“ პროფესიით არქეოლოგი ნინო ინაიშვილი ხელმძღვანელობს. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. ნინო ამბობს, რომ ისინი არა ქალაქის განვითარებას, არამედ ბათუმის უსისტემო, ქაოტურ განაშენიანებას და კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ხარჯზე ე.წ. „განვითარებას“ ეწინააღმდეგებიან.
ნინო ინაიშვილი. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
ნინო ინაიშვილი: „რაც ბათუმში ხდება, არ არის განვითარება. გარდა იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობა და ისტორიული განაშენიანება ნადგურდება, ამ ყველაფერს ძალიან ბევრი პრობლემა მოაქვს: ტრანსპორტის მოძრაობა, ქალაქის განიავება, საზოგადოებრივი სივრცეების დაკარგვა და ასე შემდეგ, ეს მუშაობს დომინოს პრინციპით.“
ბოლო წლებში ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ოცამდე აქცია გაიმართა. ზოგ მათგანს სულ რამდენიმე მონაწილე ჰყავდა, მაგალითად – აქციას ბათუმის ფოსტის დასაცავად, ზოგს კი – რამდენიმე ასეული.
ფოსტის ისტორიული შენობიდან ბათუმში მხოლოდ ფასადი დარჩა, მისი შენარჩუნება ბათუმელებმა ვერ შეძლეს, თუმცა ბრძოლა ძველი ბათუმის გადასარჩენად ხან გამარჯვებითაც სრულდება.
მაგალითად, ასე მოხდა 2014 წელს, როცა აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში, რომელიც უკვე 130 წლისაა, სასეირნო ბილიკის გაუქმება და მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის განთავსება გადაწყვიტა. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დამცველების ორგანიზებით ბათუმში არაერთი აქცია გაიმართა, ფეისბუქზე დაიგეგმა ჰეშთეგკამპანია – #სამივე, რომლის ფარგლებშიც ადამიანები იღებდნენ ფოტოს, რომელზეც ჩანდა სამი თითი, იმის ნიშნად, რომ ემხრობოდნენ ბათუმის ძველ ბულვარში სამივე ხეივნის შენარჩუნებას და კამპანიაში ჩართვას სთხოვდნენ სამ მეგობარს. ფეისბუქკამპანიაში ასობით ადამიანი ჩაერთო, ბათუმში გაიმართა ხალხმრავალი აქციაც და საბოლოოდ მთავრობამ უარი თქვა სახე ეცვალა ბათუმის ბულვარისათვის.
კამპანია #სამივეს ფარგლებში გადაღებული ფოტო ბათუმის ბულვარში. ფოტო: ნინო ჩხაიძე
კამპანია #სამივესინიციატორი შოთა გუჯაბიძე იყო, რომელიც წლებია ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ეძლევა: საჯარო შეხვედრებსა თუ დისკუსიებში, მედიაში თუ სოციალურ ქსელებში. შოთა პროფესიით რეჟისორია, წლებია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს, დაწერილი აქვს წიგნი ძველ ბათუმზე – „ბათომი“, ასევე, ფოტოგრაფი და ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერია.
შოთასთვის არაერთხელ შეუხსენებიათ, რომ იგი პროფესიით არქიტექტორი ან ურბანისტი არ არის და ამ საკითხზე საუბრისას კომპეტენცია არ ჰყოფნის. „სად იყავი აქამდე?“ – ესეც ხშირად უკითხავთ მისთვის.
შოთა გუჯაბიძე: „არ ვიცი როდის გავჩერდი, როდის არ ვთქვი რამე. „ვაღიარებ“, რომ რეჟისორი ვარ და ამ ასაკში ვერ გავხდები ურბანისტი ან არქიტექტორი. მე ვიცი, რომ არ შეიძლება ის, რაც ხდება. კაცის მოკვლა რომ არ შეიძლება, ამის დასამტკიცებლად აუცილებლად იურისტი უნდა ვიყო? რაც შეეხება კითხვას – „აქამდე სად იყავი“, დიდი მადლობელი ვარ ნატა ფერაძის [სამოქალაქო აქტივისტი, „პარტიზანული მებაღეობის“ წევრი], რომლის პასუხის შემდეგ ამ შეკითხვამ იკლო.“
შოთა გუჯაბიძე. აქცია „არა ბათუმის ჩაბეტონებას“ ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
შოთას არ უკვირს, რომ ძველი ბათუმის დასაცავად ბათუმში არ გამოდის ბევრი ადამიანი. ამას თავისი მიზეზები აქვსო, ამბობს. ძველი შენობების დანგრევის სურვილი ხშირად იქ მცხოვრები ადამიანების სურვილიც არის, რომელთაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სწრაფი შესაძლებლობა ეძლევათ. ბიზნესმენი მათ უფრო დიდ ბინასთან ერთად კომპენსაციას სთავაზობს და ორსართულიანი სახლის ადგილას რვა, ცხრა ან კიდევ უფრო მრავალსართულიანი სახლი შენდება. ასე იცვლის ბათუმი იერსახეს.
შოთა ამბობს, რომ ძველი ბათუმის დაცვა მისი ბუნებრივი რეაქციაა იმაზე, რაც ქალაქში ხდება – ადამიანი რაღაცის შეცვლას სულ უნდა ეცადო და ეს ცვლილება არაფერია, თუ არა უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა, რაც არც ისე კომფორტულია, მაგრამ საჭიროო.
ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა რომ „კომფორტული“ და „წახალისებული“ საქმე არ არის, ამას მთავრობისა და ბიზნესმენების განცხადებებიც მოწმობს, რაც პერიოდულად გაისმის ამ ჯგუფის მისამართით. „ვიწრო ჯგუფის უსუსური მცდელობა“, „გამოწვდილ ხელს კბენთ“… – მთავრობის სხვადასხვა წევრისაგან ეს და მსგავსი საჯარო შეფასებები კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს არაერთხელ მოუსმენიათ.
„მე ვფიქრობ ლოგიკური რეაქცია მათი მხრიდან, სხვა რა ქნან?! მაშინ უნდა აღიარონ, რომ კანონს არღვევენ“, – ამბობს შოთა.
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დამცველების ხმა პერიოდულად ძლიერდება. ეს განსაკუთრებით მაშინ არის შესამჩნევი, როცა საქმე საჯარო სივრცეებს ეხება. ასე მოხდა ბულვარის დაცვის დროს და და ასე მოხდა მაშინაც, როცა ბათუმში აქტივისტებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი – „გადავარჩინოთ რვაფეხა“. ბათუმის ბულვარში მდებარე კაფე „რვაფეხა“, რომელიც წლების მანძილზე ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, ასე გადაარჩინეს დანგრევას. ამჟამად ბათუმში „რვაფეხას“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ზეინაბ დიასამიძე აქციაზე. ფოტო: ფეისბუქგვერდი „დაიცავი ძველი ბულვარი“
პროფესიით ექიმი ზეინაბ დიასამიძე თითქმის არც ერთ აქციას არ ტოვებს, რომელიც ძველი ბათუმის გადასარჩენად იმართება, მისთვის სწორედ ბათუმის „რვაფეხა“ იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტივაცია, რამაც აქციებში მონაწილეობისკენ და მეტი ჩართულობისკენ უბიძგა.
ზეინაბ დიასამიძე: „ჩემს თვალწინ ირღვეოდა ხელოვნების ნიმუში, ეს არ იყო მხოლოდ ქალაქის მეხსიერება და ჩემი ბედნიერი ახალგაზრდობა, ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში, რომელიც უნდა შენახულიყო და ამის ნაცვლად მიიღეს მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება. ამან გამოიწვია ჩემი აღშფოთება. „რვაფეხას“ წინ უძღოდა პირველი საავადმყოფოს რღვევა და გადაკეთება, ფოსტის შენობის გაყიდვა, ანუ მთელი არქიტექტურა, ქალაქის სავიზიტო ბარათები ჩემს თვალწინ იშლებოდა, ირღვეოდა, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით ხდებოდა გაჩუქება.“
ბოლო სამი წელია ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცველები არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, არამედ ბათუმში რეკრეაციული ზონების დასაცავადაც იბრძვიან და სხვა საკითხებზეც, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ეხება ბათუმის განაშენიანებას.
პროფესიით ჟურნალისტი ირმა ზოიძე ამბობს, რომ მწვანე საფარის, საჯარო სივრცეების დაცვა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის მომიჯნავე თემებია და ეს ბუნებრივად მოხდა. ირმას ხმა ბათუმის საკრებულოს სხდომებზე და სხვადასხვა შეხვედრაზე ხშირად და ხმამაღლა ისმის. მას ბევრი შეკითხვა აქვს და ამბობს, რომ კომპეტენტურ პასუხებს წლებია ვერ იღებს, ამიტომაც აღმოჩნდა იმ აქტივისტებს შორის, რომლებიც ძველი ბათუმის დაცვას ცდილობენ.
ირმა ზოიძე: „ეს არ არის ჩემი პირადი ინტერესი, ქუჩაში იმიტომ არ გამოვდივარ, რომ ფულის და კარიერის გაკეთება მინდა, ვცდილობ, დავიცვა კულტურული მემკვიდრეობა და არა მარტო, იმიტომ, რომ გავა დრო და მომავალი თაობა გვკითხავს, კი მაგრამ, როცა ქალაქი იცვლებოდა ასე რადიკალურად, თქვენ სად იყავით? პოსტსაბჭოთა ადამიანები მიჩვეული არიან, რომ ვიღაც რაღაცას არეგულირებს, ზრუნავს. ფაქტია, რომ ასე არ არის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ქალაქი. მივედით ეტაპზე, როცა ადამიანების ხმა უნდა შევკრიბოთ და გავაგონოთ თვითმმართველობას, ხელისუფლებას, რომ ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანის პროტესტი.“
ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დამცველები არა მხოლოდ თემატურ აქციებში, არამედ სხვა აქტივობებშიც მონაწილეობენ. 2016 წლის ზამთარი, დიდთოვლობა ბათუმში, აქტივისტების ჯგუფი ბულვარში ხეებს თოვლისგან ათავისუფლებს, რომ ტოტების დამტვრევას გადაარჩინონ. დათო ტრაპაიძის ფოტო
ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დამცველები მხოლოდ აქციებითა და საჯარო განხილვებში მონაწილეობით არ შემოიფარგლებიან. ბოლო წლებში მათ არაერთხელ მიმართეს სასამართლოს კონკრეტული შენობის დასაცავად.
ნათია აფხაზავა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს ბათუმში. კითხვაზე, რა გახდა თავის დროზე მიზეზი, რის გამოც წლებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვას უწევს ადვოკატირებას, ბათუმის ფოსტის შენობაო – ამბობს.
ნათია აფხაზავა. ფოტო: Soundspring
ნათია აფხაზავა: „ერთ დღეს ჩამოვიარე და მივხვდი, რომ შენობა, რომელთანაც მთელი ბავშვობა მაკავშირებდა, იქცა სრულიად უცხოდ, უფრო მეტიც – მონსტრად. ბავშვობაში მე და ბებო თითქმის ყოველ კვირა დავდიოდით ფოსტაში, რომ დაგვერეკა ბიძასთან ან გაგვეგზავნა საახალწლო ბარათები. შიგნით როცა შეხვიდოდი, სხვა სურნელი თუ განწყობა იყო, გარედან კი სულ გინდოდა, რომ დაკვირვებოდი.“
საორგანიზაციო ჯგუფის ფოტოაქცია – #ჩემიფოტოძველბათუმში. ფარგლებშიც ფოტოგრაფებმა აქციის მონაწილეებს ძველი ბათუმის ქუჩებში გადაუღეს ფოტოები. „დაიცავი ძველი ბათუმი“, „ნუ ანგრევ“ – ეს იყო სოციალური კამპანიის მთავარი გზავნილი. კამპანიის ადრესატი ბათუმის მერია იყო, რომლისგანაც საინიციატივო ჯგუფი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობაზე მორატორიუმს მოითხოვდა. მორატორიუმი არ შედგა.
ბოლო, ყველაზე გახმაურებული აქცია ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დამცველებმა ოქტომბერში გამართეს ევროპის მოედანზე. აქციის მიზეზი ბათუმის რივიერაზე დაგეგმილი ექვსი ცათამბჯენის მშენებლობა გახდა.
აქციიდან ორი თვის შემდეგ, ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს 22 წლის სტუდენტი მარი მუთიძე ბათუმში, ევროპის მოედანზე მეგობრებთან ერთად იმიტომ გავიდა, რომ საპროტესტო აქციაგაემართა. მარიმ ასე ბათუმის რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობა გააპროტესტა:
მარი მუთიძე: „რამდენიმე წელია ყველაფერმა ქაოსური სახე მიიღო. თითქოს რაღაც ძალა ცდილობს ბათუმი მთლიანად გადარეცხოს და ზემოდან უცხო ქალაქი დააშენოს, რასაც, ალბათ, გაგვიჭირდება ბათუმი ვუწოდოთ. ვიფიქრე, ახალი წლის ღამეს ევროპის მოედანზე თუ გავიდოდით პოსტერებით, ასე მთავრობა დაინახავდა, რომ ამ საზეიმო წუთებშიც კი არიან ბათუმში ადამიანები, რომლებსაც ქალაქის ქაოსური განაშენიანება ძალიან აღელვებთ.“
31 დეკემბერი. აქცია ბათუმის მთავარ ნაძვის ხესთან.
მთავრობა ბათუმის ქაოსური განაშენიანებით უკმაყოფილო ადამიანებს ხედავს. მეტიც, მთავრობის ნდობით აღჭურვილი სპეციალისტებიც კი მიიჩნევენ, რომ ბათუმში მშენებლობების თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობაა, ხოლო სამშენებლო პროექტებს „ურბანულ კატასტროფას“ უწოდებენ, თუმცა ბათუმს განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელსაც ქალაქის მთავრობა დაეყრდნობა ახალი მშენებლობის დროს, უკვე 14 წელია არ აქვს. ქაოსური მშენებლობები ბათუმში ისევ გრძელდება და ის სივრცეც სულ უფრო პატარავდება, რომელსაც ძველ ბათუმს უწოდებენ.
მ. აბაშიძის ქუჩიდან ბათუმის რივიერა, ზღვა და მთები მოსჩანს. ექვსი ცათამბჯენის აშენების შემთხვევაში, ძველი ბათუმის ქუჩიდან ეს ხედი დაიკარგება. ფოტო: საზოგადოება „ბათომი”
შს სამინისტროში სამსახურში მიღების წესი შეიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, „სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა პოლიციის აკადემია იქნება“.
გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, ინერგება ანაზღაურებადი სტაჟირების მოდელი. „საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1200-მდე გამომძიებლის გადამზადება“.
2018 წელს აკადემია პროფესიულ საპოლიციო საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაიქმნა და „სამინისტროს კვალიფიციური ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფას ემსახურება“.
„მხოლოდ გასულ წელს აკადემიაში პროფესიული მომზადება გაიარა 4139-მა პოლიციელმა, რაც წინა წლის მონაცემებს 46%-ით აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრონული სწავლების მეთოდის საშუალებით დამატებით გადამზადდა 16 692 პოლიციელი,“- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
2019 წელს აკადემიის ბაზაზე მოეწყობა პოლიციელთა საცეცხლე ტაქტიკური სწავლების ახალი სივრცე.
საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო პროგრამების განახლება აკადემიაში 2019 წელსაც გაგრძელდება.
დღეს, 26 იანვარს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც საავადმყოფოს მედპერსონალი, ასევე, მოქალაქეები.
საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, ხელისუფლება რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას აპირებს, რასაც ისინი არ ემხრობიან.
„ევექსი“ აპირებს რესპუბლიკურში შემოსვლას და ჩვენ არ ვართ ამის მომხრე, რადგან გვინდა, რომ გვქონდეს სახელმწიფო საავადმყოფო. მე რიგითი მოქალაქე ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ შეინარჩუნოს თავისი პროფილი და კერძო მფლობელის ხელში არ გადავიდეს,“- გვეუბნება კარლო ტაკიძე.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ბუნდოვანი და ნათლად არ აფიქსირებენ პოზიციას, რაც საავადმყოფოს გასხვისების ეჭვებს ბადებს.
საპროტესტო აქცია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გაყიდვა არ იგეგმება და არსებობს კონკრეტული გეგმა ამ საავადმყოფოსთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, ბათუმის, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოები, საჩხერის სამედიცინო ცენტრი და ზუგდიდის რუხის კლინიკა, მოქცეული იქნებიან ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფო საკუთრებაში.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქცია საბიუჯეტო თანხებით მიმდინარეობს და სამუშაოებს „საბა კონსტრაქშენი“ ასრულებს. საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით „საბა კონსტრაქშენთან“ ხელშეკრულება 2016 წლის 18 იანვარს 22 მილიონ ლარზე გაფორმდა და მშენებლობა მიმდინარე წლის 18 მაისამდე უნდა დასრულებულიყო.
როგორც აქციის მონაწილეებმა დღეს განაცხადეს, ისინი საპროტესტო აქციას რამდენიმე დღეში ისევ განაახლებენ.
სად გაივლის კონკრეტულად ჭოროხი-სარფის ახალი საავტომობილო გზა? – ამ კითხვას პასუხს ამ დრომდე არ სცემს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ზოგიერთი მესაკუთრის თქმით კი, ბოლო რამდენიმე წელია, მათ ბათუმის მერიაში მშენებლობის ნებართვაზე უარს სწორედ დაგეგმილი გზის მშენებლობის გამო ეუბნებიან. ამ ადამიანების ნაკვეთები ბათუმში, ძირითადად, ივანე მესხის ქუჩაზე და მის მიმდებარედ [ბათუმის შემოვლითი გზის დაბოლოება მდინარე ჭოროხთან], ასევე გონიო-კვარიათში მდებარეობს.
„ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტში არაოფიციალურად უთხრეს, რომ კონკრეტული მარშრუტი რომც იყოს ცნობილი, თუ სად გაივლის ახალი გზა, ვერ გააჟღერებენ იქედან გამომდინარე, რომ დაცული იქნას მესაკუთრის უფლება, ანუ მშენებლობის ზონაში მოხვედრილი უძრავი ქონება არ გახდეს ვაჭრობის საგანი – შემდგომში მეტი სარგებლის [კომპენსაციის] მიღების მიზნით.
„თუ კონკრეტულ მესაკუთრეს აინტერესებს მის ნაკვეთს ეხება თუ არა დაგეგმილი მშენებლობა, პირადად უნდა მიმართოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების განყოფილებას წერილობით. და თუ რაიმე დაზუსტებული ინფორმაცია ექნებათ კონკრეტულ ნაკვეთთან დაკავშირებით, აუცილებლად მიიღებენ პასუხს“, – განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. ეს ეხება როგორც ბათუმის [მათ შორის გონიო-კვარიათის], ასევე ხელვაჩაურის [გონიო-სარფის] მცხოვრებლებს.
„გონიოდან არის მომართვები. რუკის შესაბამისად ხდება საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმება. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დეპარტამენტიდან მიღებული წერილის საფუძველზე მიიღება“, – გვითხრეს ბათუმის მერიაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ჭოროხიდან სარფის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობისთვის მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი 2018 წლის ოქტომბერში განიხილეს. თუმცა, „ბათუმი-სარფის მიმართულების“ რამდენიმე ვარიანტიდან ჯერ კიდევ არ არის შერჩეული ის ოპტიმალური ვარიანტი, რომლის მიხედვითაც დეტალური პროექტი მომზადდება.
ანუ, ოფიციალური ინფორმაციით, გზის აღნიშნული მონაკვეთის პროექტირება ამ დროისთვის დაწყებული არ არის. შესაბამისად უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ ნაკვეთებზე გაივლის ახალი გზა; განსახლების დოკუმენტზე მუშაობა კი პროექტირების დასრულების შემდეგ დაიწყება.
– – – – – – –
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, სადაც ის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტებია თავმოყრილი, რომლებიც უკავშირდება ამ ქსელს. მათ შორის არის ბათუმის ასაქცევი-სარფის [თურქეთის საზღვარი] გზის მონაკვეთიც.
ამ გეგმასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს მთავრობამ გაავრცელეს განცხადება, რომ ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევრო ამ პროექტების დასაფინანსებლად [ამ ინფორმაციით ბათუმის გზაგამტარი 115 მილიონი ევროთი დაფინანსდება]. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს ინფორმაცია არ იყო სწორი, ანუ უშუალოდ ევროკავშირს აღნიშნულ გეგმაში დასახელებული პროექტების სრულად დასაფინანსებლად თანხა არ გამოუყვია.
„ბათუმელების“ სტატიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით გამოეხმაურა, რომლითაც დასტურდება, რომ ევროკავშირს 3,4 მილიარდი ევრო მართლაც არ გამოუყვია, თუმცა, ხასგასმულია ამ გეგმის მნიშვნელობა დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად.
„აღნიშნული ფინანსური რესურსი დაიხარჯება, როგორც ევროკავშირის, ასევე მისი საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის საერთაშორისო საინვესტიცო ინსტიტუტების და თავად პარტნიორი ქვეყნების მხრიდნაც… ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა გახლავთ მნიშვნელოვანი ბერკეტი და გზავნილი, იმისთვის, რომ მასში წარმოდგენილ პროექტებში, ევროკავშირის და მისი საფინანსო ინსტიტუტების გარდა, დამატებით მოზიდულ იქნას ინვესტიციები“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ჭოროხი-სარფის მონაკვეთში ახალი გზის მშენებლობას სავარაუდოდ, აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს, რაც აღნიშნულია კიდეც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გეგმაშიც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტების ჩამონათვალშიც დონორად აზიის განვითარების ბანკია მითითებული. როგორც გზების დეპარტამენტში გვითხრეს, ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, გზა ორზოლიანი იქნება თუ ოთხზოლიანი.
ჭოროხი-სარფის გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება თავიდან 100 მილიონი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული, პროექტირება 2017 წლის მაისამდე უნდა დასრულებულიყო; 2020 წლის გაზაფხულზე კი მშენებლობის დასრულებაც იგეგმებოდა.
ახალი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი იქნება. ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზა ბათუმის შემოვლით გზას შეუერთდება და „ამ პროექტით აჭარის ტერიტორიაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება.“ – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
მთავარი ფოტო: ბათუმი-სარფის ახალი გზის მიმართულების რამდენიმე ვერსია განიხილება / ახალი გზის მდებარეობის ვარიანტები კვარიათში / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 39,7 მილიარდი ლარია.
ეროვნული ბანკის განცხადებით საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი [მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით]. 2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები [მიმდინარე ფასებში] 1,3 მილიარდი ლარით, ანუ 3,4 პროცენტით გაიზარდა [გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.7 პროცენტით გაიზარდა].
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები კი 5,1 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9 პროცენტია.
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა [არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით], 2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 480,3 მილიონი ლარით გაიზარდა და 2019 წლის პირველი იანვრისათვის 26,6 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 159,3 მილიონი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 321 მილიონით გაიზარდა.
2018 წლის დეკემბრის განმავლობაში 1,6 პროცენტით ანუ 223,5 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2019 წლის პირველი იანვრისთვის 14,2 მილიარდი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0,18 პროცენტული პუნქტით [გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.29 პროცენტული პუნქტით].
საქართველოს მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ინფორმაციით, დოკუმენტი საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოამზადა. ამ კომისიას სუსი თავმჯდომარეობს.
„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში წარმოდგენილია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მისი მიზნები და ამოცანები. სტრატეგია სამწლიანია [2021 წლის ჩათვლით] და მისი განხორციელების მიზნით ასევე შემუშავდა შესაბამისი სამოქმედო გეგმა.
სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო უწყებების მიერ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე კონტრტერორისტული ხედვის ფარგლებში უპირატესობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას“ – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
სუს-ის ინფორმაციით, „სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში, სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. გარდა ამისა, სტრატეგიის მომზადების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტი“.
„უსაფრთხო სკოლის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების სამინისტრო დამატებით, ორი ახალი ფსიქოლოგიური ცენტრის გახსნას აპირებს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. სამინისტროს განცხადებით, ცენტრებში მაღალი კვალიფიკაციის ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები იმუშავებენ.
მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას.
მინისტრი ასევე ამბობს, რომ ამავე პროექტის ფარგლებში, სკოლებში „დაინერგება თვისობრივად ახალი მიდგომა“, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავეს.
რას გულისხმობს ახალი მიდგომები? – „ბათუმელები“ შეეცადა უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას როგორც სამინისტროში, ასევე მანდატურის სამსახურში, თუმცა ინფორმაცია არც ერთმა უწყებამ არ მოგვაწოდა.
წინასწარი მონაცემებით, „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი ითვალისწინებს სკოლებში მანდატურების მეტალოდეტექტორებით აღჭურვას. შესაბამისად, მინისტრი აცხადებს, რომ უსაფრთხო სკოლის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით სამჯერ გაიზარდა, თუმცა კონკრეტულად რამდენი ლარია გათვალისწინებული მანდატურების დეტექტორებით, სკოლების კი ვიდეოთვალით აღჭურვაზე, სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზებში არ წერია.
ბატიაშვილი ასევე აცხადებს, რომ ქმნიან ისეთ ელექტრონულ პროგრამას, რომელიც სასკოლო პროცესში მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობას უზრუნველყოფს.
„პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს მოსწავლის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ რეჟიმში მიიღონ“, – დასძენს მინისტრი.
მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში „ყალიბდება თვისებრივად ახალი მანდატური“. თუმცა, რა იგულისხმება ამაში, განმარტებას არც სამინისტროში აკეთებენ და არც მანდატურის სამსახურში… ერთადერთი ის არის ცნობილი, რომ თუ მანდატურს არ გაუვლია შსს-თან თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ახალი სასწავლო მოდული, პოლიციის აკადემიაში გადაამზადებენ.
„გარდა ამისა, გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მომზადება, რომლებიც სკოლაში შევლენ“.
სამინისტროს ცნობით, 2019-2020 წლებში მანდატურები დამატებით 260 საჯარო სკოლაში შევლენ.
„უსაფრთხო სკოლის“ პრეზენტაცია თბილისში ფოტო: განათლების სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერ ასახელებენ თარიღს, თუ როდის იქნება შესაძლებელი ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქართველოში ჩამოსვენება.
როგორც “ბათუმელებს” საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა, მეზღვაურის გადმოსვენება მიმდინარე ექსპერტიზის გამო ყოვნდება.
“ლიბიის პროკურატურიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის ცხედარს ამჟამად უტარდება პათოლოგიურ-ანატომიური ექსპერტიზა. პროცესი დაწყებულია და ექსპერტიზის დასრულებისთანავე გამოძიება მიიღებს გადაწყვეტილებას ცხედრის გადმოცემაზე, რის შემდეგაც გადმოვასვენებთ საქართველოში. იმის გამო, რომ პროცესმა შეიძლება რამდენიმე დღე წაიღოს, ამ ეტაპზე ზუსტ თარიღს ვერ გვეუბნებიან, როდის იქნება შესაძლებელი გადმოსვენება,” – ამბობს ვლადიმერ კონსტანტინიდი.
მისივე თქმით, ჯერ დადგენილი არ არის ვინ გაიღებს გადმოსვენების ხარჯებს.
“კანონმდებლობით გვაქვს დადგენილი პროცედურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენებას უზრუნველყოფს ქართული მხარე. დღეს ვარკვევთ, რამდენადაა მზადყოფნა გემთმფლობელი კომპანიის მხრიდან აღნიშნულის განხორციელებაზე. ორივე ვერსია განიხილება,” – ამბობს ვლადიმერ კონსტანტინიდი.
ქართველი მეზღვაური, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. სამძებრო სამუშაოების შედეგად მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზი.
დავით რაზმაძეს საქართველოში ჰყავს ბებია, რომელიც გორში ცხოვრობს. სხვადასხვა მედიის ცნობით, მეზღვაურის დედა უცხოეთში მუშაობს. თავად კი ბათუმში, ბიძასთან გაიზარდა.
დავით რაზმაძის მამა, ზაზა რაზმაძე 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, დაბომბვის შემდეგ გადაღებული ცნობილი ფოტოს გმირი იყო. ფოტოზე ის გარდაცვლილ ძმას დასტიროდა. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს კარალეთში, დევნილთა დასახლებაში გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად.
2019 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს. 22 იანვარს კი, ჯანდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დადგინდა იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც დასაქმების მსურველი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სავალდებულო იმუნიზაციით გათვალისწინებული ყველა აცრა. სავალდებულო იმუნიზაციას ექვემდებარებიან ბავშვებიც.
ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, მარინა ბაიდაურის განცხადებით, დაისჯება ყველა ექიმი, რომელიც მშობელს შვილის აცრას გადააფიქრებინებს.
ქალბატონო მარინა, აქვს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული ბერკეტი იმის გამოსავლენად, ნამდვილად ურჩევენ თუ არა ცალკეული ექიმები მშობლებს, რომ არ აცრან თავიანთი შვილები?
ახალი ბრძანების ამოქმედებამდე, დაახლოებით ორი წლის წინ შევიტანეთ ცვლილება 359-ე დადგენილების ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობას ეხება. ამ ცვლილების მიხედვით, იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული ვაქცინაცია უზრუნველყოს.
თუ ამას ვერ უზრუნველყოფენ და, ამასთან, დადასტურდება, რომ ექიმი ვაქცინაციის მსურველ მშობელს ურჩევს არ აცრას შვილი, დაისჯება, რადგან ეს იქნება ზემოთ აღნიშნული ბრძანების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, რომელიც სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს.
რა ფორმით დასჯაზეა საუბარი?
ამ დადგენილების ადმინისტრირებას რეგულირების სააგენტო ახორციელებს, ამიტომ იქნება ჯარიმა თუ სხვა ტიპის სანქციები, ეს საკითხები განხილვის პროცესშია. სამინისტრო მუშაობს უფრო იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს სავალდებულო აცრები. ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს აცრის გარეშე.
როდის შეუძლია ექიმს უარი უთხრას მშობელს ბავშვის აცრაზე?
სავალდებულო იმუნიზაციის დოკუმენტში არის უკუჩვენებების ან დროებითი უკუჩვენებების ჩამონათვალი. უარის შემთხვევაში, მიზეზები უნდა იყოს გაწერილი და დასაბუთებული ამ დოკუმენტის მიხედვით.
არის დროებითი უკუჩვენებებიც, რომელიც გადავადებას მოითხოვს და არის მუდმივი უკუჩვენებები. პროფილაქტიკური აცრების კალენდარში ეს ყველაფერი წერია.
აცრების კალენდრით განსაზღვრული ჩამონათვალი არის სავალდებულო. სავალდებულო იმას კი არ ნიშნავს, რომ თუ მშობელმა არ აცრა, მშობელი უნდა დავსაჯოთ, სავალდებულობაა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ბავშვი თუ მოზრდილი, ვისაც ეხება ვაქცინაციის კალენდრით გათვალისწინებული აცრა, იყოს აცრილი მაქსიმალურად.
ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელს მაინც შეუძლია უარი თქვას ვაქცინაციაზე?
დიახ, შეუძლია.
ბავშვი ხომ საფრთხის წინაშე დგას ასეთ შემთხვევაში?
გეთანხმებით, მაგრამ ბრძანებაში არის ძალიან დეტალური ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ თუკი მშობელი უარს ამბობს ვაქცინაციაზე, მან უნდა შეავსოს უარის თქმის ფორმა, სადაც უნდა დაასაბუთოს უარის მიზეზი. „მე ვიცი, რომ აუცრელობის შემთხვევაში ჩემს შვილს შეიძლება დაემართოს მძიმე დაავადება ან მოკვდეს, იმის გამო რომ არ ავცერი“, – ასეთ ფორმაზე ხელისმომწერი მშობლების რაოდენობა იქნება მინიმალური. მაგრამ ისეთი ფორმა, სადაც იქნება ჩანაწერი, რომ ექიმმა ურჩია აცრებზე უარის თქმა, სავარაუდოდ, არ იქნება და ალბათ არც დაწერს.
სოციალურ ქსელში ხშირად წერენ მშობლები რომ: „აცრა იწვევს აუტიზმს“, „მძიმე დაავადებებს“, „ექიმმა არ მირჩია“ და ასე შემდეგ. თუ მშობლის არგუმენტები არის ზედაპირული და დაუსაბუთებელი, მაინც აქვს მას უფლება შვილი აცრების გარეშე დატოვოს?
ამ შემთხვევაში ექიმის ვალდებულებაა დაარწმუნოს მშობელი ვაქცინის ხარისხიანობასა და მის მნიშვნელობაში. თუ პირიქით მოიქცევა და დადასტურდება, რომ ექიმმა გადაარწმუნა მშობელი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა რომ შვილი აეცრა, ექიმი დაისჯება.
თქვენ თქვით, რომ იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები არიან ვალდებული უზრუნველყონ სავალდებულო აცრები. როგორ ხდება მონიტორინგი და თუკი ბავშვის დაავადების შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ის აუცრელია, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა – მშობელს თუ ექიმს?
ჩატარდება მოკვლევა, რატომ დარჩა ბავშვი აუცრელი. ასეთ საკითხებზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში კიდევ იქნება დამატებითი დოკუმენტები მიღებული, რომელიც აცრების სავალდებულოობას კიდევ უფრო გაამყარებს.
მაგალითად, საბავშვო ბაღში ან სკოლაში მიღებისას სავალდებულო იქნება იმუნიზაციის ცნობის წარდგენა. რა თქმა უნდა, არავაქცინირებულ ბავშვს არ ავუკრძალავთ საბავშვო ბაღში მიღებას, მაგრამ შესაძლებელია იყოს მსჯელობა იმაზე, რომ მივცეთ ვადა აცრების ჩასატარებლად.
როცა ექიმი ეუბნება პაციენტს, რომ არ გინდა აცრა, ეს არის სამედიცინო მომსახურების ხარვეზი და ინფორმაციის არასწორი მიწოდება.
ეს დაახლოებით ისეთივეა, რაც ტექნიკური რეგლამენტის პირობების ან 385-ე დადგენილების დარღვევა, რომელიც სტაციონალური დაწესებულებებისთვის არის განსაზღვრული და ამ წესის დარღვევაც არის დასჯადი.
სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს რაც შეეხება, ტექნიკური რეგლამენტის სანებართვო პირობები ადგენს შერჩევითი კონტროლის წესს. ეს ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტო შეადგენს გეგმას, თუ რომელი დაწესებულებებს შეეხებათ შერჩევითი კონტროლი და შემოწმება.
თუ შემოვიდა რაიმე საჩივარი და დამატებით იქნა ინფორმაცია მოწოდებული, რა თქმა უნდა, ეს დაწესებულებებიც შევა სიაში.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძედა ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნუკრი/ლევან ბეჟანიძებათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავენ. შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს ამ შეხვედრაზე და დეპუტატებს დაუსვას კითხვები.
საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილავენ სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონსა და, ასევე, ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
დასწრება თავისუფალია!
შეხვედრა გაიმართება 29 იანვარს, 12:00 საათზე, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში
მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა რკინამ ეზოში მდგომი ავტომანქანის საქარე შუშა დააზიანა. შემთხვევა ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, დღეს, 25 იანვარს მოხდა.
ერთ-ერთი მოქალაქის ცნობით, ამ მშენებლობიდან ყოველდღიურად იყრება სამშენებლო ნარჩენები, რაც მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.
ამ მშენებლობაზე ნარჩენების გადმოყრა არა, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დარღვევა დაუფიქსირებია მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსაც. ირაკლი მანჯგალაძე ბათუმის მერიის მონიტორინგის სამსახურიდან გვიყვება, რომ დარღვევა მიმდინარე წლის 10 იანვარს დააფიქსირა და ინფორმაცია მერიის ზედამხედველობის სამსახურს გადაუგზავნა.
ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელი 2018 წლის ნოემბერში [500 ლარით] და 2019 წლის იანვარშიც [1000 ლარით] დააჯარიმა.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, თუ პირი 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყო 40 და მეტი წლის, ამასთან არ იყო დასაქმებული და შემდეგ დასაქმდა, ის ავტომატურად ერთვება საპენსიო სქემაში სამი თვის განმავლობაში. ამ სამი თვის შემდეგ, მომდევნო ორ თვეში კი შეუძლია გამოვიდეს სქემიდან.
მაგალითად, თუ თქვენ 2018 წლის 6 აგვისტოს იყავით 40 და მეტი წლის და დასაქმდით, ვთქვათ, 2018 წლის 6 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, 2019 წლის იანვარ-მარტში დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართვას კანონი გავალდებულებთ, 2019 წლის 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში კი შეგიძლიათ გამოხვიდეთ დაგროვებითი პენსიის სქემიდან.
მეორე მაგალითი. ვთქვათ, 2018 წლის 6 აგვისტოს იყავით 40 და მეტი წლის და დასაქმდით ვთქვათ 2019 წლის 1 იანვრიდან შემდგომ პერიოდში ნებისმიერ დროს. ამ შემთხვევაში დასაქმებიდან 3 თვის განმავლობაში ავტომატურად ერთვებით სქემაში, ამ სამი თვის გასვლის შემდეგ კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეგიძლიათ დატოვოთ სქემა.
უფრო გასაგები რომ იყოს, „თუ პირი 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყო 40 და მეტი წლის, არ იყო დასაქმებული და დასაქმდა, ვთქვათ, 2020 წლის ივნისში. ასეთი დასაქმებული ამავე წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ავტომატურად ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, თუმცა, მას უფლება აქვს ამავე, ანუ 2020 წლის 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დატოვოს სქემა“, – განმარტავენ საპენსიო სააგენტოში.
ის, ვინც 2018 წლის 6 აგვისტომდე იყო დასაქმებული და ამასთან 40 და მეტი წლის, მას უფლება აქვს სქემა დატოვოს მხოლოდ 2019 წლის 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში.
სქემიდან გასვლის შემთხვევაში უნდა მიმართოთ საპენსიო სააგენტოს.
თუ, სქემაში ჩართული პირი, აღნიშნულ ორთვიან პერიოდში არ დატოვებს სქემას, ის ვეღარ გამოვა და რჩება მუდმივად სქემაში.
ის, ვინც ამ ორთვიანი პერიოდით ისარგებლებს და გამოვა სქემიდან, მას უფლება აქვს ნებისმიერ დროს ხელახლა ჩაერთოს სქემაში, თუმცა ამის შემდეგ სქემიდან ვეღარ გამოვა.
კანონით, იმ პირებს, რომელთა ასაკი 2018 წლის 6 აგვისტოსთვის არ აღემატებოდა 40 წელს, დაგროვებითი სქემიდან გამოსვლის უფლება არ აქვთ.
ბათუმში ავტომანქანების ტექდათვალიერების ცენტრი „გივა“ შაბათ-კვირასაც იმუშავებს. როგორც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების [პტი] ცენტრ „გივაში“ განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება მომართვიანობის გაზრდის გამო მიიღეს.
„გივა“ ავტომანქანის მძღოლებს შაბათ-კვირას დილის 10 საათიდან დღის 3 საათამდე მოემსახურება. ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში კი სერვისცენტრი დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობს.
ინსპექტირების ცენტრ „გივაში“ დღეში დაახლოებით 100 ავტომანქანა მოწმდება. ცენტრის რეგისტრატურაში ამბობენ, რომ ინსპექტირებაზე მისული ავტომანქანების უმრავლესობა გამოცდას წარმატებით აბარებს.
მსუბუქი ავტომანქანების შემოწმება 60 ლარი ღირს, ავტომანქანები კი, რომელთა ტვირთამწეობაც სამტონა-ნახევარზე მეტია – 100 ლარი; დიდი სამგზავრო ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები – 100 ლარი; მისაბმელიანი მანქანები – 60 ლარი.
თუკი ავტომანქანა ინსპექტირებას ვერ გაივლის, მას ერთთვიანი გამოსასწორებელი ვადის გასვლის შემდეგ ამავე ფასში შეუძლია შემოწმების ხელახლა გავლა.
ავტომანქანების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება [ტექდათვალიერება] სავალდებულო პირველი იანვრიდან გახდა. ათვლის წერტილი ავტომობილის საქართველოში რეგისტრაციის თარიღია.
მაგალითად, თუ თქვენ ავტომანქანა ორი წლის წინ – 15 აგვისტოს დაარეგისტრირეთ, კანონმდებლობით მიხედვით, 15 აგვისტომდე ვალდებული ხართ ტექნიკური შემოწმება გაიაროთ.
თუ შემოწმებას თავს აარიდებთ, ან მას ვერ გაივლით, თქვენი მანქანის ნომერი ერთიან ბაზაში გამოჩნდება და მას ქუჩებში პატრულ-ინსპექტორების გარდა, ე.წ. „ჭკვიანი ვიდეოკამერები“ დააფიქსირებენ. ჯარიმა – 50 ლარია.
“აღნიშნული ტერიტორია იყო უკაცრიელი, თუმცა კომერციულად ძვირფასი – მიწა ტურისტულ ზონაში მდებარეობს,” – მიმართა მოსამართლეს პროკურორმა დავით ჭარბაძემ.
ამ სიტყვებით პროკურორმა მწვანე კონცხზე ერთ-ერთი მიწა აღწერა, რომელიც დაახლოებით 95 ათას ლარადაა შეფასებული და იგი ბათუმის მერიის წარმომადგენლის, გოგიტა დარჩიას შესაბამისი დოკუმენტის გაცემის შემდეგ, კერძო პირის საკუთრება გახდა.
“იქ უნდა ყოფილიყო სახლი და ბოსელი ნახაზის მიხედვით. მერიის წარმომადგენელს კეთილსინდისიერად უნდა დაედასტურებია სინამდვილე, რაც არ გააკეთა… მისმა თანასოფლელმა სახელმწიფო მიწა დაირეგისტრირა ამ გზით,”- აღნიშნა პროკურორმა.
ეს ამბავი 2017 წელს მოხდა. ამ დროს ბათუმის მერის წარმომადგენელი მწვანე კონცხზე გოგიტა დარჩია იყო. მას გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას მიედავა.
მერიის თანამშრომელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. გოგიტა დარჩია მერის წარმომადგენელი მწვანე კონცხზე აღარ არის, თუმცა მერიის თანამშრომლად დარჩა – ახლა იგი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელია და ხმაურის მონიტორინგის მიმართულებით მუშაობს.
მერის წარმომადგენლის, გოგიტა დარჩიას წერილობითი დადასტურების შემდეგ, მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი ჯაბა ღლონტმა დაისაკუთრა. ის ბათუმის მერიის ბრალდებული თანამშრომლის თანასოფლელია.
“საერთოდ არ ვიცნობ მას, სულ სხვა მხარეს ცხოვრობს,” – ირწმუნება გოგიტა დარჩია.
“ვაღიარებ, რომ დავუშვი შეცდომა, ვერ წარმოვიდგენდი… ეს არ გამიკეთებია განზრახ. ახლა ბოროტად გამოყენება სამსახურებრივი უფლებამოსილების სამშობლოს ღალატია ჩემთვის,” – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს, შემდეგ კი პროკურორს უსაყვედურა:
“შეგეძლოთ მერიის აუდიტის სამსახურისთვის მიგემართათ ჯერ,” – თქვა გოგიტა დარჩიამ.
“თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ არც აგიხსნიათ, რაში მდგომარეობდა შეცდომა… თქვენ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. მიხვედით ადგილზე და იქ დაგხვდათ ეკალ-ბარდი. იქ არ არის და არც ყოფილა სახლი…” – გაცხარდა პროკურორიც.
დიალოგში ადვოკატი ჩაერთო:
“პროცესებზე ათობით მოწმე მოიყვანეთ, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გამოკვეთა ბატონი გოგიტას პირადი ინტერესი. არაფერი ადასტურებს იმას, რომ ეს მან განზრახ გააკეთა რაიმე სარგებლის მიღების მიზნით,” – აღნიშნა ადვოკატმა, ზურაბ სურმანიძემ.
“ეს მან გააკეთა გამორჩენის, ან უპირატესობის მისაღებად,” – დასძინა პროკურორმა.
ადვოკატმა ამჯერად მოსამართლისთვის მიმართვა არჩია. “ის აღიარებს გულგრილობას და არა ბოროტად გამოყენებას. გთხოვთ, შეუცვალოთ კვალიფიკაცია და მისი მწირი ხელფასის გათვალისწინებით შეუფარდოთ ჯარიმა,” – დაასრულა გამოსვლა ადვოკატმა.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი შემდეგ პროცესზე გოგიტა დარჩიას საბოლოო სიტყვას მოისმენს, რომლის შემდეგაც მან ამ საქმეზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს.
ამ წუთებში [12:00], ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე გაჩერებული არიან ტაქსი „მაქსიმის“ ლოგოიანი ავტომანქანები. შეკრებილი მძღოლები აცხადებენ, რომ მათ მუშაობა შეაჩერეს. მიზეზი – დღეს, 25 იანვარს, ადმინისტრაციამ საკომისიო მოსაკრებელი თითოეულ შეკვეთაზე 20 თეთრით გაუზარდა.
„თუ იყო 10-ლარიან შეკვეთა, აქამდე ოფისი გვაჭრიდა 1 ლარს. დღეიდან თუ შეკვეთა 10 ლარია, გვაჭრიან 1.2 ლარს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აქციაზე შეკრებილმა მძღოლებმა.
მძღოლების ინფორმაციით, „მაქსიმის“ ლოგოთი ყოველდღიურად 700-800 მანქანა მუშაობს ბათუმში, კომპანიაში კი 3000-მდე მანქანაა რეგისტრირებული.
„არ არის ეს გაფიცვა. მძღოლებმა ჩაატარეს თავიანთი თათბირი. შეკითხვები აქვთ და ამ შეკითხვებს ვპასუხობთ ჩვეულებრივად. გაფიცვასთან კავშირი არ არის“, – განუცხადეს „ბათუმელებს“ მაქსიმის ბათუმის ოფისში.
კომპანიის ოფისში ასევე დაგვპირდნენ, რომ დღის განმავლობაში დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდის კომპანიის პრესსამსახური.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე „საქართველოში სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებით შეიძინეს 3 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. აქედან აჭარის რეგიონში მოწოდებულია 300 დოზა ვაქცინა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის, რადგან ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები და იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნებიან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.
აჭარის რეგიონში გრიპის ვაქცინაციისთვის ორსულებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ დაწესებულებებს:
ბათუმი: ✔️ შპს კორპორაცია „ევექსი“, ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი”
მის: აეროპორტის გზატკეცილი 64 ✔️ შპს ,,ქ. ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლი”
მის: რუსთაველის 39 ✔️ შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი”
მის: ბარათაშვილის 30 ✔️ შპს ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინა”
მის: ფრიდონ ხალვაშის 237 ✔️ სს ,,საზღვაო ჰოსპიტალი”
მის: მელიქიშვილის 102 ბ ✔️ სს კორპორაცია ევექსი ბათუმის ამბულატორიული ცენტრი”
მის: ბათუმი, ს.ხიმშიაშვილის 20 ✔️ შპს “ბათუმის სამედიცინო ცენტრი”
მის: ბათუმი, კახაბრის 36 ✔️ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი შპს “BROTHERS“
მის: გენერალ ა. აბაშიძის 14
ქედა: ✔️ სს კორპორაცია ევექსი ქედის სამედიცინო ცენტრი” მის: ქედა, თამარ მეფის 40
შუახევი: ✔️ სს კორპორაცია ევექსი შუახევის სამედიცინო ცენტრი”
მის: შუახევი, რუსთაველის 14
ხულო: ✔️ სს კორპორაცია ევექსი ხულოს სამედიცინო ცენტრი” მის: ხულო, რუსთაველის 152
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გრიპის სეზონის დადგომამდე [ოქტომბერ-ნომებრის პერიოდში] რისკ-კგუფში შემავალი 7000 -მდე ადამიანის ვაქცინაცია უზრუნველყო. 2018-2019 წლის სეზონზე აცრილ ორსულთა რაოდენობამ შეადგინა – 350.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც არ გააჩნდათ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაწესებული ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისათვის სავალდებულო შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, გააყალბეს გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა დოკუმენტები, რომელიც შემდგომ წარუდგინეს სატენდერო კომისიას“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.
სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს, ანალოგიური სახის დანაშაულის ჩადენისათვის პასუხისგებაში მიეცა 20 მეწარმე სუბიექტი.
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ნივთები ამოიღეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები საქართველოს მოქალაქეს დათვალიერების შედეგად აღმოუჩინეს. ოქროს ნივთების საერთო წონა 240.75 გრამია, ღირებულება – 15 408 ლარი. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სარფის და წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტებიც დაფიქსირდა. შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს და აზეირბაიჯანის მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 2940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. მოქალაქეები საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 10-10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 25-26 იანვარს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 12 – 17 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 27 იანვარს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი, ორშაბათს, 28 იანვარს კი ღამის და დილის საათებში წვიმაა მოსალოდნელი.
„წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, 25 იანვარს 01:00 საათიდან, 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს შერიფ ხიმშიაშვილის, შარტავას და ფიროსმანის ქუჩებზე“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 24 იანვარს, საღამოს ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა.
“უსაფრთხოების მიზნით ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები,” – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.