მთავარი,სიახლეები

აჭარაში აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი შესაძლოა გადაიდოს

11.04.2019
აჭარაში აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი შესაძლოა გადაიდოს

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოჩენილი ნეშტები შესაძლოა 21 აპრილს აღარ დაკრძალონ.

ამის შესახებ დღეს, 11 აპრილს, აჭარის მთავრობაში გამართულ დახურულ შეხვედრაზე ითქვა, რომელსაც აჭარაში რეპრესირებულ პირთა შთამომავლების ჯგუფი ესწრებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა მუფთი, ბეგლარ ქამაშიძეც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორც მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღეს დაპირება, რომ დაკრძალვის თარიღი გადავადდება და აღმოჩენილ ნეშტებს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში დაკრძალვის თარიღის გადადების შესახებ ინფორმაცია ვერ დაგვიდასტურეს. აქ გვითხრეს, რომ თარიღის გადავადების საკითხზე სამთავრობო კომისია იმსჯელებს, რომელიც ახლა ყალიბდება.

ბათუმში, სამარხში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამთავრობო კომისიას აჭარის მთავრობა ქმნის და კომისიაში წარმოდგენილნი იქნებიან სამუფთო სამმართველოს და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლები.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გამოაქვეყნა 2017 წელს აღმოჩენილი სამარხიდან ამოღებული ნეშტების ფოტოები. ეპარქიის განცხადებით, ეს არის სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხი. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ფოტოების გამოქვეყნებასთან ერთად განაცხადა, რომ ნაპოვნია 150 ნეშტი.

ეპარქიის განცხადებამ, რომ ნეშტების დაკრძალვას აპირებს 21 აპრილს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოქალაქეები ითხოვენ, ნეშტები სათანადო შესწავლის გარეშე არ დაკრძალონ.

საბჭოთა კვლევის ლაბორატორიამ გუშინ სახელმწიფოს მიმართა, მოთხოვნით – მიეცეთ საშუალება ექსპერტებს, შეისწავლონ ნეშტები.

სახელმწიფო ინსტიტუტები დღემდე აცხადებდნენ, რომ არ აპირებდნენ ამ პროცესში ჩართვას.

______

მთავარ ფოტოზე: აჭარაში აღმოჩენილი ნეშტები. შოთა გუჯაბიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: