მთავარი,სიახლეები

ტროლები, რომლებიც საქართველოში ანტისომხურ განწყობას ქმნიან 

10.04.2019 • 2927
ტროლები, რომლებიც საქართველოში ანტისომხურ განწყობას ქმნიან 

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ფეისბუქპოსტები, რომელთა მიზანიც ქართულ საზოგადოებაში ანტისომხური განწყობების გაღვივებაა. ხშირად ამგვარი ფეისბუქპოსტები ,,ფეიქგვერდებზე“ ვრცელდება და საზოგადოების დიდ ვნებათაღელვას იწვევს. როგორც წესი, „ფეიქგვერდები“ ისეთი თემებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როგორიცაა ქართული ტრადიციები, პატრიოტიზმი, ქართული სამზარეულო, ეროვნული ღირებულებები… – თემებით, რის მიმართაც ქართული საზოგადოების მგრძნობელობა მაღალია.

მაგალითად, ფეისბუქგვერდმა – „ტრადიციები ჩვენი სიმდიდრეა“ 2019 წლის 16 მარტს 13:19 საათზე გაავრცელა არმენოფობიური პოსტი ხინკლის ფოტოთი, რომელიც თითქოს გვერდ “I Love Armenia”-ზე ვრცელდებოდა და ეწერა, რომ ხინკალი სომხური ეროვნული კერძია.

ფეისბუქში მხოლოდ ერთი გვერდი არსებობს სახელწოდებით I love Armenia, თუმცა ამ ჯგუფის სახელწოდების მეორე სიტყვის პირველი ასო „l” სიტყვაში „Love” პატარა ასოთი წერია, შესაბამისად ეს სულ სხვა ჯგუფია, რომელსაც ზემოთ ნახსენები ხინკლის ფოტო არ გაუვრცელებია. გვერდი “I Love Armenia” კი, რომელმაც თითქოს ეს ფოტო გაავრცელა წარწერით, არ არსებობს – არ იძებნება.

ასევე ფეიქგვერდმა სახელწოდებით “საქართველო” გააზიარა იგივე ფოტო არმენოფობიური კომენტარებით სამ „ფეიქჯგუფში“:

13:20 საათზე ჯგუფ “პოლიტიკაში” (111,000 წევრი);

 

 

13:22 საათზე ჯგუფ “პოზიტივში“ (240,000 წევრი);

 

13:28 საათზე ჯგუფ “ექსკლუზივი”-ში (167,000 წევრი);

 

რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა ამ  გვერდს ერთი პირი მართავს და რამდენიმე წუთის სხვაობით აზიარებს ერთი და იმავე პათოსის სხვადასხვა გვერდზე.

არმენოფობიის გაღვივების მიზნით ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ ფეისბუქანგარიშებსა და გვერდებს საქართველოს სომხური წარმომავლობის მოქალაქეებს შორის „დიალოგის პლატფორმა“ აკვირდება, იკვლევს და სწავლობს. პლატფორმის ხელმძღვანელი გიორგი ტუმასიანი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შუღლის გაღვივება ქართველებსა და სომხებს შორის მხოლოდ გარე ძალებს შეიძლება აძლევდეს ხელს.

„ტროლები მიზანმიმართულად აღვივებენ არმენოფობიას. ჩნდება კითხვები, თუ რა ძალები დგანან მსგავსი გვერდების უკან. ამ ,,ფეიქგვერდებ“ს „ბოტები“ მართავენ. საზოგადოების განწყობების შექმნა და კონფლიქტების გაღვივება აპრობირებული მეთოდია „ფეიქგვერდების“ საშუალებით არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ორგანიზებული ბოტებისა და ყალბი ანგარიშების შესასწავლად სიღრმისეული კვლევებია საჭირო: ვინ დგას ამ გვერდების უკან, რომელი აიპი მისამართებიდან იმართება გვერდები და ა.შ.

„ფეიქჯგუფებისა“ და გვერდების რაოდენობა ძალიან ბევრია. სხვადასხვა თემის გასააქტიურებლად სხვადასხვა გვერდი გამოიყენება. ცრუ ინფორმაციას „ფეიქგვერდები“ მიზანმიმართულად ავრცელებენ, სოცქსელების გაუთვიცნობიერებელი მომხმარებელი კი უნებლიეთ ხდება ტყუილის მსხვერპლი“, – ამბობს გიორგი ტუმასიანი.

გიორგი ტუმასიანი, საქართველოს სომხური წარმომავლობის მოქალაქეებს შორის „დიალოგის პლატფორმის” ხელმძღვანელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: