შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცრუ შეტყობინების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ს. დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 31 მარტს „112“-ში დარეკა, რომ ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ კაზინოში, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დადგინდა, რომ ზარის განხორციელების დროს ბრალდებული თავადაც აღნიშნულ კაზინოში იმყოფებოდა.

ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და გამნაღმველები. დაუყოვნებლივ მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია და ჩატარდა ყველა შესაბამისი სამუშაო. ასაფეთქებელი მოწყობილობა კაზინოში არ აღმოჩნდა.

გამოძიება ცრუ შეტყობინების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

__________

მთავარი ფოტო: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან